მთავარი,სიახლეები

ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს სტიკერის გაკვრის საქმეზე

17.02.2025
ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს სტიკერის გაკვრის საქმეზე

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ, ციალა ქათამიძემ მოწმის სახით ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა მოითხოვა, რაც შსს-ს წარმომადგენლებმა კატეგორიულად გააპროტესტეს.

შსს-ს წარმომადგენლების თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაიკითხოს „ვინმე ირაკლი დგებუაძე“, როცა მას ციალა ქათამიძე არ დაუკავებია და ამ საქმის მასალებში საერთოდ არ ჩანს.

ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელია. იგი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“.

ციალა ქათამიძე უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა და ამის ვიდეოკადრიც არსებობს. მას ირაკლი დგებუაძე სახელით მიმართავს და ეუბნება, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა და აკავებს. ცნობისთვის – 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს.

ციალა ქათამიძის ოქმიც გაყალბებულია, ისევე როგორც მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი: ოქმის მიხედვით, ციალა ქათამიძე 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, ის თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ციალა ქათამიძის დაკავების კადრებში ჩანს, რომ ქათამიძე შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს და არც წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.

ციალა ქათამიძის დამკავებლადაც შსს-ს სხვა პირი ჩაუწერია ოქმში და არა ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელმაც სინამდვილეში ციალა ქათამიძე დააკავა.

მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია ეს ვიდეოჩანაწერი, თუმცა ირაკლი დგებუაძის გამოკითხვაზე შუამდგომლობა ღიად დატოვა. მოსამართლეს არ განუმარტავს, რატომ არ აკმაყოფილებს ის ბათუმის პოლიციის უფროსის გამოკითხვის მოთხოვნას, როცა მას სიყალბეში ამხელენ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.

___________________

ფოტოზე: კადრები, თუ როგორ აკავებს ირაკლი დგებუაძე ციალა ქათამიძეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: