დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს მზია ამაღლობელის საქმე უნდა განეხილა, კონკრეტულად კი, შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრა.
მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ.
სხდომის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით მზია ამაღლობელისთვის არ ჩაუბარებიათ.
შესაბამისად, 11 იანვარს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შსს-ს 17 თებერვლამდე მზია ამაღლობელისათვის არც კი ჩაუბარებია.
„ინფორმაცია არ მაქვს ჩაუბარებლობის მიზეზთან დაკავშირებით“- განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა.
მედიამენეჯერი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია და 37 დღეა შიმშილობს, 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“.
ადმინისტრაციულო დაკავების ოქმი რომ გაყალბებულია, ეს ვიდეოკადრებიდან ჩანს:
-
ვიდეო ჩანაწერში ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე – ეს მუხლი დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს;
-
დაკავების გაყალბებული ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და ოქმში ნათქვამია, თითქოს იგი შეურაცხყოფას პოლიციელებს აყენებდა, ეს მაშინ, როცა მისი დაკავების ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არ უწევს პოლიციას წინააღმდეგობას, არ ესაუბრება, სტიკერის გაკვრის შემდეგ მშვიდად დგას და დაკავებისას, ასევე მშვიდად მიჰყვება პოლიციას;
-
ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს აკავებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია – გაყალბებული ოქმის თანახმად კი მზია ამაღლობელი არა გრიგოლ ბესელიამ, არამედ გოჩა ვანაძემ დააკავა.
დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გოჩა ვანაძის გამოკითხვა მოითხოვა შსს-ს წარმომადგენელმა. ოქმის მიხედვით, მან დააკავა მზია ამაღლობელი და „აღკვეთა სამართალდარღვევა“.
„მაგან არა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა“ – დარბაზიდან წამოიძახა მოქალაქემ.
„გაგაძევებთ, ხელს მიშლით“, – ასე მიმართა მოქალაქეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
სწორედ გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის საფუძველი. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მზია ამაღლობელს ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა.
პატიმრობის გაუქმებაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად დატოვა.
სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის სტიკერის გაკვრის საქმეზე 6 მარტამდე გადაიდო.
4 მარტს კი სასამართლომ უნდა დაიწყოს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარე საქმის განხილვა – „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ასამართლებენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- რა ხდება?
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს.
მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.