ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის კიდევ ორ მონაწილეს: ბათუმის საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელს, მალხაზ ირემაძეს.
მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ორივე მათგანი, ვაჟა დარჩია და მალხაზ ირემაძე, 11 იანვარს აქციაზე დააკავეს კითხვების დასმისთვის. მალხაზ ირემაძე ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები, ვაჟა დარჩიამ კი ჰკითხა – „რატომ დააკავეთ ციალა ქათამიძე“.
მანამდე, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ასევე 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს.
დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება – განიხილება აქციაზე დაკავებული კიდევ ორი პირის საქმე.
11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება.