დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება.
საჯარო ლექციების გამართვის იდეა გაფიცულ სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებიც მეოთხე დღეა უნივერსიტეტში ათევენ ღამეს და გაყალბებულ, მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.
„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი გაფიცული სტუდენტები დღეიდან ვიწყებთ ჩელენჯს და ვიწვევთ ლექტორებს, რომ ჩაგვიტარონ საჯარო ლექციები სხვადასხვა თემაზე.
პირველ რიგში ვიწვევთ მალხაზ ნაკაშიძეს და მას ვთხოვთ, რომ გამოიწვიოს სხვა ლექტორებიც, რადგან ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებსაც სურთ განათლების მიღება და მთავარი განათლების კერა იქნება ის ადგილი, სადაც ვიქნებით ჩვენ შეკრებილები. ანუ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე,“ – თქვეს დღეს სტუდენტებმა ვიდეომიმართვაში და მოუწოდეს ლექტორებს საჯარო ლექციების გამართვისკენ.
სტუდენტების გამოწვევა მიიღო ლექტორმა მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც დღეს, 17 ნოემბერს, წაიკითხავს ლექციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.






