მთავარი,სიახლეები

რა მოხდებოდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ დარჩენილიყო და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

01.05.2026
რა მოხდებოდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ დარჩენილიყო და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

„შეიძლება, რომ ქვეყანასთან გავავლოთ ანალოგია: ხვიჩა კვარაცხელიას რა ბედიც ელოდა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე საქართველოც, ალეგორიულად რომ შევადაროთ.

რუსეთი არის ადგილი, სადაც შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ გაგაჩნია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო. რუსეთში ყოფნა ნიშნავს, ჩაკეტილ სისტემაში ყოფნას, საიდანაც თავს ვერ აღწევ და ხარ გაყინული რაღაც დონეზე,“ – გვიყვება უფლებადამცველი ბადრი გრიგალაშვილი. მას ვკითხეთ მოსაზრება ასეთ თემაზე: რა მოხდებოდა, მაგალითად, თუ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში დარჩებოდა?

„ბათუმელებმა“ პოლიტიკოსთან და უფლებადამცველთან, ბადრი გრიგალაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ:

  • ბატონო ბადრი, თქვენი აზრით, რა მოხდებოდა, თუკი ხვიჩა კვარაცხელია დარჩებოდა რუსეთში, რას მიაღწევდა? 

შეიძლება, რომ ქვეყანასთან გავავლოთ ანალოგია: ხვიჩა კვარაცხელიას რა ბედიც ელოდა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე საქართველოც, ალეგორიულად რომ შევადაროთ.

ვიცით, რუსული კლუბები მოკვეთილი არიან ევროტურნირებიდან. ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თუკი რუსეთში დარჩებოდა, მას არ ექნებოდა ჩემპიონთა ლიგის პლატფორმა, მისი ტალანტი ჩაიკეტებოდა შიდა ჩემპიონატში, რუსულ ჩემპიონატში და დიდი ალბათობით ის ვერ იქნებოდა იმ უამრავი ბავშვის, ფეხბურთის მოყვარულის მაგალითი მსოფლიო მასშტაბით, როგორიც დღეს არის – უამრავი ადამიანისთვის მისაბაძი.

მნიშვნელოვანია, ციფრებში გადავიყვანოთ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება. ვიცით, რომ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება არის დაახლოებით 90-დან 100 მილიონის ფარგლებში. ეს სწორედ იმან მოუტანა, რომ მსოფლიო ვარსკვლავია. რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, მისი საბაზრო ფასი ვერასდროს მიაღწევდა ამ ნიშნულს, რაც მისი „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ დაფიქსირდა.

ბადრი გრიგალაშვილი

  • რაც არ უნდა კარგად ეთამაშა ხვიჩა კვარაცხელიას, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა იმავე შედეგების მიღწევა? 

ცხადია. შეიძლება კარგად თამაშობდეს ადამიანი, მაგრამ თუკი შენ არ გიცნობს მსოფლიო, შენი ღირებულება არ ფასდება, შესაბამის მიზნებს ვერ აღწევ. ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს და ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც, ვთქვათ, მადრიდის „რეალია“, ან მიუნხენის „ბაიერნი“. ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა იყოს მიდრეკილი, ფეხბურთის უდიდეს მწვერვალს მიაღწიოს, როგორც ყველა ქვეყანა უნდა იყოს მიდრეკილი იქითკენ, რომ განვითარების ახალ ეტაპს მიაღწიოს.

განვითარების ტემპიც არის მნიშვნელოვანი ხვიჩას შემთხვევაში, რადგან ევროპული ფეხბურთის ინტენსივობა და ტაქტიკური დონე სულ სხვაა. რუსეთის შემთხვევაში, ვიცით ეს როგორცაა, ხომ? ხვიჩა კვარაცხელია გახდა, „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს რუსეთიდან ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

რუსეთში შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ გაგაჩნია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო. რუსეთში ყოფნა ნიშნავს, ჩაკეტილ სისტემაში ყოფნას, საიდანაც თავს, უბრალოდ, ვერ აღწევ და ხარ გაყინული რაღაც დონეზე.

  • ამდენად ჰგავს ხვიჩა კვარაცხელიას ეს შემთხვევა საქართველოს მოცემულობას – იგივე ელის ქვეყანას, თუ ის რუსეთის გავლენის სფეროში დარჩება? 

ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირგამოვლილი ქვეყანა და გვახსოვს ძალიან კარგად, როდესაც საბჭოთა კავშირში ვიყავით, ამ დროს ათასნაირი განვითარების მიმართულება გაჩნდა დასავლეთ ქვეყნებში, იქნება ეს ევროპული ქვეყნები, თუ შეერთებული შტატები. „კოკა-კოლაც“ კი გვიკვირდა დასავლეთიდან შემოსული. ესეც ნიშნულია და კრიტერიუმი იმისა, რომ ვივარაუდოთ: იქ რაღაც სხვა რამ ხდებოდა.

ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებით დაწყებული, იქნება ეს ჩასაცმელი, მუსიკა თუ სხვა სფერო, აშკარა იყო, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირშიც კი ვისწრაფოდით დასავლური განვითარებისკენ, რადგან აქ რაღაც არ მოგვწონდა, რაღაც არ გვაკმაყოფილებდა.

რუსეთის მთლიანი ეკონომიკა ნომინალში რომ ავიღოთ, მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 3 ტრილიონია, როცა ევროპის შემთხვევაში არის დაახლოებით 30 ტრილიონამდე ბაზარი.

ავიღოთ თუნდაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: რუსეთის შემთხვევაში, ეს არის დაახლოებით 70 წელი, ევროპის შემთხვევაში კი,  სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით, 80-85 წელი საშუალოდ. ეს მოიტანა დასავლურმა განვითარებამ, იქ მმართველობის სისტემა გულისხმობს მეტი ინსტიტუციების არსებობას, მეტ თავისუფლებას, ამ თავისუფლებას კი, საბოლოო ჯამში მოაქვს კეთილდღეობა – უკეთესი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ხელმისაწვდომობა განათლებაზე, სხვადასხვა სოციალურ სერვისზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მან უფრო მეტ ხანს იცოცხლოს, მიაღწიოს უფრო ბედნიერ ცხოვრებას, იყოს ცხოვრება ნაყოფიერი…

  • რუსი ოლიგარქების თუ ქართველი მილიონერი დეპუტატებიც ევროპას ირჩევენ, როცა მათ შვილებს კარგი განათლება სჭირდებათ, ან ხარისხიანი ჯანდაცვა…

ეს, ცხადია. როგორი ანტიდასავლურიც არ უნდა იყოს თუნდაც ჩვენი ხელისუფლება, ჩანს, რომ მის წარმომადგენელს საკუთარი შვილისთვის უნდა საუკეთესო: დასასვენებლად იქნება, სასწავლებლად, თუ სამკურნალოდ, ისინი საკუთარ შვილებს აგზავნიან ევროპაში.

ერთია ეკონომიკური ნაწილი ევროპასთან მიმართებით და მეორეა უფლებრივი თავისუფლების ნაწილი. ერთია, კარგად ცხოვრობდე და სიმდიდრე – არაერთი ასეთი ქვეყანა ვიცით, სადაც ადამიანები მდიდრები არიან, თუმცა უფლებრივი თავისუფლება, ადამიანების თანასწორობა არ არის შესაბამის დონეზე. ავტოკრატიაშიც შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება, თუმცა ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ეფუძნება მორალურ ჩარჩოს, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, მას უნდა ჰქონდეს სიცოცხლის, საკუთრების და თავისუფლების უფლებები.

პირველ რიგში, ამ უფლებების ქონა არის ჩემთვის თვითმიზანი, რადგანაც დადასტურებულია, რომ შემდგომში მოაქვს ამას ის, რაც უკეთეს შედეგებში აისახება ეკონომიკური კუთხით. ყველა სხვა ცივილიზაციასთან შედარებით, ევროპა გამორჩეულია იმით, რომ იქ ადამიანი მთავარი ღირებულებაა. ის, რაც არის მორალურად გამართლებული, პრაგმატულადაც სწორია. კავშირი არსებობს, როგორც წესი, უფლებრივ თანასწორობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის. ამ თავისუფლებას მოაქვს ის, რომ ეკონომიკურადაც ადამიანები უკეთ ცხოვრობენ.

რუსეთში რა უფლებრივ მდგომარეობაზე შეიძლება საუბარი? იქ არის ერთი კაცის დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანს არ აქვს სიტყვის თავისუფლება, სამართლიან სასამართლოზე წვდომა, მის სიცოცხლეს არ აქვს ღირებულება. პუტინი ახოცვინებს საკუთარ ჯარისკაცებს უკრაინაში, ე.წ. სამხედრო სპეციალურ ოპერაციაში, ხომ? გვახსოვს, რომ რუსეთიდან ადამიანები გარბოდნენ, როდესაც ეს ომი დაიწყო, – იქ ადამიანი არ არის ღირებულება და დიად მიზნებს შეიძლება სახელმწიფომ ისინი შესწიროს, ადამიანი იქ, უბრალოდ, სტატისტიკა…

  • ეს ამ დღეებში კიდევ უფრო მკაფიოდ ხომ არ გამოჩნდა, როცა, მაგალითად, ტუაფსეს დაარტყეს უკრაინელებმა, ფაქტობრივად ნავთობის წვიმაა ქალაქში და მოსახლეობის ევაკუაციაზეც კი არ უზრუნია მთავრობას? 

დიახ, მოსახლეობის დაცვა რუსეთში მეორეხარისხოვანია.

ევროპაშიც შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს. ევროსკეპტიციზმი საკმაოდ ლოგიკურია ბიუროკრატიული ჩარჩოს გამო, რომელიც ევროკავშირმა ბოლო პერიოდში შექმნა და ამ მხრივ კრიტიკა არ უნდა მოგვერიდოს, თუმცა ზოგადი ვექტორი უნდა გვქონდეს გასწორებული.

საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი სივრცე, სადაც ყველა ქვეყანაში ყველაფერი იყო ერთნაირად. დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში შეიძლება არ მოგვწონდეს რამე, მაგრამ ევროპა გამორჩეულია იმით, რომ შენი სივრცე გაქვს, საკუთარი იდენტობა უფრო მეტად რომ გამოავლინო, მეტად გამოკვეთო და იბრძოლო იმისთვის, რომ შენი კუთხე გქონდეს.

  • ანუ სინამდვილეში პირიქითაა, რასაც „ოცნების“ პროპაგანდა ამბობს: იდენტობას და ქართველობას აკარგვინებს ევროპაო? 

ცხადია. მაგალითად, რელიგიის კუთხით რომ ავიღოთ, ევროკავშირშია ქვეყანა, სადაც სახელმწიფო რელიგიაა მართლმადიდებლობა, ასევეა სახელმწიფო, რომელიც ათეიზმისკენაა მიდრეკილი, მაგალითად, საფრანგეთი. ევროპა, პირველ რიგში, არის მრავალფეროვნების სივრცე, მრავალფეროვნების გამოვლინების საშუალება, სადაც უნდა იყოს ჩვენი ადგილი.

რუსეთის შემთხვევაში კი ისეთი ხარ, როგორიც რუსებს უნდათ – შეიძლება შენთან ტანკებით შემოვიდნენ და ამ გზით შეცვალონ შენი ქცევა.

  • საითკენ მივდივართ ახლა? საგარეოში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი პრაქტიკულად საქართველოს რეალურ საფრთხეზე საუბრის გამო, ამ დროს მუქარის შემცველის განცხადებისთვის არ დაუბარებიათ, მაგალითად, ირანის ელჩი, პირიქით, თბილისის ანძა გაანათა „ოცნებამ“ ირანის დროშის ფერებში. 

ჩემი აზრით, ეს ქვეყანა არსაითკენ არ მიდის.

ზოგადად შეიძლება, მხარდამჭერები ვიყოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით პრაგმატული პოლიტიკის. მეც პრაგმატული პოლიტიკა მგონია სწორი, მით უმეტეს, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს და ნაკლები რესურსები, რომ დიდ ქვეყნებთან იყოს თამამად. თუმცა პრაგმატიზმსა და ღალატს შორის ზღვარი უნდა დავიჭიროთ.

ჩემთვის ეს არის მთავარი პრობლემა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. მათი პოლიტიკა მიდრეკილი არაა ბალანსისკენ, რომ არც რუსეთი გავაღიზიანოთ, არც დასავლეთი გავაღიზიანოთ. პირიქით – ყოველ დილით შალვა პაპუაშვილი დადგება და აგინებს ევროკავშირის ელჩებს, ლანძღავენ დასავლურ ქვეყნებს, საუბრობენ იმაზე, მაგალითად, როგორი ცუდია შვედეთის ეკონომიკა, როგორი ცუდი კრიმინალის დონეა ევროპის რომელიღაც ქვეყანაში, ამ დროს ერთ აუგს არ ამბობენ რუსეთზე.

აი, აქ ვხვდები უკვე, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა მოტივი ამოძრავებს: ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ და მზად არიან, ნებისმიერ კონფრონტაციაზე წავიდნენ დასავლეთთან, რადგან დასავლეთი მათ სთხოვს სამართლიან სასამართლოს, სიტყვის თავისუფლებას, რეფორმებს, რაც „ქართული ოცნების“ ძალაუფლების გამყარებას შეუშლის ხელს. „ოცნება“ საკუთარ ძალაუფლებას აყოლებს იმას, რომ ისინი აფუჭებენ ურთიერთობას დასავლეთთან. ეს ავტომატურად გვტოვებს პირისპირ რუსეთთან.

შეიძლება, მათაც ძალიან არ უხაროდეთ, რომ ეს ქვეყანა უფრო მეტად რუსეთზე ხდება დამოკიდებული, თუმცა მათ სხვა გზა არ დაიტოვეს. მნიშვნელობა არ აქვს, ამას ისინი პუტინის დავალებით აკეთებენ, თუ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მოქმედებენ, ფაქტი ერთია: დღეს ვართ უმეგობროდ დარჩენილი. შეერთებულ შტატებთან, გაწყვეტილია სტრატეგიული პარტნიორობა, ევროკავშირთან ურთიერთობაზე არც არის საუბარი. ვიცით, რომ ევროპაში იყო ორბანი, ვისთანაც რაღაც სიახლოვე ჰქონდათ და ისიც აღარ არსებობს. ვინ დაგვრჩა?

  • ერთია რიტორიკა, რომელიც თქვენ ახსენეთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პარტნიორებს ესაუბრები, მაგრამ „ოცნებამ“ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი საქმით, არ შეასრულა 12 პირობიდან არცერთი, რაც ევროკავშირს ჰქონდა დასახელებული. 

ეს იმას ჰგავს, როდესაც ლექტორი სტუდენტს დავალებას აძლევს, სტუდენტი არ ასრულებს არცერთ დავალებას და პრეტენზიას გამოხატავს, კარგ ნიშანს რატომ არ მიწერსო. ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვქონოდა და ევროკავშირს მაინც არ გადმოედგა ნაბიჯი ჩვენი ინტეგრაციის კუთხით, სათქმელი გვექნებოდა.

თუ ხარ დასავლური სივრცის წევრი, მინიმუმ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლო, ასევე, პოლიცია არ უნდა არჩევდეს მტყუან-მართალს ქვეყანაში. შენ კი ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი არ აკმაყოფილებ.

როცა ყოველ დილას ევროკავშირის, ევროპის ლანძღვით იწყებ, ჩანს, რომ სუვერენიტეტს კი არ იცავ, არამედ მხოლოდ იმაზე ზრუნავ, რომ საკუთარ ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნას და ეს ქვეყანა მოექცეს უფრო მეტ იზოლაციაში.

  • ამბობთ, რომ ერთი-ერთზე ვრჩებით რუსეთთან. რა მასშტაბის საფრთხეა ეს დღეს საქართველოსთვის? 

რუსეთში დარჩენა იქნება ის, რომ ჩვენ დავკარგავთ, ერთი მხრივ, ეკონომიკური შესაძლებლობის დიდ ბაზარს, დავკარგავთ იმას, რომ არ გვექნება თავისუფალი მიმოსვლა ამ ქვეყნებთან და ეს ქვეყანა იქნება ჩაკეტილი.

რეალურად დავკარგავთ იმას, რომ ამ ქვეყნის პოტენციალი, რომელიც მას აქვს: ადამიანები უფრო კარგად ცხოვრობდნენ, ხელფასი იყოს მაღალი, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა კარგ ჯანდაცვაზე, კარგ განათლებაზე, ეს ყველაფერი დარჩება ოცნებად – მგონი, კარგად ემთხვევა იმ პარტიის სახელს, რომელიც საქართველოს მართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: