ამჟამად ევროპაში ძლიერი პოლიტიკური ძვრებია, რაც გასულ კვირას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არჩევნების უკავშირდება. გასული კვირა იყო წარმატებული ევროპისთვის და ამასთან წარუმატებელიც. დაახლოებით ამ შინაარსის სტატიები ქვეყნდება გერმანულ მედიაში ბრიტანეთის და საფრანგეთის არჩევნების შემდეგ.
მედიების შეფასებით, ძლიერი და სტაბილური მთავრობა ეყოლება დიდ ბრიტანეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელსაც სურს ევროკავშირთან ურთიერთობის განახლება.
„ეს კვირა იყო წარმატებული, რადგან ფრანგმა ამომრჩეველმა შეძლო და დაიცვა თავისი დემოკრატია, როცა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების და ძალაუფლების მოპოვების შანსი არ მისცა. მიუხედავად ამ სასიხარულო შედეგებისა იყო წარუმატებელიც, რადგან საფრანგეთს, სავარაუდოდ, ამჟამად ეყოლება არასტაბილური, სუსტი და დეპოლარიზებული მთავრობა და ამას, რა თქმა უნდა, ექნება არასასურველი გავლენა ევროკავშირზე.
ეს არის პროცესები, რომლებიც ძალიან კრიტიკულია დღევანდელი სოციუმისთვის. მაშინ, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას. ამერიკელი ხალხი და, შესაბამისად, მთელი სამყარო კი ელოდება სამყაროს წამყვანი ქვეყნის არჩევნებს ნოემბერში, სადაც შესაძლებელია მეორედ გაიმარჯვებს დონალდ ტრამპმა და თუ ასე მოხდა ის იქნება აშშ-ის პრეზიდენტი შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
ამ წუთას მხოლოდ იმის იმედი შეიძლება ვიქონიოთ, რომ ჯო ბაიდენი შეძლებს ძალების მოკრებას და ამ პოლიტიკური ქაოსის გაქარწყლებას“, – წერს Die Zeit-ის ერთ-ერთი მიმომხილველი.
რა ხდება დიდ ბრიტანეთში?
იგივე მიმომხილველის შეფასებით „დიდ ბრიტანეთს ამჟამად ჰყავს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და მემარცხენე მთავრობა, რომელიც შეძლებს შემდგომი ხუთი წელი ბრიტანეთის მართვას. პარტიის ლიდერი კი არის ადამიანის უფლებათა იურისტი, რომელიც ქვეყანაში და საერთაშორისო, გლობალურ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის ძლიერი მხარდამჭერია.
მმართველი პარტია არის აგრეთვე უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორი. ისინი ასევე ცდილობენ გააძლიერონ და შეინარჩუნონ ევროპის სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით ისინი ევროკავშირის ღირებულებებთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე თვით ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნგრეთი, რომლის ანტილიბერალი და ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ცოტა ხნის წინ ესტუმრა მოსკოვს, სადაც აღნიშნა, თუ როგორ უნდა გამოაცხადოს უკრაინამ კაპიტულაცია „მშვიდობის“ სახელით.
როგორც უკვე ითქვა, დიდ ბრიტანეთს სურს ევროკავშირთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმება და ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ამ ინიციატივას პოზიტიურად შეხვდა ბერლინი, პარიზი, ვარშავა და სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქები.
მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტი, რაც ამ ინიციატივის რეალიზებას უშლის ხელს არის ის, რომ დიდ ბრიტანეთს 2016 წლიდან (Brexit) აღარ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, თავად კი „მესამე ქვეყანას“ უწოდებს ევროკავშირი. ეს არსებითად ართულებს სიტუაციას, რადგან ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების სურვილს შესაძლოა მოჰყვეს ძლიერი ბლოკადები და ვეტო ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან.
ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სიტუაცია დიდად არ განსხვავდება ევროპისგან. ძირითადი მიზეზი, რის გამოც წელს ბრიტანეთში გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ არის ის, რომ მემარჯვენე პარტიის ამომრჩევლების დიდი ნაწილის ხმები გაიყო კონსერვატორებსა და ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პარტია „რეფორმას“ შორის (წელს ხმების 14 პროცენტი მიიღო).
მსგავსი რამ მოხდა საფრანგეთში მარინ ლე პენის პარტიის, იტალიაში მემარჯვენე კონსერვატიული პარტიისა და AFD-ს (ალტერნატივა გერმანიისთვის) შემთხვევაშიც, რომლებიც ძირითად კონცეფციებს იზიარებენ ფარაჯის „რეფორმასთან“. ზემოხსენებული პარტიების ძირითადი იდეები და ინიციატივები ეხება ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს, რის გამომწვევ მიზეზებადაც ისინი ემიგრაციას ასახელებენ.
ნაციონალისტურ-პოპულისტური დამოკიდებულებები და მიდგომები, როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის მხრიდან ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუშლის ხელს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპის კონტინენტზე ულტრამემარჯვენეები დღითიდღე ძლიერდებიან.
მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის ამბები გაცლებით პოზიტიურია, ვიდრე საფრანგეთის.
რა ხდება საფრანგეთში?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შვება ევროპისთვის იყო კვირა საღამოს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ არჩევნების მეორე ტურში არათუ ისეთივე სახარბიელო შედეგი ვერ გაიმეორა, როგორც პირველში, არამედ მესამე ადგილი დაიკავა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებდა, არამედ ის, რომ ულტრამემარჯვენეებს არ უნდა ჰქონოდათ საშუალება მოსულიყვნენ ხელისუფლებაში.
საბოლოოდ საფრანგეთში მივიღეთ სამად გაყოფილი პარლამენტი: საფრანგეთის მემარცხენე პარტიების გაერთიანება (NFP), რომელიც შედგება ოთხი სხვადასხვა პარტიისგან, მათ შორის ერთ-ერთი არის ევროკავშირისადმი ძალიან სკეპტიკურად განწყობილი, ულტრამემარცხენე პარტია La France Insoumise (LFI). მეორე ადგილას დგას მაკრონის Ensemble, რომელსაც ძალიან უჭირს ერთ, შეკრულ პარტიად მოქმედება და დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან სუსტია; მყარი და ძლიერი ულტრამემარჯვენე საფრანგეთის ეროვნული გაერთიანება (Rassebmlement National).
ნებისმიერ შემთხვევაში საფრანგეთს ძალიან გაუჭირდება ძლიერი მთავრობის ფორმირება მაშინ, როცა აქვს უზარმაზარი სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დიდი დეფიციტი. NFP-ს მასიურმა, არასწორმა ხარჯებმა შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას ევროპას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის არჩევნების მიწურულს ბრიტანეთს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც ექნება სუსტი პოზიციები ევროპაში, რაც საფრანგეთის შემთხვევაში პირიქითაა. მაკრონის ძალაუფლება და გავლენები არსებითად შემცირებულია, რაც ძირითადად მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს კი, სავარაუდოდ არასწორი გათვლა ჰქონდა, როცა ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა. თუმცა, მას მაინც მოუწევდა წლის ბოლომდე არჩევნების დანიშვნა. ბრიტანეთში კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობის დასრულება მოსალოდნელიც იყო იმის ფონზე, თუ რა დონის ზიანი განიცადა ქვეყანამ მათი მმართველობის პერიოდში. რიში სუნაკისგან განსხვავებით მაკრონის სიტუაცია სხვაგვარადაა – ის 2027 წლის არჩევნებამდე კიდევ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
და ბოლოს, ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იყო მაკრონის არასწორი პოლიტიკა – არადა მას შეეძლო ევროპა უფრო მეტად გააერთიანებინა და სტაბილური გაეხადა. მაკრონი იყო ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი უკრაინის, რომლის ბედიც ახლა ბეწვზე ჰკიდია.
ეს ძვრები კი ხდება იმ ფონზე, როცა სამყარო ტრამპის, პუტინის და სი ძინპინის ხელში ნელ-ნელა ნადგურდება“.