საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA)-ს მიერ იდენტიფიცირებულია 1937-38 წლებში, სტალინური რეპრესიების დროს აჭარაში დახვრეტილი კიდევ 2 ადამიანის ნეშტი.
1937 წლის 27 დეკემბერს, ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზაზე დახვრეტილი დაუდ მგელაძის და მემედ ჯინჭარაძის ნეშტების იდენტიფიცირება 87 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„რეპრესირებულთა იდენტიფიცირება ჩვენთვის არის როგორც მტკივნეული, ასევე სასიხარულო. ორ ოჯახს უკვე აქვს პასუხი იმაზე, თუ სად არიან მათი წლების წინ გაუჩინარებული ოჯახის წევრები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ კითხვებს, რაც ამ ოჯახებს წლების განმავლობაში ჰქონდათ, წერტილი დაესვა – ნეშტები ნაპოვნია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერი გონაშვილმა, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA)-ს პრეზიდენტმა.
ბოლო ორ წელიწადში GAFA-ს საშუალებით 5 რეპრესირებულის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის, ხემდი მალაყმაძის და ხაფიზ ძნელაძის ნეშტები გასულ წელს გადაეცა მათ ოჯახებს.
„აღდგენის, დოკუმენტაციისა და იდენტიფიცირების ქართული პროექტი“ – ასე ჰქვია GAFA -ს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შესაძლებელი გახდა დიდი ტერორის (მოიცავს 1937-38 წლებს) დროს რეპრესირებულთა ნეშტების იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა.
„სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის – GAFA მისია არის რეპრესირებული პირების იდენტიფიცირება. GAFA – დაფუძნდა და მუშაობას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მის ბაზაზე არსებულ სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში. ჩვენს ასოციაციას, ჰყავს ადგილობრივები და საერთაშორისო პარტნიორები.
ეს საერთაშორისო პარტნიორებია ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიუ მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტების სასამართლო ანთროპოლოგიის დეპარტამენტები. სამი ძირითადი ამერიკული უნივერსიტეტია რეპრესირებულთა სამარხების და ნეშტების კვლევაში ჩართული.
მინდა აღვნიშნო ამ ამერიკული უნივერსიტეტების როლი მეხუთე სამარხის გახსნაში და სრულყოფილ კვლევაში, როგორც სამარხის, ასევე ნეშტების. საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ამ შედეგის მიღწევა ჩვენთვის წარმოუდგენელი იქნებოდა“ – ამბობს მერი გონაშვილი „ბათუმელებთან“.

მერი გონაშვილი
GAFA-ს პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი, რაც აქამდე მისმა ორგანიზაციამ გააკეთა, იდგა ადამიანების ენთუზიაზმზე, თავდაუზოგავ შრომაზე და საერთაშორისო დონორების დაფინანსებაზე.
„ნეშტების იდენტიფიცირებაში დიდი დამსახურება და წვლილი მიუძღვის ჩვენს საამაყო პოლონეთის პრემორანის უნივერსიტეტს, მის გენეტიკურ ლაბორატორიას, პროფესორ ანდრეს ოსოვსკის და მის გუნდს. ისინი არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ჩვენგან გაზავნილი დნმ ნიმუშების კვლევა ჩატარდეს.
მინდა აღვნიშნო, რომ დნმ კვლევები ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენს ასოციაციას კი ამ ეტაპზე დაფინანსება არ გააჩნია. რაც აქამდე განხორციელდა არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კუთხით, დაფინანსება გვქონდა მხოლოდ იმისათვის, რომ სპეციალისტები ჩამოგვეყვანა საქართველოში. ამერიკის სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის ფინანსური ხელშეწყობით მოხდა სპეციალისტების ჩამოყვანა. მათი განთავსება, ცხოვრება და ა.შ.
თუმცა ყველა სპეციალისტი მოხალისედ იყო ჩამოსული, გასამრჯელო არ აუღიათ, ისევე როგორც ჩვენ – ამდენი წელია ამ საქმეში მოხალისეებად ვართ ჩართული. ახლა, კვლევის ამ ეტაპზეც, ცხრა თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დოქტორანტი, რომელიც ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში 9 თვე ჩვენთან მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ეს პროცესი წინ წაწეულიყო.
რაც შეეხება დნმ კვლევას, აქაც საქართველოს არ აქვს დაფინანსება.
როდესაც პოლონეთში ვაგზავნით დნმ ნიმუშებს, პოლონური მხარე თვითონ აკეთებს კვლევის ფინანსურ უზრუნველყოფას. ჯერჯერობით არ ყოფილა შეფერხება, გრძელდება სამუშაოები და ხედავთ შედეგებსაც,“ – ამბობს მერი გონაშვილი.
მერი გონაშვილის თქმით, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA-ს ბათუმში დნმ ნიმუშების აღებაში დიდ დახმარებას უწევს საზოგადოება „მემორიალი“. ასევე პროცესში მოხალისეობრივად მონაწილეობენ ბაუსა და ბსუ-ს უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.
„გვჭირდება მეტი ოჯახის მოძიება და ამ ოჯახების სურვილი, ჩააბარონ დნმ. ყველა ადამიანი, ვინც ჩვენთან მოდის, ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე იღებს დნმ ნიმუშს. ვცდილობთ რეპრესირებულთა რაც შეიძლება მეტი შთამომავლის მოძიებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ გამოგვეხმაურონ და მათგან ავიღოთ დნმ ნიმუშები.
თუ გაიზრდება ჩაბარებული დნმ ნიმუშების რაოდენობა, რა თქმა უნდა ეს პროცესს წაადგება და შევძლებთ უფრო მეტი დაკარგული მოვიძიოთ.
მადლობელი ვართ თითოეული ოჯახის, რომელიც ჩვენ გვენდო და ჩვენთან ითანამშრომლა. ბევრია ისეთიც, ვინც იმედს არ კარგავს, რომ მათი ოჯახის წევრსაც ვიპოვით.
ჩვენ ვერავის ვერ ვაძლევთ გარანტიას, რომ ვიპოვით, მაგრამ ცდას ნამდვილად არ ვაკლებთ. ეს შედეგიც (ხუთი იდენტიფიცირებული ერთი სამარხიდან) ჩვენთვის ძალიან დიდი იმედის მომცემია – უნდა გავააქტიუროთ ოჯახების მოძიება უფრო მეტად და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება და მეტ რეპრესირებულ პირს დავაბრუნებთ თავიანთ ოჯახში,“ – ამბობს მერი გონაშვილი.
- ბათუმში ნაპოვნი საერთო სამარხების შესახებ
2024 წლის 12 ივნისის მდგომარეობით საქართველოში სულ ნაპოვნი და გახსნილია რეპრესირებულთა ექვსი სამარხი. ექვსივე სამარხი ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
დადასტურებულია, რომ მასობრივი სამარხები ეკუთვნის 1937-1938 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს.
მასობრივი სამარხი აჭარაში 2017 წელს გაიხსნა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობით. სამარხების გახსნას იღუმენია სიდონია და ეთერ მახარაძე კურირებდნენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იღუმენია სიდონიას პირმა, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა, შეატყობინა, რომ დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილები ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იყვნენ საერთო საფლავში დასაფლავებულები.
2017 წელს ეპარქიის ხელმძღვანელობით სულ გაიხსნა ოთხი სამარხი, საიდანაც 150 ნეშტი ამოასვენეს. სამარხებზე მუშაობა 2017 წლის 2 აგვისტოს დასრულდა.
ინფორმაცია სამარხების აღმოჩენის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის აპრილში.
პირველი ოთხი სამარხის გახსნაში არ იყვნენ ჩართული შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
2021 წელს გაიხსნა მეხუთე სამარხი. სამარხის გახსნაში მონაწილეობდა საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია და სამი ამერიკული: ტეხასის, ნიუ მექსიკოსა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტების სასამართლო ანთროპოლოგები.
მეხუთე სამარხი გაიხსნა ყველა წესის დაცვით. მასში აღმოჩნდა 28 ნეშტი. სამარხის გახსნა დოკუმენტირებული აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და ჟურნალისტთა გუნდს, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ. პროდიუსერ ქეთი გიგაშვილის დახმარებით, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციამ – GAFA მოიპოვა სავარაუდო პირთა სია, რომლებიც შეიძლებოდა მეხუთე სამარხში ყოფილიყვნენ. ამ სიის მიხედვით მეხუთე სამარხში აღმოჩენილი ნეშტები 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნოდათ.
იპოვეს და დნმ აიღეს ათობით ადამიანისგან, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონოდათ ნათესაური კავშირი რეპრესირებულებთან.
2022 წელს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია – GAFA-სა პოლონეთის პრემორანის სამედიცინო უნივერისტეტის სასამართლო გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა სამი რეპრესირებულის იდენტიფიცირება.
1937 წლის 27 დეკემბერს დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის, ხემდი მალაყმაძის და ხაფიზ ძნელაძის ნეშტები, რომელთა იდენტიფიცირებაც 2022 წელს მოხდა, 2023 წელს მათ ოჯახებს გადაეცა. ოჯახებმა რეპრესირებულები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
მეხუთე სამარხიდან კიდევ ორი რეპრესირებულის იდენტიფიცირება 2024 წლის მაისში მოხდა. დაუდ მგელაძის და მემედ ჯინჭარაძის ნეშტები იდენტიფიცირებულია, თუმცა ისინი ჯერ ოჯახებს არ გადასცემიათ.
რაც შეეხება ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეექვსე სამარხს. მეექვსე სამარხი 2022 წელს გახსნეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობით. სამარხის გახსნაში ჩართული იყვნენ პოლონელი სპეციალისტები – არქეოლოგები და ანთროპოლოგები.






