ვინ მიიღებს კომპენსაციას ეკლესიის გარდა


ბატონო დავით, როგორც ვიცით მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 მილიონი ლარით ფინანსდება, რამდენიმე დღის წინ კი მას სახელმწიფომ დამატებით ორი მილიონი ლარი მისცა. რამდენია საკომპენსაციო თანხა, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას უნდა გადაუხადოს და ამ თანხაში შედის თუ არა მიწები ან სხვა უძრავი ქონება? 

 

ეს არ არის ეკლესიის დაფინანსების საუკეთესო ფორმა, მაგრამ ეს გვერგო მემკვიდრეობით. სანამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მანამ დაფინანსების ეს ფორმა გაგრძელდება. რაკი საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით აღიარებულია 1930-1990 წლებში რეპრესირებულ ინსტიტუტად, რომელსაც ჩამოართვეს ქონება და ეს ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებით. თუმცა, უპრიანი იქნება, რომ მომავალში ეკლესია არ ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან, რაც ქმნის გარკვეულ უხერხულობებს. საბიუჯეტო თანხები ჩვეულებრივ ექვემდებარება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან კონტროლს, მაგრამ ეკლესიაზე მიცემული თანხის კონტროლს სახელმწიფო არ ახორციელებს. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, რომ ეკლესია ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული. ამ ეპატზე დაფინანსების ფორმად მიგვაჩნია რეპრესირებული ინსტიტუტისთვის კომპენსაციის გადახდა. კომპენსაციის გადახდის ფორმა უნდა იყოს მიყენებული ზარალის ყოველწლიურად, ნაწილ-ნაწილ გადახდით. მე მაქვს იდეა და `რესპუბლიკელები~ ვამუშავებთ შესაბამის კანონპროექტს, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში დაიწყება ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის პროცესი.  


ვინ დაითვალა კომპენსაციის ოდენობა, საერთოდ განხორციელდა კი ამ ზარალის დათვლა და შეფასება?

აი ეს სწორედ რომ არ ვიცით. ეს პროცესი უნდა დაიძრას და შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის. ერთობლივად ამის დაანგარიშება, ალბათ, გაჭირდება, ამას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ კანონის ინიცირებას, რომლითაც განსაზღვრული იქნება ის სტრუქტურები, რომლებმაც უნდა დაითვალონ ეს თანხა.  

 

თუკი არ ვიცით კომპენსაციის ოდენობა და ისე იხდის ბიუჯეტი ამ თანხას, ხომ არ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს იმაზე მეტი ექნება გადახდილი, ვიდრე ეს დაანგარიშების შემდეგ დადგინდება? 

კანონს უკუქცევის ძალა ვერ მიეცემა, მაგრამ ამასთანავე, რაც გადაცემულია არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ქონების სახით, ეს მოაკლდება საკომპენსაციო თანხას.

 

განიხილება თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა კონფესიების კომპენსაციის საკითხი, მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ რეპრესირებული მხარეა?

რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომპენსაციაზე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით არ ვსაუბრობთ. საბჭოთა პერიოდში დაზარალდნენ კათოლიკებიც, გრეგორიანელებიც და სხვა კონფესიებიც. 

 

მათაც ფინანსურად აუნაზღაურდებათ ზარალი თუ უძრავი ქონების სახითაც? 

ამაზე ძნელია ჯერ საუბარი, ეს პროცედურები არის გასავლელი, მთავარია პრინციპი, რომ რეპრესირებული ინსტიტუტები აღიარებული უნდა იყოს. მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებულია, სხვებთან ეს პროცესები გასავლელია. თუ ეს საკითხი კანონად იქცევა, სხვებსაც იმავე პრინციპით დაუბრუნდებათ ვალი. ამოიწურება ეს ვალი და განხორციელდება მთავარი პრინციპი _ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან სრულად გაიმიჯნება. ეკლესია უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფოს არა მარტო პირდაპირი თუ ირიბი წნეხისგან, არამედ პოლიტიკისგანაც.

 

გადაიხედება თუ არა იმ რეპრესირებული ოჯახების თუ კონკრეტული პირების საკითხი, ვისაც სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 200 ლარი შესთავაზა. ამ პირების დიდმა ნაწილმა, საერთოდ შეწყვიტა დოკუმენტაციის შეგროვებაც კი, რადგან მიიჩნიეს, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არაადეკვატური და არასამართლიანია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ეკლესიას კომპენსაციის სახით სოლიდური დაფინანსება ეძლევა.  

მე მაქვს მორალური პასუხისმგებლობა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ, რადგან მე თავად ვარ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი. მაგრამ აქ ჩემი პერსონალური საკითხი არ დგას, რადგან ვსაქმიანობ და მაქვს მაღალანაზღაურებადი ხელფასი, მაგრამ მაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები. 1997 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ამ კანონის ინიციატორი და მაშინ ეამაყებოდა ის, რაც ამ კანონის პრეამბულაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო პატივს მიაგებს რეპრესირებულ ადამიანებს, მათ, ვინც წვლილი შეიტანა საბჭოთა რეჟიმის დაძლევაში. პირველ წლებში რეპრესირებულთა პენსია საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, 45 ლარი იყო მაშინ, როცა ასაკობრივი პენსია იყო 14 ლარი. მაგრამ, შემდეგ ასაკობრივი პენსიის ზრდას არ მოყოლია რეპრესირებულთა პენსიის ზრდა. 2005 წელს კი პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საერთოდ არ გამიჯნა ასაკობრივი და რეპრესირებულთა პენსია. ამიტომ ამოცანაა ის, რომ ადამიანმა ასაკობრივი პენსია აიღოს ცალკე და რეპრესირებულთა პენსია ცალკე, მიუხედავად იმისა, საპენსიო ასაკის არის თუ არა იგი. ეს, რა თქმა უნდა, ამ წლის ბიუჯეტში არ მოხერხდება, მაგრამ ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება.

 

რაც შეეხება ერთჯერად კომპენსაციას, რომლის გაცემასაც გეგმავდა წინა ხელისუფლება, ამაზე რას ფიქრობთ? 

სტრასბურგში კილაძეების საქმის მოგების შემდეგ, სახელმწიფომ დაიწყო ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის პროცესი. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა ზომიერი კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მაქსიმალური თანხა, რაც შეეძლო მიეღო რეპრესირებულ პირს, იყო ათი ათასი ლარი. თუ საია გააქტიურებს ამ თემას და შემოიტანს პარლამენტში განსახილველად, ჩემი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ მიდგომას და მოსამართლე აღარ გადაწყვეტს კომპენსაციის ოდენობის საკითხს. 

 

ესაუბრა ლელა დუმბაძე

დაპირისპირება ქართულ ჭიდაობაში

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია გაოგნებულია საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, უშანგი ყურაშვილის  მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, 2012 წლის 7 ნოემბერს გაკეთებული ყოვლად უპასუხისმგებლო, ფაქტების შეგნებულად დამახინჯების და სათავისოდ ინტერპრეტირების, სპორტული საზოგადოების და რიგითი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გამო, რაც მისი მხრიდან რეპრესირებული კაცის ყალბი იმიჯის შემნის, ახალი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის და საკუთარი თავის  რეაბილიტიაციის აშკარა მცდელობაა.

თავის დროზე უშანგი ყურაშვილის პრეზიდენტად არჩევას, მის დამაიმედებელ შეპირებებს, რომ ყველაფერს იღონებდა ქართული ჭიდაობის ასაღორძინებლად, მისთვის საკადრისი დიდების და ღირსების დასაბრუნებლად, ყველა აღფრთოვანებული შეხვდა. ბუნებრივია, მათ შორის იყვნენ აჭარის სპორტული წრეები, საზოგადოება, ჩვენი ფედერაცია. ამასთან დაკავშირებით,  აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ სპეციალური ფართიც კი დაუთმო უშანგი ყურაშვილის ინტევიუს ამონარიდს ეროვნული ფედერაციის გაზეთიდან ფედერაციის გაზეთ ,,ფალავანში,, მაგრამ, შემდგომმა მოვლენებმა, ყურაშვილის უტაქტო, ამბიციურმა და გაუაზრებელმა ქმედებებმა,  ჩვენც და ზოგადად, ქართული ჭიდაობის გულშემატკივართ, რომ იტყვიან ცივი წყალი გადაასხა…

ბატონი ყურაშვილი აშკარად ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ის, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობიდან საკუთარი ნებით გადადგა. სინამდვილე კი ბატონი უშანგის ამგვარი ფანტაზიის წისკვილზე საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს. კი არ გადადგა, გადავაყენეთ! ამის ერთ-ერთი საბაბი და იქნებ ძირითადიც კი, გახლდათ ის, რომ ნაცვლად მისი ბათუმში ჩამობრძანებისა, რათა საკუთარი თვალით ეხილა აჭარის ახალფეხადგმული ფედერაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური,  რესპუბლიკური ღონისძიება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი იღებდა მონაწილეობას, ის ემუქრებოდა გუნდების წარმოამდგენლებს, რომ არ ჩამოსულიყვნენ და მონაწილეობა არ მიეღოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, იმ მიზეზით, რომ ეს შეჯიბრება ტრადიციული, ქართული, ყველასთვის მისაღები  საჭიდაო ჩოხებით იმართებოდა, და არა, ბატონი უშანგის მიერ ,,ახლადგამოგონილი,, გრძელმკლავიანი ჩოხებით…რაც არ გაუვიდა! შეჯიბრება მაინც ჩატარდა! მანამდე, უშანგი ყურაშვილმა, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ნაცვლად ჩვენი სტიმულირებისა, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისა, ორიანი დაუწერა აჭარის ფედერაციას ბათუმის ცირკში, ორდღიანი, გრანდიოზული, რესპუბლიკური ღონისძიების ორგანიზების გამო, მხოლოდ იმ  მოტივით, რომ, საკმარისი მაყურებელი არ იყო (?!)  მაყურებელიც იყო, სპორტული განწყობაც და ორგანიზებაც, მხოლოდ, ბატონმა უშანგიმ არ დაინახა…ამან და შემდგომმა მოვლენებმა გვაიძულა ხმა ამოგვეღო ამგვარი ქმედებების შესაჩერებლად, რაც გამოვხატეთ არაერთ ბრიფინგზე, სატელევიზიო გამოსვლით, ჩვენი ინიციატივით მოწვეული ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, შეხვედრებით მაშინდელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, რომ უშანგი ყურაშვილი დაუყონებლივ უნდა გადამდგარიყო! ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენს მოთხოვნას მხარი ეროვნული ფედერაციის ჯანსაღმა ნაწილმა და საქართველოს რეგიონებმაც დაუჭირა და უშანგი ყურაშვილი საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობამ უპირობოდ გადაყენა! ეს გახლავთ სინამდვილე, რასაც იქ დამსწრე საზოგადოებაც  დაგვიდასტურებს!

ბატონი ყურაშვილი სარისკოდ ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მან ათასები მიიტანა და დახარჯა ფედერაციის და ზოგადად, ქართული ჭიდაობის განვითარებისათვის. ელემენტარული მეხსიერება თუ არ დაუკაგავს ამგვარი განცხადების ავტორს, მას აუცილებლად ემახსოვრება თუ რა თანხები მიიტანა და სად დახარჯა! და ემახსოვრება ისიც, რომ  სხვადასხვა ღონისძიების საპრიზო ფონდის შეძენა ძირითადად ხორციელდებოდა მაღაზია ,,ჩემპიონში,,, რომელიც ბატონი უშანგის საკუთრებაა! ამგავრი დახმარება რარიგად წაადგა ფედერაციას და ქართული ჭიდაობის განვითარებას, ამის განსჯა, საზოგადოებისათვის მიგვინდვია!

უშანგი ყურაშვილის მეხსიერება არც ჩოხებს წყალობს, როცა აცხადებს, რომ მისეულ, გრძელმკლავებიან  ჩოხებს, მთელი საქართველო უჭერდა მხარს, გარდა თითო-ოროლა კაცისა, არადა ეს ყველაფერი პირიქით იყო და მისეული ჩოხების ფორმებს, მართლაცდა თითო-ოროლა კაცი უჭერდა მხარს და ისეთი ტიტულოვანი ადამიანები, როგორებიც, აწგანსვენებული, ქართული ჭიდაობის პატრიარქად აღიარებული სიმონ მაისურაძე, რვაგზის საქარველოს ფალავანი ალექსი დავითაშვილი, ცნობილი ფალავნები, მწვრთნელები, სახელოვანი მოჭიდავეები ტრადიცულ, ქართულ, მოკლემკლავებიან ჩოხებს უჭერდნენ და დღესაც, მას ანიჭებენ უპირატესობას!

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის იმჟამინდელი წევრები დაგვეთანხმებიან თუ როგორ, რა მეთოდებით განახორციელა ბატონმა უშანგიმ მათი იგნორირება, უფლებამოსილების შეზღუდვა და საქმიანობიდან ტექნიკურად ჩამოცილება! იგივე ქმედებებით, გააუქმა ფედერაციის მსაჯთა კოლეგია, რადიკალურად შეცვალა ქართული ჭიდაობის წესები და ასე შემდეგ… ამგვარმა გადაწყვეტილებებმა, ფედერაციის მიღმა დატოვა ისეთი პიროვნებები, რომლებმაც, მართლაც რომ საკუთარი სახსრებით, ჭაპანწყვეტით, დიდი შრომისა და გარჯის ფასად მოიტანეს ფედერაცია  გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე! გოგი ბიწკინაშვილის, თემურ წამალაშვილის, გურამ პეტრიაშვილის და სხვათა სახელების ჩამოთვლაც კმარა ამის საილუსტრაციოთ.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, მასშტაბურ ღონისძიებებს და შოუებს ვაწყობდიო, აცხადებს ბატონი უშანგი და ფანტაზია არც აქ ღალატობს. კი, ამგვარი რამოდენიმე ღონისძიება მართლაც მოეწყო, მაგრამ, არა ბატონი უშანგის ფინასებით და ძალისხმევით, არამედ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ქვეყნის მხარეების ადმინისტრაციების სახსრებით.

სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს ბატონი ექს-პრეზიდენტი როცა წუწუნებს, რომ მტრები მყავდა როგორც ფედერაციაში, ისე ხელისუფლებაშიო (?!)…კი, ყავდა მტრები, უფრო ზუსტად მტერი და ეს მტერი თავად უშანგი ყურაშვილი გახლდათ!  მტრობის ეს „მოდელიც“ თვითონვე შეუმუშავა და გამოუცხო საკუთარ თავს.

ერთ რამეში ნაწილობრივ ვეთანხმებით ბატონ უშანგის, რომ დღეს ფედერაცია საკადრის სიმაღლეზე ვერ დგას, მაგრამ, არა ისე, როგორც მის დროს იყო!

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში მალე დადგება საკადრის სიმაღლეზე, მალე გადაესხმება ახალი სისხლი, მალე შეძლებს რომ დღენიადაგ იზრუნოს ქართული ჭიდაობის დიდების და ღირსების დასაბრუნებლად, და ამას გააკეთებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან და იმ ჯანსაღ ძალებთან ერთად, რომლებიც, მადლობა უფალს, დღესაც მზად არიან, საკუთარი შრომის, ძალისხმევის და მოტივაციის ფასად გვერდში დაუდგნენ ამ ეროვნულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეს და არა ისე, როგორც ეს ბატონმა უშანგიმ შემოგვთავაზა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, რომ თურმე ნუ იტყვით, და ის კვლავ აპირებს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მოსვლას საკუთარ გუნდთან ერთად (?!)…

ეს უსაგნო განცხადება, ყველა სიკეთესთან ერთად ზნეობრივი დეფიციტის მატარებელია და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მცდელობაა, რასაც, ჩვენდა საბედნიეროდ, გამარჯვება არ უწერია!

საკონტაქტო ტელეფონები:  0422 22 48 34 (სახლი); 0422 29 35 12 (კაბინეტი).

მობ.: 577 43 64 43; 598 35 38 35.

ჯემალ წულუკიძე

   

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია

ქ. ბათუმი, 10 ნოემბერი, 2012 წელი

ეროვნულ ნაკრებში ნაცნობობით ვერავინ ხვდება

ილჰან აშქი: ერთობლივი წვრთნებისა და სპარინგ-მატჩების ჩატარება აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის ინიციატივა იყო. ორჯერ იმყოფებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები ბათუმში და საბოლოოდ ჩვენი ჩამოსვლის თარიღიც გადაწყდა. მართალია, თავდაპირველად საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ვგეგმავდით თქვენს ქალაქში, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ წვრთნებითა და ამხანაგური სპარინგ-მატჩებით შემოვიფარგლეთ.

თურქეთის ტაეკვონდოს სკოლა მსოფლიოში ერთერთი ლიდერია, გყავთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები

– დიახ, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, რასაც ჩვენი დაუღალავი შრომით მივაღწიეთ, თუმცა მარტო თავდადება და შრომა აქ მთავარი არაა. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი სპორტსმენი აუცილებლად უნდა გაიზარდოს და ამისთვის, პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირზე უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენს სპორტსმენებს რომ ვუყურებ, ბრძოლისუნარიანები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, გამოცდილება გაკლიათ, რაც არის კიდეც ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მაღალი შედეგები არ გაქვთ, თორემ არავისზე ნაკლები არ ხართ, პირიქით, ბევრსაც აჯობებთ.

რადგან ქართველი სპორტსმენების შეფასებაზე გადავედით, გვითხარით, რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ თქვენზე?

 

 

 

– არ დაგიმალავთ და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ბათუმში თურქეთის ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები ჩამოვიყვანეთ, ფაქტობრივად, მათი უმრავლესობა თურქეთის იუნიორთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან. როგორც ხედავთ, სოლიდური დელეგაციით გეწვიეთ. სიმართლე გითხრათ, თქვენგან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით. თითოეული თქვენი სპორტსმენი ბოლომდე იხარჯებოდა, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო კახა მახარაძე, გოგი კაკაბაძე, გურამ კუტუბიძე და თეონა ვაშაყმაძე. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, ამ ოთხეულს დიდ სარბიელზე შეუძლიათ გასვლა, თან, როგორც გავიგე, კუტუბიძე ევროპის პრიზიორიც ყოფილა, რაც უდავოდ მათი მწვრთნელის, აკაკი ცენტერაძის დამსახურებაა. ეგაა, რომ აშკარად გაკლიათ საერთაშორისო გამოცდილება, თითქოს რაღაც გბოჭავთ ბრძოლის დროს, ტექნიკის დახვეწა გჭირდებათ, ეს კი მხოლოდ ვარჯიშებით არ მიიღწევა, როგორც უკვე აღვნიშნე, საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის მეტი გამოცდილებაა საჭირო.

ამას კი სათანადო ფინანსები სჭირდება, რითაც თქვენ ნამდვილად ვერ შეგედრებით. როგორც ვიცი, აჭარის სპორტის მესვეურებს შეხვდით. რაზე ისაუბრეთ?

– დიახ, შევხვდით და სამომავლოდ ბევრი საინტერესო პერსპექტივა გამოიკვეთა. პირველ რიგში კი ის, რომ მომავალი წლიდან, ბათუმში გვინდა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება და მარტო წვრთნებით არ შემოვიფარგლებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთობლივ საწვრთნელ შეკრებებზე უარს ვამბობთ, პირიქით. აქვე დავძენ, რომ ჩვენი მაღალი შედეგები იმითაა განპირობებული, რომ სპორტის ეს სახეობა სახელმწიფო რანგშია აყვანილი და ჩვენზე სახელმწიფო ზრუნავს, პლუს ამას კონკურენციაც დიდია. ნაკრებში მოხვედრა ყველა სპორტსმენის ოცნებაა და ჩვენ მხოლოდ იმათ ვიწვევთ, ვინც რეალურად ძლიერია და მზად არის მედლისთვის საბრძოლველად, ჩვენთან ეროვნულ ნაკრებში ნაცნობობით ვერავინ ხვდება.

როგორც ვიცი, საპასუხო ვიზიტიც იგეგმება

 

 

– რა თქმა უნდა, ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ზემოთ ნახსენებ ოთხეულს (და არა მარტო მათ) და აკაკის, რომელიც ასევე მოქმედი სპორტსმენია, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენთან ჩამოსვლა და ვარჯიშების გამართვა. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. თუ თქვენ ჩვენგან ისწავლით, ჩვენც ბევრ რამეს ვისწავლით თქვენგან, რაც ამ სამმა დღემ თვალნათლივ დაგვანახა.

აკაკი ცენტერაძე, აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: კარგი შეკრება გამოგვივიდა, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ძლიერი სკოლა აქვს თურქეთს და ჩვენგან ასეთი წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდნენ. სპორტსმენები მოგვიწონეს და სურვილი გამოთქვეს, ხშირად ჩაგვეტარებინა ერთობლივი წვრთნები როგორც ბათუმში, ასევე თურქეთშიც. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენი ნაკრების ბირთვი და პირადად მე, მომავალი ტურნირებისთვის თურქეთში, პროფესიონალ მწვრთნელებთან მოვემზადებით. გარდა ამისა, შესაძლოა, რომ მათ პროფესიულ ლიგაშიც გავწევრიანდეთ, რაც უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და გამოცდილების შესაძენად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სპორტსმენებს კარგი გამოხმაურება ჰქონდა თურქულ სპორტულ პრესაში.

აჭარის სპორტის ხელმძღვანელობას შეხვდით, რას დაგპირდნენ?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წვრთნების დაწყების პირველ დღესვე დარბაზში აჭარის სპორტის ახალი მინისტრი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გვეწვია, სპარინგ-მატჩებს თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენით დაინტერესდნენ. დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლიდან, კალენდარულ გეგმაში ჩასვამენ ერთ საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ბათუმში გაიმართება და მას დააფინანსებენ.

დავით ონოფრიშვილი: პრემიების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს

ბატონო დავით, რამდენადაც ცნობილია საქართველოს საჯარო სამსახურებში ხელფასის ოდენობის პრემიები ყოველკვარტალურად, გარკვეულ სტრუქტურებში ყოველთვიურადაც კი გაიცემა.  იყო ფაქტები იმისა, რომ პრემიების რაოდენობა შრომით ანაზღაურებასაც აღემატებოდა. ბოლო წლებში პრემიების შესახებ ინფორმაცია პირადი საიდუმლოების რანგში აიყვანეს.  რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს პარლამენტი ამ საკითხის გადახედვას?

პრემიების და თანამდებობრივი სარგოს გაცემის წესი წესრიგშია მოსაყვანი, რადგან ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია არა მარტო პრემიები, თანამდებობრივი სარგოებიც. საკმაოდ დიდი განსხვავებებია უწყებებს შორის, ამიტომ სარგოების მიმართ რაღაც საერთო წესი უნდა არსებობდეს. კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული და დამოუკიდებლად რომელიმე უწყებას არ უნდა შეეძლოს თავისი ერთჯერადი გადაწყვეტილებებით ამის შეცვლა. როგორც ვიცით, გამოვიდა პრეზიდენტის 12 ოქტომბრის ბრძანებულება, რითაც თვითმმართველობების ხელფასები პრეზიდენტმა ერთპიროვნულად გაზარდა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ პარლამენტის წევრის ხელფასის ოდენობის ზედა ჭერი მიანიჭა, ვთქვათ, ნებისმიერი საკრებულოს თავმჯდომარეს, რაც სრულად არღვევს თანამდებობრივ რანგირებას. ეს რანგირება უნდა არსებობდეს და გამოხატული უნდა იყოს ხელფასის სახითაც.

 

 

მსგავსი მოდელი არსებობს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, თუ მხოლოდ საქართველოშია დამკვიდრებული პრემიების გაცემის ასეთი წესი?

პრემიები რა თქმა უნდა ზოგადად მიღებული წესია მსოფლიოში, მაგრამ  ყოველთვიური პრემია სახელმწიფო უწყებაში იშვიათობაა. არსებობს წლიური ან ნახევარწლიური პრემია. ხშირად, პოსტსაბჭოთა, გარდამავალი ტიპის ქვეყნებში, მიმართავენ ხოლმე ჩვენნაირ მეთოდს, რათა საჯარო მოხელეების მაღალი ხელფასი არ იყოს თვალშისაცემი და არ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილება. ხელისუფლება შეფარვით, სწორედ პრემიებისა და სხვა დანამატების სახით ცდილობს, გაუზარდოს ხელფასი ჩინოვნიკებს. ზოგადად, პრემიები არ გაიცემა ყველა თანამშრომელზე. პრემია განსაკუთრებულად შესრულებული საქმისთვის უნდა ეძლეოდეს. ჩვენთან სხვა მოტივით გასცემენ პრემიებს.

 

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია მსგავსი გადაწყვეტილება?

ცხადია, სამართლიანი არ არის და მოწესრიგებული უნდა იყოს ეს საკითხი. თუ ადამიანი იმსახურებს კონკრეტულ ხელფასს ან პრემია, ეს არც უნდა იყოს დასამალი და შენიღბული. ვიცით, რომ ყოფილ ხელისუფლებაში პრემია ზოგჯერ ბევრად აღემატებოდა ხელფასსაც, რომელიც იყო არაადეკვატური სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში. 

 

 

პრეზიდენტმა თვითმმართველობაში შრომითი ანაზღაურების ზრდა დაბალი სოციალური ფონით ახსნა. რამდენად სამართლიანია ეს განცხადება პენსიონერებთან ან სოციალურად დაუცველ ადამიანებთან მიმართებაში მაშინ, როცა არც პენსია გაზრდილა და არც სოციალური შემწეობა? 

ეს უსამართლოა.

 

 

დღევანდელ პარლამენტს აქვს იმის ბერკეტი, რომ პრეზიდენტის როლი პრემიების გაცემის საკითხში შეზღუდოს? თუ აპირებს ახალი პარლამენტი ამ საკითხის განხილვას?

პრეზიდენტის შეზღუდვა ამ კონკრეტულ საკითხზე, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, არ შეუძლია პარლამენტს. მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს, თუ როგორ დარეგულირდეს იგი კანონის ძალით. ჩვენ რომც მივიღოთ კანონი, მის ძალაში შესვლას მაინც პრეზიდენტი აწერს ხელს. მაგრამ საკითხი ნამდვილად შესასწავლია, იმიტომ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტების ტრანსფერი თვითმმართველობებზე არ იზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობები პრეზიდენტის ბრძანებას გამოიყენებენ, ადგილობრივ ბიუჯეტებში სახელფასო ნაწილი გაიზრდება, სხვა ხარჯები კი შემცირდება. საინტერესოა ამ მხრივ რას მოიმოქმედებს ადგილობრივი ხელისუფლება. 

ბათუმელი მძიმეწონოსანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დისკვალიფიკაციის და ფინანსური ჯარიმის მიზეზი ფერსელიძის ორი პასპორტი გახდა. თავის დროზე ნაკრების წევრთა ერთ ნაწილსაც მოუწია ახალი, სუფთა პასპორტის აღება და სწორედ ძველი და ახალი პასპორტების მონაცემებს შორის ცდომილება გახდა სანქციის მიზეზი. მართალია, ჯარიმის გადახდის კონკრეტული ვადა მითითებული არ არის, მაგრამ თუ მისი გადახდა უახლოეს თვეებში არ მოხერხდა, შესაძლოა სანქციები უფრო დამძიმდეს და საქართველოს ნაკრებს მომავალ საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალონ.

ნავთობტერმინალი შეკითხვებს პასუხობს

რამ გამოიწვია 18 ოქტომბერს  ნავთობის მილის დაზიანება? 

განგიმარტავთ, რომ ნავთობის მილის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ნავთობის გაჟონვა მოხდა მილსადენზე არსებული სახშობიდან შუასადების დაზიანების შედეგად.

 

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ზიანი მიადგა გარემოს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს?

სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახურის მიერ დადგენილია, რომ ნავთობის დაღვრის შედეგად დაბინძურდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 245 კვადრატული მეტრი ფართობის გზის სავალი ნაწილი და ორი კერძო პირის საკარმიდამო ეზო. მდინარის ან ზღვის დაბინძურებას ადგილი არ ჰქონია. აღებული იქნა დაბინძურებული ნიადაგის ნიმუშები. ნიადაგის დაბინძურების ხარისხის ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური უახლოეს დროში განსაზღვრავს გარემოს დაბინძურებით სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

 

კერძო პირების მიწის ნაკვეთებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უკვე დაადგინა სპეციალურად ამ მიზნით საწარმოში შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაზარალებული პირები და მათი ადვოკატი.

 

 

მიიღებს თუ არა კომპენსაციას დაზარალებული ოჯახი? თუ კი, რა ოდენობის იქნება ეს კომპენსაცია?

ერთობლივმა კომისიამ დაადგინა კერძო პირებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, თითოეულ დაზარალებულ მხარესთან გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიყენებული ზარალისათვის მათ გადაუხადეთ კომპენსაცია. 

 

რა სიჩქარით იტვირთებოდა ნავთობპროდუქტები 17-18 ოქტომბერს? ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით დაირღვა დასაშვები სიჩქარის  სტანდარტი. გთხოვთ განმარტოთ, შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სიმართლეს?

ნავთობი ავარიულად დაიღვარა კაპრეშუმის საწარმოო უბნიდან ტანკერში ნავთობის გადატვირთვის მიმდინარეობის დროს. გადატვირთვის სიჩქარე არ აღემატებოდა 1600 მ3/სთ-ს, რაც არ წარმოადგენს დასაშვები სიჩქარის  სტანდარტის დარღვევას.

 

 

2008 წლიდან დღემდე რამდენჯერ დაფიქსირდა ნავთობის დაღვრის ფაქტი? დაეკისრა თუ არა  რაიმე სახის ჯარიმა  ნავთობტერმინალა და თუ კი, რა ოდენობის?

2008 წლიდან დღემდე, თუ არ ჩავთვლით ფორსმაჟორულ სიტუაციებს, ადგილი ჰქონდა  ნავთობის საშუალო და მცირე მასშტაბით დაღვრის ორ შემთხვევას. გარემოზე მიყენებული ზიანი, საერთო ჯამში, არ აღემატებოდა 500 ათას ლარს, რომელიც, იმ შემთხვევაშიც, როცა  დაღვრა ჩვენგან დამოუკიდებელი ფორსმაჟორული მიზეზით- კატასტროფული წვიმის და ტერიტორიების ისტორიულად დაბინძურებით იყო გამოწვეული, ჩვენ მიერ ანაზღაურებულ იქნა. ჩვენ გავითვალისწინეთ ისიც, რომ  ბათუმისათვის დამახასიათებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ხშირად ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო სისტემებისა და ნავთობდამჭერების გადავსებას.

 

 

აღნიშნულის აღსაკვეთად საწარმოში ექსპლოატირებულ ყველა ნავთობდამჭერს და ძირითად საკანალიზაციო სისტემას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია; ყველა მდინარის გასწვრივ აიგო სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელთა ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ სრულიად აღიკვეთა საწარმოო ტერიტორიებზე ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიებიდან ნავთობის მდინარეებში მიგრაცია; ტექნოლოგიურ მილსადენებსა და რეზერვუარებს, დადგენილი წესით, სისტემატურად უტარდება ტექნიკური კონტროლი, მოწმდება მათი ჰერმეტიზაცია და მდგრადობა; ეკოლოგიური ლაბორატორია ყოველდღიურად ამოწმებს გაწმენდილი წყლის ხარისხს, დარეგულირებულია მდინარეების და ზღვის ვიზუალური და ლაბორატორიული ხარისხობრივი კონტროლი.

 

 

აღსანიშნავია, რომ საწარმოში  2009 წლიდან დაინერგა და მოქმედებს ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემა, რომელიც IშO14001:2004 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შეესაბამება, რაც თავის მხრივ 2009 და 2011 წლებში 2-ჯერ დადასტურდა შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წლიდან დღემდე, წყალდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საწარმოში დახარჯულია  დაახლოებით ხუთი მილიონი აშშ დოლარი.

 

 

ჩვენი ინფორმაციით, ვაგონსისტემებიდან ნავთობის გადმოცლის დროს არ არის დაცული ჰერმეტულობა, რის გამოც გაიფრქვა მავნე ნივთიერებები. შეესაბამება თუ არა სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია და რას აკეთებს ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

ვაგონცისტერნებიდან ნავთობის ჩამოცლა ჩვენს საწარმოში ჰერმეტულად მიმდინარეობს, რისთვისაც სარკინიგზო ესტაკადებზე შემოსულ ყველა ვაგონცისტერნას ეხურება სპეციალური ჰერმეტული ჩამოცლის სარქველი. შესაბამისად, ვაგონცისტერნებიდან ნავთობის ჩამოცლის ტექნოლოგიური პროცესი არ არის სუნის გავრცელების მიზეზი.

 

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ჩივის მოსახლეობაც. მათი თქმით, ამჟამად მკვეთრი სუნი იგრძნობა ბარცხანის დასახლებაში, უშუალოდ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც დაზიანდა ნავთობის მილი. ასევე მოსახლეობის თქმით დასახლებაში სპეციფიკური სუნი პერიოდულად იგრძნობა, მაშინ, როდესაც ნავთობპროდუქტებს ტვირთავენ.   აპირებთ თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას და თუ კი, როდის?

დაღვრის ადგილზე სუნის გავრცელებას არანაირი კავშირი არ აქვს ნავთობის მიმდინარე გადატვირთვასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ დეტალურად დავათვალიერებთ და შევისწავლით დაღვრის ადგილს, და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გავატარებთ  შესაბამის ღონისძიებებს.

 

 

რას აკეთებს ნავთობტერმინალი იმისათვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს?

2009 წლიდან შპს `ბათუმის ნავთობტერმინალი“ ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებას ახორციელებს `გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების 2009 -2013 წლების გეგმის~ შესაბამისად, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. გეგმა შედგენილია საწარმოს მიმდინარე საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს საჯარო განხილვის დროს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებსა და სურვილებს, სახელმწიფო ეკოლოგიური დასკვნის პირობებში წარმოდგენილ ყველა მოთხოვნას.

 

 

გვინდა განსაკუთრებით გამოვყოთ ატმოსფერული ჰაერის დაცვის და სუნის გავრცელების აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები და აირგამწმენდი სისტემების დასრულებული მშენებლობები ნავმისადგომებზე, კაპრეშუმის, ნავთობისა და მაზუთის, ნავთობბაზის უბნებზე. მომავალ წელს დაგეგმილია აირგამწმენდი სისტემის მშენებლობა ხოლოდნაია სლობოდას საწარმოო უბანზე.

„თავისუფლების“ ოთხი მედალი

ირაკლი დარცმელიძე

 

ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო – ასეთია აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების (მწვრთნელი მარად არძენაძე) მონაგარი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკთა შორის. ბათუმელთაგან ჩემპიონი ხუსეინ ირემაძე (96 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამაზ დარჩიძემ (55 კგ.), ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე პრიზიორმა შოთა ფარტენაძემ (60 კგ.) და დავით უნგიაძემ (74 კგ.).

გიორგი კირთაძის გადაყენების გეგმა

საკრებულოს დეპუტატი გენო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
საკრებულოს დეპუტატი გენო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკრებულომ შეიძლება უახლოეს მომავალში გიორგი კირთაძე გადააყენოს. მანამდე კი ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დეპუტატი, ალეკო ჩხარტიშვილი დატოვებს. ამ ინფორმაციას თავად დეპუტატი არც ადასტურებს და არც უარყოფს. 


„თუკი რამე იქნება, ერთ-ერთი ყველაზე პირველი თქვენ გეტყვით. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – თქვა ალეკო ჩხარტიშვილმა „ბათუმელებთან“.

იმ შემთხვევაში, თუკი ალეკო ჩხარტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დატოვებს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების რიცხვი ცხრამდე გაიზრდება. „ეს სავსებით საკმარისი იქნება რეგლამენტით გიორგი კირთაძის გადაყენების საკითხი დადგეს კენჭისყრაზე. თუკი 23-დან 12 დეპუტატი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაშინ ის ვეღარ დარჩება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – ამბობს `რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.


საკრებულოს თავმჯდომარის შემცვლელად ოპოზიცია, სავარაუდოდ, ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავს. თუმცა, ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „კოლეგიალურ ორგანოში მსგავსი საკითხები კენჭისყრით წყდება“.


„ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ დატოვეს ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატმა გენო თებიძემ, დათო კასრაძემ და ნუკრი დოლიძემ.


გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ ამ პროცესებს აფასებს: „ფრაქცია ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და გასვლის საკითხს ყველა წყვეტს ინდივიდუალურად. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს დღევანდელი მთავრობის გაძლიერებას. ვიცი, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრებს აქვთ ჩემი გადაყენების სურვილი, მაგრამ ოფიციალური განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე ჯერ არ შემოსულა“.


გიორგი კირთაძის გადაყენების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უპრობლემოდ შეძლებენ ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის გადაყენებასაც. 

საკადრო პოლიტიკის არქიტექტორის კადრებს არჩილ ხაბაძე დაითხოვს

32 წლის არჩილ  ხაბაძის მისამართით უკვე გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები. რამდენად შეძლებს ის მისი მასწავლებლის, მურმან დუმბაძის პოლიტიკური გავლენისგან თავის დაღწევას.

 

პროფესიით ფინანსისტი უკვე რამდენიმე დღეა ლევან ვარშალომიძის კაბინეტშია. პირველი მისი ოფიციალური საქმიანობა ახალ პოსტზე: გააუქმა ოქტომბერში გაცემული ვარშალომიძის განკარგულებები და უმაღლეს საბჭოს წარუდგინა ახალი მთავრობა.

 

მურმან დუმბაძე და არჩილ ხაბაძე
მურმან დუმბაძე და არჩილ ხაბაძე

 

ახალი მინისტრები კითხვაზე, ვინ შემოგთავაზათ თანამდებობა და ვისთან გამართეთ პირველი კონსულტაცია – აცხადებენ, რომ რომ მურმან დუმბაძესთან ჰქონდათ პირველი აუდიენცია, ბოლოს კი – ბიძინა ივანიშვილთან.

„ბათუმელების“ კითხვა: ხართ თუ არა თქვენ საკადრო პოლიტიკის არქიტექტორი აჭარაში? – მურმან დუმბაძეს არ გაუპროტესტებია. მან განმარტა, რომ ეს პოლიტიკა არ ეფუძნება ნაცნობ-ნათესაობას და მხოლოდ თანაგუნდელობას: „გადაწყვეტილებები მივიღეთ კოალიციურ რეჟიმში, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მათგანთან მუშაობა დაგვჭირდა, რომ ეს თანამდებობა დაეჭირათ, ისინი მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით უფრო არხეინად და კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ, რომ სახელმწიფო და რეგიონალური ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი.“

 

დავით უსუფაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „მე მინისტრების სახელები და გვარები აქ დავაზუსტე. ეს არის აქ გადასაწყვეტი საკითხები, ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ეს თუ სხვა ლიდერები,  რა თქმა უნდა, ვიღებთ საერთო პასუხისმგებლობას, მაგრამ საკადრო თემები – ვინ სად იქნება, ვინ რომელ სამინისტროს გაუძღვება – ეს აქ უნდა გადაწყდეს“.

 

აჭარის ოთხი მინისტრიდან მხოლოდ ერთია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი – გია თავამაიშვილი. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თავამაიშვილიც მის მიერ მხარდაჭერილია და მას ალტერნატივა ამ თანამდებობაზე არ ჰყავდა.

 

ახალი მინისტრთა კაბინეტი უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ოფიციალური შედეგი მეტყველებს, რომ გარეგნულად კოალიცია, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, შეთანხმებულია.

 

თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკურ კონსესუსამდე აზრთა სხვადასხვაობა მაინც იყო. სულხან ღლონტი, რომელიც უმაღლეს საბჭოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას ხელმძღვანელობს, ამბობს: „ჩვენ გამოვხატეთ ღია მხარდაჭერა და დავუჭირეთ მხარი არჩილ ხაბაძეს. ეს მე დავაფიქსირე ბიძინა ივანიშვილთან გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა კოალიციის ყველა ლიდერი. მინისტრების დიდ ნაწილთან ჩვენ არ გვქონდა პრობლემა, ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ  ჩვენი პარტიის წევრი ყოფილიყო ერთ-ერთი მინისტრი, პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით ეს იქნებოდა სწორი და სამართლიანი, ჩვენ ვაყენებდით სოფლის მეურნეობის მინისტრად კობა ჩხეიძის კანდიდატურას, იყო რამდენიმეკვირიანი დისკუსია, მაგრამ საბოლოოდ პოლიტიკურ კონსესუსს მივაღწიეთ და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს  დავუჭირეთ მხარი, რადგან მთავრობამ დროულად შეძლოს მუშაობა.“

 

სულხან ღლონტი არ აკონკრეტებს, ვინ წავიდა მათ მიერ დასახელებული კანდიდატის წინააღმდეგ.

 

წინასწარი პროგნოზი ისეთი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დუმბაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  სავარძელს შესთავაზებდა. თბილისში ჩასულ დუმბაძეს კი ივანიშვილმა უთხრა, რომ მას პარლამენტში  ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ხედავდა, მაგრამ მას დაევალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების მოძებნა.

 

დუმბაძე ლობირებდა უმაღლესი საბჭოს წევრს ჯემალ ფუტკარაძეს, მეორე კანდიდატად კი არჩილ ხაბაძეს განიხილავდა. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის ოფიციალურად დასახელებამდე სამი დღით ადრე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დასახელდა. „ნეტგაზეთმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ახვლედიანის კანდიდატურის წინააღმდეგი მურმან დუმბაძე წავიდა და ასევე მის მიერ დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა.

 

ბიძინა ივანიშვილმა „ბათუმელების“ კითხვის პასუხად განმარტა, რატომ შეჩერდა ყურადღება არჩილ ხაბაძეზე: „შიგნით დაბალანსებებზე არ იქნება დრო დაკარგული, ახლა არ არის კინკლაობის და დაპირისპირების დრო.“ არც პრემიერს დაუკონკრეტებია, ვინ წავიდა არმაზ ახვლედიანის წინააღმდეგ.

 

მურმან დუმბაძე კი ამბობს, რომ „აბსოლუტური ტყუილია“ ის ინფორმაცია, თითქოს ის ახვლედიანის კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა. „ხაბაძის, ფუტკარაძისა და ახვლედიანის კანდიდატურები ჩემ მიერ იქნა  ინიცირებული, ჩვენ ახვლედიანის წინააღმდეგ კი არ ვიბრძოლეთ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხაბაძე ამ ეტაპზე უკეთესი კანდიდატურა იყო. რით ჯობია ხაბაძე  ახვლედიანს? მას რეგიონთან მეტი ბმა აქვს, იცნობს აჭარას, ქობულეთს, ბათუმს, მთას… არმაზი კარგია, მაღალი კლასის პოლიტიკოსია, მაღალი მორალისტი კაცია და ამიტომაც დარჩა იმ სამეულში.“

 

ჩვენ მიერ მოპოვებული კომენტარების ანალიზი ერთი დასკვნის საფუძველს იძლევა – აჭარაში მურმან დუმბაძე საკადრო პოლიტიკას არაფორმალურად განსაზღვრავს. მას აჭარის მთავრობის დამტკიცებამდე აჭარის უმაღლესი საბჭო არ დაუტოვებია.

 

შეძლებს თუ არა პოლიტიკური გამოცდილების არმქონე 32 წლის ხაბაძე დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბებას?

 

„მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, გიდასტურებთ, მაგრამ ის არის მაღალი კლასის მენეჯერი. ის ბანკს ხელმძღვანელობდა, რამდენიმე ათას ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს.“ – ამბობს დუმბაძე.

 

არჩილ ხაბაძე კი ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატების შესახებ კონსულტაცია მურმან დუმბაძესთან ერთად განიხილა და დაეთანხმა: „დავეთანხმე მურმანის პოზიციებს, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავდივართ ახლაც კონსულტაციებს, მაგრამ სხვა საკითხებს, რომლებიც მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, გადაწყვეტს მხოლოდ თავმჯდომარე, გარწმუნებთ. მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დანიშნული კადრებისთვის თუ არ ვიქნები ავტორიტეტი, დაკავებული თანამდებობიდან ყველა გათავისუფლდება.“

 

ახალმა მინისტრებმა თანამდებობები უკვე დაიკავეს.

 

ამათგან  ერთ-ერთი გია თავართქილაძეა, „ვი თი ბი“ ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი. ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე  „ძლივს“ დაითანხმეს.

 

გია თავართქილაძე: „ჩემი ოცნება არ იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი იქნებოდა პროფესიონალიზმი, მაგრამ დადგა წესიერი ხალხის პროფესიონალიზმის დრო, ვნახოთ, ალალად ვამბობ: შევძლებ? – შევძლებ. არც წასვლის პრობლემა მაქვს. ჩვენ შეგვიძლია, რომ განცხადება დავწეროთ, თუ საქმე არ გამოდის.“

 

ორი კვირის წინ მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუთითებდა იმას, რომ თუ ივანიშვილისგან იქნებოდა შეთავაზება, დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დათანხმდებოდა. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი დუმბაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას მოერიდა. მურმან დუმბაძეს რამდენიმე ღია განცხადება აქვს გაკეთებული ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. სურვილის მიუხედავად, საქართველოში თურქეთის ელჩი ივანიშვილს არ შეხვდა. რამდენად აქვს ამ ფაქტებს ლოგიკური კავშირი, ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ ეტაპზე არ აქვს. 

 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეს თავის მოადგილეებს წარადგენს. ნუგზარ სურმანიძე წინა მთავრობის მინისტრის ორ მოადგილეს – რამაზ ჯინჭარაძესა (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დევნილთა და განსახლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა) და ნონა გალოგრეს არ ცვლის. ახალი მოადგილეები კი იქნებიან რომან ბოლქვაძე და ლევან გორგილაძე.


სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან გორგილაძე აჭარაში ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ხოლო პროფესიით ექიმი რომან ბოლქვაძე წლების წინ თბილისის 03-ში მუშაობდა, ბოლო წლებში კი კერძო პრაქტიკას ეწეოდა.


თავად მინისტრი ნუგზარ სურმანიძე არჩევნებამდე ამავე სამინისტროში ბიუჯეტის დაგეგმვისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გოჩა კუპრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშვნას არ ადასტურებს

 

აჭარის საპატრულო პოლიციის გათავისუფლებული უფროსის – ჯონი ბაკურიძის (ჯონი ბაკურიძე „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გაათავისუფლეს) მოადგილე გოჩა კუპრაძე, რომლის სახელიც მედიამ 2011 წლის 21 მაისის აქციის მონაწილეთა დარბევას დაუკავშირა, არ ადასტურებს მის დანიშვნას ახალ თანამდებობაზე. „ბთუმელებმა“ გოჩა კუპრაძესთან დაკავშირება და ბლიც-ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

 

ბატონო გოჩა, დაგნიშნეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად?

 

არამგონია, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დავინიშნე და არ ვიცი.

 

 

მითხრეს, რომ რამდენიმე თანამშრომელმა ნახა ბრძანება თქვენი დანიშვნის შესახებ..

 

არ ვიცი.

 

არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ 2011 წლის 21 მაისის აქციის დარბევაში იღებდით მონაწილეობას. იყავით თუ არა ამ დარბევის მონაწილე?

 

21 მაისს, გენაცვალე ვიყავი გასვენებაში შროშაში, დამეღუპა ქვისლი. დილიდან საღამომდე ვიყავი იქ. სინამდვილეა რასაც გეუბნები. ერას მოედანზე ვიმყოფებოდი უკვე 11 საათის შემდეგ. კომენტარი მართლა გავუკეთე იმ გოგონას, პატარა, ლამაზი გოგო იყო მოსული, ის ხალხს ეკითხებოდა და ყველა აქცევდა ზურგს, მე ვუთხარი… მე მკითხა – არავინ პასუხს არ მცემსო. მერე ყველაფერი, რაც გამოაქვეყნა, სრული სიზუსტით არის დაცული.  პირდაპირ დასაფლავებიდან მივედი საღამოს 11 საათზე, მანამდე სოფელ შროშაში ვიყავი, იმერეთის რაიონში. მე არაფერში მონაწილეობა არ მიმიღია. ეგ არის სიცრუე.

 

 

ამ ეტაპზე სად მუშაობთ?

 

საბაჟოზე ვმუშაობ, ვარ პორტის და აეროპორტის საბაჟოს უფროსი.

 

 

 

 

გოჩა კუპრაძესთან 2011 წლის 21 მაისის ღამეს „გურია ნიუსის“ მაშინდელმა ჟურნალისტმა შორენა ღლონტმა ჩაწერა.

 

ვინ დააკავეთ?
არავინ.
დაკავების კადრები გვაქვს…

მე არაფერი დამინახავს(?!)
ანუ, არავინ დაგიკავებიათ?
მე მეკითხებით და გპასუხობთ, არა-მეთქი!

ყველას გეკითხებით….
ჰოდა, ჩვენც გეუბნებით – არ დაგვინახავს, რადგან სავახშმოდ ვიყავით გასული.

მაშინ გვიპასუხეთ, აქ რატომ ხართ?
ჩვენ რატომ ვართ აქ…? გენაცვალე, ხალხი რომ არის აქ იმიტომ – ვინმეს რომ არ მოუვიდეს რამე.

“ვინმეს” უკვე მოუვიდა და მანქანაშიც ძალის გამოყენებით ჩასვეს.
არ ყოფილა ასეთი რამ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

არა. მე არ ვადასტურებ. იმათ ჰკითხეთ, გენაცვალეთ, – და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა.
ისინი ამბობენ, რომ სცემეს და მანქანაში ძალით ჩასვეს რამდენიმე აქტივისტი, ანუ გვატყუებენ?

გეუბნებით, არავინ გვიცემია. რა ვიცი, ნახეთ, იქნებ არ გატყუებენ, გადაამოწმეთ, იქნებ მართალია, რა ვიცი, აბა(?!).

თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება…

გოჩა კუპრაძე.

სტატუსიც, ვინ ბრძანდებით…
კიდევ რა გაინტერესებთ? გულს გადაგიხსნით, ყველაფერს ერთბაშად გეტყვით. ვარ უცოლო, სურათიც გადაგვიღეთ კარგ ფონზე… ახლა მე გეკითხებით, თქვენ საიდან ხართ? გული გაგვისკდა, ხომ უნდა გვითხრათ ვინ ხართ? საერთოდ, რომ იცოდეთ, პოლიციას არ უნდა მიმართოთ კითხვებით, არის სპეციალური ბრძანება.

თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ გვაინტერესებს, თუმცა რა ბრძანებაზე საუბრობთ, ეს ძალიან საინტერესოა!
პრესსამსახურს მიმართეთ, მას უნდა შეუთანხმოთ ყველა ინტერვიუ.

თუ შეგიძლიათ, ბრძანების ნომერი გვითხრათ?
ნუ, ასე ჰაერზე არ ვიცით, მობრძანდით ხვალ დილით განყოფილებაში და გაგაცნობთ“.

 

ბათუმის სკოლებში კარატეს უფასოდ ასწავლიან

გოჩა სურმანიძე: კარატე საკმაოდ მიმზიდველი სპორტია მოზარდებისთვის, თუმცა ბევრი ჯგუფი ფასიანია და ბავშვები ვარჯიშს ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საჯარო სკოლებში კარატეს შემსწავლელი უფასო ჯგუფები ჩამოგვეყალიბებინა. ეს იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა. ამ ეტაპზე ვარჯიშები ბათუმის პირველ, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-14, მე-15 და მე-16 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჯგუფები გავხსენით სკოლა-ლიცეუმებში „ევრო-2000“-სა და „XXI საუკუნე“-ში. ჯგუფები ჩამოვაყლიბეთ აგრეთვე ქობულეთში, ჩაქვში, ციხისძირში, მახინჯაურში, შუახევსა და ურეხის სკოლებში.

 

 

  ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე მუშაობთ?

 

 

– დიახ, ასეა. მთელი ცხოვრება კარატეს ვეუფლები, ბევრი რამ მასწავლა და მინდა, ჩემი გამოცდილება ბავშვებსაც გავუზიარო. ეს არ არის ჩემთვის არც ბიზნესისა და არც შემოსავლის წყარო. შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით, თან სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასაც შევუწყობთ ხელს. დღესდღეობით თითო ჯგუფში 30-დან 40-მდე ბავშვია გაწევრიანებული.

 

 

  ინსტრუქტორები გეყოლებათ, ანაზღაურება არც მათ აქვთ?

 

 

– არა, უფასო ჯგუფი ნიშნავს უფასო ჯგუფს, ერთადერთი, რაშიც მოსწავლეები თანხას იხდიან, ეს მათი სპორტული ეკიპირებაა, ანუ კიმონოს თავად ყიდულობენ.

 

 

შეიძლება ვივარაუდოთრომ სკოლებიდან აჭარის ნაკრების ბაზას ამზადებთ?

 

 

– რა თქმა უნდა. მომავალი წლიდან სასკოლო პირველობას ჩავატარებთ, წარმატებულ სპორტსმენებს კი აჭარის ნაკრებში მივიწვევთ, რითაც საშუალება ექნებათ, სხვა, გაცილებით დიდი რანგის ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩავუტარებთ სემინარებს, გამოცდებს… რაც მეტი წარმატებული სპორტსმენი გვეყოლება აჭარის ნაკრებში, მით მეტი შანსი გვექნება საქართველოს ნაკრებშიც მოსახვედრად. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში (სპორტული კარატე) სამი ბათუმელი სპორტსმენია: გიგლა სურმანიძე, დათო მოსიძე და დათო პეტრიძე.

 

 

განათლების სამინისტრო და სკოლების ხელმძღვანელობა როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?

 

 

– ყველამ მოგვიწონა და სიხარულით დაგვთანხმდნენ. დარბაზებიც გამოგვიყვეს სკოლებში და ახლა, კვირაში სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს.

 

 

  ინსტრუქტორები გაგვაცანით.

 

 

– პირველ, მე-15 და მე-16 სკოლებში, ასევე „XXI საუკუნეში“ მე თავად ვავარჯიშებ. გიგლა სურმანიძე მეორე სკოლასა და „ევრო-2000“-ში ავარჯიშებს ჯგუფებს. მეოთხე სკოლაში არჩილ ლორთქიფანიძეა მწვრთნელი, მე-7 და მე-8 სკოლებს ლევან თედორაძე კურატორობს, მე-14 სკოლაში მუხრან ძნელაძე ავარჯიშებს. რაც შეეხება ქობულეთს, ჩაქვს და ციხისძირს, იქ ნარიმან შავაძეა მწვრთნელი, ურეხში – ვიტალი ბერიძე, მახინჯაიურში – მურად ბინალიევი, ხოლო შუახევში ჯამბულ ტარიელაძე ავარჯიშებენ ბავშვებს.

 

 

 

თქვენი ჯგუფები მხოლოდ საჯარო სკოლებში ფუნქციონირებენ, თუ უმაღლეს სასწავლებლებშიც?

 

 

– დღესდღეობით მხოლოდ სკოლებით შემოვიფარგლებით, თუმცა მომდევნო წლიდან ალბათ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებშიც გავხსნით ჯგუფებს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი გვაქვს.

 

 

ადრე ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ დეკემბერში კრავმაგას სპეციალისტის მოწვევას და ორთაბრძოლის ამ სისტემის დანერგვას აპირებდით

 

 

– რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე გაბი მიხაელს და შევთანხმდით, რომ დეკემბერში ბათუმში აუცილებლად ჩამოვა. ცოტა რამ კრავმაგაზეც ვთქვათ. ეს მეთოდი აპრობირებულია ისრაელის დაზვერვაში, თავად გაბი მიხაელი VIII დანის მფლობელი, ისრაელის მოსადის ოფიციალური, ლიცენზირებული მწვრთნელია. აღნიშნული სისტემა პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, იგი შეიცავს თავდაცვით და თავდასხმით ელემენტებს, მარტივად რომ გითხრათ, მას სხვადასხვა ქვეყნის სპეცრაზმებში იყენებენ. დეკემბერში ველოდებით მიხაელს, სემინარებს ჩაატარებს და ყველა მონაწილეს შესაბამის სერტიფიკატს გადასცემს.

 

 

მანამდე?

 

 

_ მანამდე თურქეთში გველოდება მსოფლიო თასის გათამაშება. შეჯიბრში ყველა ასაკისა და წონითი კატეგორიაა დაშვებული. პირადად მეც ვაპირებ ტატამზე გასვლას.

 

 

იყო საუბარი, რომ ოლიმპიურ თამაშებში აღმოსავლური ორთაბრძოლების რომელიმე სახეობა დაემატებინათ, ამ ეტაპზე მხოლოდ ტაეკვონდოა ოლიმპიური სახეობა

 

 

– შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი, ანუ სპორტული კარატეს (WKF ვერსია) ოლიმპიურ ოჯახში გაწევრიანება უკვე გადაწყვეტილია. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სტილი საჩვენებელი გამოსვლებით წარსდგება, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში კი უკვე ოფიციალურად მივიღებთ მონაწილეობას.

 

 

სპარინგ-მატჩი შედგა

ორდღიანი სატესტო შეხვედრების გარდა, თურქი სტუმრები მასპინძელ აჭარის ნაკრების ხელმძღვანელობასთან ერთად აჭარის სპორტის მესვეურებს შეხვდნენ. რა შთაბეჭიდლება დატოვეს ბათუმელმა მებრძოლებმა სტუმრებზე და რა დაგეგმეს სამომავლოდ, ამის შესახებ ილჰან აშქის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც გაზეთი „ბათუმელები“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

ისევ წაგება

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში „ბათუმმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და 13:26 დამარცხდა, რითაც საკუთარი მიზანი – ექვსეულში მოხვედრა საეჭვო გახადა. თუმცა, ამ ეტაპზე „ბათუმი“ ინარჩუნებს ძველ პოზიციას და14 ქულით გათამაშების ცხრილში კვლავ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ორ მედალს დასჯერდნენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ამ დღეებში ამბროლაურმა გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ორ ასაკობრივ (1997-1998 და 1999-2000 წ.წ.) კატეგორიაში გაიმართა. აჭარის ნაკრები ტურნირზე 15 ფალავნით წარსდგა, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა მოახერხა მესამე ადგილის დაკავება. ლაშა ფუტკარაძემ (32 კგ.) და ნარიმან ცეცხლაძემ (42 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბათუმი ჩემპიონია

ნახევარფინალში ბათუმის გუნდმა გორელი ხელბურთელები დაამარცხეს 33:27 და ფინალში სამტრედიელ თანატოლებს გაეჯიბრნენ, რომლებმაც, თავის მხრივ, ქუთაისის ნაკრებს მოუგეს. გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ტურნირის მასპინძლებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით, 29:27 მოიგეს. მესამე ადგილზე გორის გუნდი გავიდა.

 

 

„ბათუმი“ ექვსეულს უმიზნებს

თომა მჭედლიძე
თომა მჭედლიძე

თომა მჭედლიძე: 2010 წლამდე არავითარი შეხება არ მქონდა რაგბთან, ჩემთვის ვვარჯიშობდი ქუთაისში, თუმცა ზვიად გოგისვანიძემ მირჩია, სერიოზულად მომეკიდებინა ხელი ამ საქმისათვის. მითხრა, მონაცემები გაქვსო, რეკომენდაციაც გამიწია ბათუმურ კლუბთან და ახლა უკვე „ბათუმთან“ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ანუ 2013 წლამდე „ბათუმის“ წევრი ვარ. შერკინების ბურჯია ჩემი პოზიცია ანუ როგორც მორაგბეთა ენაზე იტყვიან, პირველ ნომრად ვთამაშობ.

კახა უჩავა: თომასგან განსხვავებით ჩემი კარიერა უფრო მდიდარია. 1995 წელს დავიწყე რაგბის თამაში რუსთავის „აზოტში“, მერე იყო არმიის სპორტული კლუბი, „დათვები“, „აკადემია“, ერთი წელი საფრანგეთის კლუბ „მისაში“ ვითამაშე, იყო რუმინული „კონსტანცა“ და რუსული „ჩიტა“. ვიყავი საქართველოს როგორც ახალგაზრდული, ასევე ეროვნული ნაკრების წევრი. ახლა კი ისევ ბათუმში ვარ, ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს ზღვისპირულ გუნდთან. მერე კი ვნახოთ, არ არის გამორიცხული ისევ „ბათუმში“ დავრჩე.

 

 

ბათუმი წელს დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, მიუხედავად გუნდის მონდომებისა, დღემდე მხოლოდ სამი თამაში მოიგეთ და მხოლოდ მეშვიდე ადგილზე ხართ. როგორ ფიქრობთ, რა აკლია გუნდს?

 

 

კახა უჩავა: მე წელს შევუერთდი „ბათუმს“, კარგი, შეკრული, ამხანაგურია გუნდია. სამწუხაროდ, შეთამაშება გვაკლია, თორემ ძალ-ღონეს ნამდვილად არ ვიშურებთ დასახულის მისაღწევად. გუნდს აშკარად აქვს პოტენციალი და მჯერა, რომ ყველაფერი მალე დალაგდება. მართალია, გვაქვს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომლის აღმოფხვრა არ შეიძლებოდეს.

თომა მჭედლიძე: პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ გასულ წელთან შედარებით, როდესაც პირველ ლიგაში გამოვდიოდით, ბევრი რამ შეიცვალა. გუნდი მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა დატოვა, ახალწვეულებთან კი ჯერჯერობით, ასე იოლად ვერ მოვახერხეთ შეთამაშება. კახამ სწორად აღნიშნა, გვაქვს ტექნიკური წუნიც, მაგრამ ვარჯიშებზე ყველა ბოლომდე იხარჯება და დარწმუნებული ვარ, ეს ნაკლიც მალე აღმოიფხვრება, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს უმაღლესი ლიგაა, კონკურენტებიც საკმაოდ ძლიერები არიან.

 

 

ჩემპიონატის დაწყებამდე ბათუმის თავკაცები აღნიშნავდნენ, რომ მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენა იყო

 

 

კახა უჩავა: გუნდის პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენა არ დაგვაკმაყოფილებს. წელს ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა და დარწმუნებული ვარ, ამის ძალა შეგვწევს.

 

 

შანსები როგორია?

 

 

თომა მჭედლიძე: შანსები რა თქმა უნდა გვაქვს და ძალიან კარგიც. ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე თვალი რომ გადავავლოთ, ბიჭები უფრო უკეთ ვუგებთ ერთმანეთს მოედანზე, ნელ-ნელა ვეწყობით ერთმანეთს. მართალია, სატურნირო ცხრილში ჯერ მხოლოდ მეშვიდე ადგილზე ვართ, მაგრამ ჯერ პირველი წრე არ დასრულებულა, წინ კი მეორე წრეც გველოდება.

კახა უჩავა: ამ ეტაპზე სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, ნებისმიერ გუნდს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. პირადად ჩვენ ყველა თამაშზე მობილიზებულები გავდივართ. კარგი იქნება იღბალიც თუ ჩვენსკენ იქნება, თორემ რამდენიმე ისეთი თამაში წავაგეთ, ნამდვილად რომ არ იყო წასაგები.

 

 

ყველა სპორტსმენის მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, კახა შენ ეროვნულში გითამაშია

 

 

კახა უჩავა: თუ მწვრთნელი გამომიძახებს, მზად ვარ, ჩემს გუნდს გამოვადგე. ამ ეტაპზე „ბათუმიდან“ მხოლოდ გიორგი ბეგაძეა ნაკრების წევრი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვებისთვის „ბორჯღალოსანთა“ კარი დახურულია. ყველაფერი თავად სპორტსმენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმოაჩენს თავს.

თომა მჭედლიძე: გეთანხმები, ყველა სპორტსმენის მიზანი ნაკრებში მოხვედრაა. იმედია, მივიქცევ მწვრთნელთა ყურადღებას.

 

 

  რაგბი და ჩხუბი  განუყრელი თემაა. ხშირად ჩხუბობთ მოედანზე?

 

 

თომა მჭედლიძე: ეგ ორი ცნება ერთმანეთისგან განუყრელია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თამაშზე ვჩხუბობთ მორაგბეები.

კახა უჩავა: რაც ყველაზე მთავარია, გამორიცხულია რაგბში მოედანზე ჩხუბი მოხდეს და ის შემდეგ მოედნის გარეთ გაგრძელდეს. თამაშის დასრულების შემდეგ კვლავ მეგობრები ვართ.

 

კახა უჩავა
კახა უჩავა

38 მედალი აჭარას

აჭარიდან ჩემპიონები გახდნენ: ონისე დეკანაძე (32), გია ირემაძე (35) ლერი აბულაძე (42), დავით მარკოიძე (47), დავით ირემაძე (53), ლადო შავაძე (59), გიორგი რიჟვაძე (66), გიორგი შავაძე (73), ლევან ფუტკარაძე (+73).

მეორე ადგილზე გავიდნენ: გია შავაძე (32), ოთარ აბულაძე (35), ირაკლი აბულაძე (38), თორნიკე ჭელიძე (42), ნოდარ შავაძე (53), მინდია მახარაძე (59), შავლეგო შანთაძე (66), რაულ ჩიბურდანიძე (73), სარდიონ ქუნთელია (+73).

მესამე ადგილი დაიკავეს: თემურ ხოზრევანიძემ (29), ვიტალი სოლომონიძემ (29), ერეკლე ბოლქვაძემ (32), მერაბ ხოზრევანიძემ (32), შოთა დეკანაძემ (35), ბიჭიკო შავაძემ (35), სულხან ჯაყელმა (38), ზურაბ თავართქილაძემ (38), თორნიკე მელაძემ (42), ჯამბულ ხარაბაძემ (42), ნიკა ხილაძემ (47), დავით გორგაძემ (47), ფირუზ ხარაბაძემ (53), გენადი ჩიტაძემ (53), მინდია უშარიძემ (59), გელა შავაძემ (59), ლევან დეკანაძემ (66), გიგა ჩხაიძემ (66), ზვიად ფუტკარაძემ (73), მამუკა ირემაძემ (73).

ოქრო-ვერცხლი-ბრინჯაო

ირაკლი დარცმელიძე

 

DIGITAL IMAGE
DIGITAL IMAGE

ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე სპორტულ ტანვარჯიშში 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელშიც ყველა რეგიონის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა (2 გოგო და 3 ვაჟი ბათუმიდან), ბათუმელმა ტანმოვარჯიშეებმა სამი მედალი მოიპოვეს. ოსტატთა შორის მეორე ადგილზე გავიდა ქეთევან ბოლქვაძე, მეორე თანრიგის მქონე ჭაბუკთა შორის კი პირველი და მესამე ადგილები ბიძაშვილებმა, გიორგი და ლევან აროშიძეებმა დაიკავეს. 

კარაკუჩა – ჭიდაობა თოვლზე თოვლის გარეშე

12 წონით კატეგორიაში 200-ზე მეტმა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის რვა, აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები იყვნენ. ბათუმელმა ფალავნებმა მხოლოდ ორი მედლის მოპოვება შეძლეს და ორივე 60 კგ. წონით კატეგორიაში. ჩემპიონი შოთა ფარტენაძე გახდა, მესამე ადგილზე კი გურამ დავითაძე გავიდა.

 

მიხეილ სააკაშვილი ბენზეში

ლელა დუმბაძე

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბენზეს დასახლებაში მშენებარე სოციალური სახლი მოინახულა. მოსახლეობის თქმით პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედრია, მან მშენებლობაზე რამდენიმე წუთი დაჰყო და წავიდა.

„მოსახლეობას არ შეხვედრია, პირდაპირ მშენებლობაზე შევიდა. მშენებლობის  ბიჭებიც გაბრაზებულები იყვნენ, არაფერი გვკითხაო. სიმართლე გითხრა არც მქონია მასთან შეხვედრის მცდელობა და არც მას შეუწუხებია თავი“- ამბობს მანანა შარაძე.

მიხეილ სააკაშვილმა მშენებლობა ლევან ვარშალომიძესთან ერთად მოინახულა:

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს საქმე არ უნდა გაჩერდეს, რადგან მშენებლობის თანხები გადარიცხულია და ქალაქი ბარაკების გარეშე უნდა იყოსო.  როგორც ვიცი ეს სახლი ეკომიგრანტებისთვის და ბარაკებში მაცხოვრებელი ხალხისთვის შენდება. ნოემბრის 15-სთვის უნდა დამთავრდეს თეთრი კარკასი, საახალწლოდ კი მთლიანად უნდა ჩაბარდეს. სახლი 120 ბინაზეა გათვლილი” – ამბობს ზვიად სოლომონიძე.

მშენებლობას თურქული კომპანია „ნარემი“ აწარმოებს.

 

სიურპრიზები აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიურპრიზი სტუმრის სტატუსით მოწვეულმა ქვეყნის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო. მას უმაღლესი საბჭოს ყველაზე უხუცესმა წევრმა, „მრეწველმა“ ირაკლი ჯაშმა, ლექსი მიუძღვნა. „ყველაზე დიდი ადამიანი ჩვენ შორის თქვენ ბრძანდებით ბატონო ბიძინა. გულით მდიდარი, გულით ლამაზი, ყველაფერს გრძნობთ და ყველაფერს ხედავთ, თუკი ამ ქვეყნად რამ სილამაზე სიცოცხლისათვის რომ იბადება: ხე, წყალი, მიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები და მათთან ერთად ჩვენ, სუყველანი, 
მთელი საქართველო თქვენ გეფერებით ყველაზე მეტად! გაიხარეთ!“ –  ასე დაასრულა თავისი გამოსვლა ჯაშმა.  

 

როგორც გაირკვა, ერთი ლექსის თქმა დაგეგმილი იყო, ორი ლექსი კი უმრავლესობის დეპუტაციისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. უხუცესი დეპუტატის გამოსვლას რეგლამენტი არ ზღუდავს და აქედან გამომდინარე, დარბაზს სამივე ლექსის ბოლომდე მოსმენა მოუწია. როგორც გაირკვა, ორი ლექსის ავტორი თოფაძის პარტიის წარმომადგენელი თავად ირაკლი ჯაში იყო, ერთის ავტორი კი – უცნობია.

 
ირაკლი ჯაში სხდომას მანამ უძღვებოდა, სანამ საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძეს აირჩევდნენ. პირველივე სხდომაზე გაირკვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ვინაობაც. ამ თანამდებობაზე „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე აირჩიეს. ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა. სამი ფრაქცია უმრავლესობამ ჩამოაყალიბა, ერთი კი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 
„ნაციონალების” ფრაქციას ბათუმის ყოფილი მერი, რობერტ ჩხაიძე უხელმძღვანელებს.

კოალიციამ უმაღლეს საბჭოში შემდეგი ფრაქციები ჩამოაყალიბა:
ფრაქცია „ქართული ოცნება –  თავისუფალი დემოკრატები”, რომელსაც ალასანიას პარტიის წევრი სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს; ფრაქცია „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი მხატვარი კაკო ძნელაძე იქნება, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას” ირაკლი ჯაში უხელმძღვანელებს. ამ ფრაქციაში იქნებიან გიორგი მასალკინი და დავით ბაციკაძე. 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 კომისია იმუშავებს; აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია, რომლის თავმჯდომარეც ანზორ თხილაიშვილია „თავისუფალი დემოკრატებიდან”; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიას გიორგი მასალკინი უხელმძღვანელებს; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე იქნება; საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია ალექსანდრე ჩიტიშვილმა ჩაიბარა; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია კი – ჯემალ ფუტკარაძემ. 

 

 

სტუმრის სტატუსით მოწვეული პრემიერი სხდომას მხოლოდ სამი საათის განმავლობაში ესწრებოდა. სანამ საბჭოს დატოვებდა, იგი უმცირესობასაც გაესაუბრა. გასაუბრებამდე კი მედიასთან განაცხადა: „არ მომეწონა უმცირესობის პოზიცია, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი რომ თქვეს. კარგი იქნებოდა, მიეღოთ მონაწილეობა. ჩემი აზრით, ეს მათი ხელმძღვანელის მიერ დარეკილი ზარის გამო მოხდა, რამდენიმე მათგანს სახეზე ვაკვირდებოდი, საინტერესო იყო უმცირესობის წარმომადგენლების სახეები, მე ადამიანების გამოცნობა შემიძლია. როგორი დაბალანსებული და გულწრფელი ხალხია, განსხვავებით საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებისაგან.“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. „მე ვისურვებდი, რომ ჩვენ გუნდთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოთ“ – უთხრა ივანიშვილმა უმცირესობის წევრებს: პეტრე ზამბახიძეს, რობერტ ჩხაიძეს, მურმან ბერიძესა და ეკა თარგამაძეს. მურმან ბერიძემ კი მას უპასუხა: „იქნება საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კონსტრუქციულები ვიქნებით, მაგრამ იქნება საკითხები, რომლებზეც განსხვავებული აზრი გვექნება.“ 

გაზრდილი შემოსავლები უმაღლეს საბჭოს ახალი დეპუტატებისთვის

„ბათუმელები“ გასულ კვირას არკვევდა, აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭო ყოველთვიური/ყოველკვარტალური ხელფასის ოდენობის პრემიების გაცემის პრაქტიკის შეცვლას. აღმოჩნდა, რომ ახალ დეპუტატებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნის დროს არცთუ იშვიათად აკრიტიკებდნენ პრემიების გაცემის მოქმედ წესს, ზუსტად არ აქვთ ჩამოყალიბებული, რას გააკეთებენ.

 

„მესმის, რომ რთული აღსაქმელია პენსიონერისთვის, როდესაც მას წლიური შემოსავალი 1000 ლარი აქვს, დეპუტატს კი – 40 000, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სამომავლოდ ამ ხალხისთვის გამოსადეგი კანონები უნდა დაწერონ, აკონტროლონ აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც გაცილებით დიდ თანხასთან აქვს შეხება. ამ ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ ცდუნება, რომ  კორუფციაში გაერიონ, დეპუტატსაც და აპარატსაც მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეს“, – ეს დავით ბაციკაძის, უმაღლესი საბჭოს ახალი დეპუტატის პასუხია კითხვაზე, `შეზღუდავთ თუ არა პრემიების გაცემის წესს ახალ მთავრობაში?“

 

„პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს მაღალი შემოსავალი, ხელმა რომ არ წასძლიოს“, – ეს კომენტარი 2012 წლის დასაწყისში ჯუმბერ კახიძემ, ანუ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. ის „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს ბათუმის საკრებულოში.

 

 

 

პრემიებზე საუბრის დროს ახალი დეპუტატების რიტორიკა ასი პროცენტით ემთხვევა მაგალითად, გელა მახარაძის შეხედულებასაც. გელა მახარაძე რამდენიმე წელია ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსია. ახალი დეპუტატებიც მის მსგავსად ფიქრობენ, რომ მილიონ-ნახევარი ადამიანის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრების მიუხედავად, შეიძლება, მაგალითად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ თვეში 3850 ლარი აიღოს და სხვა სიკეთეებითაც ისარგებლოს, რადგან გელა მახარაძის აზრით, „ჯობია საჯარო მოხელემ ოფიციალურად აიღოს ანაზღაურება, ვიდრე რაღაცისკენ ხელი გაექცეს“.

 

რამდენადაა მაღალი ანაზღაურება კორუფციის აღმოფხვრის გარანტია? – ამ კითხვაზე პასუხი წინა ხელისუფლების პირობებში გაიცა, როცა არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა ქვეყანაში ელიტარული კორუფციის არსებობა. სულ ცოტა ხნის წინ ელიტარული კორუფციის შესახებ ახლანდელი ხელისუფლების წევრებიც საუბრობდნენ.

 

ამის გათვალისწინებით, დავით ბაციკაძე დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს შემცირება არ უნდა აისახოს დეპუტატებისა თუ თანამშრომლების შემოსავალზე: „ბიუჯეტში ათასი სხვა რამე აქვთ ჩაყრილი, შექმნილი აქვთ ხელოვნური თანამდებობები პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით. ხარჯები სწორედ ამ ხალხის გამოხშირვის ხარჯზე შემცირდება“.

 

კიდევ ერთი დეპუტატის, მედეა ვასაძის აზრით, „გამოხშირვა“ იმ ადამიანებიდან დაიწყება, რომლებთანაც მას და მის კოლეგებს „იდეოლოგიური შეუთავსებლობა“ ექნებათ. იდეოლოგიური შეუთავსებლობა, როგორც მედეა ვასაძე ამბობს, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობაა“.

 

ამ დეპუტატის აზრით, „ნაცმოძრაობის“ აგიტატორ-თანამშრომლებს დარჩენილი აქვთ გადარჩენის გზა, – მონანიება, რადგან `ახლა არის ერთგვარად მონანიების განწყობა“.

 

თუმცა, უმაღლეს საბჭოსთვის ხარჯების შემცირების წინააღმდეგია „მონანიების“  მომხრე დეპუტატიც: „პრემიების ადრინდელი სახით დარიგება არასწორია, რადგან პრემია არის წამახალისებელი და არ შეიძლება მას სისტემატური და დაუსაბუთებელი სახე ჰქონდეს. თუკი ჩვენ გვინდა, რომ თანამშრომლის ანაზღაურება იყოს მაღალი, მირჩევნია თანამდებობრივი სარგო ერქვას და იყოს მაღალი, ვიდრე ერქვას პრემია და შინაარსობრივად არ შეესატყვისებოდეს პრემიას“. 

 

ფრაქციები ანუ ის, რამაც შეიძლება ხარჯები კიდევ უფრო გაზარდოს

 

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ორი ფრაქცია იყო, ახალი მოწვევის საბჭოში კი მინიმუმ ოთხი ფრაქციის შექმნა იგეგმება. „ფრაქციებს სჭირდება ავტომანქანები და სხვა ხარჯებიც. მაგრამ ფინანსების გაზრდა, ვფიქრობ, არ დაგვჭირდება, – აპარატს შევამცირებთ. წინა ფრაქციები ამ თანხას პარტიული სტრუქტურების შესანარჩუნებლად იყენებდნენ, ახლა ეს არ მოხდება. შემცირდება ყველა ის შტატი, რომელიც ნათესაური ნიშნით შეიქმნა, მაგალითად, მებაღე-მეეზოვე, რომელსაც თვეში 970 ლარი ჰქონდა ხელფასი, დამლაგებელს კი 560 ლარი“, – ამბობს დავით ბაციკაძე. 

 

ბაციკაძის თქმით, აუცილებლად გაუქმდება ე.წ. „საკონსულტაციო საბჭო“, რომელიც ყოფილი მოხელეებისგან იყო დაკომპლექტებული: „ჩემთვის მართლაც პატივსაცემი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ამ სამსახურში მისი შვილი დაასაქმეს. ეს მიუღებელია. გაუქმდება აუდიტის სამსახური, რომელიც არაფერს აკეთებდა“. 

 

მანქანები, საწვავი და სალაპარაკო ლიმიტები

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3 ათასი ლარია. მოადგილის – 2 350 ლარი. ამდენივეა კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეების ანაზღაურებაც, საბჭოს წევრები კი 1 950 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, დეპუტატებს ექნებათ მივლინების, ტელეფონის, ტრანსპორტისა თუ სტუმრის მიღების ხარჯები.

 

თავმჯდომარეს ტელეფონზე სალაპარაკოდ წლის განმავლობაში 225 ლარი ეძლევა. საბჭოს აპარატმა კი სატელეფონო საუბრებში, მაგალითად შარშან, 25 800 ლარი დახარჯა.

 

საბჭოს საკმაოდ მაღალი ხარჯი აქვს გათვალისწინებული საწვავისთვის, რომელიც 2010 წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. 2010 წელს კი აი რა დაადგინა „ბათუმელებმა“ ჟურნალისტური გამოძიებით: „უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ მახარაძის ავტომანქანებს თვეში 1200 ლიტრი საწვავი აქვთ დახარჯული, ათ თვეში კი – 45 800 კილომეტრი გავლილი, რაც `5 724 კილომეტრით მეტია ეკვატორის სიგრძეზე (ცნობისათვის: დედამიწის წარმოსახვითი ხაზის სიგრძე 40 076კმ-ია)“. 

 

„ავტომანქანების პარკის განახლების წინააღმდეგი ვიქნები, ეს შეიძლება მაშინ დაგვჭირდეს, თუ ახალი ფრაქციები შეიქმნება, მაგრამ საწვავის ლიმიტზე პრეტენზია შეიძლება მეც მქონდეს. სანამ უმაღლესი საბჭო ბათუმში არ გადმოვა, მანამ ბენზინის ლიმიტი იქნება პრობლემატური“, – აცხადებს დავით ბაციკაძე. მისი თქმით, უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები დიდი ოდენობით საწვავს მოიხმარს: „10 ლიტრაზე მეტი მარტო სამსახურში მისვლაში დაიხარჯება, ამიტომ საწვავის ლიმიტის კლებაზე რთულია საუბარი. ერთხელ რომ დაგჭირდეს ხულოში ასვლა, ლიმიტის ნახევარი დაგიჯდება“.

 

დავით ბაციკაძე ამბობს, რომ მომხრეა ე.წ. ჩიპების გამოყენების, რომელიც საწვავის ავზში მაგრდება: „მე დავაყენებ ამ ჩიპების გამოყენების საკითხს უმაღლეს საბჭოში, მაგრამ  შეიძლება ამის მერე უფრო გაიზარდოს ლიმიტი“.

 

დავით ბაციკაძე ირწმუნება, რომ მომავალი უმაღლესი საბჭო ქმედუნარიანი იქნება და ამ ყველაფერს ფინანსური რესურსი სჭირდება. ქმედუნარიანობა კი იმაში გამოიხატება, რომ გაუქმდება ბიუჯეტის მუხლი – „სხვა ხარჯი“, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში ზოგჯერ 40 პროცენტსაც აღწევდა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რაში იხარჯებოდა მილიონობით ლარი: „გპირდებით, ეს მუხლი გაქრება“. 

 

დავით ბაციკაძის განცხადებით, უნდა გაუქმდეს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კი აღარ ექნება სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების უფლება.

 

უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი ბოლო სამი წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა.

ყოფილი პოლიციელები თავიანთი ხელმძღვანელების წინააღმდეგ

დღეს, 13 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განცხადებას გააკეთებენ პოლიციის რიგებიდან 2010 წელს დათხოვნილი პოლიციელები. „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მათგანი ისრაფილ ირემაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მათ რამდენიმე მიზანი აქვთ: 1. სამსახურში რეაბილიტაცია, 2. ნაცდური ხელფასის ანაზღაურება.

მათი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს წინამორბედის შეცდომები – ისედაც დემორალიზებული პოლიციელები რაიმე კონკრეტული დანაშაულის არ არსებობის გარეშე სამსახურებიდან არ უნდა დაითხოვოს.

პოლიციის მაიორი ისრაფილ ირემაძე „ბათუმელებთან“ ყვება, რომ 2010 წელს ოფიციალურად პირადი პატაკის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან. „წარმოგიდგენიათ, კაცს, რომელსაც ორი სტუდენტი შვილი ჰყავს, ოჯახში მის გარდა არავინ მუშაობს და აქვს ბანკის ვალი, დაწეროს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლებაზე. აი ასეთ პირობებში მაიძულეს პატაკის დაწერა“.

ისრაფილ ირემაძე ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თუ არა ნებაყოფლობით პატაკის დაწერა: „სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსმა მითხრა, რომ თუ არ დავწერდი პატაკს, იმასაც ვერ მივიღებდი, რაც ნებაყოფლობით შემთხვევაში შემხვდებოდა. მე კანონი კარგად ვიცი, პოლიციელი სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიზერული შემოსავლის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩება, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს. ანუ პირდაპირ მიმანიშნა, რომ ან ნებით ან დამნაშავის სტატუსით დავტოვებდი პოლიციას“.

ისრაფილ ირემაძე ასახელებს დღემდე მისი და მისი კოლეგების დუმილს მიზეზს: „მე საბჭოთა პოლიცია ვიცი რაც არის, ჩვენ ზუსტად იგივე სისტემაში გვიწევდა მუშაობა.  საბჭოთა წესები 2008 წლის მერე მომძლავრდა – ერთ ოთახში მსხდომ პოლიციელებს ერთმანეთისაც კი ეშინოდათ. ვიცოდი, რომ სისტემასთან ბრძოლა ჩემთვის მძიმედ  დამთავრდებოდა. თავიდან როცა დამითხოვეს საიაშიც მივედი, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა – არც საქმეს აღძრავდა არავინ და არც სასამართლო განიხილავდა ამ საქმეს ობიექტურად“.

ისრაფილ ირემაძე 2010 წლამდე ხელვაჩაურის სამმართველოს საორგანიზაციო ანალიტიკური და დამხმარე ძალებთან მუშაობას ხელმძღვანელობდა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიციელები დღეს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს პოლიციის ვეტერანთა კავშირი „ფარი საქართველოს“ სახელით გააკეთებენ.

ხელოვნების ინსტიტუტი ელექტროენერგიის გარეშე

 ლელა დუმბაძე

 

ხელოვნების ინსტიტუტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობისთვის განკუთვნინი ახალი შენობა გადასცეს, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 როგორც ინსტიტუტის რექტორი ერმილე მესხია „ბათუმელებთან“  საუბარში აცხადებს, ელექტრონერგია დავალიანების გამო გაეთიშათ.   

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით მშენებლობის პროცესში დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანება ექვსი ათას ლარს აღწევს, მშენებლობას შპს „ნიუკონტრაქტმშენი“ აწარმოებდა.

 

 

ხელოვნების ინსტიტუტის რექტორის ერმილე მესხიას განცხადებით, უშუქობა ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და უკვე მოგვარდა: „რაღაც გაურკვევლობა იყო მშენებარე კომპანიასა და რომელიღაც ფირმას შორის და ეს პრობლემა მოგვარდა. შუქს დღეს ან ხვალ საღამოს ჩაგვირთავენ“.

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხი, ხელოვნების ინსტიტუტმა უნდა მოაგვაროს: „შენობა გადაეცა ინსტიტუტს, შესაბამისად ყველა ვალდებულება მათ აქვთ აღებული. თუ მშენებელი კომპანია არ გადაიხდის ვალებს უნდა უჩივლონ“ – აცხადებს პრესსამსახურის უფროსი, ეკა დავითაძე. 

 

 

ერმილე მესხია კი ამბობს: „ჩვენ შენობა ჩავიბარეთ 12 რიცხვიდან და ვალდებულებასაც ამ პერიოდიდან ვიღებთ. ვალს ინსტიტუტი არ გადაიხდის“.

 

 

რა თანამდებობას დაიკავებს არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობაში

31 წლის ეკონომისტმა  სამსახურებრივი კარიერა საბანკო სექტორში დაიწყო. მისი ქონებრივი მდგომარეობა ასეთია: გამოტანილი აქვს დაახლოებით 95 000  დოლარის  სესხი  ერთ-ერთი ბანკიდან. მის სახელზეა ორი საცხოვრებელი ბინა  ბათუმში,  ახალაშენებულ კორპუსში. ერთში 40 000 დოლარი, მეორეში კი 17 600 დოლარი აქვს გადახდილი. ასევე, ამბობს, რომ მემკვიდრეობით მიიღებს  კერძო საცხოვრებელ  სახლს მშობლებისგან.

არჩილ ხაბაძის სამუშაო კაბინეტში კედელზე ორი სიგელია, რომელიც „ქართუ ბანკის“ გუნდის  მინიფეხბურთში მეორე და მესამე ადგილების მოპოვებას აღნიშნავს.

სამუშაო მაგიდაზე ათი წიგნი დევს. ათივე  საბანკო საქმეს და ფინანსებს ეხება.  სხვა  ნივთები კაბინეტიდან  მაშინ გაიტანა, როცა  ცნობილი მოვლენების დროს ბანკში ახალი მმართველი შევიდა. ამბობს, რომ არ არის მკაცრი, ხან  მემარცხენეობისკენ  იხრება, მაგრამ  არის საკითხები, რაზეც უფრო მემარჯვენე შეხედულებები აქვს. 

 

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 

ბატონო არჩილ, იქნებით თუ არა აჭარის მთავრობაში, გავრცელებულ  ინფორმაციას ადასტურებთ?

 

 

თბილისში ჩასულ უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას ივანიშვილთან ჰქონდა წინადადება, რომ მურმან დუმბაძე  ყოფილიყო  მთავრობის თავმჯდომარე. დუმბაძეს აქვს  დავალებული აჭარის მთავრობის ფორმირების საკითხი, თუმცა ამ კონსულტაციებში კოალიციის სხვა წევრებიც მონაწილეობენ. ამ დროს იყო კონსულტაციები ბატონ მურმანსა და ჩემ შორის. მისი წინადადება იყო, რომ მე ვყოფილიყავი აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. არ არის დასამალი, მის ამ შემოთავაზებას მე დადებითად ვუპასუხე. რამდენადაც ვიცი, ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მურმან დუმბაძე უფრო მეტად სჭირდებოდათ პარლამენტში. ამავდროულად  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას ეთხოვა, რომ ემსჯელათ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შეერჩიათ რამდენიმე კანდიდატურა. ამ შეხვედრაზე ბატონ ბიძინას უთქვამს, რომ ისიც მოიაზრებდა რამდენიმე კანდიდატურას ამ პოსტზე, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა  და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან დეპუტაციაზე  ეს გარკვეულ გავლენას იქონიებდა _ ახალი კანდიდატურის შესახებ აღარ იფიქრებდნენ.

 

 

რა  პოზიციებზე განიხილება ახლა თქვენი კანდიდატურა ?

 

ბატონმა მურმანმა  დაასახელა ნომერ პირველ კანდიდატად ჯემალ ფუტკარაძე  და მე ისევ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად მომიაზრებდნენ, მაგრამ, რადგან კოალიციის ლიდერისგან იყო შემოთავაზება რამდენიმე კანდიდატურა განეხილათ, ამიტომ  დაიწყეს ჩემი კანდიდატურის განხილვაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. როგორც ვიცი, კოალიციის სხვა წევრებთან შეჯერდნენ და ჩემთვის ამ ეტაპზე  ცნობილია, რომ შემდეგი კონსულტაციების დროს მურმან დუმბაძე ორ კანდიდატურას წარადგენს, თუმცა შესაძლებელია რამე შეიცვალოს.

 

 

სიაში, რომელიც მონიშნული აქვს ბიძინა ივანიშვილს, თქვენ ხართ?

 

 

ნამდვილად არ ვიცი. მე ვმუშაობ მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში, ბატონ ბიძინას მართვის მეთოდები მეტ-ნაკლებად ვიცი, შეიძლება საერთოდ ისეთი კანდიდატურა დაასახელოს, ვისზედაც საუბარი აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ვისზედაც აქცენტს გააკეთებს, ნამდვილად იქნება ღირსეული.

 

 

რაიმე ტიპის კონსულტაცია გქონდათ ივანიშვილთან  არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ?

 

 

არა, არავითარი კონტაქტი არ ყოფილა. ჩვენი მართვის სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, ამის საჭიროება არ არის. მე, როგორც ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებული ვარ ჩემს უშუალო უფროსთან, გენერალურ დირექტორთან.

 

 

თუ თქვენზე შეჩერდება არჩევანი, რა უნდა ვიფიქროთ, რას მიენიჭა პრიორიტეტი,  ერთგულებას?

 

 

როცა ეროვნულ დონეზე  მინისტრთა კაბინეტი ყალიბდებოდა, ყურადღება ექცეოდა წარსულს, პატიოსნებას. მართალია, ზოგს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ გაზომილია მათი შესაძლებლობები მენეჯმენტის კუთხით, ადამიანური ღირსებები და ერთგულება  ქვეყნის მიმართ.

 

 

ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ?

 

 

ვაღიარებ, რომ  პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს _ ეს იქნება მთავარი გამოწვევა. არის საკითხები, რაშიც ვერ ვერკვევი, მთავრობის თავმჯდომარისთვის  კი დაბალანსების მიღწევა იქნება ყველაზე რთული. ერთი მხრივ, არის  კოალიცია, სადაც რამდენიმე პარტიაა და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უკვე ოპოზიციაშია. ბევრ საკითხში არ ვარ გარკვეული, ყველას მოსმენა იქნება საჭირო და გადაწყვეტილება უნდა იყოს შეჯერებული. თუმცა ჯერ ადრეა საუბარი ამის შესახებ.

 

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე რეგიონული წარმომადგენელი  ქსენოფობიური განცხადების გამო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ განცხადებების პათოსს?

 

 

რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, ტურისტები შემოდიან თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ევროპიდანაც.  დღეს ბათუმში, ისე როგორც სხვაგან, სამართლიანობაა მთავარი. კანონს ერთნაირად უნდა ემორჩილებოდეს ყველა, საქართველოს მოქალაქეები, უცხოელი ინვესტორები  თუ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. პრივილეგირებული ვერ იქნება ვერავინ, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ გონიო-კვარიათის თემა უნდა დალაგდეს, თუ  კანონი ირღვევა,  ეს იქნება სამართალდამცავების  პრეროგატივა, ამას წლები არ სჭირდება, ეს შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს. არც თურქულ და არც სხვა ინვესტიციას საქართველოში პრობლემა არ უნდა შეექმნას. რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთს, მე მიმაჩნია, რომ  იქ, სადაც საუბარი იყო აშენებაზე, არც მეჩეთი უნდა აშენდეს, არც სხვა რამ, იქ არის საფლავები და  მომავალს ისტორია არ უნდა დავუკარგოთ. მე მიმაჩნია, რომ პრობლემა შექმნა ხელისუფლებამ, რომელმაც გადაწყვეტილება ხალხთან შეთანხმების გარეშე  მიიღო. თუ მეჩეთის საჭიროება არის, რა თქმა უნდა აშენდება და ადგილი უნდა გამოიძებნოს.

 

 

მთავრობის თავმჯდომარეს აქვს ქონების ერთ ლარად გასხვისების უფლება. ეს ფუნქცია უნდა შენარჩუნდეს?

 

 

ვფიქრობ, ეს საკითხი გადასახედია. ქონების  1 ლარად გასხვისების ფორმა მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მაგრამ განსაზღვრული უნდა იყოს პირობები. ხშირად 1 ლარად ასხვისებენ შენობას ან მიწის ნაკვეთს  და იქ შენდება 45-ადგილიანი სასტუმრო. ვფიქრობ, ქონების გასხვისების ეს ფორმა უფრო მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული, სადაც მუდმივი 300-400 სამუშაო ადგილი მაინც შეიქმნება.

 

 

 

როგორ ფიქრობთ, ლევან ვარშალომიძე კარგი  მთავრობის თავმჯდომარე  იყო თუ ცუდი?

 

 

პირადი ურთიერთობა ლევან ვარშალომიძესთან არ მქონია, არც საერთო მეგობრები გვყოლია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ  ბევრ ბიზნესმენთან და ინვესტორთან მქონია ურთიერთობა, მათი ნაწილი  დადებითად ახასიათებდა მას. ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ისინი გამოთქვამდნენ კმაყოფილებას, მაგრამ უკმაყოფილოც ბევრია. ზოგი მიიჩნევდა, რომ მას ხშირად დამოუკიდებლობის ხარისხი არ ჰქონდა, რაც ქმნიდა პრობლემას.

 

 

წინასაარჩევნო პერიოდში ხომ არ ყოფილა  თქვენზე ან თქვენი ოჯახის წევრებზე რაიმე ტიპის ზეწოლა? რამდენადაც ვიცი, თქვენი მამა მუშაობს აჭარის ფინანსთა სამინისტროში, თქვენი და ბათუმის მერიაში,  მეუღლე კი  საჯარო რეესტრში…

 

 

 

ზეწოლა არ ყოფილა არც ჩემზე და არც ბანკის თანამშრომლებზე, სამაგიეროდ  კლიენტებზე იყო ზეწოლა, რომელთანაც გახსნის დღიდან ვთანამშრომლობდით. კლიენტურის მაჩვენებელი და მოგებაც ივანიშვილის პირველი განცხადებიდან არჩევნებამდე 7-ჯერ შემცირდა.

 

 

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ჩემი და ერთი წელია, რაც მუშაობს მერიაში. წამყვანი სპეციალისტია, კონკურსის წესით მოხვდა ამ თანამდებობაზე, სერიოზული  პრობლემები არ შეჰქმნია. შეიძლება იმიტომაც, რომ  მათ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები არა აქვთ. სხვათა შორის, ველოდებოდით, რომ იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ მინიშნებით შემოიფარგლნენ. ახსენებდნენ, რომ მე სხვა  გუნდში ვიყავი, მაგრამ  გამწვავება ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

 

 

მართალია პოლიტიკურ პირებს  და მათთან დაკავშირებულ პირებს შეექმნათ  ფინანსური პრობლემები  კოალიციისთვის თანხის გადარიცხვის გამო, მაგრამ ისიც  სიმართლეა, რომ  სხვა რეგიონებთან შედარებით, აჭარაში ასეთი ზეწოლის ფაქტები ნაკლები  იყო. ვის დამსახურებად მიგაჩნიათ ეს?

 

 

ჩემი აზრით „ქართული ოცნების” შტაბიც  ფრთხილად მოქმედებდა, მაგრამ აქ მედია განსაკუთრებით აქტივობით  გამოირჩევა. ამ მედიის მიმართ თან ნდობა დიდია _ უმნიშველო მოვლენაზეც კი მედიას სწრაფი რეაქცია ჰქონდა. როცა კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილების სახელების ტირაჟირება ხდება გაზეთითა თუ ტელევიზიით, იქ დანაშაულის რისკი მცირდება.

 

რატომ დათმეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატები ნაციონალებმა

 ნათია ზოიძე 

 

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა: „ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს“ და „კოალიცია ქართული ოცნება.“ 

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიული სიით ხუთი, ხოლო  კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კი ათი მანდატი მოიპოვა. ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატები გახდებიან: მურმან ბერიძე, პეტრე ზამბახიძე, რობერტ ჩხაიძე, ეკა თარგამაძე, ასმათ დიასამიძე.

 

ნაციონალური მოძრაობის სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. პირველი ხუთეულის  ორმა კანდიდატმა  4 ოქტომბერს  უსკოს   უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით  მიმართა, რადგან ისინი  სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნნენ.

 

პარტიული სიის რიგით მესამე ირაკლი კვერღელიძე აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილედ, ხოლო ფრიდონ სირაბიძე  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.  ისინი სიაში მომდევნო წევრებით ჩანაცვლდენენ. მათ ნაცვლად დეპუტატის მანდატი საკრებულოს ყოფილ წევრს  ეკა თარგამაძეს  და ბათუმის ყოფილ მერს,  მურმან ბერიძეს ერგოთ.

 

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიიდან ამოღებული იქნა  ვაჟა ბოლქვაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე. ბოლქვაძე   ქედის რაიონის გამგებლად დაინიშნა, თუმცა იგი  გამსვლელ სიაში არ ყოფილა.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ სიიდან მანდატები მოიპოვეს: ავთანდილ ბერიძემ, გიორგი მასალკინი, მედეა ვასაძე, სულხან ღლონტი, ჯემალ ფუტკარაძე ,ალექსანდრე ჩიტიშვილი ,სვეტლანა კუდბა ,ბაციკაძე დავით, ჯაში ირაკლი,აბაშიძე მერაბი

 

საერთო ჯამში  უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 13 დეპუტატი ეყოლება,  8 დეპუტატი კი ნაციონალურ მოძრაობას.

ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 36,94 % მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების  57,555%.  

 

ბათილად იქნა ცნობილი ხულოს საარჩევნო ოლქის 33 უბნის მონაცემი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა  მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. პირველივე სხდომაზე მოხდება ამ მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა. ამ დღეს აჭარის მთავრობის  სრულ  შემადგენლობას უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდება და ამ დღიდან 10 დღის ვადაში  პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიტურას შესთავაზებს დასამტკიცებლად.

 

გაზეთი `აჭარა` რედაქციის ყოფილი შენობის დაბრუნებას ითხოვს

გაზეთ „აჭარის“ დღევანდელ ნომერში გაზეთის თანამშრომლები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ვიცე სპიკერს მურმან  დუმბაძეს მიმართავენ.

„ჩვენ გაზეთ „აჭარის“ თანამშრომლები, ვგმობთ გაზეთ „აჭარის“  რედაქციის შენობის უკანონო გასხვისების ფაქტს. უკანონოდ მივიჩნევთ ასევე იმ ფაქტს, რომ შენობის ჩამორთმევის შემდეგ გაზეთ „აჭარა“ და „ადჟარია“ შეასახლეს საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც შეუფერებელია რედაქციის ფუნქციონირებისათვის. უმორჩლესად გთხოვნით მოგმართავთ, მიიღოთ გადამჭრელი ზომები, რათა შენობა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს,“ – ნათქვამია მიმართვაში.

ბათუმში მემედ აბაშიძის 38 და დიმიტრი თავდადებულის 19 ნომერში მდებარე შენობაში 1939 წლიდან 2008 წლამდე გაზეთი „აჭარა“ იყო განთავსებული. გაზეთის მთავარი რედაქტორის გიორგი გორგილაძის თქმით  2008 წელს აჭარის მთავრობამ მათ სხვა შენობა გამოუყო გრიბოედოვის ქუჩაზე და რედაქცია იქ გადავიდა.

„გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გაზეთმა „აჭარამ“ სწორედ ამ შენობაში დაიდო ბინა. გაზეთი იყო კულტურის და ინტელიგენციის შეკრების კერა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზეთ „აჭარის“ ამ ტერიტორიიდან მოშორებით გადასახლება გარკვეულწილად უსამართლობა იყო,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში გაზეთ „აჭარას“ მთავარმა რედაქტორმა გიორგი გორგილაძემ.

გაზეთ „აჭარის“ რედაქციის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წელს  1 533 000 ლარად გაყიდა.

„24 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და გაიყიდა პირობებიან საჯარო აუქციონზე. დღეისათვის კანონმდებლობით ამ საკითხის გადახედვა შეუძლებელია. შენობა აუქციონზე იყო გაყიდული და შესაბამისად საჯარო აუქციონზე ნებისმიერ სხვა პირს შეეძლო მიეღო მონაწილეობა.  ან თავის დროზე დავუშვათ რაიმე სახის განცხადება გაეკეთებინათ აუქციონის შეჩერების შესახებ,“ – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ზურა ჯურკვეიძე.

შენობა კომპანია „EAST & STAR INVESTMENT“ – მა შეიძინა, რომელმაც თავის მხრივ გადაყიდა. ამჟამინდელი მფლობელი სს „პროკრედიტ ბანკია“.

„2011 წლის ივლისში შევიძინეთ კანონიერი მფლობელისგან კომპანია EAST & STAR INVESTMENT-ისგან. ყველანაირი იურიდიული დოკუმენტის და იურიდიული პროცედურის შემდეგ, სხვანაირად ჩვენ არც შევიძენდით, პროცედურების მიმართ ძალიან მკაცრები ვართ ყოველთვის. ყველა იურიდიული დოკუმენტი იყო წესრიგში. ამ შენობასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია ჩვენ არავისგან არ მოგვისმენია არასდროს. დღეს რაც გავიგეთ, ჩვენთვის სურპრიზი იყო,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის განყოფილების სპეციალიტმა თეო ლეჟავამ.

შპს გაზეთი „აჭარა“ 100%-იანი სახელმწიფო წილითაა და აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. გაზეთი კვირაში სამჯერ გამოდის და ბიუჯეტიდან წლიურად  230 ათასი ლარით ფინასდება. გაზეთს ჰყავს 51 თანამშრომელი.

აიკიდო – ხელოვნება თავდაცვის ელემენტებით

მერაბ, როგორც აღნიშნე, უახლოეს მომავალში ბათუმში ერთერთი სერიოზული ოსტატის ჩამოყვანას გეგმავ

 

 

– ეს პიროვნება ოლეგ იაკიმოვია, რუსეთის აიკიდო ტაკემუსუ აიკის ფედერაციის პრეზიდენტი და V დანის მფლობელი. ზედიზედ ხუთი წელია ბათუმში ჩამოგვყავს, იგი წინა სასემინარო მოსამზადებელი ეტაპის გავლაში გვეხმარება, დეკემბერში ველოდებით, ხუთ დღეს დაჰყოფს ჩვენთან. ასეთ ხუთდღიან შეკრებას ჩვენთან ბანაკი ეწოდება. მეც ვიყავი ლიტვის ქალაქ კლაიპედაში ბანაკში, რის შემდეგადაც ჩავაბარე მესამე დანზე. მომავალ წელს ვაპირებთ მსოფლიო შიხანის, მეშვიდე დანის მფლობელის შვედი ულფ ევენანსის მოწვევას (სწორედ მასთან ჩავაბარე გამოცდა მესამე დანზე), რომელიც ბათუმში საერთაშორისო სემინარს ჩაატარებს. ამ სემინარში ევროპის დაახლოებით ათი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ოლეგ იაკიმოვი ხარისხის ამაღლებაში გაგვიწევს კონსულტაციებს, რის შემდეგაც უკვე შვედი შიხანი ჩაიბარებს გამოცდებს და იმედია, ჩვენი მოსწავლეები ღირსეულად წარსდგებიან მის წინაშე.

 

 

აჭარაში აიკიდოს ჩამოყალიბება შენს სახელს უკავშირდება, როგორ დაიწყო ყველაფერი?

 

 

– ადრე რუსეთსა და ევროპაში გამართულ სემინარებში ვიღებდი მონაწილეობას, თბილისშიც ვვარჯიშობდი და როდესაც მივხვდი, რომ მზად ვიყავი თავად  გამეწვრთნა სხვა, გადავწყვიტე ბათუმში დამეფუძნებინა ორთაბრძოლის ამ სახეობის შემსწავლელი სექცია და აგერ უკვე ათი წელია, ამ საქმეს ვემსახურები. როგორც იტყვიან, „კურთხევა“ თვით ულფმა მომცა. თავდაპირველად აფიშებითა და სატელევიზიო რეკლამებით ვცდილობდით მოსწავლეთა მოზიდვას, შემდეგ მათმა რაოდენობამ იმატა. ამ ეტაპზე ჩემთან ორმოცდაათამდე მოსწავლე ვარჯიშობს, ამათგან ოთხი – მერაბ შავლიძე, ზურაბ გუგულაძე, მუშნი მარშანია და ჯუმბერ დუმბაძე პირველი დანის მფლობელები არიან, ამასთანავე, შავლიძე და გუგულაძე მწვრთნელობასაც ეწევიან.

 

 

 

ყველა სპორტსმენი ტიტულისთვის იბრძვის, აიკიდო კი, როგორც ვიცი, ერთადერთია აღმოსავლურ ორთაბრძოლებს შორის, რომელშიც არავითარი ჩემპიონატი და ტურნირი არ ტარდება. მაშ რა არის ეს, სპორტი თუ ხელოვნება?

 

 

– აიკიდო, ეს არის ხელოვნება, სადაც სწავლობენ სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გამოყენებას, თავდაცვას და ასე შემდეგ. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვემსახურებით ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე პიროვნული ჩამოყალიბების საქმეს. გარდა ამისა, აიკიდო ძალიან ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს. ჩვენთან მოსულები, გარდა საბრძოლო ხელოვნებისა, ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას და თანადგომას სწავლობენ. რაც შეეხება ჩემპიონატებს, მართალი ხარ, არ ტარდება. აქ უფრო საერთაშორისო სემინარებია, სადაც ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნის მებრძოლთა მიერ გამოცდილების გაზიარება და ოსტატობის დონის ამაღლება ხდება.

 

 

სხვადასხვა სახის ორთაბრძოლები აპრობირებულია ძალოვან სტრუქტურებში

 

 

– მართალი ხარ. პირადად მე ვავარჯიშებ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, ვასწავლით თავდასხმისა და თავდაცვის ილეთებს, აგრეთვე მოწინააღმდეგის განეიტრალებას ისე, რომ თავად რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯონ.

 

 

ანუ პრინციპი გამოიყენე მეტოქის ძალა მისივე წინააღმდეგ მოქმედებს?

 

 

– რა თქმა უნდა. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოსდა ორთაბრძოლის სხვა სახეობებს ვაკნინებდე ან პატივს არ ვცემდე, ყველას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ იარაღად მეტოქისავე ძალას ვიყენებთ. რაც უფრო ძლიერია ფიზიკურად მოწინააღმდეგე, მით მეტი შანსია მისი დამარცხების. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მებრძოლთა ფიზიკურ მომზადებას ყურადღებას არ ვუთმობთ. ვარჯიშებს კი ბონის სპორტულ დარბაზში ვატარებთ.

 

რამდენად პოპულარულია აიკიდო გოგონებში?

 

 

– სამწუხაროდ, ისეთი სტერეოტიპია შექმნილი, თითქოსდა აიკიდო გოგონებს სხეულს უმახინჯებს, ანუ კუნთების უპროპორციო ზრდას იწვევს და ასე შემდეგ. პირდაპირ გეუბნებით, ეგ მცდარი მოსაზრებაა, ასე რომ, თუ ვინმეს ჩვენთან დაოსტატების სურვილი გაუჩნდება, სიამოვნებით მივიღებთ.

 

 

 

ბათუმი მასპინძლობს

ირაკლი დარცმელიძე

 

26-29 ოქტომბერს ბათუმი ხელბურთში 1996-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობას მასპინძლობს დასავლეთ ზონის გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელბურთელები ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. შეხვედრები ბონის სპორტულ დარბაზში გაიმართება.

უმედლოდ დაბრუნებულები

ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი მანჯავიძე (43 კგ. ფოთი), დავით პეტროსიანი (44 კგ. თბილისი) და ჟორა სერობიანი (62 კგ. მარნეული), ბრინჯაოს მედალი ფოთელმა გიორგი ჩარგაზიამ (41 კგ.) მოიპოვა. საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების შემადგენლობაში ორი ბათუმელი მოკრივე, გოჩა აბაშიძის მოსწავლეები, ბექა ბოლქვაძე (48 კგ.) და ნიკა ზოიძე (46 კგ.) ასპარეზობდნენ, თუმცა მათთვის ანაპაში გამართული ევროპირველობა უმედლოდ დასრულდა.

მოსახლეობას სახლში კანალიზაცია შეუვიდა

„ათი დღის წინაც მსგავსი მდგომარეობა იყო. სარდაფში იყო გაჭედილი სისტემა და მე თვითონ გავაწმენდინე, მაგრამ ახლა ცენტრალური მილია გაჭედილი და მასას არ ატარებს. ვრეკავ „ბათუმის წყალში“ და არავინ მოდის“-აცხადებს, ბადრი ცინარიძე. მის სააბაზანოში საკანალიზაციო სისტემიდან ამოხეთქილი წყლის გუბე, ამ წუთებშიც დგას.

`ერთი კვირის წინ, ეზოში ამოხეთქა ჭამ და საშინელი მდგომარეობა გვქონდა. მოვიდნენ და მოაწესრიგონ, ქუჩაში თხრიან რაღაცას და როგორც ჩანს გასასვლელი დააზიანეს. მოვიდნენ და გვიშველონ. დღის ბოლომდე აუცილებლად უნდა მოგვიგვარონ ეს პრობლემა~-ამბობს, ვახტანგ ხმალაძე.

„ბათუმის წყალში“ ტექნიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია შესაბამის სამსახურში გადაცემულია და ზომებს დღის ბოლომდე მიიღებენ.

თაგო – სოფელი საბაგირო გზაზე

საბაგიროს, რომელიც 1985 წელს გაიხსნა, თაგოსკენ მივყავართ. სოფელი მთის წვერზეა გაშენებული, გზად ორი თაგოელი გვემგზავრება –  რომან ცეცხლაძე და ჯემალ ცეცხლაძე. თაგოში სულ 70 ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად ცეცხლაძეები, ბოლქვაძეები,  შავაძეები და ლაბაძეები. საბაგირო გზით გადაადგილება 20 თეთრი ღირს. თაგოელებს ტვირთიც საბაგიროს მეშვეობით გადააქვთ. ერთი კონა თივისა და ერთი ტომარა კარტოფილის გადატანისთვისაც 20 თეთრია გადასახადი.

„საბაგირო რომ არ ყოფილიყო, ნახევარი სოფელი დაიცლებოდა, სხვაგან წავიდოდნენ საცხოვრებლად, საბაგირო გზამ შეაჩერა, ზამთარში მით უმეტეს, დაკიდულ გზაზე მანქანა ვერ გავა და ვერაფერი,“  –  ამბობს თაგოელი ჯემალ ცეცხლაძე.

საბაგირო ჩერდება. ბაქანზე ხალხმრავლობაა. ერთი თაგოელი ცდილობს, ხის უზარმაზარი ბოძი საბაგიროს კაბინაში შეიტანოს, იქვე ბაქანზე კარტოფილით სავსე ტომრები დევს. „12 საათიანზე გამოგყვები, ეს ტომრები უნდა წევიღო,“ –  ეუბნება თაგოელი თემურ ცეცხლაძე საბაგიროს გამცილებელს. საბაგირო მიდის, ჩვენ კი თაგოელებს ვეცნობით და მათი ცხოვრებით ვინტერესდებით. კითხვაზე, როგორ ცხოვრობთ, თემურ ცეცხლაძე ირონიით გვპასუხობს: „უმაღლესად, უმაღლესად. ყველაფერი მაგრად გვაქვს, ბევრი გვაქვს ძალიან. 20 კაპიკად ვაბარებთ კარტოფილს და 50 დამჯდარია უკვე მაგისი დამუშავება,“ –  ამბობს ის.

საბაგიროს ბაქანზე თავშეყრილი თაგოს მცხოვრებლები თავიან ცხოვრებაზე ყვებიან.  საუბრის თემა გაიაფებული კარტოფილია. კარტოფილის ფასი ყველას აწუხებს, რადგან ყველას ეხება.

„ყველაზე გაჭირვებული სოფელი თაგოა,  ერთი კარტოფილი მოყავდა გლეხს და იმასაც 20 კაპიკში აბარებენ. შემოდგომაზე არ ჩავაბარეთ, ვიფიქრეთ გაზაფხულზე ძვირი ეღირებოდა. ახლა კიდევ  ეგვიპტის კარტოფილი შემოვიდა, ირანის, თურქეთის და ფასი დააგდო. ადრე 1,20 ში აბარებდენ. ახლა აზოტი 48 ლარი ღირს, როგორღა უნდა დათესოს გლეხმა კარტოფილი?“ – კითხულობს თაგოელი თენგიზ ცეცხლაძე.

საუბარში ბაირამ შავაძე ერთვება. ის ამბობს, რომ მალე სოფლის დატოვებას და ქალაქში გადასახლებას აპირებს: „წასვლას  ვაპირებთ, მაგრამ რა ვიცი, ვნახოთ ერთი რა იქნება. ჩვენთვის საშიშია უკვე აქ ცხოვრება. მიწა მოშვავებულია და ექანება სახლი. აზრი აღარ აქვს აქ ახლის აშენებას, უნდა წევიდეთ ქვევითკენ.  ბათუმში დები მყავს გათხოვილი, თავიდან იმათთან ვიქნებით და მერე ავეწყობით ნელ-ნელა“.

სოფელში გავდივართ. სოფლის ცენტრში მეჩეთი დგას. იქვე გვერდით ერთსართულიანი ხის სკოლაა, რომელსაც რეაბილიტაცია 5 წლის წინ ჩაუტარდა და თავიდან აშენდა. თაგოს 9-წლიან საბაზო სკოლაში 44 ბავშვი სწავლობს. სკოლა მთლიანად ხისაა, ხისაა საკლასო ოთახების გამყოფი კედლებიც, რომელიც ხმას ატარებს და ამის გამო სკოლაში გაკვეთილების მიმდინარეობის დროსაც კი ხმაური ისმის. სკოლის შესასვლელში ფიჭვის მწვანე ტოტებია დაფენილი, მას ფეხსაწმენდის ფუნქცია აქვს. დირექტორი კითხვებზე არ გვპასუხობს, რესურსცენტრის ნებართვას გვთხოვს და სკოლის შენობიდან ზრდილობიანი უარით გვისტუმრებს.

სოფლის გზაზე წვიმა გვისწრებს და იქვე მდგარ ერთ-ერთი სახლის აივანს ვაფარებთ თავს. აქაც ცეცხლაძეები ცხოვრობენ. ცოლ-ქმარი ლილი და ემინ ახმედ ცეცხლაძეები თავიანთ ცხოვრებაზე გვიყვებიან.

„ჩვენი ცხოვრებაი ნეტა რამეს შეედრება? მაღალი თოვლი ჩვენთან არის და გაჭირვება ჩვენთან არის. დამხმარე არვინ არ გვყავს და არაფერი არ არის,“ – გვეუბნება ლილი ცეცხლაძე.  „არ უნდა ტირილი,“  – შენიშვნას აძლევს მეუღლეს ემინ ახმედი.

„ტირილი რათ უნდა, მაღალ რაიონებში დახმარება უნდა. მოსახვნელები დაგვრჩა. ბენზინი არ არის, რა უნდა ვქნათ. ერთი კარტოფილი იყო, ისიც 20 კაპიკზე ჩამოიყვანეს. იმითაც ვეღარ ვსარგებლობთ, რით უნდა შამეიბრუნო ხელი, სამსახური არ არის, ფული არ არის. მე და ჩემს მეუღლეს პენსია გვაქ და ჰა, სხვა არაფერი შემოსავალი არ არი,“ –  აგრძელებს ლილი ცეცხლაძე.

ოჯახი, რომელსაც  შემდეგ ვესტუმრეთ, ისევ ცეცხლაძეები აღმოჩნდა.

„პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ვშრომობთ, ვშრომობთ ბიძია. აბა, სხვა რა ვქნათ. უპრობლემო სოფელი არ არსებობს, მაგრამ პრობლემებს დახვედრა უნდა. პრობლემა არ გვაქვს ფაქტობრივად, გასაკეთებელს ვაკეთებთ,“ – ამბობს ჯუმბერ ცეცხლაძე.

იქვე ფანჯრიდან შუახანს გადაცილებული ქალი იხედება, რომელიც მაყვალა ცეცხლაძე აღმოჩნდა. ვეუბნებით, რომ ჟურნალისტები ვართ და მისი ჩაწერა გვინდა. „ტელევიზორში გამოვჩნდები? მოიცა, მოვწესრიგდები“ –  გვეუბნება და სახლში ბრუნდება. ცოტახანში აივანზე გამოდის და ორ წუთში მთელი ცხოვრების ისტორიას ატევს:

„61 წელში მოსული ქალი ვარ. კოლექტივი იყო, პარტია იყო, თამბაქო იყო, ვმუშაობდით. გვქონდა გაჭირვებაც. მერე თანდათან, გადატრიალდა ეს ქვეყანა და ცოტა სიკეთისკენ ვარ. ვმუშაობთ სახლში, გვყავს საქონელი. მივდივართ მთაში, ბეშუმში. იქ ვაკეთებთ ყველს, ნადუღს. ავიბარგებით ახლა ცოტა ხანში,  მაისის თვეში და უკან მოვდივართ სექტემბრის თვეში. იქ ვცხოვრობთ სამი თვე საქონლით. რასაც ვაკეთებთ, ზამთარში გვყოფნის. თუ რამე ზედმეტი გვაქვს, შესაძლებელია გავყიდოთ, თუ არ გვაქვს ზედმეტი, ჩვენ თვითონ ვხმარობთ. ჩამოვალთ ყანა არის, ჭალა არის, კარტოფილია ასაწევი, იმას გავაკეთებთ, ამასობაში მოვა ზამთარი და შევძვრებით სახლში. მივალ ბოსელში, მოვალ სახლში,“ –  ამბობს მაყვალა ცეცხლაძე.

სოფლიდან უკან,  საბაგიროსკენ მივდივართ, სადაც ისევ ხალხმრავლობაა. შუადღის ბოლო რეისი სრულდება. საბაგიროს მუშაობის საათები განსაზღვრულია. დილის ცხრის ნახევრიდან იწყებს მუშაობას და პირველზე წყვეტს, სამ საათზე ისევ ანახლებს და საღამოს შვიდ საათამდე მუშაობს. საბაგირო მოდის. სანამ ერთი თაგოელი პურის მარცვლით სავსე ტომრებს კაბინიდან ბაქანზე ტვირთავს, თემურ ცეცხლაძე კარტოფილით სავსე ტომრებს კაბინაში აწყობს. კაბინა ხალხით ივსება. უკან ვბრუნდებით, ხულოში.

ეროზია და ზღვის მომატებული დონე – კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარაში

მარინა შვანგირაძე
მარინა შვანგირაძე

 

 

საქართველოს კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების დოკუმენტის მომზადების ფარგლებში პირველი წელი ვმუშაობთ აჭარაში. ამ დოკუმენტის ფარგლებში ხდება შემდეგი საკითხების შესწავლა: ზღვის დონის აწევა, გაუდაბნოება, ნიადაგის ეროზიები და ა.შ.
აჭარის ტერიტორიისათვის განიხილება შემდეგი სექტორები – შავი ზღვის სანაპირო ზონა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ბუნებრივი კატასტროფები, მეწყრები, ღვარცოფები, წყალმოვარდნები, ტყეები, დაცული ტერიტორიები გვაქვს ცალკე, ასევე როგორც ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლობა და ნიადაგები.  

 

აჭარაში გამოიკვეთა შემდეგი სურათი: მაგალითად, ტყეების შემთხვევაში დაავადებები, რაც სერიოზული პრობლემაა აჭარის ტყეებისათვის და პირდაპირ კავშირშია ტენიანობის ზრდასთან აჭარის ტერიტორიაზე. პლუს ასევე კავშირშია ტემპერატურის ზრდასთან. ფაქტობრივად კლიმატი აჭარაში ძალიან ახლოს მიდის ტროპიკულ კლიმატთან. ტემპერატურის ზრდა გვაქვს ძალიან მაღალი, ეს ხელსაყრელ პირობებს აყალიბებს ამ დაავადების მატარებელი და გამავრცელებელი მწერებისთვის თუ სხვა ბიოლოგიური ელემენტებისთვის.  

ამავე დროს აჭარაში ისევ ტყეებთან მიმართებაში მიმდინარეობს სუბალპური ტყეების ზედა საზღვრის ჩამოწევა ქვემოთ, დაახლოებით სამასი-ოთხასი მეტრით, აქ, რა თქმა უნდა, ანთროპოგენიც ურევია, ზედმეტი გადაძოვება, ხეების ჩეხვა, მაგრამ საბოლოო დარტყმას მაინც ახდენს თავსხმა წვიმები. საშუალო ნალექი შეიძლება არ არის მომატებული, რაც ისედაც ყოველთვის მაღალი იყო აჭარაში, მაგრამ გადანაწილება იცვლება. ერთდროულად მოდის ძალიან ბევრი ნალექი, რასაც მოაქვს საშინელი შედეგი მიწისთვის, ირეცხება მიწა და მითუმეტეს, როცა იქ, სადაც ხე და ბალახი აღარ არის, უკვე იწყება გვალვიანი პერიოდი და ფაქტობრივად, ნიადაგს ემუქრება ეროზიის საშიშროება. ეს ორი პრობლემა გამოიკვეთა ტყის სექტორისთვის.

 

ეს არის გლობალური დათბობის იმ გამოვლინების შედეგი, რომელიც საქართველოშია. გლობალური დათბობა საერთოდ, როგორც ასეთი ფენომენი, ეს არის საშუალო ტემპერატურის ზრდა დედამიწაზე. ანუ თითქოს 0.6° მეათედი თუ 1° ზრდა არ უნდა იყოს ისეთი საშიში, სანამ ეს ზრდა გარკვეულ საზღვრებს არ გასცდება, მაგრამ ეს მცირე ზრდაც ცვლის ლოკალურად, ადგილზე კლიმატის ჩამოყალიბების მექანიზმებს. მაგალითად, შეცვლილია სოფლის მეურნეობაში ვეგეტაციის დაწყების და დამთავრების პერიოდი. გაზრდილია აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. ბუნებრივია, ყველა მცენარე და ყველა სექტორი ვერ შეეგუება ასე ადვილად, ანუ ადაპტაციას ვერ მოახდენს ამ ცვლილებებთან. ამიტომ მათ სჭირდებათ დახმარება. რაღაცნაირად უნდა მოხდეს ტყეების აღდგენა.   

 

 

გარდა ტყეების პრობლემისა, მნიშვნელოვნად არის აწეული შავი ზღვის დონე. თუმცა, ფოთთან შედარებით აჭარაში უფრო მსუბუქი მდგომარეობაა. ფოთში ნიადაგის ჩაძირვაც ხდება და ამიტომ დიდია ზღვის დონის აწევის მაჩვენებელი. აჭარაში წინა საუკუნის განმავლობაში აწევა მოხდა 22 -25 სმ-ით, ამის შედეგი ის არის, რომ ზღვის შემოტევის დროს, ზღვა უფრო ღრმად შემოდის ხმელეთზე, მერე მლაშე წყალი იწვევს ნაპირების ეროზიას და თუ მოჰყვა ამაში სასოფლო სამეურნეო სავარგული და პლაჟი, ისინი უკვე ეროზიას განიცდიან და ადვილად მიაქვს ზღვის წყალს. გარდა ამისა, შტორმების სიმძლავრე არის გაზრდილი, სეზონურობა – შეცვლილი. 

 

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების პროცესში ეს მომენტები. ამ პროცესების გავლენა უნდა იქნას გათვალისწინებული. მაგალითად, პლაჟის შესანარჩუნებლად თუ ადრე რაღაც მონაკვეთზე ასი ათასი კუბური მეტრი იყო საჭირო, ახლა 150 ათასი კუბური მეტრი უნდა ჩაყარო, რომ შეინარჩუნო იგივე სიგანე.  

 

პირველი პრობლემა აჭარისთვის კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში გახლავთ ნიადაგის ეროზია, ყველანაირი ტიპის. იმის გამო, რომ მთების დახრილობა არის საკმაოდ ძლიერი, კლიმატის ცვლილების გარეშეც ისედაც ეროზიისკენ არის მიმართული, ანუ გვაქვს როგორც სასოფლო სამეურნეო მიწების ეროზია, ასევე სანაპირო ზოლის ეროზიაც.  

 

ჯერ არ არის დასრულებული სამუშაო, მაგრამ ვიცი, რომ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც საკალმახე მეურნეობები აქვთ, იქ კალმახებს შეექმნათ პრობლემა, იმიტომ, რომ ბუნებრივად ზედმეტად თბება ეს წყალი, კალმახს არ უყვარს თბილი წყალი და შესაბამისად ხელოვნურად უწევთ ამ პროცესის დარეგულირება.

 

ყველა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ამჟამად მზადდება საპროექტო წინადადებები ამ გავლენის შესამსუბუქებლად.

დემოკრატიის ინსტიტუტი: აჭარაში მიწის საკუთრების საკითხი უნდა გადაიხედოს

 

დემოკრატიის ინსტიტუტი

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ საკუთრების პრობლემების მოსაგვარებლად ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში იმუშავებს და მოამზადებს პრობლემის მოგვარების სამუშაო გეგმას. უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება  და გაუქმდეს ის საკანონმდებლო აქტები რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს შეეზღუდათ მათ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონება“ -აცხადებს იურისტი რამინ გვარიშვილი.

რამინ გვარიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩამორთმეულ მიწებზე დაწყებულია კონკრეტული პროექტების განხორციელება, მაშინ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საკუთრების შეასაბამისი, რეალურიკომპენსაცია.

„ერთ-ერთი ასეთი პროექტია გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ სამთო კურორტის მშენებლობა, სადაც ადამიანები   წლების განმავლობაში ფლობდნენ  და სარგებლობედნენ მიწას. ჩვენ მოვითხოვთ იმ საკანონმდებლო აქტის გაუქმებას, რის საფუძველზეც ჩამოართვეს გლეხებს მიწა, ან მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია“.

2010 წლის სამ დეკემბერს მიწის საკუთრების უფლება ჩამოერთვათ  გონიოში მაცხოვრებელ 271 ოჯახს. ჩამორთმეული მიწების საერთო ფართობი შეადგენს 55,74 ჰექტარს. გოდერძის უღელტეხილზე სამთო კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიწები ჩამოერთვათ ათობით ოჯახებს და აჭარაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშიურებით სახნავ-სათესი მიწები ჩამოერთვათ გლეხებს.

„გარდა იმისა რომ ეს ადამიანები კარგავენ საარსებო წყაროს, ვერც კომპენსაციას იღებენ, რადგან ხელისუფლებამ მათ თავის დროზე საკუთრებაში არ დაურეგისტრირა მიწები, ამიტომ ჩვენ ამ საკითხების გადახედვას მოვითხოვთ~-აცხადებს, `დემოკრატიის ინსტიტუტი“.   – განაცხადა რამინ გვარიშვილმა.

ტელეარხი 25-ის მეწილე: პასუხისმგებლობა მე რატომ უნდა დამეკისროს

ჯემალ ვერძაძე
ჯემალ ვერძაძე

                                                                                                                                                                                                                   ბატონო ჯემალ, „ტელეარხ 25“-თან დაკავშირებით მინდა გკითხოთ…

გუშინ ჩემთან „ასავალ-დასავალიდან“ იყვნენ, ყველა არხი იყო ჩემთან, კი მივეცი ინტერვიუ.

 

 

ჩვენ სხვა გაზეთი ვართ. თუ შეგიძლიათ დაასახელოთ თანხა, რაც გადაიხადეთ ტელევიზიაში?

მე გუშინ ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ და იციან მაგი, საქმის კურსში არიან…

 

 

გუშინ ტელეარხის ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს მუშაობა. მათ არ სურთ იმ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც ერთ-ერთი მესაკუთრე არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში. თუ შეხვდით ჟურნალისტებს?

გუშინ იყვნენ ჩემთან „25 არხის“ ჟურნალისტები და კი ვუთხარი, არავითარი სამსახურის დატოვება, ჩვეულებრივ რიტმში იმუშავებენ და ჩვეულებრივი სახე ექნება ტელევიზიას.

 

 

ვის შეხვდით?

ნუ,  „არხი 25“-დან იყვნენ ჟურნალისტები. მათ გავესაუბრე, ვუთხარი, რომ არავითარი ზეწოლა არ იქნება, არავითარი პოლიტიზებული არხი არ იქნება.

 

 

თქვენი ინფორმაციით, ჟურნალისტები დარჩებიან თუ წავლენ?

აუცილებლად, აუცილებლად.

 

 

იმ სახლში, რომელიც თქვენ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ააშენეთ, „ტელეარხი 25“-ის ყოფილმა მფლობელებმა ბინები იყიდეს. ფული გადაიხადეს თუ ბინებიც ტელევიზიის ფასში შევიდა?

არავითარი, არავითარი.

 

 

ფული გადაიხადეს?

რა თქმა უნდა.

 

 

ახალ მთავრობაში ამბობენ, რომ აუცილებლად შეისწავლიან ამ ტელევიზიის დამფუძნებლების ახლობლებისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქების საკითხს. ამ გარიგებით გამოძიება თუ დაინტერესდება, პასუხისმგებლობის აღება თქვენც ხომ არ მოგიწევთ?

მაგი მოკითხეთ „არხი 25“-ის მეპატრონეებს, მათ აღიარონ, რა მიიღეს და რა არა. მე ეგ არ ვიცი და არც დაინტერესებული ვარ, რომ მაგათმა რა გარიგება და რა ქონებები მიიღეს. არ ვარ ინფორმირებული და ვერაფერს გეტყვით.

მე რამდენიც გადავიხადე, იმისი პასუხისმგებელი ვარ.

პასუხისმგებლობა მე რატომ უნდა დამეკისროს… ეს ტელევიზია რომ შეცვლილიყო, სხვანაირი ფორმატით რომ წასულიყო… არავითარი. გამოვრიცხავ. მე შევიძინე ეს ნაღდ ფულში და არავითარი იგი არ მქონია…

 

 

არსებობს ვერსია, რომ თქვენ ამ გარიგებაში წარმოადგენთ თემურ პატარიძეს, აჭარის კუდის ყოფილ უფროსს. შეგიძლიათ ამ მოსაზრების გაბათილება?

ბატონ თემურის მე ვერც ვიცნობ და არც მქონია შეხვედრა. სახით რომ დავინახო, ვერ ვიცნობ.

 

 

არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ პატარიძესთან ლამის ყოველდღიური ურთიერთობა გქონდათ…

გამორიცხულია. ნებისმიერმა პიროვნებამ დამიდგეს წინ და მითხრას, რომ მე თემურ პატარიძესთან მქონდა რამე ურთიერთობა და რამე გარიგება. თქვენ წარმოიდგენთ, რომ თემურ პატარიძეს სახით ვიცნობ ქალაქიდან.

 

 

ხომ არ აპირებთ ტელევიზიის გაყიდვას?

ჯერ არ მიფიქრია მაგაზე.

 

 

როდის აპირებთ ტელევიზიაში მისვლას?

უახლოეს დღეებში მივალ, გავესაუბრები ჟურნალისტებს, თანამშრომლებს და ყველას.

 

 

პარტნიორს თუ ესაუბრეთ?

არა. არ დავინტერესებულვარ იმისათვის, რომ არ ყოფილა ხელის შეშლა, ტელეფონის ზარი, რომ რამე შევცვალოთ ტელევიზიაში.

 

 

რატომ მალავდით ტელევიზიის ყიდვას?

მეპატრონეების სალაპარაკოს მე ვერ ვილაპარაკებ. მაგათ შეეკითხეთ პრესკონფერენცია რატომ არ ჩაატარეს და არ მოიწვიეს ჟურნალისტები. მე ვიყავი მყიდველი.

 

 

და თქვენ რატომ არ თქვით?

არ ჩავთვალე მიზანშეწონილად და არ გავაკეთე. რა ვიცი.

 

/იბეჭდება სტილის დაცვით/ 


Exit mobile version