ბულვარში ფიჭვის ხეებს თხრიან

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნარგავებისთვის ახალი ტერიტორია უკვე გამოიყო, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ამოგლეჯილი ხეების დიდი ნაწილი განადგურდება. „ეს საკმაოდ დიდი ხეებია, გადარგვას ალბათ ვეღარ გაუძლებს და გახმება“-ამბობს, მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი პირი.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თემურ ბერიძის განცხადებით კი, ამოგლეჯილი ნარგავებისთვის მერიამ ახალი ტერიტორია უკვე გამოყო, „თუმცა იქ ალბათ ასამდე ნარგავი თუ დაეტევა“. თემურ ბერიძის თქმით, ზუსტად არ იციან, ადგილმონაცვლეობის გამო, რამდენი ფიჭვისა თუ ნაძვის ხე შეიძლება გახმეს.

ახალი კოლექტორის მშენებლობაზე თურქული კომპანია „ტეკევ ინშაათი“ მუშაობს, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოლექტორის პროექტი მერიაშია შედგენილი და დაზიანებული ნარგავების გამო პასუხიც მათგან უნდა მივიღოთ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბულვარის ადმინისტრაციას ხეების ამოღების თაობაზე ოფიციალური ნებართვა ჯერ არ გაუცია, თუმცა სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „როგორც მერიაში გვითხრეს, თითოეულ დაზიანებულ ხეზე პასუხისმგებელი არის მერია. ის ხეები რომელიც გადარგვას ექვემდებარება, დაახლოებით 40-მდე ხეა ასეთი, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგვება, დანარჩენზე ვერ გეტყვით“-ამბობს, ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გია ბაღოშვილი.

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პაატა აცინბა აცხადებს: „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბულვარის ადმინისტრაციას, მაგრამ ნებართვა ვერ მივიღეთ. სამ მილიონნახევრიან პროექტს ათი ძირი ხის გამო ვერ გავაჩერებ, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და რა ვქნა“.

ბათუმში ახალი რეფერალური კლინიკა გაიხსნა

ახალი კლინიკა
ახალი კლინიკა


სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეს ბათუმში, ბაგრატიონის #125 ნომერში ახალ საავადმყოფო გაიხსნა. 

„ალდაგის ბისიაის“ შვილობილი კომპანიის მიერ გახსნილი საავადმყოფო, როგორც კლინიკის მესაკუთრეები აცხადებენ, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია უახლესი აპარატურით და გათვლილია 110 საწოლზე. 

 

კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, „საავადმყოფო დაკომპლექტებულია 350-ზე მეტი კვალიფიციური მედპერსონალით, მოსახლეობას ადგილზე შეუძლია ნებისმიერი სახის ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრეჰოსპიტალური სერვისების მიღება. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს შესაქმნელად 18 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“.

საავადმყოფოს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მირზას ჩვენი დახმარება სჭირდება

ეთერ თურაძე

 

0901500513 – ეს მირზას ანგარიშის ნომერია. მირზა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ბათუმში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, ოქტომბერში, ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. დიაგნოზი თბილისში დაუსვეს. ინფორმაცია მშობლებისთვის შოკის მომგვრელი იყო და გაუჭირდათ ამის დაჯერება. ბიჭი სასწრაფოდ სტამბულში წაიყვანეს.

 

 

თურქი ექიმების დიაგნოზიც იგივე აღმოჩნდა.

 

 

 

თურქეთში მირზას მშობლებს უთხრეს, რომ ოპერაციას, დონორის ჩათვლით, 300 ათასი ევრო სჭირდება. მირზა მშობლებთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა.

 

 

თბილისში მათ განუმარტეს, რომ იტალიის შესაბამის კლინიკასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და იქ უფრო იაფად შეიძლება ოპერაციის გაკეთება. მირზას ოპერაციისთვის იტალიაში, დონორის ჩათვლით, 150 ათასი ევროა საჭირო.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ მირზასთვის 20 ათასი დოლარი გამოყო. მათ სხვებიც დაეხმარნენ. მირზას დედა ამბობს, რომ ახლა 30 ათას დოლარამდე აქვთ მირზას ანგარიშზე. აპირებენ გაყიდონ ბინაც, სადაც ახლა ცხოვრობენ და ჯამში შეიძლება 60 ათასი დოლარი გამოუვიდეთ.

 

 

მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც 11 წლის ბიჭის გადარჩენას სჭირდება.

 

 

მირზას დედამ გასულ ორშაბათს დამირეკა. ითხოვა, როგორმე მივაწვდინო მისი ხმა საზოგადოებას.

 

 

მგონი ღირს ეს ნომერი – 0901500513 – თქვენც იცოდეთ. თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55;

 

 

მგონი, სხვისი გასაჭირის გაზიარებას, სოლიდარობას, საქართველოში ნელ-ნელა ვსწავლობთ. სალიდარულობის მაგალითია ის, რაც დიტო ცინცაძესთან დაკავშირებით მოხდა. ჩემმა კოლეგამ, მერაბ მეტრეველმა, დიტოს დახმარების თხოვნით საზოგადოებას „მაესტროს“ ეთერით ახალ წლამდე მიმართა. დიტოს 150 ათასი ევრო სჭირდებოდა. თანხის ნაწილი შეგროვდა და დიტო ახლა გერმანიაშია. დიტოს ანგარიშზე თანხა მიხეილ სააკაშვილმაც გაიღო. სოლიდური თანხა შესწირა ბიძინა ივანიშვილის ფონდმაც. 

 

 

მეუბნებიან, რომ დიტოს შემთხვევა არ შეიძლება განვიხილო, როგორც საზოგადოების სოლიდარობის მაჩვენებელი, რადგან მას ბევრი გავლენიანი თუ არა ცნობილი მეგობარი ჰყავს – მისი მხარდაჭერის კამპანიაში ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მოამზადეს კლიპი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ანუ საზოგადოების ემოციებზე იმოქმედეს და მხოლოდ ამიტომ გაიღვიძა საზოგადოებაში სოლიდარობამ. მირზას ოჯახი კი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.

 

 

მაგრამ იმას თუ გავიხსენებთ, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ კონკურსზე 175 ათასზე მეტი სმს შევიდა, რომელიც ასევე 1 ლარი ღირდა, სულაც არ მგონია წარმოუდგენელი, რომ საზოგადოება მისთვის უცნობი მირზას მიმართაც არ დარჩეს გულგრილი. მართალია, გზავნილი „საქართველოს ვარსკვლავში“ პირადი სიამოვნებისთვის გაღებული თანხა იყო, რომელიც ადამიანებმა ამ შოუსგან მიიღეს, მაგრამ 11 წლის ბიჭის გადარჩენაში მონაწილეობა, მგონი ნებისმიერ შოუზე უფრო მეტად სასიამოვნო იქნება.

 

 

მირზას  ჩვენი სოლიდარობა სჭირდება – 0901500513

ბათუმის მერობის გამოცხადებული კანდიდატი

 

ზურაბ პატარაია

 

 

ბატონო ზურაბ, თქვენი თქმით, მერის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილია, კონკრეტულად რომელმა ჯგუფმა დაგასახელათ კანდიდატად?  

„რესპუბლიკელებმა“, რადგან წინა არჩევნებზე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში. ბევრი საუბარი იყო, საერთო მსჯელობა. კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისთვისაც მისაღები ვიყავი.

 როგორც ვიცით, მერობის კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატიც განიხილებოდა. თქვენი უპირატესობა რა იყო?

რა ვიცი, მე მგონი კარგი ადამიანი ვარ, სანდო… როცა მაგიდაზე ბევრი ვაშლი დევს, რატომ ირჩევ იმ ერთს? არის რაღაც ნიუანსები.

 ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ქუჩების რეაბილიტაცია. როგორც მერიაში გვითხრეს, „ჭაობის“ უბნის რეაბილიტაცია მინიმუმ ერთი წლით მაინც გადაიდო, როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?

ის პროექტები, რომლებიც ბათუმის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მათ შორის წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. სანამ ეს არ დასრულდება, ისე ქუჩებს ვერ დავაგებთ. მქონდა შეხვედრა გერმანულ კომპანიასთან და ვთხოვე კიდეც, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობის დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირებული იყოს.

თქვენ მუშაობთ „ბათუმის წყალში“. ეს ის კომპანიაა, რომლის მიმართ მოსახლეობას ხშირად აქვს პრეტენზიები უწყლობასა და წყლის ხარისხთან დაკავშირებით.  რამდენად სამართლიანია ეს პრეტენზიები და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ეს იმიტომ, რომ სისტემაა მოძველებული, ამას ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ იცვლება სისტემა და წყლის ხარისხიც გაუმჯობესდება. მე პირადად ამ წყალს ვსვამ.

ამჟამინდელი მერის, ჯემალ ანანიძის საქმიანობას როგორ შეაფასებთ, არის იმის აუცილებლობა, რომ თანამდებობიდან გადადგეს? 

როგორც პიროვნებაზე, არ არის აქ საუბარი. მე ამ საკითხს პოლიტიკური კუთხით განვიხილავ. არჩევნები ჩატარდა, შეიცვალა ძალთა თანაფარდობა და შეიცვალა მიმართულებაც. მერი უნდა გამოხატავდეს არჩევნების შედეგს.

 ხომ არ სჯობდა არჩევნებს გადაეწყვიტა თვითმმართველობის საკითხიც და არა „ქართულ ოცნებას“?

ხალხმა შეცვალა ხელისუფლება, თვითმმართველობაც ხომ ხალხის რჩეულია.

 ბიუროში რა რეჟიმში მუშაობთ – ძირითადად რის თაობაზე მოდიან მურმან დუმბაძესთან შესახვედრად ადამიანები, გადაუწყვიტა თუ არა რომელიმე მოქალაქეს პრობლემა? 

არჩევნების შემდეგ რვა ათასამდე ადამიანმა მოგვმართა. ზოგიერთი განცხადებით მოდის, ზოგიც სიტყვიერად მოგვმართავს. ძირითადად დასაქმების პრობლემასა და უსამართლობაზე. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვაძლევთ.

მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დასაქმდა რომელიმე პირი?

მე არ მინახავს, რომ მურმან დუმბაძეს რომელიმე განცხადებაზე რეზოლუცია დაეწეროს. თქვენც გყავთ ახლობელი ხომ, შეიძლება სიტყვიერად სთხოვოთ, რომ თუკი სჭირდება ესა თუ ის კადრი, გაითვალისწინოს, აი ამ დონეზე ხდება. აქ ტოვებენ „სივებს“ სპეციალობის მიხედვით და თუ ვინიცობაა რამე გამოჩნდება, რეკომენდაციას ვაძლევთ.

თქვენი ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან?

მეუღლე პორტში მუშაობს, მებაჟეა. უფროსი შვილი ნოდარ ხადურთან მუშაობდა, უფროსი ინსპექტორია, მეორე შვილი სტუდენტია. სხვათა შორის, მეც კონკურსით ვიყავი მიღებული „ბათუმის წყალში“ და ჩემი შვილიც. მოკლედ, მთელი ოჯახი გამოცდებს ვაბარებდით.

 

ბათუმი ახალი მერის მოლოდინში

ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს  ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ საკრებულო ამ პოსტზე ზურაბ პატარაიას წარდგენას გეგმავს: „ის მართლაც კარგი მეურნე და პროფესიონალია იმ  მნიშვნელოვან საკითხებში, რაც ბათუმს უფრო აწუხებს. ეს არის კომუნიკაციები: წყალი, კანალიზაცია –  სადაც ის შეუდარებელ პროფესიონალად წარმოჩნდა როდესაც ქალაქში მუშაობდა, სხვათაშორის  მან თავის დროზე მერიაში მუშაობა კონკურსით დაიწყო. მე მას წარვუდგენ საკრებულოს მერობის კანდიდატად და  გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.“   

 

 

რაც შეეხება ჯემალ ანანიძეს, ირაკლი ჩავლეიშვილი არ აზუტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის როგორც თავისი საქმის პროფესიონალი და მეურნე კაცი, შესაძლოა სხვა თანამდებობაზე ვიხილოთ.

14 ხმა ერთის წინააღმდეგ – ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

გიორგი კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარე აღარ არის. 14 ხმა ერთი წინააღმდეგ – ასე განაწილდა ხმები საკრებულოში.

 

რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. კირთაძის გადაყენების წინააღმდეგი მხოლოდ გენო თებიძე იყო, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე თვის წინ დატოვა და საკრებულოს ოპოზიციას შეურთდა. 

დღესვე ცნობილი გახდა ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა. ამ ადგილს საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური” პარტიიდან, ირაკლი ჩავლეიშვილი დაიკავებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს”

 

თუ დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის საკითხის გატანა შეძლეს, გიორგი კირთაძე სასამართლოს მიმართავს.

 

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ  სასამართლო გადაწყვეტილებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე განმარტავს, რომ  საკრებულოს საკმარისი ხმების შეგროვების შემთხვევაში მისი გადაყენების კანონიერი უფლემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩივილის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს.   

გიორგი კირთაძე საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს

დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში თავჯდომარის გამოჩენამდე იყო კერძო საუბარი იმის შესახებაც, რომ მოსალოდნელი იყო საკრებულოს წევრების უმრავლესობას მხარი არ დაეჭირა დღის წესრიგის დამტიკიცებისათვის და მოეთხოვა იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.  თუმცა საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელმაც  სიტყვით გამოსვლა  სხდომის დაწყებამდე ითხოვა, განმარტა, რომ სდომა დღის წესრიგის მიხედვით ჩატარდებოდა, მან გამოსვლაში გიორგი კირთაძის, როგორც თავმჯდომარის მუშაობის დადებით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება:

„დღეს არის ძალიან დიდი დაძაბულობა, საკრებულოს თავმჯდომარემ გამოგვიგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ   სამთვიანი ვადის გასვლამდე არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ რიგგარეშე სდომის დანიშვნა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გავაიარეთ კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზიებთან, იურისტებთან და მინდა გითხრათ, რომ  საკითხს ვაყენებთ  კანონიერად.  მინდა ვთქვა, ასევე, რომ ეს არის კომპეტენტური საკრებულო   და მე მეამაყება, რომ ამ საკრებულოს  წევრი ვარ და  ეს ბევრ საკითხში განაპირობა იმანაც რომ გიორგი კირთაძე, როგორც თავმჯდომარე მყარად იდგა და იმედს ვიტოვებ, რომ ის ითანამშრომლებს საკრებულოსთან.“ –  განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მან გიორგი კირთაძისგან დადებითი პასუხი და თანამშრომლობის პირობა მიიღო: „დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ვითანამშრომლებ ნამდვილად. არსად წასვლას და მითუმეტეს პენსიაში გასვლას არ ვაპირებ.“

ამის შემდეგ  საკრებულომ სდომაზე საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად სულ 22 საკითხი განიხილა. საკითხების განხილვისას გიორგი კირთაძემ ირაკლი ჩავლეიშვილს პასიურობის გამო უსაყვედურა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მიზნით  საკრებულოს წევრები დღეს კიდევ  დღის 4 საათზე შეიკრიბებიან.  23 წევრიან საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობაში“ , რომლის მხარდაჭერითაც გიორგი კირთაძე  სარგებლობს საკრებულოს 11 წევრი ერთიანდება. ამიტომ მის გადაყენებას დანარჩენი 12 წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.

„თუ დღეს საკრებულოს  სხდომაზე ვერ მოხერხდა თავმჯდომარის გადაყებისათვის საჭირო ხალხის მოყვანა, იქნებ ამიხსნას ვინმემ, ეს  ავტომატურად ხომ ნიშნავს იმას, რომ საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყება?- სამთვიანი ვადის თემა კანონში ლოგიკურად არის ჩადებული იმისთვის, რომ თვითმმართველობა მუდმივად არ იყოს გადაყენება  – არ გადაყენების საკითხის წინაშე.

ბოდიშს ვიხდი ყველა იურისტთან, მაგრამ რასაც ახლა გელაპარაკებით, არ არის მხოლოდ ჩემი ნააზრევი. იურისტების განმარტებებით ვსაუბრობ მეც, ასევე ვსაუბრობ იმ კანონის განმარტებებით და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, რომლებიც ლექციებს მიკითხავდნენ თვითმმართველობის საკითხებზე. ვარ თუ არა  მართალი  – ამას გადაწყვეტს სასამართლო.  მაგრამ მე სხვა კითხვებს ვსვამ. რეალურად რატომ ვერ მოხერხდა ორი კვირა მოთმენა? – ამ კითხვებზე პასუხი გუშინწინ გავიგე:  საკუთარი გუნდის წევრებს არ ინდობენ და სხვაზე რა უნდა ვთქვათ, ნათლად გამოჩნდა რაც უქნეს გია ემირიძეს და  ალბათ ბევრისთვის კიდევ გაგრძელდება იგივე.“ – ეს განცხადება გიორგი კირთაძემ დღეს საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის მსვლელობისას ჟურნალისტებისთვის გააკეთა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე განმარტავს, რომ საკრებულოს საკმარისი ხმების შეგროვების შემთხვევაში მისი გადაყენების კანონიერი უფლემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩივილის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს.

აღმოჩნდება თუ არა საკრებულოს დღევანდელი სდომა ბოლო კირთაძის თავმჯდომარეობით ეს 2 საათში გაირკვევა.

მორიგი წერილი გიორგი კირთაძეს – შედგება თუ არა იმპიჩმენტი ხვალ

„გაცნობებთ, რომ 2013 წლის 23 იანვარს მოგმართეთ წერილით, რომელიც ეხებოდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების განხილვას: 1. გიორგი კირთაძის თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება. 2.  საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილის თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა.

 

 

ვინაიდან, საკრებულოს თავმჯდომარემ დაარღვია კანონით მინიჭებული ერთკვირიანი ვადა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ადგილობირივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 მუხლის პუნქტის შესაბამისად ვიყენებთ შეკრების უფლებას. 

 

 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად მოვითხოვთ 31 იანვარს, გთხოვთ ხუთშაბათს 4 საათზე უზრუნვეყოთ სხდომის  ჩატარების ორგანიზება“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს  საკრებულოს რვა წევრი აწერს.

 

 

ცნობისთვის: რეგლამეტით გათვალიწინებული  სხდომა საკრებულოს ხვალ 11 საათზე აქვს ჩანიშნული. ამის შესახებ განცხადება და სამუშაო დღის წესრიგი საკრებულოს ოფიციალურ საიტზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა.  

 

 

 

 

 

არასამთავრობების მიმართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს

„ჩვენ მიგვაჩნია კონტექსტიდან ამოგლეჯილად უსკოს დაკომპლექტების წესის განსაზღვრა ეს არის პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციაზე და არანაირად არ უწყობს  ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამართლიანი არჩევნების რეგიონალურმა კოორდინატორმა აჭარაში მადონა ბერიძემ.

 

საკანონმდებლო ცვლილება,  რომელსაც არასამთავრობოები აპროტესტებენ, 29 იანვარს მიიღო აჭარის უმაღლესმა საბჭომ. 

 

„ჩვენ გავაპროტესტეთ ის კანონი, რომელიც მიიღო უმაღლესმა საბჭომ გუშინ, კერძოდ ეს ეხება უსკოს დაკომპლექტების წესის შეცვლას  და დღევანდელი შემადგენლობის გათავისუფლებას. ეს კანონპროექტი არის პოლიტიკური მიზნით მიღებული. ის არ ისახავს მიზნად საარჩევნო რეფორმას. არამედ მთავარი მიზანი რომელიც ინიციატორებმა გაცხადებულად დაასახელეს, იყო ის, რომ დღევანდელი შემადგენლობა  გაეთავისუფლებინათ  თანამდებობებიდან და ახალი შემადგენლობა მოეყვანათ.  რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციას, პირველი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მთავრობის თავმჯდომარემ არ მოიწონოს ეს პროექტი, არ მოაწეროს მას ხელი და შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. მას აქვს ამის უფლება. ამასთან არაერთი პროცედურული დარღვევაც იყო,  კანონპროექტის მიღებისას შესაბამისად საკმაოდ სამართლიანი იქნება მთავრობის თავმჯდომარის ასეთი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინა ურუშაძემ.  

ღია წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს

ბატონო გიორგი,

 

 

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღე, გავმიჯნოდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აშკარად მოსახლეობის დაპირისპირებულობასა და სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის დარღვევას ცდილობს, აღარ მეგონა, თუ კიდევ მომიხდებოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ ჩემდამი თქვენი ა/წ 29 იანვრის წერილზე (#კოლ 30) პასუხი არ მომეწერა და იგნორირება გამეკეთებინა, ვერ შევძელი; ამიტომაც გადავწყვიტე, ზოგიერთი საკითხის თაობაზე საჯაროდ, ღია წერილით, მეპასუხა; ვინძლო, ურთიერთობის ასეთმა ფორმამ თქვენ, უდავოდ ნიჭიერ ახალგაზრდას, ცხოვრების შემდგომი წლებისათვის უფრო მეტი სარგებელი მოგიტანოთ.

 

 

 კარგა ხანს მეტრაბახებოდა კიდეც, რომ ჩემი შვილის ყოფილი სტუდენტი, ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი ქალაქის საკრებულის წევრი, შემდეგ კი, 25 წლის ასაკში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის – ჩვენი ქალაქ ბათუმის უპირველესი პირი გახდით. მართალია, იყო ისეთი დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც არც თუ ისე კარგ მოგონებებად შეიძლება დარჩეს, მაგრამ ისიც კი შემინიშნავს, რომ თქვენც პირადად არ მოგწონდათ და შინაგანად არც კი თანაუგრძნობდით ამა თუ იმ საკითხის ზემოდან “რეკომენდაციის” შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას… ვხვდებოდი, თუ როგორი წნეხის ქვეშ გიხდებოდათ თქვენი საქმიანობის წარმართვა.

 

 

 ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენდამი ჩემი თავდაპირველი სიმპათიები ისევ ცხოველი იყო, მსურდა, თქვენთვის თვალი ამეხილა და, დამემოწმებით, არაერთგზის მამაშვილურად გირჩიეთ, მშვიდობიანად გადამდგარიყავით, გადაგეფასებინათ ყოველივე და თქვენი ახალგაზრდული ენერგია და გარკვეული (თითქმის 7 წლიანი სადეპუტატო) გამოცდილებაც, რაც უდავოდ გაგაჩნიათ, ქვეყნის და თქვენივე სასიკეთოდ  დაგეხარჯათ. სამწუხაროდ, არ ისურვეთ… და არც ძველ, საერთონაციონალურ, ტრადიციას უღალატეთ – განაგრძობთ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება-მოღვაწეობას, რაც თქვენნაირ ახალგაზრდას კი არა, გამოცდილ და ჭარმაგ პიროვნებასაც კი გადააცდენდა ჭეშმარიტების გზიდან. აი, სავალალო შედეგიც!-სიცრუე, სიცრუე და ისევ სიცრუე! – ეს გახდა თქვენი ბოლოდროინდელი “თავდასაცავი”, რაც უაღრესად თვალშისაცემი და თეთრი ძაფებით ნახლართია.

 

 

 დიახ, ბევრი იცრუეთ და ზემოხსენებულ წერილშიც უტიფრად ცრუობთ, ოღონდაც ახლა ამ სიცრუის კვალიფიკაცია ძალზე მაღალ რეგისტრშია და ვეღარ გავჩუმდი; აი, რატომ:

 

 

თქვენ ცდილობთ, ცალსახად გააყალბოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტი – “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის #9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც შავით თეთრზე წერია: “თუ …. საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენებაო”. ბატონო გიორგი! აბა, საიდან “დგინდება”, როგორც თქვენ მიუთითებთ, “რომ იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, (სხვათა შორის, იჩქარეთ და აქ ყოვლად ჩიქორთული ქართულით წერთ) საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა. შ.”

 

 

 

მთელმა საკრებულომ (და არა მხოლოდ საკრებულომ) იცის, რომ ოპოზიციას არ დაუყენებია თქვენი გადაყენების საკითხი, ეს ისევ თქვენეული ინსცენირება იყო და არც სხდომა გამართულა! თქვენ კი გინდოდათ და ბევრიც ეცადეთ, მაგრამ ეგ ფანდები აღარ გაგივიდათ, რადგან “მიგიხვდით, “ჩვენო” გიორგი, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი” და არ მივიღეთ მონაწილეობა თქვენს მიერ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში. თქვენ კი, როგორც თქვენი მოძრაობის მესვეურებს სჩვევიათ, სასურველს რეალობად აცხადებთ და ყელამდე ეფლობით სიცრუის ჭაობში.

 

 

გულისტკივილით მოგმართავთ, ღმერთმანი!.. როგორ მეამაყებოდა, რომ შვილის ყოფილი სტუდენტი, მშვენიერი აღნაგობისა და, როგორც მეგონა, სულით მდიდარი ახალგაზრდა იყო ჩემი და მთელი ქალაქის უფროსი! ალბათ, დამემოწმებით, ყოველთვის ვცდილობდი, გვერდით დაგდგომოდით, მაგრამ იმასაც კარგად ვგრძნობდი, რომ სიცრუისა და სიჯიუტის ტალღა თანდათან გვაშორებდა; ამიტომაც გირჩევდით დაჟინებით, გადამდგარიყავით, გადაგვერჩინა თქვენი პოტენციალი… არ ინებეთ, სამწუხაროდ… მე და ჩემისთანებმა კი “სადაც არ სჯობდა, გაცლა ვამჯობინეთ”, ბოლომდე ვეღარ წაგყვებოდით სიცრუის ქვეყნისაკენ მიმავალ მრუდ გზაზე.

 

 

 

ასე რომ, ამ ბოლოდროინდელმა თქვენმა სიცრუემ ყველაფერს გადააჭარბა და მინდა გირჩიოთ: ნებით არ ისურვეთ მშვიდობიანად წასვლა და ახლა მაინც ვაჟკაცურად შეხვდით უმრავლესობის სურვილით გადაყენებას! განა ყოველივე ამად გიღირთ ეგ სკამი?! გონება მოიკრიბეთ, კრიტიკულად გააანალიზეთ ბოლო დროის ნამოქმედარი, მათ შორის – თქვენს ირგვლივ მყოფი კოლეგებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართაც; გადააფასეთ ყოველივე და, თუკი ისურვებთ, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი თანაქალაქელები მიმტევებლები არიან, საზოგადოებრიობა თქვენს საქციელს დაუღვინებლობითა და ყოფილ ძლიერთა ამა სოფლისათა ძალდატანებით, მავანთა მიმართ გაუგებარი ერთგულებით ახსნის და ვფიქრობ, გაგიგებთ… ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით დიდხანს უნდა იცოცხლოთ და ამ მადლიან ქალაქში თავაწეულმა უნდა იაროთ!

 

 

 

                  

                                                                                                                                                                                               

სამი ელჩი და ერთ კონსული ბათუმში

„დელეგაცია ჩამოვიდა ირანიდან იმისათვის, რომ გაეცნოს ამ კუთხეს, ჰქონდეს შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და თვითონ არაქის მერს სურვილი აქვს გაფორმდეს დაძმობილების ხელშეკრულება ბათუმსა და არაქს შორის  და რომ განვითარდეს სამომავლო ურთიერთობები კულტურის დარგში, რომელიც  ისტორიულად  საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – განაცხადა აჰმად რეზა არზჯანმა.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფერეიდანისა და ბათუმის დაძმობილების საკითხიც. ბათუმის მერის თქმით ირანელები დაინტერესებული არიან ბათუმის პიაცას მსგავსი პროექტი ფერეიდანშიც განახორციელონ.

 

კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმის მერს  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოში რენო სალენსთან ჰქონდა.  შეხევდრაზე ნიცისა და ბათუმის დაძმობილების საკითხი განიხილეს.

 

 „დღეს განვიხილეთ ბათუმის ნიცასთან დამეგობრების საკითხი. პირველ რიგში კულტურის, ხელოვნების მიმართულებით. ასევე ტურიზმის კუთხით. მწვანე ქალაქის განვითარების  კუთხით რაღაც დავსახეთ, დიდი სურვილი გვაქვს ბათუმი იყოს მწვანე ქალაქი,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ.  

 

მისივე განცხადებით უახლოეს ორ თვეში ბათუმს ნიცადან დელეგაცია ეწვევა.

 

ბათუმის მერიიდან საფრანგეთის ელჩმა აჭარის მთავრობაში გადაინაცვლა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

 

დღესვე აჭარის  არჩილ ხაბაძე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში  დეივიდ მორანის შეხვდა. შეხვედრა ამ შემთხვევაშიც გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის  დეტალები განიხილეს.

 

დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთი შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარეს შვეიცარიის ელჩთან ექნება. 

სატვირთო მანქანების მძღოლების აქცია

ცაგო კახაბერიძე

 

ამ წუთებში ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების მძღოლები პარკირების საფასურის შემოღებას აპროტესტებენ: „დღეს გაგვაფრთხილეს, რომ ორშაბათს გადახდილი უნდა გვქონდეს პარკირების გადასახადი. თუ არ გადაიხდით დაჯარიმდებითო. როცა პარკირების საფასურს ითხოვენ, შესაბამისად მოწესრიგონ გარემოც. მარტო პარკირების ნიშნის დაყენებაში ითხოვენ ფულს? – ტერიტორიაზე სიბინძურეა, კანალიზაციიდან წყალი გამოდის. ასეთ გარემოში მანქანის დაყენებითვის ყოველთვიურად 45 ლარი უნდა გადავიხადოთ “.

 

 

„ბათუმის პარკინგის“ ხელმძღვანელი ზაზა ნაჭყებია განმარტავს, რომ  „ბათუმის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების გასაჩერებლად გამოყოფილია სპეციალური ადგილები. სხვა ადგოლებზე მათ გაჩერება ეკრძალებათ ამ დადგენილების მიხედვით. იმ ადგილებზე კი, რომლებიც სპეც-ტექნიკის პარკირებისთვის არის გამოყოფილი. არის მოსაკრებელი დღიური სამი ლარი ან ყოველთვიურად 45 ლარი. “

 

 

პარკირების წესებს „ ბათუმის პარკინგი“ ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით არეგულირებს. ამ დადგენილებით კომპანიას მხოლოდ პარკინგის ორგანიზება ევალება, ტერიტორიის მოწესრიგება მის მოვალეობებში არ შედის. 

ბათუმის საკრებულოს დილემა

„თუ გიორგი კირთაძემ არ დანიშნა სხდომა, მაშინ საკრებულო თვითონ იკრიბება და სხდომას წარმართავს თავმჯდომარის მოადგილე. თუ არც მოადგილე გამოცხადდა, მაშინ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ჩაატარებს” – აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. თუ საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა 12 დეპუტატი და მიიღო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მაშინ გიორგი კირთაძე თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. თუ 12-დან ერთი დეპუტატი მაინც არ მისცემს ხმას გიორგი კირთაძის გადადგომას, მაშინ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და იმავე საკითხის გატანა მხოლოდ სამი თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ჩავლეიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ რიგგარეშე სხდომაზე ის თორმეტი დეპუტატი, რომლებმაც წერილობით დაუჭირეს მხარი გიორგი კირთაძის გადადგომას, საკრებულოს სხდომაზეც იმავე პოზიციაზე იქნება: „ვერ გეტყვით, როცა შეიკრიბება საკრებულო, იმ წუთში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, ამის გარანტია არავის აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხდომაზე თორმეტი კაცი მოვა. დანარჩენი წევრებიც მოვლენ და მათი ხმაც იქნება გადამწყვეტი.“

საკრებულოს წევრთა პოზიციის მიუხედავად, გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ მისი გადადგომის საკითხი საკრებულომ ერთი თვის წინ ჩატარებულ რიგგარეშე სხდომაზე ჩააგდო, „შესაბამისად, მათ აღარ აქვთ უფლება, ჩემი გადადგომის საკითხი კვლავ დააყენონ“ _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, მთვარისა ცივაძის განცხადებით, პირველი სხდომა, რომელზეც გიორგი კირთაძე საუბრობს, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარებულა. შესაბამისად, საკითხი არ ჩაითვლება ჩავარდნილად და საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (33-ე მუხლი), ითვალისწინებს ამ საკითხის ხელმეორედ დაყენებას. „საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი“ – განმარტავს იურისტი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს მისი გადადგომა 16 თებერვლამდე მაინც არ შეუძლია: „19 ნოემბრის სხდომაზე მათ მიეცათ ჩემი გადადგომის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. კანონში წერია, „თუ საკრებულომ ვერ შეძლო გადაყენებაო“. კვორუმი რომ არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ საკრებულომ ვერ შეძლო გადაყენება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ამ საკითხის გამოტანა შეუძლიათ 19 თებერვალსაც. უბრალოდ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელი უნდა აწიონ ჩემ გადადგომაზე, ალბათ მეტი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს“.

საკრებულოში ამჟამად 23 წევრია, აქედან 12-მა წევრმა გიორგი კირთაძის გადადგომას წერილობით უკვე დაუჭირა მხარი.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულოს ნაციონალ წევრებს, რომლებიც სულ 14 იყო დარჩენილი, სამი დეპუტატი კიდევ გამოაკლდა. ესენი არიან: ბესო ჭოხონელიძე, თამაზ გორგილაძე და გია გაბაიძე. „რამდენადაც მე ვიცი, წინა ხელისუფლების პირობებში ისინი იყვნენ წნეხის ქვეშ, ახლა გათავისუფლდნენ და უნდათ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ, ამიტომ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა“ – ამბობს ჩავლეიშვილი.

ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი კირთაძის გადადგომის შემთხვევაში თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა იქნება განხილული.

ამ თემას გიორგი კირთაძე გუშინ, 29 იანვარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი კირთაძე განცხადებას აქვეყნებს

„ მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბერს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდენ საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რის გამოც საკრებულოს რიგარეშე სხდომა ვერ შედგა და საკრებულომ ვერ შეძლო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის – საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენება.

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ თუ საკრებულომ  ვერ შეძლო  საკრე­ბულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი მიზეზით (საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ  დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა.შ.)საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურების დაწყება.

 

 

ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით:


ვინაიდან გასული არ არის კანონით განსაზღვრილი აკრძალვის 3 თვიანი ვადა, თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენების  საკითხთან დაკავშირებით  საკრებულოს წევრთა 2013 წლის 23 იანვარის  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განმეორებით პროცედურების დაწყება და საკრებულოს სხდომის მოწვევა დაუშვებელია.

 

 

  ვინაიდან  საკრებულოს წევრთა  2013 წლის 23 იანვარის   წერილობითი მოთხოვ­ნით განსაზღვრული მე-2 საკითხი  (საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა) გამომდინარებს პირველი საკითხიდან ამდენად შეუძლებელია ასევე ამ საკითხის განხილვა.

 

ამასთან თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (გადაყენება, გადადგომა და ა.შ.) საკრებულოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს მომდევნო უახლოეს სხდომაზე და არა იმავე სხდომაზე, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება.

 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია თქვენს მიერ დასმულ საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა.“

„ბათუმის არქიტექტურული ძეგლები“ ერთ წიგნად

„ ბოლო პერიოდში, როცა ჩვენ ვთქვით, რომ უნდა დაგვეწყო კულტურული ძეგლების რესტავრაცია, ბევრი არ გვეთანხმებოდა. მაგრამ ეს იყო საჭირო და ეს მაინც გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ჩვენი ქალაქი გვიყვარს.“ – ეს განცხადება ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს საკრებულოს დარბაზში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მერიის მორიგი გამოცემა „ბათუმის არქიტექტორული ძეგლები“ ბათუმში არსებული 196 – მდე ძეგლის აისტორიულ -არქიტექტურულ დახასიათებასა და ფოტოალბომს აერთიანებს.

ნანი გუგუნავა

წიგნის გამოცემაზე ბათუმის  საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის  კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე, პროფესორი რამაზე სურმანიძე, არქიტექტორი გია ბაღოშვილი, ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი და სხვები ორი წლის მანძილზე მუშაობდნენ.

„ბათუმის არქიტექტურული ძეგლების“  გამოცემა ბათუმის მერიას 25 000 ლარი დაუჯდა.  წიგნი 1000 ცალიანი ტირაჟით გამოიცა.

პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა მერიის წინააღმდეგ

მოსახლეობა მერიასთან

რამდენიმე წლის წინ დაგვირიგეს მემორანდუმები სადაც მითითებული იყო, რომ ბარაკები, სადაც ვცხოვრობთ, უნდა დაშლილიყო და დასრულდებოდა თუ არა ბინები, დავკმაყოფილდებოდით. მშენებლობა დასრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ აღარავის ვახსოვართ.  ეკომიგრანტებს ეკუთვნისო – გვითხრეს. ჩვენს ბარაკებში უკვე ცხოვრება შეუძლებელია,  ზოგს ჭერი აქვს ჩამოვარდნილი, ზოგს იატაკი აქვს ჩავარდნილი. ზოგიერთს კი ეს ყველაფერი ერთად -“  უთხრა შორენა დუმბაძემ „ბათუმელებს“.

მერიასთან გაფორმებულ მემორანდუმში, რომელშიც 2008 წლით თარიღდება და რომელსაც ხელს ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე აწერს ნათქვამია, რომ მერია ამ მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებს მზადყოფნას  ბათუმის 330 -ე კვარტალში მცხოვრებ იმ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესება უზრუნველყოს, რონმელთაც კომპაქტურად, თვითნებურად აქვთ დაკავებული  თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. მემორანდუმის მიხედვით  ამ მიზნით მერია იღებდა ვალდებულებას, რომ გამოაცხადებდა პირობიან აუქციონს  მრავალბინიანი სახლების ასაშენებლად. ერთერთი სააუქციონო პირობით კი  ბარაკისა და მიმდებარე ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ამ ბინებში თითოეული ოჯახი 50 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.

გიორგი კირთაძესთან შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მათ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას შეპირდა სანაცვლოდ კი მათგან მემორაბდუმის ჩაბარება მოითხოვა.

გიორგი კირთაძე: „რამდენიმე დღის წინ საკრებულოში შემოვიდა წერილი თამარის დასახლებაში, ბარაკებში მცხოვრები მოქალაქეებიდან. ისინი ითხოვდნენ, რადგან სოციალური სახლი ვეღარ შენდება, მის ნაცვლად გაგვიფორმეთ ნაკვეთები, რომლებზეც ვცხოვრობთო. ვინც ამ კატეგორიაში გადიოდა, გავუშვი იურისტებთან რათა დაგვეწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა. მათ აქვთ საკმაოდ ლოგიკური მოთხოვნა.  დღეს იყო მეორე კატეგორიის ხალხიც მოსული, თამარის დასახლებაში არის ასევე სამი ბარაკი, სადაც ერთსახურავქვეშ დაახლოებით სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს. მათთან მიმართებაში განხვავებული მიდგომები იქნება აუცილებლად, იმიტომ, რომ იმ ოჯახებისათვის, რომლებიც ბარაკებში ცხოვრობენ,  შესაძლებელია სახლისა და ნაკვეთის გაფორმება მემორანდუმზე უარის თქმის სანაცვლოდ, ანუ თუ გავაუქმებთ მემორანდუმს, მიწა  უნდა დავუკანონოთ.

 

პირველ ადგილზე თურქეთი, მეორეზე – რუსეთი

 2012 წელს რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში?

 

თუკი განვიხილავთ წმინდა ციფრობრივ მაჩვენებლს, 2012 წელს ინვესტიციები მთლიანობაში განხორციელდა 152 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით ეს გახლავთ 2%-იანი ზრდა. თუ კი გადავხედავთ გასული წლების დინამიკას, საშუალოდ 2,5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ყველაზე მაღალი საინვესტიციო აქტიურობა დაფიქსირდა 2007 წელს _ 170 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, 2008 წელს კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, მკვეთრად დაეცა ინვესტიციების დონე.

2012 წლისათვის გვაქვს შემდეგი სურათი: მშენებლობის სექტორზე მოდის ინვესტიციების 62 %, ტურიზმზე _ 32 %, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 3%-ს, მრეწველობაზე მოდის 2%, ხოლო სხვა დარგებსა და სექტორებზე _ დარჩენილი 1%. ამასთან, საინვესტიციო პროექტების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ქონების პრივატიზებასა და ეფექტურ მართვასთან. ამ თვალსაზრისით 2012 წელს სულ დაიდო 185 საინვესტიციო-საპრივატიზებო ხელშეკრულება, მათ შორის, 119 ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ფორმით, 41 პირდაპირი მიყიდვის წესით, 14 უპირობო აუქციონის, ხოლო 11 _ პირობიანი აუქციონის ფორმით.

 რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ინვესტიცია რეგიონში?

 

2012 წლისათვის ინვესტიციების 65% მოდის თურქეთზე, 21% _ რუსეთზე, 4-4% _ უკრაინასა და ყაზახეთზე, 3% სომხეთის რესპუბლიკაზე, თითო პროცენტი იტალიასა და აშშ-ზე. 2011 წელს ყაზახური ინვესტიციების წილი შეადგენდა 75%-ს, 14 % მოდიოდა თურქულ ინვესტიციაზე, 5% _ სომხეთის რესპუბლიკაზე, 4 % _ უკრაინაზე და 2% _ რუსეთზე. 2011 წელს ყაზახური ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წონა განპირობებული იყო სასტუმრო `რედისონის~ მშენებლობის დასრულებით, 2012 წლისათვის გაიზარდა ინვესტიციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში თურქეთის რესპუბლიკიდან, ასევე საკუთრივ 2012 წელს დაწყებული პროექტების ინვესტირების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შედარებას, ინვესტიციების დაახლოებით 60% მოდის ადგილობრივ კომპონენტზე, ხოლო 40% _ უცხოურ ინვესტიციებზე. თუკი გავაანალიზებთ ბოლო წლების დინამიკას _ ადგილობრივი ინვესტიციების ხვედრითი წონა უცხოურ საინვესტიციო ნაკადებთან შედარებით იზრდება. ეს ტენდენცია თვალშისაცემია 2008 წლიდან. ამას თავისი ახსნა აქვს, კერძოდ, ადგილობრივი კომპონენტი იმიტომ იზრდება, რომ მშენებლობის სექტორში ძირითადი ადგილობრივ ინვესტორები არიან, ამ სექტორის წილი კი ყველაზე მაღალია მთლიან საინვესტიციო პორტფელში. აქ არ იგულისხმება სასტუმროების მშენებლობა, ასეთი კაპიტალდაბანდება მიეკუთვნება ტურიზმის სექტორის.

 

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

 საინვესტიციო გარემო როგორი იყო 2012 წლის ოქტომბრამდე და რა შეიცვალა ბოლო სამ თვეში?

 

ამ კუთხით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. უპირველესად ეს არის საინვესტიციო მარკეტინგის მიმართულება, რაც გულისხმობს ონლაინსაინფორმაციო სისტემების მეშვეობით რეგიონის საინვესტიციო ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას, საპრეზენტაციო მასალების განახლებას და ტირაჟირებას, ასევე რეგიონისათვის მნიშვნელოვან საინვესტიციო ტურებში, ბიზნესფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მეორე მიმართულება გახლავთ საინვესტიციო კვლევები, რაც, ფაქტობრივად, ნოვაციაა. ჩვენი საინვესტიციო მიდგომა ეყრდნობა პრინციპს _ რეაქტიულიდან პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკისაკენ. ეს ნიშნავს, რომ გავაანალიზოთ, შევაჯეროთ და განვსაზღვროთ განსახორციელებელი აქტივობები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ საინვესტიციო რისკები. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კვლევებს, რაც დაუკავშირდება რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზს, ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას, უძრავი ქონების ბაზრის კვლევას, პოსტპრივატიზაციული და პოსტსაინვესტიციო შეფასებებს, აქტივების რუკისა და ბიზნესპორტფელების ფორმირებას. ყოველივე კი დაგვეხმარება იმაში, რომ ერთი მხრივ საინვესტიციო პორტფელი გავხადოთ დივერსიფიცირებული, ხოლო მეორე მხრივ მოვახდინოთ საპრივატიზაციო და იჯარით გადასაცემი ობიექტების ე.წ. საინვესტიციო შეფუთვა, რაც ხელს დაეხმარება პოტენციურ ინვესტორს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში.

ვგეგმავთ საინვესტიციო ციკლის სრულყოფას: თითოეული პოტენციური ინვესტიცია უნდა შეფასდეს გულმოდგინეთ, _ კომერციული, ფისკალური, სოციალური, ეკონომიკური და ინტეგრირებული საინვესტიციო ეფექტების მხედველობაში მიღებით. ასევე მნიშვნელოვანია არსებული და პოტენციური ინვესტორების, შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების საინფორმაციო ბანკის ფორმირება და მუდმივი განახლება. ვმუშაობთ იმაზე, რომ საინვესტიციო პროცესი გავხადოთ გამჭვირვალე.

შემდეგ მიმართულებას შეიძლება პოსტსაინვესტიციო აქტიურობა ვუწოდოთ. ეს ნიშნავს უკვე არსებული საინვესტიციო პროექტის შეფასებას, იმის დადგენას, ნამდვილად მივიდა თუ არა ბოლომდე კონკრეტული საინვესტიციო პროექტი და რამდენად შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ეფექტიანობას, ასევე თუ როგორ აფასებენ არსებული ინვესტორები რეგიონის საინვესტიციო და ზოგადად ბიზნესგარემოს თვალსაზრისით.

 2013 წელს, წინასწარი პროგნოზით, რა ოდენობის ინვესტიციას ელოდებით?

თუკი პროგნოზირების საბაზისო ელემენტებად ავიღებთ რამდენიმე ფაქტორს: 1. მოქმედი საინვესტიციო პროექტების მოცულობა, რომლებიც გრძელდება 2013 წელს; 2. პროექტებს, რომელთა დაწყებაც ხელშეკრულებით უკვე გათვალისწინებულია 2013 წლისთვის; 3. იმ პოტენციური საინვესტიციო პროექტების მოცულობას, რასაც ვამუშავებთ ან წლის განმავლობაში შემოვა საინვესტიციო წინადადებების სახით; 4. ჯერ კიდევ მოლოდინისა პროცესში მყოფი სენსიტიურ ინვესტორთა პროექტები, რომლებიც გააქტიურდება კონიუნქტურის შესაბამისად. ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, 2013 წლისათვის უნდა ველოდოთ საინვესტიციო ნაკადების ზომიერად ზრდად დინამიკას, თუმცა არის რამდენიმე მსხვილი პროექტი და საინვესტიციო აქტიურობაც შეიძლება იყოს მკვეთრად აღმავალი. ციფრობრივად ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

რა პროექტებია დაგეგმილი 2013 წელს?

 

გვაქვს მიმდინარე და დამუშავების პროცესში მყოფი, ანუ პოტენციური საინვესტიციო პროექტების ბაზა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, მშენებლობასთან, გადამამუშავებელ მრეწველობასთან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინვესტიციისათვის, ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც იქნება რეალური და შემოგვთავაზებს რეალურ საინვესტიციო პროექტს. უმთავრესი მაინც ის არის, რომ ამ პროცესში სახელმწიფოსა და ინვესტორის, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა უნდა იყოს მაქსიმალურად სტერილური და კრისტალიზებული, რადგან საინვესტიციო გარანტიებს უნდა ქმნიდეს საკანონმდებლო ბაზა და არა კონკრეტული პიროვნებები ან ინსტიტუციები. ხოლო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საინვესტიციო–საპრივატიზაციო პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვა, ისევე როგორც აღებული ვალდებულებების შესრულება, სახელმწიფოს საიმედოობის უპირველესი საინვესტიციო ბარომეტრია.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამების პრეზენტაცია გამართა

სასათბურე-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მეფუტკრეობის განვითარება, ნიადაგის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა – ასეთია პროგრამების არასრული ჩამონათვალი.

 

„ ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ მეცნიერებთან, ფერმერებთან და მივიღოთ მაქსიმალური შედეგი იმისათვის რომ განვითარდეს და წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა. შედეგი რა იქნება, ჩვენი მოსახლეობა სოფლად იცხოვრებს კარგად, იცხოვრებს ისე რომ  ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი, რეგიონი მაქვს მხედველობაში სოფლად ცხოვრობს, და ბოლოსდაბოლოს უნდა დადგეს დრო იმისა რომ  მოსახლეობამ მიაღწიოს წარმატებებს. თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ეს არ იქნება მარტივი ის საკითხი და ეს არ იქნება საკითხი, რომელიც გადაწყდება რამდენიმე  თვის ან კვირის განმავლობაში. მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის რომ მოკლე დროში შესაძლებელი იყოს ჩვენი ფერმერების, მოსახლეობის ფეხზე დადგომა,“ –  განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

 

 

12 მედალი აჭარას

50 კგ
1 ირაკლი შავაძე (აჭარა)
2 დავით სანიკიანი (ქუთაისი)
3 დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
3 კახა ირემაძე (აჭარა)

60 კგ
1 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
2 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3 ლაშა მარიამიძე (თბილისი)
3 მურად მიქელაძე (აჭარა)

74 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 ტარიელ კეკელიძე (აჭარა)
3 დავით კუჭაშვილი (ოზურგეთი)
3 ზეზვა აბრამიშვილი (გარდაბანი)

96 კგ
1 კუკური კირცხალია (სენაკი)
2 ბექა კანდელაკი (თბილისი)
3 ლაშა შალიკაშვილი (თბილისი)
3 ნუკრი ფერსელიძე (აჭარა)

27 იანვარი

55 კგ
1 ედნარ შავაძე (აჭარა)
2 რამაზ ზოიძე (აჭარა)
3 ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)
3 ირაკლი ქადაგიშვილი (თბილისი)

66 კგ
1 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
2 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
3 ამირან შავაძე (აჭარა)
3 ლაშა ებილაშვილი (გარდაბანი)

84 კგ
1 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)
2 ლევან ყუფარაშვილი (გარდაბანი)
3 აკაკი კანდელაკი (თბილისი)
3 ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო)
 
120 კგ
1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2 ზურაბ გედეხაური (გარდაბანი)
3 ზურაბ პატარიძე (ქუთაისი)
3 გიორგი გულბიანი (ქუთაისი)

მშვილდოსნება ადგილები გაინაწილეს

ქალთა შორის (დიდები):
1. დიასამიძე ასმათი
2. ვერულიძე ლანა
3. ნარიმანიძე ხათუნა
მამაკაცთა შორის (დიდები):
1. ბასილაძე ტარიელი
2. ქადიძე ტარიელი
3. კაკაბაძე გიგა

ახალგაზრდები


გოგონები:
1. აბულაძე მედეა
2. ფუტკარაძე ციალა
3. დევაძე ნინო
ვაჟები:
1. ფარსენაძე არჩილი
2. შაინიძე გიორგი
3. შუშაძე მამუკა

აჭარის ნაკრები 3–5 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს საართველოს პირველობაში, რომელიც თბილისში, დახურულ დარბაზში გაიმართება გაიმართება.

მეთევზეების პროტესტი ბათუმში

„ყველანაირად ცდილობენ რომ თევზისჭერის უფლება წაგვართვან. ისედაც ყველა წუთში გვსდევენ და გვამოწმებენ, რომ ზონას არ გავცდეთ. ფსკერულ ბადეს რომ გადავცდეთ, 50 000 ლარია ჯარიმა, ადლიის ზონა იყო დაშვებული და ჩაქვის მილნახევრიანი ზონა. ადლიაში უკვე აგვიკრძალეს. მოვითხოვთ, რა ზონებიც იყო, ის დაგვიბრუნონ, ისედაც მცირეა და კიდევ შეზღუდვები…“ –  ამბობს გემი „ელდორადოს“ კაპიტანი ჭაბუკ დევდარიანი.

„არანაირი გაფრთხილება არ მიგვიღია, შემთხვევით გავიგეთ. სანაპირო დაცვამ გვითხრა რაღაც ბომბებია აღმოჩენილიო. ისედაც მცირე მონაკვეთში გვქონდა თევზჭერის უფლება და ისიც შეგვიზღუდეს. დღეს სამუშაოდ უკვე ვეღარ გავედით, დაგვიკეტეს რაიონები“- აცხადებს გემი „კარგოს“ კაპიტანი რეზო ნაკაშიძე.

საქართველოს მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის დავით ნიკურაძის განცხადებით,  მეთევზეები პრაქტიკულად  ზღვაში ვერ გადიან და სამუშაოს გარეშე რჩებიან, „რადგან სანაპირო დაცვაში გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო, თუმცა დადგენილება ან რაიმე ბრძანება არ გვინახავს, ამიტომ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რომ მეთევზეები იყვნენ უკმაყოფილო, საბოტაჟის ნიშნებია“.

მეთევზეები ამბობენ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს: „მივმართავთ აჭარის მთავრობასაც და ენერგეტიკის სამინისტროსაც, რომ საბოლოოდ დარეგულირდეს ეს საკითხი. თევზჭერის უფლება მხოლოდ თურქულ კომპანიებს აქვთ. მათ ლიცენზია ათი წლით აიღეს, ჩვენ ისედაც მცირე მონაკვეთები გვქონდა და იქაც აღარ გვიშვებენ“.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის უფროსის, ირაკლი ჭავჭანიძის განცხადებით, აღნიშნულ სამსახურს რაიმე ახალი შეზღუდვები არ დაუწესებია. „ფსკერული ტრალით თევზჭერა ყოველთვის შეზღუდული იყო, რადგან ასეთი მეთოდით თევზჭერა ძალიან დიდ ზიანს აყენებს ფსკერს, მაგრამ მეთევზეების თხოვნით 2011 წელს მაინც დაიშვა. თევზჭერა დაშვებულია ბათუმის, ჩაქვის სანაპიროებში და ჩოლოქიდან ფოთამდე. ადლიიდან სარფამდე კი ყოველთვის აკრძალული იყო, ახლა კი მოუნდათ მაქაც ითევზაონ. ამ მეთოდს თუ დავუშვებთ მეცნიერთა აზრით, თევზი საერთოდ გაქრება.“

ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი ციფრებში

 

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ გამოსცა ორგვერდიანი გაზეთი – „ბათუმის ტრანზიტი“. გაზეთის პირველი გვერდი რუსულ ენაზეა შედგენილი, ხოლო მეორე – ქართულად.

 

გამოცემის ცნობით, „2012  წლის  11 დეკებრისათვის  ბათუმის ნავთობტერმინალმა  4 910 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები  გადატვირთა. შესაბამისად, 2012  წლის საწარმოო გეგმა ვადამდეა შესრულებული. 5189736.9 ტონათხევადი ნახშირწყალბადოვანი ნაერთები გადაიტვირთა ბათუმის ნავთობტერმინალში 2013 წლის  1 იანვრის  მდგომარეობით“.

 

გამოცემის ცნობით,  წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა არსებობის მანძილზე ყველა რეკორდი მოხსნა:

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გადაჭარბებით შეასრულა 2012 წლის გეგმა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის არსებობის მანძილზე. 2012 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვა შეადგენს 1 531 ათას ტონას. გადატვირთვების მოსალოდნელი წლიური მოცულობა  გეგმას 2%-ით გადააჭარბებს“.

 

გამოცემა ასევე აქვეყნებს 2012 წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადაზიდული მშრალი ტვირთის ოდენობას: „გადაზიდულია 1 576 875,49  ტონა მშრალი ტვირთები, რაც 76 875,49 ტონით (5,13%)  მეტია დაგეგმილ მოცულობაზე და 3,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ნავსადგურის მშრალი ტვირთების გადაზიდვაში ლიდერის პოზიციები ძველებურად უჭირავს შაქრის ნედლეულს (30,2 %) და ამონიუმის გვარჯილას (21,8 %) – გეგმა  შესრულდა 100%-ით და გადაჭარბებაა 20,5%-ით.

 

გეგმა გადაჭარბებით შესრულდა  ასევე  რკინის  პროდუქციაზე – 3 493,96  ტონით (18,57%) და ძირითად ტვირთებზე – 4 084,62 ტონით (3,47%). სააღრიცხვო   პერიოდისთვის ნავსადგურმა დაამუშავა 702 გემი. ნავსადგურის ტვირთნაკადში  შეიმჩნევა ცვლილებები, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების წილი  გათანაბრდა  და საანგარიშო წლისათვის შეადგენს 37-37%.

 

ბათუმის საზღვაო   ნავსადგურის  გავლით გადატვირთული სატრანზიტო  ტვირთის  მიმღებ  ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს აზერბაიჯანი. 2012  წლისათვის ამ ქვეყანაზე მოვიდა სატრანზიტო ნაკადის 93,67%. საიმპორტო ტვირთების  დიდი ნაწილი  მოდის თურქეთიდან.  

 

ძირითად ტვირთ – სამშენებლო მასალა.

 

მეორე ადგილი უკავია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, საიდანაც იმპორტირებულია 115 471,40 ტონა მანგანუმი და კოკსი. მესამე ადგილზეა ბრაზილია, რომელმაც მოგვაწოდა 105 053,10 ტონა შაქრის ნედლეული და 2 300 ტონა სოიო.

 

2013 წლის ბათუმის საზღვაო  ნავსადგურის საწარმოო  პროგრამის  გეგმა  მშრალი ტვირთებისთვის შეადგენს 1 800 000  ტონას“. 

 

ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური Batu mi Industrial Holding Ltd”-ის სტრუქტურაში შედის, რომლიც თავის მხრივ “ყაზტრანსოილის” შვილობილი კომპანიაა. 

 

ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგსა და შესაბამის კომპანიებს 2012 წლის დეკემბერიდან ტალგატ ბაიტაზიევი მართავს.

 

ახალი კადრები გარემოს დაცვაში

ცაგო კახაბერიძე

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტოს აჭარის სამსახურის უფროსის, ყოფილი პროკურორის ავთანდილ კილაძის წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ მისი ადგილი მამუკა ჩანტლაძემ დაიკავა.

 

 

 2008-2009 წლებში აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; ბათუმი – ქობულეთის სასამართლოს მანდატურის უფროსი, ბათუმის ბულვარის საქმეთა მწარმოებელი გამწვანების სფეროში; 2013 წლის 10 იანვრიდან კი გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი – ქრონოლოგიის დაცვით ასე გამოიყურება აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ბოლო წლების შრომითი ბიოგრაფია.

 

 

„ჯერ სიტუაციის გაცნობით ვართ დაკავებული. ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ გაზაფხულიდან ჩვენი სამსახური ინსპექტირების ახალ ეტაპზე გადავა. მაქსიმალურად გავმკაცრდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დანაშაულებრივი ქმედებები გარემოსდაცვით სფეროში შემცირდეს. ნომერი პირველი პრობლემა ჩვენთვის მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღება და ტყეების მასობრივი  ჭრაა. გაზაფხულიდან სააგენტოს თანამშრომლები, რომლებსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ, ამ კუთხით კონტროლს გაამკაცრებენ.“ – უთხრა მამუკა ჩანტლაძემ „ბათუმელებს.“

 

 

აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოში სულ 18 ადამიანია დასაქმებული, ახალი უფროსის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. სამსახური რეგიონში გარემოსდაცვითი დარღვევების ინსპექტირებაზეა პასუხისმგებელი.

 

 

ახალი უფროსის ვახო წულაძის დანიშვნის შემდეგ ახალი სახეები აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოშიც გამოჩნდნენ; სამმართველოს უფროსს ორი ახალი მოადგილე და ერთი თანაშემწე ჰყავს.

 

 

პორველი  მოადგილე ჯემალ ნაკაშიძეა, რომელიც  2011-2012 წლებში ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გენერალური ინსპექციის უფროს ინსპექტორად მუშაობდა. მანამდე კი მას სხვადასხვა დროს  უშიშროების სამინისტროს გამომძიებლად, ფინანსთა სამინისტროს პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს გამომძიებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს გამომძიებლად და სხვა მაღალ თანამდებობებზე აქვს ნამუშევარი.

 

 

მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი ფინანსისტი ვახტანგ წულაძე მუშაობს, მის შრომით გამოცდილებაში მეტი წილი საბანკო საქმეებზე მოდის, გარემოს დაცვით საკითხებთან კი მას შეხება მხოლოდ 2005- 2006 წლებში ჰქონდა, ამ პერიოდში ის სამმართველოს საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

 

 

სამმართველოს უფროსის ახალი თანაშემწე კი არჩილ კუპრეიშვილია, რომელიც მედიასთან ურთიერთობასაც ითავსებს.

 

295 ათასი ლარი სასაფლაოს რეაბილიტაციისათვის

ფერიის სასაფლაოზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. შედგენილია პროექტი, რომლის მიხედვითაც სასაფლაოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უნდა განხორცელდეს.

 

 

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასაფლაოს ტერიტორიის კაპიტალური შემოღობვა და ახალი ჭიშკრების მონტაჟი, ასევე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგების მიზნით, კაპიტალური საყვავილე ჯიხურების მშენებლობა და სხვა სამუშაოები.

 

 

პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 295 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია თებერვლის შუა რიცხვებში, ტენდერის საშუალებით გამოვლინდება. 

 

მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

ჭოროხის კალაპოტი და მოსალოდნელი პრობლემები

მდინარე ჭოროხი

წლების განმავლობაში მდინარე ჭოროხი აჭარის სანაპიროს ბუნებრივი ნატანით კვებას უზრუნველყოფდა. სპეციალისტის განმარტებით, ჩამოტანილ მასას ზღვა სანაპიროს გასწვრივ ანაწილებდა, რაც პრობლემურ უბნებს წარეცხვისაგან იცავდა. თურქეთის რესპუბლიკაში დერინერის კაშხალის ამოქმედებამ სანაპიროს ბუნებრივი კვების პროცესის შეწყვეტა გამოიწვია და ზღვის წყალმა განსაკუთრებული აქტიურობით ადლიის სანაპიროს მიტაცება დაიწყო. პრობლემის მოგვარების მიზნით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ადლიის სანაპიროს ყოველწლიურად ჭოროხის დელტიდან ამოღებული მასებით ხელოვნურად კვებავს, რაც სანაპიროს გამაგრების მიზნით დადებით შედეგს იძლევა, თუმცა ეს პროცესი მდინარის კალაპოტის მდგომარეობას თანდათან უფრო ამძიმებს.

„ამას შეიძლება მოყვეს ის, რომ ინერტული მასების მსხვილი ფრაქცია, რაც ჯერ კიდევ არსებობს, კალაპოტში აღარ გვექნება. ის მცირედი მოცულობა კი, რასაც მდინარე შემოიტანს, საერთოდ არ მოხმარდება ნაპირებს. ჭოროხი არამარტო ვეღარ უზრუნველყოფს ზღვის სანაპიროს, არამედ მდინარის სანაპიროს მდგრადობასაც შეექმნება საფრთხე და შესაბამისად გააქტიურდება გვერდითი და სიღრმითი ეროზია. თუ კარგად დავაკვირდებით მდინარის კალაპოტს, დავინახავთ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მარტივად დააკვირდით, მდინარეზე როგორც გონიოს, ასევე მახოს ხიდების ბურჯები საკმაოდ  ამაღლებულია, რაც იმას ნიშნავს რომ კალაპოტმა დაიწია და ავარიულ მდგომარეობაშია.“ – ამბობს საშა ხორავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი.

მდინარის დელტიდან ქვიშა-ხრეშის ამოღებას მხოლოდ ადლიის სანაპიროს გამაგრების მიზნით არ აწარმოებენ. მდინარის რესურსებით ბევრი სამშენებლო კომპანიაც სარგებლობს, რომლებიც კალაპოტიდან გარკვეული მოცულობის ქვიშა-ხრეშის ამოღებაზე წინასწარ დადგენილი ვადის განმავლობაში ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან იღებენ. გადაცდომის შემთხვევებისა და უკანონოდ ამოღების კონტროლი კი გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის პრეროგატივაა. გასულ წელს ამ სამსახურმა მდინარე ჭოროხიდან ქვიშა ხრეშის უკანონოდ (ლიცენზიის გარეშე) ამოღებისათვის ორი კომპანია, ლიცენზიის პირობების დარღვევით ამოღებისთვის კი კიდევ ერთი კომპანია დააჯარიმა. 2013 წლის იანვრის დასაწყისში მდინარიდან მასების უკანონოდ ამოღებისთვის შპს „ნიუ-ენერჯი“ დაჯარიმდა.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გადმოგვცემს კოორდინატებს, რომლის მიხედვითაც ვახდენთ ფართობის გადამოწმებას. სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდება. გადაცდომის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციის გარდა გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა და მისი ანაზღაურებაც ეკისრება დამრღვევს.“ – განმარტავს სააგენტოს სპეციალისტი ელდარ ცინცაძე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წიაღის უკანონოდ ლიცენზიის გარეშე ამოღების შემთხვევაში ათასიდან ათას ხუთას ლარამდე ჯარიმას, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კი ხუთასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

არსებობს მოსაზრება, რომ კანონდამრღვევ კომპანიებს რისკზე წასვლა უღირთ, რადგან ჯარიმის ოდენობა სალიცენზიო მოსაკრებელზე ბევრად ნაკლებია, სპეციალისტების მოსაზრებით კი მდინარის კალაპოტის მდგომარეობის დამძიმებას ვერც მაკონტროლებელი ორგანოს და ვერც კანონის გამკაცრება ვეღარ უშველის. საშა ხორავას თქმით ერთადერთი გამოსავალი მდინარეების დელტიდან სამშენებლო მასალების ამოღებაზე კომპანიებისთვის ლიცენზიის გაცემის შეწყვეტაა. „მასების ამოღება მხოლოდ ნაპირგამაგრებისთვის უნდა იყოს შესაძლებელი, კომპანიები კი მთის კარიერის დამუშავებაზე უნდა გადავიდნენ, სხვა მხრივ მდგომარეობის დამძიმება გარდაუვალია.“ – ამბობს საშა ხორავა.

იგივე მოსაზრება აქვთ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოშიც. სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვახტანგ ბაგრატიონის თქმით, თუ მდინარის კალაპოტიდან მასების ამოღების ლიცენზია მხოლოდ ნაპირგამაგრებისთვის გაიცემა, გაადვილდება კონტროლის მექანიზმებიც, რაც დადებით შედეგს გამოიღებს.

ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით ეკონომიკის სამინისტრო ქვიშა-ხრეშის ამოღებაზე ნებართვას მაქსიმუმ ხუთი, მინიმუმ ერთი წლით გასცემს.

გურულის ოპტიმიზმი – დავრჩებით!

ბატონო გია, პირველი წრის შეფასებით დავიწყოთ

 

 

– პირველ წრეს რად უნდა შეფასება?! სატურნირო ცხრილში ჩვენი მდებარეობა ყველაფერზე მეტყველებს. ხშირად უიღბლობა გვდევდა თან. რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, თითქოსდა უნდა მოგვეგო, მაგრამ საბოლოოდ ფორტუნა ზურგს გვაქცევდა და ვმარცხდებოდით. ბევრი მომენტიც გამოუყენებელი დაგვრჩა, რამაც განაპირობა კიდეც ასეთი შედეგი.

 

 

ჯორბენაძე ერთი პერიოდი ბომბარდირებშიც იყო, თუმცა უფრო მეტ გოლს უშვებდით. დაცვის ხაზი ვერ გამოიყურებოდა კარგად. მეორე წრისთვის ამ რგოლის გაძლიერებას თუ აპირებთ?

 

 

– მართალია, დაცვის ხაზში გვქონდა პრობლემები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მეორე წრიდან ეს აღმოიფხვრება. სამი მცველი დავიმატეთ. ცენტრალური მცველი  ტყეშელაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“, ასევე მცველები ჯემალ გაბუნია („კოლხეთი“) და გიგა ჟვანია მარტვილის „მერანიდან“. ვფიქრობ, ეს ბიჭები დაცვის ხაზს გააძლიერებენ.

 

 

გუნდი დატოვა ერთერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ნიკა დიასამიძემ, რომელიც თბილისის დინამოში გადავიდა

 

 

– ნიკა მართლაც გამორჩეული და პერსპექტიული ფეხბურთელია. მან თბილისის „დინამოში“ არჩია თამაში და არც ვამტყუნებ.

 

 

სანაცვლოდ დაიმატეთ ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც ზუგდიდიდან გადმოიყვანეთ, მას თბილისის დინამოშიც უთამაშია და საქართველოს ნაკრებშიც. ის, ალბათ, ნახევარდაცვას საგრძნობლად გააძლიერებს

 

ალექსანდრე კოშკაძე
ალექსანდრე კოშკაძე

 

– კოშკაძე გამოცდილი ფეხბურთელია და მისი დამატებით დიდი ძალა შეგვემატა. თუმცა ნახევარდაცვაში მარტო ის არ დაგვიმატებია, კობა შალამბერიძეც დავიმატეთ, რომელიც ადრე პოლონეთში (ვოძისლავის „ოდრაში“, შემდეგ კი ამავე ქვეყნის „ფლოტაში“ – ი.დ.) თამაშობდა და საქართველოში დაბრუნდა.

 

 

დიასამიძის სანაცვლოდ დუშან უჰრინს თბილისის დინამოდან თითქოს ორი ფეხბურთელი უნდა გამოეშვა თქვენთან, განათხოვრების წესით. მოლაპარაკება ძალაში რჩება?

 

 

– რა თქმა უნდა. ჩვენი სურვილია გუნდში ერთი მარცხენა გარემარბი და ერთი ცენტრალური ფორვარდი დავიმატოთ, შეგულებულები გვყავს უკვე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჩვენ თბილისის „დინამოდან“ ირაკლი ლექვთაძის დამატება გვინდოდა, მაგრამ მან ბოლნისის „სიონში“ თამაში არჩია. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის გამოუშვებენ დედაქალაქიდან ჩვენთან.

 

 

როგორც ვიცი, საუბარი იყო მიხეილ ჯორბენაძეზეც, რომელსაც ქართული კლუბები ეპატიჟებოდნენ. დარჩა ის გუნდში თუ წავიდა?

 

 

– მიშა ჯორბენაძეს შეთავაზება ქუთაისის „ტორპედოდან“ ჰქონდა, მაგრამ მან ბათუმში დარჩენა ამჯობინა.

 

 

უკრაინელების საქმე როგორაა, დარჩნენ დინამოში?

 

 

– მეკარე ივან პიცანი დარჩა, ფორვარდი ალექსანდრე ტიმჩიშინი უკან დაბრუნდა. არ გამოადგა გუნდს, თუმცა გვყავს ზვიად ლობჟანიძე, რომელიც უკრაინაში თამაშობდა.

 

 

შეიძლება ითქვას, რომ მეორე წრეს დინამო აშკარად გაძლიერებული ხვდება. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ გასავარდნ ზონას თავს დააღწევთ?

 

 

– თეორიულად, უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრ სხვა გუნდსაც ემუქრება. თუმცა ის რესურსი, რომელიც ახლა გაგვაჩნია, მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს ლიგაში დარჩენას შევძლებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის.

 

 

საწვრთნელ შეკრებას თუ გეგმავთ?

 

 

– ამჟამად გუნდი ანგისის სტადიონზე ვარჯიშობს, ორ დღეში (ინტერვიუ ჩაწერილია 23 იანვარს) ქობულეთში გადავალთ საწვრთნელ შეკრებაზე, იქედან კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც დასრულდება კიდეც ჩვენი შეკრება. მერე ეროვნული ჩემპიონატიც განახლდება.

„ბათუმს“ ჩემპიონი მწვრთნელი დაუბრუნდა

ფხაკაძის განმარტებით, ყოფილი მწვრთნელი კახა კუნჭულია, გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგის გამო თანამდებობიდან განთავისუფლდა და მისი ადგილი საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა, ლევან მგელაძემ დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მგელაძე ბათუმში ადრეც მუშაობდა „დათვების“ მწვრთნელად და ბათუმელი მორაგბეების ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. „დათვებმა“ არაერთხელ მოიგეს საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი, ამას გარდა, გუნდი წარმატებულად ასპარეზობდა ევროსარბიელზეც.

ბათუმიდან წასვლის შემდეგ მგელაძეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩააბარეს, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული გუნდი გახდა. ის მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირშიც. ლევან მგელაძე „ბათუმს“ ჯერჯერობით 2013 წლის ბოლომდე უთავკაცებს.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ მატჩს „ბათუმი“  მცხეთის „არმაზის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. „არმაზი“ სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-4 ადგილზეა, „ბათუმი“ კი 14 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.

მოფარიკავეთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონატზე დაკომპლექტდება

აჭარის ნაკრები პირველობაზე ორივე ასაკში 10-10 სპორტსმენით წარსდგება. ქვეყნის ჩემპიონებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც მარტში უნგრეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, აპრილში კი ხორვატიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ქეცბაიას რჩეულები

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი), ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი”, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი”, ზესტაფონი).

მცველები: გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი (“ქაისერისფორი”, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კრილია სოვეტოვი”, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (“კრივბასი”, უკრაინა), გია გრიგალავა (“ვოლგა”, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე – “დილა”, გორი) ილია კანდელაკი (“ინტერი”, ბაქო), მამუკა კობახიძე (“ალანია”, ვლადიკავკაზი, რუსეთი).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე – “კარპატი”, ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე – “დნიპრო”, უკრაინა), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი ( ორივე – “ილიჩევეცი”, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (“იაგელონია”, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი ძარია (“დინამო”, თბილისი).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია).

ეროვნული გუნდი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 22 მარტს საფრანგეთის წინააღმდეგ „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გამართავს. 

სპორტის გაკვეთილები მაღაზიაში

ნოდარ სირაბიძე სპორტის გაკვეთილებს ზვარეს საჯარო სკოლაში 25 წელია ატარებს. ამ ხნის განმავლობაში პედაგოგს სათანადო სამუშაო პირობები არასოდეს ჰქონია. სკოლას არ გააჩნია სასპორტო დარბაზი, რის გამოც ბოლო რამდენიმე წელია პედაგოგი  მოსწავლეებს გაკვეთილებს თემის ადმინისტრაციულ  შენობაში  უტარებს.

 

ზვარეს თემის ადმინისტრაციული შენობა სკოლიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ხის ორსართულიანი შენობა მოძველებული და ნაწილი უფუნქციოდაა დარჩენილი. სპორტის გაკვეთილები შენობის პირველ სართულზე ტარდება. გაკვეთილების გარდა აქვე იმართება თემის გეგმიური ღონისძიებები და სასოფლო კრებები. როგორც პედაგოგი ამბობს, პრობლემა ყველასთვის ცნობილია.

 

 

ადმინისტრაციული შენობა სოფელ ზვარეში, სადაც სპორტის გაკვეთილები ტარდება.
ადმინისტრაციული შენობა სოფელ ზვარეში, სადაც სპორტის გაკვეთილები ტარდება.

 

„როცა კარგი ამინდია, გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ ვატარებ, კარგი მოედანი გვაქვს. ზამთარში კი გაკვეთილებს კლუბის შენობაში ვატარებ. სასპორტო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით მოთხოვნა რესურსცენტრში რამდენჯერმე დავაყენეთ, პრობლემა ყველასთვის ცნობილია, იციან ასეთ მდგომარეობაში რომ გვიწევს მუშაობა, მაგრამ დღემდე ვერ მოგვარდა პრობლემა. თითქმის  4-5 წელია რაც  საკრებულოს კლუბის შენობას  ვიყენებ გაკვეთილების ჩასატარებლად, ვერ  ვიტყვი, რომ პირობები სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ არის, არსებულით უნდა დაკმაყოფილდე“, – ამბობს პედაგოგი.

 

სოფელ კვაშტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი სპორტის გაკვეთილები სოფლის ყოფილ მაღაზიის შენობაში უტარდებათ. ამ სოფელში საჯარო სკოლა 2006 წელს აშენდა, სათანადო ინვენტარით აღიჭურვა და სოფლის მოსახლეობის თხოვნით მოეწყო სპორტული მოედანიც, თუმცა სკოლა სპორტდარბაზის გარეშე დარჩა, რადგან დარბაზის მოწყობა მშენებლობის პროექტში გათვლილი არ იყო. „სპორტის სახეობებს მოსწავლეები ირჩევენ. რადგან არ გვაქვს დარბაზი, ზამთარში გაკვეთილები მოსწავლეებს სოფლის ყოფილ მაღაზიაში უტარდებათ, მზიან ამინდში კი – ღია მოედანზე“, – ამბობს სკოლის დირექტორი ვარდო ბერიძე. სკოლას სპორტის სახეობებიდან მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი აქვს არჩეული.

 

კვაშტის სკოლისგან განსხვავებით უჩხითში საჯარო სკოლის მშენებლობისას სპორტდარბაზი გაითვალისწინეს, მაგრამ დარბაზი მცირე ზომისაა და სტანდარტს არ აკმაყოფილებს.  ეს სკოლა 2012 წელს აშენდა.

 

სკოლის დირექტორის გულნაზ ნინიძის თქმით, ახალი შენობის გახსნამდე მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებოდათ, რის ფონზეც დღევანდელი პირობები დამაკმაყოფილებელია, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს: „როცა კარგი ამინდია,  გაკვეთილები ღია მოედანზე ტარდება“, – ამბობს გულნაზ ნინიძე.

 

ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ადასტურებს, რომ ქედის ყველა საჯარო სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი. იგი განმარტავს, რომ სკოლების რეაბილიტაციისას სპორტული დარბაზების მოწყობა თვის დროზე არ იყო გათვალისწინებული და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ სკოლების რეაბილიტაციის დაგეგმარებისას აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებენ: „ყველა სკოლას სპორტული დარბაზი არ აქვს, მაგრამ აქვს გარე მოედნები, ასეთ  სკოლებს სპორტის ის სახეობები აქვთ შერჩეული, რომლებიც იმ პირობებზეა მორგებული, რა პირობებშიც უწევთ სწავლება“. 

სკოლები დაფინანსების შეცვლის მოლოდინში

გასული წლებისგან განსხვავებით წელს ისეთი სკოლები მოხვდნენ „მინუსიანი“ სკოლების რიცხვში, რომელთაც მცირეკონტიგენტიანი სკოლები მიიერთეს. მაგალითად, ასეთი სკოლების რიცხვშია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლა, რომელსაც იაკობაძეების დაწყებითი სკოლა მიუერთდა. 

 

„მინუსიანი სკოლა ვართ. საწვავის შემოტანის პრობლემა გვქონდა,  თუმცა დაფინანსება მოვიდა და საწვავს შემოვიტანთ. მიერთებული სკოლა უქმნის პრობლემებს საჯარო სკოლებს. მინუსიან სკოლად რადგან ვითვლებით, არ გვაქვს არც საკანცელარიო, არც ინვენტარის    ფული,  შუქის ფულს ძლივს ვაკოწიწებთ და რაღაცას ვიხდით“, –  ამბობს სოფელ ღურტის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნუგზარ იაკობაძე. 

 

 

ღურტის საჯაროს სკოლის მსგავსად რეგიონში „მინუსიანი“ კიდევ 10 სკოლაა. ყველა სკოლას მსგავსი პრობლემა აქვს, სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნით და ამის გამო დამატებითი თანხის მოთხოვნა უწევთ. „მინუსიანი“ სკოლების რიცხვშია ასევე სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაც, რომელსაც სოფელ ზეგარდანის სკოლა აქვს მიერთებული.

 

„წლიური 74 ათასი მაქვს დაფინანსება, ხელფასზე დაახლოებით 6 ათასი მჭირდება თვეში. მინიმუმ 500 ლარი რომ დამრჩეს ხელფასის გარდა,  თვეში დაფინანსება 90 ათასი მაინც უნდა იყოს.  ფინანსების ნაკლებობა პრობლემას ქმნის სკოლაში. ინვენტარი გვინდა. ვერაფერს ვერ ვყიდულობთ. გათბობისთვის არ გვრჩება თანხა, 2100 ლარი ჩამომირიცხეს, მაგრამ არ გვეყო“, – ამბობს  ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მახარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

„ყველა საჯარო სკოლა, რომელსაც არ ჰყოფნის თანხა საწვავის შესაძენად, აგზავნის მოთხოვნას საწვავთან დაკავშირებით. არ არსებობს სკოლა, რომელსაც ეს დამატებითი მოთხოვნა შევსებული არ ჰქონდეს და საწვავი არ მიეღოს. ანუ სახელმწიფო იმთავითვე იღებს ვალდებულებას, რომ გათბობისთვის საჭირო თანხა ეს იქნება საწვავი თუ შეშა დროულად შეუვსოს საჯარო სკოლას“, – აცხადებს „ბათუმელებთან“აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ვადაჭკორია.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლების დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ.

 

„დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები მზადდება და  სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის გახდება ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თიკო ფეიქრიშვილმა „ბათუმელებთან”.

არჩევანის გარეშე

ჯაბა ანანიძე, გადაცემა „დიალოგის“ წამყვანი

 

ჯაბა ანანიძე
ჯაბა ანანიძე


მშვიდობას გაუმარჯოს! – ქართული სუფრის პოპულარული სადღეგრძელო მახსენდება ახლა, როცა უნივერსიტეტზე ვფიქრობ. ოღონდ მშვიდობა იყოს, არჩევანი ნუ შეგვაწუხებს და ბრძოლა ნუ იქნება. აბა, ვინ იცის, ბრძოლა რა შედეგს მოიტანს და კიდევ რამდენი გაბრძოლება დარჩება საჭირო. მგონი, ეს განწყობა მეფობს უნივერსიტეტში, სადაც არჩევანი არ არის. სამაგიეროდ, არის მშვიდობა.

 

არჩევანი არ არის, რადგან მასზე უარი თქვეს არაერთხელ და ახლაც, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს საგანგებოდ შეკრებილმა აკადემიურმა საბჭომ გადადგომაზე უარი უთხრა. „მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს და უნდა დარჩეს, დასახული გეგმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს“, – თქვა „დიალოგში“ ფილოსოფოსმა ვარდო ბერიძემ, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრია.

 

რადიკალური იყო სხვა პროფესორების განწყობა, რომელთა უმრავლესობა პირდაპირ ეთერში ისე ადიდებდა ამჟამინდელ რექტორს, სკკპ-ს ყრილობაზე მეგონა თავი. რადიკალიზმი კი ერთმა მაყურებელმა გააჩინა, რომელმაც მხოლოდ არგუმენტი ითხოვა: იქნებ, გვითხრათ, რატომ არის ალიოშა ბაკურიძე ერთადერთი არჩევანიო.

 

„ალიოშა ბაკურიძის უმთავრესი დამსახურება არის ის, რომ მან სტაბილური გარემო შექმნა“ – გვითხრა პროფესორმა რამაზ ხალვაშმა, რომელიც 2008 წელს რექტორობის კანდიდატი იყო და რომელსაც აჭარის ყოფილმა პირველმა პირმა უთხრა: მე ვინც მინდა, ის გახდება უნივერსიტეტის მმართველიო.

 

მორიგ „არჩევნებზე“, გასულ წელს, ალიოშა ბაკურიძეს კონკურენტი აღარ ჰყავდა. რამაზ ხალვაშმა უკვე იცოდა, რომ თუკი რექტორობას ისევ მოინდომებდა, პრობლემები შეექმნებოდა. თავად გვითხრა, ასე მითხრესო. ეს იყო უნივერსიტეტი, სადაც უკვე რექტორების შეცვლა-გამოცვლის პროცესია წასულიყო და „სტაბილურობა“ მოსულიყო. ამ „სტაბილურობამ“ შექმნა უნივერსიტეტი, რომლის პროფესორებიც აზრის საჯაროდ დაფიქსირებას გაურბიან, სადაც დისკუსია და კამათი საშიშია და სადაც ვიდეოთვალი აღბეჭდავს იმასაც, თუ როგორ ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის, ასევე რექტორის არჩევნები არჩევანის გარეშე – მხოლოდ ერთი კანდიდატით (აქაც გაგახსენეთ სკკპ?)

 

აკადემიურ საბჭოს არ უმსჯელია საკითხზე: რატომ სურს რექტორს თანამდებობის დატოვება. მაყურებელმა მოგვწერა: სპექტაკლი იყო ეს ყველაფერი, რექტორზეა დაქვემდებარებული ეს საბჭო და რექტორს სურდა ეჩვენებინა, საბჭოს სხვა არჩევანი არ ჰქონია და სად წავიდეო.

 

ეჭვი მაქვს, ისევ პოლიტიკოსებმა მოსთხოვეს რექტორს წასვლა. არ ვიცი, ახალ ხელისუფლებას რა არჩევანი აქვს, მაგრამ მინდა, არჩევანი ყოველთვის თავად უნივერსიტეტმა გააკეთოს.

 

წერის დროს ყოველთვის ვხედავ კადრებს, რაზეც ვფიქრობ. მინდა, მეჩვენებოდეს, რადგან ეს უნივერსიტეტი დავამთავრე და მიყვარს, მაგრამ ასე ვხედავ: უნივერსიტეტი ახალგაზრდობის გაუვლელად დაბერდა, არა?

 

იგორ ობოლენსკი ბათუმში



ხვალ, 13:00 საათზე სასწავლო ცენტრი „ი-თი-აი 2000“ და აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაცია აწყობს შეხვედრას მწერალ, ჟურნალისტსა და ტელეწამყვან იგორ ობოლენსკისთან.

თანამედროვე რუსი მწერლის, იგორ ობლინსკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მონოგრაფია – „სილამაზის ხვედრი, ქართველი ცოლების ისტორია“, საქართველოში  საკმაოდ მაღალიგაყიდვად ნამუშევრად მიიჩნევა. მონოგრაფიაში 50 ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მათ შორის მერი შერვაშიძის, ნინო ჭავჭავაძის, როდამ ამირეჯიბის…

 

ორგანიზატორების ცნობით,
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, შეიძლება გამომცემლობის ფასებში შეიძინო იგორ ობოლენსკის შემდეგი წიგნები ავტორის სამახსოვრო წარწერით:

1. „სიყვარულის გამოცანა. რასპუტინი, შანელი, ჰოლივუდი“ (25 ლარი) 
2. ბარათების წიგნი: „ძველი თბილისის პორტრეტები: ქართველი ლამაზმანები” (10 ლარი);

3. ბარათების წიგნი: „ძველი თბილისის პორტრეტები: ქართველი ვაჟკაცები“ (10 ლარი);

4. საერთაშორისო ბესტსელერის „სილამაზის ხვედრი, ქართველი ცოლების ისტორია“ მეორე გამოცემა (30 ლარი)

5. ფიროსმანის ზღაპრები (10 ლარი);

6. “ვერა პროხოროვას მოგონებები რიხტერსა და პასტერნაკზე” (20) ლარი
დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა გაიმართება აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დარბაზში (ბათუმი, მელაშვილის 26).

როცა შუქი არის და მაინც არ არის

თედო ჯორბენაძე 

 

პრესკაფეს მრიცხველის კარადა
პრესკაფეს მრიცხველის კარადა

„ჯერ სად ხართ“, – ეს სლოგანი არჩევნების მერე ელექტროენერგიის გათიშვისთანავე ყველგან ისმის. აშკარად სახალისო დატვირთვა აქვს ამ გამოთქმას, მაგრამ ამჯერად ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. აჭარაში ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიაზე – „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ მინდა ვისაუბრო.

ახლა რაზეც ვწერ, განსაკუთრებით იქედან მოყოლებული მაწუხებს, რაც „პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი“ გაიხსნა ბათუმში, ანუ თითქმის ორი წელია.

 

დავიწყოთ იმით, რომ კარადა, სადაც ჩვენი მრიცხველებია დამონტაჟებული, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩაკეტილი აქვს. იქვე, უბრალო მავთულით „ჩაკეტილ“ კარადაში შეხედვის ბედნიერება კი მაშინ მერგო პირველად, როცა ის მორიგი ტექნიკური დაზიანების გამო „გახსნეს“. წარმოუდგენელი სურათი ვნახე – ფაქტობრივად, ღია კარადაში სადენები (ე.წ. სხვადასხვა ფაზები) შიშვლად იყო. დღემდე ასეა, უბრალოდ, უფრო მსხვილი მავთულით „ჩაკეტეს“.

 

ჰო და ასეთი „მოწესრიგებული“ სისტემის პირობებში რა გასაკვირია, რომ ავარიული გათიშვა და ხანძრის გაჩენის საშიშროება ლამის ყოველდღიურობად გვექცა. დამწვარი სადენების სუნი კი „არკაში“, მიუხედავად ორპირი ქარისა, მუდმივად დგას.

 

კარადა, საიდანაც ელექტროენერგია ნაწილდება, სრულიად ხელმისაწვდომია როგორც დიდისთვის, ისე ბავშვისთვის. დღემდე უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარა ამ კარადის გამოისობით, ეს უფრო იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ამ კარადას არის მიერთებული, ვიდრე „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

 

აი, მრიცხველების კარადა კი, ერთი შეხედვით, საგულდაგულოდაა ჩაკეტილი, თანაც ბოქლომით. გაგვაფრთხილეს, რომ ბოქლომი „ენერგო პროს“ საკუთრებაა და მისთვის ხელის ხლება ნებისმიერ შემთხვევაში გვეკრძალება. სხვა გზა არაა, ყოველი გათიშვის მერე კომპანიის თანამშრომელს უნდა დავუკავშირდე (აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „ენერგო პროს“ თითქმის ყველა თანამშრომლის ნომერი ზეპირად ვიცი, რადგან ყველაზე ხშირად მათ ვურეკავ. ტელეფონიც „სენსორზეა“ და ახლობლებზე უფრო ხშირად ავტომატურად მათთან გადის ზარი).

 

ერთ-ერთი ასეთი ავარიული გათიშვის გამო ადგილზე მოსულმა „ენერგო პროს“ თანამშრომელმა მითხრა, რომ გასაღები არ ჰქონდა და კარადას, რომელშიც მრიცხველი იყო, ვერ გახსნიდა. ის სხვა ელექტრიკოსს დაუკავშირდა, რომელიც ნახევარი საათის შემდეგ გამოგვეცხადა. გასაღები არც მას ჰქონდა, მითხრეს ვერ გავაღებთო, თუმცა რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ ერთ-ერთმა „პლოცკო“ მოიმარჯვა და ბოქლომის გახსნას შეუდგა.

 

გახსნა კიდეც.

 

ამას არაუშავს. კარადაში ნახევრად ჩამწვარი გამომრთველი შეცვალეს. ბუნებრივია, ახალი მე ვიყიდე და ისევ „ჩაკეტეს“ – გასაღების გარეშე. გვერდით კარადაში კი სადენები ელექტრიკოსებმა სახელდახელოდ, მავთულებით გადააბეს, ერთ-ერთი, რომელიც გავარვარებული იყო, დატოვეს, ამას არაფერი უჭირსო  და  კარებიც მავთულით „გადარაზეს“.

 

აი, რატომაც ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერ ადამიანს და, მათ შორის ბავშვსაც, შეუძლია იმ კარადის უპრობლემოდ გაღება.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“, ანუ ევროპული კომპანიის თანამშრომლების აღჭურვილობაზე ერთსაც ვიტყვი და ამ თემაზე მოვრჩები – 21-ე საუკუნის კომპანიის ელექტრიკები ისე არიან აღჭურვილები, როგორც „ილიჩის“ ნათურის შექმნის ეპოქაში. სხვათა შორის, ამის შესახებ მათ როცა ვკითხე, დაუზარებლად ამიხსნეს: ახალი ხელსაწყოები 2000 ლარი მაინც ღირს, უფროსმა გვითხრა, 200 ლარს მოგცემთ, „ზუბილა“ და ჩაქუჩი შეიძინეთ და გეყოფათო.

 

მახსოვს, როცა „ენერგო-პრო ჯორჯია“ შემოვიდა საქართველოში, ოფიციალურად ითქვა, რომ ეს კომპანია ქსელის განახლებაზე იმუშავებდა. ფასების გაზრდაც ამას მიაბეს. კომპანიის განახლებულ ქსელს კი ბათუმში არსად შევხვედრივარ. ერთადერთი, რაც ბათუმში გააკეთეს, მრიცხველებია. ძველისძველ სადენებს, რომლებიც მიწაშია დაფლული, ავარიის შემთხვევაში ელექტრიკები ისევ შიშველი ხელებით ეძებენ. ძებნას ზოგჯერ ერთ საათს ანდომებენ, ზოგჯერ – ერთ დღესაც კი.

 

ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება `პრესკაფეში~ მაშინ, როცა მორიგი ავარიის გამო შუქი „მიდის“. სრულად როცა ქრება, არაუშავს – სანთლებს ვანთებთ, მაგრამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შუქის გათიშვის პროცესიც განსხვავებულად გამორჩეული აქვს – კაფეში ხან ერთი ფაზა ქრება, ხან – მეორე. ეს იმას ნიშნავს, რომ კაფეს ნაწილი ჩაბნელებულია, მაგრამ მუშაობს, ვთქვათ, ტელევიზორი… 

 

ახლა იმასაც თუ წარმოიდგენთ, რომ ვიღაცას პროექტის პრეზენტაცია აქვს დაგეგმილი, მაგრამ ბოდიშს უხდი შუქის ჩაქრობის გამო პროექტორის მოულოდნელი გამორთვისთვის. სტუმარი ამ დროს გაფართოებული თვალებით ხან შენ გიყურებს, ხან პროექტორს და კონდიციონერს, რომელიც იქვე კედელზეა ჩამოკიდებული და თბილ ჰაერს უბერავს.

 

ცხადია, „ენერგო პროს“ მაღალ მენეჯმენტს აკრძალული არ აქვს მოქალაქეების მისვლა საკუთრივ კომპანიის ოფისში. რამდენჯერმე მეც მერგო ეს პატივი. შენობის ჰოლში, ეგრეთ წოდებულ მისაღებში უამრავი ადამიანი ირევა, კომპანიის მორიგეები ყველა მათგანს არათუ სახეზე ცნობენ, არამედ იციან მათი საცხოვრებელი მისამართებიც კი. ისინი ნაცნობები ნამდვილად არ არიან, უბრალოდ, ადამიანებს იმდენჯერ უწევთ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიაში მისვლა და განცხადების დატოვება, რომ მიმღებში მსხდომთ მათი მონაცემები ამახსოვრდებათ.

 

გავიგე, ჩეხური კომპანიის ერთადერთი ჩეხი მენეჯერი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, არჩევნების მეორე დღესვე წასულა საქართველოდან. მითხრეს, რომ ახლა კომპანიას მხოლოდ ქართველები მართავენ. აი, ამიტომაც გადავწყვიტე ამის დაწერა – ახლა სერვისის კიდევ უფრო „გაუმჯობესების“ მოლოდინში ვარ.

 

თედო ჯორბენაძე „პრესკაფეს“ მენეჯერი
თედო ჯორბენაძე „პრესკაფეს“ მენეჯერი

 


გოგი გვახარია: საბჭოთა კავშირი ადამიანებში არ დანგრეულა

რა თქმა უნდა, მენტალობა. საბჭოთა კავშირი დაინგრა ფორმალურად, მაგრამ ის ადამიანებში არ დანგრეულა. არა მგონია, ეს რუსული კულტურა იყოს, ეს საბჭოთა კულტურაა. რუსეთი ამ კულტურის მემკვიდრეა, ამიტომაც გრძელდებოდა კულტურის ექსპორტი. ეს კულტურა იმდენად არის რუსული, რამდენადაც ქართულია.

ხშირად ამბობენ, რომ რუსეთში ქართველ მომღერლებსა თუ მსახიობებს დიდ პატივს სცემენ, რუსებს უყვართ ბუბა, ნანი ბრეგვაძე და სხვა პოპულარული ქართველები. რით აიხსნება ეს სიყვარული? ნიშნავს ეს იმას, რომ რუსებს მართლა უყვართ და ესმით ქართული კულტურა?

ამ სამყაროში მორალი ორ რამეს არ გააჩნია, ეს არის პოლიტიკა და სექსი. მე მგონი, რაღაც სექსუალურ ვნებასთან გვაქვს საქმე. ქართული და რუსული კულტურა თან განსხვავებულია, თან ბევრი აქვს საერთო და ეს საერთო არ არის მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობა (თუმცა საბჭოთა მემკვიდრეობამ ეს კიდევ უფრო გააერთიანა). როდესაც ერთი დოზით არსებობს საერთო და განსხვავებული, არის სექსუალური ვნებები. არ მინდა ვთქვა სიტყვა „ავადმყოფური“ ან „ამორალური“, რადგან სექსში ეს კატეგორიები არ არსებობს, მაგრამ რაღაც ფიზიკურ ლტოლვასთან რომ გვაქვს საქმე და არა სულიერთან, ეს ფაქტია.

ნანი ბრეგვაძეც, ბუბა კიკაბიძეც რუსეთში გულწრფელად უყვართ, არანაირი ფარისევლობა არ არის ამ სიყვარულში, მაგრამ ეს არის დაპყრობითი სიყვარული, სიამაყე იმით, რომ შენ დაიპყარი უცხო კულტურის ადამიანი, რომელიც გიყვარს. რესტორანი გაუხსენი და კონცერტებს უმართავ, ფულს აძლევ და თვლი, რომ მხოლოდ რუსეთში შეძლებენ ეს არტისტები კარიერის გაკეთებას და ვთქვათ, არა ევროპასა და სხვა ქვეყნებში.

ანუ რუსების სიყვარული ქართული კულტურისადმი, თავისი შინაარსით, ცოტა არ იყოს, წააგავს ქართველი მამაკაცების სიყვარულს რუსი მანდილოსნებისადმი…

ძალიან ჰგავს. სხვათა შორის, ქართველების სიყვარული რუსული კულტურის მიმართაც დაახლოებით იგივეა. მე ვთვლი, რომ ეს სიყვარული არ უნდა დაინგრეს. ყველანაირი სიყვარული, როგორი ამორალურიც არ უნდა მოგეჩვენოს, კარგია. უყვარდეთ ქართველ მამაკაცებს რუსი ქალები და რუსულ პუბლიკას ნანი ბრეგვაძე, ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, ეს პოლიტიკას და ისტორიას არ შეეხოს. ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს ამით, თორემ ამ სიყვარულში მე ცუდს არაფერს ვხედავ. როგორც კი ამ სიყვარულის გააზრება მოხდება, შეიძლება ბევრი პრობლემა მოიხსნას, მე არა მაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი თავს დაგვანებებს, მაგრამ რაღაც პრობლემები შეიძლება გადაწყდეს. ამდენი რამ მოხდა და ვიცი, რომ ბევრს მაინც გული უჩუყდება რუსული ენის გაგონებასა და რუსული ფილმების ნახვაზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ხალხს ღირსება არა აქვს, უბრალოდ, ეს კულტურა უკვე მათშია და ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ ჩვენ ამისგან განვთავისუფლდეთ.

 საშიში ხომ არ არის, რომ ბევრი ქართველისთვის რუსულ ენას მშობლიურობის ელფერი დაჰკრავს?

ნამდვილად საშიშია. მშობლიური ენა ერთია. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ლაპარაკობს დღემდე. არამგონია, ეს გააზრებულად კეთდებოდეს. უკვირთ, როდესაც ვეკითხები, რატომ არ თარგმნიან ფილმებსა და რუსი პოლიტიკოსების კომენტარებს ქართულად. ამბობენ, ეს ხომ ყველას ესმისო. ისინი საკუთარ თავს მაინც რუსული კულტურის ნაწილად თვლიან. ასე რომ არ იყოს, რუსეთმა ძალიან ბევრი „კარგი“ საქმე გააკეთა: ჯერ ვიზები მოიგონა, მერე გამოგვაგდო იქედან, ახლა ამოგვწყვიტა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს დისტანცია გაჩნდეს, მაგრამ ვნება რუსული კულტურის მიმართ, მაინც არსებობს.

თუ ხელოვნება არ უნდა მოწყდეს მიმდინარე პროცესებს, როგორ უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა ასეთ დროს, პროპაგანდისტული კულტურა რომ არ მივიღოთ?

ახლა ვერავის ვურჩევდი, ეს ამბები ასახოს კულტურაში. ბევრი რამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. პირადად მეც ასე ვარ. წერილი დამიკვეთა ჟურნალმა და უარი ვუთხარი, ძნელია დაწერო ან გააკეთო ისეთი რამ, რაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ეს განსაკუთრებით ხელოვნებას ეხება. რა თქმა უნდა, ანალიტიკური წერილებიც უნდა დაიბეჭდოს, უნდა ვიფიქროთ იმ მიზეზებზე, რამაც დღემდე მიგვიყვანა, მაგრამ ცოტა უნდა გაცივდეს გონება. არა მგონია, ახლა ლექსების წერის დრო იყოს.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველების დიდმა ნაწილმა ომის გაჩაღებაში საქართველოს დასდო ბრალი, ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში კულტურის წარმომადგენლების პოზიციების დაფიქსირება და რატომ?

ადამიანურად მესმის მათი, მათ ეშინიათ. რა თქმა უნდა, უკეთესი პოზიცია იქნება გაჩუმება და არა იმიზე ლაპარაკი, რაც არ იცი. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება და თიკა კანდელაკმა რა იცის. მე პირადად, არასოდეს მჯეროდა ორი რუსეთის არსებობის, მაგრამ ამ სიტუაციაში ნამდვილად მიხარია, რომ არიან ადამიანები რუსეთში, რომლებიც საშინელი პროპაგანდისტული წნეხის მიუხედავად, ცდილობენ თქვან სიმართლე. ზოგჯერ ისინი გაცილებით უფრო საინტერესოდ აანალიზებენ სიტუაციას, ვიდრე ჩვენი, ეგრეთწოდებული ანალიტიკოსები. მე მგონი, უნდა შევეცადოთ, რომ ამ ადამიანების რიცხვი რუსეთში რაც შეიძლება მეტი იყოს.

Exit mobile version