სიახლეები

ახალი კადრები გარემოს დაცვაში

28.01.2013 • 1364
ახალი კადრები გარემოს დაცვაში

ცაგო კახაბერიძე

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტოს აჭარის სამსახურის უფროსის, ყოფილი პროკურორის ავთანდილ კილაძის წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ მისი ადგილი მამუკა ჩანტლაძემ დაიკავა.

 

 

 2008-2009 წლებში აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; ბათუმი – ქობულეთის სასამართლოს მანდატურის უფროსი, ბათუმის ბულვარის საქმეთა მწარმოებელი გამწვანების სფეროში; 2013 წლის 10 იანვრიდან კი გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი – ქრონოლოგიის დაცვით ასე გამოიყურება აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ბოლო წლების შრომითი ბიოგრაფია.

 

 

„ჯერ სიტუაციის გაცნობით ვართ დაკავებული. ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ გაზაფხულიდან ჩვენი სამსახური ინსპექტირების ახალ ეტაპზე გადავა. მაქსიმალურად გავმკაცრდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დანაშაულებრივი ქმედებები გარემოსდაცვით სფეროში შემცირდეს. ნომერი პირველი პრობლემა ჩვენთვის მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღება და ტყეების მასობრივი  ჭრაა. გაზაფხულიდან სააგენტოს თანამშრომლები, რომლებსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ, ამ კუთხით კონტროლს გაამკაცრებენ.“ – უთხრა მამუკა ჩანტლაძემ „ბათუმელებს.“

 

 

აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოში სულ 18 ადამიანია დასაქმებული, ახალი უფროსის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. სამსახური რეგიონში გარემოსდაცვითი დარღვევების ინსპექტირებაზეა პასუხისმგებელი.

 

 

ახალი უფროსის ვახო წულაძის დანიშვნის შემდეგ ახალი სახეები აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოშიც გამოჩნდნენ; სამმართველოს უფროსს ორი ახალი მოადგილე და ერთი თანაშემწე ჰყავს.

 

 

პორველი  მოადგილე ჯემალ ნაკაშიძეა, რომელიც  2011-2012 წლებში ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გენერალური ინსპექციის უფროს ინსპექტორად მუშაობდა. მანამდე კი მას სხვადასხვა დროს  უშიშროების სამინისტროს გამომძიებლად, ფინანსთა სამინისტროს პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს გამომძიებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს გამომძიებლად და სხვა მაღალ თანამდებობებზე აქვს ნამუშევარი.

 

 

მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი ფინანსისტი ვახტანგ წულაძე მუშაობს, მის შრომით გამოცდილებაში მეტი წილი საბანკო საქმეებზე მოდის, გარემოს დაცვით საკითხებთან კი მას შეხება მხოლოდ 2005- 2006 წლებში ჰქონდა, ამ პერიოდში ის სამმართველოს საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

 

 

სამმართველოს უფროსის ახალი თანაშემწე კი არჩილ კუპრეიშვილია, რომელიც მედიასთან ურთიერთობასაც ითავსებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: