სიახლეები

სპორტის გაკვეთილები მაღაზიაში

28.01.2013 •
სპორტის გაკვეთილები მაღაზიაში

ნოდარ სირაბიძე სპორტის გაკვეთილებს ზვარეს საჯარო სკოლაში 25 წელია ატარებს. ამ ხნის განმავლობაში პედაგოგს სათანადო სამუშაო პირობები არასოდეს ჰქონია. სკოლას არ გააჩნია სასპორტო დარბაზი, რის გამოც ბოლო რამდენიმე წელია პედაგოგი  მოსწავლეებს გაკვეთილებს თემის ადმინისტრაციულ  შენობაში  უტარებს.

 

ზვარეს თემის ადმინისტრაციული შენობა სკოლიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ხის ორსართულიანი შენობა მოძველებული და ნაწილი უფუნქციოდაა დარჩენილი. სპორტის გაკვეთილები შენობის პირველ სართულზე ტარდება. გაკვეთილების გარდა აქვე იმართება თემის გეგმიური ღონისძიებები და სასოფლო კრებები. როგორც პედაგოგი ამბობს, პრობლემა ყველასთვის ცნობილია.

 

 

ადმინისტრაციული შენობა სოფელ ზვარეში, სადაც სპორტის გაკვეთილები ტარდება.
ადმინისტრაციული შენობა სოფელ ზვარეში, სადაც სპორტის გაკვეთილები ტარდება.

 

„როცა კარგი ამინდია, გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ ვატარებ, კარგი მოედანი გვაქვს. ზამთარში კი გაკვეთილებს კლუბის შენობაში ვატარებ. სასპორტო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით მოთხოვნა რესურსცენტრში რამდენჯერმე დავაყენეთ, პრობლემა ყველასთვის ცნობილია, იციან ასეთ მდგომარეობაში რომ გვიწევს მუშაობა, მაგრამ დღემდე ვერ მოგვარდა პრობლემა. თითქმის  4-5 წელია რაც  საკრებულოს კლუბის შენობას  ვიყენებ გაკვეთილების ჩასატარებლად, ვერ  ვიტყვი, რომ პირობები სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ არის, არსებულით უნდა დაკმაყოფილდე“, – ამბობს პედაგოგი.

 

სოფელ კვაშტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი სპორტის გაკვეთილები სოფლის ყოფილ მაღაზიის შენობაში უტარდებათ. ამ სოფელში საჯარო სკოლა 2006 წელს აშენდა, სათანადო ინვენტარით აღიჭურვა და სოფლის მოსახლეობის თხოვნით მოეწყო სპორტული მოედანიც, თუმცა სკოლა სპორტდარბაზის გარეშე დარჩა, რადგან დარბაზის მოწყობა მშენებლობის პროექტში გათვლილი არ იყო. „სპორტის სახეობებს მოსწავლეები ირჩევენ. რადგან არ გვაქვს დარბაზი, ზამთარში გაკვეთილები მოსწავლეებს სოფლის ყოფილ მაღაზიაში უტარდებათ, მზიან ამინდში კი – ღია მოედანზე“, – ამბობს სკოლის დირექტორი ვარდო ბერიძე. სკოლას სპორტის სახეობებიდან მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი აქვს არჩეული.

 

კვაშტის სკოლისგან განსხვავებით უჩხითში საჯარო სკოლის მშენებლობისას სპორტდარბაზი გაითვალისწინეს, მაგრამ დარბაზი მცირე ზომისაა და სტანდარტს არ აკმაყოფილებს.  ეს სკოლა 2012 წელს აშენდა.

 

სკოლის დირექტორის გულნაზ ნინიძის თქმით, ახალი შენობის გახსნამდე მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებოდათ, რის ფონზეც დღევანდელი პირობები დამაკმაყოფილებელია, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს: „როცა კარგი ამინდია,  გაკვეთილები ღია მოედანზე ტარდება“, – ამბობს გულნაზ ნინიძე.

 

ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ადასტურებს, რომ ქედის ყველა საჯარო სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი. იგი განმარტავს, რომ სკოლების რეაბილიტაციისას სპორტული დარბაზების მოწყობა თვის დროზე არ იყო გათვალისწინებული და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ სკოლების რეაბილიტაციის დაგეგმარებისას აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებენ: „ყველა სკოლას სპორტული დარბაზი არ აქვს, მაგრამ აქვს გარე მოედნები, ასეთ  სკოლებს სპორტის ის სახეობები აქვთ შერჩეული, რომლებიც იმ პირობებზეა მორგებული, რა პირობებშიც უწევთ სწავლება“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: