მონადირეებმა საქართველო თურქეთის საზღვარზე ოთხი გარდაცვლილი იპოვეს

11 დეკემბერს, ხელვაჩურში, თურქეთ საქართველოს საზღვართან, მონადირეებმა ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში ოთხი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.
ამ ინფორმაციას ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთნ” საუბარში ადასტურებს.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ამ წუთებში [19:35 საათი] გვამებს ექსპერტიზას უტარებენ.

აღენიშნებათ თუ არა გვამებს სხეულზე დაზიანებები და მომხდარია თუ არა მათი იდენტიფიცირება ჯერჯრობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე დღეს შს სამინისტროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციელები იმყოდებოდნენ. რა მუხლით დაიწყო ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ?  – “ბათუმელები” ამ კითხვაზე პასუხს უწყებისგან ელოდება.
დამატებით ინფორმაციას “ბათუმელები” არკვევს.

 

ბავშვების სიცოცხლის უფლება

იაშვილის კლინიკის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, ბავშვებში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.  სახელმწიფო ლეიკემიის და სიმსივნური დაავადებების მკურნალობას ნაწილობრივ აფინანსებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება ამ დაავადებებთან საბრძოლველად საკმარისი არ არის. პაციენტის ოჯახს მკურნალობის ხარჯების დასაფარად ხშირად უწევს საცხოვრებლის გაყიდვა, რაც ოჯახის გაღარიბებას იწვევს, დაავადება კი დაუმარცხებელი რჩება.

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ამბულატორიის ხელმძღვანელი თამარ ჯავახაძე ამბობს, რომ განყოფილება, სადაც ლეიკემიით დაავადებული და ონკოპაციენტები მკურნალობენ, 30 ბავშვზეა გათვლილი და აქ ყოველდღე, ყველა საწოლი დაკავებულია. „ხუთი წლის საშუალო სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს ლეიკემიის 30-40 ახალი შემთხვევა ვლინება,“ – ამბობს თამარ ჯავახაძე.

ლეიკემიითა და ავთვისებიანი ლიმფომებით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 274 ათასი ლარია გამოყოფილი. ონკოჰემატოლოგი თამარ ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ეს არ არის რეალური ბიუჯეტი, რადგან ამ დაავადებების  მკურნალობას გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდება.

„სახელმწიფო  მთლიანად აფინანსებს ქიმიოთერაპიით მკურნალობას, მაგრამ 12-15 პროცენტი არის რეციდივი, რის შემდეგაც პაციენტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებისა და მძიმე ინფექციების შედეგად იღუპება. რეციდივის გამო ბოლო წლებში დაახლოებით  10-15 ბავშვია გარდაცვლილი,“ – ამბობს ექიმი.

დაავადებული ბავშვების ასაკი 0-იდან 10 წლამდეა. რა ხარჯებს უკავშირდება რეალურად ამ დაავადებების მკურნალობა და რატომ არ იზრდება სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით? „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ მენეჯერის ეკა ნონიაშვილის თქმით, მხოლოდ ქიმიოთერაპიის დაფინანსებით არ წყდება პრობლემა, რადგან ქიმიოთერაპიის შემდეგ იწყება სხვადასხვა გართულება ორგანიზმში, რომელთა მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით სოკოვანი დაავადებები იჩენს თავს, რომლის მკურნალობა ძვირი ჯდება. სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები იმდენად ძვირი ღირს, რომ უმეტეს შემთხვევაში მისი შეძენა ოჯახის გაღარიბებას იწვევს. ერთ პაციენტს მარტო სოკოს მკურნალობისთვის 8-10 ათასი დოლარის პრეპარატი სჭირდება. ეს მედიკამენტები საქართველოში არ შემოდის. მათ შეძენაში ოჯახებს ჩვენი ფონდი ეხარება. ბუკა ნიკურაძის შემთხვევაშიც სოკო თავის ტვინზე იყო გავრცელებული, რამაც ფატალური შედეგი მოიტანა“.

მკურნალობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მედიკამენტი „მორიკონაზოლი“ 8 ათასი დოლარი ღირს. პაციენტი სრულად რომ განიკურნოს სოკოსგან, მთლიანი კურსი უნდა ჩაუტარდეს.

„როცა ჩვენი ერთი კოლეგა იტალიაში აფთიაქში შევიდა ამ წამლის შესაძენად, ფარმაცევტმა გაკვირვებული იკითხა – „ეს წამალი სახელმწიფო პროგრამაში არ დევს?“ მართლა ყველაფერი უნდა გაყიდოს ოჯახმა, რომ ეს პრეპარატი შეიძინოს,“  ამბობს ეკა ნონიაშვილი.

გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, პაციენტები მუდმივ კონტროლს საჭიროებენ. „სამ თვეში ერთხელ აუცილებელია ტომოგრაფია, რომელიც ათას ლარზე მეტი ღირს და სისხლის გამოკვლევები. მიმაჩნია, რომ ლეიკემიას სახელმწიფო სრულად უნდა აფინანსებდეს, რადგან აქ ბავშვების სიცოცხლეა სასწორზე,“ – ამბობს ეკა ნონიაშვილი.

„დიმიტრი ცინცაძის ფონდი“ საქართველოში 2013 წელს ოპერატორ დიტო ცინცაძის დასახმარებლად,  ჟურნალისტების ინიციატივით შეიქმნა. ოპერატორმა ამ დაავადების დამარცხება უცხოეთში ოპერაციის შედეგად შეძლო. ამის შემდეგ ფონდი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ეკა ნონიაშვილის ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში ფონდი 151 ბავშვს დაეხმარა.

„ამ დროისთვის 119 ბავშვი ისევ საჭიროებს მკურნალობას. სამწუხაროდ 32 ბავშვი გარდაიცვალა, ბოლო იყო ბუკა ნიკურაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიღუპა,“ – ამბობს ეკა ნონიაშვილი.

სპეციალისტების თქმით, ლეიკემიის ზოგიერთი ფორმა ქიმიოთერაპიის შედეგად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით იკურნება. თუმცა არის ისეთი ფორმებიც, რომლებიც რთულად ექვემდებარება განკურნებას.

ლეიკემიითა და ავთვისებიანი ლიმფომებით დაავადებული ბავშვები საქართველოში ძირითადად ორ კლინიკაში – იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსა და „ლაიფმედიში“ მკურნალობენ.

ეკა ნონიაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ცენტრი საქართველოში გაიხსნებოდა და პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს აღარ მოუწევდათ უცხოეთში სოლიდური ხარჯის გაღება, თუმცა ამაზე საუბარი შეწყდა.

„ის ბავშვები, რომლებმაც საზღვარგარეთ გაიკეთეს გადანერგვა ან იქ მკურნალობენ, ექვს თვეში ერთხელ უცხოეთის კლინიკებშივე საჭიროებენ კონტროლს. ამასაც ჩვენი ფონდი აფინანსებს. უცხოეთის კლინიკებში ფონდის დახმარებით 38 ბავშვი გაიგზავნა. აქედან ღეროვანი უჯრედები ექვს ბავშვს გადაუნერგეს. ოთხი ოპერაცია „დიმიტრი ცინცაძის ფონდმა“ დააფინანსა, ორი კი – „სოლიდარობის ფონდმა“. გადანერგვის ოპერაცია ასი ათასი ევრო ჯდება. ამდენი თანხა ჩვენს ფონდს უკვე აღარ აქვს, თუმცა, პაციენტის, მშობლების მგზავრობას, მათი ბინით უზრუნველყოფას და კვებას ჩვენ ვაფინანსებთ,“ – ამბობს ეკა ნონიაშვილი.

რამდენი უნდა იყოს ლეიკემიით და ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალობის ბიუჯეტი? ეკა ნონიაშვილს ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა წყაროდან წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება. „ჩვენი ფონდის  გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ორი წლის განმავლობაში ფონდმა ერთი მილიონ 600 ათასი ლარი დახარჯა“.

„სოლიდარობის ფონდის“ ინფორმაციით, „ფონდის მიერ დამტკიცებულია 182 ბავშვისა და ახალგაზრდისთვის უკვე ჩატარებული, მიმდინარე ან დაგეგმილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის საზღვარგარეთ 94 შემთხვევაში“.

ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს ჩარიცხული თანხა შეადგენს 4 459 350 ლარს, მიმდინარე ონლაინგადარიცხვებში კი მითითებულია – 65,00 ლარი. ფონდში აცხადებენ, რომ შემოსული და გაცემული თანხის შესახებ ყველა ანგარიშს დეკემბერში წარადგენენ.

„დიმიტრი ცინცაძის ფონდის“  მენეჯერის აზრით, სახელმწიფომ არა მარტო ამ პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე, მედპერსონალის გადამზადებაზეც უნდა იზრუნოს.

„ონკოლოგებსა და ონკოჰემატოლოგებს ტრენინგები სჭირდებათ, რადგან ბევრ შეცდომა გვხვდება მკურნალობისას. იყო ასეთი გოგონა, ნინო კაკაშვილი, რომელიც გამოჯანმრთელების გზაზე იდგა, სახლში იყო უკვე გაწერილი და მორიგი ქიმიოთერაპიის დროს, მოულოდნელად კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.  ვფიქრობ, გამოსაკვლევია ეს ამბავიც. იგივე მდგომარეობაა ბუკა ნიკურაძის შემთხვევაშიც, ოჯახი ამბობს, რომ ის არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მშობლები ელოდებიან კლინიკიდან დასკვნას, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ ამაზეა საუბარი“.

ფონდის მენეჯერის თქმით, სახელმწიფომ უნდა გადახედოს ქიმიოთერაპიით მკურნალობის საკითხსაც, რადგან მკურნალობა უხარისხო ქიმიით ხდება. „სჯობს ვიყიდოთ ხარისხიანი წამალი და გვქონდეს შედეგი, ვიდრე მივიღოთ ფატალური შედეგები“.

დეკემბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინოს. არის თუ არა ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა გათვალისწინებული ამ მიმართულებით? სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაზე ერთი მილიონ 274 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს ქიმიო-ჰორმო და სხივურ თერაპიას 12 ათასი ლარით. 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები კი საბოლოო ფორმირებამდე ცნობილი არ იქნება,“- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, დავით ჩიკვაიძე დააკავა.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა.

სამინსიტროს ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

ბაიარ შაჰინის ახალი კლიპი

მომღერალმა ბაიარ შაჰინმა აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტზე ხულოზე კლიპი გადაიღო, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 2015 წლის 7 დეკემბერს ხულოში, იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

მუსიკის ავტორი და სიმღერის შემსრულებელი ბაიარ შაჰინია, კლიპის რეჟისორი ალექსანდრე აბაშიძე, სიმღერის ტექსტად კი აღებულია ენათმეცნიერ შუშანა ფუტკარაძის ლექსი “მენატრები ჩემო ხულო“, რომელიც 15 წლის წინ ხულოდან თურქეთში წასულ ოჯახთან სტუმრობის შემდეგ დაწერა.

ბაიარ შაჰინის ახალი სიმღერა და კლიპი ''მენატრები ჩემო ხულო'' | კადრი კლიპიდან
ბაიარ შაჰინის ახალი სიმღერა და კლიპი ”მენატრები ჩემო ხულო” | კადრი კლიპიდან

კლიპი გადაღებულია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე და მასზე 12 კაციანი ჯგუფი მუშაობდა.

როგორც მომღერალმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს სიმღერა არა მარტო ხულოს, არამედ ზოგადად სამშობლოს მონატრებაზეა.

„ამ კლიპით დიდი სიყვარულია გამოთქმული ხულოზე და ზოგადად საქართველოზე, საზღვარგარეთ მუჰაჯირად წასული ადამიანების გულისტკივილია აქ.

კლიპზე თითქმის ერთი თვე ვიმუშავეთ და სამ-ოთჯერ შემოვიარეთ ხულო გადასაღები ადგილების შესარჩევად. მერე ჩამოყალიბდა 12 კაციანი გადამღები ჯგუფი, შევარჩიეთ ისტორიული ადგილები, მათ შორის: ხიხანი, შუა მთა, გოდერძის უღელტეხილი, დიდაჭარა და სხალთა. ორ ღამეს გავჩერდით. მეორეჯერ ექვსკაციანი ჯგუფით წავედით და დარჩენილი ნაწილიც გადავიღეთ.

მუშაობის პერიოდში ხალხი ძალიან დაინტერესდა, ითხოვდა გადაგვეწერა მათთვის კლიპი, რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ შეგვეძლო, თუმცა გაგვიჩნდა იდეა, რომ კლიპის პრეზენტაცია სწორედ ხულოში გაგვეკეთებინა“ – ამბობს ბაიარ შაჰინი.

კლიპში ასევე მონაწილეობს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

ბაირ შაჰინი კლიპის პრეზენტაციის მერე თურქეთში გაემგზავრა. ის ქალაქ სტამბულში ცხოვრობს და როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, სურს ახალი წელი ოჯახთან ერთად ბათუმში გაატაროს.

მანამდე კი მომღერალი კლიპის ჩვენებას გეგმავს თურქეთშიც, ტელევიზიასა და ქართული კულტურის ცენტრებში.

 

“ლიბერალური პოლიტიკა ამცირებს აივ-შიდსის ეპიდემიის საფრთხეს”

ლუდგერ შმიდტი ბოლო სამი წელია ორგანიზაცია „გერმანიის აივდახმარების“ საერთაშორისო განყოფილების კოორდინატორია. 40-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაცია გერმანიის გარდა ევროპის სამეზობლო სივრცეში ცდილობს აივ-შიდსის პრევენციას. პროფესიით ფსიქოლოგი ჩართულია დაავადების რისკ-ჯგუფებისთვის სპეციალიზებული ლიტერატურის შემუშავებაში. ლუდგერს ბერლინში ვესაუბრეთ, სადაც 27-30 ნოემბერს ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

დავიწყოთ იმით, თუ როდის დაფუძნდა თქვენი ორგანიზაცია, რა საქმიანობას ეწევით, რა მეთოდებს იყენებთ?

ორგანიზაციას `გერმანიის აივ დახმარება~ ჰქვია და მისი ქოლგის ქვეშ 130-მდე ისეთი მცირე ორგანიზაციაა გაერთიანებული, როგორიცაა აივსერვისები, კონსულტაციის პუნქტები ნარკომომხარებელთათვის, სექსმუშაკებისთვის, MSM (მამაკაცებს, ვისაც სექსუალური ურთიერთობება აქვს მამაკაცთან). ჩვენ უშუალოდ ბენეფიციარებთან არ ვმუშაობთ, ჩვენი ფუნქცია პრობლემებზე საინფორმაციო მასალების შემუშავება, ონლაინრესურსების, ფსიქოლოგიური, ფსიქოსოციალური მიმართულების ლიტერატურის შექმნაა. მთელ ქვეყანაში ვატარებთ უფასო ტრენინგებს.

სახელმწიფო შემოწირულობით მუშაობთ თუ კერძო პირები, ბიზნესმენებიც გეხმარებიან?

გერმანიაში აივ-შიდსის პროფილაქტიკას ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია, ჩვენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებთან ვმუშაობთ, ესენი არიან: MSM-ი, ნარკომომხმარებლები, მიგრანტები, სექსმუშაკები და პატიმრები. ჩვენ მიერ შემუშავებული მასალები საჯარო არ არის, სწორედ იმის გამო, რომ უშუალოდ რისკ-ჯგუფებთან ვმუშაობთ და მათთან ღია საუბრები გვაქვს. დაფინანსების 80%-ს ვიღებთ სახელმწიფოსგან – ამ დროისთვის ეს არის 6 მილიონი ევრო ყოველწლიურად, 20%-ს კი – საერთაშორისო პროექტებიდან, მათ შორის ევროკავშირის პროგრამებიდან.

აღნიშნეთ, რომ MSM ერთერთი რისკჯგუფია. როგორ ახერხებთ, რომ, ერთი მხრივ, საზოგადოებას ამის შესახებ უთხრათ და თან ხელი არ შეუწყოთ ამ ადამიანების მიმართ სტიგმის გაძლიერებას?

ყოველწლიურად აივით დაინფიცირების შემთხვევების 60% MSM-ზე მოდის. გერმანიაში ეს მაჩვენებელი ეპიდემიის დასაწყისიდან, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ასეა. მაშინ ჰომოსექსუალებმა შექმნეს ორგანიზაცია `გერმანიის აივდახმარება~. ეს ის დრო იყო, როცა გერმანიაში ხმამაღალი პოლიტიკური დისკუსია დაიწყო, თუ როგორ უნდა გვებრძოლა შიდსის ეპიდემიასთან. პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი თემის წარმომადგენელთა იზოლირებას ემხრობოდა, მეორე ფრაქცია კი ამბობდა, შევხედოთ პრობლემას პრაგმატულად, ჩვენ ამ ჯგუფის წევრებთან წვდომა არ გვაქვს, ამიტომ გონივრული იქნებოდა, სახელმწიფო ფინანსები პრობლემის მოსაგვარებლად უშუალოდ ამ თემის წევრებს მივცეთ და მათ მოახმარონ პრევენციას, საინფორმაციო კამპანიას, დაავადებულთა მხარდაჭერას. დისკუსია 2-3 წელი გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კონსერვატორთა პარტიიდან მხარი ამ ბოლო მიდგომას დაუჭირა. მისი პოზიცია იყო ასეთი: ვუთხრათ საზოგადოებას, რისთვის ვაძლევთ ფულს ამ ადამიანებს. დრომ დაამტკიცა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება: ახლა გერმანიაში აივ-შიდსით დაავადებულთა რიცხვი ძალიან მცირეა, მხოლოდ ავსტრია გვისწრებს, თუ არ ვცდები.

სტატისტიკაზე უფრო მეტი გვითხარით.

ეპიდემიის დაწყებისას, MSM რისკ-ჯგუფში ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებისა და ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის დაწყების შემდეგ კი მკვეთრად დაეცა. ყოველწლიურად საშუალოდ ინფიცირების 3000 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან 1500-1600 სწორედ MSM-ზე მოდის. შედარებისთვის რუსეთი რომ დავასახელოთ, იქ ყოველწლიურად 80 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, ანუ იმაზე მეტი ერთ წელიწადში, ვიდრე ჩვენთან ბოლო 35 წლის მანძილზე. გასაგებია, რომ გერმანიისა და რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა განსხვავებულია, მაგრამ ამგვარი პროპორციითაც კი მიხვდებით, თუ რამდენად კარგად ვართმევთ თავს გამოწვევას.

ევროპის ქვეყნებში როგორი ტენდენციაა?

ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელია და ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს არაშემწყნარებლურ პოლიტიკასთან: გაიზარდა ჰომოფობიური გამოვლინებები, სახელმწიფო ძველებურად აღარ ზრუნავს პრევენციულ და პროფილაქტიკურ მიმართულებებზე.

იმის თქმა გინდათ, რომ მთავრობების ლიბერალური მიდგომა საუკეთესო გამოსავალია აივის პრევენციისთვის?

რასაკვირველია. ორივე ვესწრებით LGBT უფლებებზე კონფერენციას, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. მთავრობა მიხვდა, რომ გარდა სხვა ღირებულებისა, ასეთ შეხვედრებს, ინფორმაციის გაცვლას, დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. რაც უფრო ლიბერალურია მიდგომა, მით უფრო ნაკლებია სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია და დაავადების რისკი. ამას მთავრობის გარდა, მთელი გერმანული საზოგადოება მიხვდა. როცა პრეცენციული ღონისძიებები დაიწყო და ამან კამპანიური ხასიათი მიიღო, ბევრი მსახიობი, სპორტსმენი თუ საზოგადოების სხვა წევრები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ სექსუალური ურთიერთობების დროს გამოეყენებინათ დამცავი საშუალებები. ბერლინის მეტროს ყოველ მესამე გაჩერებაზე ნახავთ დიდ პლაკატებს, სადაც გაფრთხილებენ, რომ სექსს პრეზერვატივების გამოყენების გარეშე, შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოჰყვეს, მოკლედ, ისიამოვნე, მაგრამ თავი დაიცავი. ელაპარაკეთ შვილებს სექსუალობაზე, სჯობს, თქვენგან მიიღონ ეს ინფორმაცია, ვიდრე ქუჩაში არასწორად ნათქვამს მოკრან ყური და დაუმახინჯდეთ წარმოდგენები.

ანუ გერმანიაში სექსის თემა მორალს არ განეკუთვნება?

ყოველთვის ასე არ იყო. 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ასე ვთქვათ, სტუდენტური სექსუალური რევოლუცია, მაგრამ 80-იან წლებში სექსზე საუბარი მაინც ბევრს უჭირდა. მუშებს, პედაგოგებს, არქიტექტორებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს მოუწიათ ესწავლათ სექსზე საუბარი საკუთარ შვილებთან, საზოგადოებაც თანდათან უფრო ღია გახდა ამ თემის მიმართ. რა თქმა უნდა, ბევრმა წინააღმდეგობა გაუწია ამგვარ კამპანიას და უკმაყოფილებაც არაერთხელ გამოითქვა ხმამაღლა.

ეკლესიას რა პოზიცია ჰქონდა?

მხარს არ უჭერდა, თუმცა არც ისე მონოლითური იყო. საბოლოო ჯამში, საჯაროდ არც მხარი დაუჭერიათ და არც გაუპროტესტებიათ რამე, რადგან გააცნობიერეს, რომ შიდსის ეპიდემიის საფრთხე რეალური იყო. ახლაც ისმის კონსერვატორული შინაარსის გამოძახილები, მორალს იშველიებენ, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ლიბერალურმა პრევენციულმა პოლიტიკამ შეამცირა ეპიდემიის საფრთხე.

ბერლინში განსაკუთრებით იგრძნობა მხარდაჭერა LGBT უფლებებისადმი. რა მდგომარეობაა სხვა ქალაქებში?

ბუნებრივია, დიდი ქალაქები ყოველთვის უფრო გახსნილები არიან, ვიდრე მცირე დასახლებები. თუმცა სიტუაცია პატარა ქალაქებსა თუ დაბებშიც რადიკალურად შეიცვალა: 20 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ღიად გეთქვა, რომ გეი ხარ, თუ მაინც გაბედავდი, უნდა დაგეტოვებინა სახლი და რომელიმე ქალაქისთვის შეგეფარებინა თავი. წნეხთან ერთად, ეს უსაფრთხოებასთანაც იყო დაკავშირებული, ახლა მდგომარეობა სხვაგვარია, თუმცა შემცირებულ ჰომოფობიურ ფონზეც კი ვერ ვიტყვით, რომ ყველა ერთნაირად ტოლერანტულია.

ფიქრობთ, რომ შეიძლება სიტუაცია ისევ გაუარესდეს?

საფრთხე ყოველთვის არსებობს. კარგად ვნახეთ, თუ რა დამოკიდებულება გამოავლინა საფრანგეთის ასიათასობით მოქალაქემ ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო: ჯერ იყო პარიზი, ახლა უკვე უნგრეთი, პოლონეთი, ისევ ძველი, ჰომოფობიური პოლიტიკური განცხადებები გვესმის, თითქოს წრეზე დავიწყეთ ბრუნვა.

გერმანელ კოლეგებთან საუბრისას მოვისმინე ამბავი, რომ ორიოდ წლის წინ ერთერთ ფედერალურ მიწაზე სასკოლო პროგრამაში სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით შეტანილმა ცვლილებამ პროტესტი გამოიწვია. გამოდის, რომ ჰომოფობიური გავლენებისგან არც გერმანული საზოგადოებაა ბოლომდე დაცლილი?

ასეთი განწყობები ყოველთვის არსებობდა, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ ყოველთვის არ იქნება. ეს არის ფარული შიდა საზოგადოებრივი დინება, რაც, ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. როცა მოქალაქეს არ აქვს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა, ადვილია მასში ჰობოფობიური თუ ქსენოფობიური განწყობების გაღვიძება-განვითარება.

მოდით, რუსულ პროპაგანდასაც შევეხოთ, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. პრორუსული ორგანიზაციები საქართველოში აქცენტს ყოველთვის იმაზე აკეთებენ, რომ ევროპა ცალსახად მხარს უჭერს ერთსქესიან ურთიერთობებს და ადამიანთა საყოველთაო უფლებების დაცვის დისკურსი ამ პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს. რისი გაკეთება შეუძლია დასავლურ დონორ ორგანიზაციებს რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ?

ასეთი პროპაგანდა არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ თუნდაც რუს პოლიტიკოსებთან გავწყვიტოთ ურთიერთობა, იმედი ყოველთვის არსებობს, რომ იქაც ოდესმე რაღაც შეიცვლება. კომუნიკაციის გაწყვეტით სიტუაცია უფრო გართულდება, არც რუსეთში მიმდინარე პროცესების იგნორირება გვარგებს რამეს. მოთმინება გვმართებს. ჩემი აზრით, ის, რაც რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ხდება ჰომოფობიასთან დაკავშირებით, ზუსტად იმავე მიზეზებით არის განპირობებული, როგორც ჩვენთან: ეკონომიკური არასტაბილურობა `განტევების ვაცის~ პოვნის აუცილებლობას იწვევს, ასეთებად კი ყველაზე ხშირად განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები იქცევიან ხოლმე. მოთმინება და ტოლერანტობა სტაბილურობას მოაქვს და როცა თავად ვერ ახერხებ საკუთარი სურვილების რეალიზებას, ბუნებრივია, აგრესია გადაგაქვს შენთვის უცხო მსოფლმხედველობაზე. ამით აიხსნება, რომ რუსული საზოგადოების უმეტეს ნაწილში ახლა აგრესიის დღის წესრიგში ევროპა და ევროპული ფასეულობებია. ვიმედოვნებ, აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობა იქნება და, შესაბამისად, მეტ ღია სივრცეს მივიღებთ.

და ბოლოს, თქვენი ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, ნარკოდამოკიდებულ ქალებთან მუშაობთ.

დიახ, ორგანიზაცია `აკესო~ ჩვენი დახმარებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოდამოკიდებულ ქალთა მკურნალობას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ორსულ ქალებზე. ზოგადად, საქართველოზე შემიძლია ჩემი სურვილები ვთქვა: ალბათ აუცილებელია, რომ საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე გამახვილდეს ყურადღება. ისიც მნიშვნელოვანია, თუ ვინ აწვდის რისკ-ჯგუფებს ინფორმაციას, ვგულისხმობ სანდოობას და კვალიფიკაციას. სხვა საქმეა ტაბუს დაძლევა და ამ შემთხვევაში, მხოლოდ LGBT თემს არ ვგულისხმობ, ზოგადად, სექსუალურობაზე საუბარი, მეტი ინფორმაცია საზოგადოებას ბევრი პრობლების დაძლევაში დაეხმარებოდა, უპირველესად კი შიშის დაძლევაში, მათ შორის LGBT თემის მიმართ. სწორედ შიში იწვევს აგრესიას და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ანგრევს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ნივთის შეძენისას

საქართველოში მყიდველი მოვაჭრესთან სამართლებრივად არათანაბარ პირობებში იმყოფება.  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი  2012 წლიდან გაუქმებულია, რის  გამოც მომხმარებელს თავისი უფლებების დაცვის საშუალება არ აქვს. სახელმწიფო  აფინანსებს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს, თუმცა აჭიანურებს იმ კანონის მიღებას, რომელიც მომხმარებელთა ომბუდსმენის სამსახურის ჩამოყალიბებასა და მომხმარებელთა უფლებების უფასოდ დაცვას ითვალისწინებს.

მაღაზიებში ელექტროტექნიკისა თუ სხვა ნივთების შეძენის დროს რომ მყიდველს ხელს აწერინებენ საგარანტიო ტალონზე, თითქმის ყველამ იცის.   თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ თუ  ნივთს  წუნი აღმოაჩნდა, მყიდველს ამ საგარანტიო ტალონით მისი შეცვლის უფლება, ფაქტობრივად, აღარ აქვს. მიზეზი ისაა, რომ ამ ტალონში მხოლოდ  გამყიდველისთვის მომგებიანი პირობებია გაწერილი.

„მაღაზია ეძახის ამას გარანტიას, სინამდვილეში იყიდება არა უბრალოდ ტელეფონი, უთო, ჩაიდანი, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ. არამედ იყიდება, ვთქვათ, ტელევიზორი პირობებით. გარანტიით კი არა, არამედ დამატებითი პირობებით, რომლებიც არ არის ხელსაყრელი მყიდველისთვის. როცა იქვე ვხედავთ ნივთს, გვაქვს სურვილი მისი შეძენის, ერთგვარად აჟიტირებულ მდგომარეობაში ვართ და არ ვუფიქრდებით რაზე ვაწერთ ხელს, რითაც გამოუსადეგარი ნივთის გამოცვლის უფლებას საერთოდ ვკარგავთ. ფაქტობრივად, მინდა შეგიკეთებ, მინდა არა, მინდა შეგიცვლი, მინდა არა – ეს წერია ამ ხელშეკრულებებში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ლიკა თოდუამ.

მისივე თქმით, მომხმარებელს ვიდრე რაიმე ხელშეკრულებას გააფორმებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით აქვს შემდეგი უფლებები:

თუ ნივთს ნაკლი აღმოაჩნდა, მოსთხოვოს მაღაზიას დაიბრუნოს, გამოცვალოს ან შეაკეთოს იგი. ეს უფლება მომხმარებელს აქვს მთელ იმ პერიოდში, რომლის განმავლობაში ნივთები ჩვეულებრივ შეუფერხებლად მუშაობს, ან თუკი გამყიდველმა ვარგისიანობის ვადა დაადგინა-ამ ვადის განმავლობაში;

ნივთის გამოცვლა-დაბრუნების ყველა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტირების,  ნაწილების თუ სხვა, უნდა გაიღოს მაღაზიამ;

ნივთის ნაკლი არ ნიშნავს მხოლოდ „ქარხნულ წუნს“, არამედ, ნებისმიერ ნაკლოვანებას, რომლის გამოც ნივთი არ არის ვარგისი სარგებლობისთვის, ან თუ იგი არ არის იმ ხარისხის, რომელშიც ყიდვისას დაარწმუნეს მყიდველი, ან თუ მას რაიმე ნაწილი აკლია.

ლიკა თოდუას თქმით, ეს უფლებები შესაძლოა მომხმარებელს შეეზღუდოს ხელშეკრულებით და სწორედ ასეთი ხელშეკრულებაა ე.წ. „საგარანტიო ფურცელი/ტალონი“.

ამიტომ, სასურველია მომხმარებელი წინასწარ გაეცნოს ხელშეკრულების ტექსტს და არ მოაწეროს მას ხელი, თუ ამ ხელშეკრულებით ნაკლის მქონე ნივთის გამოცვლის ვადა იზღუდება [ხშირად 3-7-10 დღემდე];

არ მოაწეროს ხელი, თუ გამოცვლის ან შეკეთების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ ნივთზე, რომელსაც „ქარხნული წუნი“ ან „ქარხნული დეფექტი“ აღმოაჩნდა, ვინაიდან გამყიდველი ყოველთვის დაამტკიცებს, რომ ნაკლი არ არის „ქარხნული“, მომხმარებელი კი საწინააღმდეგოს დამტკიცებას ვერ შეძლებს;

და ასევე არ მოაწეროს ხელი, თუ ნაკლის გამოსწორების ხარჯები ნაწილობრივ გადადის მყიდველზე [მაგალითად, ტრანსპორტირების ან გამოსაცვლელი ნაწილის შეძენის].

თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, მომხმარებელი თუ ხელს არ მოაწერს მაღაზიის პირობებს [საგარანტიო ტალონს], სასურველ ნივთს ვერ შეიძენს.

„მოვაჭრეები თავიანთ საბაზრო მდგომარეობას იყენებენ ბოროტად და მოსახლეობას კაბალურ პირობებს სთავაზობენ. ეუბნებიან – თუ გინდა იყიდე ამ პირობით, თუ გინდა არა. მაგრამ დეფექტი თუ აღმოჩნდა, მიუხედავად გაფორმებული ხელშეკრულებისა, დავა მაინც შეიძლება, ვინაიდან კანონმდებლობით რაიმე ვადები განსაზღვრული არ არის. თუმცა, ეს დავა უნდა წარიმართოს სასამართლოში, სადაც მომხმარებელმა უნდა ამტკიცოს, რომ საგარანტიო ვადა არ იყო გონივრული და ა.შ.“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის ზედამხედველმა ადვოკატმა დავით ათაბეგაშვილმა.

ლიკა თოდუა, რომელიც ჩართული იყო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებაში, ამბობს, რომ ევროკავშირის მოთხოვნით, მომხმარებელს სასამართლოს გარდა უნდა ჰქონდეს იოლი გზაც. ასეთი საქართველოში, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი იქნება, რომელიც მომხმარებელს უფასოდ დაეხმარება.

„პარლამენტში არ ამბობენ არ გვინდაო, არამედ ძალიან გვინდა, მაგრამ კანონპროექტს ნაკლი აქვს და ვერ გავუშვებთო. მთავრობა იძახის, რომ ახალი ომბუდსმენისთვის თანხა არ არის. ეს თვალის ახვევის პოლიტიკაა. დრო გაყავთ. ყველა ერთსა და იმავეს გაიძახის, რომ რამენაირად არ მიიღონ კანონი“, – აცხადებს ლიკა თოდუა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მთავარი სპეციალისტის ინგა გაბისონიას განცხადებით: „ერთ მხარეს არიან მომხმარებლები, მეორე მხარეს – მოვაჭრეები. ბევრი რამ კანონპროექტში გაწერილი არ არის. არის კითხვები, – თუნდაც რა უფლებამოსილება ექნება მომხმარებელთა ომბუდსმენს. ველოდებით კანონპროექტის ინიციატორებისგან პასუხებს“.

ლიკა თოდუას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით სახელმწიფომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა საკანონმდებლო დონეზე 2019 წლამდე უნდა დაარეგულიროს, რისთვისაც ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიღებაა აუცილებელი.

მომხმარებელთა ძირითადი უფლებები
ევროკავშირი საქართველო
 ევროკავშირში ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნივთის შეძენიდან (მიღებიდან ) სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში. ამას ეწოდება “კანონისმიერი გარანტია” (Legal guarantee ), რომელიც ევროპაში 2-წლიანია. მეწარმის ან მაღაზიის მიერ დადგენილი გარანტიით ან სხვა ხელშეკრულებით ამ ვადის შემცირება შეუძლებელია. მომხმარებლის დაცვის ეს მექანიზმი საქართველოში არ არსებობს.
 ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს ე.წ. “მომხმარებლის უდანაშაულობის პრეზუმფცია” – მომხმარებელს არ სჭირდება ამტკიცოს, რომ ნაკლი მას არ გამოუწვევია. ითვლება, რომ თუკი ნაკლი აღმოჩნდა, იგი ნივთს გაყიდვის მომენტშიც ჰქონდა (თუკი გამყიდველი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს) საქართველოში მომხმარებელს ეს უფლება არ გააჩნია.
ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია საქონლის/მომსახურების დაჟინებული შეთავაზება ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სხვა საშუალებით, თუკი მომხმარებელს არ გამოუთქვამს ასეთი შეთავაზებების მიღების სურვილი. აგრეთვე მომხმარებლისთვის სახლში მიკითხვა და შეთავაზება, თუკი მომხმარებელი ასეთი ვიზიტების წინააღმდეგია. საქართველოში ასეთი „ხრიკები“ აკრძალული არ არის.
ევროკავშირში მომხმარებელს უფლება აქვს ინტერნეტით შეძენილი საქონელი უკან დააბრუნოს მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში რაიმე მიზეზის მითითების გარეშე [თუმცა საქონელი უხმარი უნდა იყოს] საქართველოში მომხმარებელს ასეთი უფლება არ აქვს.
ევროკავშირში იკრძალება შეცდომაში შემყვანი და აგრესიული მარკეტინგული ხერხების გამოყენება საქართველოში მსგავსი აკრძალვა არ მოქმედებს.
ევროკავშირში იკრძალება მომხმარებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება საქონლის ხელმისაწვდომობისა და ფასის, ასევე არასწორი წარმოდგენის შექმნა საქონლის წარმომავლობისა და მწარმოებლის/ბრენდის თაობაზე საქართველოში მსგავსი აკრძალვები არ მოქმედებს.
ევროკავშირში მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დადებული ხელშეკრულების ბუნდოვანი ან გაუგებარი პირობა ყოველთვის მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს. ხელშეკრულების უსამართლო პირობებს ძალა არ აქვს. სახელმწიფო კი აკონტროლებს მეწარმეების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვას. საქართველოში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება.
ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სახელმწიფო უზრუნველყოფს „მომხმარებელთა დახმარების ცენტრების“ ფუნქციონირებას, სადაც მომხმარებლებს უფასოდ ეხმარებიან. საქართველოში მომხმარებლების დაცვა და დახმარება უზრუნველყოფილი არ არის.

გაატარე დაუვიწყარი ახალი წელი სასტუმრო GEORGIA PALACE HOTEL & SPA-ში

შეკრიბე მეგობრები და გაითენე არაჩვეულებრივი პირველი იანვარი ჩვენთან ერთად

ჩვენ გთავაზობთ:

  • 20:00 მისასალმებელი კოქტეილი სასტუმროს ლობი ბარში ცოცხალი მუსიკის თანხლებით, პრიზების გასათამაშებლად ბილეთების დარიგება
  • თითოეულ პერსონაზე თეფშით აპეტაიზერი
  • სადღესასწაულო ვახშამი რესტორან ‘’აჭარაში” – ღვინო და გამაგრილებელი სასმელები ულიმიტოდ
  • ბენდი ბლექსი – ცოცხალი შესრულება
  • 23:45 ახალი წლის შესახვედრად შუშხუნა ღვინო და სადღესასწაულო ფეიერვერკი
  • 23:00 DJ-დისკო მუსიკა.

სადღესასწაულო ვახშამი გთხოვთ დაჯავშნოთ წინასწარ სასტუმროს მიმღებში. ფასი ერთ პერსონაზე  100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დღგ-ჩათვლით).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :+995 577 24 24 25; 577 44 24 21

GEORGIA PALACE HOTEL & SPA ახალი წელი

სერჟანტი აგვისტოს ომიდან

„ბედნიერება ის არის, რომ დღეს ცოცხალი ვარ და მამობას მოვესწარი“, – ამბობს სერჟანტი ავთანდილ ჯაყელიძე. ის 22 ნოემბერს მესამე შვილის – ნიას მამა გახდა. ავთანდილ ჯაყელიძე აგვისტოს ომში დაჭრილი ჯარისკაცია. ომიდან შვიდი წლის შემდეგაც სამკურნალო რეაბილიტაციას გადის. მან ომში მარცხენა ფეხი დაკარგა.

პირადი ისტორია: „არსებობს კადრები – სამხედრო პირებს არხიდან დაჭრილი კაცი ამოჰყავთ. ეს კადრები „ნანუკას შოუში“ იყო. ნანუკა ამბობს, რომ დაჭრილი იძახდა „მიშველე“. ეს კაცი ვიყავი მე და ვიძახდი – „უშველე, თავს უშველე-მეთქი“.

ეს ამბავი 11 აგვისტოს მოხდა, სოფელ ყელქცეულთან (გორთან) ახლოს. ოცმეთაური ვიყავი და დაგეგმარებას ვაკეთებდი, ყველას მივუთითე თავისი ადგილი. ერთ-ერთი შეტევის დროს თვითმფრინავიდან დაგვბომბეს. სამწუხაროდ, დაიღუპნენ ჩემი მეგობარი ვაჟა შაინიძე და ჩემ უკან მყოფი ფრიდონ თურმანიძე. მე არხში მიპოვეს. სამხედროებმა ამომიყვანეს და დამდეს სამხედრო პიკაპზე. ტკივილმა მიმატა, ფეხი მოგლეჯილი მქონდა და ყურიც. ჯიბიდან სამხედრო ქუდი ამოვიღე და ყურზე მივიდე.

მეორე ქვეითი ბრიგადის ბიჭებმა მიმიყვანეს ქარელის რაიონში. იქ იყო ოთარ ქებაძე – ქირურგი. მან მითხრა, ნუ გეშინია კარგად იქნებიო და მთხოვა ვინმეს ნომერი მიმეცა. ჩემს ძმაზე მქონდა ნაჩუქარი ნომერი, ადრე ერაყში წავედი და მას დავუტოვე. მედდა ტანსაცმელს მიჭრიდა. ხომ არ შემეშალა ნომერი-მეთქი, ბოლოს ნომერი ისევ გავიმეორე და გავითიშე. ანზორს დაურეკეს, კარგად არის, ოღონდ ახლა სჭირდება შენს ძმას პატრონიო. მან და დედის ძმებმა ჩამომაკითხეს. საავადმყოფოში რომ შემოვიდნენ, შუა გასასვლელში, სისხლის ტბაში ვიწექი და მხოლოდ ვსუნთქავდი. მანამდე ექიმმა ანზორს დაურეკა ფეხი უნდა მოვკეთოთო, ჩემმა ძმამ – იქნებ შეუნარჩუნოთო… შენ ჩამოსვლამდე უნდა მოვკვეთოთო… მომკვეთეს ფეხი. საოპერაციოზე ერთი სიკვდილი გადამიტანია და ელექტროშოკით გამოვუყვანივარ [ექიმებს].

ხაშურიდან ქუთაისის საღორიის საავადმყოფში გადმომიყვანეს. მესამე დღეს მოვედი აზრზე. მახსოვდა, რომ ფეხში ვიყავი დაჭრილი… თუმცა, რაღაცნაირად ფეხი არ მომყვებოდა. ჩემს ძმას ვკითხე – ფეხი მაქვს? – კი, გაქვსო მიპასუხა, დედაჩემს – კი გაქვსო, იმანაც. არავინ მეუბნებოდა. ერთი ხანდაზმული ექიმი შემოვიდა, ვთხოვე, არ დამიმალო, მითხარი ფეხი მაქვს თუ არა-მეთქი. – არა შვილო, აღარ გაქვსო. ცრემლები წამომივიდა. თავმდგური ჩემი ძმა იყო და მეუღლე, რომელიც 24 საათი თავს დამტრიალებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ წამოვედი და მკურნალობის ბოლო ეტაპი სახლში დავასრულე. მერე გამიჩნდა გოგო – ლანა, ერთი წლის შემდეგ – საბა. ამჟამად ძირითადად ოჯახში ვარ და გავდივარ სამკურნალო შვებულებას. სახელმწიფო ზრუნავს ჩემზე და ჩემნაირად დაჭრილ ჯარისკაცებზე. ირაკლი ალასანიას დროს – როცა თავდაცვის მინისტრი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, ქალაქ სანდიეგოში, პროთეზირებაზე. ყველაზე ახალი მოდელის პროთეზი მიკეთია ფეხზე, ლამის ყველა ფუნქცია აქვს – დაჯდომის, ადგომის, სირბილის, ველოსიპედის ტარების, გოლფის თამაშის. საერთო ჯამში ამერიკაში 40 კაცი გაგვიშვეს. ამ ბოლო დროს დაემატა თუ არა არ ვიცი. ეტაპობრივად გავდიოდით პროთეზირებას. პროთეზების მერე ჯოხი საერთოდ აღარ დაგვიჭერია ხელში. მე მუხლის ზევით მაქვს მოკვეთილი. საკუთარი მუხლი რომ გქონდეს, ჩათვალე ისევ ჩვეულებრივად ხარ.

მანამდე რით სარგებლობდით?

– ყოფილი პრეზიდენტის დროს, ანკარაში გაგვიკეთეს მისაჩვევი „პროთეზი“, მერე თბილისში გაგვიკეთეს „გერმანულები“.

აქამდე სამკურნალო რეაბილიტაციას რატომ გადიხართ?

– ჩემი ორგანიზმი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ იმდენად არ არის ჩამოყალიბებული, რომ ისევ ჯარს დავუბრუნდე. ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, ვაცალოთ ამ ბიჭებს, თავისი ბურუსიდან გამოვიდნენო. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, დაგვიძახებენ, ვისაც გაგრძელება უნდა გააგრძელებს, ვისაც – არა, ოჯახში დარჩება და ალბათ ამაზეც იზრუნებს სახელმწიფო.

თქვენ გამოხვედით იმ სტრესიდან, რასაც ომი ჰქვია?

მე, თვითონ შევძელი მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩემს აზროვნებაში ჩაჯდა ის, რომ ფეხი აღარაა და ამას აღარ მივსტირი, ვერგები იმას, რა ცხოვრებაც მაქვს დღეს. თუნდაც ავიღოთ ეს პროთეზი. წესით ის 3 საათი უნდა გეკეთოს ფეხზე, დილით რომ გავიკეთებ, სანამ დაძინების დრო არ მოვა, არ ვიხსნი. პირველ რიგში ის მეხმარება, რომ გაღიზიანებადი კანი არ მაქვს, მეორედ იმიტომ არ ვიხსნი, რომ მის ნებისმიერ სვლას ვაკვირდები, სად რა შეუძლია, მარტო იმისთვის კი არ ვიკეთებ, რომ გავიარ-გამოვიარო. მოვიხსნა და დავაგდო სახლში. ასე შვილის ხელში აყვანაც გამიოლდა, მისი მოფერებაც გამიოლდა. მეუღლეს დავეხმარე. ჩემ თავს ვუთხარი, რომ მორჩა – ცხოვრებას უნდა შეხედო ახალი თვალით. არ უნდა მოწყდე საზოგადოებას, პირიქით, უნდა იყო აქტიური. რამდენადაც მიეცემი დარდს, იმდენად ჩაიკეტები. თუმცა ქართველებში ჯერ კიდევ არ არის ის გაგება, რომ სიბრალულის თვალით არ შეხედონ ჩემნაირებს. როცა პირველ პროთეზზე შევდექი, ძალიან გამიჭირდა სიარული… მერე გავაცნობიერე, რომ არ უნდა მივსტირო იმას, რაც აღარაა. ახლა ისევ ის ხალისია ჩემში, ისევ ის ხასიათი დამიბრუნდა, რაც მანამე მქონდა, ცოტა სევდა მეყრება ხოლმე, ოღონდ ისე არა, რომ ამის გამო გვერდით მყოფი შეწუხდეს. უნდა იყო მაგალითი სხვებისთვის, მითუმეტეს ჯარისკაცი როცა ხარ. მე ბედნიერი კაცი ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურე ისე, როგორც მას სჭირდებოდა. მეგობარი არ მიმიტოვებია, დაჭრილის თავზე არ გადავმხტარვარ.

ჯარისკაცობაზე მინდა გკითხოთ, რატომ აირჩიეთ ჯარისკაცობა?

– ჯარისკაცობა მიტაცებდა. 1999 წლის შემდეგ სახლიდან წამოვედი და ბათუმში, კერძო დეტექტივში დავიწყე მუშაობა, მერე დაცვის უფროსად ვმუშაობდი. მერე იყო სპეცრაზმში მუშაობა, ასლან აბაშიძის პერიოდში ე.წ. ხელვაჩაურის სპეცრაზმი იყო და იქ ერთი-ერთი დაზვერვის ოცეულში ვიყავი. 2004 წელს, არეულობა რომ დაიწყო, გენერალ რომან დუმბაძის პირად დაცვაში გადამიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიცოდი პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] მომსვლელი იყო ბათუმში, არამართებულად მიმაჩნდა ჩემი ერის წინააღმდეგ იარაღი ამეღო. თუმცა, ამით არც იმის თქმა არ მინდა, რომ ვინმეს უნდოდა განხეთქილება ერს შორის. ჩემს უფროსს ვუთხარი, მე უნდა წავიდე სახლში-მეთქი. დავწერე განცხადება და წამოვედი ოჯახში. რახან ჯარისკაცულ ცხოვრებას მივყვებოდი, გადავწყვიტე კვლავ გამეგრძელებინა ეს გზა და 25-ე ბატალიონში (მერე გადაკეთდა 23-ე ბატალიონად) დავიწყე მუშაობა. მეორე ასეულში ათმეთაური ვიყავი, _ ჯარისკაცებს ვასწავლიდი. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, დღესაც მინდა ჩემს ქვეყანას ისევ ვემსახურო, რითაც დავჭირდები, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, როგორ იქნება და რისთვის იქნება. ეს არ არის ზედმეტი ნათქვამი.

სამხედრო განათლება გაქვთ?

– არა. სამხედრო განათლება ჩემმა ცხოვრებამ ჯარში ყოფნის დროს მიმაღებინა.

რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ თუ მოგინდებათ ამ სფეროში დაბრუნება, სად ხედავთ თქვენს თავს, რას გააკეთებდით?

– ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, თუმცა გარკვეულად ეს ყველაფერი გასახსენებელი მაქვს, მზად ვარ კიდევ ერთხელ გავაგრძელო მუშაობა იქ, სადაც დამიძახებენ.

 

P.S. ავთანდილ ჯაყელიძე 1975 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. ცხოვრობს ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში მეუღლესთან, შვილებთან და დედასთან ერთად.

 

 

აირჩიე შენი საახალწლო საჩუქარი!

ახალი წელი სიურპრიზების, საჩუქრებისა და ბედნიერების დღესასწაულია! თამამად ჩაიფიქრე ნატვრა, რადგან მის ასრულებაში MoneyMan დაგეხმარება!

სწრაფი ონალინ სესხების კომპანია, მანიმენი საახალწლოდ განსაკუთრებულ პრიზებს სთაზობს თავის მომხმარებლებს. არ აქვს მნიშვნელობა ახალი მომხმარებელი ხარ თუ ძველი, უბრალოდ გააკეთე განაცხადი და აირჩიე შემოთავაზებული საჩუქრებიდან შენთვის სასურველი:

  • პირველი: 2 კაციანი საგზური ევროპაში – გამარჯვებული თავად ირჩევს სასურველ საგზურს შემოთავაზებული ვარიანტებიდან;
  • მეორე: ტექნიკის სახლის ვაუჩერი – გამარჯვებული თავად ირჩევს სასურველ ტექნიკას შემოთავაზებული ვარიანტებიდან;
  • მესამე: ინკოგნიტო საჩუქარი – გამარჯვებულმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა საჩუქარი გაუხარდებოდა ყველაზე მეტად.

მოგვწერე გულწრფელი საახალწლო ნატვრა და დაგვანახე შენი ენთუზიაზმი. მარტივად და ორიგინალურად ჩამოაყალიბე სათქმელი, მის ხორცშესხმაზე კი მანიმენი იზრუნებს.

იმისათვის, რომ ჩაერთო Moneyman.ge-ის გათამაშებაში:

  • გააკეთე განაცხადი ნებისმიერ თანხაზე (მინ.50 ლარი) და მიუთითე პრომოკოდი: 2016 (არ აქვს მნიშვნელობა დაგიმტკიცდება თუ არა);
  • დაგვიტოვე კომენტარი Facebook-ზე, გათამაშების პოსტზე: https://bit.ly/WIN2016 მიუთითე რომელ საჩუქრას ისურვებდი და რატომ;
  • Facebook-ის პმ-ში მოგვწერე სახელი და გვარი, პირადი ნომრით.

გამარჯვებული 30 დეკემბერს გამოვლინდება, დეტალური ინფორმაცია გათამაშების შესახებ იხილე: https://bit.ly/MM-SACHUQARI

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ცხელ ხაზზე: +995 322 470017 ან Facebook-ზე: https://www.facebook.com/MoneyMan.ge/ www.MoneyMan.ge

ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე, აისრულე სურვილები დღესვე!

Moneyman.ge-ის საახალწლო კამპანია. ©Moneyman.ge
Moneyman.ge-ის საახალწლო კამპანია. ©Moneyman.ge

მუნიციპალიტეტებში დაბალ ანაზღაურებაზე

სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან ყველაზე დაბალი ანაზღაურება აჭარის მაღალმთიანეთში კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულებს აქვთ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში, სადაც დასაქმებულები ხელფასის სიმცირეს უჩივიან და გაზრდას ითხოვენ, დაბალ ანაზღაურებაზე ჩივიან, მაგალითად, მუზეუმში, საბავშვო ბაღებში, ბაგირგზასა და წყალკანალში. მოთხოვნის მიუხედავად, ხელფასების გაზრდისთვის საჭირო თანხა მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტის გეგმაში ასახული არ არის.

ლევან ფუტკარაძე შუახევის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლში მუშაობს  – უხუცესთა ანსამბლ „ფესვებში“ ცეკვავს. მისი ყოველთვიური ხელფასი სახელმწიფოს მიერ დათვლილ საარსებო მინიმუმს არ აღემატება. ამბობს, რომ ერთ თვესაც დაელოდება და თუ არ გაუზარდეს ანაზღაურება, მისთვის საყვარელ საქმიანობაზე საბოლოოდ იტყვის უარს.
„ჩემი ხელფასი ხელშეკრულებით 180 ლარია, მაგრამ ხელზე 140 ლარს ვიღებ. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კულტურის სფეროში მომუშავეებს შორის აჭარის მაღალმთიანეთში ჩვენ გვაქვს, გვეუბნებიან ხელფასი გაიზრდებაო და ჩვენც ამის იმედად ვართ. თუ არ გაიზარდა, ჩემს ფორმას შვილიშვილებს ვანახებ და ვეტყვი, რომ ოდესღაც ვცეკვავდი“, –  ამბობს 67 წლის ლევან ფუტკარაძე.
ლევანის ანაზღაურების ოდენობის ხელფასი აქვს შუახევის კულტურის ცენტრში დასაქმებულ სხვა 35 თანამშრომელსაც. ანსამბლის წევრის წლიური ხელფასი აქ 2 160 ლარს აღწევს. მაშინ, როცა მაგალითად, შუახევის გამგეობის ნებისმიერი სამსახურის უფროსს, მხოლოდ პრემიის სახით, დღემდე 3 800 ლარი აქვს მიღებული.
დაბალი ანაზღაურება აქვთ შუახევის მუნიციპალიტეტის სხვა აიპი-ში დასაქმებულ თანამშრომლებსაც. შუახევის წყალკანალის 36 თანამშრომელთაგან ორის ანაზღაურება 180 ლარია, 8 თანამშრომლის კი – 215 ლარი. სპორტსკოლაში დასაქმებული უფროსი მწვრთნელების ხელფასი 325, მწვრთნელების კი – 285 ლარია. მოედნის მომვლელისა და ყარაულის ხელფასი 250 ლარს აღემატება.
შუახევის გამგეობას მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმაში ხელფასის მატება არ აქვს გაწერილი. გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე ამბობს, რომ გასულ წელს ყველა აიპ-ის თანამშრომელს, გარდა კულტურის ცენტრისა, 20%-ით გაუზარდეს ხელფასი. რაც შეეხება კულტურის ცენტრის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის თქმით, მათი ხელფასები მხოლოდ იმიტომ ვერ გაზარდეს, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს და, შესაბამისად, თანხაც მეტი, თვეში 7 000 ლარი იყო საჭირო.
მწირ ანაზღაურებაზე საუბრობენ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლებიც. აქ დასაქმებული 11 თანამშრომლიდან ცხრა ადამიანის ხელფასი 200 ლარია. დირექტორის მოადგილე რევაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ სთხოვეს ხელფასის გაზრდა.
„დაბალი ანაზღაურება აქვთ ჩემს თანამშრომლებს. არც პრემია გვაქვს და არც დანამატი, მხოლოდ დეკემბრის თვის ბოლოს ვიღებთ მე-13 ხელფასს“, – ამბობს რევაზი.
საარსებო მინიმუმს ვერ უთანაბრდება ხულოს სახელოვნებო სკოლაში დასაქმებულთა ხელფასიც. სახელოვნებო სკოლის დირექტორი, ესმა ართმელაძე ამბობს, რომ ხელფასის მომატების საკითხი 2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვისას დააყენა. ფიქრობს, რომ გამგეობა მის მოთხოვნას გაითვალისწინებს და თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.
„დამლაგებლებს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე დაბალი ანაზღაურება ჩვენთან პედაგოგებს აქვთ – არიან ისეთები, ვინც ხელზე 145 ლარს იღებს. ხელფასი დამოკიდებულია საათობრივ ბადეზე, ერთი საათის ღირებულება 17,77 ლარია. სამხატვრო და სამუსიკო განყოფილება გვაქვს, სამხატვროში 60 საათია და 5 პედაგოგი მუშაობს. გვეუბნებიან, რომ დღის წესრიგში იქნება ხელფასების მომატება“, – ამბობს ესმა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩიძე კი აცხადებს, რომ სამომავლოდ აიპებში ოპტიმიზაციას გეგმავს:
„აიპ-ებში გადაიხედება საშტატო ნუსხა და სახელფასო ნაწილიც, მაგრამ ვერ გეტყვით რამდენი პროცენტით გაიზრდება ხელფასი. შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით გავთვლით თანამდებობრივ სარგოს, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს ანაზღაურება. პირველ კვარტალში არ არის გათვალისწინებული ხელფასის ზრდა, მეორე კვარტალში ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინებთ, მაგალითად, ვფიქრობთ სპორტში მწვრთნელს მინიმალური ფიქსირებული ხელფასი ჰქონდეს და დანამატიც. დანამატი იმის მიხედვით განისაზღვროს, რამდენი ბავშვიც ივარჯიშებს მასთან და რა მიღწევები ექნება. ანალოგიური გათვლა გვაქვს კულტურის მიმართულებითაც, – დანამატს შემოქმედება განსაზღვრავს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ვფიქრობ, ამ სფეროში მომუშავეებს ხელფასები გავუზარდოთ. აქვე ერთსაც ვიტყვი – ყველა აიპი-ში ხელფასი ვერ გათანაბრდება“.
საარსებო მინიმუმს ვერ უთანაბრდება ქედის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი შპს „ქედის წყალკანალში“ დასაქმებულთა ხელფასი. აქ სულ 26 ადამიანი მუშაობს, მათგან შვიდის შემოსავალი 160 ლარია, ოთხის – 100, კიდევ ოთხი თანამშრომლის კი – 180 ლარი.
2016 წელს ხელფასები არც ქედის მუნიციპალიტეტის შპს-ებსა და აიპი-ებში დასაქმებულებს გაეზრდებათ. ქედაში ამ კატეგორიისთვის ხელფასების ზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარაუდობენ, თუ ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავალი გაიზრდება. ცხადია, უცნობია, როგორ ან რამდენით შეიძლება გაიზარდოს ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსვლებით.
„ყველაზე ნაკლებშემოსავლიანი მუნიციპალიტეტი ვართ, შესაბამისად, ხელფასების ზრდა ვერ მოხდება. ხელფასის ზრდისთვის მინიმუმ შემოსავალი 15-20%-ით უნდა გაიზარდოს. იმ პრინციპით, რომ ცენტრალური ხელისუფლება დამატებით ტრანსფერს მოგვცემს, ხელფასს ვერ გავზრდით“, – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ.
აჭარის მთის მუნიციპალიტეტებთან არსებულ შპს-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულები ვერც მომავალ წელს მიიღებენ პრემიებსა თუ დანამატებს. თანამშრომლები აქ მხოლოდ მე-13 ხელფასს იღებ, თუმცა ქედაში, შუახევისა და ხულოსგან განსხვავებით, წელს არც ე.წ. მე-13 ხელფასის გაცემა იგეგმება.

საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა „ბათუმი“ 14 დეკემბერს დაიწყება

14 დეკემბერს ბათუმში საქალაქო შემეცნებითი საკონკურსო ოლიმპიადა “ბათუმის“    ზამთრის სერია იწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის 24 კერძო და საჯარო სკოლა.

საქალაქო შემეცნებითი  ოლიმპიადა ლოგიკურ კითხვებზე აგებული საკონკურსო  გუნდური თამაშია.  ოლიმპიადა ტარდება 3 ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი. დასკვნითი თამაში გაიმართება 24 დეკემბერს.

ოლიმპადა ჩატარდება    ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის  14 დეკემბერიდან   24 დეკემბერის ჩათვლით.

სამ საპრიზო ადგილზე გასული გუნდის ყველა მონაწილეს დააჯილდოვებს ხელოვნების უნივერსიტეტი,  გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომისია, აჭარის განათლების სამინისტრო და სხვა მხარდამჭერები.

ოლიმპიადის ორგანიზატორია სტუდენტური კლუბი “24”

კლუბი 24

ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, დღეს,  8 დეკემბერს  გამგეობის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას იმ თანხის დაბრუნების ვადის გახანგრძლივებას თხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ სოფელ ჯალაბაშვილებში პირველ და მეორე კატეგორიის ოჯახებს 2010 წელს გადასცა. მაშინ 57 000 ლარი ამ ოჯახებს სახლების ადგილმონაცვლეობისთვის გადაეცათ. რადგან საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ვერ შეძლეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ მათ ბინები სოციალურ სახლში იმ პირობით გადასცა, რომ 2010 წელს მიღებულ კომპენსაციას უკან დააბრუნებდნენ.

„მართალია 2010 წელს 10 ათასი ლარი გადმომცეს სახლის ადგილმონაცვლეობისთვის, მაგრამ ის თანხა საოპერაციოდ გამოვიყენე, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, ავთვისებიანი სიმსივნე მჭირს, დღესაც ვმკურნალობ, არაერთხელ ვთხოვე დამხმარებოდნენ მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავინ გაითვალისწინა“ – ამბობს გულიკო ბერიძე.

„ეკომიგრანტი ოჯახები, რომლებსაც გადაეცათ ბინები, დღეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხის დაბრუნების გადავადებას ერთი წლით ითხოვენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ გადავადება მოხდეს არა ერთი წლით, არამედ წელიწადნახევარით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც მზად არის გათვალისწინებული იქნას ეკომიგრანტების მოთხოვნა,  მაგრამ ქედის გამგებელი დავით დუმბაძე თავდაპირველად წინააღმდეგი იყო გადავადებაზე და დღეს საუბრობს, რომ 11 ოჯახიდან მხოლოდ მცირე ნაწილს გაეწევა შუამდგომლობა“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“ თავმჯდომარე დავით ბერიძე

„მოახლეობა კომპენსაციის გადავადებას მოითხოვს, თუმცა თავის დროზე გამგეობასა და მათ შორის შეთანხმება გაფორმდა და ნოტარიულად დამოწმდა, რომ ისინი მზად იყვნენ თანხა 20 დეკემბრამდე გადაეხადათ. ჩვენ დღეს განვუნმარტეთ მოქალქეებს რომ დაეწერათ განცხადება,  რომელსაც სამთავრობო კომისიას გადავუგზავნით. გადავადდება თუ არა კომპენსაციის დაბრუნების თარიღი, გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ თარიღი არ გადავადდება, მათ წინააღმდეგ ხელშეკრულებით გაწერილი საჯარიმო სანქცია გატარდება“ – აცხადებს ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე.

 

ქედაში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“ – აქციის ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში,  მოსახლეობასთან ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  ოჯახში ძალადობაზე  მომზადებული ფილმი – „ხმა ამოიღე!“ უჩვენეს, რის შემდეგაც  დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ძალადობასთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითებიც განიხილეს.

გეგელიძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პედაგოგების გადამზადება.

„თემას თუ გავშლით დავინახავთ სად იბადება ძალადობა. ძალადობის საწყისი ოჯახია, ბავშვი სკოლაში აჩენს იმ ძალადობის ნიშნებს რაც მის ოჯახში ხდება, თუ ჩვენ არ მივაღწიეთ შედეგს და არ დავანახებთ ბავშვს რომ ძალადობა არ შეიძლება, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება.  ჩვენ თვითონ პედაგოგებიც  უნდა გადაგვამზადონ იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ უნდა მივუდგეთ ასეთ ბავშვებს“.

ძალადობის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას  ქალთა კლიბის წევრები, ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის პროექტების კორდინატორი  ნინო ტავლალაშვილიc ესწრებოდნენ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა აქციებით აღინიშნება. ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში ქედის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო.

12348564_10208684965268217_1228980126_n

სასწრაფოდ იყიდება გარემონტებული ბინა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, მეშვიდე სართულზე, იყიდება 47 კვ/მ ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ფასი: 28 ათასი აშშ დოლარი ID 12323.

მობ.: 577 07 11 85, 577 07 11 87.

მის.: ბათუმი, ლუკა ასათიანის 12.

ბინა ბათუმი-მაკლერი

ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში

რძის გადამამუშავებელი საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. საწარმოში ყველს, კარაქსა და ადგილობრივ ტრადიციულ რძის პროდუქტებს – „ნადუღსა“ და „კაიმაღს“ აწარმოებენ. ხულოში წარმოებული პროდუქცია მწარმოებელს ბათუმში ჩააქვს და იქვე ყიდის.

ხულოს  მუნიციპალური ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დიოკნისში 220 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი არკადი კახაძეა. საწარმო, რომელიც დღის განმავლობაში რვა ტონა რძეს ამუშავებს, მან შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით მოაწყო. საწარმოს გახსნაში არკადის მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება დაეხმარა, რძის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად საჭირო თანხის მოსაძიებლად კი ბიზნესგეგმა არასამთავრობო ორგანიზაციას წარუდგინა და დაფინანსებაც მოიპოვა.

„რძის პროდუქტების წარმოების შვიდწლიანი გამოცდილება დამეხმარა, ბიზნესგეგმა დამეწერა. ქვემო ქართლში ჩემს ძმას აქვს რძის გადასამუშავებელი საწარმო, სადაც წლები ვიმუშავე, აქედან გამომდინარე ყველა საკითხი, რაც რძის პროდუქტების წარმოებას უკავშირდება, ჩემთვის ნაცნობი იყო. გადავწყვიტე საწარმო ხულოში გამეხსნა, მაგრამ ეს ბევრ თანხას მოითხოვდა, მთლიანობაში 265 000 დოლარი იყო საჭირო, ბიზნესგეგმა დავწერე და დასაფინანსებლად შვეიცარიის განვითარების ფონდს მივმართე. შვეიცარიის განვითარების ფონდმა 60%-ით დაგვაფინანსა, სწორედ მათი დახმარებით  ჩემი იდეა რეალობად ვაქციე“, – ამბობს არკადი.

საწარმო შპს „ნატურალ პრო¬დუქცით“ არის ცნობილი. მწარმოებელი ამბობს, რომ საწარმოს სახელს ახალ წლამდე შეურჩევს და აქ წარმოებული პროდუქციის სახელწოდება „ცეზარი“ იქნება.

დიოკნისში წარმოებული პროდუქცია ასე გამოიყურება: ნადუღი, კარაქი და კაიმაღი ხუთლიტრიან ქილებში თავსდება. რაც შეეხება ყველს, იქედან გამომდინარე, რომ საწარმო ბითუმად წარმოებაზეა ორიენტირებული, 3-4 კილოგრამიანი ყველი იფუთება და სარეალიზაციოდ ბათუმში იგზავნება. როგორც არკადი ამბობს, საწარმო „ჰასპის“ [სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მეთოდი ევროკავშირსა და აშშ-ში] სტანდარტებშია მოქცეული და აქ მხოლოდ ნატურალური რძით ამზადებენ პროდუქტს. მეწარმე ამბობს, რომ სწორედ ნატურალურობა განსაზღვრავს აქ წარმოებული პროდუქტის ხარისხს და არც რეალიზაციის პრობლემა არ ექმნებათ.

„ჩვენი საწარმო ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, წარმოებულ პროდუქციას ყოველკვირეულად ლაბორატორიაში ვამოწმებთ. ისეთი დანადგარები გვაქვს, რომ პასტერიზებული რძით კეთდება რძის პროდუქტები და ამავდროულად  ვინარჩუნებთ იმ ხარისხს, რაც ადგილზე, ოჯახში დამზადებულ პროდუქციას ახასიათებს. მაგალითად, ნადუღი, აქ, ხულოში კარგად გავრცელებული რძის პროდუქტია, ესეც გავითვალისწინეთ და ნადუღსაც ვაწარმოებთ. ეს საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე. ლაბორატორიულად შემოწმებულ პროდუქციას, ზოგადად, ბრენდირებული მაღაზიები ითხოვენ და არც რეალიზაციის პრობლემა გვექმნება.

1 კილოგრამი კარაქისა და კაიმაღის ღირებულება 7 ლარია, ნადუღი კი 3,50 ღირს. რაც შეეხება ყველს, ძირითადად, იმერულ ყველს ვამზადებთ 3-4 კილოგრამიანს და ერთი კილოს ღირებულება 9 ლარია. აქ წარმოებულ პროდუქციას ბათუმში ბითუმად ვყიდით“, – ამბობს არკადი. – „ვფიქრობ, საწარმოს გახსნით კარგი საქმე გაკეთდა ხულოს მოსახლეობისთვის – 25 ადამიანი დავასაქმეთ. ხალხს გაუჩნდა შემოსავალი – რძის რეალიზებით. 1 ლიტრ რძეს 1,10 ლარად ვიბარებთ. ჩვენთან რძე ჩასაბარებლად ხულოს ყველა სოფლიდან მოაქვთ. იქედან გამომდინარე რომ ზამთრის პერიოდში რძის წარმოება საოჯახო ფერმერულ მეურნეობებში იკლებს, დღის განმავლობაში მხოლოდ 4-5 ტონა რძეს ვიბარებთ“.

საწარმოს თავისი წარმადობის მიხედვით, დღის განმავლობაში 8 ტონა რძის გადამუშავება შეუძლია. საწარმოს მფლობელი სამომავლოდ საწარმოს გაფართოებას გეგმავს.

პროკურატურა არასრულწლოვანთან დაქორწინებულს არ დასჯის

საქართველოს პროკურატურა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის გადაწყვეტილებას ავრცელებს, რომლის თანახმად აჭარის პროკურატურამ  მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან   სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნულ ფაქტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის 18 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161,140-ე მუხლით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნადიმ პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ  გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად,  მიიღო  გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნადიმ პაქსაძემ, გუშინ 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ  მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რადგან მან სამი წლის წინ, 13 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა და დღეს უკვე ორი შვილი ჰყავთ.

ნადიმ პაქსაძეს გირაოს სახით 4 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

2,3 მილიონი ლარი ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩებისთვის

ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოების სამუშაოებში ბათუმის მერია მაქსიმუმ 2 მილიონ 387 ათას 151 ლარს გადაიხდის. მწვანე კონცხის დასახლებაში გაფართოვდება ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი [როგორც ბათუმის, ასევე ჩაქვის მხრიდან] ქუჩები და პარალელურად ტერიტორია ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილებით კეთილმოეწყობა. ფილების ფერი კი მერიასთან მოგვიანებით შეთანხმდება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა  წინადადებების მიღება 2015 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელ გზებზე სამუშაოები უნდა განხორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი კი მისი გაფორმების პროცესში დაზუსტდება.

გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მეორადი გამოყენებისათვის ვარგისი დემონტირებული მასალის ტრანსპორტირება და დასაწყობება ბათუმის მერიის საწყობში. სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციის შეხვედრის შემთხვევაში შემსრულებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს კომუნიკაციის გადატანა მისი დაზიანების გარეშე.

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული

ლიტერატურული მარათონი აჭარის მასშტაბით 8 ნოემბერს ჩატარდა. კონკურსზე საჯარო და კერძო სკოლის ათასზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. პირველი ეტაპი მეშვიდე-მეცხრე კლასის ჩათვლით 34-მა მოსწავლემ გადალახა, მეათე-მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი – 32-მა მონაწილემ. უფროსკლასელებში პირველი ადგილი პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა თათია ბოლქვაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ჩაქვის საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა, მესამე ადგილი კი თათიას თანაკლასელმა ნინო ბერიძემ მოიპოვა. როგორია ლიტერატურული მარათონის პრინციპი და რა ნიშნით დგება საკონკურსო წიგნების სია?

„ზაფხულში საკონკურსოდ შერჩეული 22 წიგნი უნდა წაგვეკითხა. ბუნებრივია, ამ მცირე დროში რთულია ამდენი წიგნის კარგად წაკითხვა, მაგრამ ავტორების გარკვეული ნაწილი წაკითხული მქონდა და ეს დამეხმარა,“ – ამბობს კონკურსის მონაწილე თათია ბოლქვაძე, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა ას კითხვას, რომელსაც მოსწავლეები ელექტრონულად პასუხობდნენ. მინიმალური ბარიერის – 85 ქულის დაძლევის შემდეგ, მონაწილე მეორე ტურში გადადის.

„პირველ ტურში თითქმის ყველა ნაწარმოებიდან იყო მინიმუმ სამ-სამი კითხვა. საინტერესო კითხვები იყო, რადგან არა მარტო ფაქტის სიზუსტეს, ლოგიკასაც მოიცავდა. დათო ტურაშვილის „ამერიკული ზღაპრებიდან“ იყო ასეთი კითხვა: „ტურაშვილი წერს, რომ ჩემი მეგობარი ქეთი წავიდა ამერიკაში X-სთან და მე დამტოვა Y-თან. ეს X-ი და Y-ი ცნობილი პიროვნებები არიან, იქსი დაბადებულია ლივერპულში“. ასევე იყო მითითება, რომ იქსისა და იგრეკის სახელებში განსხვავება მხოლოდ ერთი ასობგერა იყო. პასუხი იყო ლენონი და ლენინი. ის წავიდა ლენონთა და მე დამტოვა ლენინთან.

ველოდი კითხვებს მარკესის „მარტოობის ასი წლიდან“ და სულ ბოლო კითხვა იყო აქედან. მეორე ტურში ყველა ნაწარმოებიდან არ ყოფილა კითხვები, მაგალითად, „პილატეს სახარებიდან“. იყო კიდევ რამდენიმე სხვა ნაწარმოები.“

თათია ამბობს, რომ ლიტერატურული მარათონის კონკურსში თითქმის ყველა ჟანრის ნაწარმოები იყო შერჩეული, მათ შორის ქართული მწერლობიდან.

„რაში დამეხმარა ეს კონკურსი? – ბუნებრივია, როცა ახალ წიგნს კითხულობ, ყოველთვის რაღაც ახალს იძენ. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ კითხვები ზოგადი აზროვნების შესაძლებლობას გაძლევდა, რადგან შეიცავდა დეტალებს ისტორიიდან, მათემატიკიდან, ბუნებისმეტყველებიდან. კონკურსის პრინციპი იყო ის, რომ უნდა გქონოდა ზოგადი განათლებაც. მხოლოდ ტექსტის ცოდნით ბარიერს ვერ გადალახავდი,“ – ამბობს თათია.

წელს ლიტერატურული მარათონი მეორედ ჩატარდა. როგორც თათია ამბობს, ის გასულ წელსაც მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა რადგან კონკურსის პრინციპი უცხო იყო, ბარიერი ვერ გადალახა.

მისი თქმით, ლიტერატურული მარათონის დროს ბიბლიოთეკით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა. „საჯარო ბიბლიოთეკაში მეუბნებოდნენ, ბევრი ბავშვი მოდის და მარათონში შერჩეულ წიგნებს ითხოვსო. სკოლის ბიბლიოთეკით იშვიათად ვსარგებლობ, საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გვაქვს, თუმცა მე უფრო საჯარო ბიბლიოთეკას ვარჩევ“.

თათიას განსაკუთრებით იზიდავს ისეთი კონკურსები, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებებს ეხება. ის სახალხო დამცველის კონკურსის – „მე ობმუდსმენის“ გამარჯვებულიცაა. „ერთ-ერთ ფოტოკონკურსშიც გავიმარჯვე. მონაწილეობას ვიღებ საგნობრივ ოლიმპიადებშიც, რადგან ძალიან მომწონს“.
თათია ამბობს, რომ ყველა საგანი თითქმის თანაბრად მოსწონს და წარმატებებიც აქვს.

„კითხვის სიყვარულს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მასწავლებელზეა ბევრად დამოკიდებული. მე მასწავლებელმა შემაყვარა კითხვა და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე. კარგია სკოლის გარეთ განვითარების შესაძლებლობები რომ არსებობს, რადგან მარტო სკოლაში ვერ მოახერხებ ყველა შესაძლებლობა გამოავლინო, ამიტომ დავდიოდა მედიასკოლაში.

ხშირად მსმენია, რომ წიგნის კითხვა არ ნიშნავს განათლებას. მეც ვფიქრობ, რომ მთავარი წაკითხულის გააზრება, კრიტიკა და მსჯელობაა. მნიშვნელოვანია, ბევრი განსხვავებული აზრი მოისმინო საკითხზე, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა. მე ასე ვაკეთებ ხოლმე. „შინდლერის სია“  რომ წავიკითხე, დავინტერესდი ოსკარ შინდლერით, ერთი კვირის მანძილზე ვეძებდი ინფორმაციას მის შესახებ, რეალური პერსონაჟების, მისი შთამომავლების ინტერვიუებს ვნახულობდი და მინდოდა მეტი გამეგო ამ პერიოდზე. ვფიქრობ, ასე უნდა მოხდეს წიგნის წაკითხვის შემდეგ, რაღაც ღირებული რომ დარჩეს შენში“.

თათია ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისეთი წიგნების კითხვა უყვარს, რომელიც თანამედროვეობას ეხმიანება. „დღეს აქტუალურია გენდერული თანასწორობის საკითხები, გოგონები ბევრს ვსაუბრობთ ამაზე. დღესაც არიან გოგონები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კაცი მათზე მეტია და „რაღაც მხრივ მისი მორჩილება მართებს“. როგორ უნდა დაძლიოს მან ეს სტიგმა, როცა თვითონ დადგება პრობლემის წინაშე?“-  კითხულობს თათია.

თათიას თანამედროვეობაში ტექნოლოგიური მიღწევები ხიბლავს, თუმცა საკუთარ თავს ზოგჯერ მე-18-19 საუკუნის პერსონაჟად წარმოიდგენს: „ჯეინ ეარის, ელიზაბეტ ბენეტის მსგავსი ადამიანები მომწონს და ალბათ ამიტომ. ვფიქრობ, დღეს ადამიანური ურთიერთობები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ალბათ ამიტომ ვერ ვკითხულობ ზოგიერთ თანამედროვე ქართველ მწერალს, რადგან ყოველდღიურობის გადამღერებაა, თან მდარე ხარისხით. ამ პრობლემებს მე რეალობაში უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე მათ ნაწარმოებებში“.

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.

 

კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო იხდის სასჯელს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას ოჯახში ითხოვს. პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული.  მისი ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით ფოცხვერია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ის ვერც ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობს და ვერც სატელეფონო მომსახურებით.

55 წლის ტარიელ ფოცხვერიას 2009 წელს, პატიმრობაში ყოფნის დროს, ხორხის კიბოს მესამე სტადია დაუდგინდა. პატიმარს ამოკვეთეს ხორხი, სახმო იოგები და კისრის ლიმფური კვანძები, რის შემდეგაც ფოცხვერიამ დაკარგა მეტყველების უნარი. მისი ექიმების ინფორმაციით, დაავადებამ განიცადა პროგრესირება – გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა მარჯვენა ფილტვის კიბო, მეოთხე სტადია.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მისმა ადვოკატებმა განმარტეს, უკვე მეორე თვეა ტარიელ ფოცხვერიას ყოველდღიურად აქვს სისხლიანი ნახველი, აწუხებს ტკივილი, უჭირს საკვების ღეჭვა და ამის გამო მხოლოდ ფხვიერ საკვებს იღებს.

სასამართლოში მისი წარმომადგენლების მტკიცებით, 2015 წლის აგვისტოში კომპიუტერული კვლევით გამოვლინდა მარჯვენა ფილტვში მეტასტაზური კვანძი,  რომელიც ჩაზრდილია ბრონქის კედელში. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი ამ მიდამოში ბიოფსიის გაკეთება (ბრონქოსკოპის მეშვეობით ქსოვილიდან მცირე ნაწილის აღება). ციტოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ მარჯვენა ფილტვის ქსოვილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა არის ხორხის კიბოს მეტასტაზი.

სადავო ნორმა, რომელსაც პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარების მოთხოვნაა. სპეციალისტების განმარტებით, ჰისტოლოგიური კვლევისთვის ბიოლოგიური მასალის – ორგანოების ნაწილის აღება შეიძლება ოპერაციის გზით. თუმცა, ექიმები, რომლებიც სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიცოცხლისთვის ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება სახიფათოა, რადგან ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა. დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად, პაციენტის დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს ჰისტომორფოლოგიურად.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ექიმი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ციტოლოგიური კვლევით დადგენილი დიაგნოზი უტყუარია. თუმცა, უტყუარ მტკიცებულებად ამას მოპასუხე მხარე არ მიიჩნევს.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმაში არსებული ტერმინი – „დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად“ დისკრიმინაციულია იმ პატიმრების მიმართ, ვისთვისაც ოპერაციის გაკეთება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ის დაიღუპება.

ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში ციტოლოგიური კვლევა დიაგნოსტიკური სიზუსტით, ჰისტოლოგიური კვლევის ექვივალენტური და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა – განმარტა სასამართლო პროცესზე მაია ნიკოლაიშვილმა, რომელიც მოწმის სტატუსით დაკითხეს.

მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ”ფოცხვერიას იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ კანონიერი ქურდობის გამოა გასამართლებული“.

ფოცხვერიამ პატიმრობიდან გათავისუფლება და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება ოჯახში იმ კომისიას სთხოვა, რომელიც ავადმყოფი პატიმრების საქმეებს განიხილავს. (თუ პატიმარი მომაკვდინებელი სენით არის დაავადებული, მას საპატიმრო დაწესებულებიდან ათავისუფლებენ). კომისიის წევრები საქართველოს ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების თანამშრომლები არიან. კომისიას ფოცხვერიამ ბოლოს წელს, აგვისტოში მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა არ განიხილეს. კომისიის უმოქმედობა პატიმრის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დაავალდებულა კომისია, ფოცხვერიას განცხადება განეხილა. ეს ასეც მოხდა, მაგრამ კომისიამ პატიმარ ფოცხვერიას განცხადება არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ (ფოცხვერიას ადვოკატი) იშუამდგომლა, რომ საქმეს თან დართვოდა წერილი, რომელიც პარლამენტარ თამარ კორძაიას კომისიის თავმჯდომარემ მისწერა. ამ წერილში, როგორც ადვოკატებმა მოსამართლეებს უთხრეს, კომისიის თავმჯდომარე წერს, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ ციტოლოგიური კვლევა აქვს ჩატარებული და არა ჰისტოლოგიური. პატიმარს გათავისუფლებაზე სწორედ ამის გამო უთხრეს უარი. მოსამართლეებმა ამ კომისიის თავმჯდომარის მიერ თამარ კორძაიასთვის გაგზავნილი ეს წერილი საქმეს დაურთეს.

გაგი მოსიაშვილი ტარიელ ფოცხვერიას იცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე საქალაქოში. მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმის განხილვა  ქვეყნის შიდა ინსტანციებში უკვე დასრულდა და მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

ფოცხვერია პატიმრობიდან 2013 წელს გათავისუფლდა. გათავისუფლებიდან 6 დღის შემდეგ, ფოცხვერია, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, ისევ დააკავეს. გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის დროს დანაშაულებრივი ქმედების (ციხის ბუნტის მოწყობის მცდელობა) ჩადენაზე წაუყენეს ბრალი.

გაგი მოსიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კანონი პატიმარს აძლევს უფლებას ისარგებლოს ტელეფონით. მას აქვს შვილებისა და შვილიშვილების ნახვის უფლება. ადვოკატების ცნობით, ფოცხვერიამ რამდენჯერმე ითხოვა შვილიშვილების ნახვა, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მას ამის უფლება არ მისცა. ადვოკატის შეფასებით ეს პატიმრის უფლების დარღვევაა.

ფოცხვერიას საქმეთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ “ბათუმელებთან~ განმარტა: `რადგან ფოცხვერიას დიაგნოზი არ არის დადასტურებული შესაბამისი კვლევებით, კომისიამ მიმართა მას, თანხმობა განაცხადოს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომ დადგინდეს მისი მდგომარეობა. შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ კომისია ხელახლა იმსჯელებს მის საკითხზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომისია პირის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მსჯელობს, როგორც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ დაავადებებთან, ისე დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის თანახმად, საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, მსჯავრდებულს უფლება აქვს 30 წუთის ხანგრძლივობით შეხვდეს ახლო ნათესავებს. მიუხედავად ფოცხვერიას ქურდული სამყაროს წევრობისა და საზოგადოებრივი საშიშროებისა, იგი დაუბრკოლებლად ხვდება მეუღლეს სამედიცინო დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან დღემდე, რომელიც განსაზღვრულია მის მომვლელად.“

საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაკითხა მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები, ექიმები. მოსამართლეები ახლა თავად აპირებენ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ექიმების მოწვევას. სწორედ მათი მოსმენის შემდეგ იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღოს თუ არა ტარიელ ფოცხვერიას საქმე განსახილველად. თუ საქმეს წარმოებაში მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება.

კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტებისათვის

ორგანიზაცია „საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO www.iwoev.org) საერთაშორისო პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმარონ ბინათმესაკუთრეებს, ჩამოაყალიბონ და მართონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა); ასევე ბათუმში შექმნას და გააძლიეროს რესურსცენტრი, რომელიც განახორციელებს შესაბამისი სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს მათი ცოდნის გაუმჯობესებასა და ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში;

არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და/ან მათ კონსორციუმებს მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 29 დეკემბერი, 18:00 საათი.

კონკურსის განაცხადის ფორმის და სხვა საჭირო დოკუმენტების მისაღებად დაგვიკავშირდით:

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ბათუმის ფილიალი, დირექტორი: ნათია აფხაზავა. ელფოსტა: natia@civilin.org

n168download

ორი შვილის მამას არასრულწლოვანზე ქორწინებისთვის ასამართლებენ

ნადიმ პაქსაძე ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მან ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაია სოლომონიძე 19 წლის ასაკში ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო და მე-9 კლასში სწავლობდა. ნადიმ პაქსაძე აცხადებს, რომ გოგონას მოტაცების დროს, არც სახელმწიფოს და არც ოჯახს პრეტენზია არ გამოუხატავთ. ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ გამოძიება სამი წლის შემდეგ, მეორე შვილის შეძენიდან მეორე დღეს დაიწყო. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანზე ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით ისჯება.

ნადიმ პაქსაძე ამბობს, რომ დღეს მის წინააღმდეგ კანონი არ უნდა ამოქმედებულიყო, რადგან ფაქტი სამი წლის მოხდა: „მოდავე მხარე არ მყავდა, გოგონაც თანახმა იყო და ოჯახი შევქმენით. ხელი არ მოგვიწერია, რადგან გოგონა არასრულწლოვანი იყო, მაგრამ შვილი რომ შემეძინა დავარეგისტრირე. ჩემი პირველი შვილი ახლა ორი წლისაა.

10 ნოემბერს მეორე შვილი შეგვეძინა. ბავშვის რეგისტრაციიდან მეორე დღეს, ხულოს პოლიციამ დამიბარა და დამკითხა. გამოძიება უკვე დაწყებულია და პირველი სასამართლოც იყო“.

სასამართლომ ნადიმ პაქსაძეს გირაოს სახით 4 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.  „გირაოს თანხას თუ  არ გადავიხდი,  წინასწარი პატიმრობა შემეფარდება. მეორე სასამართლო პროცესი 2016 წლის 11 იანვარს არის ჩანიშნული და გირაოს თანხის 4 ათასი ლარის გადახდაც მანამდე უნდა მოხდეს. თანხის გადახდის შესაძლებლობა კი არ მაქვს. არც ადვოკატი მყავს“ – აცხადებს ნადიმ პაქსაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები სახეზეა, სახელმწიფომ  დღეს იმაზე უნდა იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ორი შვილის მამის წინააღმდეგ სამი წლის შემდეგ, როცა პირს უკვე ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები.

გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, სახელმწიფოს თავის დროზე უნდა ჰქონოდა რეაგირება ფაქტზე, „დღეს არარაციონალური იქნება სასჯელზე მსჯელობა“-ამბობს იურისტი.

 

დახმარებითა და სოფლის ჩართულობით გადაჭრილი პრობლემა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთის მოსახლეობა სასმელ წყალს სათავედან ნახევრად ღია არხებით იღებდა. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დაეხმარა. ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, აშენდა და დამონტაჟდა ავზები, ფილტრები, სალექარი, რის შემდეგაც დღეს სოფელი სასმელად სუფთა, გაფილტრულ წყალს მოიხმარს.

„დასალევი წყლის პრობლემა გვქონდა სოფელში. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ მოგვცა წყლის მილები, მაგრამ სახელდახელოდ, პრიმიტიულად გავაკეთეთ, თან არასაკმარისი იყო. ამიტომ ავდარში იმღვრეოდა წყალი, ნალექი მოქონდა, ნარჩენები მოყვებოდა. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა რაღაც შეხება და შეგვპირდნენ დახმარებას. დანაპირები შეასრულეს და მოგვიტანეს წყლის მილები, გასაწმენდი ფილტრები, ცემენტი, ხრეში, რისთვისაც მადლობელი ვართ. სოფელიც ჩართულია ამ საქმეში, ფიზიკურად ვმუშაობთ. შედეგიც არის – რეაბილიტაცია მოხდა წყლის მილების, მთლიანად სისტემის,“ – ამბობს ჯვარიქეთის მკვიდრი მალხაზ კახაძე.

ჯვარიქეთში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად სოფლის მიმდებარედ არსებული წყლის დიდი რესურსისა, სოფელში სასმელი  წყალი მაინც უმთავრესი პრობლემა იყო.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის –  „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ Bread for the World“-ის მიერ, სოფლის წყალგაყვანილობისთვის სპეციალური მილები, წყლის ფილტრები, პლასტმასის ავზი, სხვადასხვა სამშენებლო მასალა და საწვავი შეიძინეს. საჭირო მასალების ნაწილი კი ჯვარიქეთის მოსახლეობამ საკუთარი ფინანსებით მოიძია. პროექტის ფარგლებში შეძენილი მასალები მოსახლეობას სოფელში აუტანეს.

სოფელში სასმელი წყალი, 8 კილომეტრი მანძილიდან გამანაწილებელ აუზამდე ღია არხებითა და ნაწილობრივ პლასტმასის მილებით მოდიოდა. სათავე ნაგებობიდან ოჯახებამდე მომავალი სასმელი წყალი არსად იფილტრებოდა და არც სალექარი იყო მოწყობილი. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მოახერხა ქსელის სრული რეაბილიტაცია – წყალი პლასტმასის მილებში მოაქცია, დაამონტაჟეს ავზები, ფილტრები და სალექარი.

სოფლის მკვიდრი ზორბეგ კახაძე ამბობს, რომ „სათავეზე არ იყო ავზები. წყალი მოდიოდა – ხის კველოებს ვუძახით, იმითი. ფაქტობრივად, ღელის წყალს ვსვამდით. ახლა გაკეთდა კაპიტალურად“. იმავეს ამბობს ნანული კახაძეც: „არ გვქონდა სუფთა წყალი, ახლა მოგვიყვანეს და მადლობელი ვართ“.

„ჯვარიქეთში, მთავარ პრობლემებს შორის, რომელიც მოსახლეობამ დაასახელა, იყო სასმელი წყლის დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე სათემო შეხვედრა. მთავარი ჯვარიქეთის შემთხვევაში სწორედ ხალხის აქტიურობა იყო და ჩართულობა პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ ერთი მხრივ, რეალურად მოგვარებულიყო არსებული პრობლემა და მეორე მხრივ, ამაში ყოფილიყო მაღალი ჩართულობა, ადგილობრივების მონაწილეობა,“ – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თიკო ტყეშელაშვილმა.

სოფელში სარწყავი არხების, გზისა და სხვა პრობლემებიც აქვთ. აქაურები ამბობენ, რომ თუ შესაბამისი დახმარება იქნება, მზად არიან ჩაერთონ საქმეში და როგორც სასმელი წყლის შემთხვევაში, სხვა, მათთვის საჭირბოროტო საკითხებიც მოაგვარონ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ისინი მხოლოდ საკუთარი რესურსით არსებული პრობლემების გადაჭრას ვერ შეძლებენ.

ჯვარიქეთი ხულო

”ბათუმელების” ახალი ნომერი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეძღვნება

გაზეთ „ბათუმელების” ამ ნომერში ვერ შეხვდებით ტრადიციულ რუბრიკებს, რასაც ჩვეულებრივ აქამდე კითხულობდით გაზეთის ბეჭდურ ვერსიაში. ეს ნომერი, მთლიანად ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიღების დღე ყოველწლიურად, 10 დეკემბერს აღინიშნება.

„ბათუმელები“ #46, მთავარი გვერდი
„ბათუმელები“ #46, მთავარი გვერდი

„ბათუმელების” სარედაქციო პოლიტიკა, დაარსების დღიდან ანუ თითქმის 15 წელია, ძირითადად ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული; უკვე რვა წელია „ბათუმელების” სლოგანია – „თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ”. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია საზოგადოებას დეტალურად შევახსენოთ, რას ნიშნავს 10 დეკემბერი – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცივილიზებული მსოფლიოსთვის, რომლის ნაწილი ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ.

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე – ეს არის ჩვენი რედაქციის მთავარი მესიჯი პირველივე გვერდზე. ბავშვების, ქალების, პატიმრების, ლგბტ თემის, შშმ პირების უფლებები, განათლების და კანონის აღსრულების პრობლემები – ვფიქრობთ, ამ მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება დღეს, ამიტომაც შევეცადეთ კანონის წინაშე მათი თანასწორობისთვის კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი.

რა ვიცით დეკლარაციაზე, რომელსაც მიღებიდან 67 წლის შემდეგაც „ცოცხალ დოკუმენტს” უწოდებენ, რადგან ბრძოლა ადამიანის უფლებების დასაცავად მუდმივი პროცესია? რამდენად ახერხებს ჩვენი სახელმწიფო დეკლარაციის დაცვას? რა არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა? უფლებებთან ერთად რა პასუხისმგებლობებს აკისრებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია თითოეულ ადამიანს? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს „ბათუმელების” ამ ნომერში იპოვით – თქვენ გაქვთ უფლება ეს იცოდეთ.

გაზეთი „ბათუმელები"
გაზეთი „ბათუმელები”

ტურნირი ნარდში

დღეს, ქობულეთის კულტურის სახლში, ნარდში ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრში 50-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ტურნირის  I, II და III ადგილზე გასულებს  ორაგანიზატორებისგან ფულადი ჯილდო, სიგელები და მედლები გადაეცათ.

ასევე შეირჩა 8 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც იანვრის თვეში რესპუბლიკურ ტურნირში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ტურნირი ნარდში „საქართველოს ნარდის ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით მოეწყო.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ბათუმში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

 

შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, თბილისის და ბათუმის ბაზებზე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლის, ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ქობულეთის, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს უმასპინძლა.

შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

შსს-ს ცნობით, თბილისში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და ბათუმში, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. გარდა ამისა, მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს გაეცნენ.

შსს-ს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო.

ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვების საჭიროებები აჭარაში

აჭარაში მცხოვრები ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე 700-მდე ბავშვისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგამას ახორციელებს. პროგრამებში ბათუმში არსებული ექვსი სარეაბილიტაციო ცენტრია ჩართული, სადაც ბენეფიციარები აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც გადიან მკურნალობას. რაიონებს შორის, ბენეფიციარების მგზავრობის ხარჯებს მხოლოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. 

აჭარაში მცხოვრები 700-მდე ბენეფიციარიდან, 400-მდე ბავშვი ჩაქვში, “ევექსის” ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში გადის თერაპიას. ცენტრის ნევროლოგი მედეა ცხომელიძე ამბობს, რომ ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან მათთან დაახლოებით 15-მდე ბენეფიციარი დადის, რომლებიც მკურნალობის ათდღიანი კურსის დასრულებამდე ძირითადად ახლობლებთან რჩებიან. ცენტრი ასევე ჩართულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო “ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ჩაქვში გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან 20-მდე ბენეფიციარია ჩართული. მგზავრობის ხარჯები არც ამ ბენეფიციარებს უნაზღაურდებათ. “საუბარია ავტობუსისა და მიკროავტობუსის ხარჯზე, ინდივიდუალურად ტრანსპორტით უზრუნველყოფა იდეალური ვარიანტია, ანუ ვერ ვიტყვით რომ არ არის საჭირო, უბრალოდ პროცედურულად რთულია. ამიტომ შეიძლება ბენეფიციარისათვის გამოიყოს თანხა , რომელსაც იგი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს ან ტრანსპორტისთვის ან ბინისთვის (თუ კი გადაწყვეტს ადგილზე დარჩენას” – ამბობს მედეა ცხომელიძე.
ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი, ნინო მიქელაძე, რომელიც მწვანე კონცხთან ცხოვრობს, სარეაბილიტაციო ცენტრამდე #40 ავტობუსს მიჰყვება. ნინო ამბობს, რომ ავტობუსის გაჩერება სარეაბილიტაციო ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, რის გამოც ხშირად გაჩერებიდან დანიშნულების ადგილამდე ეტლით უწევს ბავშვის წამოყვანა, რაც უამინდობის დროს დიდ დისკომფორტს უქმნის. კიდევ ერთი ბარიერი ტრანსპორიდან სარეაბილიტაციო ცენტრამდე – ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთაა – “არ არის დახაზული ზებრა, არც ე.წ. მწოლიარე პოლიციელი, რომ მანქანებმა მოძრაობა შეანელონ და დაგვითმონ გზა. პირიქით, მოსახვევში წყვეტილი ხაზია, რაც ნიშნავს რომ მძღოლებს ერთმანეთისთვის გასწრებაც შეუძლიათ. ამის გამო ათ წუთზე მეტ ხანსაც გვიწევს გზასთან დგომა, რადგან ჩვენ შშმ ბავშვები გვახლავს და გზას ვერ გადავირბენთ, ვერც მათ სიცოცხლეს ჩავაგდებთ საფრთხეში. ბევრჯერ მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციებს, მაგრამ აქამდე შედეგი არ ყოფილა” – ამბობს ნინო.

როგორც ქობულეთის გამგეობაში “ბათუმელებს” უთხრეს, სარეაბილიტაციო ცენტრთან მოსაცდელს რამდენიმე დღეა რაც საფუძველი ჩაეყარა და მისი მშენებლობა დაახლოებით 15 დღეში დასრულდება. ზებრის დახაზვისა და ე.წ. სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს რაც შეეხება, “ამის შესახებ მშობლების წერილი დღეს შემოვიდა, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის, ამიტომ ინფრასტრუქტურის სამსახური ამზადებს წერილს, რომ გადააგზავნოს საგზაო დეპარტამენტში” – ამბობს პრესცენტრის წარმომადგენელი სალომე ბასილაძე.
კიდევ ერთი საჭიროება, რაც აჭარაში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს აქვთ, მკურნალობის კურსის გახანგრძლივებაა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს ექვსი 10-დღიანი თერაპია უტარდებათ, რომელიც გამაჯანსაღებელი ფიზკულტურის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის სეანსებს მოიცავს (დღეში ორი საათი ჯამში).
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან პროგრამაში 6 კურსის ნაცვლად 7 კურსი იქნება გათვალისწინებული, კურსის ხანგრძლივობა კი იგივე დარჩება.
როგორც ბენეფიციარების მშობლები ამბობენ, კურსების სიმრავლე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მათი ხანგრძლივობა. `მშობლების უმეტესობა მომხრეა, რომ კურსი იყოს 15 დღიანი, რომ ბავშვებმა ამ ვარჯიშის პერიოდში ხუთჯერ მაინც მიიღონ ლოგოპედისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია და არა სამჯერ, როგორც ახლა” – ამბობს ნინო მიქელაძე.
მშობლებს ეთანხმება სპეციალისტიც. ნევროლოგი მედეა ცხომელიძის თქმით, 15 დღიანი კურსი უფრო ეფექტური იქნება, “სხვა მხრივ წელიწადში 6-7 კურსი, საკმარისია, რადგან ამ ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი ყოველდღიურად აქტიური, კვალიფიციური სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება. ელემენტარული მოძრაობები მშობელმა სახლში თავად უნდა გააკეთებინოს ბავშვს, ასევე მნიშვნელოვანია სახლის პირობებში ბავშვი იმყოფებოდეს სწორ პოზაში: სწორ ჯდომას, დგომას, ბავშვის ხელში სწორ დაჭერას, სწორ პოზებს კვებისა და თამაშის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მკურნალობა ცენტრში არ სრულდება და ბინაზე გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ სამკურნალო ფიზკულტურას, ბავშვის კოგნიტური და ქცევითი უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობაზეც იგივე შეიძლება ითქვას. მისასალმებელია, რომ მშობლების უმეტესობა აქტიურად არის ჩართული რეაბილიტაციის ამ პროცესში” – ამბობს ნევროლოგი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში, ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ის ბავშვებიც არიან ჩართულნი, რომელთაც ძირითადად გონებრივი განვითარების შეფერხება აღენიშნებათ და არ საჭიროებენ ფიზიკურ თერაპიას. ისინი მხოლოდ მეტყველების თერაპევტისა და ფსიქოლოგის მომსახურეობას იღებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომავალი წლიდან, ამ ბავშვებისთვის ცალკე პროგრამა – “ბავშვთა ადრეული განვითარება” ამუშავდება, რომელსაც უკვე ახორციელებს სოციალური სააგენტო. ახალი პროგრამა 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქნება გათვლილი, რომელთაც მეტყველებისა და გონებრივი განვითარების დარღვევები და ნაწილობრივ ქცევის დარღვევებიც აღენიშნებათ. პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან პედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი იმუშავებს. გათვლილია თვეში მინიმუმ 8 შეხვედრა. “პროგრამის წამოწყება გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ არიან ბავშვები, რომლებიც ვერ ხვდებიან “ადრეული განვითარების” სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამა, აჭარის რაიონებში მცხოვრებ 100 ბავშვზე გვაქვს გათვლილი, ამიტომ, ბავშვების ნაწილი, რომლებიც აქამდე ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამაში იყვნენ ჩართულები, ამ პროგრამაში გადმოვა. ახალი პროგრამა უკეთ იქნება მორგებული ამ ბავშვების საჭიროებებზე” – ამბობს ლელა სურმანიძე.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების ტრანსპორტირების ხარჯებს, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები, მომავალი წლიდან დააფინანსებენ.

 

 

რა ღირს სასტუმრო და კოტეჯი კურორტ “გოდერძიზე”

5 დეკემბერს, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გახსნა.

კურორტზე საბაგირო გზის ყველაზე მაღალი სადგური 2 350 მეტრზე მდებარეობს. ხულოს გამგეობის ცნობით, კურორტზე ორი სახის საბაგიროა – გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია.

კურორტის ზონაში აიგო და კეთილმოეწყო 380 კვ.მ ფართობის სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები.

სასტუმროს ტიპის კოტეჯები ,,გოდერძიზე''

კურორტ ,,გოდერძიზეზე” სასტუმროს ტიპის კოტეჯებში ორადგილიანი ნომრის ფასი -100 ლარია,
ოთხადგილიანი ნომრისა კი 150 ლარი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასში არ შედის კვება, თუმცა კოტეჯებში არის საერთო სამზარეულო. ასევე ჰოლი ბუხრით, თხილამურების შესანახი ოთახი და Wi-Fi.

სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ფასი 80 ლარია, ოთხადგილიანი ნომრის ფასი კი – 120 ლარი.
ორადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით – 60 ლარი ღირს, ოთხადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით – 100 ლარი (ფასში არ შედის კვება).

სასტუმრო "გოდერძიზე"

სასტუმროში არის სასადილო, ჰოლი და თხილამურების შესანახი ოთახი.

ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლოდ კოტეჯებსა და სასტუმროში ნომრები უკვე 16-მა ადამიანმა დაჯავშნა.

მათივე ინფორმაციით, დადგენილი ფასები წლის ბოლომდე არ შეიცვლება.

 

ქედაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, მეორე დღეა ქედაში, აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად 16 მიმართულებით მიმდინარეობს.


გამგეობის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელის ადმინისტაციულ ცენტრამდე იქნება მოძრაობა აღდგენილი. რაც შეეხება საუბნო გზებს, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმში ახალი შენობა ექნება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განკუთვნილ შენობას საძირკველი, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, დღეს ჩაუყარა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის 104 თანამშრომლისთვის თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო მოეწყობა, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდასა და დარგის განვითარებას უზრუნველყოფს.


შენობა, ისევე როგორც საზღვაო ნავსადგური და ტერმინალი, ბათუმის შემოსასვლელში აშენდება. მას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ააგებს.

 

„დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება – ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება.  ბათუმის, როგორც ერთგვარი საზღვაო დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კონტექსტში არ შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმატებული მუშაობა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიოში ნდობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. განსაკუთრებული აღმავლობა სააგენტოს საქმიანობაში შეინიშნება 2012 წლიდან, როცა ევროკავშირის აუდიტის მიერ დადებითი შეფასებები საქართველოს დროშის მატარებელი გემების ე.წ შავი სიიდან საბოლოო ამოღებით დასრულდა „ – თქვა არჩილ ხაბაძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე.

მშენებნლობა 2016 წლის ივნისში დასრულდება.

ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

5 დეკემბერს ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ალექსანდრე მანთაშევი ცნობილი სომეხი კომერსანტი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ბათუმშიც ფლობდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

საბავშვო ცენტრში, რომელიც ბაღისა და სომხური ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გარდა, ახალგაზრდულ განყოფილებასაც მოიცავს, ახალგაზრდებს შეეძლებათ შეისწავლონ მუსიკა და ცეკვა. ცენტრში ასევე იმოქმედებს დეკლამაციის წრეები, ჩატარდება ელექტრონული მედიის გაკვეთილები. გარდა ამისა ცენტრრში იმოქმედებს ფსიქოლოგიური სამსახური.

ცენტრი სომხეთის რესპუბლიკის და ჯინიშიანის ფონდის მატერიალური მხარდაჭერით, ასევე საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საეპისკოპოსოსა და ბათუმელი სომხების სახსრებით გაიხსნა.

Jpeg

დღეს, ცენტრის ოფიციალურ გახსნას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელში, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული და აჭარის სომხური დიასპორის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – ფაბლაბი გაიხსნა

5 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბი გაიხსნა. იგი ულტრა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს. ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება.

ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ფაბლაბში ისინი პროექტებზე იმუშავებენ ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ გამოყოფილ მენტორებთან ერთად. გარდა ამისა, მას შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობებისათვის.

ფაბლაბის წარმომადგენლების ცნობით, ეს უნიკალური სივრცე იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც საინტერესო იდეის განხორციელებისა და ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი ექნება.

საქართველო 2015 წელს ფაბლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე გახდა ე.წ. ფაბ-ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მიეცა საშუალება გამოეყენებინა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი. პირველი ფაბ-ლაბი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით თბილისში შეიქმნა. ფაბლაბების ქსელის გავრცელება მომავალ წელს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება, მსგავსი ლაბორატორია უახლოეს მომავალში ქუთაისშიც გაიხსნება.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.1

 

 

ბახმაროსთან ახლოს ჩარჩენილ 7 ადამიანს ვერტმფრენით გადმოიყვანენ

ღორჯომის ხეობაში მცხოვრები 7 ადამიანი ბახმაროსთან ახლოს, სოფელ ზოტიყელშია ჩარჩენილი. შეტყობინება დახმარების თხოვნით გამგეობაში გუშინ საღამოს შევიდა, თუმცა უამინდობის გამო მთაში ასვლა აქამდე ვერ მოხერხდა.

ხულოს გამგებლის ინფრომაციით, სამაშველო ვერტმფრენი დაახლოებით 20 წუთის წინ გაფრინდა მათ გადმოსაყვანად.

ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მთაში ჩარჩენილი ადამიანები იაილებზე, ქარით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად წავიდნენ, შემდეგ გაუთოვდათ და უკან ვეღარ გადმოვიდნენ: “გვიან მოგვაწოდა მოსახლეობამ ინფორმაცია და აქამდე რეაგირება ვერ მოხდებოდა. ვერც ხულოს და ვერც ბახმაროს მხრიდან ტექნიკა ვერ მივა, რადგან თოვლის საფარი დაახლოებით ორ მეტრზე მეტია” – ამბობს ის.

 

 

ხულოში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოში, წუხელ განვითარებული უამინდობის გამო შეფერხდა საავტომობილო გზებზე მიმოსვლა და ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე  ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა სოფლების უმეტესობა კვლავ დენის გარეშე რჩება – “ორი დღე შუჩერებლად თოვდა, ამიტომ დაზიანებები ბევრია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ნელ-ნელა აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან”.

ხულოს მუნიციპალიტეტში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის დაბაში 1 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში კი 1.50 სმ-ს მიაღწია

უამინდობის გამო მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მიმოსვლაც შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია.

 

 

 

ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება

2016 წელს, ბათუმში,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნება –
ახალ ცენტრში,რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალის სახით დაიწყებს ფუნქციონირებას დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტენტებისთვის გადამზადების სხვადასხვა პროგრამა შეიქმნება და სტუდენტები საჯარო სექტორში დასაქმებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან” – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას.


აკადემიის ფილიალში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ერთად სხვა დაინტერესებული პირებიც მიიღებენ ცოდნას. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდება.


შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ბსუ-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა.


სტუდენტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

 

გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს

ხულოს სოფლის, გელაძეების მკვიდრი ლელა ირემაძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სახლი რომელთანაც ოთხი წლის წინ მიწას ნაპრალი გაუჩნდა, დღეს საცხოვრებლად კიდევ უფრო საშიშია – “ვითხოვთ რომ გადაგვიყვანონ დროებით თავშესაფარში. ჰესების მშენებლობების გამო, ახლა უფრო დაჩქარდა პროცესი, იზრდება ნაპრალი. ბათუმში მეორე ბავშვს ვახლავარ ექიმთან, გუშინ დამირეკეს სახლიდან, 80 წელს გადაცილებულ ბებიასთან ერთად, ჩემმა მეუღლემ და შვილმა ბოსელში გაათიეს ღამე, რადგან დიდი თოვლი მოვიდა, სახლი ბოძებზეა შემდგარი და ექანება. იქ გაჩერება საშიშია” – ამბობს ის.

“ორსართულიანი ხის კონსტრუქციის ნაგებობაა, შენობას მიღებული აქვს საერთო დეფორმაცია, გადახრილია ფერდის დახრის მიმართულებით, საჭიროა სახლი გადატანილი იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებლად საშიშია” – წერია დასკვნაში.

თამაზ ბაკურიძე, რომელიც დღეს ლელა ირემაძესთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა ამბობს, რომ ოჯახს გეოლოგიური სამსახურის დასკვნაც აქვს, რომლის თანახმად სახლს I-II კატეგორია აქვს მინიჭებული – “რაც ნიშნავს რომ სახლი არ ექვემდებარება შეკეთებას, იგი უნდა გადაიტანონ, იქ ცხოვრება საშიშია. სახელმწიფო ვალდებულია,  თუ ოჯახს არ აქვს ალტერნატიული ფართი, სადაც შეიძლება თავი შეაფარონ, უზრუნველყოს ეს ოჯახი დროებითი თავშესაფრით” – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

 

 

 

 

ცხმორისის ტყეში დიდთოვლობის გამო ორი ადამიანია ჩარჩენილი

დიდთოვლობის გამო, ქედაში, ცხმორისის ტყეში ორი ადამიანია ჩარჩენილი. ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილას აფარებენ თავს – “იქ მთის იაილებია და თავს აფარებენ  ერთ-ერთ ქოხში, სადაც საკვებიც იყო და გათბობაც. თუმცა, შემდეგ ალბათ ტელეფონები დაუჯდათ და დღეს უკვე მათთან კონტაქტზე გასვლა ვეღარ მოხერხდა”.

ამ ეტაპზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ტყეში შემავალ გზას წმენდს. როგორც პრესსამსახური იუწყება, თოვლის საფარი დაახლოებით ერთი მეტრია – “ნახევარი გზა თითქმის გავლილი აქვთ, მაგრამ ლოკაციის ადგილზე ჯერ არ არიან მისული”

რამდენ ხანში მოხერხდება ადგილზე მისვლა – ჯერ უცნობია, რადგან სამანაქანო გზის შემდეგ, სოფლის მოსახლეობას ფეხით მოუწევს გზის გაგრძელება. “სამანქანო გზა სადამდეც მივა იქამდე გაიწმინდება გზა, შემდეგ კი რაღაც პერიოდი ფეხით მოუწევთ გზის გაგრძელება, რომ ადგილამდე მივიდნენ და გამოიყვანონ ეს ადამიანები” – ამბობს სოფო ხაბაზი, ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელი.

შეტყობინება ქედის გამგეობაში გუშინ ღამით შევიდა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო ტექნიკის გაყვანა ტყის გზის გასაწმენდად დღეს დილამდე ვერ მოხერხდა.

 

Exit mobile version