კვირის ამბები,მთავარი

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული

08.12.2015 • 3449
ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული

ლიტერატურული მარათონი აჭარის მასშტაბით 8 ნოემბერს ჩატარდა. კონკურსზე საჯარო და კერძო სკოლის ათასზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. პირველი ეტაპი მეშვიდე-მეცხრე კლასის ჩათვლით 34-მა მოსწავლემ გადალახა, მეათე-მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი – 32-მა მონაწილემ. უფროსკლასელებში პირველი ადგილი პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა თათია ბოლქვაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ჩაქვის საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა, მესამე ადგილი კი თათიას თანაკლასელმა ნინო ბერიძემ მოიპოვა. როგორია ლიტერატურული მარათონის პრინციპი და რა ნიშნით დგება საკონკურსო წიგნების სია?

„ზაფხულში საკონკურსოდ შერჩეული 22 წიგნი უნდა წაგვეკითხა. ბუნებრივია, ამ მცირე დროში რთულია ამდენი წიგნის კარგად წაკითხვა, მაგრამ ავტორების გარკვეული ნაწილი წაკითხული მქონდა და ეს დამეხმარა,“ – ამბობს კონკურსის მონაწილე თათია ბოლქვაძე, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა ას კითხვას, რომელსაც მოსწავლეები ელექტრონულად პასუხობდნენ. მინიმალური ბარიერის – 85 ქულის დაძლევის შემდეგ, მონაწილე მეორე ტურში გადადის.

„პირველ ტურში თითქმის ყველა ნაწარმოებიდან იყო მინიმუმ სამ-სამი კითხვა. საინტერესო კითხვები იყო, რადგან არა მარტო ფაქტის სიზუსტეს, ლოგიკასაც მოიცავდა. დათო ტურაშვილის „ამერიკული ზღაპრებიდან“ იყო ასეთი კითხვა: „ტურაშვილი წერს, რომ ჩემი მეგობარი ქეთი წავიდა ამერიკაში X-სთან და მე დამტოვა Y-თან. ეს X-ი და Y-ი ცნობილი პიროვნებები არიან, იქსი დაბადებულია ლივერპულში“. ასევე იყო მითითება, რომ იქსისა და იგრეკის სახელებში განსხვავება მხოლოდ ერთი ასობგერა იყო. პასუხი იყო ლენონი და ლენინი. ის წავიდა ლენონთა და მე დამტოვა ლენინთან.

ველოდი კითხვებს მარკესის „მარტოობის ასი წლიდან“ და სულ ბოლო კითხვა იყო აქედან. მეორე ტურში ყველა ნაწარმოებიდან არ ყოფილა კითხვები, მაგალითად, „პილატეს სახარებიდან“. იყო კიდევ რამდენიმე სხვა ნაწარმოები.“

თათია ამბობს, რომ ლიტერატურული მარათონის კონკურსში თითქმის ყველა ჟანრის ნაწარმოები იყო შერჩეული, მათ შორის ქართული მწერლობიდან.

„რაში დამეხმარა ეს კონკურსი? – ბუნებრივია, როცა ახალ წიგნს კითხულობ, ყოველთვის რაღაც ახალს იძენ. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ კითხვები ზოგადი აზროვნების შესაძლებლობას გაძლევდა, რადგან შეიცავდა დეტალებს ისტორიიდან, მათემატიკიდან, ბუნებისმეტყველებიდან. კონკურსის პრინციპი იყო ის, რომ უნდა გქონოდა ზოგადი განათლებაც. მხოლოდ ტექსტის ცოდნით ბარიერს ვერ გადალახავდი,“ – ამბობს თათია.

წელს ლიტერატურული მარათონი მეორედ ჩატარდა. როგორც თათია ამბობს, ის გასულ წელსაც მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა რადგან კონკურსის პრინციპი უცხო იყო, ბარიერი ვერ გადალახა.

მისი თქმით, ლიტერატურული მარათონის დროს ბიბლიოთეკით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა. „საჯარო ბიბლიოთეკაში მეუბნებოდნენ, ბევრი ბავშვი მოდის და მარათონში შერჩეულ წიგნებს ითხოვსო. სკოლის ბიბლიოთეკით იშვიათად ვსარგებლობ, საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გვაქვს, თუმცა მე უფრო საჯარო ბიბლიოთეკას ვარჩევ“.

თათიას განსაკუთრებით იზიდავს ისეთი კონკურსები, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებებს ეხება. ის სახალხო დამცველის კონკურსის – „მე ობმუდსმენის“ გამარჯვებულიცაა. „ერთ-ერთ ფოტოკონკურსშიც გავიმარჯვე. მონაწილეობას ვიღებ საგნობრივ ოლიმპიადებშიც, რადგან ძალიან მომწონს“.
თათია ამბობს, რომ ყველა საგანი თითქმის თანაბრად მოსწონს და წარმატებებიც აქვს.

„კითხვის სიყვარულს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მასწავლებელზეა ბევრად დამოკიდებული. მე მასწავლებელმა შემაყვარა კითხვა და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე. კარგია სკოლის გარეთ განვითარების შესაძლებლობები რომ არსებობს, რადგან მარტო სკოლაში ვერ მოახერხებ ყველა შესაძლებლობა გამოავლინო, ამიტომ დავდიოდა მედიასკოლაში.

ხშირად მსმენია, რომ წიგნის კითხვა არ ნიშნავს განათლებას. მეც ვფიქრობ, რომ მთავარი წაკითხულის გააზრება, კრიტიკა და მსჯელობაა. მნიშვნელოვანია, ბევრი განსხვავებული აზრი მოისმინო საკითხზე, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა. მე ასე ვაკეთებ ხოლმე. „შინდლერის სია“  რომ წავიკითხე, დავინტერესდი ოსკარ შინდლერით, ერთი კვირის მანძილზე ვეძებდი ინფორმაციას მის შესახებ, რეალური პერსონაჟების, მისი შთამომავლების ინტერვიუებს ვნახულობდი და მინდოდა მეტი გამეგო ამ პერიოდზე. ვფიქრობ, ასე უნდა მოხდეს წიგნის წაკითხვის შემდეგ, რაღაც ღირებული რომ დარჩეს შენში“.

თათია ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისეთი წიგნების კითხვა უყვარს, რომელიც თანამედროვეობას ეხმიანება. „დღეს აქტუალურია გენდერული თანასწორობის საკითხები, გოგონები ბევრს ვსაუბრობთ ამაზე. დღესაც არიან გოგონები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კაცი მათზე მეტია და „რაღაც მხრივ მისი მორჩილება მართებს“. როგორ უნდა დაძლიოს მან ეს სტიგმა, როცა თვითონ დადგება პრობლემის წინაშე?“-  კითხულობს თათია.

თათიას თანამედროვეობაში ტექნოლოგიური მიღწევები ხიბლავს, თუმცა საკუთარ თავს ზოგჯერ მე-18-19 საუკუნის პერსონაჟად წარმოიდგენს: „ჯეინ ეარის, ელიზაბეტ ბენეტის მსგავსი ადამიანები მომწონს და ალბათ ამიტომ. ვფიქრობ, დღეს ადამიანური ურთიერთობები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ალბათ ამიტომ ვერ ვკითხულობ ზოგიერთ თანამედროვე ქართველ მწერალს, რადგან ყოველდღიურობის გადამღერებაა, თან მდარე ხარისხით. ამ პრობლემებს მე რეალობაში უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე მათ ნაწარმოებებში“.

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: