აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 7 ფაქტია დადასტურებული

აჭარაში, გრიპის მიმდინარე ეპიდსეზონზე H1N1 ვირუსით გარდაცვალების მე-7 შემთხვევა 15 თებერვალს დაფიქსირდა. გარდაცვლილია ხანდაზმული, რომელიც H1N1 დიაგნოზით ბათუმის ერთ-ერთ სტაციონარში იყო მოთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 259-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 14 პაციენტი. 7 პაციენტი გარდაიცვალა.

„ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015-2016 წლის ეპიდსეზონზე, პიკი აღინიშნებოდა მიმდინარე წლის მე-4 კვირას. მე-6 კვირის მონაცემებით ინციდენტობის მაჩვენებლის დინამიკა კლებადია,“ – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის ეროვნული ტური ტექნოპარკში გაიმართება

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO) მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. IYIPO წელს მეათედ გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებელი და ნორჩი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 19 მარტს დაგეგმილია IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური, რომელსაც წელს უნიკალური შესაძლებლობების სივრცე და ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი ადგილი – ტექნოპარკი უმასპინძლებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი გამოგონება ან სამეცნიერო ოლიმპიადის ძირითადი მიმართულებებია: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია. წელს IYIPO მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს.
მიმდინარე წლიდან არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა ეკოლოგიის მიმართულებითაც წარადგინონ, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატა. საბოლოოდ შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ. ასევე სპეციალური წამახალისებელი პრიზებია დაწესებული გამარჯვებულ მოსწავლეთა პედაგოგებისთვისაც, რომლებიც კურირებენ ნაშრომებს და ეხმარებიან ახალგაზრდა გამომგონებლებს.
პროექტის პირველი ეტაპის გამოფენა-კონკურსი ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის. გამოფენა ტექნოპარკშია დაგეგმილი, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალგაზრდა ინოვატორებს, საკუთარი იდეების რეალიზებაში, რათა შემდგომში უკეთ განავითარონ და მოახდინონ მათი კომერციალიზაცია. პროექტისთვის მნიშვნელოვანია მოხდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაცია, რაშიც აქტიურად არის ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო ჩართული, ხოლო IYIPO საუკეთესო კონკურსია აღმოაჩინოს ასეთი ახალგაზრდები.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა 17 მარტამდე უნდა შეავსონ ელექტორონული აპლიკაცია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.iyipo.ge . რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის დაფარული იქნება სატრანსპორტო ხარჯებიც.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა – IYIPO ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგონებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

საკონტაქტო ინფორმაცია: მაიკო ჩიტაშვილი, maiko@publicity. +995593260609; www.iyipo.ge
IYIPO 2015 3 MIN

დღეს ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბათუმში ჩამოვა

დღეს, 16 თებერვალს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ბაკიტჟან საგინტაევი ეწვევა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით ვიზიტის ფარგლებში ბაკიტჟან საგინტაევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად აჭარაში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტს დაათვალიერებს. გარდა ამისა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სატრანზიტო-სატრანსპორტო საკითხებზე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

17 თებერვალს ყახაზეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტი თბილისში გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან.

მაჭახლის ხეობაში „სახალხო კრებაზე“ აჭარის მთავრობას იწვევენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის სოფლები მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ ცხრა სოფლის მოსახლეობას ე.წ. მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება არ მიეცემა. ამის გასაპროტესტებლად 17 თებერვალს, დღის 3 საათზე, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობა, მათივე თქმით – „სახალხო კრების“ მოწყობას და მთავრობის სოფელში მიწვევას გეგმავს.

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
სტატუსის მინიჭების წესი და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

მაღალმთიან დასახლებაში 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი, ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი. დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.

რაც შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ, ჩვეულებრივად დაექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისები არიან მრავალშვილიანები, რომელთა კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი, თუმცა მათთვის ეს შეღავათი „მთის კანონის“ ამოქმედებას არ უკავშირდება და ამ კანონის მიღებამდე ისედაც მოქმედებდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის მიერ ამავე დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

მძღოლები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ – აქცია მერიასთან

ბათუმის მერიასთან მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ, სადაც დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ. პოლიციელი აქციის მონაწილე ერთი მძღოლის [რომელმაც მინიავტობუსი მერიის შენობის წინ გააჩერა] დაჯარიმებას აპირებდა, პარკირების წესების დარღვევის გამო. თუმცა, მძღოლების პროტესტის შემდეგ, გადაიფიქრა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ბათუმის მერმა რამდენიმე  მძღოლთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე, დახურული შეხვედრის პირობით. შეხვედრა მერთან ჯერ არ დასრულებულა.

მერიასთან შეკრებილი მძღოლები აცხადებდნენ, რომ მათ დაპირება უშუალოდ გია ერმაკოვისგან მიიღეს: „3 თვის წინ შევხვდით მერს და დაგვპირდა, 10 დღეში მოვაგვარებ ამ საკითხსო. მე თუ ეს არ გავაკეთე, შეგიძლიათ მერიის წინ დააყენოთ თქვენი „მარშუტკებიო,“ – ამბობს თემურ ცეცხლაძე.

მძღოლების თქმით, ამ პირობებში მუშაობა შეუძლებელია: „იმდენი ადგილიდან გადაყავთ მგზავრები სხვადასხვა ქალაქისკენ, უკვე აღარ აქვს ჩვენს მუშაობას აზრი. მოვითხოვთ, რომ არსებულ ავტოსადგურებში, ძველში ან ახალში გაერთიანდეს ყველა და ისე ვიმუშავოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანზორ პატარაიამ.

აქცია მერიასთან
აქცია მერიასთან
აქცია მერიასთან
აქცია მერიასთან

უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2016 წლის 18 თებერვალს საბჭოს რიგგარეშე სესიაა დანიშნული. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის, დავით კვაჭაძის არჩევა [ხელახალი კენჭისყრა].

პირველ კენჭისყრაზე, 4 თებერვალს, დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო საჭირო, კენჭისყრაში კი 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. თუ უსკოს თავმჯდომარის არჩევა მეორე კენჭისყრაზეც ვერ მოხერხდა, უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს მესამედ უყრის.

იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო არც დავით კვაჭაძეს დაუჭერს მხარს და არც შემდეგ წარდგენილ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთს, მაშინ უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა  29 იანვარს წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.

აუქციონები ბათუმში გმირთა ხეივნის მიმდებარე ნაკვეთებზე

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირებს გაუწიოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დახმარება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K-2) გაზრდასთან დაკავშირებით, შენობათა დასაშვები მაქსიმალური სიმაღლეების გათვალისწინებით,“ – ასეთი შენიშვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სამ მიწის ნაკვეთზე პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა.

მიწის ნაკვეთები ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, გმირთა ხეივანთან მდებარეობს. აუქციონების პირობების თანახმად, საპროექტო ობიექტების საორიენტაციო სიმაღლეებია – 100, 110 და 140 მეტრი [±3 მ].

აუქციონზე გამოტანილი სამი მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 10 985 კვ/მ, ხოლო გასაყიდი საწყისი ფასი ჯამში 1 660 000 აშშ დოლარი.

123

 

ერთ ნაკვეთზე 9 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, მეორე ნაკვეთზე – 11 674 000 აშშ დოლარის, ხოლო მესამე ნაკვეთის შემთხვევაში – 10 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია.

სამივე აუქციონი 2016 წლის პირველ მარტს უნდა დასრულდეს.

აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობები უნდა განთავსდეს. უნდა მოეწყოს სასტუმრო, ჰიპერმარკეტი, გასართობი ცენტრი, ავტოსადგომი, სხვა საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ფართობები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისათვის ადაპტირებული გარემო. მომავალ ინვესტორებს ევალებათ ასევე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაც.

ზემოთ აღნიშნული ნაკვეთების მომიჯნავედ [ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე] 2935 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს განმეორებით პირობებიან აუქციონზე 463 000 აშშ დოლარად გაყიდა. შემსყიდველი კომპანია „DAR BUILDING“-ია, რომელმაც „ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [სასტუმრო – არანაკლებ 50 ნომერი, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა ავტოსადგომი არანაკლებ მიწის ნაკვეთის საპროექტო განაშენიანების [K-1] ფართობისა… საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, მშენებლობის ნებართვის მიღება და საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 1800 და არაუმეტეს  2054,5 კვ.მ ფართობზე  მშენებლობის დაწყება“ უნდა უზრუნველყოს. ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. შესაბამისად, 12 თებერვლისთვის კომპანიას მშენებლობა დაწყებული უნდა ჰქონოდა, თუმცა ჯერ ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის და საინფორმაციო დაფაც ამ ნაკვეთზე მდებარე ხეზეა მიჭედებული.

საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე
საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე
საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე, რომელიც დიდთოვლობისას წაიქცა
საინფორმაციო დაფა „DAR BUILDING“-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე, რომელიც დიდთოვლობისას წაიქცა

 

 

 

 

 

 

 

 

აუქციონის პირობების თანახმად, „DAR BUILDING“-მა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა. ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში,  არანაკლებ 1000 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი კვების ობიექტ(ებ)ის [მათ შორის, სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: „ლაუნჯი“ – ბარი, ჩაის სახლი, ყავის სახლი] და გასართობი ცენტრ(ებ)ის [მათ შორის, ბოულინგ ცენტრი] მოწყობა. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 7 000 000 აშ  დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

განაშენიანება გმირთა ხეივნის მიმდებარედ [მაკეტი]
განაშენიანება გმირთა ხეივნის მიმდებარედ [მაკეტი]

ტენინგკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალ ტრენინგკურსს იწყებს. პროექტის ,,სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში“ მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგკურსის საშუალებით ახალგაზრდები, გარდა თეორიული ნაწილისა, გაეცნობიან იმ იურიდიული დოკუმენტების შედგენის წესებსა და ინსტრუქციებს, რაც საზოგადოებასთან სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად დასჭირდებათ.

„ტრენინგის მონაწილეები უკეთ დაინახავენ მოქალაქეთა როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტში მათ სამოქალაქო აქტივობას. “
კურსის ფარგლებში ისინი დაესწრებიან საკრებულოს სხდომებსაც.
ტრენინგებს კვალიფიციური სამართალმცოდნეები ჩაატარებენ .

პროექტის ხანგძლივობა ორი თვეა.
პროექტში განაცხადის წარდგენის უფლება მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 22 წლამდე ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებს აქვს. მსმენელთა რაოდენობა 24 ახალგაზრდაა.

1 თვის განმავლობაში ჩატარდება 8 სამუშაო შეხვედრა. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი არასაგაკვეთილო დროებში.
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც გამოვლინდება საუკეთესო მოსარჩელე და საუკეთესო მოპასუხე . მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და გადააგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: khelvachauriyouthcenter@gmail.com. მონაწილეებს აპლიკაციების განხილვის საფუძველზე შეარჩევენ.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2016 წლის 10 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში დანიშნული იყო მოსამართლის თანამდებობაზე.

ფოტო სალიხ შაინიძის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო სალიხ შაინიძის ფეისბუქგვერდიდან

სალიხ შაინიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვლიდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მანამდე, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, საადვოკატო საქმეების გადაბარებით არის დაკავებული.

ინდირა მაშანეიშვილი
ინდირა მაშანეიშვილი

ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის კიდევ ერთი მოსამართლე გახდა 44 წლის ინდირა მაშანეიშვილი. ბათუმში გადმოსვლამდე, 2012 წლის 31 ოქტომბრიდან ის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2011 წლიდან კი დაეკისრა ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ ახალმა მოსამართლეებმა შეიძლება შიდა ბრძანებით სხვა კოლეგიაში – ან ადმინისტრაციულში ან სამოქალაქოში გააგრძელონ საქმიანობა.

2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მეორედ დანიშნეს ახალი მოსამართლეები. 

 

იყიდება სამოთახიანი თანამედროვე დიზაინის ბინა ევრორემონტით

ბათუმის ცენტრში, გორგილაძისა და ტურგენევის ქუჩების კვეთაში, პარკიდან 50 და ზღვიდან 150 მეტრში, ახალაშენებული 12-სართულიანი სახლის მეათე სართულზე იყიდება სამოთახიანი (74 კვ. მ) ბინა თანამედროვე დიზაინის, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით. ბინას აქვს ქალაქის, ზღვის, ბულვარის საუკეთესო ხედები.

samaklero.ge

491f68c211b5c14f2c8c7e866c6b3611_1

d416ba070caf0f7eaa7291c783288701_66

346a2374bfa4de3113e78efa9df58925_5

098f830539e70df31ef81d745ab5ed3d_28

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, ბ.ი.-ს პროკურატურა ვაზნებისა და ცივი იარაღის ტარებასაც ედავება, რომელიც გამოძიების ცნობით, ბ.ი.-ს 2013 წლის 4 აგვისტოს აღმოაჩნდა. „პოლიციელების ჩვენებამ აჩვენა, რომ ეს იყო ფაქტობრივად ჩხრეკა  და არა შემოწმება. ჩხრეკას კი უნდა ჰქონოდა გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთება და სასამართლოს ნებართვა. ეს უკანონო ჩხრეკა იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“  ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. ის პროკურატურისგან ასევე მოითხოვს პასუხს, რატომ წაუყენა პროკურატურამ ბრალი ბ.ის დაახლოებით ორი წლის დაგვიანების შემდეგ.

„თქვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ ბ. ი.-გან ამოღებული დანა მიეკუთვნება ცივი იარაღის კატეგორიას. საიდან იცით, რომ ის იარაღი, რომელზეც დასკვნა დადეთ, ნამდვილად ბ. ი.-სგან ამოიღეს?“ – ეს კითხვა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე შსს-ს კრიმინალისტური სამსახურის მთავარ ექსპერტს დაუსვა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა. „ვალდებული ვიყავი, მეპასუხა გამომძიებლის შეკითხვისთვის და ვუპასუხე. მე მხოლოდ იარაღის კატეგორია განვსაზღვრე” – თქვა ექსპერტმა.

ბ.ი.-ს გამოძიება ნარკოტიკული საშუალება „AB CHMINACA“-ს მოხმარებასაც ედავება. „გაოცებული ვარ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით: მან განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა და პირს, რომელსაც AB CHMINACA-ს მოხმარებას ადასტურებს,  წინასწარ პატიმრობაში ტოვებს,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ 2016 წლის 30 იანვარს დააკაავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.  შსს-ს ცნობით, ის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

 

რატომ უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტირებული პროდუქტი

სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ეტიკეტის გარეშე შეფუთული პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნის დაცვას კანონი ბიზნესოპერატორებს წლებია ავალდებულებს, ბევრ სავაჭრო ობიექტში რძის ნაწარმი კვლავ ეტიკეტის გარეშე იყიდება. მომხმარებელი იძულებულია, პროდუქტის შერჩევისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდოს.

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებული დასახელება: რძე, არაჟანი, ხაჭო, დო, კარაქი, ყველი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ რძის ნაწარმზე. ხოლო თუ რძის ნაწარმს დამატებული ექნება მცენარეული ცხიმები, მას უნდა გაუკეთდეს შესაბამისი მინაწერი და უნდა აღინიშნოს: კარაქისებრი, არაჟნისებრი, ან კარაქის მსგავსი, არაჟნის მსგავსი პროდუქცია.

ეტიკეტი ისე უნდა იყოს მიმაგრებული პროდუქტზე, რომ არ მოშორდეს, არ წაიშალოს, იყოს ადვილად კითხვადი და შეიცავდეს სრულ ინფორმაციას, თუ რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი.

რძისა და რძის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში, მაღაზიებსა და სხვა სარეალიზაციო ობიექტებში დახლზე სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქციას ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს HAჩჩP, ანუ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას იმ მეწარმეებისათვის, რომლებიც ნედლ რძეს თერმულად ამუშავებენ. ეს სისტემა უწყვეტი პროცესია. იგი მოიცავს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას მიკვლევადობის პროცესის დასანერგად.

კახა სოხაძე _ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ 2020 წლამდე საოჯახო ტიპის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე სურსათის უვნებლობაზე კონტოლი არ განხორციელდება, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი უკვე ავალდებულებს რეალიზატორს გასაყიდ ობიექტში არსებულ შეფუთულ პროდუქტს ეტიკეტი გააჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ვერ აკმაყოფილებს რეგლამენტით გაწერილ მოთხოვნებს, შეუძლია ნედლი რძე რძის საწარმოში ჩააბაროს და ის დამატებითი დანახარჯები შეამციროს, რაც სჭირდება ყველის საწარმოებლად მაგალითად, ბუნებრივი აირი, შეშა, ყველის დედო, მარილი და აშ. რაც არის საჭირო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის უფროსი, ილია სირაბიძე აცხადებს, რომ რძისა და ხორცპროდუქტების ხარისხსა და ვარგისიანობაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არ იქნება წარმოებული და ეტიკეტირებული, მწარმოებელი დაჯარიმდება.

თუ რძეს ან რძის ნაწარმს არ აქვს ეტიკეტი ან ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება პროდუქტის შემადგენლობას, მწარმოებელი ბიზნესოპერატორი პირველად ჯარიმდება 400 ლარით ერთჯერადად, ხოლო მეორე ეტაპზე 1200 ლარით. იგივე მოთხოვნა ვრცელდება რესტორნების, სასტუმროების, კაფეებისა და სხვა სწრაფი კვების ობიექტებზეც.

ქვეყნდება შემოკლებით

სტატია მომზადებულია „რეგიონული მედიის ასოციაციის“ მიერ „ევროპის ფონდის“ დაფინანსებით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტების ფარგლებში. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატიები არ გამოხატავს ევროპის ფონდის, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას.

ბულვარში დეკორატიული ფილების დაგება დაიწყო [ფოტო]

ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში, მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიული ფილები დაიგება. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები.

აღნიშნულ სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული ტენდერი 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან [„იმერეთი 98“] კი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვარს გააფორმა. სატენდერო საწყისი ფასი 317 202 ლარი იყო, ხელშეკრულება კომპანიასთან 305 202 ლარზე გაფორმდა.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.

IMG_9069

IMG_9047

IMG_9065

IMG_9046 (1)

IMG_9163

ბულვარი

IMG_9152

ბულვარი
ბათუმის ბულვარის რეაბილიტაცია / თორნიკე თავაძის ფოტოები / 15.02.2016

12 გამარჯვებული მოსწავლე თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრება

2016 წლის ზაფხულში, თურქეთის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამაში, აჭარიდან 12 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს, 15 თებერვალს, გამოავლინა.

მონაწილეთა გამოსავლენად ინგლისურ ენაში ჩატარდა კონკურსი. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ აჭარაში არსებული კერძო და საჯარო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომელთა შეფასება ბოლო სამი წლის განმავლობაში დამრგვალების გარეშე შეადგენს 10 ქულას. კონკურსში სულ დარეგისტრირებული იყო 107 მოსწავლე.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა.

აჭარის განათლების სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს სამეცნიერო ბანაკში მონაწილე მოსწავლეების შერჩევას და უზრუნველყოფს მგზავრობის დაფინანსებას.

 

  თურქეთის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამის მონაწილე მოსწავლეთა სია  (2016)       
ადმინისტრაციული ერთეული სკოლის სახელწოდება სახელი გვარი
1 ბათუმი შპს  “სკოლა – ნიკე” მარიამ მიქელაძე
2 ბათუმი შპს   “გორდას  ქალაქ ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო ელიტარული  საშუალო სკოლა” გიორგი სურგულაძე
3 ბათუმი შპს “სკოლა ევრო-2000” დავით ზოიძე
4 ბათუმი სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ავთო ველიაძე
5 ბათუმი სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა მარიამ ცინცაბაძე
6 ბათუმი შპს “სკოლა – ნიკე” გიგი დიასამიძე
7 ბათუმი სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა გიორგი გორგილაძე
8 ბათუმი სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა მარიამ ინაიშვილი
9 ქობულეთი სსიპ ქალაქ ქობულეთის  №2 საჯარო სკოლა ქეთევან ნოღაიდელი
10 ბათუმი შპს “სკოლა ევრო-2000” ლიზი ზოიძე
11 ქობულეთი სსიპ ქალაქ ქობულეთის  №2 საჯარო სკოლა ნინო მუჯირი
12 ბათუმი სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა კახი კინწურაშვილი

16 თებერვალს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური დისკუსია გაიმართება

„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი“  – ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსია „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 16 თებერვალს, 17 საათზე გაიმართება. დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან: მურმან დუმბაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და აკაკი ძნელაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რამდენად შეძლეს ბათუმისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. დისკუსიაზე მყოფ პირებს შეეძლებათ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატებისგან. პოლიტიკური დისკუსიის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ამერიკული ორგანიზაცია NED-ის მხარდაჭერით.

ბიზნესიდეების წარდგენის კონკურსი განახლდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების წარდგენის კონკურსი 15 თებერვლიდან განახლდა. ბიზნესიდეის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 31 მარტამდე. რეგიონების მოსახლეობას შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეა წარადგინოს ვებგვერდის მეშვეობით და  ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსებას გულისხმობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ბიზნესიდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით;
ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი;
დამუშავებული ბიზნესგეგმის წარდგენა;
საბოლოოდ არჩეული ბიზნესგეგმების თანადაფინანსება;
ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც სრულწლოვანია [18 წელს მიღწეული], არის საქართველოს მოქალაქე, არ არის საჯარო მოხელე, არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში დასრულდა

14 თებერვალს დასრულდა აჭარის ღია ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, 16 ნომინაციაში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით წყვილებში და ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 250 მოცეკვავე მონაწილეობდა. მათ ლათინო ამერიკული და ევროპული ცეკვები შეასრულეს. მონაწილეები მსაჯებმა შეაფასეს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ევროპული ცეკვების კატეგორიაში – წყვილები [10-დაn 12 წლამდე] პირველი ადგილი მოიპოვეს ვახტანგ გელაძემ და ელიზაბეტ მეგრელიშვილმა. აღნიშნულ თანრიგში ლათინო ამერიკულ ცეკვებში პირველი ადგილი ლევან ბერიძეს და მილა არჩაიას, ხოლო უფროს ასაკში, ინდივიდუალურ შესრულებაში, პირველი ადგილი ტატიანა ცივაძეს ერგო.

შეჯიბრების შემდგომ დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები გუნდი სპორტულ ცეკვებში, რომლებიც მიმდინარე წლის მაისის თვეში ქალაქ თბილისში საქართველოს ჩემპიონატსა და „კავკასიის თასის“ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, 2016 წელი
აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, 2016 წელი
აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, 2016 წელი
აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, 2016 წელი
აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, 2016 წელი
აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, 2016 წელი

საქართველოს ჩემპიონები მშვილდოსნობაში

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები მშვილდოსნობაში 14 თებერვალს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დარბაზში დასრულდა. ტურნირი საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, ჩემპიონატში თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატში ასევე ოთხი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ასპარეზობდა. ჩემპიონატის შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები:

დიდები ქალთა შორის:

ქრისტინე ესებუა – I ადგილი (თბილისი).
ხათუნა ნარიმანიძე – II ადგილი (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა).
იულია ლობჯენიძე – III ადგილი (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა).

დიდები ვაჟთა შორის:

ლაშა ფხაკაძე – I ადგილი (ქუთაისი).
ჯაბა მოსეშვილი – II ადგილი (ქუთაისი).
ტარიელ ქადიძე – III ადგილი (ბათუმის სასპორტო სკოლა).

ახალგაზრდა გოგონები:

ციკო ფუტკარაძე – I ადგილი (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა).
მარიკა მახარაძე – II ადგილი (ბათუმის სასპორტო სკოლა).
მედეა აბულაძე – III ადგილი (თბილისი).

ახალგაზრდა ვაჟები:

ზურა მესტვირიშვილი – I ადგილი (თბილისი).
ანრი ბასილაძე – II ადგილი (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა).
ვლადიმერ დოლიძე – III ადგილი (თბილისი).

პარაოლიმპიელები დიდები:

გოდერძი ზაქარაია – I ადგილი (თბილისი).
ზვიად დუმბაძე – II ადგილი (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა).
ვანო წიკლაური – III ადგილი (თბილისი).

ტურნირმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ქალებს შორის ცვლილებები გამოიწვია. კერძოდ, ანა ცხომელიძე მარიკა მახარაძემ ჩაანაცვლა.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, 27 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები როგორც დიდები, ასევე ახალგაზრდები, მშვილოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

3

საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახინჯაურში, კირნათში, ფერიასა და ქედქედში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ. „ამ სოფლებში გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ ზაფხულში ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები. ოთხ სოფელში ბაღების რეაბილიტაციისთვის გასული წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ დუმბაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. პარტიის კიდევ ერთი წევრი, ასმათ დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სამუშაოების შეჩერების მიზეზის დადგენას და იმ პირების პასუხისმგებლობის დასმას მოითხოვს, ვინც ანგარიშვალდებული იყო სამუშაოების დროულად დასრულებაზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ამ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა, ტენდერი ხელახლა გამოცხადდა და აღნიშნული ბაღები მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება: „ნაციონალები“ რომ აშენებდნენ ორ კვირაში და იბარებდნენ უხარისხოდ გაკეთებულს, იმიტომ გახდა ხელახლა სარეაბილიტაციო ეს ბაღები. სამშენებლო კომპანიებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ისინი სოლიდური თანხით დაჯარიმდნენ ამის გამო. ჩვენ მათ სასამართლოშიც ვუჩივით, რომ ჯარიმები გადაიხადონ“.

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან მსმენელი“ – ბათუმის მერის მრჩეველი შშმ პირთა უფლებებზე

შორენა მამულაძე
შორენა მამულაძე
შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. ამ პოსტზე ის ერთი წელია მუშაობს. რა რჩევები მისცა და რა გაითვალისწინა გიორგი ერმაკოვმა და მისმა გუნდმა შშმ პირთა უფლებების დასაცავად?

შორენა მამულაძე მერის მრჩევლად 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2015 წლის თებერვალში კი საჯარო მოსამსახურეთა კონკურსი ვერ გაიარა, რის გამოც ის მრჩევლის პოსტს სამი თვით ჩამოშორდა. თუმცა, როგორც შორენა მამულაძე ამბობს, კონკურსის ხელმეორედ გავლის შემდეგ, ის მერის მრჩევლად გასული წლის აპრილიდან ისევ დაინიშნა. „ფაქტობრივად ერთი წელი გამოდის, რაც ამ თანამდებობაზე ვარ“, – ამბობს შორენა, რომელიც თავადაც შშმ პირია.

შორენა მამულაძის თქმით, მისი ფუნქცია მერიაში ძირითადად კონფერენციებზე მონაწილეობით შემოიფარგლება.

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან – მსმენელი. თბილისსა და ბათუმში ოთხჯერ მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში. შვედეთის საელჩოს ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე მომხსენებელი ვიყავი, სადაც ვისაუბრე თემაზე „სახელმწიფოს როლი შშმ პირთა ცხოვრებაში~. მიწვეული ვიყავი ასევე ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზეც“.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურია მერიის რეაგირება შშმ პირთა რეკომენდაციებზე და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც მერს მისცა, შორენა მამულაძე ამბობს: „ერთი წლის მანძილზე მერის სახელზე წერილობით მხოლოდ ორი რეკომენდაცია გავგზავნე, ძირითადად ზეპირად ვთანხმდებით გარკვეულ თემებზე.

მაგალითად, მერს ზეპირად შეუთანხმდნენ მერიის ადმინისტრაციული შენობების ადაპტირებაზე, თუმცა პრობლემა კვლავ არსებობს. ორბელიანის ქუჩაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობაზე გააკეთეს პანდუსი, მაგრამ, როგორც მეუბნებიან, არ არის ნორმები დაცული და მოუხერხებელია ეტლით მოსარგებლეებისთვის. ამაზე საუბარი მერთან არ მქონია, სამუშაოებს ვინც ასრულებდა, მათ ვესაუბრეთ, მაგრამ უკვე დაგვიანებულიაო, ასე გვითხრეს. წელს, ადაპტირებული ლიფტი გაკეთდება მერიის ადმინისტრაციის ცენტრალურ შენობაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, როგორც ვიცი, ამაზე მერიამ ნებართვა მოიპოვა“.

შორენა მამულაძის თქმით, რეკომენდაციების მიუხედავად, პრობლემა ხშირად პრობლემად რჩება: „საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის დროს მქონდა რეკომენდაციები, რომ პანდუსებთან ერთად სველი წერტილების ადაპტირებაც მომხდარიყო, მაგრამ, როცა ეს ამბავი მოვიკითხე, მითხრეს არ ვიცოდითო. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა“.

მრჩევლის თქმით, დღეს სიტყვით უფრო აქტიურია მერია, ვიდრე საქმით. „მაინც იქამდე მივდივართ, რომ ეს ყველაფერი ახალია და ყველა საჯარო მოხელე უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ ადაპტირებული გარემოს შექმნა – ეს მათი ერთ-ერთი ვალდებულებაა. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჩემი შეხსენების გარეშეც ნათელია, მაგალითად, თოვლის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა ქუჩები, ტროტუარები და შშმ პირებისთვის გადაადგილება გართულდა. მათაც იციან, რომ ამის მოწესრიგება ევალებათ“, – ამბობს ის.

შორენა მამულაძე წელს აპირებს იურისტების დახმარებით იმუშაოს კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო საათების შემცირებას იმ პირებისთვის, ვისი ოჯახის წევრებიც შშმ პირები არიან და ვისაც არ აქვს შესაძლებლობა მომვლელი აიყვანოს. „ამ საკითხზე ბევრმა მოქალაქემ მომმართა და ვფიქრობ მეც ამ საკითხზე“,- ამბობს შორენა მამულაძე.

საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია ყველა საჯარო სტრუქტურა ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გახადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. როგორც ბათუმის მერის მრჩეველი გვეუბნება, ჯერჯერობით, ეს დადგენილება ნაკლებად სრულდება.

გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, დაინიშნა. დირექტორის შეცვლასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაშიც: 5 შტატით შემცირდა ადმინისტრაციის შემადგენლობა, რეორგანიზაციის გატარება დაგეგმილია გუნდშიც. ამ დროისთვის კლუბს ხელშეკრულება არც ერთ ფეხბურთელთან არ გაუფორმებია. ვის გაუგრძელდება ხელშეკრულება და ვინ დარჩება თამაშგარეთ, ამას, ადმინისტრაციის განცხადებით, 17 თებერვლამდე ჩატარებული თამაშები განსაზღვრავს.

შპს „ქედის საფეხბურთო კლუბ ბეთლემის~ დირექტორად ქედის გამგებლის მოადგილის მამუკა ფარტენაძის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, ოფიციალურად 10 იანვარს დაინიშნა. მანამდე დირექტორის თანამდებობას საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაში ედიშერ კაკაბაძე იკავებდა, რომელსაც გუნდში დირექტორობამდე მწვრთნელის პოზიცია ეკავა.

სამი წელია რაც „ბეთლემი~ პირველ ლიგაში თამაშობს, გასული წლის თამაშების შედეგებით კი საფეხბურთო კლუბი ქვეყნის მასშტაბით პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის თამაშები რამდენიმე დღეში დაიწყება, „ბეთლემის“ გუნდის შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაკომპლექტებულა, კლუბს ხელშეკრულება გასულ წელს გუნდში მოთამაშე 27 ფეხბურთელიდან არც ერთთან არ გაუგრძელებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადმინისტრაციას გუნდის დაკომპლექტება ადგილობრივი კადრებით სურს, თუმცა ამ ინფორმაციას ადმინისტრაციაში ოფიციალურად არ ადასტურებენ. ახალდანიშნული დირექტორი ნაზიმ ფარტენაძე ამბობს, რომ ფეხბურთელების შერჩევაში არ ჩაერევიან და ვინ ითამაშებს გუნდში და ვინ არა – ამას მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ კუნჭულია გადაწყვეტს.

„გასულ წელს ბეთლემში 27 ფეხბურთელი თამაშობდა, მათგან ადგილობრივი მხოლოდ რამდენიმე იყო. წელს ხელშეკრულება ფეხბურთელებთან ჯერ არ გაგვიფორმებია, ჩვენ შეგვიძლია გუნდში 30 ფეხბურთელი გვყავდეს, თუმცა, ვფიქრობთ, მაქსიმუმ 22 ფეხბურთელით დაკომპლექტდეს გუნდი. ხელშეკრულებას იმ ფეხბურთელებთან გავაფორმებთ, რომლებიც კარგ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას აჩვენებენ თამაშებში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება. ვინ ითამაშებს გუნდში, ამას საბოლოოდ მთავარი მწვრთნელი ავთანდილ კუნჭულია გადაწყვეტს. ქედელი ფეხბურთელები გუნდს ვერ ავსებენ, შესაბამისად, მოწვეული ფეხბურთელები აუცილებლად იქნებიან, ჩვენ არავისთან არ შეგვიწყვეტია ხელშეკრულება“, – ამბობს ნაზიმ ფარტენაძე.

ავთანდილ კუნჭულია კი ამბობს, რომ გასულ წელს მოთამაშე 27 ფეხბურთელიდან კონტრაქტი წელს შვიდს შეუწყვიტეს, ფეხბურთელების შერჩევისას კი აქცენტი ადგილობრივ კადრებზე გაკეთდება. „წელს ქედის ბეთლემი ორ ასაკობრივ გუნდს დააფინანსებს. ვცდილობთ, ადგილზე აღვზარდოთ პროფესიონალი კადრები, გუნდებს ფორმებს შევუძენთ და გადაადგილების ხარჯებს დავუფინანსებთ, გვინდა „ბეთლემს“ ჰყავდეს ქედელი ფეხბურთელები, თუმცა ოცივე ფეხბურთელი ქედელი ვერ იქნება. წლევანდელ თამაშებში ხუთი ადგილობრივი ითამაშებს, გადაწყვეტილია, რომ გუნდში დარჩება ფერადკანიანი ტელა მაგნოლიც, დანარჩენ თოთხმეტს კი მოწვეული ფეხბურთელებიდან შევარჩევთ. რაც შეეხება შვიდ ფეხბურთელს, მათგან სამს ჩვენ შევუწყვიტეთ კონტრაქტი, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, არ მინდა ითქვას, კუნჭულიამ დაიწუნა და სხვა გუნდმა მიიღოს ფეხბურთელი, ან პირიქით არ მიიღოს. ფეხბურთში ასეთი საუბარი არ შეიძლება, დანარჩენი ოთხი თავისი სურვილით წავიდა გუნდიდან“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი.

`ბეთლემის~ ყოფილი დირექტორი და მწვრთნელი ედიშერ კაკაბაძე ამბობს, რომ ფეხბურთელთა გადახალისება გუნდისთვის ხელსაყრელია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამისთვის მინიმუმ ხუთი თამაშია საჭირო. „გუნდის გადახალისება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელს ერთი და ორი თამაშით ვერ შეარჩევ, შეიძლება ერთ თამაშში ვერ ითამაშოს, მაგრამ მეორე თამაშში კარგი შედეგი აჩვენოს. ფეხბურთელის შერჩევისთვის მინიმუმ ხუთი თამაშია საჭირო“, – ამბობს ის.

ადგილობრივმა, ქედელმა ფეხბურთელმა, რომა ქობულაძემ ჩაანაცვლა მთავარი მწვრთნელის მოადგილე რამაზ სამნიძე. ავთანდილ კუნჭულიას თქმით, რამაზ სამნიძე გასულ წელს საფეხბურთო კლუბში მწვრთნელის მოადგილესთან ერთად სპორტული დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიდრე ქედაში ფეხბურთელებს შეარჩევენ, საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დასრულდა და 17 საშტატო ერთეულიდან ადმინისტრაციაში ხუთი შტატი გაუქმდა. საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციასა და გუნდში მიმდინარე რეორგანიზაციას დირექტორი საჭიროებით ხსნის. „ბეთლემის“ ყოფილი დირექტორის ედიშერ კაკაბაძის გათავისუფლების მიზეზად ადმინისტრაციაში სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, პირად საუბარში ამბობენ, რომ მას მწვრთნელთან ხშირი უთანხმოება ჰქონდა, რაც დირექტორის მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევით იყო გამოწვეული.

„ბეთლემის“ ფეხბურთელი და დღეს უკვე მთავარი მწვრთნელის მოადგილე რომა ქობულაძე ამბობს, რომ დირექტორსა და მწვრთნელს შორის დაპირისპირება არასდროს ყოფილა. „არ ვიცი, ედიშერ კაკაბაძის გათავისუფლების მიზეზი, კონფლიქტი და დაპირისპირება გუნდში არასდროს ყოფილა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ“, – ამბობს რომა.

თავად ედიშერ კაკაბაძე ამბობს, რომ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
კითხვაზე, რამ განაპირობა რეორგანიზაციის გატარება საფეხბურთო კლუბში და რა დამსახურებით დაინიშნა შპს-ს დირექტორად, ნაზიმ ფარტენაძე პასუხობს:

„პრობლემები იყო გუნდში, კადრები ბლომად, დაფინანსება – ცოტა, მოედანს ხუთი მომვლელი ჰყავდა, რაც საჭირო არ იყო, სწორედ აქედან გამომდინარე შევამცირეთ შტატები, არსებული საშტატო შემადგენლობა სრულიად საკმარისია და პასუხობს მოთხოვნებს, ადმინისტრაციასთან ერთად საჭირო იყო გუნდის გადახალისება, რაც შეეხება ჩემ დანიშვნას დირექტორის თანამდებობაზე, ჩემი შვილის, არჩილ ფარტენაძიდან გამომდინარე მოხდა, როგორც იცით, ჩემი შვილი არჩილი თამაშობდა გუნდში, გუნდის კაპიტანი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებით და მათი სურვილით დავინიშნე დირექტორად“.

საფეხბურთო კლუბი ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს გუნდის დასაფინანსებლად 385 000 ლარი გამოიყო, ფეხბურთელის მაქსიმალური ხელფასი აქ – 1000, მინიმალური კი 600 ლარია, რასაც ემატება პრემია, რომელსაც ფეხბურთელები თამაშის შემდეგ, თამაშის ხარისხის მიხედვით იღებენ. მთავარი მოთამაშე პრემიის სახით – 300-ს, შემცვლელი მოთამაშე კი 150 ლარს იღებს.

რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს

„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია.

რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი სვამდა დიდთოვლობის დროს. ქუჩების თოვლისგან გაწმენდისთვის მოხალისეების პარალელურად საჯარო მოხელეების ჩართვა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით აჭარაში დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეების დახმარებაც გახდა საჭირო. თუმცა, ამ უკანასკნელს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა აჭარის მთავრობამ, რაც თოვა შეწყდა და, შესაბამისად, აქტივისტების მხრიდან ბულვარში ხეების გადარჩენის მცდელობა არაეფექტური გამოდგა.

დიდთოვლობა
დიდთოვლობა

თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ბათუმის სანდასუფთავება” ახორციელებდა. აქ გვითხრეს, რომ სამუშაოებისთვის საკმარისი ტექნიკა ჰქონდათ. „საკმარისში” იგულისხმება ნაქირავები ტექნიკა, რადგან ქუჩებში „სანდასუფთავების” მხოლოდ 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა, ხოლო დამატებით 24 მერიამ კერძო კომპანიებისგან დაიქირავა. „24 საათის განმავლობაში არ გავჩერებულვართ. რაც არ გვყავდა, ვიქირავეთ. ნალექი იმდენი იყო, რომ ტექნიკა ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა მის გაწმენდას. სტიქია იყო ფაქტობრივად, რადგან ქალაქში ნახევარ მეტრზე მეტი თოვლი იყო. მაინცადამაინც ზღვა ხომ არ უნდა გადმოვიდეს და წაგიღოს, ბათუმში მეტი რა უნდა მოხდეს?” – გვითხრა შპს „სანდასუფთავების” დირექტორის მოადგილე ირაკლი თედორაძემ.

ამ უწყებაში, ასევე აჭარის მთავრობაში, თოვლის საწმენდი დამატებითი მოწყობილობის შეძენის აუცილებლობას ვერ ხედავენ. კახა შაშიკაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი:

„ტექნიკის უკმარისობის პრობლემა არ გვქონია. გართულდა მხოლოდ ძველი ბათუმისა და ჭაობის დასახლების ქუჩების გაწმენდა. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან გოგებაშვილამდე ვიწრო ქუჩებია და თან მანქანები არასწორად იყო პარკირებული. ჭაობში კი, თოვლიც რომ არ იყოს, რთულია გადაადგილება იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო”.

სწორედ ამ მიზეზით ჭაობის დასახლებაში, პურიც კი ვერ შეჰქონდათ.

მთავრობისგან განსხვავებით, ტექნიკის შეძენის საჭიროებას ხედავს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: „მარტში ან აპრილში ვაპირებ გერმანიაში წასვლას, სადაც იქნება ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების გამოფენა-გაყიდვა. ვაპირებ, იქ ჩავიდე სპეციალისტებთან ერთად და შევიძინო ის ტექნიკა და დანამატები, რომლებიც თოვლის გასაწმენდად გამოგვადგება”, – უთხრა „ბათუმელებს” გიორგი ერმაკოვმა. რამდენი ერთეული ტექნიკის შეძენა იგეგმება და რა ფასად? – ქალაქის მერს კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს: „ამდენი შეკითხვა ერთად ბევრია… კონკრეტულად რას ვიყიდით, მაგას საკრებულოს მოვახსენებ და ქალაქი დაინახავს”.

დიდთოვლობაზე უკვე გაწეული სამუშაოს ჩასაბარაბელად მერი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა.
რის შეცვლის აუცილებლობა დაინახა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ – ამ თემაზე ირაკლი ჭეიშვილის პასუხს `ბათუმელები~ მთელი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ბათუმის მოსახლეობა დიდთოვლობის დროს სოციალურ ქსელში საუბრობდა, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა იყო. „მარილს ვყრიდით სისტემატურად. სადაც საჭირო იყო, ყველგან. პუშკინის ქუჩაზე და იქეთ, ჭაობში, სადაც სამი-ოთხი დღე ვერ შევედით, იქ არ დაგვიყრია მხოლოდ”, – უთხრა „ბათუმელებს” ირაკლი თედორაძემ, შპს „ბათუმის სანდასუფთავების” დირექტორის მოადგილემ. აჭარის მთავრობის შტაბის წევრი კახა შაშიკაძე კი ამბობს: „მარილის დაყრა დაგვიანდა და თუკი ისევ იქნება თოვლი, ამას გავაძლიერებთ. თუ სანდასუფთავებას არ ყოფნის ხალხი, დავუმატებთ”.

მერიის ინფორმაციით, თოვლის დროს დაახლოებით 11 105 კგ. ტექნიკური მარილი დაიყარა ბათუმის ქუჩებში. ამჟამად 10 125 კგ-ის მარაგია დარჩენილი. სახელმწიფო შესყიდვა მარილის შესაძენად ამჟამად გამოცხადებული არ არის.

დიდთოვლობის დროს ქალაქში ბევრგან შეხვდებოდით წაქცეულ ხეებს, ჩამოტეხილ ტოტებს. თოვლმა არაერთი ხე გაანადგურა ბათუმის ბულვარშიც. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ხე-მცენარეების დაახლოებით 10 პროცენტამდე მძიმედ დაზიანდა ან განადგურდა. ხეების გადასარჩენად ქუჩაში გამოსული მოხალისეების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ მერიას საკმარისი რაოდენობის ჭიგოებიც კი არ ჰქონდა, რომ ადამიანებს ხეები დაეფერთხათ. ბათუმის მერიაში ჭიგოების სიმცირეს უარყოფენ და ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ხეები დაუფერთხაობის გამო არ დაზიანებულა. „უფრო მეტი მოხალისეც რომ ყოფილიყო, ამ მასშტაბს მაინც ვერ გაუმკლავდებოდა. მოხალისეები როგორც კი გამოჩნდნენ, ჩვენ ისევ მოვთხოვეთ სპეციალური ჭიგოები ბოტანიკურ ბაღს და გადმოგვცეს. რაც ჩამოტყდა და დაზიანდა, დაუფერთხაობის გამო არ იყო ეგ. დაფერთხვა არის საჭირო სუსტი და პატარა ხეების და ეს ხეები ჩვენ დავფერთხეთ”, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ავთანდილ ტარიელაძემ.

დაუფერთხაობით დაზიანებული დიდი ხეები გამწვანების სამსახურს არ უნახავს. შესაბამისად, არც იმაზე ზრუნავს ვინმე, რომ დიდი ხეების დასაცავად სპეციალური ღონისძიება გატარდეს, თუკი ამის საჭიროება ისევ დადგება. არადა, ბათუმის ბულვარში უზარმაზარი ხეები დაზიანდა.

თუ ბათუმში ისევ მოთოვს, აჭარის მთავრობასა თუ მერიაში უჭირთ პასუხის გაცემა – რა იქნება შეცვლილი მართვის კუთხით, ან რა რესურსი უნდა გაუმჯობესდეს. კახა შაშიკაძე აჭარის მთავრობის აპარატიდან ამბობს, რომ მოხალისეებს თოვლის მოსვლის შემთხვევაში პირდაპირ ძველი ბათუმის ქუჩებში შეიყვანს, ხოლო ირაკლი თედორაძე კონკრეტულს არაფერს გეგმავს: „ჩვენ კი არა, შეერთებული შტატები ჩაიკეტა, სტამბულს, მაგალითად, აეროპორტიც ჩაეკეტა იმის მიუხედავად, რომ ამხელა თოვლი იქ არ ყოფილა”.

დიდთოვლობა
დიდთოვლობა

JTEC – ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში

ზუსტად ექვსი თვის წინ  ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრი ( JTEC) დაფუძნდა. იქ, სადაც ერთ დროს საბჭოთა საწვრთნელი პოლიგონი იყო და სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც ჩამოდიოდნენ, რათა ტერიტორია, როგორც საბჭოთა  საწვრთნელი პოლიგონის ნიმუში, დოკუმენტური ფილმებისთვის გადაეღოთ. გზა პოლიგონ იაღლუჯიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრამდე  ნატო-საქართველოს ურთიერთობების, პრაქტიკულად, ყველა ეტაპს მოიცავს.

საქართველოსა და ნატოსთვის JTEC -ის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ,  აუცილებელია ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ ჭრილში განხილვა და, ამ კონტექსტში,  იმ მოლოდინების იდენტიფიცირება, რომელიც წვრთნისა და შეფასებების ერთობლივ სასწავლო ცენტრს უკავშირდება.

საქართველოს პირველი ნაბიჯი ალიანსისკენ 1992 წელს, ჩრდილოატლანტიკური  თანამშრომლობის საბჭოში გაწევრიანება იყო. მას შემდეგ თითქმის საუკუნის მეოთხედმა განვლო. ამ, ერთი შეხედვით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მრავალი  შეხების წერტილი გამოიკვეთა. ურთიერთობები უფრო ინტენსიური, საინტერესო და  ურთიერთსასარგებლო გახდა.

ამას გარდა, განხორციელდა არაერთი პროგრამა,  ჩატარდა არაერთი  სწავლება თუ წვრთნა, რომელიც 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით (PFP) დაიწყო და 2014 წლის სექტემბრის უელსის სამიტზე „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ მიღებით  დასრულდა.

არსებითი პაკეტი ცამეტი ქვეპროგრამისაგან შედგება: ლოგისტიკა, სამხედრო პოლიცია, უსაფრთხო და სტრატეგიული კომუნიკაციები, საზღვაო უსაფრთხოება, შესყიდვები, კიბერთავდაცვა, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, სპეცდანიშნულების ძალები, სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და, რა თქმა უნდა, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC).

JTEC  ნატოს არსებობის­ ისტო­რი­აში უპრეცედენტო პროექტია, რომელსაც  ალიანსი პარტნიორ ქვეყანასთან ერთად ახორციელებს და სადაც ნატოს 10 წევრი ქვეყნის ამდენივე ოფიცერი  მუდმივად იქნება წარმოდგენილი. მათ არ ექნებათ დამკვირვებლის სტატუსი, დაინიშნებიან კონკრეტულ თანამდებობებზე და განესაზღვრებათ  კონკრეტული პასუხისმგებლობები.

ცენტრის ჩამოყალიბება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ახალი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფაზის დაწყებაზე მიუთითებს, რომელიც  საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მექანიზმია. მისი  წარმატებული ფუნქციონირება  საქართველოს ნატოსთან ოპერატიულ დონეზე თავსებადობის მზაობას დაადასტურებს, რომელიც ტაქტიკურ დონეზე თავსებადობის შემდგომი ეტაპია. ეს უკანასკნელი გამოცდა კი, საქართველომ მსოფლიოს სამ კონტინენტზე წარმატებით ჩააბარა _ 1999 წლიდან დაწყებული, როდესაც პირველი კონტინგენტი გააგზავნა კოსოვოში, შემდეგ ავღანეთში, ერაყში და ცენტრალურ აფრიკაში. ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ნატოს,  გაეროს თუ სხვა წამყვანი ორგანიზაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა დონის ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე.

სწორედ,  სხვადასხვა მისიაში მონაწილეობამ გახადა მიმზიდველი თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან. .

მისიებში მონაწილე ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალ-რიგითების პროფესიონალიზმი აყალიბებს და ამყარებს ნდობას ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს შორის. ეს ნდობა კი საბოლოო წარმატების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია.

იმედია, JTEC ღირსეულად ჩაებმება დაწყებულ დიდ საქმეში  და კიდევ ერთ წარმატებულ ფურცელს ჩაწერს ქართული ჯარის ისტორიაში.

ავტორები: პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი დუმბაძე

jtec
jtec

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ქართული „დიდგორი“ არაბულ უდაბნოებს დალაშქრავს

2016 წელი საქართველოში უმნიშვნელოვანესი სიახლით დაიწყო, საქართველო თანამედროვე სამხედრო ტექნიკის იმპორტიორი ქვეყანა გახდა. საზოგადოების სხვადასხვა წრეში ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად და ქართული სამხედრო ინჟინერიის გამარჯვებად შეფასდა, რადგან შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე უმსხვილესი კომპანიების წარმოებული თანამედროვე ჯავშანმანქანების გვერდით ქართული „დიდგორის“ გამოჩენა უდიდესი წარმატებაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ საუდის არაბეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო ზემოაღნიშნულ ქვეყანას რამდენიმე ათეული ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას მიაწვდის, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონამდე ლარია. ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი და ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO- სთან ერთად გავიდა.

ჯავშანმანქანა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების კლასს განეკუთვნება და ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფადაა განკუთვნილი.

საქართველო საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2014  წლიდან ჩაერთო. ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შესყიდვას ითვალისწინებდა. 2014 წლის 27 აგვისტოს საუდის არაბეთში „დელტას“ მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე დიდგორის უნიფიცირებული ჯავშანმანქანა გაიგზავნა. სულ ტესტირებაში  სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა მონაწილეობდა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco, bearcat. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ ჯავშანმანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა –  მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40-კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.

დელტა
დელტა
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

არ დაუჯეროთ მატყუარებს!

ვიდრე აზრებს გაგიზიარებდეთ, მოკლედ გიამბობთ ჩემ შესახებ. წლებია, ჟურნალისტად ვმუშაობ… 22-25 წელია, თითქმის ყოველდღე ვწერხან გამომდის და ხანა _ არა. ბოლო პერიოდია, საქართველოს ევროპაში შესვლასა და ამ ამბის აუცილებლობაზე ვწერაგრეთვე, რუსეთზე, სახელმწიფოზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების  20%- ის ოკუპაცია მოახდინა.

ვწერ და ვწერ… ზოგს მოსწონს ჩემი ნაწერი, ზოგს _ არა. ზოგი მეთანხმება და ზოგიც პირიქით _ მეწინააღმდეგება. ეს კარგია _ დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს… ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართ _ სოფლად და ქალაქად მცხოვრებლებს _ თბილისელებს და ბათუმელებს; ზუგდიდელებს და თელაველებს; ქუთათურებს და ახალციხელებს; გორელებს და საგარეჯოელებს; მესტიელებს და ოზურგეთელებს _ დემოკრატია და დემოკრატიულობა გვაერთიანებს.

ამ აზრთა ჭიდილში იკვეთება მთავარი აზრი, ის, რასაც ქვეყანა მიჰყვება… მისი ხელისუფლება აღასრულებს…

ამას წინათ დავწერე, რომ 1801 წლიდან დღემდე, დიდი მსხვერპლი გავიღეთ… ანუ, ჩვენი ბევრი წინაპარი შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  გავიხსენე XIX საუკუნის არაერთი აჯანყება, სისხლში ჩახშობილი წინააღმდეგობები… ბოლოს კი 2008 წლის ამბებიც მიმოვიხილე და, მგონი, ყველა დამეთანხმა… თითქმის ყველა.

…ახლა მახსენდება, იმ დისკუსიაში  ჩვენი რამდენიმე თანამემამულე შემეკამათა და არ მოიწონეს შეფასება _ `რუსეთი ოკუპანტია~…  მერე ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი? რატომ არ უნდა ეთანხმებოდე ხსენებულ ჭეშმარიტებას?! სიმართლე გითხრათ, სათანადო პასუხი ვერ მოვძებნე, ვერ მოვიძიე.

ერთადერთი აზრი, რომელიც დღემდე  მიტრიალებს და არ მასვენებს, ისაა, რომ ეს პირები, ვინც რუსეთის ოკუპანტობას არ აღიარებენ, უბრალოდ არარსებულები არიან… უფრო ზუსტად, რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანი იმალება მათი სახელების მიღმა, მაგრამ, ეს ადამიანი ნამდვილ გვარ-სახელს მალავს და ფსევდონიმით კი არა, ტყუილი სახელით ავრცელებს ათას ჭორსა და ცრუ ამბავს.

`ფეისბუქს~, რომლითაც ბევრი ჩვენგანი სარგებლობს (და სადაც ხსენებული დისკუსია გაიმართა), სამწუხაროდ, არ აქვს ფუნქცია, რომ ნამდვილი ცრუ მომხმარებელისგან გაარჩიოს. მაგალითად, შემიძლია გავხდე  აშშ-ის პრეზიდენტი ობამა და ბევრს შეიძლება დავაჯერო კიდეც, რომ ობამას წერილებს თუ სტატუსს ეცნობა.

ინტერნეტში წავაწყდი ცნობას, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე სახელმწიფოს  სპეცსამსახურებს ამგვარი მინიმუმ 30 000, _ სხვისი სახელით მოსარგებლე პირი ჰყავს _ ზოგს ობამა ჰქვია, ზოგი კი უცნაური სახელებით სარგებლობს.

მათი ამოცნობა, დაკვირვებული თვალისთვის რთული არ არის. საკმარისია, მათივე გვერდების ფოტოები დავათვალიეროთ და აღმოაჩენ, რომ არც ერთს, არ აქვს დადებული საკუთარი ფოტო,  ისინი სხვისი ფოტოებით სარგებლობენ. ინტერნეტში მათ `ტროლ არმიას~ უწოდებენ _ ანუ, ტყუილების გამავრცელებლებს და სიტუაციის ამრევებს.

რა ზიანი მოაქვთ ამგვარ პირებს? ისინი რეალურად ხელს უწყობენ ჭორების, ანუ მითების, უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ ტყუილების გავრცელებას.

ეს ტყუილები, რეალურად, საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ამომრჩევლის ნაწილს მართლაც სჯერა, რომ, მაგალითად, ევროპაში შესვლის შემთხვევაში ჩვენს რელიგიას, მართლმადიდებლობას საფრთხე შეექმნება; ზოგს იმისიც სჯერა, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში, ჩვენ სამუდამოდ წაგვართმევენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონებს.

რეალურად, _ ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაერთიანება, ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს… ამას ადასტურებენ არა მხოლოდ გონიერი ადამიანები, არამედ ციფრებიც. მაგალითად, როდესაც ლიტვა, ლატვია ან ესტონეთი გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში, მათი ეკონომიკა 6-ჯერ გაიზარდა. რუსეთმა დამოუკიდებელი და დაცული ქვეყნების ტერიტორიებზე უარი თქვა.

მეორე ტყუილი _ ბრძოლა მართლმადიდებლობასთან ხომ საერთოდ აბსურდულია _ იმ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, რომელშიც საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება, სწორედ რამდენიმე მართლმადიდებელი  სახელმწიფოა, რომლებიც თავს უფრო უსაფრთხოდაც გრძნობენ და მათი რელიგიაც, რწმენაც, უფრო დაცულია. მაგალითად, ასეთია საბერძნეთი _ ისტორიული და ტრადიციული ქვეყანა.

სამწუხაროდ, რუსეთის მომხრეებს, იმ პირებს, რომლებიც ჭორებს და ტყუილებს ავრცელებენ ევროკავშირსა და ნატოზე, ეს მაგალითები არ ახსენდებათ… აგრეთვე, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ჩვენი კულტურის არაერთი ძეგლი სწორედ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გადაგვირჩინეს. სამწუხაროდ, არავის ახსენდება ის, რომ ღვინის ქვევრში დაყენების წესი, მსოფლიომ მის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა… ან, ვთქვათ ის, რომ რამდენიმე წლის წინ `იუნესკომ~ ვაჟა-ფშაველას იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა.

ტყუილებს ავრცელებენ ჩვენს ჯარზეც _ თითქოს, ის სათანადოდ შეიარაღებული არ არის, ან მას ბრძოლა არ შეუძლია _ დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა ავღანეთში და იქ  საკუთარი პროფესიონალიზმი დაამტკიცეს, რასაც, ამერიკელები და ევროპელები ერთხმად აღიარებენ.

სამწუხაროდ, უამრავ სხვა ტყუილთან ერთად, ისმის, რომ ნატო და ევროკავშირი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს არ დაგვიბრუნებს, თუმცა, მათ ავიწყდებათ: რეალურად ვინ წაგვართვა ხსენებული ტერიტორიები? პასუხი ნათელია _ რუსეთმა! ნატოს წევრობა კი მინიმუმ იმის გარანტიაა, რომ ტერიტორიებს ვეღარ წაგვართმევენ… დამყარებული მუდმივი მშვიდობა კი განვითარების წინაპირობაა. განვითარების (და მუდმივი ომის შიშის გარეშე ცხოვრების) შემდეგ კი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გაცილებით იოლად აღდგება.

…დაბოლოს, ტყუილია, თითქოს საქართველოსთვის გამოსავალი ნეიტრალიტეტია.

შეგახსენებთ, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ჩანაწერი: `საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა~, ანუ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ აღიარა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ბოლშევიკური რუსეთისათვის, რომ არასრულ სამ წელიწადში _ 1921 წლის თებერვალში შემოჭრილიყო და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაეუქმებინა.  დაახლოებით იგივე ხდება უკრაინაში _ უკრაინა დღემდე ამბობს, რომ აღარ სურს ნატოში გაწევრიანება, თუმცა, ამ სახელმწიფოს ტერიტორია _ ყირიმის ნახევარკუნძული უკვე მიტაცებულია.

ასე რომ, ტყუილია, თითქოს ნეიტრალიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა. ტყუილია ისიც, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა გვიხსნის შესაძლო აგრესიისგან, პირიქით, ამ დროს ჩვენს მოწინააღმდეგეს მადა კიდევ უფრო გაეხსნება.

ავტორი: ირაკლი ტაბლიაშვილი

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – 1921 წლის თებერვალი

ივანე ჯავახიშვილის მიმართვა სტუდენტებს!

ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი

შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“.

25 თებერვლის ღამე მოგონებები ბრძოლის ველიდან

ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი სომხიანცია, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი.

ტაბახმელის რაიონის ერთ ტრანშეაში 40 ჯარისკაცია. მათ კაპიტანი ყიფიანი მეთაურობს. უცბად, ტრანშეას თავს დაესხა წითელი რაზმი. თითქმის ალყაში მოაქცია. რიცხობრივად, მათ შორის, უშველებელი სხვაობაა, მაგრამ ქართველები არ ნებდებიან. იმედოვნებენ, დახმარება მოუსწრებთ, ეს იმედი ამაოა. ქართველთა რაოდენობა სწრაფად კლებულობს. რჩება მხოლოდ ფეხზე მდგომი ხუთი ჯარისკაცი და მათი კაპიტანი. ბოლშევიკები ტრანშეას იღებენ. ხუთი გადარჩენილი რწმუნდება, რომ დამარცხება გარდაუვალია. ისინი ერთმუშტად იკვრებიან. კაპიტანი მათგან ცოტა მოშორებით აღმოჩნდა, მას არც გაქცევა სურს და არც ცოცხლად მტრის ხელში ჩავარდნა. მკერდზე რევოლვერს მიიდებს და ერთიმეორის მიყოლებით ტყვიებს დაიხლის. სასწაული! კაპიტანს სიკვდილი არ ეკარება. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს. უეცრად, ვიღაცამ უსწრაფესად ხელიდან გამოგლიჯა რევოლვერი. ეს სამხედრო სკოლის კურსანტები გამოჩნდნენ დასახმარებლად. კურსანტებმა მტერი უკუაგდეს.  ტრანშეა ბოლშევიკებისაგან გაწმინდეს.

ნ. მათიკაშვილისა და მ. კვალიაშვილის მოგონებებიდან

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

2008 წლის აგვისტო და მას შემდეგ…

კაპიტანი რომან აბაშიძე ახლა 30 წლისაა. აგვისტოს ომში მიღებული მძიმე ჭრილობების მიუხედავად ისევ ფორმაშია და საკუთარ გამოცდილებას სხვა ჯარისკაცებს უზიარებს. მისია საკმაოდ რთულია –  დაჭრილი და დაშავებული სამხედრო-მოსამსახურეების რეაბილიტაცია. მათ ხშირად ეუბნება, რომ ჭრილობის შემდეგ ყველაფერი არ მთავრდება და ასეთ ვითარებაშიც  შესაძლებელია ემსახურო სამშობლოს ისევ იმ შემართებით, მოტივაციით და  ენერგიით. დამაჯერებლად საუბრობს, რადგან ეს გზა თავადაც გაიარა, ამ ამბავს ხშირად იხსენებს.

2008

წლის აგვისტო… მეორე ქვეითი ბრიგადის ოცდამეერთე ბატალიონი, ცხინვალის მისადგომებთან, ზემო ნიქოზში განთავსდა.  ჯარისკაცებმა პოზიციები დაიკავეს და მეთაურის ბრძანებას ელიან… ოცეულის  მეთაური, რომან აბაშიძე ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში, თავისი ოცეულით, ბრძოლის შუაგულში იმყოფება…

ოცეული ზემდგომი მეთაურის ბრძანებას ელის…

ტაქტიკური ჩანაფიქრი ასეთია:  ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის შემოსვლის შემდეგ, აქტიური ცეცხლის დროს, დათქმულ მონაკვეთში ოცეული გარკვეულ მანძილზე სწრაფად იხევს უკან.  შემდეგ ელვისებური შეტევით გეგმავს მიზნის მიღწევას….

23 წლის ოცმეთაურს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ბრძოლის ველი მას შემდეგ დატოვოს, რაც დარწმუნდება, რომ მისი ოცეულის თითოეული წევრი სამშვიდობოსაა. ბოლოს მეკავშირესთან ერთად რჩება, უკვე მზად არის თავადაც დატოვოს ბრძოლის ველი,  სწორედ ამ დროს,  მოწინააღმდეგე საბრძოლო ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარას ისვრის და   კაპიტანი მიწაზე ეცემა… წამიერი ბურუსი, ფიქრი ოჯახზე, შვილებზე, ცხოვრებაზე… ტკივილისგან გონებადაბინდულმა მაინც შენიშნა, რომ  ყუმბარა არ აფეთქებულა. გაიფიქრა, რომ გაუმართლა… აფეთქების შემთხვევაში ხომ გადარჩენის  შანსი არ არსებობს…

მეკავშირე ჯარისკაცი რაციით კაპიტნის დაჭრის შესახებ გადასცემს… იმის მიუხედავად, რომ მტერი ას მეტრშია, სამშვიდობოს გასული ჯარისკაცებიდან ოთხი ბრძოლის ველზე ბრუნდება. დაჭრილების გასაყვანად……

ახსოვს როგორ გამოიყვანეს ბიჭებმა. შემდეგ   ბატალიონის თავშეყრის ადგილი ნიქოზში და გზა ტყვიავამდე… სწორედ აქ ჩაუტარდა ფეხის კიდურის ამპუტაცია…

ერთი პერიოდი ყველაფერზე უარს ამბობდა… ეგონა, რომ ყველასთვის ზედმეტი გახდა. თუმცა…  გარკვეული დროის შემდეგ დარწმუნდა, რომ ისევ საჭიროა. ამაში თავდაცვის სამინისტროს მიერ შარშან წამოწყებული ახალი პროექტიც დაეხმარა.

,,მხარი მხარს’’ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამაა. მისი მხარდაჭერით, კაპიტან რომან აბაშიძის მსგავსად, ბევრი დაშავებული სამხედროს ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. პროექტი   დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების  ფსიქოლოგიურ, მორალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან ერთად მათ დასაქმებასაც ითვალისწინებს.

იმ დაჭრილ სამხედროებს, რომელთაც ჩაუტარდათ მუხლს ზედა ცალმხრივი, ორმხრივი და ზედა კიდურის ამპუტაცია, დაუმზადდათ უახლესი ტექნოლოგიის მიოელექტრო ხელის და ბიონიკური X3 მუხლის პროთეზები. ეს პროთეზები დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ცხოვრებას საგრძნობლად აიოლებს, საშუალებას აძლევს მათ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ყოველდღიური აქტივობები, იქნება ეს სირბილი,  მანქანის მართვა, თხილამურებზე დგომა და სხვა.

რომან აბაშიძე
რომან აბაშიძე

კაპიტანმა რომან აბაშიძემ რეაბილიტაციისა და პროთეზირების კურსი უმოკლეს დროში გაიარა და ახლა უკვე პროგრამის „მხარი მხარს“ ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას სხვა ჯარისკაცებს უზიარებს. თუმცა, დრო სპორტული აქტივობებისთვისაც რჩება….

2016 წელი, 4 თებერვალი,  09:00 საათი…

კაპიტანი სავარჯიშო დარბაზში შედის. იქ 12:00 საათამდე უნდა დაჰყოს. ასე ხდება თითქმის ყოველდღე… თავდაცვის სამინისტროსთან არსებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ჩემპიონატისთვის ემზადება. მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში წავლენ და შემართებას, პროფესიონალიზმს და ქვეყნის სიყვარულს ძლიერთა შეჯიბრებაზეც დაამტკიცებენ.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

საარჩევნო სპეცუბნები უქმდება

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა კანონით აიკრძალება.  პროექტს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა, მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები, არჩევნებში მონაწილეობას, როგორც წესი, მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღებენ.

სპეცუბანი
სპეცუბანი

კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ის სპეციფიკა, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი არჩევნების დღეს სამსახურის პირობების (მაგ. საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნა) ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს რეგისტრაციის ადგილზე გამგზავრებას. ამიტომ, მათ სპეციალურ სიაში შეიყვანენ და ხმას მისცემენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე. სიახლეა სამხედრო მოსამსახურეების პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში სპეცსიებით მონაწილეობასთან დაკავშირებითაც. ამის საშუალება ექნებათ იმ მოსამსახურეებს, რომლებიც არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით განთავსებული იქნება დისლოკაციის ადგილზე ან თუ ისინი ადგილსამყოფელს შეიცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. ამ კატეგორიის პირები, მიუხედავად მათი სამსახურის სპეციფიკისა, წარმოადგენენ ადგილობრივი საზოგადოების ნაწილს და უნდა სარგებლობდნენ თანაბარი საარჩევნო უფლებით.

ავტორები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი  საარჩევნო პროცედურების დახვეწასა და სპეციალური საარჩევნო უბნების თუ  სპეციალური  საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში შესაძლო დარღვევების პრევენციას შეუწყობს ხელს. ასევე,  უზრუნველყოფს სპეციალურ სიებში შეყვანილი პირების საარჩევნო უფლების დაცვას, მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების თავიდან აცილებას და  ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის მინიმიზაციას.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

რა ინტერესი აქვს საქართველოს ნატოს მიმართ?

ხშირად დასმული კითხვები

პოლიტიკური: საქართველო, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყანა, ბუნებრივად მიისწრაფვის დემოკრატიული ფასეულობების მქონე განვითარებული ქვეყნების საერთო ოჯახისკენ. შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ქვეყნის მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.

ავდაცვა/სამხედრო: ნატოსთან აქტიური თანამშრომლობის განვითარება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.

ნატოს „კოლექტიური თავდაცვის“ პრინციპის შესაბამისად, საქართველო დაცული იქნება ნატოს 28 წევრი ქვეყნის მიერ, რაც ნატოს უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს _ თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე.

უსაფრთხოება: საქართველოს ინტეგრაცია ნატოში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე შავი ზღვის რეგიონში.

საქართველოს, როგორც შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანას, სჭირდება ნატოს და მისი წევრი ქვეყნების საერთო ძალისხმევა არსებული საფრთხეების დასაბალანსებლად.

ეკონომიკური: ნატოს წევრობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის საერთო კეთილდღეობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას, რადგან ალიანსის წევრობა ინვესტორებისთვის წარმოადგენს სტაბილურობის გარანტს.

ნატო
ნატო
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ქართველები ავღანეთის „ცხელ მიწაზე“

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრისაგან დაცვაა. მაგრამ, როცა საქართველო ამდენი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დგას, ჩვენი ქვეყნის ათასამდე ჯარისკაცი, შორეულ ავღანეთში, NATOწევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მისიას ასრულებს. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა, რა გვინდა ავღანეთში, მაშინ, როდესაც ჩვენ ირგვლივ და ჩვენს რეგიონში ამდენი პრობლემაა და ახალი გამოწვევები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იჩენს თავს.

საქართველო ავღანეთში NATO -ს ეგიდით წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში 2004 წლიდან ჩაერთო. შესრულდა 16 საბატალიონო როტაცია. „ავღანური გამოცდილება“ მიიღო 8000-მდე სამხედრო მოსამსახურემ. სამწუხაროდ, დაიღუპა 31 ჯარისკაცი, ათობით მეომარი კი  მძიმედ დაიჭრა.

ავღანეთის სამხედრო მისიამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო მისიებში კოსოვოში (1999 _ 2008 წ), ერაყში (2003 _ 2008წ). XXI საუკუნის ამ უმნიშვნელოვანესი კონფლიქტების გადაჭრის დროს, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, ამაყად ფრიალებდა საქართველოს დროშა. ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდების გადებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.

თანამედროვე გლობალურმა გამოწვევებმა, საერთაშორისო ტერორიზმის აღზევებამ  კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ არსებობს „სხვისი ომი, არ არსებობას ,,სხვისი პრობლემები’’. ტერორისტების უმოწყალო ქმედებებმა, ლტოლვილების მილიონიანმა ნაკადმა ყველას დაანახვა, რამდენად გადაჯაჭვულია დიდი და პატარა ქვეყნების ინტერესები, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება დღევანდელ დღეს.

საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესება, რომლის ახალი ფაზაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით დაიწყო და ყირიმის, აღმოსავლეთ-სამხრეთ უკრაინის და სირიის მოვლენებით გაგრძელდა, საქართველოს  რთული არჩევანის წინაშე აყენებს: ის, ან უნდა დაუბრუნდეს აღმოსავლური ტირანიის, ავტორიტარიზმისა და სიღარიბის მოდელს, ან გახდეს დასავლური ცივლიზაციის ნაწილი _ გააგრძელოს ბრძოლა ძლიერი, ერთიანი, ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის.

ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ დგანან, კვლავ თავიანთ მთავარ ამოცანას ასრულებენ _ იქაც საქართველოს მშვიდობას იცავენ. შორეულ ავღანეთში საფუძველი ეყრება  ერთობას, რომელიც მომავალში ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება და რაც ასე გვჭირდება. ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, თუ როგორ უნდა აწარმოონ სამხედრო ოპერაციები ახალ რეალობასა და პირობებში. ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები იღრმავებენ ცოდნას იმ ურთულეს ოპერაციებში, რასაც ჰქვია არაკონვენციური ომის წარმოება. სადაც ხიშტების რაოდენობა და საცეცხლე ძალა კი არ წყვეტს ყველაფერს, არამედ, ბრძოლა ადგილობრივი მოსახლეობის „გულის და გონების“ მოსაგებად.

ქართველი ჯარისკაცი ამ ოპერაციებში მხოლოდ მეომარი არ არის. ის  საქართველოს ელჩი და წარმომადგენელია. ქართველებმა არაერთხელ დაიმსახურეს მაღალი შეფასება პროფესიონალიზმისა და ეთიკური საქციელისთვის. მათ არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას დაანახვეს, ვინ არის ქართველი ჯარისკაცი, არამედ NATO -ს წევრ ქვეყნებსაც შეუქმნეს წარმოდგენა ჩვენი ჯარის და ქვეყნის შესახებ. NATO -ს ნებისმიერი დონის შეხვედრაზე ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი, რომელზეც დაყრდნობა ნებისმიერი გამოწვევების დროს შეიძლება. ავღანეთის სამხედრო ოპერაციების ქარიშხალში იწვრთნება და იზრდება ქართული ჯარის ოფიცერთა და სერჟანტთა კორპუსის ახალი თაობა  _  საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვალინდელი დღე. ქართველ ჯარისკაცებს ეს უნიკალური გამოცდილება მთელი სამხედრო კარიერის განმავლობაში გაჰყვება და  სამშობლოს დაცვაში დაეხმარება.

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ყოფნის დროს, ქართულმა ქვედანაყოფებმა „თალიბებთან“ ბრძოლისას, კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს, რა არის თავდადება და სიმამაცე. დაიმსახურეს ქება არა მხოლოდ კოალიციის წევრი პარტნიორებისგან, არამედ მტრისგანაც. რადიოგადაჭერების დროს ხშირად ისმოდა როგორ აფრთხილებდნენ „თალიბები“ ერთმანეთს „სადაც ქართველები დგანან, იმ ტერიტორიებს მოერიდეთ, იქ ვერ გახვალთ!“

ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დროს  31 ქართველი მეომარი დაიღუპა. ისინი იმ ქართველი გმირების განუყოფელ ნაწილად იქცნენ, რომლებიც შორეული დროიდან დღემდე იცავდნენ და ეწირებოდნენ საქართველოს თავისუფლებას. მათი გმირობა ტოლფასია ჩვენი იუნკრების გმირობისა, ვინც 1921 წელს კოჯორში თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. საქართველოს დღევანდელმა შეიარაღებულმა ძალებმა წინაპრებისგან მიიღო ესტაფეტა, რათა შეინარჩუნოს და დაიცვას საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ავტორი: პოლკოვნიკი, ნიკოლოზ ჯანჯღავა

ქართველები ავღანეთის ,,ცხელ მიწაზე’’
ქართველები ავღანეთის ,,ცხელ მიწაზე’’
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

კაპიტანი ეროვნული გვარდიიდან

-გენერალმა მოგიკითხათ.
-ძალიან დიდი მადლობა გადაეცით – მიპასუხა და კმაყოფილს ოდნავ გაეღიმა. შევატყვე, ძალიან გაუხარდა.

გვარდიის გენერალ ლევან გამყრელიძის მოკითხვა ბიჭებს მალევე გადასცა…

საქართველოს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების მეორე ოცეულის მეთაური 39 წლის კაპიტანი, თენგიზ თეთრაშვილია. დინჯი, გაწონასწორებული, მკაცრი გამომეტყველებითა და სპორტული აღნაგობით. მოხდენილად ატარებს სამხედრო ფორმას…

ისეთია, ჩვენში რომ იტყვიან, „ჯიგრიანი, „ჯიშიანი… მშვიდი და აუღელვებელი. იშვიათად და ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ენაწყლიანი თანამოსაუბრის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, მაგრამ ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას საუბრის პირველივე წუთიდან ახერხებს. ხვდები, რომ ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ.

ერთმანეთი ავღანეთში, „ბაგრამის“ სამხედრო ბაზაზე გავიცანით. თანამებრძოლ „გვარდიელებთან“ ერთად „სწრაფი რეაგირების ჯგუფშია. გვარდიელებს“ ბაგრამზე „გარე სწრაფებს“ ეძახიან. ბაზის პერიმეტრის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს და ამოცანას პირნათლად ასრულებენ. ამოცანა იოლი ნამდვილად არ არის. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პარტნიორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე იხსნეს.

ეს ინტერვიუ კი მორიგ დავალებაზე (შემოვლა, როგორც თავად ეძახიან) გასვლის წინ ჩავწერეთ. კაპიტან თენგიზ თეთრაშვილს ვთხოვერამდენიმე წუთი დაეთმო.

თენგიზ თეთრაშვილი
თენგიზ თეთრაშვილი

თენგიზ თეთრაშვილი: სკოლა სოფელ დიღომში დავამთავრე 1996 წელს, შემდეგ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი – 2001 წელს. სავალდებულო სამსახური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გავიარე 1999 წელს – მოტოსამანევრო ქვედანაყოფში. ორი წელი, 2003-2005 შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში ვიმსახურე. მას შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ… სხვადასხვა თანამდებობაზე… მყავს მშობლები, ერთი ძმა, მეუღლე და 7 წლის გოგო.“

 

სამხედრო სამსახური რატომ აირჩიე, წინაპირობები ჰქონდა ამ ნაბიჯს?

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ გეგმა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ჩემს დარჩენას არ ითვალისწინებდა, 180 გრადუსით უნდა შემომებრუნებინა. უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის სამსახური. გამიჭირდება ახსნა, რას განიცდი ამ დროს, მაგრამ დამიჯერეთ, „სავალდებულოს“ შემდეგ ეს ნაბიჯი არ გამჭირვებია… მშობლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს გადაწყვეტილებას. დროც ისეთი იყო… შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ქვეყნის მოქალაქემ არ უნდა გამოტოვოს ეს ეტაპი, იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა სამხედრო სამსახურში… ბავშვობაში ჩემს წარმოდგენებში, ხშირად დამინახავს საკუთარი თავი სამხედრო ფორმაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ოცნება, რომელიც ამისრულდა. ახლა საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ღირსეულად ვიარო ამ მეტად საპასუხისმგებლო გზაზე.

როგორ შეაფასეს შენი გადაწყვეტილება მეგობრებმა?

მეგობრების ნაწილი ჩემს ნაბიჯს დადებითად შეხვდა. რამდენიმეს ჰქონდა კითხვები, მაგრამ დღეს ყველა ხვდება ჩემი გადაწყვეტილების სიმტკიცეს…  აქ ვიპოვე ჩემი თავი, აქ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში და მხოლოდ მე არა, ზოგადად, ჯარი არის ასეთი ადგილი…

გვარდიაში როგორ მოხვდი?

საქართველოს ეროვნულ გვარდიაში 2010 წლის დასაწყისიდან ვმსახურობ… 2011 წელს გამიშვეს (ეღიმება)… 2013 დავბრუნდი. უკვე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა გვარდიაში. დღეს თავს ჯარისკაცად ვგრძნობ… ზოგადად, ეროვნული გვარდიის ისტორია რად ღირს?! გზა საბჭოთა იმპერიიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. თითქმის არ არსებობს კონფლიქტი, რომელმაც ეროვნული გვარდიის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. ეროვნული გვარდიის ბრძოლების მატიანე არის მატიანე ქართული საზოგადოების მრავალი თაობის ძალიან ნათელი არჩევანისა _ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. ეს არის დიდი ისტორია, ერთი დიდი ოჯახი…

ავღანეთში როგორ მოხვდი?

ჩემი სურვილი და  ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დაემთხვა. აქ ერთ-ერთი სერიოზული მისიის შესრულება გვაქვს დავალებული. ჩვენი პარტნიორების _ ამერიკელების, ჩეხების თუ სხვა ქვედანაყოფების დახმარება, რომლებიც ბაზა `ბაგრამზე~ იმყოფებიან… დაჭრილების ევაკუაცია და სხვა ნებისმიერი სახის ჩართულობა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.

შენს თანამებრძოლებზე მომიყევი

რაც შეეხება ჩემს თანამებრძოლებს, ჩემი ოცეულის ჯარისკაცებს, ჩემს მეგობრებს, ესენი არიან ბიჭები, რომლებსაც ვეყრდნობი და ყოველთვის მექნება მათი იმედი ბრძოლის ველზე. მათ ჩემს სიცოცხლეს ვანდობ. ეს ბედნიერებაა ჯარისკაცისთვის… ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის საკუთარი საქმე. ღირსეული ჯარისკაცები არიან. ჯერ არ ყოფილა ამოცანა, ვერ შეესრულებინოთ ან შესრულებაზე უარი ეთქვათ. პირიქით, როდესაც ერთი ჯგუფი დავალების შესასრულებლადაა, `დამსვენებელი ჯგუფი~ ყოველთვის ითხოვს, რომ დასახმარებლად გაუშვან. აქ ბევრი რამ ვისწავლეთ, ერთმანეთი ხელახლა აღმოვაჩინეთ, ერთმანეთი შევიძინეთ. დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ.

რა უხარიათ და რა სწყინთ ჯარისკაცებს ყველაზე მეტად და ადვილად?

რთული შეკითხვაა. არის ასეთი შეფასება „კარგი მებრძოლია. ჯარისკაცისთვის ეს, ალბათ, ყველაზე დიდი მოტივაციაა… ისე, ცოტა გვწყინს და ცოტა გვიხარია…

გსურს, რამე დაამატო იმ ყველაფერს, რაც უკვე გვითხარი?

ჩვენს დასაცავს, ჩვენს საომარს არავინ იომებს… ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს ქვეყნის დაცვის საქმეში.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

თინათინ ხიდაშელი: „ვარშავიდან მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას და თავდაცვისუნარიანობის მეტად გამყარებას ველოდებით“

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველო სამიტიდან არ ელოდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.

თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

,,ველოდები, რომ ვარშავიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო ძლიერი პოზიციებით იქნეს გამყარებული, ვიდრე ეს არის ამ წუთის მდგომარეობით… ჩვენ გვექნება უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებები, ჩვენ გვექნება უფრო მეტი პოლიტიკური, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერაც და ამას ყველანი ძალიან კარგად ნახავთ, სულ რამდენიმე თვეში, იმ საერთაშორისო წვრთნების დროს, რომელიც საქართველოში გაიმართება’’,  –  აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

ბათუმში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა. „ბათუმელების” ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელსაც 10 თებერვლიდან ეძებენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ბათუმში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა

14 თებერვალს, დილით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის მეოთხე სართულიდან 41 წლის მამაკაცი გადმოხტა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

Exit mobile version