საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

პირველ ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

„ეკონომიკური ასოცირება არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს. ეკონომიკური ნაწილი კი შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია,  ეს იქნება მასტიმულირებელი  იმისათვის,  რომ ჩაიდოს ევროპული ინვესტიციები  საქართველოში და მოხდეს დასავლური კაპიტალის შემოსვლა“ – ამბობს, „რეგიონალური კვლევის ცენტრის“ ექსპერტი ასლან ლორთქიფანიძე.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენლის მარიამ გაბინაშვილის თქმით,  საქართველოში უკვე ტარდება გარკვეული რეფორმები და იდგმება ეფექტური ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან, რის შესაძლებლობასაც იძლევა ასოცირების ხელშეკრულება.

„ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უკვე წლებია ახორციელებს ძალიან აქტიურ საგანმანათლებლო პროგრამებს“- ამბობს, მარიამ გაბინაშვილი. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ცნობადობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ყველა რეგიონში, რისთვისაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრები აკეთებენ პრეზენტაციებს და ავრცელებენ საინფორმაციო მასალებს, შემეცნებით ლიტერატურას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში: „ყველაზე მეტი დაინტერესება ამ საკითხის მიმართ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ გამოხატა.“

შეხვედრას, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტი, ბსუ პროფესორი გიორგი აბულაძეც უძღვებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან

ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე – რეგიონში იმ თანამდებობის პირებს შორის არიან, რომლებიც ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა პრობლემურ რესპონდენტებად დაასახელეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი კითხვებს გაურბიან.

მასთან ურთიერთობა ჭირს, ის ხშირად ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარით მოგვიშოროს, ის კითხვას კი არ პასუხობს ამომწურავად, ამბობს მხოლოდ იმას, რაც მას უნდა, მასთან შეთანხმება ჭირს, შეხვედრებზე თუ გამოიჭერ, კონტრშეკითხვებით კონფლიქტში შემოდის და ამით ცდილობს პასუხებს თავი აარიდოს – ასე დაახასიათეს ბათუმელმა ჟურნალისტებმა ბათუმის მერი, როგორც რესპონდენტი. მათ გიორგი ერმაკოვი ყველაზე პრობლემურ რესპონდენტად მიაჩნიათ.

„ჩემი ფავორიტი რთულ რესპონდენტებს შორის არის გიორგი ერმაკოვი. ყველაზე მეტად მასთან მიჭირს კომუნიკაცია. არ ყოფილა შემთხვევა, როცა კომენტარი გვჭირდებოდა მერიიდან და პრესსამსახურმა შეძლო მისი შეთანხმება. გვეწერება მოადგილე ან არავინ. იყო შემთხვევა გაზი აფეთქდა ცხრა მარტისა და ლერმონტოვის ქუჩებზე. აფეთქებები გაზის გამორთვას და შემდეგ ჩართვას უკავშირდებოდა. მერი იმყოფებოდა დაზარალებულებთან. სხვა ჟურნალისტებთან ერთად მივედი და ვთხოვე გაეკეთებინა კომენტარი იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია დაზარალებულებისთვის, – გიორგი ერმაკოვმა სცადა კონფლიქტით მოვეშორებინე. გადმოვიდა კონტრშეკითხვებით შეტევაზე – რა უნდა გიპასუხოთ, რა შეიძლება გიპასუხოთ, თქვენც აქ ხართ და მეც აქ ვარ, რა გიპასუხოთ… ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, ახლა თეატრში არ ვიმყოფებით, რომ კინოზე, მუსიკაზე გკითხოთ-მეთქი. ის არ არის კომუნიკაბელური, მეტიც, ის ცდილობს გაექცეს მედიას. ის მიიჩნევს, რომ არ არის ანგარიშვალდებული ჩვენთან“, – ამბობს სააგენტო „ინტერპრესინიუსის“ ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე.

ბათუმის მერს ყველაზე რთულ რესპონდენტად ასახელებს და გიორგი ერმაკოვის მხრიდან კონტრკითხვებზე გვიყვება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი დაჯი ჩხიკვაძეც:

„ბოლო პერიოდში შედარებით გამოსწორდა ამ თვალსაზრისით ყველაფერი, როგორც ჩანს, თვითონაც მიეჩვიენ იმას, რომ აუცილებელია პასუხის გაცემა. თუმცა ურთიერთობის მხრივ ყველაზე უფრო რთული მაინც მერიაა. განსაკუთრებით თავად მერი, არ ვიცი სხვა ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ის გაბრაზებული ტონით სვამს კონტრკითხვებს, მაგალითად: მე რა შუაში ვარ? რა უნდა მკითხო? ძირითადად ასეთი პასუხები აქვს. არასდროს დამირეკია პირდაპირ მისთვის, ძირითადად ვცდილობ პრესსამსახურის დახმარებით დავუკავშირდე. ხდება ხოლმე, როცა გვამისამართებენ სხვასთან. იყო შემთხვევა, როცა შეთანხმების შემდეგ მივსულვართ ჟურნალისტები სამსახურის უფროსთან და მიგვიღია პასუხი, რომ მან კომენტარის გაკეთება გადაიფიქრა. არ მახსოვს მისი სახელი და გვარი თეკლამ [პრესსამსახურის ხელმძღვანელი] შეგვითანხმა, მგონი ზედამხედველობის სამსახური იყო. ცოტა პროგრესი გვაქვს – დროულად გვპასუხობენ იმაზე, რომ კომენტარს არ აკეთებენ. აღარ ახანგრძლივებენ დროში ამ პასუხის გაცემას. მერს ძირითადად ღონისძიებებზე ვწერთ, იმის იქეთ – ვერა. ჭეიშვილი [საკრებულოს თავმჯდომარე] გვეწერება ხოლმე სხდომების დროს. მე ცენტრალურზე [ტელევიზიაზე] მაქვს გათვლა და პირველი პირების პასუხი ჩემთვის უფრო მისაღებია“.

ჟურნალისტები ასახელებენ რთულ რესპონდენტებს, რომლებთანაც შეთანხმება თითქმის არ ხერხდება: ამ ტიპის რესპონდენტებს შორის დაასახელეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი.

„ირაკლი ჭეიშვილი არის რთული რესპონდენტი, მისი დათანხმება ჩაწერაზე თითქმის შეუძლებელია. თვითთმართველობისგან უფრო რთულია პასუხების მიღება, ვიდრე არჩილ ხაბაძის უწყებიდან. თუმცა ხაბაძესაც ვერ ჩაწერ ისე თუ არ არის სხვა ამბავი. მე არ მახსენდება შემთხვევა კონკრეტულ ამბავზე მჭირდებოდეს და ხაბაძე ჩავწერო – უნდა „ჩაუსაფრდე“. ისე რომ დაურეკო პრესსამსახურს და მერე მიხვიდე მთავრობის სახლში, ასეთი რამ თითქმის არ ხდება. ასეთი პრაქტიკაა, პრინციპში, მერთანაც და მსგავსი პრაქტიკაა საკრებულოს თავმჯდომარესთანაც. როგორც პრემიერ-მინისტრთან ვერ მიხვალ ინტერვიუ მინდაო… სადღაც თუ მიადგები და დაუსვამ კითხვებს, ასეა აქაც, ვთქვათ, არის რაღაცა კონფერენცია და ამ კონფერენციაზე მივიდა არჩილ ხაბაძე… თუ მე ერთ კონკრეტულ თემას ვაკეთებ და მინდა მხოლოდ ჩემი სიუჟეტისთვის დავუსვა კითხვა, წარმოუდგენელია. იგივე ტენდენცია იყო ლევან ვარშალომიძის დროს და იყო ძალიან შემაწუხებელი. ესენი არ არიან იმხელა ფიგურები, რომ კონკრეტულ მედიასაშუალებებს ამ რეჟიმში ეკონტაქტონ. ეს არის თვითმმართველობა და აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მედიასთან“, – ამბობს GDშ-ის კორესპონდენტი სოფო ჟღენტი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მერიისგან ამომწურავი პასუხების მიღების პრობლემაზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე. თუმცა ის ყველაზე უფრო პრობლემურ უწყებად მაინც პროკურატურას ასახელებს.

„ძალოვან უწყებებთან ურთიე¬რთობა შემოიფარგლება პრესცენტრის პასუხებით და ეს არის ძალიან რთული. კონკრეტულ რესპონდენტს ვერ პოულობ. ამ მხრივ გამონაკლისია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. ყველაზე მეტი კითხვა გვაქვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მინისტრიც და სამინისტროს წარმომადგენლებიც მხოლოდ ნაწილობრივ გვპასუხობენ – ხან გვპასუხობენ, ხან არა. ძალიან იშვიათად ითვალისწინებენ ნიუსის ხასიათს, რომ ჩქარა გჭირდება კომენტარი და არა დღის ბოლოს. მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა ვერ მივიღე პასუხი ეკონომიკის სამინისტროსგან. ასევე ძალიან რთულია პასუხების მიღება ბათუმის მერისგან. ჩამიწერია, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა“, – ამბობს მერაბ წულუკიძე.

პრობლემურ რესპონდენტებს შორის დაასახელა გიორგი ერმაკოვი „ტელეარხი 25-ის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა ირინა ყურუამაც:

„მასთან ძალიან ბევრჯერ მჭირდება კითხვის გამეორება, რადგან სულ ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარი გააკეთოს. არ საუბრობს იმაზე, რასაც ეკითხები. რჩება შთაბეჭდილება, რომ გიშორებს თავიდან. არც იმის აღიარება უნდა, რომ კომენტარისთვის მზად არ არის, ყველაფერზე საუბრობს, გარდა კონკრეტული შეკითხვისა.

ასევე პრობლემური უწყებაა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პერსონალური პრობლემაა აქ. დილის ათი საათიდან რომ დაიწყებ შეთანხმებას, შეიძლება სამუშაო საათები ისე ამოიწუროს, რომ პასუხიც კი არ გქონდეს – გეწერება ვინმე თუ არ გეწერება. მე მინისტრი ჩამიწერია ბევრჯერ, როცა „მაესტროზე“ ვმუშაობდი, მაგრამ პრობლემაა, როცა პასუხი გჭირდება ოპერატიულად. ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ დღეს შევუთანხმდეთ და მეორე დღეს მივაკითხოთ ჩასაწერად“.

ბათუმის მერის პრესსამსახურის განმარტებით, მერი ჟურნალისტების მოსაზრებებს არ ეთანხმება. „მერი ამბობს, რომ კეთილგანწყობილია ჟურნალისტების მიმართ. ის ყოველთვის პასუხობს, როცა მას აჩერებენ. რამდენჯერმე ამის გამო ესკორტსაც კი ჩამორჩა, ჟურნალისტისთვის ამომწურავი პასუხები რომ გაეცა. რამდენიმე შემთხვევის გამო ასეთ დასკვენებს ნუ გააკეთებთ“, – განაცხადა თეკლა ჩიჩუამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

გაცილებით აგრესიული რეაქცია ჰქონდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს. თამარ დიასამიძის თქმით, რამდენიმე ჟურნალისტის მიერ გამოთქმული მოსაზრება მინისტრის პრობლემურ რესპონდენტად შეფასების საფუძველი არ უნდა გახდეს და ის ისეთ ჟურნალისტებსაც იცნობს, რომლებიც დავით ბალაძეს კომუნიკაბელურ რესპონდენტად მიიჩნევენ.

ჟურნალისტების მიერ პრობლემურ რესპონდენტად დასახელებულ მოხელეებთან ურთიერთობის მისეული ფორმა ჩამოუყალიბებია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ჯენი კვანტალიანს: „მივდივარ შეხვედრებზე, სადაც ისინი მეგულებიან, ან კითხვას კოლეგას ვაბარებ. ამიტომ მე მათგან პასუხების პრობლემა არ მაქვს“.

ჯენი კვანტალიანი ამბობს, რომ ვერასდროს იღებს კომენტარს პროკურატურისგან. მან ასევე პრობლემურ რესპონდენტად უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა დაასახელა.

ფოტოზე: დავით ბალაძე, გიორგი ერმაკოვი, ირაკლი ჭეიშვილი.

ჯერ ეროვნულ გამოცდებზე, შემდეგ – სინგაპურში

თათია ბოლქვაძე, აბიტურიენტი

წელს აბიტურიენტი ვარ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. პირველი გამოცდა რამდენიმე დღეში მაქვს. იმედს არ ვკარგავ, რომ სასურველ ფაკულტეტზე, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები, რადგან მთელი წლის განმავლობაში ამ სურვილს, ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც დიდი დრო და ენერგია შევალიე. სიმართლე რომ ვთქვა, წელს გამოცდებზე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოსაცდელად უფრო გავდივარ, ვიდრე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად, რადგან შემდეგი ორი წელი სინგაპურის ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში IB დიპლომის მოსაპოვებლად ვისწავლი. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგე, თუმცა რეპეტიტორებთან სიარული მაინც არ შემიწყვეტია, რადგან მიმაჩნია, რომ აბიტურიენტობა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია ცხოვრებაში.

თუ როგორ მოვხვდი კოლეჯში, ეს საკმაოდ გრძელი ამბავია. არსებობს ერთი ძალიან კარგი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები), რომელსაც 15 კოლეჯი აქვს მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ორგანიზაცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ბავშვებს არჩევს და სხვადასხვა კოლეჯში უშვებს სასწავლებლად. საქართველოში Uჭჩ-ს შესარჩევი ტური წელს მესამედ ჩატარდა, ქართველი მოსწავლეებისთვის სულ 8 ადგილი იყო გამოყოფილი შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, სინგაპური, ნორვეგია, გერმანია და სომხეთი. საკმაოდ დამღლელი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, რომელიც სამი ტურისგან შედგებოდა და დაახლოებით 7 თვეს გრძელდებოდა, მომივიდა წერილი, რომელიც მთავაზობდა ადგილს სინგაპურში, UWC South East Asiaკოლეჯში.

პირველი ემოცია საკმაოდ უცნაური იყო, რადგან შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლას და მითუმეტეს შემოთავაზებას სინგაპურში – ყველაზე ნაკლებად ველოდი. იყო რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მაბრკოლებდა გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებაში: მეშინოდა დიდი დისტანციის, დამოუკიდებლად ცხოვრების, მეშინოდა, რომ აზიაში სწავლების მაღალ დონეს ვერ დავძლევდი. გარდა ამისა, კოლეჯში პირველი ქართველი ვიქნები, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.

საბოლოოდ, შემოთავაზებას დავთანხმდი და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდები გადაწყვეტილების სისწორეში. სწავლის საფასური, რომელიც ორი წლის განმავლობაში 100 000$-ზე მეტს შეადგენს, კოლეჯმა სრულად დამიფინანსა. უკვე გავიცანი არაჩვეულებრივი ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩემთან ერთად ისწავლიან. ავირჩიე ექვსი საგანი: ინგლისური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფრანგული, ისტორია, გლობალური პოლიტიკა და გარემოს სისტემები. საგნები საკუთარი სურვილის გარდა, იმ ქვეყნებისა და უნივერსიტეტების მოთხოვნების საფუძველზეც შევარჩიე, სადაც სწავლის გაგრძელება მსურს. კოლეჯი საგნების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სამწუხაროდ, მხოლოდ 6 საგნის არჩევის საშუალება მაქვს, მაგრამ იმდენად მწყდება გული ზოგიერთ მათგანზე, რომ არ არის გამორიცხული, უკვე არჩეული საგნები სხვებით ჩავანაცვლო.

დიპლომი, რომელსაც კოლეჯის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ, აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. სწავლება არ მოიცავს მხოლოდ საგნების შესწავლას, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს, ხელოვნებას, მოხალისეობრივ საქმიანობას, ხშირად ეწყობა საგანმანათლებლო ვიზიტები სხვა ქვეყნებში, რაც სხვა კულტურების გაცნობის საშუალებას იძლევა.

კოლეჯში სწავლა 15 აგვისტოს იწყება, სინგაპურში 4 აგვისტოს უნდა ვიყო, სწავლის დაწყებამდე ბავშვებსაც და ქალაქსაც უკეთ გავიცნობ. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებსაც სწორედ იქ გავიგებ.

განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავ, რადგან მგონია, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მითუმეტეს განათლების სისტემაში, ჩვენს ქვეყანას ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები მონაწილეობენ დღეს დაიწყო.


ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

დღეს ბათუმის მერიაში, სტუდენტებს მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშილი და სპორტისა და აზალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე შეხვდნენ.სტუდენტური დასაქმება

სტუდენტები მუნიციპალურ ორგანიზაციებში ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდებიან. დღეს შრომითი ხელშეკრულებები პირველ ნაკადთან გაფორმდა. ისინი უკვე დღეიდან სამუშაო რეჟიმში გადადიან.

როგორც ალექსანდრე მითაიშილმა, შეხვედრაზე თქვა, სტუდენტები 10 მუნიციპალურ ორგანიზაციაში დასაქმედებიან. [ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, შპს. წყალკანალი, სანდასუფთავება და ა.შ.]

სტუდენტების ანაზღაურება 400 ლარი იქნება.

 

ამავე თემაზე: სად დასაქმდებიან ბათუმელი სტუდენტები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში ორი ცენტრი იმუშავებს

ხვალ, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია გახსნილი, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში.

ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მანუჩარ ლორიას ინფორმაციით, ბათუმიის საგამოცდო ცენტრში წელს 72 სექტორი იქნება, აბიტურიენტთა რაოდენობა კი 3 700-მდეა. რაც შეეხება ხულოს საგამოცდო ცენტრს, აქ მაქსიმალური დატვირთვით 12 სექტორი იმუშავებს, სადაც 250 აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს.

ხულოს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ჩიტიძე ამბობს, რომ ცენტრი სრულიად მზადაა გამოცდებისთვის: „ჩვენს საგამოცდო ცენტრში ეროვნულ გამოცდებს ძირითადად ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტები აბარებენ“, – ამბობს გოჩა ჩიტიძე.

ეროვნული გამოცდები წელს პირველად ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

არჩილ ხაბაძემ სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

30 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უკარაინული წარმოშობის, რუსეთში მოვაღვაწე მსახიობთან, სტანისლავ ბონდარენკოსა და შპს „დარ ბილდინგის“ წარმომადგენელთან ერთად გმირთა ხეივანში სასტუმრო „Dar Tower“-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, სტანისლავ ბონდარენკო კომპანია „დარ ბილდინგის“ სარეკლამო სახეა: „კომპანიამ მას ბინა გადასცა საჩუქრად. სტანისლავ ბონდარენკო „Dar Tower“-ის ბინის პირველი მესაკუთრე გახდა“.

სტანისლავი
სასტუმრო „Dar Tower-ის“ საფუძვლის ჩაყრა / 30.06.2016 / ფოტო: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდიდან

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს პროექტი მოიცავს არანაკლებ 411 ნომრიანი სასტუმრო და ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს, კაზინოს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, „ლაუნჯს“, ბარს, ჩაის სახლს, ყავის სახლს, გასართობ ცენტრებს, ბოულინგ-ცენტრს, საბავშვო ბაღს, სავაჭრო ცენტრს, სპა-ცენტრს, ღია და დახურული აუზს, სარეკრიაციო ზონას, სასეირნო ბილიკებსა და მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას. 

მთავრობის ინფორმაციით, პროეტის ფარგლებში არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენომა 300-მდე უნდა გაიზრდოს. „Dar Tower“ ექსპლუატაციაში 2020 წლისთვის შევა.

ნასყიდობის ხელშეკრულება „დარ ბილდინგთან“ 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. შესაბამისად, 2016 წლის 12 თებერვლისთვის კომპანიას მშენებლობა დაწყებული უნდა ჰქონოდა, თუმცა იმ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულიც კი არ იყო და საინფორმაციო დაფა ამ ნაკვეთზე მდებარე ხეზე იყო მიჭედებული,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი აუქციონი მომიჯნავე ნაკვეთებზეც გამოაცხადა.

„დარ ბილდინგის“ სახელი ბათუმში ბარათაშვილის #24 დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის ადგილას კომპანია შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არ ეთანხმებიან. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს DAR BUILDING-ის 100% წილს რევაზ დარჩიძე ფლობს.

ბათუმში იპოთეკარებმა „ოცნებას“ დაპირება კიდევ ერთხელ შეახსენეს

30 ივნისს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იპოთეკით დაზარალებული პირები შეიკრიბნენ და „ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით, აქციის ადგილი შემთხვევითი არ არის:

„სწორედ ქართული ოცნება დაპირდა ხალხს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას… დაზარალებულები ელოდებიან ბანკთან შუამდგომლობას, აინტერესებთ, შეინარჩუნებენ თუ ვერა სახლებს. თუ კი ლოდინის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც“ – ამბობს დავით ბერიძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ხედავს აჭარის მთავრობის მხრის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მისივე თქმით, ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს და დროში არ უნდა გაიწელოს, იმიტომ რომ ადამიანები ყოველდღიურად რჩებიან სახლის გარეშე.

„გუშინაც ჩატარდა სასამართლო პროცესი, კიდევ ერთი ოჯახი დარჩა სახლის გარეშე. აქ შეკრების მიუხედავად არავინ არ გამოდის გარეთ და არ ინტერესდება მოქალაქეების პრობლემით“ – განაცხადა დავით ბერიძემ.

„უკვე მეორე ხუთშაბათია რაც ვმართავთ საპროტესტო აქციებს, მსგავსად თბილისისა. თბილისში სოციალურად დაუცველთა და იპოთეკით დაზარალებულთა აქციები მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს. მივმართავ ქართულ ოცნებას და მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს: მისი სიტყვებია, რომ არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს უსახლკაროდ. მე მინდა მას ვაცნობო, რომ სტატისტიკური მონაცემებით 19 000 ოჯახია გამოსახლებული და 40,000 ან შესაძლოა მეტიც, არის უმისამართოდ. ამ ადამიანებმა სად უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე? სულ რაღაც 98 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ დაეხმარონ დაზარალებულ ოჯახებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც დასთესენ, იმას მოიმკიან“ – ამბობს ლალი ზაქარეიშვილი, იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

„მთავრობის სახლთან გვაქვს პერმანენტული აქციები და შედეგი ვერ ვნახეთ, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, მაგრამ სამწუხაროდ აქაც არავინ არ გამოვიდა, არავის არ უკითხავს რა გჭირთ, რა პრობლემები გაქვთ და რას ითხოვთო. არჩევნებამდე გვპირდებოდა ქართული ოცნება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომ არავინ არ დარჩებოდა ქუჩაში, მაგრამ შედეგი ისევ არ ჩანს. ამ ოჯახების 80 პროცენტი არის წინა რეჟიმის მსხვერპლი, ზოგს პატიმარი ჰყავდა, ზოგს პრობაციონერი,ზოგს – ავადმყოფი და ამიტომ გამოვიტანეთ ეს სესხები, ვერ დავფარეთ, შეგვპირდნენ – დაგეხმარებითო,მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, მხოლოდ არჩევნების დღეს თუ გავახსენდებით“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაია მელიქიძე.

„ქართული ოცნების“ ოფისიდან იპოთეკარების აქციას არავინ გამოხმაურებია.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მთავრობა საკითხს სწავლობს, თუმცა ამ კუთხით სიახლე ჯერ-ჯერობით არ არის.

იპოთეკარების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო
იპოთეკარების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო
იპოთეკარების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო
იპოთეკარების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო

ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ბათუმში, დღეს 30 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. გაძლიერდება  დასავლეთის ქარის და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაცემა. ამინდის გაუარესება მოსალოდნელიან მაღალმთიან აჭარაშიც.

„არამდგრადი ამინდები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ დოდო გვაზავამ.

აჭარის სამაშვილო სამსახურში ამბობენ, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გაფრთხილებულები არიან, თუმცა განსაკუთრებული გაფრთხილება მობილიზაციის შესახებ არ მიუღიათ.

28 ივნისს, საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა.

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში

ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს ბანაკებში.

საქართველოში ყველაზე დიდ, მოსწავლეთა ათდღიან საზაფხულო – „მომავლის ბანაკს“ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან მართავს. „მომავლის ბანაკი“ ჩაენაცვლა ბანაკ „პატრიოტს“, რომელიც 2005 წლიდან ყოველ ზაფხულს ტარდებოდა. არსებითი განსხვავება ამ ბანაკების პროგრამებს შორის ის არის, რომ „პატრიოტი“ გათვლილი იყო 15-23 წლის ახალგაზრდებზე, მათ შორის უცხოელებზეც. „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობა კი მხოლოდ საქართველოს საჯარო სკოლების წარჩინებულ 14-18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ [უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახების მოზარდებს].

ბოლოს ბანაკი „პატრიოტი“ 2012 წელს ჩატარდა ანაკლიაში აშენებულ სპეციალურ საბანაკე კომპლექსში, სადაც რამდენიმე სამსართულიანი კორპუსი და სპეციალურად შემოსაზღვრული ეზოა. „მომავლის ბანაკიც“ ამ კომპლექსში ტარდება. როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თეა ყიფშიძე აღნიშნავს, ეს საბანაკე კომპლექსი არ არის ადაპტირებული და არც შენობები იძლევა მათი ადაპტირების საშუალებას, რის გამოც ბანაკი ვერ მასპინძლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.

„ვგეგმავთ ეს პრობლემა როგორმე გადაიჭრას“, – ამბობს თეა ყიფშიძე. მისივე თქმით, წელს 2 304 მოსწავლე დაისვენებს ანაკლიის „მომავლის ბანაკში“, მათგან 144 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჰერეთიდან, 50 დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი არასრულწლოვანები და 60 ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის“ გამარჯვებული. ბანაკი რვა ეტაპად ჩატარდება და თითოეულ ეტაპზე 288 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

„მომავლის ბანაკის“ ორგანიზებაში მონაწილეობენ განათლების, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროები.

რაც შეეხება ლიდერების შერჩევას, როგორც თეა ყიფშიძე ამბობს, ბანაკში მოხვედრილ ლიდერს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა უნარ-ჩვევები, კარგი ფიზიკური მომზადება და უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო უნარებს.

„24 მოსწავლეს ჰყავს ორი, 21-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ლიდერი – გოგო და ბიჭი. ტერიტორია არის შემოსაზღვრული და გვყავს დაცვის სამსახური, ასევე ხუთი მაშველი, ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ზღვისთვის მოსწავლეებს განკუთვნილი აქვთ ერთი საათი, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ასევე ბანაკის ტერიტორიაზეა სახანძრო მანქანა, – გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სახანძროს გამოძახებისთვის დრო რომ არ დაიხარჯოს. ტრანსპორტირების პროცესში მოსწავლეებს პატრულის ეკიპაჟი აცილებს. გვყავს კვების ექსპერტიც, რომლის ბანაკში მოსვლის შემდეგ კვებითი ინტოკსიკაციის შემთხვევა არ გვქონია“, – ამბობს თეა ყიფშიძე.

მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა ბანაკში იმ ბავშვების კვების საკითხია, რომლებიც [ქრისტიანულ] მარხვას ინახავენ. „ვერ ვითვალისწინებთ, რადგან ბავშვის რაციონისთვის ეს არის დაშვებული. ჩვენ გავლილი გვაქვს კონსულტაციები სასულიერო პირებთან, ნებისმიერი მამაო, ბავშვს რომელიც ათი დღით მოდის ბანაკში, მისცემს კურთხევას“, – ამბობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

როგორც საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შეიქმნა „ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით“. თეა ყიფშიძის თქმით, ბანაკის ბიუჯეტი გასულ წელს [1 728 მოსწავლე] მილიონ-ნახევარი ლარი იყო. წელსაც, იმავე ბიუჯეტით, „მომავლის ბანაკის“ გარდა, სტუდენტური საზაფხულო „შაორის ბანაკიც“ უნდა მოეწყოს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის პროგრამებით გათვალისწინებული საბანაკე აქტივობითაც. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის, სულხან დუმბაძის თქმით, წელს იგეგმება შერეული ბანაკი, სადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები [უკვე აბიტურიენტები] და სტუდენტები [სულ 50] შეძლებენ ბანაკში გამგზავრებას. მხოლოდ მოსწავლეებისთვის დეპარტამენტს საზაფხულო ბანაკი არ აქვს დაგეგმილი.

ამ ბანაკთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული, თუმცა, როგორც სულხან დუმბაძე ამბობს, ორგანიზების საკითხებში დეპარტამენტი მონაწილეობს და შესაბამისი კრიტერიუმებით არჩევენ პერსონალსა თუ ლიდერებს:

„ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, ასევე სხვადასხვა სერტიფიკატი უნდა წარმოადგინოს ლიდერობის მსურველმა, რითაც დაადასტურებს, რომ გავლილი აქვს შესაბამისი სასწავლო კურსები/ტრენინგები“.
ითვალისწინებენ თუ არა ლიდერთა შერჩევისას ფიზიკურ მომზადებას, თუნდაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს, დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი პასუხობს: „გათვალისწინებულია, გათვალისწინებულია, გათვალისწინებულია…“

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წელს საზაფხულო ბანაკები დაგეგმილი არ აქვთ, თუმცა გამოყოფილია 8 000 ლარის გრანტი, რომლის მოპოვებაც შეუძლია შესაბამის ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, მათ შორის საზაფხულო ბანაკის ორგანიზებისთვის. გასულ წელს კი მერიის იგივე განყოფილება სამთო ბანაკებს მართავდა 17-27 წლის ახალგაზრდებისთვის, სადაც მოსწავლეებსაც შეეძლოთ მონაწილეობა. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამვერიძე ამბობს, სამთო ბანაკებში ახალგაზრდებს სპეციალისტებიც ახლდნენ.

7-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის ორკვირიან ინგლისურენოვან ბანაკს აწყობს ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „ბიბისი“. ბანაკში მონაწილეობა ფასიანი და ერთი მოსწავლისთვის 850 ლარი ღირს. ეს არის სასტუმროში განთავსების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების, ინგლისურ ენაში ყოველდღიური გასართობ-ინტერაქტიული სემინარების, სამედიცინო უზრუნვლყოფის, პრიზების, საჩუქრებისა და ინგლისური ენის სერტიფიკატის ხარჯი. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნათია თანანაშვილი ამბობს, ბანაკები ბაკურიანის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში იმართება. ყოველ ათ მოსწავლეზე განსაზღვრულია ერთი სუპერვაიზერი-ზედამხედველი, რომელიც მოსწავლეების მოვლა-პატრონობაზე აგებს პასუხს, ავარჯიშებს მოსწავლეებს ენერგიული თამაშებით და ა.შ. ყოველ 20 მოსწავლეზე კი ჰყავთ ერთი პედაგოგ-მასწავლებელი, რომელიც სემინარებს უძღვება. ყოველ ჯერზე ბანაკში ჰყავთ ორი პედიატრი. ნათია თანანაშვილის თქმით, ერთ ბანაკში მაქსიმუმ 60 ბავშვი მონაწილეობს.

ორგანიზაცია „ეკოხედვა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქესთან“ ერთად მართავს ეკობანაკებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შეუსრულდათ 14 წელი. ამ ბანაკში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეები გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინაში გამარჯვებულები არიან. ეკობანაკები ერთკვირიანია და ურეკში, ცემსა და თუშეთში ეწყობა, სასტუმროებში. ერთი დღე ეთმობა კარვებით ლაშქრობას.

„ექიმიც გვყავს და შესაბამისი თემატიკის სპეციალისტიც, მაგალითად, ალპინისტები. უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილია, ლიდერებად გამოცდილი თანამშრომლები მიგვყავს, რომლებთანაც გვიმუშავია და ვიცნობთ“, – აღნიშნეს ორგანიზაცია „ეკოხედვაში“, სადაც ასევე განმარტეს, რომ გასულ წელს სამასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას ეკობანაკებში, წელს კი ოთხასამდე მოსწავლისთვისაა დაგეგმილი.

 

ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?

ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს.

„გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს ფრაზა მოსამართლემ პროფესორებს რამდენჯერმე გაუმეორა. სხვა სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მაგალითიც მოიყვანა თავისი გადაწყვეტილების სისწორის დასასაბუთებლად და პროფესორების კითხვებსაც უპასუხა: „ვთქვათ, მეგობარს მივეცი ბინა, რომ იქ იცხოვროს. გამოდის, მე ბინა დავკარგე? მას მე ან უნდა ვაჩუქო ეს ბინა, ან მივყიდო. სხვაგვარად შეუძლებელია, ჩამომერთვას მესაკუთრის უფლება. თქვენ გადმოგეცათ ეს ბინები სარგებლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდა უსაზღვრო ვადით“.

– ჩვენ წინააღმდეგ პრესაც გამოიყენა უნივერსიტეტმა… გაგვიმარტეთ იურიდიულ ენაზე, მე, როგორც მამა უნდა გამომასახლოთ და ჩემი ოჯახი იქ დარჩეს? – იკითხა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ.

– თქვენს შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც თქვენს კანონიერი სარგებლობის უფლებას დაადასტურებდა. ის, რომ წლების განმავლობაში იქ ცხოვრობთ და აბონენტად ხართ რეგისტრირებული, არაა მტკიცებულება იმის, რომ ხართ კანონიერი მოსარგებლე. სასამართლომ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტის სარჩელი თქვენი ოჯახის წევრების მიმართ არ იყო დასაბუთებული. არ შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხოს იმ პირის ინტერესებს, რომელიც პროცესის უშუალო მონაწილე საერთოდ არ არის – განმარტა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ.

სარჩელი რომ ამ კუთხით დაუსაბუთებელი იყო, ადასტურებს გიორგი დიასამიძეც, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ პროფესორების ოჯახის წევრების პირადი მონაცემების მოპოვება. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მთავარია, რომ სასამართლომ უნივერსიტეტთან მიმართებაში მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება“.

– თქვენ რას გვირჩევთ, გავასაჩივროთ უნდა თუ არა თქვენი გადაწყვეტილება? – ჰკითხა მოსამართლეს გიული გელაძემ [მას თავისმა დამ, პროფესორმა დარეჯან გელაძემ დაუტოვა ბინა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში].

– ამ ეტაპზე უნივერსიტეტი გამოთავისუფლებულ ფართობს ვერ მიიღებს. თუ თქვენ არ გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, მაშინ უნივერსიტეტი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყება პროცედურები.

„თუკი გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, იძულებითი გამოსახლებისგან ჯერ თავს შევიკავებთ, მაინც უნივერსიტეტის პროფესურაა,“ – ამბობს უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე. თუმცა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა პროფესორებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი ლევან მიქაბერიძის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. თუკი ზემდგომი ინსტანციები ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, აღმასრულებელი უნივერსიტეტის შენობას პროფესორებს დაატოვებინებს, მათი ოჯახის წევრებს – ვერა.

„არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, სარჩელი არ იყო ზუსტად შედგენილი. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ შესაბამის დოკუმენტებს და ხელახლა მივმართავთ სასამართლოს. უნივერსიტეტი სახელმწიფო ქონებას ასე ვერავის დაუთმობს. ეს ფართობი სჭირდება სტუდენტებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ.

უნივერსიტეტმა სარჩელი პროფესორებისა და კიდევ სამი ოჯახის წინააღმდეგ 2014 წელს შეიტანა. სასამართლომ უნივერსიტეტის მოთხოვნა საერთოდ არ დააკმაყოფილა თეიმურაზ ჭყონიას შემთხვევაში. „მაქვს ორდერი, რომელიც გაცემულია 1962 წელს. დეიდაჩემი მუშაობდა მაშინდელ კულტურის სამინისტროში და მიიღო ბინა. მე მისი სამართალმემკვიდრე ვარ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეიმურაზ ჭყონიამ.

პროფესორები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში. „ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში მოკვლეული დოკუმენტების მიხედვით, ორმა პროფესორმა – ინდიკო აბაშიძემ და თემურ გოგმაჩაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცხოვრების პერიოდში, 90-იან წლებში, ცალკე ბინები ააშენეს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე. „ბათუმელებს“ ინდიკო აბაშიძემ დაუდასტურა, რომ ეს ბინა თავის შვილს აჩუქა. „მერე თქვენ რა გაინტერესებთ, იმ ბინის ფული მოყვრებმა გადაიხადეს, შვილის ბინაა ის და არა – ჩემი,“ – ეს ემერეტუს-პროფესორის, თემურ გოგმაჩაძის პასუხია.

ფოტოზე: უნივერსიტეტის პროფესორები მოსამართლეს ესაუბრებიან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამავე თემაზე: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

რა რეაგირება მოჰყვება აჭარის მთავრობის სახლთან უკანონოდ დაშლილ აქციას

„წინადღით მე გავაკეთე პოზიტიური კომენტარი და აქცია არ უნდა მოყოლოდა მაგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის სახლთან დაშლილი აქციის მონაწილეები და უფორმო პოლიციელების მიერ დაკავებულები სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გაუწევს. სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ კვირას აქციის დაშლას ბათუმში ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა.

„მნიშვნელოვანია ამ კუთხით სასამართლოში სარჩელის შეტანა“, – ამბობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე. ის 2011 წლის შემთხვევას იხსენებს, როცა პოლიციელებმა თბილისში, გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქცია დაშალეს: „მაშინ ერთი ქალის ინტერესებს ვიცავდით ჩვენ, ის დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს და მოვიგეთ პროცესი. მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურება იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვის გამო სხვა სარჩელი არ მახსენდება, არადა უკანონოდ დაშლილი აქცია არაერთი იყო“.

თუკი გონიოელები საბოლოო პოზიციას შეაჯერებენ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. გონიოელი ენვერ ირემაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ: „ეს იყო ძალადობა დაშინების მიზნით, თანაც ძველი მეთოდებით. აბაშიძის დროს ხდებოდა ასე: სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები რომ გთხოვენ უკანონობის შესრულებას“.

„კარგი იქნება, თუკი დადგინდება პოლიციელთა მხრიდან უკანონო ქმედების ფაქტი და სახელმწიფოს დაეკისრება ფინანსური სანქციები. ამ შემთხვევაში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ სამართალდამცველები აქციების დროს და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეების უფლებები არ დარღვეულა: „რატომ თვლით, რომ დაირღვა მათი უფლება? რუპორით ხელში იდგა 50-მდე ადამიანი ერთი საათის განმავლობაში და აცხადებდა თავის მოთხოვნებს. მოვიკითხე, რატომ იყო აყალმაყალი და როგორც მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ კარვის დადგმა დაუშალეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს. თუ რამე ძალის გადამეტება იყო, არ ვიცი, გამოსაკვლევია ეს. კარვის გაშლა კი არ შეიძლებოდა. ასევე 20 მეტრის რადიუსი უნდა ყოფილიყო დაცული და ასეთ დროს ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ უნდა გააფრთხილო“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ. მან ვერ გვითხრა, რომელ კანონში ამოიკითხა მსგავსი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა. სამაგიეროდ გვითხრა, ვისგან მიიღო ინფორმაცია აქციის დაშლის შესახებ: „ვინც იდგა გარეთ თანამშრომელი, მათ ვესაუბრე, ძირითადად დაცვის თანამშრომლებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, ხელი შეეშალათ აქციის მონაწილეებისთვის გაეშალათ კარავი, მოეწყოთ აქციის ორგანიზებისთვის საჭირო გარემო, რადგან აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ არც გზის სავალი ნაწილი, არ მოუხდენიათ შენობის შესასვლელის ბლოკირება, ხელი არ შეუშლიათ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულთა პირებისთვის, მათ არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ. საპროტესტო აქციის გამართვის აკრძალვით დაირღვა გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“.

ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის აპარატიდან აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს მზადყოფნა დანერგოს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები. სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ისინი ბოლომდე დააკვირდებიან ამ პროცესს.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოქმედება გავიდა სამართლებრივი სივრციდან და პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს აქციის მონაწილეების უფლებები, ეს არის შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის უფლებები. ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტების ანალიზით დადგინდა, რომ არ მომხდარა აქციის მონაწილეების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა. ეს იყო მშვიდობიანი, კანონიერი აქცია. აქციის დაშლას არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმური საფუძველი“, – გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ასევე სამართალდამცავებზე, ვინც აქციაზე ფორმის გარეშე იმყოფებოდა. „მათ არ წარუდგინეს თავი მოქალაქეებს და რთული იყო იმის დადგენა, რა სტატუსით იმყოფებოდნენ ეს პირები აქციის ჩატარების დროს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პოლიციელი უნდა იყოს აქციაზე აუცილებლად ამოსაცნობი ნიშნით“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე. იურისტის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, რომელია პოლიციელი და ვინ აკავებს პირს. „ეს პირდაპირ დარღვევაა პოლიციის შესახებ კანონის. გარდა ამისა, პირი უნდა დაემორჩილოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნას. ისმის კითხვა, როგორ უნდა დაემორჩილო, თუკი ვერ აღვიქვამ, პოლიციელს აქვს მოთხოვნა, თუ სამოქალაქო პირს?“

საპროტესტო აქცია ბათუმის საკრებულოსთან გონიოელებმა 14 ივნისიდან დაიწყეს. 271 ოჯახი 2010 წელს ჯერ დარეგისტრირებული და შემდეგ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს და საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან – საბოლოო გადაწყვეტილებას. აქცია გონიოელებმა 22 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინაც გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ გონიოელების მიერ ტროტუარზე დადგმულ კარავს არც ტროტუარი ჩაუკეტავს და არც რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელი [კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილება 5 დღით ადრე], სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელმა მისი აღება მოითხოვა.

„პოლიციელი ვიცით ჩვენ ფორმაში, მოვიდეს და იმან მოგვთხოვოს“, – თქვეს გონიოელებმა. რამდენიმე წუთში კარავთან ფორმიანი პოლიციელი გამოჩნდა იგივე მოთხოვნით. გონიოელებმა კარავი საკრებულოსთან დააბრუნეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის იმ მონაწილეებს არ მისცეს გაზონზე ლეიბების გაშლის უფლება, ვინც შიმშილობა დაანონსა. პოლიციელებმა მოქალაქეებს ჩამოართვეს ლეიბები და ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. იმავე საღამოს დაკავებულები გაათავისუფლეს. იასონ პაქსაძის შემთხვევაში მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, დანარჩენი ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში

უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მიერ განსაზღვრული ოლქებით უნდა იხელმძღვანელოს. პრობლემა არის ის, რომ ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ ბათუმის ოლქები განსაზღვრა, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი საარჩევნო ოლქები კი – პარლამენტმა.

„… გვაქვს გარკვეული აცდენა, ცესკომ შექმნა მხოლოდ სამი ოლქი ბათუმში. სხვა ოლქები აჭარაში შექმნა საქართველოს პარლამენტმა. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით ახლა მე მაქვს მხოლოდ სამი ოლქი 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ცესკოს არ გაუკეთებია მითითება, რომ პარლამენტის მიერ შექმნილი ოლქებითაც იხელმძღვანელეთო. მე ხომ კანონზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედო?“ – კითხვას სვამს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.

კითხვები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების ახალმა გადანაწილებამ გააჩინა. ცესკოს გადაწყვეტილებით, ბათუმს, ნაცვლად ერთისა, სამი მაჟორიტარი ეყოლება. შესაბამისად, ბათუმის საარჩევნო ოლქში შემოვა ქობულეთის სოფლები – ხალა, ჩაისუბნი, საჩინო, ჩაქვი და ციხისძირი. ხოლო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შეიქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელშიც, ცხადია, არ შევა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში შევა ქედის ერთი სოფელი – მახუნცეთი. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის (გარდა მახუნცეთის) საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. შესაბამისად, აჭარაში სამი ოლქი ექნება ბათუმს, სამი – მუნიციპალიტეტებს.

კანონის მიხედვით, რომლითაც უსკომ უნდა იხელმძღვანელოს, „თუ საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთდროულად ტარდება, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები უნდა განსაზღვროს ცესკომ. ახალი ცვლილებით კი აჭარის მუნიციპალიტეტებში ეს ყველაფერი პარლამენტს აქვს განსაზღვრული.

იმისთვის, რომ უსკოს არ ჰქონდეს კანონთან აცდენა, როგორც ამას უსკოს თავმჯდომარე ამბობს, ამ პრობლემის მოგვარებაზე უმაღლეს საბჭოს უნდა ეზრუნა. მართალია, ამ საკითხის სხდომაზე გატანის ინიციატივა დეპუტატ ალექსანდრე ჩიტიშვილს ჰქონდა, მაგრამ სხდომის დღეს ის უმაღლეს საბჭოში საერთოდ არ მივიდა. ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ უმაღლეს საბჭოში არ გაუგიათ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჩიტიშვილს იმ დღეს „წნევა აუწია“.

„მიუხედავად დაპირებისა, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯი მაჟორიტარული სისტემის შეცვლისთვის, მათ შეცვალეს კანონი და ოლქები მიაბეს საკუთარ სურვილებს. ქვეყნის მასშტაბით ოლქები არის სუბიექტურად გადანაწილებული და არა იმ პრინციპით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შესთავაზა. უსკოს საკითხიც, ბუნებრივია, ამ კონტექსტში იხილება. მაჟორიტარული სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო და ის ოლქებიც უნდა მიბმულიყო მაჟორიტარულ სისტემას და არა იმას, რაც დღეს არის. ეს მოწყობა საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა არ ვიცით, როდის განიხილავს სარჩელს სასამართლო“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე.
`ბათუმელებთან~ ალექსანდრე ჩიტიშვილიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაელოდებიან, ხოლო თუ სასამართლო სარჩელს უახლოეს დღეებში არ განიხილავს, მაშინ უმაღლესი საბჭო მოიწვევს რიგგარეშე სხდომას და ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმსჯელებს.

ოლქების გადანაწილების წესის შეცვლის საფუძველი მანამდეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. მანამდე ოლქების დაყოფის საფუძველი იყო გეოგრაფიული მდებარეობა და არა ამომრჩევლის რაოდენობა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა ოლქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადაანაწილა და ცესკოს მიუთითა, ამ პრინციპით ეხელმძღვანელა.

მთავარი და დამხმარე ოლქები

2016 წლის 31 მარტს ცესკომ მიიღო „საქართველოს პარლამენტის განკარგულება [№163/2016] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრის შესახებ, რომლებმაც არჩევნები უნდა ჩაატარონ. დანართის მიხედვით, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება ძირითადად მიმართულია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სრული უფლებამოსილების განხორციელების გამარტივებისკენ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მონაწილეობს უბნების საზღვრების დაზუსტებაში, ვინაიდან მისი კომპეტენციის ქვეშ შემავალი ტერიტორიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააჩნია, თუმცა ამ კონკრეტული არჩევნებისთვის თავად არ იღებს გადაწყვეტილებას საზღვრების დაზუსტებაზე. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე ევალება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შენობების მოძიება-მოწესრიგება; საარჩევნო ინვენტარითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსანტების საბუთების მიღება და სრულყოფილი საკონკურსო დოკუმენტაციის უფლებამოსილი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაგზავნა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიების საარჩევნო სიების, ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემა; არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გავრცელება. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს კომისიაში შესულ განცხადება-საჩივარს და გადაწყვეტილების მისაღებად აგზავნის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. იგივე ეხება საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესულ განცხადება/საჩივრებსაც.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია არ აჯამებს კენჭისყრის შედეგებს ოლქში.

„მაჟორიტარული ოლქების ახალი დაყოფიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საარჩევნო კომისიების ფუნქციების განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არსებობს უარყოფითი ტენდენციები, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან დროში გააჭიანუროს არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება, რადგანაც მთელი დატვირთვა ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიებზე მოდის. ტერიტორიული თვალსაზრისით ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის რთული იქნება საჩივრების განხილვაზე მომჩივანისა და მოწმეების დასწრების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნათელი იყოს ძირითადი და დამხმარე ფუნქციები და არ მოხდეს ამ ფუნქციების აღრევა, ამიტომაც რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო მუშაობა უნდა გაწიოს ცესკომ“, – ამბობს მადონა ბერიძე „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

ახალი გადანაწილება აჭარაში ასე გამოიყურება:

• #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია – #68, #69, #70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია – #71 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია – #72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია – #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
• #80 ქედის და #82 შუახევის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.

ფოტოზე: უსკოს წევრები

„ბსუ დენტი“ – საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ბათუმში

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკა – „ბსუ დენტი“  გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და როგორც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ამბობს, „ბსუ დენტი“, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის სტომატოლოგიოური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის და რეზიდენტურის სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე მიიღებს პაციენტებსაც: „პაციენტებს მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლები, ხოლო სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ“, – აღინიშნა „ბსუ დენტის“ გახსნაზე.

„ეს არის სასწავლო კლინიკა, თუმცა მას ექნება კომერციული სახეც. პაციენტებს კლინიკა უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებს. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის კი განსაკუთრებული ფასდაკლების პაკეტები გვექნება“, – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. მისი შეფასებით, რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სასწავლო კლინიკების არსებობა. მომავალი წლიდან კი თავად სამინისტრო ეცდება, შეუქმნას სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა რესპუბლიკური კლინის სახით.

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი დასრულდა

22 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს, 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

მოსამართლემ გაფრთხილება მისცა აქციის მონაწილე – გურამ მიქელაძეს. პოლიციელეთა ჩვენებების მიხედვით, იგი შეგნებულად დაწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. დაცვის მხარეს გურამ მიქელაძის საქმეში მოწმეები არ ჰყავდა. თავად გურამ მიქელაძემ კი მოსმართლეს უთხრა, რომ გზა არ ჩაუკეტავს, დაუდგენელმა პირმა ხელი მიჰკრა და წაიქცა. სასამართლომ ამ პირის მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების საჭიროება ვერ დაინახა.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ 22 ივნისის საღამოსვე შეწყვიტა იაშა ცინცაძის საქმის განხილვა. ენვერ ირემაძის შემთხვევის მსგავსად, იქაც სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველი ვერ დაინახა. აქციაზე დაკავებულების ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

გონიოელები საპროტესტო აქციებს ბათუმის საკრებულოსთან 14 ივნისიდან მართავდნენ. ისინი 2010 წელს ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას მოითხოვენ. გონიოელებმა საპროტესტო აქცია 22 ივნისს აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართეს, რა დროსაც მათ პოლიციელებმა კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს, წაართვეს ლეიბები, სადაც მოშიშილეები აპირებდნენ დაწოლას და კანონდარღვევით დაშალეს აქცია.

სახალხო დამცველმა, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საპროტეტსო აქციის დაშლა აჭარის მთავრობის სახლთან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს. მათი განცხადებით, აქციის დაშლის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.

უცხოელი სტუდენტები აჭარაში

ბათუმის რამდენიმე უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტები სწავლობენ. მათ შორის არიან ინდოელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სირიელი, ამერიკელი და ნიგერიელი ახალგაზრდები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო განათლების მიღება საქართველოში, კერძოდ ბათუმში გადაწყვიტეს.

სიუჟეტში ისინი თავად ყვებიან თავიანთ არჩევანზე, რამდენად მოსწონთ სწავლა, სად და რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რა ბარიერებს აწყდებიან და რა მიაჩნიათ პრობლემად.

სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება NED-ის მხარდაჭერით.

ქობულეთობა 2016 – 30 ივნისის ღონისძიებათა პროგრამა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ქობულეთში სახალხო ზეიმი – „ქობულეთობა“ გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც დილის 12 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებათა პროგრამას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს:

12:00 საათი – ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე, ფლეშმობი  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე

13:00 საათი – მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე

13:30 საათი – ზღვისპირა პარკი (ყოფილი გედების ტბის მიმდებარე ტერიტორია) – აქტივობები ბავშვებისთვის: საბავშვო კონცერტი, ასფალტის მოხატვა,ზღაპრის გმირებთან და მასხარებთან შეხვედრა

14:00 საათი – ზღვისპირა პარკი (პორტატული შადრევანის მიმდებარე ტერიტორია) – ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, სასტუმროებისა და რესტორნების საგამოფენო სივრცის  დათვალიერება

14:30 საათი – ზღვისპირა პარკი, მხატვრის სახლი – ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება

15:00 საათი – ზღვისპირა პარკის მოპირდაპირედ სანაპირო – პარაპლანისტებისა და სერფინგისტების შოუ

16:00 საათი – ზღვისპირა პარკის ამფითეატრი – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. კონცერტის პარალელურად მოეწყობა სპორტული სანახაობები და ქობულეთელ ჩემპიონთა ფოტოგამოფენა

17:00 საათი – აგროსერვის ცენტრი – სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა, ღვინის სახლის დათვალიერება

19:00 საათი – კულტურის სახლი – გალა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით

შსს: სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს. არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.

შსს-ს საპატრულო პოლიცია და დაცვის პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში. საკონტროლო გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს და უზრუნველყოფს საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოებას“.

ბინოკლების მოტყუებული მომხმარებლები „პიერ ბათუმის“ ხიდზე

ბინოკლები „პიერ ბათუმის“ ხიდზე არ მუშაობს. მომხმარებლებს ამის შესახებ ინფორაციას კომპანია არ აწვდის. ბინოკლებზე მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ერთი ლარი უნდა ჩააგდო, თუ ბინოკლით სარგებლობა გსურთ. დაინტერესებული ტურისტები ბინოკლებში ხურდებს ყრიან, თუმცა არაფერი ჩანს.

„ოთხი ბინოკლიდან ერთი მუშაობს, დანარჩენი – არა“ – გვითხრეს „პიერ ბათუმის“ ადმინისტრაციაში. აქ განმრტავენ, რომ ბინოკლები იმ კომპანიამ უნდა აღადგინოს, ვინც დაამონტაჟა. „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ ჩამოსულიყვნენ და გაკეთებიათ, მაგრამ დღემდე ველოდებით. ჩვენზე არაა დამოკიდებული, თორემ სიამოვნებით აღვადგენდით. ბინოკლებთან გაკრულია ლენტი და აღნიშნულია, რომ არ მუშაობს“ – გვითხრა „პიერ ბათუმის“ დაცვის სამსახურის უფროსმა, რამაზ ცეცხლაძემ.

სად არის ლენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბინოკლი არ მუშაობს? – „ბათუმელებს“ კითხვაზე რამაზ ცეცხლაძემ ასე უპასუხა: „ალბათ, ბავშვებმა ჩამოხიეს, ამჟამად არ ვარ ადგილზე, რომ შევამოწმო“.

binokli 1

 

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რუსული დროშით და წაშლილი ფოტოები ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ამ ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვეღარ ნახავთ. უნივერსიტეტში გამართული მემორანდუმის გაფორმების ამსახველი ფოტოები მას შემდეგ წაიშალა, როცა „ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და კითხა, რატომ იყო გამოფენილი რუსეთის დროშა უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე და რატომ დასჭირდა ბათუმის უნივერსიტეტს სტაჟირებისთვის მემორანდუმის გაფორმება რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

„არ მაქვს ამ მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია. ახლა მოვედი უნივერსიტეტში, მოგვიანებით შემეხმიანეთ“, – გვიპასუხა მერაბ ხალვაშმა ტელეფონზე. მოგვიანებით მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა, თუმცა მის ნაცვლად პრორექტორი, პროფესორი ინგა შამილიშვილი დაგვიკავშირდა. მისი თქმით, მემორანდუმი, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა, არ ითვალისწინებს არც სტაჟირებას რუსეთში და არც სტუდენტთა მობილობას: „წლებია ვთანამშრომლობთ ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტთან, იქ ეწყობა საზაფხულო სკოლები, სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. ამ უნიევრსიტეტის წარმომადგენელია თემურ აბესაძე, რომლის ინიციატივითაც იწყება ეს თანამშრომლობა რუსეთის უნივერსიტეტთან. მემორანდუმის გაფორმება სამომავლო ერთობრლივი პროექტებისთვის იყო ჩვენი ტურიზმის ფაკულტეტის ინიციატივაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს და მემორანდუმშიც არსად წერია, რომ ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან, რაზეც რატომღაც გაკეთდა აქცენტი“.

უნივერსიტეტის პრორექტორმა ვერ გვიპასუხა, რას ნიშნავს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის, როსტომ ბერიძის მიერ „ბათუმელებისთვის“ მიცემული კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ბათუმელი სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას რუსეთში, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებში იმუშავებენ, მათი რუსული ენის ცოდნა გაღრმავდება და ამით რეგიონში ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება.

პრორექტორის კომენტარი საპირისპიროა არა მხოლოდ საკუთარი ფაკულტეტის დეკანის ნათქვამთან. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, ელენა სახარჩუკმა „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა:  „ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ გაცვლითი პროგრამებით, ბათუმელი სტუდენტები ჩამოვლენ სემესტრულ კურსებზე ჩვენთან, ჩვენი სტუდენტები კი ეწვევიან ბათუმს, როგორც სტაჟირებისთვის, ასევე სადიპლომო ნამუშევრებისთვის. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ორი ერის დაახლოებას“.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ “ურთიერთგაგების მემორანდუმის” ელექტრონული ვერსია მოგვაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ   დოკუმენტი ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საფუძველია, ხოლო კონკრეტულ პროექტებსა და პროგრამებს შეიმუშავებს ორივე მხარე.

პრორექტორ ინგა შამილიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს, ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ გამორიცხავს ბათუმელი სტუდენტების სტაჟირებას რუსეთში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მემორანდუმში არ წერია. ვინ დააფინანსებს რუსეთისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივ პროექტებს? – ეს კითხვაც უპასუხოდ დარჩა.

მემორანდუმის ამსახველი ფოტოები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავდაპირველად ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ფოტოებზე ჩანს რუსეთის დროშა საქართველოს დროშის გვერდით. ფოტოების წაშლის შემდეგ, უნივერსიტეტმა ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე განათავსა მემორანდუმის გაფორმების ფოტოები – უკვე რუსეთის დროშის გარეშე.

ინგა შამილიშვილი, უნივერსიტეტის პრორექტორი: „ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტი, კულტურის გამოვლენა და გარკვეული პატივისცემის გამოხატულება დელეგაციის მიმართ. მათ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთანაც ჰქონდათ შეხვედრა და ძალიან დიდი გეგმები დასახეს შემდგომი ტურისტული ურთიერთობებისთვის“.

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, როსტომ ბერიძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს, ჩვენი პრორექტორთან გასაუბრების შემდეგ, აღარ უპასუხა.

ორი ერის დაახლოება
უნივერსიტეტმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები, სადაც რუსეთის დროშა ჩანდა, ფეისბუქგვერდიდან წაშალა

universiteti 1

universiteti 2

universiteti 4
რუსეთის ტურიზმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი ელენა სახარჩუკი და ბსუ-ს პრორექტორი, ინგა შამილიშვილი

მემორანდუმი:

1234

 

 

გერმანია-საქართველოს ურთიერთობა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გამოჩენილ სიფრთხილის მიზეზებზე „ბათუმელები“ გერმანიაში მცხოვრებ ლიტერატურათმცოდნეს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.

ქართულ საზოგადოებაში რჩება ეჭვი, რომ გერმანია, ოფიციალურად გაცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება. ამას მოწმობს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც ევროპარლამენტში აღნიშნა, რომ საჭიროა გადახედონ ვიზალიბერალიზაციის „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს სიფრთხილე?

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკას. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, შეუძლია გადადგას გარკვეული ნაბიჯები და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს (რასაც ჩემი აზრით, აკეთებს კიდევაც) იმისათვის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი სწრაფად დასრულდეს, მაგრამ მისი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია, რადგან ეს ერთი მხრივ, გერმანიის შიდა პოლიტიკის და მეორე მხრივ – ევროპული პოლიტიკის საკითხი გახლავთ.

სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, პრინციპში, უკვე მიღებულია, საქართველოს შესრულებული აქვს ყველა წინაპირობა. მაგრამ ზოგიერთი მთავრობა, მათ შორის გერმანიის მთავრობა, ამ პროცესს უკავშირებს არსებულ გამოცდილებას. მაგალითად, კანცლერმა მერკელმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა სერბეთის მაგალითი. როდესაც ევროკავშირსა და სერბეთს შორის სავიზო რეზიმი გაუქმდა, მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა სერბეთიდან. იგივესი ეშინიათ არა იმდენად საქართველოსთან შემთხვევაში, არამედ საქართველოსთან ერთად სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში ჩართული სხვა ქვეყნების, უკრაინისა და თურქეთის შემთხვევაში. როგორც მოგეხსენებათ, ამ ქვეყნების მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობას ბევრად აღემატება და ჩემი აზრით, სწორედ ეს ქვეყნები გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოსაც უჭიანურდება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება.

სწორედ იმისათვის, რომ დაიძლიოს ეს წინააღმდეგობა, გერმანიის მთავრობამ, მათ შორის გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიწყო ლაპარაკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ეს ნიშნავს, რომ თუკი ქართველები, თურქები და უკრაინელები ევროპაში უვიზოდ წასვლას შეძლებენ და ამ პროცესს მოჰყვება პოლიტიკურ თავშეფრის მთხოვნელთა მკვეთრი ზრდა, გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, მაშინ ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი იქამდე, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება. ამით, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, უნდათ თავი დაიზღვიონ ისედაც ძალიან რთული ვითარების გამწვავებისაგან, რომელიც შექმნა სირიაში ომის შედეგად ლტოლვილების უზარმაზარმა ნაკადმა.

ჩემი აზრით, საქართველოში მცდარად უკავშირებენ ამ პროცესებს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ამბობენ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება აფერხებდეს ან არ აფერხებდეს სავიზო ლიბერალიზაციას. მიუხედავად ამისა, არსებობს სავიზო ლიბერალიზაციის შიდაპოლიტიკური მხარეები. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას, გარდა იმისა, რომ აქვს სურვილი საქართველოს მოქალაქეებმა სწრაფად შეძლონ უვიზოდ ჩასვლა ევროპაში, აქვს იმის სურვილიც, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე იქნეს მიღებული, რადგან წინასაარჩევნოდ ეს დიდ წარმატებად ჩაითვლება.

გერმანულმა პრესამ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხება დაუკავშირა გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას. მართლაც, საქართველოდან ჩამოსული ბევრი კრიმინალია გერმანიაში, ძირითადად ესენი არიან მაღაზიისა და ბინის ქურდები. ეს არის ხალხი, რომელიც ჩამოდის თითქოს პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. პოლიტიკურ თავშესაფარს ისინი, რა თქმა უნდა, ვერ იღებენ, რადგან ქართველებისთვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარის კვოტა გერმანიაში არის პრაქტიკულად ასპროცენტიანი, მაგრამ ეს არის ცხრათვიანი განხილვის პროცესი და ეს ხალხი თავისუფლად მოძრაობს და ჩადის დანაშაულს. ჩვენ ამ ხალხს უნდა „ვუმადლოდეთ“ იმას, რომ საბაბად მაინც შეიძლება იქნას გამოყენებული ქართული კრიმინალი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე ლაპარაკისას.

მსგავსი შინაარსის რამდენიმე სტატია ერთდროულად გამოქვეყნდა სხვადასხვა გერმანულ გამოცემაში. იბეჭდება თუ არა ასეთი სტატიები ახლაც?

კი, იბეჭდება. „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში”, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულ გაზეთში გუშინაც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაცია მიზანშეწონილი არ არის სწორედ კრიმინალური ბანდების მოქმედების გამო. ასეთი სტატიები წელიწადზე მეტია პერიოდულად ქვეყნდება, ხანდახან შეიძლება ამ სტატიების თავმოყრას რაღაც კამპანიის ფორმაც ჰქონდეს. რატომ ხდება ეს, ცოტა ძნელი გასარკვევია. პრინციპში, რომ შევხედოთ დანაშაულის მაკროსტატისტიკას, რომელიც აქვს გერმანიის შესაბამის ორგანოებს, დავინახავთ, რომ ქართველები კრიმინალის თვალსაზრისით პირველ ადგილზე არ არიან. ეს ჩვენთვის სანუგეშო სულაც არაა, იმიტომ რომ ქართველი კრიმინალები გერმანიაში მაინც ჩადიან დანაშაულს, მაგრამ რატომ ხდება მაინცდამაინც ქართველებზე ყურადღების ასეთი გამახვილება, ეს არის საინტერესო და ამაში ბევრი დამკვირვებელი, შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ, ხედავს რუსეთის ხელს.

დიდად გასაკვირი ეს არ არის, რადგან რუსეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული გერმანული პრესის მანიპულირებაში და მას აქვს შესაბამისი რესურსი, უნარი და ცოდნა. კრიმინალის საკითხი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან უსიამოვნოა და საქართველოს დადებით იმიჯს ჩრდილს აყენებს, ზოგადად დადებითი ტენდენციის ფონზე. მომავალი წელი იქნება ქართულ-გერმანული მეგობრობის წელი, 2018 წელს კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა. ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მოვალეობაა შეუწყოს ხელი გერმანიის მთავრობას გერმანიის ტერიტორიაზე ქართული წარმოშობის კრიმინალთან ბრძოლაში. ეს არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ამ შემთხვევაში საქართველოს.

თქვენი აზრით, ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადებული 2017 წელი, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ გერმანიასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად? ეს არის ფორმალური ჟესტი, რომელიც გარკვეულ ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს, თუ შესაძლებელია ამან რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ? ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგი საუბრობს იმაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა საჭირო საქართველოსა და გერმანიას შორის.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის ამ წუთას არის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ დონეზე ამ ურთიერთობების ისტორიაში, იგივე ვიზიტების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ. წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩამოსული, პრემიერ-მინისტრი, ახლა პრეზიდენტი ჩამოდის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის საქართველოში ივლისის დასაწყისში და დიდი ხანია ლაპარაკია იმაზე, რომ კანცლერიც უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო. ამ თვალსაზრისით ჩვენ პრობლემები გერმანიასთან არ გვაქვს. 2017 წელი არის ქართულ-გერმანული მეგობრობის წელიწადი, რომელიც აღნიშნავს გერმანელი მოსახლეების საქართველოში ჩამოსვლის 200 წლისთავს და გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს. 2017-2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველო გაიცნოს რაც შეიძლება მეტმა გერმანელმა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და საქართველოს არ ჰქონდეს, მაგალითად, მხოლოდ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის სახელი და გერმანიის მოქალაქეს საქართველოს შესახებ არ ესმოდეს მხოლოდ მაშინ, როცა აქ კონფლიქტი და ცუდი რამ ხდება, არამედ საქართველოს შესახებ გაიგოს, რომ ეს არის წარმატებული ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დინამიკური, კარგი თანამედროვე კულტურა, არა მხოლოდ შუა საუკუნეების – არამედ თანამედროვე, ცოცხალი კულტურა და ის მზად არის თავისი, თუნდაც კულტურული წვლილი შემოიტანოს ევროპაში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, რომ კეთდებოდეს უფრო მეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ცოტა კეთდება. არის გარკვეული ბარიერები, რომელსაც დიპლომატია ვერ გადაახტება, ერთ-ერთი ასეთი ბარიერი არის გერმანიის პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა უნდა გრძელდებოდეს ყოველ წუთას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მივიღოთ ჩვენ დღეს, ხვალ ან ზეგ. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზანი და ამ მიზანზე უნდა ვმუშაობდეთ იმ წუთამდე, ვიდრე გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. იმისათვის, რომ ეს ფანჯარა გაიხსნას და ჩვენ მისი გამოყენება შევძლოთ, წინასწარ უნდა კეთდებოდეს ძალიან ბევრი რამ. უზარმაზარი შრომა სჭირდება ამას და მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროში ჩვენ ვპასიურობთ.

რამდენდაც ცნობილია, გერმანიაში არ არის პოპულარული ანტირუსული განწყობები და შესაძლოა ეს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას ამუხრუჭებდეს. თქვენი აზრით, ეს მოსაზრება სწორია?

ეს ბევრად კომპლექსური საკითხია. გერმანიის საგარეო პოლიტიკას დიდი ხანი საფუძვლად ედო და დღესაც უდევს ე.წ. „აღმოსავლეთის პოლიტიკა“, რომელიც თავის დროზე კანცლერი ვილი ბრანტის მიერ არის შექმნილი და გულისხმობს მაშინდელ საბჭოთა კავშირთან დაახლოებას, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გზით. ამ ხაზის გამგრძელებელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია და კონკრეტულად კანცლერი შროდერი, რომელიც ახლა გახლავთ „გაზპრომის“ შვილობილი ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. შროდერის ე.წ. დოქტრინის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის პირდაპირ ანაცვლებს ბრანტისეულ საბჭოთა კავშირს დღევადელი რუსეთით. ახლა იგივე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით და სხვა პარტიებშიც (განსაკუთრებით ქრიტიან-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიის შიგნით) მომწიფდა აზრი, რომ აღმოსავლეთის პოლიტიკა არის რადიკალურად გადასახედი და ამ პოლიტიკის ცენტრში აღარ უნდა მოვაქციოთ რუსეთი და გაცილებით მეტი ყურადღება მივაქციოთს საქართველოს, უკრაინას, დამოლდოვას. ეს აზრი გაჩნდა წელიწადზე მეტია და ნელ-ნელა იკრეფს ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ძველი, შროდერის დოქტრინა, მაინც ძლიერია.

ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის მოქალაქე მხარს უჭერს მშვიდობას და არ უჭერს მხარს სიტუაციის გამწვავებას, ამიტომ ეს დამოკიდებულებაც განსაზღვრავს გერმანიის მთავრობის დამოკიდებულებას, იგივე საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ყირიმის ანექსიამ შეცვალა დამოკიდებულება აღმოსავლეთის პოლიტიკის მიმართ და შეცვალა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აღქმაც. თუ ადრე გერმანიამ, არა მარტო პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, არამედ მოქალაქეებმაც გადაწყვიტეს, რომ დამნაშავე იყო საქართველო. ყირიმის ანექსიამ რუსეთი გამოაჩინა აგრესიულ, ნეოიმპერიალისტური მისწრაფების სახელმწიფოდ. ამან თავისთავად გააჩინა ახალი პოლიტიკური მიდგომების შემუშავების აუცილებლობა. ვფიქრობ, ქართული დიპლომატიის და არა მხოლოდ მაღალი რანგის დიპლომატიის, ამოცანა უნდა იყოს აი, ამ პოლიტიკურ წრეებთან ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ეს პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკა უნდა იყოს კონცენტრირებული საქართველოზე, რუსეთზე, მოლდოვაზე და არა მარტო რუსეთზე, განმტკიცდეს გერმანიაში, ეს ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად სასიკეთო იქნება.

არის ამ აზრის პოპულარობის გაზრდის ნიშნები?

ეს აზრი რომ გაჩნდა, უკვე კარგია და ძალას იკრებს. ხალხი, რომელიც ამ პოზიციას იცავს, მეტია და თუნდაც პრესაში პუბლიკაციებს რომ გადახედოთ, ეს საკმაოდ გავლენიანი ხალხია, ესენი არიან არა პოლიტიკური მარგინალები, არამედ გავლენიანი პოლიტიკოსები და მეცნიერები და რაც სასიხარულოა, ეს გახლავთ შედარებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც 5-10 წელიწადში შეცვლის ახლანდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს. ასე რომ, ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო ოპტიმიზმით ფონს ვერ გავალთ, ამაში უნდა ჩავერთოთ და მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი.

ფოტო „ილიაუნის“ ფეისბუქგვერდიდან

რას ასწავლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება? რა არის დისკრიმინაცია? როგორ დავწეროთ პროექტი? – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს 33 სოფელში დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე უფასო ტრენინგებს ჩაუტარებს.

ტრენინგები სოფლად მცხოვრები იმ პირებისტვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურთ მეტი იცოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება. აჭარაში ტრენინგები მუხაესტატეში, ხიდისთავსა და დაბა ჩაქვში გაიმართება, აქ არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში.

„პროექტის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას ყოველგვარი დანახარჯების გარეშე შევუქმნათ თვითრეალიზებისათვის საჭირო გარემო და სამოქალაქო გაძლიერებას შევუწყოთ ხელი“ – ამბობს თინათინ ცინარიძე, პროექტის მენეჯერი.

მისივე თქმით, თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში.

ტრენინგების პირველი ეტაპი პირველ ივლისს იწყება, თუმცა მსურველებს ტრენინგებზე რეგისტრაცია პროექტის მიმდინარეობის დროსაც შეეძლებათ. პროექტში მონაწილეობა შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. ტრენინგის ხანგრძლივობა სამი საათია.

ტრენინგების თემებია: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტის წერა.

თინათინ ცინარიძის თქმით, იურიდიული მიმართულების ტრენერები იუსტიციის სასწავლო ცენტრის კვალიფიციური დარგის სპეციალისტები არიან, ხოლო სოციალური მიმართულებით ტრენერების შერჩევა მოხდა ღია კონკურსის წესით კვალიფიკაციის შესაბამისად. ასევე, სოციალური მიმართულებით ტრენინგებში ჩართული იქნებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრის სოციალური მიმართულების ტრენერები.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge. ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

ფოტო: იუსტიციის სასწავლო ცენტრის პრესსამსახური

სტიქია შუახევსა და ქედაში – კომისია ზარალს ითვლის

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიის შედეგებს დღეს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და გარემოსა და ბუნებრივი რერსურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე.

მთავრობის ინფორმაციით: „28 ივნისს, საღამოს საათებში (18 საათიდან 21 საათამდე) შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა ძლიერი წვიმა, რის შედეგადაც მეწყერი ჩამოწვა ღომას მთის ხეობაში. შედეგად გამოიწვია წყალმოვარდნები და მდინარის კაპალოტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას მცირე ზომის მეწყრული მოვლენების განვითარება. სტიქია განსაკუთრებით ძლიერი იყო უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რიგ ადგილებში განვითარდა ღვარცოფები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. მოვარდნილმა მდინარემ უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში წაიღო ქვაფთის ხიდი და ცენტრალურ გზას მოწყვიტა ოთხი სოფელი: წაბლანა, სამოლეთი, მოფრინეთი, ლაკლაკეთი. წყალმა წაიღო აგრეთვე სოფელ კვირიაულში გომიკრის, ოხორთისა და წისქვილიღელის რკინის ხიდები. სოფელ კვირიაულში დაიტბორა უჩამბისწყლის სანაპიროზე მდებარე 10 ოჯახის საკარმიდამო. მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე მოსახლის ეზოებშიც. სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, გადარეცხა სავალი ნაწილი, ჩასილა წყალგამტარი არხები. განვითარდა ქვათაცვენა და გზებზე გრუნტის ჩამოშლა.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზარალდა მოსახლეობა. ამ დროისათვის უკვე აღდგენილია მიმოსვლა ყველა სოფელთან. დაიწყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლისა და სალიკვიდაციო ღონისძიებები.

„ქედაში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ზარალი დიდია. ადგილზე უკვე მუშაობენ გეოლოგები და სხვა შესაბამისი სამსახურები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. საბოლოო მონაცემები რამდენიმე დღეში გვექნება და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ანაზღაურებისა და კომოპენსაციის შესახებ. “ _ განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ქედაში გუშინ განვითარებული სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე აკავრეთამ სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითის” ინფრასტრუქტურა წაიღო და ზიანი მიაყენა საკალმახე მეურნეობას. მთლიანად დანგრეულია დამაკავშირებელი ხიდი. სამაშველო ჯგუფების მიერ ოპერატიულად იქნა უსაფრთხო ადგილას გამოყვანილი მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანები. მდინარემ წაიღო შევაბურისა და ჭალათის მთასთან დამაკავშირებელი 4 ხიდი, ბურჯი გამოაცალა ქედა-მერისის დამაკავშირებელ ხიდსაც. სამაშველო ჯგუფი გვიან ღამემდე მუშაობდა მერისში. სოფელ გუნდაურში მდინარემ წყლის წისქვილი წაიღო. დაზიანებულია მერისი-გუნდაურის საავტომობილო გზა . მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებითაა შესაძლებელი. დაზიანებულია ასევე ელექტროგადამცემი ბოძები სოფელ სიხალიძეებში და წაღებულია სავარგულები მდინარე აკავრეთას მიმდებარედ . სოფელ ნამონასტრევში წაღებულია 1 საცალფეხო და 1 საავტომობილო ხიდი. დაბა ქედაში დაზიანდა ორცვის სასმელი წყლის წყალსადენი. ორივე მდინარის წყლის დონის დაწევის შემდეგ, საფრთხეს აღარ წარმოადგენს ევაკუირებული ოჯახებისთვის. ისინი დილით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მუდმივმოქმედმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. ადგილზე უკვე მუშაობენ გეოლოგები“.

სტიქია აჭარაში / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური
სტიქია აჭარაში / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ამავე თემაზე:

ქედისა და შუახევის გამგებელები – მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია 

ქედასა და შუახევში 700-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

წაღებული ხიდები და ევაკუირებული ოჯახები – სტიქია მაღალმთიან აჭარაში 

ავტოსაგზაო შემთხვევა – 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12 წლის ბიჭი, რომელსაც 28 ივნისს, ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშია [ე.წ. ბავშვთა საავადმყოფო] მოთავსებული. იგი მკურნალობის კურსს ქირურგიულ დეპარტამენტში გადის.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან

რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უნივერსიტეტის გარდა, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებშიც გაივლიან სტაჟირებას.

ბათუმის უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თანამშრომლობით რუსული ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობესებენ, შეისწავლიან ბაზარს და რუსი ტურისტების რაოდენობა აჭარაში გაიზრდება.

„შეუძლებელია რუსი ტურისტების ნაკადის გაზრდა განათლების გარეშე. ეს არის სახელმწიფო, წამყვანი უნივერსიტეტი რუსეთში,“ – ამბობს ბსუ-ს პროფესორი, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, როსტომ ბერიძე.

როსტომ ბერიძის თქმით, ტურიზმის მიმართულებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მემორანდუმი ათამდე ევროპულ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული.

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული ანსამბლები აჭარიდან

შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალის გამარჯვებული „ქორეოგრაფიული ანსამბლის” ნომინაციაში გახდა. ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა პირველ ადგილზე გასულ ამ ანსამბლს საჩუქრად 5000 ლარი გადასცა.

„ფესვების“ გარდა საპრიზო ადგილი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემსრულებლებმა „ინდივიდუალური შემსრულებლისა“ და „ავთენტური ჯგუფის“ ნომინაციაშიც მოიპოვეს.

ინდივიდუალური შემსრულებლის ნომინაციაში მეორე ადგილზე შუახეველი ბესიკ ტარიელაძე გავიდა, ხოლო ავთენტური ჯგუფის ნომინაციაში მესამე ადგილი ანსამბლმა „ჭვანამ“ მოიპოვა. ბესიკ ტარიელაძეს საჩუქრად 1000, ხოლო „ჭვანას“ – 2000 ლარი გადასცეს.

შუახევის ანსამბლების გარდა აჭარიდან ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში საპრიზო ადგილის მფლობელი ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ „ხალხური სიმღერის ანსამბლის“ ნომინაციაში გავიდა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. საპრიზო ადგილზე გასულ ქედის ანსამბლს ფულადი პრიზი 1500 ლარი გადაეცა.

13578769_1046709628758076_1177006585_n
„ელესას“ აჯილდოებს ანზორ ერქომაიშვილი / ფოტო: სულხან სალაძე

„ელესასთან“ ერთად ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორს ლია მახარაძეს ეთნოგრაფიული სპექტაკლის „აჭარული ქორწილის“ ინსცენირებისთვის, ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა სიგელი და საჩუქრად 500 ლარი გადასცა.

ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში ლაურეატის მფლობელი ქედელი მეჭიბონე ბიჭიკო დიასამიძე, მერისის ანსამბლი „მოყვარე“ და ცხმორისის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ გახდა.

ხულოს უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ ნომინაციაში „ქორეოგრაფია“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 27 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება.

ჟიურისა და მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრში ფესტივალის ბოლო დღეს ანსამბლები „ქალთა და ახალგაზრდულ ანსამბლების“ ნომინაციით წარსდგებიან. „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ქობულეთის გამგეობა ორ მეორად ავტომობილს შეიძენს

ორ ავტომობილს ქობულეთის გამგეობა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეიძენს. გამგეობა მაღალი გამავლობის მეორად ავტომობილებში სავარაუდოდ 25 ათასს ლარს გადაიხდის.

ავტომანქანებს გამგეობა ზედამხედველობის და სამხედრო აღრიცხვის განყოფილებებისთვის ყიდულობს.

გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით, ამ განყოფილებებს წლებია ემსახურებათ თითო ავტომანქანა, თუმცა ისინი ამორტიზებულია და შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ავტომანქანა მინიმუმ 2003 წელს უნდა იყოს გამოშვებული. შეთავაზებების  ბოლო ვადა 6 ივლისია.

ქედისა და შუახევის გამგებელები – მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება ქედაში სტაბილურია, მდინარე აკავრეთაში წყლის დონემ ღამით დაიკლო და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება სოფლებს შორის დამაკავშირებელ დაზიანებულ და წაღებულ ხიდებს, გამგებელის თქმით აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია. აკავრეთას ხეობაში მთლიანობაში ხუთი ხიდია წაღებული, მათ შორის ერთი საცალფეხო, მისასვლელი გზა არ არის მერისის ოთხ მთასთან, რაც შეეხება უშუალოდ სოფლებს, აქ გადაადგილების პრობლემა არ არის, წაღებულია და დაზიანებულია მხოლოდ სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდები. დღესვე დავიწყებთ მერისის მთასთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას. დაზიანდა არსენაულის ხიდზე გამავალი ლითონის წყლის მილი, რომლითაც სასმელი წყალი სოფელ ორცვასა და დაბას მიეწოდება, თუმცა დაბაში წყლის მიწოდებაში პრობლემა არ გვაქვს, ღრათიდან ვღებულობთ ალტერნატიულ წყალს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ დროისთვის ქედაში ყველა სოფელს მიეწოდება შუქი“ – ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

„გაწმენდითი სამუშაოები დავიწყეთ, სოფლებში ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს, გაწმენდით სამუშაოებში „შუახევიჰესიც“ გვეხმარება. ადგილზეა სამაშველო სამსახური და ველოდებით გეოლოგების ჯგუფს, რომელიც სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. უჩამბის თემის გარდა ნათესები და სავარგულები დაზიანდა ჭვანის თემის რიგ სოფლებში, ზარალს დავითვლით, მაქსიმალურად ვეცდებით თითეულ ოჯახს ზარალის შესაბამისი დახმარება გავუწიოთ“ – ამბობს შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.

გამგებლის თქმით, უჩამბის ოთხი სოფლის გარდა გადაადგილების პრობლემა სხვა სოფლებში არ არის, „რაც შეეხება ამ თემის სოფლებს – წაბლანა, ცინარეთი, ლაკლაკეთი და მოფრინეთი, არის შემოვლითი გზა, ვეცდებით სასოფლო გზა დღესვე აღვადგინოთ“.

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ქედაში მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც მთლიანად გაანადგურა აჭარაში ერთ-ერთი დიდი საკალმახე მეურნეობა „აკავრეთა“, დაზიანდა იქვე არსებული რესტორანი „დავითი“, მისასვლელი ხიდი და გზა.

გაზის მიწოდება აჭარაში დღის ბოლომდე სრულად აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ივნისს, დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, რომ გვერდით კორპუსებში ჩაირთო გაზი, მათ კორპუსში კი არა და აინტერესებთ მიზეზი. „სოკარ ჯორჯია გაზში“ განაცხადეს, რომ ტექნიკური ჯგუფები მუშაობს, დღის ბოლომდე ყველას აღუდგება გაზის მიწოდება და აბონენტებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ კომპანიას დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 16 114

ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის აბონენტებს, გაზის მიწოდება 24 ივნისს შეუწყდათ.

ქედასა და შუახევში 700-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი და ქედის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი [ოქტომბერი]. ექვსივე სოფელში დაახლოებით 700-მდე კომლი ცხოვრობს. სოფლებთან მისასვლელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა წაიღეს. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

შს სამინისტროს სახანძრო-სამაშველოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ექვსივე სოფელთან აქვთ სატელეფონო კავშირი, არცერთ სოფელში არ იმყოფება მძიმე ავადმყოფი, სოფლებში აქვთ საკმარისი საკვებიც და საწვავიც: „16 ოჯახია ევაკუირებული, ასევე უსაფრთხო ადგილზე გვყავს გადაყვანილი პირუტყვიც. დაკარგულად ითვლებოდა ორი ადამიანი [ერთი ქედაში და ერთი შუახევში] თუმცა ორთავე ნაპოვნია და მათ ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რთული ვითარებაა შუახევში, გუდნისღელის ხეობაში, სადაც ახლა ვიმყოფებით… მაშველებმა სატვირთო ავტომანქანაც ამოიტანეს მდინარიდან… მიუხედავად იმისა რომ 4-5 ხიდია დანგრეული, არის ცინარეთიდან შემოვლითი გზა, რომლითაც ვსარგებლობთ, თუმცა ახლა საკმაოდ ბნელა და გზის ზოგიერთ მონაკვეთზე მეწყერის გამო რთული სიტუაციაა. რაც შეეხება წვიმას, ფაქტობრივად გადაიღო შუახევში და იმედი გვაქვს ნალექი არ მოიმატებს“.

მამუკა თურმანიძის თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მობილიზებულია, როგორც ქედასა და შუახევში ასევე ბათუმშიც.

დღეს, 28 ივნისს, საღამოს 8 საათის შემდეგ მოსულმა უხმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში შექმნა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარდა განადგურებულია ორი საკალმახე მეურნეობა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ელექტროენერგია ამ დროისთვის მიეწოდება დაბებს –  ქედასა და შუახევს.

წაღებული ხიდები და ევაკუირებული ოჯახები – სტიქია მაღალმთიან აჭარაში

28 ივნისს, საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა.

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლები: წაბლანა, ცინარეთი, მოფრინეთი და სამოლეთი მოწყვეტილნი არიან ცენტრს, რადგან ადიდებულმა მდინარემ წაიღო კვირიაულისა და წაბლანას ხიდები. შუახევის გამგეობის ინფორმაციით სტიქიამ გაანადგურა მდინარის პირას არსებული სავარგულები.

შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, უჩამბის ხეობაში მდინარემ 3 ხიდი წაიღო: “10 ოჯახი გადავიყვანეთ, წვიმამ ახლა ცოტა გადაიღო, გარდა ამისა, უჩამბასა და დაბაში, ორთამელას უბანში მეწყერი განვითარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და იქ მცხოვრები ოჯახი გადავიყვანეთ უსაფრთხო ადგილზე” – განუცხადა გამგებელმა “ბათუმელებს”.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის, სოფო ხაბაზის თქმით, ადიდებულმა მდინარე აკავრეთამ ქედაში სოფელ მერისსა და ოქტომბერთან დამაკავშირებელი ხიდები და საკალმახე მეურნეობის ნაწილი წაიღო. მდინარეების, აჭარისწყლისა და აკავრეთაც შესართავთან ორი ოჯახია ევაკუირებული.

ადიდებული მდინარე ქედაში
ადიდებული მდინარე ქედაში

“საფრთხე ემუქრება დაბა ქედაში მდინარე აჭარისწყალისა და აკავრეთას შესართავის მიმდებარე ტერიტორიას. ევაკუირებულია ოჯახები და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას ადგილობრივის დასახმარებლად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მობილიზებულია მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში,მდინარეები ადიდდა და ზოგიერთი სოფელი დაისეტყვა, თუმცა, გამგებლის თქმით, ძლიერ წვიმას ხულოსთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია და მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

12 წლის ბავშვს ხელვაჩაურის გზაზე მიკროავტობუსი დაეჯახა

ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი 12 წლის ბიჭს დაეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვი თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანისას „კონტაქტური იყო.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა… რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ფოტო: როინ გუნდაძე

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს დაკავებული გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმე განახლდა. საიას იურისტის თქმით, დღეს პროცესზე მოწმეები დაკითხეს, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომედგენელი ბათუმში ციალა ქათამიძე. საქმის განხილვა 30 ივნისს გაგრძელდება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული კოდექსისის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

იასონ პაქსაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ [22 ივნისს] ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლა. გურამ მიქელაძე და ენვერ ირემაძე კი, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა. დღეს სწორედ მათ საქმეს განიხილავდა მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.

ამავე თემაზე: 22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო
საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალ ჯგუფს მიიღებს

NIMD-ის დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალი ჯგუფის წევრების შესარჩევად მიღებას აცხადებს.

ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მსმენელები გაივლიან, განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.

დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ტრენინგები ბათუმში ჩაუტარდებათ კვირაში 2 ჯერ, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ.

NIMD-ის ვებგვერდის ცნობით, სატრენინგო პროგრამა ოთხ ძირითად მოდულს ფარავს:

უნარები: დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, კომუნიკაცია, პროფესიული წერა, საჯარო დებატები, ინტერნეტი.

დემოკრატიული საზოგადოება: მოქალაქეობა, სამოქალაქო საზოგადოება, ერი ნაციონალიზმი და უმცირესობები, რელიგია და დემოკრატია, მედია, გენდერი.

დემოკრატიული მმართველობა: კონსტიტუციონალიზმი და სახელმწიფო მოდელები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, დემოკრატიზაციის საერთაშორისო კონტექსტი.

მონაწილეობა და ლიდერობა: დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმები, ლიდერობა, ამომრჩევლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ადვოკატირება, სამოქალაქო პროტესტი, ბიუჯეტირება, პროექტების მომზადება და მართვა, მონიტორინგი.

NIMD-ის სკოლის ბათუმის კოორდინატორის, თამარ მამეიშვილის განმარტებით, აჭარის მასშტაბით შეირჩევა 20-22 მონაწილე, რომელთა ასაკი 18 წელს აღემატება.

საბუთების მიღება NIMD-ის სკოლაში 28 ივლისს დასრულდება. თამარ მამეიშვილის თქმით, კონკურსის შედეგები, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

ბათუმში სწავლება ჩატარდება ახმედ მელაშვილის N20–ში.

პროექტს ნიდერლანდების ინსტიტუტი ახორციელებს, რომელიც ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. NIMD-ის ხელშეწყობით შექმნილია პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელი, ყოფილი სტუდენტები ფინანსდებიან მცირე გრანტით.

NIMD-ის პოლიტიკური განათლების ცენტრები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში.

სწავლა უფასოა. სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ფოტო ბათუმის დემოკრატიის სკოლის ფეისბუქგვერდიდან.

ვაკანსია

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ აწარმოებს მსურველების მიღებას, მოქალაქეების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად.

მოთხოვნები: კეთილსინდისიერება, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება გამომუშავებით: 25-50 თეთრი თითო ხელმოწერა.

რეზიუმე გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე:

listgeorgianfuture@gmail.com

 

Exit mobile version