მთავარი

გერმანია-საქართველოს ურთიერთობა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი

29.06.2016 • 2642
გერმანია-საქართველოს ურთიერთობა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გამოჩენილ სიფრთხილის მიზეზებზე „ბათუმელები“ გერმანიაში მცხოვრებ ლიტერატურათმცოდნეს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.

ქართულ საზოგადოებაში რჩება ეჭვი, რომ გერმანია, ოფიციალურად გაცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება. ამას მოწმობს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც ევროპარლამენტში აღნიშნა, რომ საჭიროა გადახედონ ვიზალიბერალიზაციის „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს სიფრთხილე?

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკას. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, შეუძლია გადადგას გარკვეული ნაბიჯები და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს (რასაც ჩემი აზრით, აკეთებს კიდევაც) იმისათვის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი სწრაფად დასრულდეს, მაგრამ მისი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია, რადგან ეს ერთი მხრივ, გერმანიის შიდა პოლიტიკის და მეორე მხრივ – ევროპული პოლიტიკის საკითხი გახლავთ.

სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, პრინციპში, უკვე მიღებულია, საქართველოს შესრულებული აქვს ყველა წინაპირობა. მაგრამ ზოგიერთი მთავრობა, მათ შორის გერმანიის მთავრობა, ამ პროცესს უკავშირებს არსებულ გამოცდილებას. მაგალითად, კანცლერმა მერკელმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა სერბეთის მაგალითი. როდესაც ევროკავშირსა და სერბეთს შორის სავიზო რეზიმი გაუქმდა, მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა სერბეთიდან. იგივესი ეშინიათ არა იმდენად საქართველოსთან შემთხვევაში, არამედ საქართველოსთან ერთად სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში ჩართული სხვა ქვეყნების, უკრაინისა და თურქეთის შემთხვევაში. როგორც მოგეხსენებათ, ამ ქვეყნების მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობას ბევრად აღემატება და ჩემი აზრით, სწორედ ეს ქვეყნები გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოსაც უჭიანურდება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება.

სწორედ იმისათვის, რომ დაიძლიოს ეს წინააღმდეგობა, გერმანიის მთავრობამ, მათ შორის გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიწყო ლაპარაკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ეს ნიშნავს, რომ თუკი ქართველები, თურქები და უკრაინელები ევროპაში უვიზოდ წასვლას შეძლებენ და ამ პროცესს მოჰყვება პოლიტიკურ თავშეფრის მთხოვნელთა მკვეთრი ზრდა, გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, მაშინ ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი იქამდე, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება. ამით, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს, პირველ რიგში, უნდათ თავი დაიზღვიონ ისედაც ძალიან რთული ვითარების გამწვავებისაგან, რომელიც შექმნა სირიაში ომის შედეგად ლტოლვილების უზარმაზარმა ნაკადმა.

ჩემი აზრით, საქართველოში მცდარად უკავშირებენ ამ პროცესებს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ამბობენ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება აფერხებდეს ან არ აფერხებდეს სავიზო ლიბერალიზაციას. მიუხედავად ამისა, არსებობს სავიზო ლიბერალიზაციის შიდაპოლიტიკური მხარეები. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას, გარდა იმისა, რომ აქვს სურვილი საქართველოს მოქალაქეებმა სწრაფად შეძლონ უვიზოდ ჩასვლა ევროპაში, აქვს იმის სურვილიც, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე იქნეს მიღებული, რადგან წინასაარჩევნოდ ეს დიდ წარმატებად ჩაითვლება.

გერმანულმა პრესამ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხება დაუკავშირა გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას. მართლაც, საქართველოდან ჩამოსული ბევრი კრიმინალია გერმანიაში, ძირითადად ესენი არიან მაღაზიისა და ბინის ქურდები. ეს არის ხალხი, რომელიც ჩამოდის თითქოს პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. პოლიტიკურ თავშესაფარს ისინი, რა თქმა უნდა, ვერ იღებენ, რადგან ქართველებისთვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარის კვოტა გერმანიაში არის პრაქტიკულად ასპროცენტიანი, მაგრამ ეს არის ცხრათვიანი განხილვის პროცესი და ეს ხალხი თავისუფლად მოძრაობს და ჩადის დანაშაულს. ჩვენ ამ ხალხს უნდა „ვუმადლოდეთ“ იმას, რომ საბაბად მაინც შეიძლება იქნას გამოყენებული ქართული კრიმინალი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე ლაპარაკისას.

მსგავსი შინაარსის რამდენიმე სტატია ერთდროულად გამოქვეყნდა სხვადასხვა გერმანულ გამოცემაში. იბეჭდება თუ არა ასეთი სტატიები ახლაც?

კი, იბეჭდება. „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში”, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულ გაზეთში გუშინაც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაცია მიზანშეწონილი არ არის სწორედ კრიმინალური ბანდების მოქმედების გამო. ასეთი სტატიები წელიწადზე მეტია პერიოდულად ქვეყნდება, ხანდახან შეიძლება ამ სტატიების თავმოყრას რაღაც კამპანიის ფორმაც ჰქონდეს. რატომ ხდება ეს, ცოტა ძნელი გასარკვევია. პრინციპში, რომ შევხედოთ დანაშაულის მაკროსტატისტიკას, რომელიც აქვს გერმანიის შესაბამის ორგანოებს, დავინახავთ, რომ ქართველები კრიმინალის თვალსაზრისით პირველ ადგილზე არ არიან. ეს ჩვენთვის სანუგეშო სულაც არაა, იმიტომ რომ ქართველი კრიმინალები გერმანიაში მაინც ჩადიან დანაშაულს, მაგრამ რატომ ხდება მაინცდამაინც ქართველებზე ყურადღების ასეთი გამახვილება, ეს არის საინტერესო და ამაში ბევრი დამკვირვებელი, შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ, ხედავს რუსეთის ხელს.

დიდად გასაკვირი ეს არ არის, რადგან რუსეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული გერმანული პრესის მანიპულირებაში და მას აქვს შესაბამისი რესურსი, უნარი და ცოდნა. კრიმინალის საკითხი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან უსიამოვნოა და საქართველოს დადებით იმიჯს ჩრდილს აყენებს, ზოგადად დადებითი ტენდენციის ფონზე. მომავალი წელი იქნება ქართულ-გერმანული მეგობრობის წელი, 2018 წელს კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა. ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მოვალეობაა შეუწყოს ხელი გერმანიის მთავრობას გერმანიის ტერიტორიაზე ქართული წარმოშობის კრიმინალთან ბრძოლაში. ეს არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ამ შემთხვევაში საქართველოს.

თქვენი აზრით, ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადებული 2017 წელი, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ გერმანიასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად? ეს არის ფორმალური ჟესტი, რომელიც გარკვეულ ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს, თუ შესაძლებელია ამან რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ? ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგი საუბრობს იმაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა საჭირო საქართველოსა და გერმანიას შორის.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის ამ წუთას არის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ დონეზე ამ ურთიერთობების ისტორიაში, იგივე ვიზიტების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ. წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩამოსული, პრემიერ-მინისტრი, ახლა პრეზიდენტი ჩამოდის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის საქართველოში ივლისის დასაწყისში და დიდი ხანია ლაპარაკია იმაზე, რომ კანცლერიც უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო. ამ თვალსაზრისით ჩვენ პრობლემები გერმანიასთან არ გვაქვს. 2017 წელი არის ქართულ-გერმანული მეგობრობის წელიწადი, რომელიც აღნიშნავს გერმანელი მოსახლეების საქართველოში ჩამოსვლის 200 წლისთავს და გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს. 2017-2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველო გაიცნოს რაც შეიძლება მეტმა გერმანელმა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და საქართველოს არ ჰქონდეს, მაგალითად, მხოლოდ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის სახელი და გერმანიის მოქალაქეს საქართველოს შესახებ არ ესმოდეს მხოლოდ მაშინ, როცა აქ კონფლიქტი და ცუდი რამ ხდება, არამედ საქართველოს შესახებ გაიგოს, რომ ეს არის წარმატებული ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დინამიკური, კარგი თანამედროვე კულტურა, არა მხოლოდ შუა საუკუნეების – არამედ თანამედროვე, ცოცხალი კულტურა და ის მზად არის თავისი, თუნდაც კულტურული წვლილი შემოიტანოს ევროპაში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, რომ კეთდებოდეს უფრო მეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ცოტა კეთდება. არის გარკვეული ბარიერები, რომელსაც დიპლომატია ვერ გადაახტება, ერთ-ერთი ასეთი ბარიერი არის გერმანიის პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა უნდა გრძელდებოდეს ყოველ წუთას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მივიღოთ ჩვენ დღეს, ხვალ ან ზეგ. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზანი და ამ მიზანზე უნდა ვმუშაობდეთ იმ წუთამდე, ვიდრე გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. იმისათვის, რომ ეს ფანჯარა გაიხსნას და ჩვენ მისი გამოყენება შევძლოთ, წინასწარ უნდა კეთდებოდეს ძალიან ბევრი რამ. უზარმაზარი შრომა სჭირდება ამას და მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროში ჩვენ ვპასიურობთ.

რამდენდაც ცნობილია, გერმანიაში არ არის პოპულარული ანტირუსული განწყობები და შესაძლოა ეს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას ამუხრუჭებდეს. თქვენი აზრით, ეს მოსაზრება სწორია?

ეს ბევრად კომპლექსური საკითხია. გერმანიის საგარეო პოლიტიკას დიდი ხანი საფუძვლად ედო და დღესაც უდევს ე.წ. „აღმოსავლეთის პოლიტიკა“, რომელიც თავის დროზე კანცლერი ვილი ბრანტის მიერ არის შექმნილი და გულისხმობს მაშინდელ საბჭოთა კავშირთან დაახლოებას, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გზით. ამ ხაზის გამგრძელებელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია და კონკრეტულად კანცლერი შროდერი, რომელიც ახლა გახლავთ „გაზპრომის“ შვილობილი ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. შროდერის ე.წ. დოქტრინის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის პირდაპირ ანაცვლებს ბრანტისეულ საბჭოთა კავშირს დღევადელი რუსეთით. ახლა იგივე სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით და სხვა პარტიებშიც (განსაკუთრებით ქრიტიან-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიის შიგნით) მომწიფდა აზრი, რომ აღმოსავლეთის პოლიტიკა არის რადიკალურად გადასახედი და ამ პოლიტიკის ცენტრში აღარ უნდა მოვაქციოთ რუსეთი და გაცილებით მეტი ყურადღება მივაქციოთს საქართველოს, უკრაინას, დამოლდოვას. ეს აზრი გაჩნდა წელიწადზე მეტია და ნელ-ნელა იკრეფს ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ძველი, შროდერის დოქტრინა, მაინც ძლიერია.

ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის მოქალაქე მხარს უჭერს მშვიდობას და არ უჭერს მხარს სიტუაციის გამწვავებას, ამიტომ ეს დამოკიდებულებაც განსაზღვრავს გერმანიის მთავრობის დამოკიდებულებას, იგივე საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ყირიმის ანექსიამ შეცვალა დამოკიდებულება აღმოსავლეთის პოლიტიკის მიმართ და შეცვალა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აღქმაც. თუ ადრე გერმანიამ, არა მარტო პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, არამედ მოქალაქეებმაც გადაწყვიტეს, რომ დამნაშავე იყო საქართველო. ყირიმის ანექსიამ რუსეთი გამოაჩინა აგრესიულ, ნეოიმპერიალისტური მისწრაფების სახელმწიფოდ. ამან თავისთავად გააჩინა ახალი პოლიტიკური მიდგომების შემუშავების აუცილებლობა. ვფიქრობ, ქართული დიპლომატიის და არა მხოლოდ მაღალი რანგის დიპლომატიის, ამოცანა უნდა იყოს აი, ამ პოლიტიკურ წრეებთან ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ეს პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკა უნდა იყოს კონცენტრირებული საქართველოზე, რუსეთზე, მოლდოვაზე და არა მარტო რუსეთზე, განმტკიცდეს გერმანიაში, ეს ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად სასიკეთო იქნება.

არის ამ აზრის პოპულარობის გაზრდის ნიშნები?

ეს აზრი რომ გაჩნდა, უკვე კარგია და ძალას იკრებს. ხალხი, რომელიც ამ პოზიციას იცავს, მეტია და თუნდაც პრესაში პუბლიკაციებს რომ გადახედოთ, ეს საკმაოდ გავლენიანი ხალხია, ესენი არიან არა პოლიტიკური მარგინალები, არამედ გავლენიანი პოლიტიკოსები და მეცნიერები და რაც სასიხარულოა, ეს გახლავთ შედარებით ახალგაზრდა თაობა, რომელიც 5-10 წელიწადში შეცვლის ახლანდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს. ასე რომ, ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო ოპტიმიზმით ფონს ვერ გავალთ, ამაში უნდა ჩავერთოთ და მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი.

ფოტო „ილიაუნის“ ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: