„რესპუბლიკურმა“ პარტიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სია წარადგინა.
პირველ ნომრად სიაში, როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილია.
მეორე ნომერი უმაღლესი საბჭოს წევრი და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინია. ის ამავდროულად არის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის 70-ე ოლქში.
სიის მესამე ნომერი ლარისა ანდღულაძეა. ის პროფესიით ეკონომისტია და ლექციებს კითხულობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მეოთხე ნომრად ბათუმის საკრებულოს წევრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ამადროულად პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაურ ახვლედიანია.
მეხუთე ნომერი ლევან ხინიკაძეა, ქობულეთის საკრებულოს წევრი და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ამავე საარჩევნო ოლქში.
მეექვსე ნომერია მარინა მახარაძე, პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
მეშვიდე ნომერია პარტიის წევრი, ბათუმის 22-ე სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე. ის პარტიამ ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კადიდატადაც წარადგინა.
მერვე ნომრად სიაში დემურ მსახურაძეა, ის პარალელურად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ხულოს, ქედისა და შუახევის ოლქში.
მეცხრე ნომერია ასმათ დიასამიძე – პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრი.
მეათე ნომერია პარტიის წევრი ზაზა ჩავლეიშვილი, ის პროფესიით ინჟინერია.
ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“.
კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.
პასუხში აღნიშნულია, რომ სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის შესაბამისი წერილით მიმართა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა.
„საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ქობულეთის მუნიციპალიტეტში „დაბა ჩაქვი-აღმაშენებლის მე-3 შესახვევის“ [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელი] საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. აუცილებელია ამ გზის სავალი ნაწილის გაფართოება. გზის გასაფართოებლად საჭირო ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ გაატაროთ შესაბამისი ზომები, რათა მითითებული მიწის ნაკვეთები გადმოეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში შემდგომში გზის რეაბილიტაციის მიზნით,“ – ეს არის გზების დეპარტამენტის 20 ივლისის წერილი, რომელსაც ხელს გიორგი რომანაძე აწერს დეპარტამენტის უფროსის რანგში.
გიორგი რომანაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“.
„ბათუმელები“ გიორგი რომანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შვებულებაში იმყოფება, ფაქტობრივად, უკვე პოლიტიკაშია, აღნიშნულ პროექტზე ვერაფერს გვეტყვის და უმჯობესია დავუკავშირდეთ დეპარტამენტს.
გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აღნიშნული გზის პროექტთან მათ შეხება არ აქვთ: „უმაღლეს საბჭოსთან არის მიგინეიშვილის, წერეთლის და სხვა ქუჩები, რომლებიც გავარემონტეთ აჭარის ბიუჯეტის სახსრებით, ჯამში 2,5 კმ/მდე მონაკვეთი. აღმაშენებლის მე-3 შესახვევს ჩვენ არ ვაკეთებთ. ვფიქრობთ, აღმაშენებლის მე-2 და მე-3 ჩიხების რეკონსტრუქციას, ისიც მომავალი წლისთვის“.
რა ღირებულებისაა პროექტი, რა ჯდება გზის რეკონსტრუქცია, გამოცხადდება თუ არა ტენდერი და/ან ვინ შეასრულებს სამუშაოებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, გზების დეპარტამენტში და აჭარის მთავრობაში არ გაასაჯაროვეს. ინფორმაცია არ აქვთ ქობულეთის გამგეობაშიც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა აღნიშნულ სამუშაოებს რომელიმე ბიზნესმენს გააკეთებინებს თავისივე ფულით და ასეთი ბიზნესმენი/კომპანია უკვე შერჩეულიც კი ჰყავს. შესაბამისად, ამ გზის რეაბილიტაციაზე აჭარის ბიუჯეტიდან ფული აღარ დაიხარჯება. ეს იქნება ბიზნესმენის „საჩუქარი“, თუ მას რაიმეს სანაცვლოდ შეთავაზებენ, ჯერ გაურკვეველია.
დაპროექტებული გზა, ცენტრალური მაგისტრალიდან, უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელ გზას ემთხვევა, შემდეგ გარს უვლის საბჭოს შენობას და ჩადის სოფელ ხალაში მისასვლელ გზამდე და მას უერთდება. სწორედ ამ გზის გაფართოებაზე, მოასფალტებასა და განათებაზეა საუბარი. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს გზის რეკონსტრუქცია ადგილობრივი მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მომავალში ხელისუფლებას გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების უფლებას აღარ მისცემდნენ.
დღეს, ექვს სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება. ფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება და დღეში ორ მონოსპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. ორგანიზაცია „Art Way“ მონოპიესების ფესტივალს ბათუმში მესამედ ატარებს.
წელს ფესტივალს ორი უცხოელი მონაწილე – უკრაინელი დრამატურგი და აზერბაიჯანელი რეჟისორი ჰყავს. მათ ქართველ მსახიობთან ერთად საერთო ჯგუფი შექმნეს, ბიუჯეტის სიმცირის გამო საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ საქართველოში და ფესტივალზეც სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორები – ნინო ჩხაიძე და ოთარ ქათამაძე ამბობენ, რომ ყველანაირად ეცდებიან, მომავალ წელს უკვე ფესტივალი საერთაშორისო გახდეს და მისი დაფინანსებაც ადგილობრივმა მთავრობამ პროგრამულ ბიუჯეტში გაითვალისწინოს. მანამდე კი ფესტივალი წინა წლებთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტით – 9 280 ლარითა და ენთუზიაზმით იმართება. ორგანიზატორებმა ფესტივალისთვის ამ თანხის მოძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსის მეშვეობით მოახერხეს.
უკრაინელი დრამატურგის მონოპიესა ორგანიზატორებმა საკუთარი ძალებით თარგმნეს და მომავალში, თუკი ფესტივალის საერთაშორისო გახდება, ყველა მონოპიესის ქართულად დადგმას გეგმავენ.
„ბიუჯეტის 80% მონაწილეთა ბათუმში ჩამოყვანისა და დაბინავების ხარჯებზე მიდის, დანარჩენი თანხა ორი მოწვეული კრიტიკოსისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებასა და ტრანსპორტირების ხარჯებზე ნაწილდება“, – გვიხსნის ნინო ჩხაიძე. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული იყო ხუთი დრამატურგის მონოპიესის წარმოდგენა, თუმცა ბევრი მსურველის გამო წინა წლების მსგავსად წელსაც დაამატეს ორი დრამატურგი: „ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მონოპიესებზე, მთავარი სწორედ ეს არის, ამიტომ ჩვენ ვარჩევთ და ვიწვევთ დრამატურგებს, ისინი კი თავად ირჩევენ რეჟისორს, რომელსაც მოჰყავს მსახიობი. შესაბამისად ჯგუფში სამი ადამიანია, თუმცა ისეც ხდება, რომ დრამატურგი თავად ითავსებს რეჟისორის ფუნქციას“.
როგორც ოთარ ქათამაძე გვიხსნის, ფესტივალის მონაწილეები ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ერთგვარ ლაბორატორიაში, სადაც მუშაობენ, რეპეტიციებს გადიან, ქმნიან ან ცვლიან მონოპიესების ტექსტებს. წელს ასეთი ადგილი გონიოში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროა. ოთარ ქათამაძის თქმით, ეს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი ჯგუფის ჩამოყვანა, რომელიც დამწყებმა თბილისელმა დრამატურგმა შექმნა, ვერ მოხერხდა, რადგან „თანხა არ გვეყო და შევთანხმდით, რომ თბილისში იმუშავებენ და ფესტივალის მიმდინარეობის დროს შემოგვიერთდებიან“, – დანანებით აღნიშნა ოთარ ქათამაძემ.
ორგანიზატორების თქმით, მონოპიესები ფესტივალისთვის სპეციალურად იწერება, ან არსებულს პირველად საგანგებოდ დგამენ.
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული დრამატურგიის განვითარებას და ვცდილობთ, კონკრეტულად მონოპიესები გახდეს აქტუალური. დღესდღეობით საქართველოში ფაქტობრივად არ ბეჭდავენ ახალ დრამატურგებს, მათ არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ და ვინაიდან და რადგანაც ქართული დრამატურგია ავითარებს ქართულ თეატრს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მისახედია სწორედ დრამატურგია. მონოპიესების კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ დიდ ფინანსურ რესურს არ მოითხოვს და დრამატურგს, რომელსაც ყოველთვის ჰყავს ერთი მეგობარი რეჟისორი და რეჟისორი, რომელსაც ასევე შეუძლია ერთი მსახიობის პოვნა, აძლევს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედება აჩვენოს საზოგადოებას“, – ამბობს ოთარ ქათამაძე, მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. იგი დასძენს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დრამატურგი ორგანიზატორებს სთხოვს დახმარებას რეჟისორის შერჩევაში: „მაგალითად, წელს ლია ლიქოკელმა გვთხოვა მისი პიესისთვის რეჟისორის შერჩევა და ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ამ მხრივ, ვცდილობთ დრამატურგებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“!.
ნინო ჩხაიძის განმარტებით, ფესტივალი კარგ შესაძლებლობას აძლევს ხელოვანებს გაიცნონ ერთმანეთი და ასევე გააცნონ საკუთარი შემოქმედება თეატრალური სფეროს სხვა წარმომადგენლებს:
„წინა წლებში საკუთარი სურვილით ჩამოდიოდნენ კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები თუ ლიტერატურათმცოდნეები და წერდნენ რეცენზიებს, რომლებსაც აქვეყნებდნენ სხვადასხვა გამოცემაში. წელს უკვე ორი მათგანი ოფიციალურად გვყავს მოწვეული, ისინი ყველა სპექტაკლზე მოამზადებენ რეცენზიას და ბოლოს მთლიანად ფესტივალს შეაფასებენ. ასევე ბოლოს გამოვა მონოპიესების კრებულიც, რაც ქართული ლიტერატურისთვის კარგი შენაძენი იქნება“, – ამბობს ნინო ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ გასულ წელს უკვე გამოიცა პირველი ორი წლის ფესტივალებზე წარმოდგენილი მონოპიესების კრებული, სადაც 11 მონოპიესა შევიდა.
ორგანიზატორების თქმით მონოსპექტაკლები ბათუმში, სხვადასხვა სივრცეში გაიმართება და არ იქნება მხოლოდ თეატრის სცენაზე წარმოდგენილი. როგორც ოთარ ქათამაძე ამბობს, მონოპიესებმა სოციალური დატვირთვა შეიძინა და დრამატურგებისთვის სხვადასხვა პრობლემატურ თემაზე საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანისათვის თეატრის სცენა უკვე აღარ იყო საუკეთესო საშუალება:
„რადგანაც ეს გახდა რაღაც ტიპის სოციალური პლატფორმა, ჩვენ გადავინაცვლეთ ღია ცის ქვეშ, პარკინგებზე, მშენებლობებზე… თავისუფალი სივრცეების ათვისება მოხდა, რაც კიდევ უფრო კარგია. თან ადგილებს მონაწილეებთან ერთად ვარჩევთ და ვცდილობთ იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული და მისაწვდომი ყველასთვის“, – ამბობს ოთარ ქათამაძე.
„სულ შვიდი მონოსპექტაკლი დაიდგმება, მაგრამ რადგან ღია ცის ქვეშაც გვაქვს დაგეგმილი წარმოდგენა, დროის ეს შუალედი, 6-11 სექტემბრამდე, ავიღეთ, უამინდობის შემთხვევაში გადადება რომ მოვახერხოთ. რაც შეეხება იმას, რომ დღეში ორი მონოსპექტაკლია დაგეგმილი, სივრცეები და გრაფიკი ისეა შერჩეული, რომ მაქსიმუმ ათი წუთის დაშორებით იყოს ერთმანეთისგან, ასე რომ მაყურებელს ორივე მათგანის ნახვა შეეძლება“, – გვიხსნის ნინო ჩხაიძე.
ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ფესტივალით დაინტერესება იზრდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ორგანიზატორებს აძლევს მოტივაციას, რომ გაორმაგებული ძალებით ეცადონ მომავალი წლისთვის ქალაქის პროგრამულ ბიუჯეტში ფესტივალის შეტანას და მის საერთაშორისო დონეზე ჩატარებას: „თავიდან ასე იყო საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალიც და როცა დაინახეს, რომ გაამართლა, ჩასვეს ბიუჯეტში… იმედი გვაქვს, ჩვენც შევძლებთ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი დღეს ჩვენი საზოგადოებისა და თეატრალური სფეროს განვითარებისათვის“.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი წლების მიხედვით მატულობს. თუ 2008 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით განქორწინებულთა რაოდენობა 3 189 იყო, 2014 წლის მონაცემებით, განქორწინებულთა რაოდენობამ 9 119 მიაღწია. თითქმის იგივე რაოდენობა – 9 112 განქორწინება დარეგისტრირდა გასულ წელსაც.
2015 წელს რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, – 3 601 წყვილი განქორწინდა, შემდეგ იმერეთში, – 1 409, მესამე ადგილზე კი ქვემო ქართლია, – 1 013 წყვილი განქორწინდა.
2015 წელს, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ წყვილებს შორის დაფიქსირდა, რომელთა ქორწინების ხანგრძლივობა 0-იდან 4 წელი იყო, (2 973 განქორწინებული) ან 20 წელი და ზემოთ (2,009 განქორწინებული).
ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობა გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს. სოფლის მაცხოვრებლები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩამოწოლილი მეწყერი გამო საშიშროება ემუქრება 12 ოჯახს.
„სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი და გაჩნდა ახალი კერებიც. მთელი სოფელი რთულ მდგომარეობაშია. გზა არ გაუწმენდიათ, მეწყერი მომდგარია ორსართულიან კორპუსთან და არც გეოლოგები მოსულან და არც არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ ამ დრომდე“ – გვეუბნება აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიშა ბოლქვაძე, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ.
გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის გასაწმენდად ტექნიკა დღეს გაიგზავნება: „ამ დროისთვის სხვაგან მუშაობენ და როცა დაასრულებენ კვლევას, გეოლოგებიც გაიგზავნებიან“ – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.
დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა. პროექტის განხორციელებისთვის ბათუმის მერიამ 62 500 ლარი გამოყო. ჟიული შარტავას სკულპტურის ავტორი გიორგი შხვაცაბაიაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ახლობლები.
ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქალაქში გაიხსნა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი. ეს ის ადამიანია, რომელიც ბოლო წუთებამდე იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
მემორიალის გახსნას ჟიული შარტავას ახლობლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მემორიალის გახსნა მნიშვნენლოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომ ახსოვდეთ ჟიული შარტავა და არა მარტო ის, ყველა ადამიანი, ვინც მასთან ერთად იბრძოდა“.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს, აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე.
უსკოს საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს:
კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, პარტიული კუთვნილება, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ასლი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს: პარტიის წევრი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საკადრო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ არაუგვიანეს 2016 წლის 6 სექტემბრიდან 8 სექტემბრისჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. (მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ N2, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).
N79 ბათუმის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში აირჩევა არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. N81 ქობულეთისა და N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში უმაღლესი საარჩევნო კომისია ირჩევს თითო წარმომადგენელს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობას ახორციელებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების საქმიანობა დაფინანსდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, ერთჯერადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების შესახებ (უფლება-მოვალეობები) იხილეთ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე WWW.SEC.GE
რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ვეფხვია აბაშიძე ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ვეფხვია აბაშიძემ სამუშაო ადგილი კერძო დაცვის სამსახურში იპოვა, სადაც ცნობა ნასამართლეობის შესახებ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა რომ დასაქმდეს. თუმცა ის ცნობას შესაბამისი უწყებიდან ვერ იღებს.
“სამხედრო სამსახურში კონტრაქტი 2010 წელს შემიწყვიტეს. მას შემდეგ უმუშევარ ვარ,” – გვიყვება ვეფხვია აბაშიძე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმდინარე წლის ივლისში მიმართა, საიდანაც წერილობითი პასუხი არ მიუღია: “სააგანტოში მითხრეს, რომ გაურკვეველია, ძველი საქმე, რასაც გედავებოდნენ, დასრულებულია თუ არაო. საქმის ნომერი მომცეს და მითხრეს, რომ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებიდან უნდა გამომეთხოვა, სადაც ძიება მიმდინარეობდა”.
ვეფხვია აბაშიძე პოლიციის მესამე განყოფილებას 2005 წელს დაუკავებია, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და გაათავისუფლეს. ვეფხვიამ იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი გვაჩვენა, რომელიც 2008 წლით თარიღდება და აღნიშნულია, რომ ვეფხვია აბაშიძე ნასამართლევი არ არის. ეს დოკუმენტი 2008 წლის 20 თებერვალსაა ხელმოწერილი. ამ დროს მან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური დაიწყო და ომის მონაწილეც გახდა.
ომის ვეტერანმა გვაჩვენა წერილიც, რომლითაც ვეფხვია პოლიციის მესამე განყოფილებას სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საქმეზე, რომლის ნომერიც შსს-ში მისცეს. წერილი პოლიციას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ჩაუბარებია. ერთ თვეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, ვეფხვიას პოლიციისგან პასუხი არ მიუღია.
“საქმე გვაქვსკანონმდებლობის უხეშ დარღვევასთან, რადგან პირს არ აძლევენ მის შესახებ დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც უნდა გაიცეს დაუყონებლივ,”- ამბობს ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი. ეს ორგანიზაცია ვეფხვიას ინტერესებს იცავს.
ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ წინა კვირის პარასკევს ის ამ თემაზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის მოადგილეს, ჯემალ ცეცხლაძესაც შეხვდა: “გვითხრა, რომ აუცილებლად დღის ბოლოს მივიღებდით პასუხს და თუ ამ მონაცემს ვერ იპოვიდნენ, შესაბამისი პირის პასუხისმგბელობა დადგებოდა. ამ დრომდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია”
ანა ბერძენიშვილმა დღეს, 4 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც მიმართა წერილობით: “მას შეუძლია განცხადების საფუძველზე დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და სამართალდარღვევა დაადგინოს”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” არ გამორიცხავს ვეფხვია აბაშიძის საქმეზე სასამართლოს მიმართოს – ქმედების დავალდებულების და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ვეფხვიას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახს თურქეთში სეზონურად მუშაობით არჩენს. სოციალური დახმარება კი დროებით შეწყვეტილი აქვს: “სოციალური დახმარება საერთოდ მე რატომ უნდა მჭირდებოდეს? სახელმწიფოს იქეთ უნდა დავეხმარო, ოღონდ მომცეს ამის შესაძლებლობა. დახმარება შემიწყვიტეს, რადგან შემწეობის მიღებიდან ოთხი წელი გავიდა და ოჯახი ხელახლა უნდა გადაამოწმონ,” – ამბობს ვეფხვია აბაშიძე.
ვეფხვია აბაშიძის საქმეზე ინფორმაციას „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან ელოდება.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის, უსკოში რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პარტიული სიები 8 სექტემბერს 18:00 საათამდე უნდა რადაგნონ.
სიების გადამოწმების პროცესი ათი დღის ვადაში, 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოში პარტიული სია მხოლოდ ერთ პარტიას , – „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“-ს “ აქვს წარმოდგენილი.
დისკუსია თემაზე: „ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“, დაბა ხულოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა .
დავით ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან:
დავით ლოცაბერიძე
თემა ძალიან დიდია და შევეცდები ზოგადი ხედვები და პრობლემები ჩამოვაყალიბო იმ შესაძლებლობებზე რაც არსებობს და გაჩნდა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოყენება უნდა. მათში მოიაზრება როგორც ფინანსური ინსტრუმენტები მხარდამჭერი საერთაშორისო პროგრამებიდან, რომელიც მუნიციპალიტეტბმაც შეიძლება მიიღონ, ისე სხვადასხვა ერთობლივი სამუშაოები სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა.
ის რეფორმა, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს, რიგით მეხუთეა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კარგი იქნება გავიხსენოთ ევროკავშირის ექსპერტთა საბჭოს ბრიტანეთის წარმომადგენლის სიტყვები, რომელიც საქართველოში ნამყოფი არ არის, მაგრამ მონიტორინგის სისტემაში მონაწილეობს. მან ხუმრობით თქვა: „ქართველები 25 წელია სამსართულიან სახლს აშენებთ, ამ წლების მანძილზე 4 აგური დადეთ, თქვენ თუ ასე გააგრძელეთ 3500 წლის შემდეგ ძალიან კარგი ქვეყანა გექნებათ”. ამით მიგვითითა იმაზე, რომ რაღაცეები კეთდება. ყველა ხელისუფლებას რაღაც ნაბიჯები აქვს გადადგმული და უსამართლობა იქნება ეს არ დავინახოთ. არის საზოგადოების, ადგილობრივი ჯგუფების, ბიზნესის ინტერესები, ეს ყველაფერი ნორმალური პროცესია, მაგრამ ჯობია იყოს ერთიანი ჩამოყალიბებული სტრატეგია და ეს არის ის სფერო, სადაც ქართველები წინ ვერ ვართ.
კოდექსის რამდენიმე ძირითად პოსტულატზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი, რომელიც პირველად დადგა 2006 წლის შემდგომ, როცა სოფლებში გაუქმდა თვითმმართველობები, დაბებში და ქალაქებში, ამან რესურსების მობილიზაციის საშუალება მისცა რაიონულ დონეს, სადაც ავიდა თვითმმართველობა, მაგრამ მოსახლეობასთან დაშორება გამოიწვია. იქ სადაც ხდება დიდი ჯგუფების ინტერესების დაცვა, პატარა ჯგუფები რჩება ყურადღების მიღმა და პირიქით. ამაში მიზანმიმართულად ვინმეს ბრალი არ არის, ყველას აქვს ინტერესი, რომ თავის სოფელში/ქალაქში გააკეთოს რაღაც, მაგრამ ფინანსები არასდროს არის საკმარისი, ამიტომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი რაც დაიწყო 7 თვითმმართველი ქალაქის გამოყოფით, გრძელდება. სახელმწიფო კომისია ამაზე მუშაობს და ინიციატივები არის. აქ არამარტო ქალაქების თვითმმართველობის სტატუსზეა საუბარი, არამედ მსგავსი ტიპის ჰომოგენური მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბებაზე. შეიძლება რაღაც სახის მუნიციპალიტეტბში რაღაც ნაწილი ცალკე ჩამოყალიბდეს, ამის უფლება კანონმდებლობით არის.
სტრუქტურასთან დაკავშირებით სიახლე იყო პირდაპირი არჩევის წესი, ამასთან დაკავშირებითაც არის სხვადასხვა დამოკიდებულება, სწორია თუ არასწორია, იურიდიულად გამართლებულია თუ არა? ევროპის მაგალითებიდან ზოგ ქვეყანაში არის ერთი, ზოგში მეორე და არცერთი არ არის არადემოკრატიული. მერი და გამგებელი შეიძლება იყოს პირდაპირ არჩეული, შეიძლება იყოს საკრებულოს მიერ არჩეული, შეიძლება იყოს მოწვეული მენეჯერი. აქ ქარტია მხოლოდ ცნობს 3 პრინციპს, რასაც თვითმმართველობა ითვალისწინებს: 1) უნდა არსებობდეს, როგორც საკუთარი იურიდული პირი თავისი ტერიტორიით; 2) აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობით არჩეული ორგანო; 3) აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები (არა ტრანსფერები) და ბიუჯეტი, სადაც პილიტიკას განსაზღვრავს თვითონ.
დისკუსია ხულოში
ფინანსებთან დაკავშირებით ვიცით, რომ დიდი ომი იყო ხელისუფლების ორ ბანაკს შორის, ერთს წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტრო და მეორეს ინსფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ დაპირისპირებაში მოხდა საშემოსავლოს ნაწილის დატოვება. უფლებამოსილებების გაზრდის მიმართულებით გამიჯვნა ქონებისა და უფლებამოსილებისა კულტურის სფეროში. არის საუბარი, რომ სკოლების მმართველობა გადაეცეს თვითმმართველობებს, ფინანსებიც უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს, იმიტომ რომ მან უკეთ იცის რა არის ადგილზე განსახორციელებელი. ეს არის გეგმა ყოველ შემთხვევაში.
თქვენთვის მშვენივრად არის ცნობილი, რომ 1% სავალდებულოდ ჩაიდო მოხელეთა უნარების გაზრდაში და ამას გარდა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ თუ სურვილი იქნა, რომ თანადაფინანსებაც იყოს მოხელეთა კვალიფიკაციის გაზრდისა, იმიტომ, რომ კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ჭირს კარგი ფინანსისტის, იურისტის გაჩერება ადგილზე, როცა ბევრად მეტს უხდიან ბიზნეს სექტორში.
ორი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია: 1) მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რამდენად არის ის ჩართული ამ საქმეში და რამდენად დაცულია მისი ინტერესი; 2) სერვისების საკითხი, სადაც პირველ ადგილს იკავებს საგზაო ინფრასტრუქტურა – სოფლებში განსაკუთრებით, წყალმომარაგების, სასმელი და სარწყავი წყლის სტრუქტურა, შემდგომ მოდის მყარი ნარჩენების გატანა, საბავშვო ბაღების დაფინანსების პროგრამა, რომელიც ასევე დასარეგულირებელია.
დასასრულს ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს გაუხსნა რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, მაგალითისთვის ერთ-ერთი რომელზეც მე ამჟამად ვმუშაობ, ეს არის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პროგრამა. ვერც ერთი მუნიციპალიტეტი, მარტო აღებული, რაც არ უნდა ტრანსფერი მისცე ვერ მოახერხებს მთლიანად პრობლემების გადაჭრას. საქართველომ მიიღო საშუალება, რომ კონკურსებში მონაწილეობდეს. ადრე ამის შანსი არ ჰქონდა რადგან ასოცირებულიც არ იყო. როცა ევროკავშირის წევრი გავხდებით მაშინ უფრო მეტი შანსი იქნება. მე შემიძლია შევადარო ეს პოლონეთს, როგორც კი მან ხელი მოაწერა ასოცირებას, დაიწყო ამ პროგრამებზე მუშაობა. ბუნებრივია არის პრიორიტეტების პრობლემა. შემოდიან ენერგოეფექტურობის ფონდები, ოღონდ არა ისე, რომ ფულს თვითნ მისცემენ, არამედ ქართულმა მხარემ, მუნიციპალიტეტებმა უნდა წარადგინონ პროექტები და იმ კვოტების ფარგლებში, რაც გვაქვს და ეს მცირე არ არის თუ გამოვიყენებთ. რამდენიმე ასეულ მილიონ ევროზეა საუბარი ყოველწლიურად მარტო მუნიციპალიტეტებზე. პოლონეთში 2007-2013 წლებში გრანტების სახით მხოლოდ თვითმმართველობებმა სხვა პროგრამები რომ არ ჩავთვალოთ, მიიღო 80 მილიარდ ევროზე მეტი. ოღონდ განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან ჯიბეში კი არ წაიღეს ეს ფული, განავითარეს ინფრასტრუქტურა, საკუთარი ბიზნესები, შევიდნენ გერმანიის, საფრანგეთის ბაზრებზე.
დღეს საქართველოსთვის 3000-მდე ჩამონათვალი არის ღია შესასვლელად, თუ იქნება ხარისხი შესაბამისი. როგორ იქნება ეს, არის ქვეყნის გადასაწყვეტი, მოახდეს ამის ორგანიზებას, თუ ვერ მოახდენს. მე იმედი მაქვს რომ მაღალმთიანი აჭარა იქნება ერთ-ერთი მოწინავე ამ პროგრამებში, ოღონდ ეს უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ხედვა. მთავარი არის პრიორიტეტების განსაზღვრა.
ჯუმბერ დემეტრაძე: ხულოს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“: სახელმწიფო ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც მაღალმთიანი დასახლების მდგომარეობიდან გამომდინარე ის კანონმდებლობა, რომელიც ახლა იქნა მიღებული. ის რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით დღეს მუნიციპალიტეტებს ზოგადად გაეხსნათ ხელ-ფეხი იმ შეღავათებით, რომელიც არის გაწერილი, ამას ყველა ვემხრობით და ვაღიარებთ. თუნდაც მასწავლებელების სახელფასო წახალისებები, რომელიც სექტემბრიდან იწყება, თუნდაც პირველ, მეორე და მესამე შვილზე გამოყოფილი დახმარებები; ის რომ მესამე შვილის გაჩენაზე მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელ გაჭირვებულ ოჯახს 2 წლის განმავლობაში დაენიშნება 200 ლარი ყოველთვიური ხელფასის სახით – ეს არის ძალიან დიდი შეღავათი. გარდა ამისა ზოგადად ქვეყანა მომართულია იქითკენ, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ყველა სფერო რომელსაც ზოგადად განვითარების რესურსი აქვს ქვეყანაში.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის პროგრამები, რომლებიც ახლა დაიწყო მცირე მეწარმეების ხელშეწყობის, საერთოდ ბიზესის წამოწყების. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მთავარ პრობლემას ეს ძირითადად არის გზა, ინფრასტრუქტურა, სხვა შემდგომი სისტემების მოწესრიგება, თუნდაც კანალიზაცია.
შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო რაც გაკეთდა ხულოს მუნიციპალიტეტში 2016 წელს, რადგან ანალიზი გარკვეული სახით საჭიროა. დაიგო 9 კმ ასფალტი, სადაც დახარჯულია 2 850 000 ლარი, ასევე შიდა გზებზე ბეტონი – 7,5 კმ, სადაც დახარჯულია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. ჩვენი მუნიციპალიტეტი ზოგადად მოიცავს 700კმ გზას, ეს არის სოფლის ცენტრებთან მიმავალი და ასევე მთებში გადასაადგილებელი გზები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის კუთხით დასახულ პროგრამებს, ხულოს მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული პრივილეგია აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პერსპექტივა არის ამ მუნიციპალიტეტში. აქ ვგულისხმობ მესაქონლეობას და მეურნეობის სხვა დარგებს. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მუნიციპალიტეტში არის გადმოცემული ე.წ სათიბი და სახნავი მექანიზმები 300 ერთეული, რძის გადამამუშავებელი მანქანები 800 ერთეული, 45 სული რქოსანი პირუტყვი მომრავლების კუთხით.
ახალი მეურნეობის დანერგვა მუნიციპალიტეტში, ეს არის თხილის, კაკლის და მოცვის მეურნეობის განვითარება. ამჟამად განვითარებულია 25 ჰექტარი თხილის მეურნეობა, 16 ჰექტარი კაკლის, 1 ჰექტარი მოცვის მეურნეობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაიწყო და რა თქმა უნდა კარგი შედეგი აქვს მას. გარდა ამისა რას აკეთებს მუნიციპალიტეტი? საბედნიეროდ გაგვეზარდა ადგილობრივი შემოსავლები რაღაც დონით. მანამდე იყო მინიმალურ დონეზე, დაახლოებით ბიუჯეტის 3-5%, დღეს ფაქტობრივად ჩვენი ბიუჯეტის ⅓-ს წარმოადგენს ადგილობრივი შემოსავლები. ეს გვაძლევს საშაულებას, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა დანერგოს ჩამოაყალიბოს და განავითაროს ის მიმართულებები, რომლებიც ყველაზე მეტად ტკივა ადგილობრივ მოსახლეობას.
ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ეს ზრდა ხომ ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობით არის გამოწვეული, თუ ბიზნეს სექტორის განვითარებით?
დისკუსია ხულოში
ჯუმბერ დემეტრაძე: ძირითადი ნაწილი არის ჰესების მშენებლობის პროცესიდან გამომდინარე და საკმაო მოცულობის ნაწილი ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით.
მოვიყვან მარტივ მაგალითს: ის რომ ხულოს მუნიციპალიტეტში რამოდენიმე წლის წინ არ მოედინებოდა წყალი, არ შეიძლებოდა რაიმე სახის მარტივი ობიექტი აშენებულიყო. დღეს წყლის სისტემა თავიდან ბოლომდე მოგვარებულია, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა 5-6 ავტომობილის სამრეცხაო, რაც თავის მხრივ აისახა მოსახლეობაზე. გარდა ამისა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართ მაქსიმალურად ცდილობს მუნიციპალიტეტი ჩამოაყალიბოს ის რესურსი, რომელიც პერსპექტივაში მოგვცემს დოვლათს. ასევე უნდა ითქვას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის განათლება, კულტურა, სპორტი.
სპორტის მიმართულებით რა წარმატებაც აქვს ეს ყველამ იცის – ბრინჯაოს მედლის მფლობელი გვყავს უკვე ოლიმპიადაზე. ამას გარდა სკოლამდელი აღზრდის 11 ახალი ობიექტი გვაქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში. რაც საფუძველს გვაძლევს იმისა, რომ ხვალ და ზეგ ძალიან წარმატებული თაობა და საზოგადოება მივიღოთ. მუნიციპალიტეტში რომ ყველაფერი არ ყვავის ეს ფაქტია, გვაქვს 12 მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ელემენტარულად ამოსუნთქვის საშუალებას შეიძლება აძლევდეს გაჭირვებულ მოსახლეობას. აქამდე იყო და დღესაც არის უსახლკარობის პრობლემა და ესეც ფაქტია. ამიტომ მუნიციპალიტეტმა შემოიღო პროგრამა რომელიც უსახლკარო ოჯახს საშუალებას აძლევს მინიმალური თავშესაფარი მიიღოს.
კახა დეკანაძე: ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: ყურადღება მინდა გავამახვილო ხულოს განვითარებაზე, რისი გაკეთება შეიძლება და რა შეცდომებია დაშვებული. 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაკეთებული 9 კილომეტრიანი ასფალტირებული გზა არაფერს ნიშნავს. გოდერძის უღელტეხილი ძალიან სწორი პროექტი იყო რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, 75 ათასი ლარის ღირებულების ტურნიკეტები ამ ხელისუფლებამ მოხსნა გოდერძის უღელტეხილზე და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გადაიტანა. 325 ათასი ლარი გამოიყო სანიაღვრე არხების მოწესრიგებისთვის, მხარი დავუჭირეთ ამ პროექტის შესრულებას მაგრამ ვერ განახორციელეს. კურორტ ბეშუმში ავაშენეთ ამბულატორია, რომელიც დამსვენებლებს მოემსახურებოდა. წელსაც და გასულ წელსაც სასწრაფო ადის ყოველდღიურად და დღეში 30 ლიტრი საწვავი არამიზნობრივად იხარჯება. რაც შეეხება ბაღებს არც ერთი ბაღი გამართული არ არის. რაიონში ნეპოტიზმია, როგორც სოფლის რწმუნებულები, ასევე საარჩევნო კომისიის წევრები ამ კუთხით შეირჩნენ. გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის არის დაპირისპირება და მათი ეს უთანხმოება გადადის ხალხის უპატივცემულობაში. დღეს ხელისუფლებას არ აქვს მყარი პოზიცია, ვერ ჩამოყალიბდნენ რუსეთის მიმართულებით არიან თუ პროდასავლურები, ორი თამაშით ხალხი არის ცოდვა. ხულოში 2500 ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას დღეს 1300 ოჯახი იღებს, ოჯახების უმრავლესობას დაუმსახურებლად შეუჩერეს დახმარება. გამგებელს ვთხოვეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის კუთხით რამდენმა ოჯახმა მიიღო სახნავი ვაუჩერები, გამგებელმა კი გადაგვამისამართა საკონსულტაციო ცენტრში, ცენტრმა მოგვწერა რომ ამ ინფორმაციის გაცემაზე პასუხსმგებელი გამგეობა იყო.
გამგებელს ასევე ვთხოვეთ ინფორმაცია მოეწოდებინა ხულოში არსებულ სათვალთვალო აპარატებზე და ვკითხეთ თუ რა მიზანს ემსახურებოდა ის. გვიპასუხა, რომ ვიდეოკონტროლი მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით სჭირდებათ და მართვის სისტემა მის კაბინეტშია. გამგებელს არ უნდა ქონდეს იმის დრო დაჯდეს კაბინეტში, საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დააკვირდეს, ამისთვის დაცვა არსებობს. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, 325 დღე გამგებლის მძღოლი მივლინებით იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია გემგებელმა მოგვაწოდა.
დისკუსია ხულოში
ოთარ ცეცხლაძე – პარტია „თავისუფალი დემოკრატები“: წინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტებში დიდი განსხვავება არ არის და თითქმის ერთი და იგივეა. წელს 2 მილიონ ნახევარზე მეტი გათვლილია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 5 მილიონამდე თანხაა დახარჯული, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, გამგეობის შენობაში მესამე სართულზე რომ ამობრძანდეთ, წყალს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას, წელს თითქმის 14 მილიონამდეა ბიუჯეტი, როდესაც 2004 წლის ხულოს რაიონის ბიუჯეტი 650 000 ლარი იყო. მე ვთლი, რომ ის პროპორციულად კარგად ვერ ნაწილდება, არაფერია ისეთი რაც დაკავშირებული იქნება ადგილობრივი შემოსავლების ზრდასთან. ამ წლის ზრდა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოხდა – ჰესების მშენებლობამ გამოიწვია ქონების გადასახადის შემოსვლა ჩვენს ბიუჯეტში და ეს ძალიან კარგია. თუმცა, ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი იმიტომ, რომ დაახლოებით ერთ წელში დამთავრდება ჰესების მშენებლობა და შემოსავალი მოიკლებს. დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება. ჩვენ გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც საავტომობილო გზებსა და მელიორაციას ემსახურება, მე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მათი გაკეთებული არხი არ მინახავს.
ჩვენთან არ არის ისეთი ადგილობრივი რესურსი, რომ რაიონი განვითარდეს. ჩეხავენ ხეებს და გააქვთ თურქეთში, აქ რომ არსებობდეს ავეჯის გადამამუშავებელი საამქრო, ეს ბევრად მეტ შემოსავალს მოიტანს. ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა რაიონი – წყალდიდობები, როდის სად მოხდება მეწყერი არავინ იცის, არ არის მიწისქვეშა ნაგებობები, სათანადო არხები, რომ ეს წყალი სადღაც წავიდეს, მიდის ყანაში, ეზოში და წარმოიქმნება მეწყერი. მაგალითად ვაშლოვანი, თხილნარა, ღორჯომის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნით ერთი თეთრი არ არის ჩადებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში. ერთადერთი რაც ამუშავდა ბოლო წლების განმავლობაში ეს არის დიოკნისის რძის გადამამუშავებელი ქარხანა.
იმ სერვისების სამსახურებში, რომლებიც ისევ მთავრობის ა(ა)იპ-ია, ძალიან ბევრი ცოდვა ტრიალებს – ნეპოტიზმი, კორუფცია. ფერმერმა, რომელსაც 2 ძროხა ყავს, მიიღო 2 სეპარატორი, შეგვიძლია მივიდეთ და შევამოწმოთ. ფერმერს კი, რომელსაც 12 ძროხა ყავს, იმას არ აქვს, იმიტომ რომ იმ 2 -ძროხიანმა დაწერა 18 მყავსო, არავის შეუმოწმებია ეს. ზოგიერთი პროექტის მიმართ არის დიდი კითხვის ნიშნები, პირველი პირები ვალდებული არიან მეტი კონტროლი დააწესონ. ვისურვებდი რომ 2017 წლის პრიორიტეტებში იყოს რაიონში პანსიონის არსებობა, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ცენტრში იქნება ერთი საცხოვრებელი სადაც იქნებიან მოჭიდავე, მოცეკვავე, მუსიკის ნიჭით გამორჩეული ბავშვები. იმიტომ, რომ 84 სოფელში მუსიკალურ სასწავლებელს ვერ გააკეთებ, იქ ყველგან არ იქნება ჭიდაობის მწვრთნელი, არადა ჩვენ ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს.
ჯუმბერ დემეტრაძე: საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“: ბატონო ოთარ მე გეთანხმებით რომ დღეს მუნიციპალიტეტში ძალიან გვიჭირს სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მხრივ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ 2014-2015 წლებში დავიწყეთ ამ სისტემის შექმნა და ჩვენი ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას, რომ ეს პრობლემა 1-2 წელში თავიდან ბოლომდე იქნას მოგვარებული. რაც შეეხება სამასალე ხე-ტყის განაწილების პრობლემას, კომისია მიდის ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად, ამოწმებს ობიექტს და ამის მიხედვით გამოუყოფს მასალას. რაც შეეხება წყალს, 5 მილიონი არ დახარჯულა, 1 700 000 დაიხარჯა, ეს მხოლოდ დაბის, ცენტრის მომარაგებაზე იყო გათვლილი. ამავე დროს გარკვეული მიზეზების გამო თავი იჩინა წყლის პრობლემამ დაბის მიმდებარე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. მერე წყლის დებეტის გადანაწილება მოუხდა მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ლოკალურად მომხდარიყო ამ პრობლემის მოგვარება. აქედან გამომდინარე კვლავ განიცდის ხულოს მუნიციპალიტეტი ამ პრობლემას. მომავალშიც დაიხარჯება იმიტომ რომ არა მხოლოდ ცენტრი იქნას დაკმაყოფილებული არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტი.
რაც შეეხება კომისიებს ბატონო კახა, კომისია კომპლექტება პარტიების წარმომადგენლებით და კონკურსით. ეს კონკურსი ვინ ჩააბარა ეს სხვა საქმეა. სოციალური დახმარება კი არ შემცირდა, ამ სააგენტოს აქვს თავისი მიმართულება, რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა გადამოწმდეს, შეუწყდა გარკვეულ ოჯახს რამდენიმე პერიოდით.
დისკუსია ხულოში
ბადრი გორგაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხულოს საკრებულოს წევრი: რომელ განვითარებაზე ვსაუბრობთ ხულოს რაიონში… რქოსანი პირუტყვი შემოიყვანეს და გადასცეს მამიდაშვილებს, ბიძაშვილებს და ა.შ. ჩვენ არ გვისაუბრია განათლების სისტემაზე, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრი ვერ წერს გრანტს, ვერც დაწერს, თუ განათლება არ არის მაღალ დონეზე. კარგია რომ ბაგა-ბაღები შენდება, მაგრამ ეს პროექტი ძალიან უხარისხოდ გრძელდება. ჩვენი რაიონისთვის უკეთესი იქნება თუ გრანტები წამოვა განათლების სფეროში. უცხო ენებში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, არ გვყავს სპეციალისტები. მოსწავლე ან ვერ ამთავრებს სკოლას, ან ატესტატს ვერ იღებს, ან გადის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ზოგი ადგილზე ეგუება მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი ხულოში, მაგრამ ის მეტწილად არის პოლიტიკური ნაწილი, სოფლების ახალგაზრდობასთან არ აქვს ურთიერთობა. ჩვენ გვყავს ეკომიგრანტებიც, რომლებზეც არსად არის თანხა გამოყოფილი.
მურად გორგაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: 2012 წელს ჩვენ სხალთაში ავაშენეთ 7 ბინა, წინა ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. ამ ხელისუფლებამ კი არ მისცა გაჭირვებულ ოჯახებს ნებართვა, რომ იქ შესახლებულიყვნენ. შუახევში აშენდა საავადმყოფო მაგრამ ექიმები არ არიან, შარშან ხულოს საავადმყოფოც იხურებოდა. უნდა შევიმუშავოთ მექანიზმი რომ ექიმებს ხელფასები გავუზარდოთ, რომ მაღამლთიან რეგიონში მოსახლეობას მოემსახურონ.
დავით ლოსაბერიძე: პრობლემა არის საინფორმაციო ბაზების არარსებობა, ბოლო სრული აღწერა ქვეყანაში და ქონების სრული ინვენტარიზაცია განხორციელდა კომუნისტების მმართველობის დროს. იმის მერე აღარ ჩატრებულა. ეს გასაკეთებელია, 7000-მდე კულტურული ძეგლი არის აღრიცხული სახელმწიფოს მიერ და ამის ⅔ არის კიდევ აღურიცხავი. საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში ისტორიული ძეგლების სიმჭიდროვით, ამათგან უვლის მხოლოდ 24 ძეგლს. ბუნებრივია, დგება საკითხი ვინ უნდა მიხედოს ამ ყველაფერს?
არსებობს ორი მოსაზრება: ადგილზე ჩვენ რომ მივცეთ ძალაუფლება, დაიწყება ნეპოტიზმი, კორუფცია, “არ ჰყოფნით კომპეტენცია” – ეს არის ერთი ხედვა, რომ ადგილზე არაფერი უნდა იმართოს და მას ყველა ხელისუფლებაში ყავს მომხრეები. მეორე ხედვა არის ის, რომ ადგილზე უნდა გადაეცეს ძალაუფლება, მაგრამ როგორ უნდა დაიძლიოს ის კორუფციის საფრთხეები, ნეპოტიზმის მომენტები? თუ ცენტრი გააკონტროლებს, მაშინ არის პოლიტიკური კონტროლის საფრთხე. ეს პრობლემა არის აღმოსაველთ ევროპაშიც.
დისკუსია, რომელიც ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში მომზადდა, ხულოში 26 აგვისტოს გაიმართა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს.
კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ ჩერნოვეცკის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის რეგიტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად, საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის (ლეონიდ ჩერნოვეცკის) უკანონო მოქმედება, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი“-ნათქვამია საიას განცხადებაში.
ლეონიდ ჩერნოვეცკი
საია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ სამართლებრივ გარემოებებზეც.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. უდავოა, რომ სუბიექტი, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს პარლამენტის წევრი, ვალდებულია აკმაყოფილებდეს იმ ცენზს, რომელიც დადგენილი არის კანონმდებლობით.
ლოგიკურია ასევე ისიც, რომ ქართული ენის ცოდნის სავალდებულობა გამოწვეულია იმ ფუნქციური როლიდან გამომდინარე, რომელსაც ასრულებს პარლამენტის წევრი. ამიტომ წარმოუდგენელია პარალმენტის დეპუტატმა, რომელიც ვერ ფლობს ქართულ ენას აქტიურად განახორციელოს სადეპუტატო მანდატის ფარგლებში მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები.
ლეონიდ ჩერნოვეცკისთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია არაერთი ვიდეო სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს რუსულ ენაზე გამომდინარე აქედან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ვერ ფლობს ქართულ ენას, რაც გამორიცხავდა მის რეგისტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ქართული ენის ფლობის ფაქტი არ გადაუმოწმებია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს სააარჩევნო კოდექსის 111-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო დაიწყოთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება #81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 27 აგვისტოს N07/2016 განკარგულების კანონიერების შესწავლის მიზნით და განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.
„ბათუმელები“ ლეონიდ ჩერნოვეცკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ჯერ–ჯერობით ვერ ისაუბრებენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომპანია Enda Tour da Enda Sport 1995-ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიის მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას ახორციელებს.
მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორის შემოსვლა რეგიონში საერთაშორისო სპორტულ მიმართულებებს გააძლიერებს.
საკანონმდებლო დათქმა აჭარის მთავრობას ხელს არ უშლის მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზოლში ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებით გაასხვისოს. ბათუმის მერიაც პოულობს გამოსავალს ქალაქის მწვანე ზოლში კანონმდებლობით დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად. ამ ყველაფერს ხალხის არჩეული საკრებულოც ეთანხმება. საკითხის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობაზე უფრო მეტხანს მსჯელობს, ვიდრე იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ინვესტიციაზე მეტად მწვანე ზოლი და სუფთა ჰაერი აინტერესებს.
4221 კვ/მ მიწის ფართობი ანგისის დასახლებაში მდებარე, საკურორტო სარეკრეაციო ზონაში, შპს „ნასკარმა“ სახელმწიფოსგან პირობადებული აუქციონით შეისყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საზოგადოებრივი ან მომსახურების ობიექტი 18 თვეში უნდა აეშენებინა.
პროექტის მერიაში წარდგენის შემდეგ კი ინვესტორმა აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი საკურორტო სარეკრეაციო ზონაში შეუძენია.
საკურორტო სარეკრეაციო ზონაში კანონმდებლობა იმ მასშტაბის მშენებლობას არ ითვალისწინებდა, რაზეც ინვესტორმა სახელმწიფოსთან ვალდებულება აიღო, კანონმდებლობის მოთხოვნებს არც დაგეგმილი ობიექტის დანიშნულება დაემთხვა.
საკურორტო რეკრეაციულ ზოლში კანონმდებლობა ყველა ტიპის და მასშტაბის ობიექტების მშენებლობას არ უშვებს, შესაძლებელია ნებართვა გაიცეს მხოლოდ მცირე მასშტაბისა და მსუბუქი კონსტრუქციის მქონე მშენებლობებზე, რაც გასართობი ან დასასვენებელი ობიექტის ფუნქციის მატარებელი იქნება.
კანონმდებლობით საკურორტო სარეკრეაციო ზონაში მშენებლობისთვის მაქსიმუმ 1000 მ2 -ის მასშტაბების შენობის აშენებაა დასაშვები, ხოლო მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ 12 მეტრია განსაზღვრული. გარდა ამისა, საკურორტო სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია მხოლოდ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება.
ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის თხოვნით საკრებულომ ამ ზონას სტატუსი შეუცვალა და სარეკრეაციო ზონად გადააკეთა. იმ მიზეზით, რომ სარეკრეაციო ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [K2] კანონმდებლობით არ დგინდება და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია იმსჯელოს და გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა დამკვეთს პროექტზე მშენებლობის ნებართვა – მერიის არქიტექტურულ სამსახურში ასე განმარტავენ.
საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, კობა ჩხეიძე, რომელმაც საკურორტო სარეკრეაციო ზონის რეკრეაციულ ზონად შეცვლის საკითხს მხარი არ დაუჭირა, მიიჩნევს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახური კანონმდებლობაში ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკრეაციო ზონაში K2 კოეფიციენტი არ დგინდება, არასწორი ინტერპრეტაციით კითხულობს:
„მაშინ, როცა საქართველოში ადამიანები იბრძვიან, აქციებს აწყობენ და შიმშილობენ იმისთვის, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი მწვანე ზოლი და კანონში ჩანაწერის პათოსიც, რომ სარეკრეაციო ზონაში კოეფიციენტი არ დგინდება გულისხმობს, რომ მწვანე ზონა იყოს დაცული, აქ ესმით სხვანაირად. მერიის სპეციალისტებისთვის კოეფიციენტი არ დგინდება ეს ნიშნავს, რამდენსაც მინდა იმდენს დავადგენო, რაც არასწორია.“
ბათუმის მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით: „როგორც მინდა და რამდენსაც მინდა დავადგენ, ასე არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დადგენილი მიწის ნაკვეთზე კოეფიციენტები, დამკვეთი მოითხოვს და ადმინისტრაციული ორგანო იმსჯელებს, შესაძლებელია თუ არა იმ კოეფიციენტების გამოყენება, რაც მას სურს.“
კითხვაზე, თუ კანონმდებლობით არ დგინდება როგორ იმსჯელებს? – ირაკლი ახალაძე პასუხობს: „გონივრული მსჯელობა ხდება, ქალაქმშენებლობის გეგმა, რეგულაციები, სხივები და ასე შემდეგ.“
რატომ არ გაითვალისწინა ნაკვეთის მდებარეობა და სტატუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაშინ, როცა ინვესტორს პირობებზე შეუთანხმდა? – სამინისტროს ეს საკითხი მხედველობიდან გამორჩა მაშინ, როცა მანამდე ერთი წლით ადრე საკრებულომ ამ უბანზე საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი ამავე სამინისტროს თხოვნით მიანიჭა. მაშინ ამ ადგილს და მის მიმდებარე ტერიტორიას აჭარის მთავრობა საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ადგილად განიხილავდა. თუმცა მოგვიანებით სტადიონისთვის სხვა ადგილი შეარჩიეს.
იმ მიზეზით, რომ კონტრაქტორი სახელმწიფოსთან ნაკისრ ვალდებულებებს ვეღარ ასრულდებდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისევ ბათუმის მერიას მიმართა, ამჯერად ისე შეცვალე სტატუსი, რომ კოტრაქტორმა ვალდებულებები შეასრულოსო.
მერიამ მინისტრის თხოვნა ამჯერადაც გაითვალისწინა. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ ცვლილების მიზეზად შპს `ნასკარის~ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე წამოწყებული მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის საჭიროება დაასახელა. თან აღნიშნა, რომ „კომპანიამ იქ უკვე დახარჯა 700 000 ლარი და კიდევ მილიონის დახარჯვას აპირებს“. ამ ყველაფერთან ერთად, გამომდინარე იქედან, რომ ინვესტორს მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს და გაფართოებასაც გეგმავს, მერიას პროცედურა უნდა დაეჩქარებინა, შეეძლო სტატუსი სარეკრეაციო საზოგადოებრივ საქმიან ზონადაც შეეცვალა, რასაც სამომავლოდ გეგმავს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა იყო ის, რომ სტატუსის შეცვლისას კანონმდებლობა მარტივ და მოკლევადიან ადმინისტრაციულ წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ზონის სტატუსი სარეკრეაციო ზოლად გადაკეთების ანუ გამწვანების სასარგებლოდ იცვლება და არა პირიქით.
საკითხის კენჭისყრისას ხელი წინააღმდეგ აწიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და „რესპუბლიკელებმა“. საკრებულოს წევრები ოპოზიციური ფლანგიდან გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში შიშობენ, რომ ქალაქში სარეკრეაციო ზონები აღარ დარჩება.
„ბათუმს უნდა შევუნარჩუნოთ ის მწვანე ზოლები, რომლითაც ეს ქალაქი სუნთქავს, ასეთი ძალიან მცირეა. მხოლოდ ბათუმის ბულვარი არ არის საკმარისი. ვხედავთ, რომ ჰაერი გაჭუჭყიანებულია და ქალაქის მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ბათუმი შეუერთდა კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს სითბური აირების მავნე ზემოქმედებისგან ქალაქის გათავისუფლებას. ასე ხელაღებით ამ ზონების შეცვლა იმიტომ, რომ რომელიღაც ინვესტორი რაღაცის გაკეთებას ფიქრობს, არ შეიძლება. ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალია. დღესაც ხდება ამ ზონების კონკრეტულ ინვესტორზე მორგება,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.
ბათუმში კანონმდებლობის გვერდის ავლით სარეკრეაციო ზოლში მშებენლობის წამოწყების ეს პირველი შემთხვევა არ არის, ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის ზონირების საბჭომ იმსჯელა და დაშვებად მიიჩნია ბათუმის ახალ ბულვარში ამფითეატრის უკან [სარეკრეაციო ზონაში] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც დღეს ინვესტორის საკუთრებაშია, ამ დასახლებას კაჩინსკების ქუჩასთან, ახალ ბულვარსა და, შესაბამისად, ზღვისპირთან აკავშირებს. ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში კი მთავრობამ სკვერის ნაწილი გაყიდა. სკვერში სადაც მრავალწლიანი მცენარეები იყო გაშენებული, ახლა „Ds grupi “ მრავალსართულიან შენობას აშენებს. ამ მიზნებისტვის ითხოვდა აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასაც, რომელიც ასევე სარეკრეაციო საკურორტო ზონაა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებიც.
„2 სექტემბერს დაიწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა გადამზადება, რომელიც დასრულდება დეკემბრის თვის ბოლოს, ტრენინგებს გაივლიან უფროსი აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი, მუსიკის პედაგოგი. აღმზრდელები ტრენინგს გაივლიან ინკლუზიური განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამაშიც“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები „ახალსოფელში შტაბი მუშაობს, სადაც არის პრობლემა და გზებია ჩაკეტილი, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, წმინდება გზები. თხილნარში ჩაკეტილი იყო და გაიხსნა გზები, ახალსოფელში მუშაობენ და მალე გაიხსნება“.
გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები განმეორდა მახვილაურში, ახალსოფელში ავგიის დამაკავშირებელ გზაზე და სოფელ თხილნარში. „ბარამიძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი და კომისია გავიდა, ამავე სოფელში დუმბაძის სახლთან არის ასევე პრობლემა, ლორთქიფანიძის პჯახიც შესასწავლია და იქაც გავა კომისია. თუ გასასახლებელია ოჯახი ქირით გაგვყავს, ორი ოჯახი კაპრეშუმიდან უკვე გავიყვანეთ, კიდევ რამდენიმე ოჯახის მდგომარეობას სწავლობს კომისია“.
მეწყრული პროცესები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 სექტემბრის ძლიერი წვიმის შემდეგ გააქტიურდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოში 1 851 917 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,4%-ით აღემატება.
ჯამში, იანვარ-აგვისტოში, ქვეყანაში 4 247 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,2%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის აგვისტოში საქართველოში 450 003 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,3% ით მეტია.
2016 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+2%), აზერბაიჯანიდან (-3%), თურქეთიდან (-42%), რუსეთიდან (+12%), უკრაინიდან (+18%) და ირანიდან (+599%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 27%, 10%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 14%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 11%-იანი ზრდა.
შს სამინსიტროს ინფორმაციით, პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ტურისტი – 1 851 917 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%);
ტრანზიტი – 886 289 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,9%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,2%);
სხვა – 1 509 523 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,5%).
18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. რა სიახლეები იქნება წელს ფესტივალზე, ამის შესახებ „ბათუმელები“ კინოფესტივალის მენეჯერს, ზვიად ელიზიანს ესაუბრა.
ზვიად, რა ეტაპზეა კინოფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები?
პროგრამისა და ჟიურის ფორმირება მორჩა, თითქმის მზად არის ფესტივალის პროგრამა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ფესტივალის მაყურებლისათვის. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონსკურსო სექციები, ასევე, ახალი ქართული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება, ფილმები დიდოსტატთა კოლექციიდან, გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები და გვაქვს ახალი სექციაც – „შექსპირი კინოში“, შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. ტრადიციულად გაიმართება კინოჩვენებები ღია ცისქვეშ, ევროპის მოედანზე.
თუ შეგიძლიათ რამდენიმე ფილმი დაგვისახელოთ, რაც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფესტივალის მაყურებლისთვის?
როგორც წესი, ყოველთვის პოპულარულია კინოსექცია – „დიდოსტატთა კოლექცია“. წელს ამ სექციაში ექვს ფილმს ვაჩვენებთ. 2016 წლის კანის კინოფესტივალის ორი საუკეთესო ფილმი იქნება ნაჩვენები წელს ბათუმში, ეს არის ჯიმ ჯარმუშის „პატერსონი“, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ჩვენების თანხმობა და კენ ლოუჩის – „მე ვარ დანიელ ბლეიკი“. ასევე, ვაჩვენებთ ტარკოვკის „სტალკერის“ აღდგენილ ვერსიას. რაც შეეხება საკონსკურსო პროგრამას, დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები „ხსოვნის უნამკოება“, ფილმი ორჰან ფამუქზე, რომელიც საკმაოდ პოპულარული მწერალია საქართველოში და ვფიქრობ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ასევე, მხატვრული ფილმების პროგრამაში ნაჩვენები იქნება „სიყვარულის შეერთებული შტატები“, რომლის პრემიერა „ბერლინ ალეზე“ შედგა წელს.
რაც შეეხება პრიზს, რომელსაც ყოველ წელს გადავცემთ ქართველ და უცხოელ რეჟისორსა თუ მსახიობს, წელს პრიზი გადაეცემათ რეჟისორებს: თემურ ბაბლუანს და ვადიმ აბრაშიტოვს.
გასულ წელს კინოფესტივალმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ ბათუმს საგანგებოდ კინოფესტივალზე ჩამოსული ნასტასია კინსკი ესტუმრა. წელს უნდა ველოდოთ ასეთ ცნობილ სახეებს კინოფესტივალზე?
კინოფესტივალს ყოველ წელს საინტერესო სტუმრები ჰყავს, თუმცა წელს არ გაგვიკეთებია აქცენტი ვარსკვლავებზე. წინა წელმა გვაჩვენა, რომ არ არის ქალაქი მზად ამისათვის, საამისოდ ფესტივალს არ აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის არსებობის მანძილზე ბევრი ცნობილი რეჟისორი მოგვიყვანია ბათუმში, იგივე აბას ქიაროსტამი, ნური ბილჯე ჩეილანი, ბელა ტარი, ქშიშტოფ ზანუსი და ა.შ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ფესტივალის მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგად და რეალობაა ის, რომ ამ წუთას ბათუმის საავტორო კინოფესტივალი აკეთებს სამჯერ მეტს იმაზე, ვიდრე ამის რესურსი არსებობს, ფაქტობრივად, ბევრი რამ შესაძლებლობების ზღვარს მიღმა კეთდება. თუ გვინდა კიდევ მეტი, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ თუ არ გაიზრდება ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერა და არ მოგვარდება გარკვეული პრობლემები, ფესტივალის კიდევ უფრო განვითარება ისე შეუძლებელია.
რა პრობლემები აქვს ფესტივალს ძირითადად?
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სივრცეები, რაც ესაჭიროება კინოფესტივალს. ამ ეტაპზე ჩვენ ვაჩვენებთ ფილმებს კინოთეატრ „აპოლოში“, ასევე, ჩვენი რესურსებით დავიწყეთ ღია ჩვენებები ერას მოედანზე და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონსკურსო სექცია გადის სასტუმროს კონფერენსდარბაზში. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ ჯდება საერთაშორისო ფესტივალის ფორმატში. ფესტივალის მასშტაბები რომ გაიზარდოს, პირველ რიგში, სწორედ სივრცეების განვითარებაა საჭირო. კარგი იქნება, რომ მოხდეს თოჯინების თეატრის ფუნქციონალური დატვირთვა, ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი აჭარის კულტურის სამინისტროსთან, პროექტიც გვქონდა შეტანილი, თუმცა ვერ მოხერხდა განხორციელება. ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ბიუჯეტში არ იყო შეტანილი, თუმცა უამრავი რამ კეთდება, რაც თავიდან არ არის ბიუჯეტში და შემდგომ ხდება კორექტირება. იმედი გვაქვს, მომავალში მოხდება ეს.
ასევე, მერიასთან გვქონდა აპარატურის შეძენის პროექტი, ესეც ვერ გამოვიდა წელს, იმედი გვაქვს მომავალში მივაღწევთ ამას. თუ თოჯინების თეატრი შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება, კარგი იქნება ეს თოჯინების თეატრისთვისაც, რომელსაც შეეძლება თავისუფალ დროს ანიმაციური ფილმები აჩვენოს და კარგი იქნება კინოფესტივალისთვისაც, რომელსაც ექნება სივრცე ფილმების საჩვენებლად. თუ სივრცეები განვითარდება, რაც არ მოითხოვს დიდ თანხას, ეს მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებდა. რაც შეეხება ფესტივალის დაფინანსებას, ფესტივალის მასშტაბი ვერ გაიზრდება ამის გარეშე. ფესტივალს აფინანსებს ბათუმის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, საელჩოები და კერძო სპონსორები. მთლიანი ბიუჯეტი 250 ათასის ფარგლებშია. შავი ზღვისპირა ქვეყნების სხვა, მსგავს ფესტივალებს თუ შევადარებთ, ჩვენი ფესტივალის ბიუჯეტი ათჯერ ნაკლებია. ჩვენი პროგრამა, სტუმრების სტატუსი, არც ერთ ასეთ ფესტივალს არ ჩამორჩება, მაგრამ თუ გვინდა კიდევ უფრო მასშტაბური კინოფესტივალის გაკეთება, ეს უფრო ძლიერი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით სარფში მისასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. მაგისტრალი ჩაკეტილია კვარიათსა და სარფს შორის მონაკვეთში [ჩანჩქერთან].
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა. „მდინარეს ჩამოაქვს ქვა-ღორღი, წყლის დონე მომატებულია და გადმოდის გზაზე. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიდის მუშაობა გზის გასაწმენდად, რაც გარკვეულწილად ამინდზეცაა დამოკიდებული“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.
შენიშვნა: როგორც შსს-მ გვაცნობა, გზა ამ დროისთვის გახსნილია.
საქართველოში, 674 ოჯახში, მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს, საკმარისია თუ არა სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მინდობით აღზრდის შესახებ? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.
რატომხვდებიანბავშვებიმინდობითაღზრდაში
ბოლო მონაცემებით, 100 ბავშვი აჭარაში საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. ეს ბავშვები მინდობით აღზრდის პროგრამაში არიან ჩართული და მათზე ზრუნავენ სხვა მიმღები ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფო ამისათვის ფულს უხდის. მათგან 70 ბავშვი ბათუმში, 13-13 – ქობულეთისა და ხელვაჩაურის, სამი – ქედის ხოლო ერთი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. აჭარაში, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების უმრავლესობა 6-დან 16 წლამდე ასაკისაა.
მინდობით აღზრდის პროგრამაში ბავშვები სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან: ობლობა, მშობლების ან მშობლის ქმედუუნაროდ ცნობა, მშობლისათვის უფლების ჩამორთმევა ან შეჩერება – ეს მიზეზების არასრული ჩამონათვალია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის უფროსი სოცმუშაკი ნინო ცეცხლაძე, რომელიც 15 წელია ამ მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა მშობელი თავად წერს განცხადებას და სახელმწიფოს სთხოვს ბავშვზე ზრუნვას, ან ბავშვს ტოვებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამის შესახებ მეზობლების, მოქალაქეების ან საავადმყოფოსგან იღებენ ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან და მინდობით აღზრდაში გადაყვანა. ბოლო, ასეთი გახმაურებული შემთხვევა ქობულეთში მოხდა, სადაც დედას ბავშვის ცემისთვის ორივე შვილი დროებით ჩამოართვეს და მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართეს.
ბავშვისმიმღებიოჯახისმოტივაცია
„აღმზრდელების მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვების რთული ქცევის მართვისა და პრევენციისათვის დასაშვებად მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ძალადობას (მაგ. ყვირილი, დაშინება)… მონიტორინგის პროცესში შესწავლილ საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეპროგრამის ბენეფიციარები აღმზრდელთან/სოც. მუშაკთან შეთანხმების გარეშე ტოვებდნენ მიმღებ ოჯახებს ან/და გარბოდნენ ოჯახებიდან. მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ქცევა ძირითადად გამოწვეულია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების სააღმზრდელო გარემოსთან შეუთავსებლობით ან/და ვლინდება ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებში. აღნიშნულ შემთხვევებში, ბავშვის მიმღებ ოჯახში დაბრუნების შემდეგ, აღმზრდელები დასჯის ზომად იყენებდნენ უგულებელყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას…“ – ეს ამონარიდია სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშიდან, რომელიც მინდობით აღზრდას ეხება.
სანამ სახელმწიფო მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართავდეს ბავშვს, მანამდე მიმღებ ოჯახს შეისწავლის. ბავშვის მინდობით აღზრდაში აყვანის მსურველი ოჯახები თავად უკავშირდებიან სოციალურ სააგენტოს. სოციალური მუშაკები სწავლობენ მათ მოტივაციასა და საცხოვრებელ პირობებს და თუ პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახი ბაზაში რეგისტრირდება გადაუდებელ ან რეგულარულ მინდობით აღზრდის კატეგორიაში, ან ორივე კატეგორიაში ერთდროულად.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პოტენციურ, მიმღებ მშობლად 1000-მდე ოჯახია დარეგისტრირებული, რომელთა შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ასაიდუმლოებს. შეკითხვას, ძირითადად რა მოტივაცია აქვთ მიმღებ ოჯახებს, ნინო ცეცხლაძე პასუხობს: „მოტივაცია არის ის, რომ ქალი სახლში ზის, ჰყავს ამ ასაკის ბავშვები, ან ბაღის ასაკის, თვითონ დაუსაქმებელია, უნარიანია… ხვდებით?! და მოტივაცია დასაქმებაა, რა თქმა უნდა“.
იგი იქვე განმარტავს, რომ ხშირად, თანხა, რასაც სახელწიფო მიმღებ ოჯახს უხდის, არასაკმარისია ბავშვების მოვლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაძლოა ყოველკვირეულადაც კი სჭირდება დედაქალაქში ჩაყვანა.
მინდობით აღზრდის გადაუდებელ და რეგულარულ კატეგორიაში მიმღები ოჯახები სახელწიფოსგან ყოველდღიურ ანაზღაურებას იღებენ. ანაზღაურება პირველ შემთხვევაში დღეში 20 ლარს, მეორე შემთხვევაში კი, დღეში 15 ლარს შეადგენს. რეგულარული მინდობითი აღზრდის შემთხვევაში, თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ეს თანხა 20 ლარამდე იზრდება. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში ოჯახში ბავშვი 90 დღის განმავლობაში რჩება, შემდეგ კი ან ბიოლოგიურ ოჯახში ბრუნდება, ან რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადადის, სადაც ვადა სრულწლოვნებამდე [გაშვილებამდე ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებამდე] განსაზღვრული არ არის.
ქვეპროგრამა ასევე მოიცავს ნათესაურ მინდობით აღზრდას – როდესაც მიმღებს ბავშვთან ნათესაური კავშირი აქვს. ამ შემთხვევაში ანაზღაურება ყოველთვიურია და 200 ლარს [შშმ პირის შემთხევაში 300 ლარი] უდრის. მინდობით აღზრდის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 6 769 000 ლარია.
როგორაკონტროლებსსახელმწიფომიმღებოჯახებს
აჭარაში სულ 17 სოციალური მუშაკია. სწორედ მათ მოვალეობაში შედის კონტროლი, თუ როგორ, რა პირობებში ცხოვრობს ამჟამად მინდობით აღზრდაში მყოფი ასი ბავშვი. ეს მათი ერთადერთი საქმე არ არის, პარალელურად, სოციალურ მუშაკებს ათამდე მიმართულების საქმიანობაც აკისრიათ, მაგალითად, ისინი მუშაობენ პენსიონერებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და ა.შ.
ნინო ცეცხლაძის თქმით, სოცმუშაკებს მანქანა არ ემსახურება და საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სააგენტოს უფროსს გადაჰყავს მანქანით. სოცმუშაკი ბავშვის მიმღებთან შეყვანის პირველი თვის განმავლობაში, თვეში არანაკლებ 4-ჯერ ახორციელებს ვიზიტს, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში – მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ვიზიტები წინასწარი შეთანხმების გარეშე იგეგმება და მათ შეუძლიათ შეამოწმონ როგორც მაცივარი, ასევე ნებისმიერი სხვა დეტალი.
მიმღები ოჯახი მინდობით აღზრდის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებზე იღებს შენიშვნას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში უწყდება კონტრაქტი და კარგავს მიმღებად რეგისტრაციის უფლებას.
ნინო ცეცხლაძე ასევე აღნიშნავს, რომ თავის ანგარიშებში ყოველთვის მიუთითებს სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე: „მაგრამ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მე ვერ ვწყვეტ, დაამატებენ თუ არა სოცმუშაკებს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ საქართველოში მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი იმყოფება. რამდენი სოცმუშაკია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის არ აზუსტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის და „სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა სოცმუშაკების დამატებაზე.“
სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც: `საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი არაერთხელ გახდა სოციალურ მუშაკთა სიმცირე და ასევე, სოციალურ სამსახურში მომუშავე ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობა. საქართველოს სახალხო დამცველი გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებს სოციალური მუშაკების გაძლიერებისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რადგან მათი სიმცირისა და დატვირთვის პირობებში ეფექტიანი მუშაობა რთული წარმოსადგენია“.
სახალხო დამცველის მიმდინარე წლის სპეციალურ ანგარიშში კი საუბარია იმაზე, რომ ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის შემთხვევაში, შემოწმებული მიმღები ოჯახების ნაწილი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებული. ამ ოჯახებში არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელია სველი წერტილები. ანგარიშის მიხედვით, შემოწმებული ნათესაური მიმღები ოჯახების 40%-ს ესაჭიროება საცხოვრებლის რეაბილიტაცია.
მიუხედავად ამისა, მინდობით აღზრდის პროგრამაში ნათესაური მინდობით აღზრდას სპეციალისტები უპირატესად მიიჩნევენ.
„სიღარიბე არ ნიშნავს, რომ ოჯახი ჯეროვნად ვერ მოუვლის ბავშვს. შესაძლოა ამ ოჯახმა გაცილებით დიდი სითბო და სიყვარული გამოხატოს ბავშვის მიმართ, რადგან მათ ბიოლოგიური ნათესაობა აკავშირებთ,“ – ამბობს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. მას სააგენტოს აჭარის ფილიალის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის უფროსი სოცმუშაკი, ნინო ცეცხლაძეც ეთანხმება: „ბავშვი საკუთარ ბიძიასთან, ბებიასთან, ბაბუასთან თუ სხვა ნათესავთან გაცილებით სტაბილურადაა და მას სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენა არ ემუქრება.“
სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაღლდეს მინდობით აღმზრდელთა უნარ-ჩვევები და შეიქმნას მათი გადამზადების სისტემა, რომელსაც კოორდინაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაუწევს. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის შესახებ ახალი კანონის შემუშავებაში UNIჩEF-ი ეხმარება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღზრდის ნაწილში ძირითადი ცვლილება უნდა იყოს მინდობით აღზრდის პროფესიონალიზაცია:
„ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სანამ მინდობით აღმზრდელი ოჯახში განათავსებს ბავშვს, აუცილებელი წესით იყოს დატრენინგებული, რომ მან იცოდეს ბავშვის განვითარების ეტაპები, ბავშვთან ურთიერთობის მეთოდები, პოზიტიური აღზრდის მეთოდები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ არანაირი ძალადობრივი მეთოდებით არ აღზრდის ბავშვს. მიმღებმა უნდა იცოდეს ის კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს და ასევე მინდობით აღზრდის სტანდარტები, რომელიც უკონკრეტებს მინდობით აღმზრდელს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა ვალდებულებები ეკისრება მას. ამის შემდეგ მას ეცოდინება, რომ ეს არის მისი პროფესია, რისთვისაც იღებს გარკვეულ ანაზღაურებასაც“, – ამბობს ქეთევან მელიქაძე.
ნინო ცეცხლაძე გვიხსნის, რომ აკრძალულია დედმამიშვილების სხვადასხვა ოჯახში გაშვილება ან მინდობით აღზრდაში გადაყვანა, გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც, ისინი თავიდანვე ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. თუმცა ასევე არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ერთ ოჯახში არასრულწლოვანთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს შვიდს: „ანუ თუ ცოლ-ქმარს სამი საკუთარი შვილი ჰყავს, მინდობით აღზრდაში შეუძლია აიყვანოს მაქსიმუმ ოთხი“. ამის გამო აჭარაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როცა და-ძმები დააშორეს: „რვა და-ძმა იყო, ბავშვების მამამ დედა მოკლა და თავიც მოიკლა. რადგან ერთ ოჯახში ვერ შევიყვანდით ყველას, გვერდიგვერდ ოჯახები შევარჩიეთ და გადავანაწილეთ“, – იხსენებს ნინო ცეცხლაძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების მინდობით აღზრდაში აყვანა ბევრს არ უნდა, ისეთ ოჯახებში, ვინც ამაზე უარს არ ამბობს, ბევრი ბავშვი იყრის თავს, „თუმცა ამ ოჯახებს აქვთ დიდი სახლი, ეზო, ბაღ-ბოსტანი, ძროხა და 50 ფრთა ქათამი… ხშირად ჩვენი მოთხოვნაა, მანქანაც ჰყავდეს, რომ ბავშვები წაიყვანოს და მოიყვანოს“.
კანონით, 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. ამასთან, მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წელი.
რეინტეგრაცია, რომელიცხშირადვერხერხდება
მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვს, სურვილის შემთხვევაში, მშობელი პერიოდულად ნახულობს, მიმღებ ოჯახთან და სოცმუშაკთან შეთანხმებით. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგისას გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიურ მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ ბავშვის ნახვის უფლება, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ისინი ბავშვზე მავნე ზეგავლენას მოახდენდნენ, კერძოდ, ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევები, როცა მშობელი ბავშვს სახლიდან გაქცევას და დაუმორჩილებლობას ურჩევდა. კვლევის თანახმად გაირკვა, რომ შესწავლილ შემთხვევათა 60 პროცენტის შემთხვევაში, ბიოლოგიური მშობლები ბავშვებს საკმაოდ იშვიათად ნახულობენ, რამდენიმე თვეში – ერთხელ.
სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება და ბავშვის სახლში დაბრუნებაა. ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს ხშირად ვერ ხერხდება: „მშობელს ვთავაზობთ პროფესიულ მომზადებას უფასოდ, ან ვეძებთ მათთვის შესაბამის სამსახურს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი არ თანამშრომლობენ ჩვენთან~.
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე 900 ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში. ბავშვის ოჯახში დაბრუნების შემდეგ სოციალური მუშაკები ოჯახთან კვლავ აგრძელებენ მუშაობას. ბიოლოგიურ ოჯახს ეძლევა გარკვეული ანაზღაურება [90 ლარი თვეში] და ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა: დღის ცენტრით სარგებლობა, პროფესიული გადამზადების კურსები, კვების ვაუჩერი და ა.შ. თუმცა როგორც ქეთევან მელიქაძე აღნიშნავს, ეს სერვისები რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არ არის მისაწვდომი, რაც რეინტეგრაციის პროცესს ართულებს.
რომელი ადგილებით ინტერესდებიან ბათუმში ტურისტები ყველაზე ხშირად? – ბათუმში , ტურისტულ ობიექტებზე რეგისტრირებულ ვიზიტორთა სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეიტინგი თითქმის უცვლელია: პირველ სამ ადგილს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე იყოფენ.
ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარე ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა რომ არის, ამას ვიზიტორთა სტატისტიკაც მოწმობს. გასულ წელს ბოტანიკურ ბაღს 212 610 ვიზიტორი ეწვია. ბაღის დათვალიერების საფასური 8 ლარია. როგორც ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯემალ წულუკიძე ამბობს, ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ: ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
ტურისტებს შორის კვლავაც პოპულარულია ბათუმის დელფინარიუმი. დელფინების შოუს ნახვის მსურველთა რიგებს დელფინარიუმის სალაროებთან ხშირად შენიშნავთ. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, გასულ წელს დელფინების შოუს დაესწრო 131 896 მაყურებელი. ინტერაქტივში კი (დელფინებთან ერთად ცურვა) მონაწილეობა მიიღო 3 184-მა ადამიანმა. 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით შოუს დაესწრო – 101 404, ხოლო ინტერაქტივს – 1854 ადამიანი. დელფინების შოუზე, დღის სეანსებზე (4 საათზე და 7 საათზე), ბილეთის ფასი 15 ლარია, ხოლო საღამოს სეანსზე (9 საათზე) – 20 ლარი. შოუზე უფასო დასწრების უფლებით სარგებლობენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები. დელფინთან ერთად ცურვის საფასური 3-16 წლამდე ბავშვებისთვის 100 ლარია, ხოლო 16 წელს გადაცილებული პირებისთვის – 150 ლარი.
ტურისტები ხშირად ინტერესდებიან გონიო აფსაროსის ციხე-ნაკრძალითაც. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრეს გასულ წელს ჯამში 60 642 ვიზიტორი ეწვია. გონიოს ციხის დათვალიერების ფასი 10-კაციანი (და მეტი) ჯგუფის შემთხვევაში ერთი ადამიანისთვის 2 ლარია, ინდივიდუალურად – 3 ლარი, სტუდენტისთვის და მოსწავლისთვის ბილეთის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.
პოპულარული ადგილია ბათუმის აკვარიუმიც. გასულ წელს აკვარიუმს სულ 28 422 ტურისტი ეწვია და არც წელს აკლია დამთვალიერებლები (იხილეთ ინფოგრაფიკა). აკვარიუმში ბილეთის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა.
პოპულარული ადგილების ჩამონათვალში ბათუმის ზოოპარკიც მოხვდა. აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, ვაჟა მეგრელიძის ინფორმაციით, ზოოპარკს 2015 წლის მონაცემებით 17 125 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წლის მონაცემებით კი – 7045. ზოოპარკში 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა უფასოა, ხოლო 6 წელს გადაცილებულთათვის – 2 ლარი ღირს. ვიზიტორთა რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იზრდება და ისინი, ძირითადად, უცხოელები არიან.
„ბათუმელები“ ბათუმში ყველაზე ცნობილი მუზეუმების სტატისტიკითაც დაინტერესდა.
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორის ოთარ გოგოლიშვილის განცხადებით წელს, მარტამდე, სარემონტო სამუშაოების გამო მუზეუმს ვიზიტორები არ ჰყავდა, 22 მარტიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე კი მუზეუმი 8 365-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. ვიზიტორების უმრავლესობა თურქები, რუსები, უკრაინელები და ირანელები არიან. მუზეუმში ბილეთის ფასი უფროსებისთვის 3 ლარია, სტუდენტებისთვის – 1 ლარი, ბავშვებისთვის კი – 50 თეთრი. ექსკურსიის ფასი 5 ლარს შეადგენს.
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გასულ წელს 7 664 ვიზიტორი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით – 4 977 ვიზიტორი. ბილეთის ფასებია: ზრდასრული მოქალაქეებისთვის – 2 ლარი, სტუდენტებისათვის – 1 ლარი და მოსწავლეებისათვის – 50 თეთრი.
სასკოლო პერიოდში მუზეუმს ძირითადად სკოლის მოსწავლეები ათვალიერებენ, ხოლო ზაფხულში – უცხოელები, განსაკუთრებით დამსვენებლები უკრაინიდან და რუსეთიდან.
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს 6 653 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2016 წლის მონაცემებით – 2 964 ვიზიტორი, ამასთანავე – 1544 დელეგაცია. ფასები არქეოლოგიურ მუზეუმში იგივეა, რაც ბათუმში მდებარე სხვა მუზეუმებში.
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს მუზეუმს 1980 ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2016 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით – 3736 ადამიანი.
ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარისუმაღლესისაარჩევნოკომისია [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს.
ამ წესის შესაბამისად კი, შემდგომში გაიმართება წილისყრა, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებაზე, თუმცა როდის, თარიღი უცნობია.
ხვალ, უსკო, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის, დაფინანსების წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებაც იმსჯელებს.
გუშინდელი წვიმისა და ქარის გამო რამდენიმე ადგილზე დაზიანდა ქოლგები მემედ აბაშიძის ქუჩაზე. დილით, ქუჩის ბოლოში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან, რამდენიმე ტროსი გაწყვეტილი იყო, რომლებზეც ქოლგები იყო დამაგრებული.
„დილით ადრე მოვედი სამსახურში, წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა, ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მარა როგორც აღმოჩნდა ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა. თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინენ ქალები, იღლიაში დანებით და ყველას მიჰქონდა თავისი წილი 2-3 ქოლგა“ – წერს ერთ-ერთი მოქალაქე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
ა(ა)იპ ქ. ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ „დაკარგული 5 ქოლგა თუ იქნება, დანარჩენი დავამაგრეთ, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე იყო, არამედ ქუჩის გასწვრივ“.
კითხვაზე, თუ რას უპირებენ ქოლგებს ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჯონი საბაშვილი პასუხობს, რომ ეს ქოლგები არ შეუსყიდია კულტურის ცენტრს და ხელშეკრულების მიხედვით ისინი ეკუთვნის კერძო კომპანიას.
რაც შეეხება დღეს, 4 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებებს, ამინდის გაუარესების გამო ყველა აქტივობა გადატანილია ბულვარში, საზაფხულო თეატრში. დასწრება, მერიის ინფორმაციით, უფასოა და ღონისძიებები 14 საათიდან დაიწყება. ეს არ ეხება გალა კონცერტს, რომელიც გეგმის მიხედვით, დღეს, საღამოს 19 საათზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ ჩატარდება.
ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას?
ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ბიუჯეტის შემოსულობებში. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დგება გასაყიდი ქონების ჩამონათვალი.
იმ ქონების საერთო, სავარაუდო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წელს გეგმავდა, 18 მილიონზე მეტი ლარი იყო. სამინისტრომ „2016 წელს გამოსაცხადებელ სავარაუდო ობიექტთა ნუსხა“ შარშან, რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს დაურთო.
„2016 წელს გამოსაცხადებელი სავარაუდო ობიექტთა ნუსხაში“, რაც რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ სამინისტროდან, 14 გასაყიდი ობიექტია [სავარაუდო ფასების გარეშე], ძირითადად, მიწის ნაკვეთები და ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის N40-ში.
ზურაბ ჭურკვეიძე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე განმარტავს, რომ კანონი სავარაუდო საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, როგორც ასეთს, არ ითვალისწინებს. შესაბამისად, განიხილება ნებისმიერი ქონების პრივატიზება, რომლის გასხვისებასაც კანონი არ კრძალავს. გარდა დაინტერესებისა, სამინისტრო თვითონ უზრუნველყოფს ინიციატივას ამა თუ იმ ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანის თაობაზე და აცხადებს აუქციონს.
„როგორც წესი, დაინტერესებული პირი მოგვმართავს განცხადებით ამა თუ იმ ქონებასთან დაკავშირებით. განაცხადში არის მითითებული ქონების გადაცემის სასურველი ფორმა [აუქციონი/პირდაპირი მიყიდვა], შესყიდვის ფასი, ვადები, ინვესტიციის მოცულობა და ა.შ. რის შემდეგაც იწყება მიმოწერა სამინისტროსა და დაინტერესებულ პირს შორის. ამ გზით ზუსტდება დეტალები. სამინისტროს ინიციატივა არ არის პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს ქონება, რაც შეეხება აუქციონს – არის როგორც პირობიანი, ასევე უპირობო. რაც შეეხება პირდაპირ მიყიდვას – ამ საკითხს მთავრობის თავმჯდომარე წყვეტს,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.
მიმდინარე წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ანუ აუქციონისა და ვაჭრობის გარეშე აჭარის მთავრობის მიერ პრივატიზებულია 15 ერთეული ქონება. აქედან 4 არასაცხოვრებელი ფართობი და 2 ბინა თითო ლარადაა გადაცემული ექვს ოჯახზე ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი, ძირითადად, მიწის ნაკვეთებია, მათ შორის ერთ ლარად გასხვისებულიც.
„მართლზომიერ მფლობელებთან, ასევე ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სამდონიანი კომისია არსებობს. ამ კომისიების რეკომენდაციის საფუძველზე კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს პირდაპირი მიყიდვის ბრძანების პროექტს და შემდეგ ხდება ოჯახებზე ფართობებისა თუ ბინების საკუთრებაში გადაცემა. რაც შეეხება 1 ლარად ქონების გადაცემას, გამონაკლის შემთხვევაში, ესეც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ხდება,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.
1 ლარად არის გადაცემული მიმდინარე წლის მაისში ქონება [6172 კვ/მ მიწის ნაკვეთი] ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიაზე“.
კომპანიამ აქ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობი – სასტუმრო, არანაკლებ 100 ნომერი, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი – 20 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს; ამასთან, უნდა დაასაქმოს არანაკლებ 60 მოქალაქე, მათ შორის 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. „მეტრო ატლას ჯორჯია“ ვალდებულია ასევე დასაქმებულთა რაოდენობა და სასტუმროს პროფილი ობიექტის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.
ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, ეს პირობები, ფაქტობრივად, ინვესტორის წინადადება იყო და „ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ქონება უკან დაბრუნდება. 1 ლარად გასხვისების მიზანი კი გოდერძის უღელტეხილზე საინვესტიციო გარემოს განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ორი კარგი სასტუმრო რომ ამუშავდეს გოდერძიზე, ეს ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს სხვა ინვესტორებისთვის, ფასებიც გაიზრდება და მიმზიდველობაც ამ ადგილების. შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარე ზოგჯერ იღებს გადაწყვეტილებას 1 ლარად გაასხვისოს ქონება გარკვეული პირობებით, წაახალისოს ინვესტორი და ამით ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას ამა თუ იმ ადგილებში“.
1 ლარად გასხვისდა ივნისში 915 კვ/მ შენობა და 3 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში [კოლომბერი] შპს „ROYA“-ზე. ეს ქონება მუნიციპალიტეტმა აჭარას გასულ წელს უსასყიდლოდ გადასცა.
აღნიშნულმა კომპანიამ აქ არანაკლებ 20 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა ააშენოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 22 თვეში; შენობის ნაწილში ღვინის სახლი [მარანი] უნდა მოაწყოს და აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 950 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მასვე ევალება არანაკლებ საქართველოს 10 მოქალაქის დასაქმება 2 წლის ვადით და სასტუმროს პროფილის არანაკლებ 5 წლით შენარჩუნება.
სამინისტროს ორი „მსხვილი“ ობიექტი აქვს ბათუმში, რომლებიც, არაერთი აუქციონის მიუხედავად ვერ გაყიდა. ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და მეორე – ეროვნული ბანკის ასევე ყოფილი შენობა. ორივე ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარეობს, 40 და 25 ნომრებში და ორივეს ძეგლის სტატუსი აქვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 40 / როინ გუნდაძის ფოტო
„საგარეოს ყოფილ შენობას ღირებულება, როგორც ძეგლს, ჩემი აზრით დაკარგული აქვს, ვინაიდან აქ დაწყებული იყო შენობის მშენებლობა, რომელიც დაუსრულებელია. ვინაიდან სტატუსი აქვს, მყიდველმა უნდა მოახდინოს რეკონსტრუქცია და პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინოს შენობა, გააფორმოს ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან – ეს არის აუცილებელი ვალდებულება. თუ სტატუსი მოეხსნა, უფრო დიდი ინტერესი იქნება აქ, ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შეისწავლონ უნდა სპეციალისტებმა და თუ დაკარგული აქვს ღირებულება ძეგლის, უნდა მოეხსნას სტატუსი, ინვესტორებიც გამოჩნდება და შედეგიც აუცილებლად დადგება,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.
აღნიშნული ქონება [664,8 კვ/მ შენობა-ნაგებობა და 1128 კვ/მ მიწის ნაკვეთი] ბოლოს, აუქციონზე 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის შენობას, ის ბოლოს აუქციონზე 6 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გატანილი [ადრე კიდევ უფრო ნაკლებად]. ამ ქონებაში მომავალმა მესაკუთრემ უნდა მოაწყოს და აამოქმედოს სასტუმრო – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინე და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.
აუქციონი, მიუხედავად თავდაპირველი დაინტერესებისა, არც ერთ შემთხვევაში არ შედგა. დაინტერესებულმა პირებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უფლება აქვს ცვალოს საწყისი გასაყიდი ფასები, მაგრამ „კანონის შეზღუდვა არის ის, რომ ქონების ღირებულებაზე ნაკლები არ უნდა იყოს საწყისი გასაყიდი ფასი [თუმცა, ასეთი რამ, გამონაკლის შემთხვევაში მთავრობის თანხმობით შესაძლებელია]“.
ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 25 / როინ გუნდაძის ფოტო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 4,5 მილიონ ლარადაა შეფასებული აუდიტის მიერ, ხოლო ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის თვითღირებულება დაახლოებით 14,5 მილიონი ლარია.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება ამ შენობების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისება, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ „არა, იმიტომ, რომ დაინტერესებაც არ არის“.
კითხვაზე, თუ რომელი ქონებით არიან ამ ეტაპზე დაინტერესებულნი, ზურაბ ჭურკვეიძე გვპასუხობს: „ჩვენ ქონების შესახებ ინფორმაცია ბიზნესფორუმებზე გაგვაქვს, რომ ინვესტორები დავაინტერესოთ. ამ ეტაპზე დაინტერესება არის ბათუმის ტერიტორიაზე, ასევე მახინჯაურში, ძირითადად, მიწის ნაკვეთებზე~.
რაც შეეხება „აჭარის კურორტების“ ნაწილს, სადაც ყაზახური ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო და რომელიც სახელმწიფომ დაიბრუნა, სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც კი გაჩნდება ინტერესი, დაბრუნებულ ქონებას მაშინვე გაიტანენ აუქციონზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ქონების ნაწილი – ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორია სამინისტრომ უკვე გაიტანა აუქციონზე, თუმცა, არც ეს აუქციონი შედგა. აუქციონის პირობის მიხედვით, ზღვისპირა ტერიტორია 3 მილიონ ლარად იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
„სადაც არის გამოხატული ინტერესი, გამოგვაქვს ქონება და მიდის ვაჭრობა, თუმცა ხშირად ხდება, რომ არის დაინტერესება, მაგრამ შემდეგ აღარ მონაწილეობენ აუქციონში. „მზიურის“ შემთხვევაში ინვესტორმა, ვინც იყო დაინტერესებული, არ მიიღო მონაწილეობა, რაც შემდეგ ფინანსური პრობლემებით ახსნა,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე – „რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ ქონებით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაციას, კონფიდენციალურია“.
მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, პირობებიანი აუქციონების შედეგად, აჭარაში გაყიდული ქონების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 820 380 აშშ დოლარი და 11 101 650 ლარი; უპირობო აუქციონით – 292 900 აშშ დოლარი და 13 300 ლარი. ამასთან, ძირითადი საშუალებების [ავტომანქანები, ჯართი და სხვა] გაყიდვით ბიუჯეტში ჩაირიცხა 6779 დოლარი და 124 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები გორგილაძეების ექვსსულიანი ოჯახი საოჯახო ბიზნესს წლებია ეწევა, სახლის პირველ სართულზე მოწყობილ მარანში ყოველდღიურად ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს იღებს და ოჯახში დაწურული ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება. საოჯახო ბიზნესთან ერთად გორგილაძეები შიდა მეურნეობასაც ეწევიან.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე შეფენილ სოფელ ვაიოში, სოფლის ცენტრში აბრაა წარწერით: „მახოს მარანი“, აბრიდან რამდენიმე მეტრში, გორგილაძეების სახლთან მისვლამდე კი ბოლო ნიშნულია – „ღვინის გზა“, საიდანაც გორგილაძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოჩანს.
გორგილაძეებმა საოჯახო ბიზნესი შიდა მეურნეობიდან დაგროვებული თანხით ოთხი წლის წინ წამოიწყეს და სახლის პირველ სართულზე სათავსო მარნად აქციეს. დღეს აქ გორგილაძეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს ოჯახური ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებიან.
მარანში არსებული ყველა ნივთი ქართული მეღვინეობის ტრადიციასთან ასოცირდება: ფიალები, ყანწები, თიხის დოქები, სუვენირები… მარნის ერთ მხარეს თიხის ჭური, ხოლო მეორე მხარეს – ქართული ეროვნული სამოსია გამოფენილი, იქვეა ბუხარიც. მარანში ჯამში 30-მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
ოჯახში ყოველი დღე სისხამ დილით იწყება და გვიან ღამით სრულდება. გარდა იმისა, რომ მარანი აქვთ, გორგილაძეები შიდა მეურნებასაც ეწევიან, მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და საზამთროც კი. ეწევიან მეთამბაქოეობასაც და წლის განმავლობაში ათეულობით კილოგრამი თამბაქო მოჰყავთ.
„ყველა დღე დილის 6-7 საათიდან იწყება, ყველა საქმეს თანმიმდევრობით ვაკეთებთ, ვერ ვიტყვი, რომ ადვილია ამდენი რამის ერთდროულად კეთება, რთულია, მაგრამ ბავშვებს განათლება სჭირდებათ, განათლებას – ფული, ამიტომაც ვმუშაობთ ამდენს ფიზიკურად. თუ შრომა გიყვარს, ყველგან ირჩენ თავს, ერთ პატარა სოფელშიც კი, მთავარია ისეთი რამ მოიფიქრო, რაც შედეგს მოგიტანს. მარნის გახსნის იდეა ნათესავებმა მოგვაწოდეს, ამ სფეროში არიან დასაქმებული, ქმრის დას გესტჰაუსი აქვს სოფელ გობრონეთში, სწორედ მან გვირჩია მარანი გაგვეხსნა სახლში, რადგანაც საოჯახო ბიზნესი სოფლად უფრო მომგებიანი იყო და ჩვენც იდეა რეალობად ვაქციეთ,“ – ამბობს ოჯახის დიასახლისი, თამარ ბერიძე.
მალხაზ და მაგდა გორგილაძეები. ეკა ბარამიძის ფოტო
მალხაზ გორგილაძე ამბობს, რომ საოჯახო ბიზნესით სოფელში ადამიანი „მილიონერი ვერ გახდება“, თუმცა თავის რჩენას თავისუფლად შეძლებს.
„ამით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ არც გაჭირვებული და წყალწაღებული იქნები. მოსახლეობას ვურჩევ გააშენოს ვაზი, მოაწყოს მარანი, ამისთვის ხელსაყრელი ადგილი შეარჩიოს და ნუ იქნება სხვაზე დამოკიდებული, წლებია ფუნქციონირებს ჩვენი მარანი, მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი წელს გვეწვია, 400-ზე მეტი ვიზიტორი მივიღე, ეს არ არის ცოტა,“ – ამბობს მალხაზი.
გორგილაძეები სოფელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს ძირითადად ადგილობრივი პროდუქციით დამზადებული კერძებითა და ოჯახში დაწურული ღვინით უმასპინძლდებიან.
„ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან ყველაზე ძვირადღირებული ყურძენი ცოლიკაური, ჩხავერი და ალადასტური მაქვს გაშენებული, ყოელწლიურად ვწურავ ღვინოს და ოჯახში დაწურული ღვინით ვუმასპინძლდები ტურისტებს. რატომ უნდა იყიდო ღვინის დასაყენებლად ყურძენი ქედაში, მაშინ როდესაც განსაკუთრებული, საღვინე ჯიშის ვაზი ხარობს ჩვენთან?!“ – ამბობს მალხაზი.
თამარსა და მალხაზს სამი შვილი ჰყავთ: 22 წლის გიორგი, 20 წლის მარიამი და 16 წლის მაგდა. გიორგი ბათუმში მუშაობს და საოჯახო ბიზნესში ნაკლებადაა ჩართული. მარიამი სტუდენტია, მშობლებს საოჯახო საქმიანობაში მაშინ ეხმარება, როდესაც უნივერსიტეტში არდადეგებები ეწყება. საოჯახო საქმეებში თამარს ძირითადად 16 წლის მაგდა ეხმარება. მას ყოველდღიურად მარნის დასუფთავება და სტუმრების გამასპინძლება უხდება. მაგდა ამბობს, რომ ეს ზაფხული მისთვის ძალიან დამღლელი იყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ინგლისურის შესწავლა დაისახა მიზნად და პრაქტიკას საკუთარ ოჯახში გადის, ამით კმაყოფილია.
„შეიძლება ითქვას, სახლში მსოფლიოს გავეცანი, მოდიან აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი ტურისტები… სანამ მარიამი დაიწყებდა სწავლას, ორივე ვეხმარებოდით მშობლებს, ახლა ძირითადად მე მიწევს მარნის დალაგება, სტუმრის გამასპინძლება. და-ძმის მსგავსად მეც მინდა უმაღლესი განათლება მივიღო. ჩვენთან მოსული ტურისტების ნაწილი ინგლისურად საუბრობს და სურვილი გამიჩნდა ინგლისური შევისწავლო, რაღაც დონეზე ვიცი, პრაქტიკასაც საკუთარ სახლში გავდივარ, შეიძლება ითქვას, ალღო ავუღე,“ – ყვება მაგდა.
საოჯახო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული მალხაზის დედა, დარეჯან გორგილაძე. ის თამბაქოს ასხმითაა დაკავებული და ყოველდღიური მუშაობით 71 წლის მოხუცი ოჯახს ეხმარება.
„მახოს მარანში“ ასულ ტურისტებს თამარი ხაჭაპურს, სინორს, ბორანსა და სხვა ადგილობრივ კერძებს უმზადებს. ერთი სტუმრის გამასპინძლების ფასი 25 ლარია, რაშიც შედის სასმელის ღირებულება ვიზიტორს შეუძლია ამ თანხით ადგილზე დასალევად იმდენი ღვინო მოითხოვოს, რამდენიც უნდა.
„კერძების დასამზადებლად მხოლოდ ხორცეულს ვყიდულობ, რძის ნაწარმი და ბოსტნეული ჩემი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების დიდი ნაწილი „კაიმაღს“ მოითხოვს, მე არასდროს მიყიდია, რადგან ბევრი რამე საკუთარ მეურნეობაში გამომყავს, ეს მიტოვებს მოგებას. თუ ბოსტნეული და რძის ნაწარმი ვიყიდე, რაღა მოგება დარჩება? მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში დასვენების დრო არ მაქვს, სულ საქმეში ვარ. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სეზონურია, მოსავალი კიტრით იწყება, გასაყიდი მოგვყავს, მას მოჰყვება თამბაქო და შემდეგ ტურისტული სეზონი იწყება, ყველაზე მეტი შემოსავალი მაინც ტურისტებიდან გვრჩება,“ – ამბობს თამარი.
როგორც მალხაზი გვიყვება, უცხოელ ვიზიტორებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიდგომა: „მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ მოექცე ტურისტებს. ყველას თავისი ხასიათის მიხედვით უნდა მიუდგე. არ არის ეს მარტივი, მაგრამ არც გადაულახავია.“
ოჯახი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. ახლა გორგილაძეები კოტეჯს აშენებენ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, როგორც მალხაზი ამბობს, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისისთვის კოტეჯი უკვე დაჯავშნულია.
„ერთოთახიანი იქნება, მაგრამ ერთდროულად ხუთ ადამიანს დაიტევს. კოტეჯის მოთხოვნა ტურისტებისგან წამოვიდა, ამ დროისთვის ერთს ვაშენებ, ვნახავ, როგორ გაამართლებს, თუ გაამართლა, მეორეს და მესამეს შევუმატებ. ეს საცდელია, გეგმის მიხედვით პირველი დამსვენებელი კოტეჯში სექტემბრის ბოლოს უნდა მივიღო, გვყავს ვიზიტორები, რომლებმაც დაკვეთა მოგვცეს და ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის პერიოდში უნდა მოვიდნენ.“
ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა.
პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი. „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა პოსტელოვამ დაიკავა.
„Batumi Ladies Open” ბათუმში 1997 წლიდან ტარდება. იგი ჩასმულია საერთაშორისო კალენდარში და ყოველწლიურად სექტემბრის დასაწყისში ტარდება. საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს ჯილდოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად გადასცა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.
ალექსანდრა პოსტელოვა და მარიამ ბოლქვაძე /„Batumi Ladies Open 2016” / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური
6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს. სპექტაკლი საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება.
7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
7 სექტემბერს ასევე წარმოდგენილი იქნება „ჰალუციანაცია“. დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი, გეგა გაგნიძეა. წარმოდგენილის ადგილი კაფე BK. მემედ აბაშიძის ქუჩაზე. დასაწყისი 22:00 საათზე.
8 სექტემბერი. წარმოდგენილი იქნება დარამტურგ ლია ლიქოკელის პიესა, „ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის“. რეჟისორი ნინო შოთაძეა, მსახიობი კი მარინა ბურდული. წარმოდგენა გაიმართება „ახალი სცენა“-ზე.
ამავე დღეს, ანუ 8 სექტემბერსვე იქნება წარმოდგენილი დრამატურგ ზურაბ პაპიაშვილის ნამუშევარი, – „სადღეგრძელო“. რეჟისორი ირაკლი გურგენიძეა, მსახიობი კი დავით წერეთელი. წარმოდგენა გაიმართება ლიტერატურულ კაფეში. 21:30 წ-ზე.
„მონოპიესების ფესტივალი“ 9 სექტემბერს დაიხურება. 20:30 წუთზე „თავისუფალი სივრცე“ უმასპინძლებს ირაკლი კაკაბაძის პიესას „ჩემი მეგობარი ჰაშიში“. რეჟისორი ირაკლი გოგია, მსახიოგი გიორგი ცხადაძე.
ფესტივალის ბოლოს, საღამოს 22:00 საათზე, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში წარმოდგენილი იქნება დარამატურგ ნატალია ბლოკის პიესა, – „წრეზე“. რეჟისორი ტურალ ვაგიფოღლუ. მსახიობი ნინო ციმაკურიძე.
დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია:
„ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია, აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და გია თავამაიშვილმა დაიწყეს აქ გათხრა. 50 მეომარი, რომელიც აქ არის დაკრძალული, ხელმეორედ ვიპოვეთ. ასე, რომ ეს ადგილი ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“
დავით ბერძენიშვილი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რაზე ესაუბრა ზურაბ პატარაძეს, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაელაპარაკო ოპონენტს, ამას პოლიტიკური კულტურა მოითხოვს:
„პოლიტიკური კულტურა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო სათანადო, ზურაბ პატარაძე ჩემი ოპონენტია და მას ტელევიზიით მივმართავ ხოლმე და დებატებშიც ვიწვევ, ისევე როგორც ლევან ვარშალომიძეს თუ დავით თარხან-მოურავს, რაც შეეხება ურთიერთობებს, ქართული პოლიტიკა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ძალიან მკვეთრი ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს ჩვეულებრივი კორექტული ურთიერთობებისთვის“.
მთავრობის წარმომადგენლების და საარჩევნო სუბიექტების გარდა, გმირთა მემორიალი ყვავილებით უცხოელმა სტუმრებმაც შეამკეს.
წელს „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 4 ათასი ლარი, ღონისძიებების სცენარისთვის არის გათვალისწინებული. „ბათუმობა“ დღეს, 3 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა.
„2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ რეგისტრაციაში გატარების ერთ ერთი საფუძველი ბათილად იქნა ცნობილი.
პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციის ბათილად ცნობამ გამოიწვია საარჩევნო ბლოკის „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო“ რეგისტრაციის გაუქმების აუცილებლობა. რადგან, კანონმდებლობის შესაბამისად თუ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, უსკოს თავმჯდომარის N41 განკარგულებით რეგისტრაცია გაუუქმდა საარჩევნო ბლოკს – „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო“ (გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრაული საქართველო“). მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ კი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს“ – აღნიშნულია უსკოს განცხადებაში.
3 სექტემბრის მდგომარეობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 4 საარჩევნო ბლოკი [გაერთიანებული 9 პარტია] და 16 პოლიტიკური პარტია.
საარჩევნო ბლოკები:
„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ [გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: “ახალი მემარჯვენეები,” “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,” და “სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო”];
„თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ [გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „თოფაძე – მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“];
„ჩვენები – სახალხო პარტია“[გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები:“სახალხო პარტია“ და „ჩვენები“];
„ნინობურჯანაძე – დემოკრატიულიმოძრაობა“[გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“].
დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“ გაიხსნა, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება. მემედ აბაშიძის ქუჩა ფერადი ქოლგებით მოირთო. ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება.
„ბათუმობა“ 2016„ბათუმობა“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე
ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა ოფიციალური პირები. „ბათუმობას“ უცხო ქვეყნის დელეგაციებიც ესწრებიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად, „ბათუმობაზე.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილზე დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფების კონცერტი, რომელიც მოგვიანებით გაიმართება. ქუჩის მსვლელობებს აცოცხლებს სასულე ორკესტრი. ევროპის მოედანზე გაიმართა ფლეშმობი.
„ბათუმობა“ 2016„ბათუმობა“ -სთან დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში
10:30 საათი – სასტუმრო „ჰილტონი“ და „შერატონი“
ჩამოსული დელეგაციების წევრების ჩასხდომა [37 დელეგატი – 11 ქალაქი] გადაადგილდებიან ღიაავტობუსებით ,,ვერტიგოს“ მიმართულებით.
11:00 საათი – სასტუმრო ,,პალმ აპარტმენტი“ – ვერტიგო
შეხვედრა დელეგატებთან, მისასალმებელი სიტყვა – ქალაქის მერი.
13:00 საათი – გმირთა ხეივანი – ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნა
4 სექტემბერი – 6 მაისის პარკი [სტარტი] – ანბანის კოშკისაკენ მძლეოსნური გარბენი
ბათუმობა 3 -4 სექტემბერი დაგეგმილი ღონისძიებები
გამოფენები 12:00 დან 19:00 საათამდე
ფოტოკონკურსის – “ჩემი ბათუმი” გამარჯვებულების ფოტოგამოფენა „აპოლოს“ წინ; დაჯილდოვება 4 სექტემბერი
ფოტოგამოფენა – “ცეკვა და თანამედროვეობა” – ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი. ფოტოგრაფი რადეკ პოლაკი, ერას მოედნის გაზონი;
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი “Life N Style”-ის ქუჩის გალერეა;
ფოტოგამოფენა „ბათუმი ჩემი სიყვარულია“;
მახინჯაურის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა;
ირმა ტრაპაიძის ნამუშევრების გამოფენა;
ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა;
ესმა მამულაძე – თანამედროვე ქართული ტანისამოსი;
ლია სახიაშვილი – ხელნაკეთი ნივთები;
მარინა კაცოშვილი – ხელნაკეთი ნივთები;
ნანა საყვარელიძე – ხელნაკეთი ნივთები;
ბათუმელი ბენდების კონცერტი – მემედაბაშიძის ქუჩა;
კულინარიული გამოფენა;
წიგნების გამოფენა.
კოლონადებთან საბავშვო კონცერტი (6 მაისის პარკი) 12:00-19 :00 საათამდე მონაწილეობენ:
1. ლიმპოპო
2. ბასტი-ბუბუ
3. ვახტანგ ტატიშვილი
4. ნუგზარ კვაშალი
5. სტუდია „ლალე“
6. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები
7. მაქსილენდი
კონცერტები/შოუები/აქტივობები მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩებზე მონაწილეობენ:
ბათუმელი ბენდების კონცერტი – აბაშიძის ქუჩა;
პოეტების კუთხე ,,პოეზია ბათუმში“ – დუმბაძისქუჩა;
ჯაზბიგბენდი – დუმბაძის ქუჩა;
დრამ სქული;
კოსტუმირებული მსვლელობა ოჩოფეხები;
თოჯინების თეატრთან საბავშვო წარმოდგენა.
13:00 საათიდან 16 :00 საათამდე:
გოგონათა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ტრიო, კაპელა;
ანსამბლი ბათუმელები – კაფე პრინცესას აივანი
„ბათუმობა 2016“-ის აფიშა ქ. ბათუმის მერიამ გაავრცელა.
ა(ა)იპ-„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მონაცემებით, 2016 წლის 2 სექტემბრის 18 საათისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევის 502 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან:
პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 399 ფაქტი, დარღვეულია დგომის მეთოდი – 8, ორმაგი პარკირება – 1, ნიშანში დგომა – 60, ტროტუარზე დგომა – 13, ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობა – 8, დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 2, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 11.
ფოტოები ბათუმის ქუჩებში გადაღებულია სხვადასხვა დროს
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა:
ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ტარიელ მამულაიშვილი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – პაატა ცივაძე;
ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული ჟღენტი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – რუსუდან სიხარულიძე,
ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – არჩილ მამულაძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ზაურ გაბაიძე,
ქობულეთის 71-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ავთანდილ ხაბაზი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ია მესხიძე,
ხელვაჩაურის 72-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ლევან ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – მალხაზ მხეიძე,
ქედის, შუახევისა და ხულოს 73-ე მაჟორიტარულ ოლქში: საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე.
პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა ბათუმში დაასახელა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩოხატაური/ ლანჩხუთის მაჟორიტარულ ოლქში – გურანდა მანაგაძე.
ქედის, შუახევისა და ხულოს 73-ე მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატი ამ ეტაპზე ალიანსს არ დაუსახელებია.
დავით თარხან-მოურავი
დავით თარხან მოურავის თქმით, ის იქნება პატრიოტთა ალიანსის სიის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში: „ჩვენი ამოცანა არის გავიყვანოთ აჭარის უმაღლეს საბჭოში 11 დეპუტატი, თუ ჩვენ შევძლებთ რომ 11 კაცი გვყავდეს უმაღლეს საბჭოში, გვექნება შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ფორმირების, მე თვითონ ჩავუდგები სათავეში აჭარის მთავრობას და გადმოვალ საცხოვრებლად აჭარაში“.
დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია.
საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე.
არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან გობაძემ საკუთარი თავი წარადგინა თავმჯდომარეობის კანდიდატად და აღნიშნა, რომ მას არჩევნებამდე ჰქონდა კულუარული შეთავაზება გიორგი ირემაძესთან, რომ ირემაძეს თავისი კანდიდატურა დაეყენებინა, თუმცა გიორგი ირემაძემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ბეჟან გობაძემ საკუთარი კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტა თავმჯდომარის პოსტზე.
საბჭოს წევრმა ირაკლი დარცმელიძემ ნატა იმედაიშვილს გუშინ ტელევიზიით მოუწოდა თავი შეეკავებინა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისგან, რადგან იგი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის [პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი კობა ჩხეიძე] მეუღლეა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაზე. ამასთან დაკავშირებით გიორგი ირემაძემ სხდომაზევე განმარტა, რომ ეს ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა ნატა იმედაიშვილს წევრად არჩევის, შემდგომში უკვე თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის დროსაც და ამას მის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.
კენჭისყრამდე კანდიდატებმა 5-5 წუთიანი რეგლამენტით ისაუბრეს საკუთარ ხედვებსა და გეგმებზე საბჭოს მუშაობაში. ნატა იმედაიშვილის თქმით, მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ამ დროის განმავლობაში იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული და მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას:
„საბჭოს აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, იმ თვალსაზრისით, რომ პრიორიტეტების შესასრულებლად ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად მობილიზებული, უფრო მკაფიო პოზიცია გვქონდეს მენეჯმენტთან, ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იყოს უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ მგონია, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ისე უნდა ასახოს, როგორც მოითხოვს ამას დემოკრატია და პლურალიზმი… და მე მგონია, რომ საბჭოს ყველა წევრთან ერთად ვიქნები სწორედ ფარი ამის დასაცავად“, – განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.
ბეჟან გობაძემ თავისი გამოსვლა ნატა იმედაიშვილის კანდიდატურისადმი წინააღმდეგ წასვლის მოტივის ახსნით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ მან ერთხელ უკვე დააყენა ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა ამ პოზიციაზე და როგორც შემდეგ გაირკვა ნატა იმედაიშვილმა იმ არჩევნებზე საკუთარი თავის წინაამღმდეგ მისცა ხმა: „ქალბატონმა ნატამ ეს პასუხისმგებლობა მაშინ ვერ აიღო თუ ვერ აიღო“, – განაცხადა ბეჟან გობაძემ და დასძინა, რომ მან ნატა იმედაიშვილის მხარდაჭერა ვერც ტელევიზიის დირექტორის გადაყენების მოთხოვნის დროს მიიღო, – „მაშინ დირექტორის გადაყენების მოთხოვნა დავაყენე მე და ქალბატონმა ნატამ ამ პროცესებში მონაწილეობაც არ მიიღო. თუ მაშინ ჩემს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მქონდა ეჭვები, ახლა ერთი წლის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად დავაყენე დირექტორის გადაყენების საკითხი, რაშიც ვერ მივიღე ქალბატონი ნატას მხარდაჭერა და მასაც ვუთხარი, რომ მე მას მხარს, კიდევ ერთხელ, აღარ დავუჭერდი“.
ბეჟან გობაძე გამოსვლაში კრიტიკული იყო საბჭოს ბოლო სამი წლის მუშაობის შესახებაც: „რიგი საკითხები, რასაც კანონი გვავალებდა, ვერ მოესწრო და არ გაკეთდა, რაც მიუთითებს აპარატის და მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის სუსტ მუშაობაზე“, – განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე აქტიური საბჭოს მუშაობის პროცესში ამ ხნის მანძილზე თავად იყო და თავმჯდომარეობის შემთხვევაშიც ასე გაგრძელდებოდა. ბეჟან გობაძემ ასევე ისაუბრა დაფინანსების გაზრდის, პროგრამული ბიუჯეტის, სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და კონკურსის წესით თანამშრომლების აყვანის საჭირობების შესახებ.
საბოლოოდ ფარული კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა 2-2 ხმა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო თავმჯდომარის გარეშე აგრძელებს მუშაობას, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი კვლავ ნატა იმედაიშვილი რჩება.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გაიმართება თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა როგორც საბჭოს წევრებმა განმარტეს, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, თავმჯდომარის არჩევნების გამართვა საბჭოს ამავე შემადგენლობითაც შეუძლია.
აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის ხუთწევრიან სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს.