მეტლახი XX საუკუნის დასაწყისში დაგებული იატაკის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. შენობა ბათუმის მერიას ეკუთვნის და აქ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისი უნდა განთავსდეს, თუმცა ძველ ბათუმში მდებარე შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მერიაში ეს არ იცოდნენ.

ზვიად გამსახურდიას #-6-ში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. ჯერ კიდევ გუშინ, 9 სექტემბერს, აქ ძველი ბათუმური სახლებისათვის დამახასიათებელ, მოზაიკური ტიპის იატაკზე ახალ მეტლახს აგებდნენ. ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქის მერის წარმომადგენელმა ირაკლი დევაძემ “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ იატაკი ისეა დაზიანებული, რომ სხვა გამოსავალი არ იყო:

“მაქ იყო იატაკის სამი ფენა, ჯერ იყო ლინოლეუმი, შემდეგ იყო ზემოდან გადაგებული პარკეტი და ზემოდან ლამინატი. პლუს ამას ყველაფერი იყო გიფსოკარდონში შეფუთული, დიზაინი რაც იყო გათვალისწინებული, თავიდან ბოლომდე შევცვალე, რომ აღმოვაჩინე, რომ კედლის სვეტები იყო და დაგებული ძირს, [ძველი მეთლახი] რადიალით ამოვაჭრევინე. რომელიც ვარგოდა, ძველი, წაღებული მაქვს რესტავრატორებთან და მინდა, რომ სვეტზე, რომელიც აღმოვაჩინეთ [მას შემდეგ რაც გიფსოკარდონი მოიხსნა], ეს ყველაფერი დავამონტაჟო.”

კითხვაზე, რატომ დაასკვნეს, რომ იატაკი დაზიანებული იყო, ირაკლი დევაძე ამბობს, რომ როდესად “იატაკი ამოიღეს რადიალით, იფშვნებოდა და აზრი არ ჰქონდა”:

“იატაკი ნესტისგან იყო დაზიანებული და სხვანაირად არ გამოვიდოდა. მოვიყვანე ჩემი მეგობრები, რესტავრატორები და დიზაინერები, ჩვენ ამას ხელშეკრულებით არავინ არ გვავალებდა, უბრალოდ მე, როგორც ხელოვნებათმცოდნემ, ბათუმელმა, გავაკეთე ეს.”

მსგავსი იატაკი აქვს გვერდით მდებარე შენობასაც, რომელიც ბათუმის მერიამ საინიციატივო ჯგუფს – “თავისუფალ სივრცეს” გადასცა ადაპტირებული, სოციალური კაფეს მოსაწყობად. მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის იატაკის მსგავსად, აქაც იატაკს რამდენიმე ფენა ჰქონდა გადაგებული, თუმცა მოხალისეებმა იატაკი გაასუფთავეს და შეინარჩუნეს.

იატაკი "თავისუფალ სივრცეში"
იატაკი “თავისუფალ სივრცეში”

9 სექტემბერს “ბათუმელებმა” დაათვალიერა შენობა გამსახურდიას #6-ში. იატაკის მცირე ნაწილი შესასვლელში დაზიანებულია, თუმცა შენობის იმ ნაწილში, სადაც იატაკი ჯერ კიდევ შემორჩენილია, იატაკზე დაზიანების აშკარა კვალი არ აღინიშნება. შენობაშივე ალაგია ირანული წარმოების მეტლახი, რომლის გადაგებაც იგეგმება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაგებულ იატაკზე.

იატაკი, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის 20-იან წლებშია დაგებული.
იატაკი, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის 20-იან წლებშია დაგებული.
დათო ტრაპაიძის ფოტო
დათო ტრაპაიძის ფოტო
ახალი მეტლახი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში
ახალი მეტლახი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში

ირაკლი დევაძე ირწმუნება, რომ იატაკი ნამდვილად დაზიანებულია, თუმცა სპეციალისტის დასკვნა იმის შესახებ, რომ იატაკი რესტავრაციას არ ექვემდებარება, მას არა აქვს:

“დასკვნა არსებობს თუ არა, შეეკითხეთ მირანდა ჩარკვიანს [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი], მე არ გეუბნებით, რომ დასკვნა არ არსებობს, იქნებ არსებობს.” კითხვაზე, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ იყო, ამის შესახებ იცოდა თუ არა, ირაკლი დევაძე ამბობს, რომ ამაზე მას კი არა, მირანდა ჩარკვიანს უნდა ვესაუბრობთ.

დასკვნა ნამდვილად რომ არ არსებობს, მეტიც, მერიას რომ საერთოდ არ გაუთვალისწინებია შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რესტავრაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვაა საჭირო, ამას მირანდა ჩარკვიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ადასტურებს:

“ახლა გააჩერეს ყველაფერი, პროექტს მოამზადებენ და საბჭოზე გავიტანთ, მივუთითებთ, რა როგორ უნდა გააკეთოს.

პირველ ეტაპზე, კანონდმებლობის თანახმად, ვაძლევთ გაფრთხილებას, რომ შეაჩერონ სამუშაოები და მოიყვანონ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. თუ არ შეაჩერეს, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და შემდეგ გადავდივართ სანქციებზე” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი. კითხვაზე, როგორ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რემონტი სააგენტოს თანხმობის გარეშე, მირანდა ჩარკვიანი პასუხობს, რომ მერიას ხელი არ მიუწვდება ბაზებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

ირაკლი დევაძე კი ამბობს, რომ კარგი საქმის გაკეთება უნდოდათ და კითხვას სვამს: სად იყვნენ ის ადამიანები, [ვინც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა ფეისბუქზე] მაშინ, როცა მან შენობას გიფსოკარდონი და მეტოლოპლასტმასი მოხსნა. მას საკუთარი შეხედულება აქვს მოქალაქეობრივ პოზიციაზეც:

“კარგი მოქალაქეობრივი პოზიცია ზუსტად ის არის, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ და რისი გადარჩენაც ჩვენ შევძელით, ტელევიზიების გარეშე შევძელით რესტავრირება და ამის დემონსტრირებას მოვახდენთ, როცა კედელზე დავამონტაჟებთ ყველაფერს. აი, ეს არის მოქალაქეობა და არა ის, რომ მიხვალ გადაიღებ ფოტოებს და მთავარია, რომ ჩირქი მოცხე. მე რატომ არ დამირეკეს?” – ამბობს ირაკლი დევაძე. იგი ასევე ამბობს, რომ “კარგი საქმის გაკეთებაში მათ ვერავინ შეუშლის ხელს”, თუმცა შენობაში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და “შენობის გასაღები მას აქვს ჯიბეში”.

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის პროკურატურასთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მინდია ოჯახიშვილი 6 სექტემბერს ღამით დააკავა პოლიციამ, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორმა ღამით მის მიღებაზე უარი თქვა –  დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან იზოლატორში მოთავსებულმა ოჯახიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით იარაღი ჩაუდეს.

მინდია ოჯახიშვილის ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მინდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს: „მხოლოდ იარაღის შეძენა- შენახვას გვედავებოდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც გვედავებიან და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასაც, რაც ტყუილია და აბსურდი. მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ უაპელაციოდ  არ მიიღოს ის მტკიცებულებები, რომელსაც აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო,” – განაცხადა მინდია ოჯახიშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ საპროტესტო აქციაზე ყურადღება გაამახვილა პირის ძალადობრივი გზით დაკავებაზე: „გვეგონა, რომ  სისტემა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი და ძალადობაზე აგებული, დაინგრა, მაგრამ არ ინგრევა, მივმართავ მთავარ პროკურორს, რომ უშუალოდ დაინტერესდეს ამ საქმით”.

მინდია ოჯახიშვილის პატიმრობისგან განთავისუფლების მოთხოვნით, აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ახალგაზრდებიც, რომლებმაც განაცხადეს რომ, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მინდია ოჯახიშვილს არ გაათავისუფლებენ.

proku 2
მინდია ოჯახიშვილის ახლობლების საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან. როინ გუნდაძის ფოტო

prok 3

 

 

უსკო წარმომადგენელს ოლქში 1000 ლარს გადაუხდის

უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩია. კონკურსში წარმოდგენილი 15 კანდიდატიდან 6 პირი უსკომ, როგორც კომისიაში განაცხადეს, ძირითადად საარჩევნო პროცესების გამოცდილების მიხედვით შეარჩია. გარდა ამისა, უსკოს წარმომადგენლობის მსურველს უნდა ჰქონოდა საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.
უსკოს წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდებას. წარმომადგენლის ანაზღაურება ერთჯერადად 1000 ლარითაა განსაზღვრული.
უსკოს წარმომადგენლებად დღეს, 10 სექტემებრის სხდომაზე აირჩიეს:
ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: ლევან დუაძე, რუსუდან ბერიძე; ხულოს N84 ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში: ასმათ ბოლქვაძე, შორენა ბოლქვაძე; ქობულეთის N81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: გიორგი ჩავლეიშვილი; ხელვაჩაურის N83-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: ნარგიზ ძირკვაძე.
უსკოს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშნვის უფლება, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად მიეცა.

მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმიდან

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისას „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პირებზე გააკეთა. არც მათ და არც სხვა პარტიების მიერ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობას, არ აქვს სამპუნქტიანი ჩამონათვალიც კი, რა თემებზე აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას.

ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ფატი ხალვაში წარადგინა. ის საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრია; ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. რა გააკეთა მან ქობულეთელი ამომრჩევლისთვის ოთხი წლის განმავლობაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ დეპუტატის ჩაწერა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. შეთანხმებულ დროს ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. პარლამენტში უფლებამოსილების ვადის ოთხი წლის განმავლობაში ფატი ხალვაში კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა და საპარლამენტო ტრიბუნით მხოლოდ სამჯერ ისარგებლა. მისი გამოსვლები ძირითადად მისი ძმის – ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2“-ს შორის დაწყებულ სასამართლო დავას უკავშირდებოდა. რა დამსახურების გამო დაასახელა სახელისუფლებო გუნდმა ის ბათუმის 68-ე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად? – ამაზე პარტიის ლიდერს, გიორგი კვირიკაშვილს ბათუმში მაჟორიტარების წარდგენისას არ უსაუბრია.

2012 წლამდე ფატი ხალვაში პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება ფატი ხალვაშის სასარგებლოდ მიიღეს, ირაკლი ჭეიშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში მესამე ნომრად ჩაწერეს.

#68 საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის გულის მოსაგებად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე იბრძოლებს. პროფესიით იურისტია და 2004-2005 წლებში ბათუმის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობდა, ამავდროულად ლექციებს კითხულობდა ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2004-2007 წლებში მირდატ ქამადაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. 2007-2012 წლებში კი სამუშაოდ კერძო კომპანიაში გადავიდა, იურისტის პოზიციაზე. 2012 წელს მან კომპანია „იურიდიული ოფისი“ დააფუძნა. ის ასევე შპს „GLG“-ის დამფუძნებელი და პარტნიორია.

იმავე ოლქში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნუგზარ ვარშანიძე წარადგინეს. 2004 წლამდე ის საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მოსივე ინფორმაციით, 2004 წლის მარტში ის ასლან აბაშიძემ დააკავა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებაო და ეს იყო მიზეზი, თუმცა ოფიციალურ მოტივად ფინანსური დარღვევები დაასახელეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, გამათავისუფლეს, თუმცა ძალიან მალე, სააკაშვილის ხელისუფლებამ დამაკავა იმ მოტივით, რომ „ასლან აბაშიძის გუნდის წევრი ვიყავი“. ოფიციალური ბრალდება იგივე იყო, რაც აბაშიძის დროს. რამდენიმე თვეში საპროცესო გარიგების საფუძველზე გამათავისუფლეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

#68-ე სამაჟორიტარო ოლქში „რესპუბლიკელების“ კანდიდატია ირაკლი ჩავლეიშვილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. 1991-1996 წლებში ირაკლი ჩავლეიშვილი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, 2006–2010 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი. მაშინ ის ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ ხელმძღვანელობდა და ყოველთვის აკრიტიკებდა ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს. მას არ მოსწონდა ქონების გასხვისებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფასთან, საკადრო პოლიტიკასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მისი ფრაქცია საკრებულოს სხდომებზე აქტიურად ოპონირებდა. ხელისუფლების შეცვლისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ, ირაკლი ჩავლეიშვილმა რიგი საკითხების მიმართ კრიტიკული მიდგომები შეარბილა. კრიტიკული პოზიცია მას არც მაშინ დაუფიქსირებია, როცა აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეკუნსტრუქციო სამუშაოები წამოიწყო, რასაც მოსახლეობა აპროტესტებდა. თუმცა, მისი ინიციატივით მიიღეს სამშენებლო რეგულაციები ქალაქში, რაც დეველოპერებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და ქალაქის განტვირთვას ითვალისწინებდა.

2004-2007 წლებში ირაკლი ჩავლეიშვილი იყო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-2012 წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობდა, იყო პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი. ირაკლი ჩავლეიშვილი პროფესიით ისტორიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია.

პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით ამ სამაჟორიტარო ოლქში ამირან ბერიძე იბრძოლებს. ამირან ბერიძე პროფესიით ინჟინერ ტექნოლოგია და ის ამ დრომდე კერძო სექტორში მუშაობდა.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ #68 უბანში კენჭს იყრის პაატა ცივაძე. ის პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია და 1996-2004 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014-2015 წლებში იყო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი. შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა.
ბათუმის #69 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ექიმი ნუკრი [ლევან] ბეჟანიძე. ის ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლს ხელმძღვანელობს. მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებამდე ბეჟანიძე პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა და არც სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩეოდა. რის შეცვლას შეეცდება საქართველოს კანონმდებლობაში თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, ის ამაზე „ბათუმელებთან“ არ საუბრობს: „ახლა ვყალიბდებით და მერე მოგახსენებთ“.

„თავისუფალი დემოკრატებიდან“ #69-ე სამაჟორიტარო უბანში პარლამენტში მოსახვედრად ნინო ბერაძე იბრძოლებს. ის ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მანამდე ნინო ბერაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, უცხოეთში სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ოლქში კენჭს იყრის გიორგი კირთაძე. 2014 წლის 17 ივლისიდან ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან ფრაქცია ,,ბათუმის მომავლისათვის” თავმჯდომარეა. 2010-2013 წლებში ის იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. პარალელურად ის ხელმძღვანელობს პარტიის აჭარის ორგანიზაციასაც.

გიორგი კირთაძის თავმჯდომარეობის დროს საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მთავრობას საკუთრებაში ისე გადაეცა, რომ საკრებულოს წევრებისთვის არავის აუხსნია, თუ როგორ აპირებდა მთავრობა მათ განკარგვას. ამ ტიპის დადგენილებებში მაშინ მხოლოდ ერთი განმარტება ეწერა – „ეფექტური პრივატიზების მიზნით“. კითხვების მიუხედავად, ვერც საკრებულოს თავმჯდომარისგან და ვერც მაშინდელი ქალაქის მერისგან საკრებულოს ოპოზიცია პასუხებს ვერ იღებდა. მათ შორის ვერც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება-განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიორგი კირთაძეს მაშინ არც ბათუმის ბულვარში ხელისუფლების მიერ დაწყებული 60-სართულიანი მშენებლობა გაუპროტესტებია, რამაც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერ-სახე მნიშვნელოვნად დააზარალა. მოგვიანებით თავადვე გამოვიდა ინიციატივით ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ახლა ის ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებს ინტენსიურად აკრიტიკებს.

ამ უბანში კენჭს იყრის „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ის თბილისის საკრებულოს წევრია. მას აქვს აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილებაც. ხათუნა სამნიძე განსაკუთრებით აქტიურია ქალთა უფლებების დაცვის კუთხით.
„პატრიოტთა ალიანსმა“ იმავე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად რუსუდან სიხარულიძე დაასახელა. ის მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალ ტანვარჯიშში. პოლიტიკურ საქმიანობას ამ დრომდე არც ის ეწეოდა.
პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ უბანში კანჭს იყრის იურისტი ნინო ტავლალაშვილი. ის რამდენიმე წლის განმავლობაში საიას აჭარის ფილიალს ხელმძღანელობდა და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც მუშაობას ადამიანის უფლებების მიმართულებით გეგმავს.

ბათუმის #70-ე სამაჟორიტარო ოლქში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თეიმურაზ ხაბაძე ეცდება არჩევნების მოგებას. ის პროფესიით პედაგოგია და ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის ბიუროს ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად #70-ე ოლქში დაასახელა. მუხრან ვახტანგაძის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარ ღირსებად სპორტული მიღწევები მიიჩნევა. მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე 2000 წელს სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, მის სპორტულ კარიერაში არაერთი ჯილდოა, რის გამოც ვახტანგაძე 2000 წელს ღირსების, 2001-2003 წლებში კი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში ის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ჩაწერა. როგორც თავად ამბობს, ეს მასთან შეთანხმებული არ იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არასდროს ყოფილა, თუმცა მაშინ მას საარჩევნო სიაში მოხვედრა არ გაუპროტესტებია.

ვახტანგაძე აბსურდს უწოდებს პარლამენტარ მურმან დუმბაძის ბრალდებებს, როდესაც მან ის ჯერ ასლან აბაშიძის ხელისუფლების, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ზონდერად მოიხსენია.
კითხვას, რისი შეცვლა გსურთ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მუხრან ვახტანგაძემ უპასუხა: „სპორტსმენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საპატიოდ არ უთვლიან გაცდენებს, როცა ისინი სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. გარდა ამისა, მე მხოლოდ სპორტის სფეროთი არ შემოვიფარგლები, დარწმუნებული ვარ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ბევრი პრობლემა ექნება და მე ამ მიმართულებით ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, შევეცდები სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნას.“

ამ სამაჟორიტარო უბანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ დუმბაძე, ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი. ის ხელმძღვანელობს პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციას. განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობა თეიმურაზ დუმბაძემ 2012 წელს კურორტ ბეშუმში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას გამოიჩინა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური წარწერით – „მე მიყვარს საქართველო“ ეცვა. ამავე წარწერით კეპი, რომელიც გამგებელს თან ჰქონდა, ივანიშვილს დაახურა; მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „იმათთვის, ვინც ხალხის დაპირისპირებას დააპირებს, ვიქნებით ზონდერიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს შევუშლით ამაში. არ დავუშვებთ რაიმე პროვოკაციას არამარტო ბეშუმში, არამედ მთელ საქართველოში.“

თემურ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი ამავე მუნიციპალიტეტის კახაბრის თემის რწმუნებული იყო. უფრო ადრე, 2000 წლიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, კრიმინალურ დარგში.
დუმბაძის კონკურენტი „რესპუბლიკელი“ ნური ძნელაძე იქნება. ის პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. 1990 წლიდან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით გეგმავს მუშაობას.

„პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამ უბანში პროფესიით პედაგოგი ზაურ გაბაიძე წარადგინა. მას დამთავრებული აქვს ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიც, ინჟინრის კვალიფიკაციით. ბოლო პერიოდში კი იყო „ბი ემ სი გორგიას“ დირექტორი.
ამ უბანში პაატა ბურჭულაძის პარტიიდან არჩევნების მოგებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე შეეცდება.

შეფასებები
ყველაზე მეტი კითხვა ბათუმში მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ გაჩნდა. სოციალურ ქსელში დაფიქსირებული გამოხმაურებების შინაარსის მიხედვით, ამომრჩეველი პოლიტიკოსების დასახელებას ელოდა, შესაბამისად, მმართველი პარტიის შეთავაზებამ ზოგი დააბნია, ზოგი გააკვირვა.
„მე ვფიქრობ, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრებისგან ადამიანმა თავი არ უნდა შეიკავოს, რა პროფესიის ადამიანიც არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მთელი ცხოვრება განზე იდექი – უხერხული არ არის პოლიტიკური ცხოვრება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაიწყო?“ – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსმა ნათია ზოიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატებად პოლიტიკოსების არდასახლება მოულოდნელი აღმოჩნდა „თავისუფალ ჟუნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისთვის, ასლან ჭანიძისთვისაც:
„ოცნების“ ცნობილი სახეები აჭარაში არაპოპულარულები არიან, მათ მიმართ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია ჰქონდა, ამიტომ არ დაეყრდნენ პოლიტიკოსებს და არჩევანი გააკეთეს მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია მეორე საკითხი – მე არ მსმენია ამ ადამიანების მოსაზრება, შეფასებები, რაიმე ტიპის პოლიტიკური აქტივობა და საჯარო ინიციატივები. მაგალითად, დაასახელს ექიმები, შესაძლოა, ამით ექიმებისა და პაციენტების გარკვეული ნაწილის გული მოიგეს, მაგრამ არ მახსენდება ამ ექიმებს იგივე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პრობლემებზე გაემახვილებინოთ ყურადღება, მათი საჯარო პოზიცია მე არ მახსენდება.
ერთია, ადამიანი იყოს თავის საქმეში პროფესიონალი და მეორეა – იყოს კარგი კანონმდებელი. წინასწარ ძნელია თქმა, ვინ როგორ იმუშავებს, ეს არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია, კარგი ექიმი ჰყავდეს საზოგადოებას, ვიდრე ცუდი დეპუტატი, რომლის აქტიურობაც მხოლოდ ხელის აწევაში შეიძლება გამოიხატოს.“

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ვინ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ათეულის შემდეგ

პარტია “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მეორე ათეული ასე გამოიყურება.

11. თამაზ სალუქვაძე – ბათუმის მერია, წარმომადგენელი თამარის უბანში

12. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე

13. ნათია თხილაიშვილი – ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

14. ლევან კინწურაშვილი – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

15. მანანა ჯორბენაძე – აჭარის უმაღლესი საბჭო, საკადრო განყოფილების უფროსი

16. ნაზი თურმანიძე – ბათუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

17. ზაალ მიქელაძე- სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი

18. გიორგი ბერიძე- უმაღლესი საბჭო, საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

19. ზვიად მელიქაძე – შპს “სავაჭრო ცენტრი 2009”-ის დირექტორი

20. გელა გოგიტიძე – ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირვეული ათეულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. პროპორციული სიიდან დეპუტატის მანდატი მაქსიმუმ 16-მა კანდიდატმა შეიძლება მიიღოს. 6 სავარძელი საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატებს ეკუთვნით.

ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში

ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად  ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას?

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტში. ერთი მაჟორიტარი ეყოლება სამივე მუნიციპალიტეტს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. ამ დროისთვის მაჟორიტარი კანდიდატი მმართველ გუნდთან ერთად რამდენიმე პარტიამ დაასახელა.

მმართველი გუნდის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძეა, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი პარლამენტში ორივეჯერ „ნაციონალების“ კვოტით მოხვდა, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეადგინა, ანზორ ბოლქვაძემ პოლიტიკური არჩევანი შეცვალა და დღეს ის მმართველი გუნდს, „ოცნებას“  წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევების თანახმად, ანზორ ბოლქვაძე პასიური დეპუტატია და ამავე ორგანიზაციის კვლევების თანახმად, მას 2014 წელს პარლამენტში არც ერთი ინიცირება არ ჰქონია.

კითხვაზე, რა გააკეთა და რის გაკეთება ვერ მოასწრო მან ორი მოწვევის პარლამენტში რვა წლის განმავლობაში ხულოს მოსახლეობისთვის, ანზორ ბოლქვაძემ ასე უპასუხა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, აჭარის მთისთვის „მთის სტატუსის“ მინიჭებაა. პროექტი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა განსახილველად, შეღავათების დაწესებას მხოლოდ ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ მცხოვრებლებლებზე ითვალისწინებდა, ჩვენი მოთხოვნა იყო მთიან აჭარაში ამ შეღავათით ყველას ესარგებლა ზღვის დონიდან სიმაღლის განუსაზღვრელად. მნიშვნელოვანი იყო შუამდგომლობა მთავრობასთან, რომ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულიყო პაციენტთა მკურნალობის თანხები. ვერ მოვასწარი ხულო-ადიგენის გზის გაკეთება და ეს უნდა გავაკეთო, რთული თემაა ქედის, ხულოსა და შუახევის გაზიფიცირების საკითხი, თუმცა მე რაც შემიძლია გავაჟღერებ, წლები გავა და სათბობი შეშაც აღარ იქნება, აუცილებლია მოხდეს გაზიფიცირება“.

ანზორ ბოლქვაძეს აჭარის მაღალმთიანი სოფლების მთავარ პრობლემად სასოფლო გზები და სასმელი წყალი  მიაჩნია. კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო სასმელი წყლისა და გზის პრობლემების მოგვარება რვა წლის განმავლობაში ხულოს სოფლებისთვის და სამომავლოდ როგორ შეძლებს სამივე მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის გადაჭრას, იგი პასუხობს, რომ სხვა ბევრი რამ გააკეთა და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსახლეობის ზარზე არ ეპასუხოს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შუახეველი ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძეა, ის დამფუძნებელი და მეწილეა ორი სამშენებლო კომპანიის – „ჩემი სახლი“ და „დუპლექსის სამშენებლო კომპანია“.

„ჩვენი მთავარი მიზანი სოფლის გამაგრებაა. ვხვდებით მოსახლეობას და ამავდროულად ვაკეთებთ ჩანაწერებს, თუ კონკრეტულ სოფლებში რა პრობლემებია, რომ საკითხის გადაჭრაზე ვიმუშაოთ,“ – ამბობს ხვიჩა შარაშიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი ირაკლი ჯორბენაძე დაასახელა მაჟორიტარ  კანდიდატად საქართველოს პარლამენტში პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ~. ირაკლი ჯორბენაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრია, მანამდე მას საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ირაკლი ჯორბენაძეს ქედის, ხულოსა და შუახევის სოფლების მთავარ პრობლემად შიდა სასოფლო გზები, სასმელი წყალი და არსებული ინფრასტრუქტურა მიაჩნია.

`ყველაფერს გავაკეთებ პარლამენტის ტრიბუნიდან იმისთვის, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს სოციალურად დაუცველთათვის,“ – ამბობს ირაკლი ჯორბენაძე. მისი თქმით, ამომრჩეველმა მას ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უნდა მისცეს, რადგან პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, `შეჩერებულ პროექტებს აამუშავებს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახევის ყოფილი გამგებელი ნუგზარ ამაღლობელია.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარტიის მაჟორიტარად საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიანეთიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თემურ ავალიანი, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი ხულოს ყოფილი გამგებელი და ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე წარადგინა. ოთარ ცეცხლაძეს ხულოს გამგებლის პოზიცია 2004 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა.

„თავისუფალი დემოკრატები“ მოსახლეობას მიწისა და ტყის რეფორმის გატარებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას ჰპირდებიან.

„გლეხს, ნამდვილ მეურნედ და პროდუქციის მწარმოებლად ვაქცევთ, ზემო აჭარაში მეთამბაქოების აღდგენისთვის პროგრამა უნდა შემუშავდეს, მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ზემო აჭარაში უნდა გაიხსნას პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო-პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და ამოქმედდეს პანსიონები, საზაფხულო სკოლები, ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი  და ტურისტული ბანაკები,“ – ამბობს თემურ ავალიანი.

წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ აბულაძე დაასახელა მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში ახლახან ჩამოყალიბებულმა პაატა ბურჭულაძის  პარტიამ –  „საქართველოს განვითარების ფონდი“, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად ქედის ყოფილი გამგებელი დავით გათენაძე წარადგინა.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ მაღალმთიან აჭარას, ვიცი როგორ მძიმე პირობებში უწევს ოჯახებს თავის გატანა, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დაუსაქმებელი ახალგაზრდა კადრები და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. ვიცი რა ინფრასტრუქტურული პრობლემებია, გზები, წყლები… ჩვენ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას ვპირდებით მოსახლეობას, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ოჯახებს ვპირდები, რომ ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში დახმარებას არავინ მოუხსნის,“ – ჰპირდება ამომრჩეველს მინურ აბულაძე.

მაღალმთიან აჭარაში კი არჩევნების მიმართ საკმაოდ ნიჰილისტური განწყობაა. „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ მიზანს, რატომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე, ვერ ხედავენ. რის მიზეზადაც ძირითადად შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებს ასახელებენ.

„წინა არჩევნებზე ვიყავი და შედეგად რა მივიღე? რატომ მივიდე? მე რა ხეირი მაქვს? გსმენიათ პარლამენტარს სოფელი გახსენებოდეს და ჩვენზე ეფიქრა?“ – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში მცხოვრები მერი დიასამიძე.

73-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მთლიანად და ასევე ქედის მუნიციპალიტეტს, ოღონდ, მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით [ეს ადგილობრივი ოლქი შედის N72 [ხელვაჩაურის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში]. 

 

ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე არ გამოცხადდა. შეძლებენ თუ არა ახალი სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას თავიანთ საგნებში ჩაჭრილი პედაგოგები და შეცვლის თუ არა ახალი ეროვნული გეგმა განათლების ხარისხს სკოლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ ისაუბრა.

ქალბატონო მარიამ, არის თუ არა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებითი ცვლილებები და რაზეა ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა

არსებითი ცვლილება საგნობრივ შედეგებს შეეხო. თუ აქამდე მოსწავლის შეფასება ხდებოდა წლიურად, ახალი სტანდარტის მიხედვით, საგნობრივი შეფასება, თუ რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, მოხდება ოთხწლედის ბოლოს. ასევე გაგრძელდება საბაზისო საფეხურზეც. შედეგები ფორმულირებულია უნარების ენაზე. მაგალითად, პატრიოტიზმი შეიძლება ასწავლო ვაჟას ნაწარმოებითაც და ილიას ნაწარმოებითაც. შედეგი არის ის, რომ მოსწავლეს გაუღვივდეს სამშობლოს სიყვარული. თუ ადრე ეს თემა კონკრეტულ ნაწარმოებზე იყო მიბმული, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება.

გვინდა აქცენტი გავაკეთოთ სიღრმისეულ და არა ზედაპირულ სწავლებაზე, რადგან რაც უფრო ბევრია ტექსტი, სწავლებაც უფრო ზედაპირულია. თუმცა, ეს შემცირება არ მოხდება მნიშვნელოვანი თემების ხარჯზე. ერთი მხრივ, ეს მასწავლებელს აძლევს ძალიან დიდ შემოქმედებით თავისუფლებას და მთლიანად მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული როგორ აქტივობებს დაგეგმავს და როგორ ამუშავებს ბავშვებს ამ შედეგების მისაღწევად.

თუმცა ვიცით, რომ სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს განათლების სისტემაში და მხოლოდ ამის ამარა ვერ დავტოვებდით პედაგოგებს, ამიტომ ამ სტანდარტების გარდა ჩვენ გავაკეთეთ წლიური პროგრამები, სადაც ნაჩვენებია დეტალურად, თუ როგორ უნდა ამუშაო მოსწავლე და მიხვიდე შედეგებამდე. მაგრამ ეს არის სარეკომენდაციო და თუ სკოლას, პედაგოგს არ აქვს სურვილი გაჰყვეს ამ გზას, ამის უფლებაც ეძლევათ.

თუკი პედაგოგს არ აქვს ამ პროგრამების გამოყენების ვალდებულება, მაშინ რისთვის შეიქმნა ეს პროგრამები? გარდა ამისა, მეორე მხრივ, კითხვის ნიშნები არსებობს პედაგოგების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ვერ აბარებენ საგნობრივ გამოცდებს, ამიტომ თუ არ იქნება  ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზანი მიღწეული, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?  

ამ შემთხვევაში მხოლოდ თავის ნებაზე არ იქნება მიშვებული პედაგოგი. თუ ის უარს იტყვის ჩვენი პროგრამების გამოყენებაზე, სკოლამ სამინისტროში უნდა შემოიტანოს ის პროგრამები, რომლებითაც აპირებენ მუშაობას და ჩვენ დავადგენთ მის შესაბამისობას ეროვნულ სტანდარტთან, ნამდვილად არის თუ არა შესაძლებელი ამ განსხვავებული გზით შედეგებზე გასვლა.

რა ვადაში უნდა წარმოადგინონ ეს პროგრამები და რა დრო დასჭირდება ხარისხის დადგენას?

ახალი სასწავლო გეგმა მომავალ წელს შედის ძალაში, ამიტომ სკოლას და პედაგოგებს მთელი წელი აქვთ მოსამზადებლად. სასწავლო გეგმის ვერსიები და პროგრამები ორჯერ გაეგზავნათ სკოლებს, ვებგვერდზეც გვიდევს და იქაც შეუძლიათ ნახონ და იფიქრონ იმაზე, შეუძლიათ თუ არა განსხვავებულის მომზადება.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აქცენტი კეთდება ღირებულებებზე, რომელიც უნდა იყოს მიღწეულირა ღირებულებებზეა საუბარი, იქნებ განმარტოთ?

ყველა საგანს აქვს თავისი მიზნები და ამოცანები, თავისი შედეგები, საზოგადოებრივ მეცნიერებებს თავისი _ თუ როგორ უნდა აღვზარდოთ მოქალაქე და ა.შ

სამინისტრომ ცხარე დისკუსიის და სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცა ახალი საგანი `მე და საზოგადოება~, რომელიც 3-4 კლასში ისწავლება. ეს არის ასევე საგანი, რომელიც სწორედ მოქალაქის ჩამოყალიბებაზე და გარკვეულ ღირებულებებზეა ორიენტირებული. იყო დისკუსია იმაზეც, რომ სკოლაში არ არიან საკმარისი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომლებიც ამ საგანს სტერეოტიპებისა და სტიგმების გარეშე ასწავლიან. რა გაკეთდა ამ მიმართულებით პედაგოგების გადასამზადებლად?

ეს ნამდვილად გასათვალისწინებელი მომენტია. ამ მიმართულებით მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ცენტრი გეგმავს ტრენინგებს და შესაძლებელია ჩვენც ჩავერთოთ. ამ საგანმა პილოტირება გაიარა თბილისის რამდენიმე სკოლაში, შედეგი წარმატებული იყო.

ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია სახელმძღვანელოების შინაარსი. ჯერ არ დაწყებულა გრიფირების პროცესი. პედაგოგები უკმაყოფილონი იყვნენ წინა სახელმძღვანელოებით, რადგან ამბობდნენ, რომ სწორედ წიგნები არ იძლეოდა სიღრმისეული ცოდნის გადაცემის შესაძლებლობას. ავტორები კარგად იცნობენ ეროვნული გეგმის სტანდარტებს? ხომ არ იქნება აცდენა სახელმძღვანელოებსა და გეგმას შორის?

როცა პირველადი ვერსიები მოვამზადეთ, მაშინ შევხვდით სახელმძღვანელოების ავტორებს და დეტალურად გავიარეთ ეს საკითხები და მათი აზრიც გავითვალისწინეთ სტანდარტების წერის პროცესში. 2016 წლის იანვარ-თებერვლიდან სტანდარტები ატვირთულია ვებგვერდზეც. დამტკიცებამდე ნიუანსები იცვლება, მაგრამ არსებითი ცვლილება არ ხდება. როცა გამოცხადდება გრიფირება, ჩვენ კონსულტაციებს კიდევ ერთხელ ვაპირებთ საგნების მიხედვით, რომ ყველაფერი ცხადი გახდეს და რაიმე გაუგებარი არ იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ ცვლილებებია სკოლის კულტურასთან დაკავშირებით. რა შეიცვალა?

აქ საუბარია იმაზე, რომ საგნის სწავლების პროცესში, სკოლა როგორც ერთიანი გუნდი, ისე უნდა მოქმედებდეს. სპორტული, სახელოვნებო კლუბები იქნება თუ სხვა, ყველაფერი ხელს უნდა უწყობდეს გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების სწავლებას. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ტოლერანტობის დამკვიდრება, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება და ა.შ

პრიორიტეტებში ნახსენებია სამეწარმეო და ბიზნესინიციატივების წახალისება. რა უნდა ისწავლონ ამ მიმართულებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა?

„მე და საზოგადოებაში“  არის ასეთი მიმართულება, სადაც მოსწავლეს შეგვიძლია ვასწავლოთ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა, რომ მხოლოდ გართობაზე არ იყოს ორიენტირებული, ენერგორესურსების დაგეგმვა და დაზოგვა, რომ რა შეიძლება ვიყიდოთ ამ დაზოგილი ფულით და ამ მიმართულებით მივაჩვიოთ ბავშვი აზროვნებას. ზედა კლასებში ფინანსური წიგნიერება სერიოზულად გვინდა შემოვიტანოთ და ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთანაც ამ მიმართულებით, რომ სესხებთან დაკავშირებით  მოზარდებს ფინანსური განათლება მივცეთ.

პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ჩაიჭრა. როგორ ფიქრობთ, რამდენად კვალიფიციურად შეძლებენ ეს პედაგოგები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით  დასახული შედეგების  მიღწევას?

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგები დაიგეგმოს ზუსტად  და სწორად. გვინდა ინტენსიური მუშაობის დაწყება სკოლებთან, სკოლა-სკოლა უნდა ვიაროთ, შევხვდეთ კათედრებს. რეგიონში თითო სკოლა მაინც უნდა არსებობდეს ისეთი, რომელიც მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას სხვა სკოლებს გაუზიარებს.

 

მომავალ წელს აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების გაზრდა იგეგმება

დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის პროგრამების  საჯარო განხილვა მოაწყო. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრეს, რაც მომავლი წლიდან არსებულ პროგრამებს უნდა დაემატოს.

ერთ-ერთი ასეთი სიახლეა “მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა”, რომლის მიზანია პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა.  პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, შშმ პირები, ომის ვეტერანები და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილე პირები. დაფინანსების წლიური ლიმიტი ერთ ადამიანზე 5000 ლარს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2017 წლის პროექტებში, ღვიძლის ტრანსპლანტაციას შეეხო – „თუკი აქამდე ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა  მხოლოდ 10 000 ლარით ფინანსირდებოდა ჩვენ ვცდილობთ, მომავალი წლისთვის მოვნახოთ საშუალება მინიმუმ 5 პაციენტი დავაფინანსოთ 50 000 ლარით“ – აღნიშნავს ლევან გორგილაძე. მისივე თქმით, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი სავარაუდოდ  ერთი მილიონი ლარით გაიზრდება.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს ესაა „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამა. პროგრამის მიხედვით 2017 წელს, ბენეფიციერებად დაემატება ყველა შშმ პირი (მკვეთრად შეზღუდული შშმ პირები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები 200 000 სარეიტინგო ქულით).

შეხვედრაზე ასვე  აღინიშნა რომ 2017 წელს პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გამო ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარით გაიზარდება.

როგორც შეხვედრაზე ითქვა 2017 წელს გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყველა მოქმედი პროგრამა და გარდა ამისა, ორსულ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობაც დაუფნანსდებათ – „ჩვენ გვქონდა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში, როგორც სამიზნე ჯგუფში, ამას დაემატა მედიკამენტოზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში ორსულს გადაეცემა მედიკამენტის სამკურნალო დოზის გარკვეული მარაგი“ – თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ნიჟარაძემ.

დღეს, საღამოს, ბათუმის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 18:00-დან 22:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ,  ტბელ  აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე აბონენტებს გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთამდე და ლორიას ქუჩის ნაწილს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, შეფერხების მიზეზია სამუშაოები, რომლებიც  წყალმომარგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების მიზნით ტარდება.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 563 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის – 465 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 57 – ნიშანში დგომისთვის, 20 – ტროტუარზე დგომის გამო, 8 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 11 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზედგომისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები

ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს  შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73.

71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში.

71

72-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქს.

72

73-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მთლიანად და ასევე ქედის მუნიციპალიტეტს, ოღონდ, მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით [ეს ადგილობრივი ოლქი შედის N72 [ხელვაჩაურის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში].

73

2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქიდან მოსახლეობა არჩევანს სამი [68-ე, 69-ე და 70-ე] მაჟორიტარული ოლქის მიხედვით გააკეთებს.

უსკოს ცნობით რეგისტრაცია 5 საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 9 სექტემბრის N43, N44, N45, N46 და N47 განკარგულებით, დღეს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ 5 საარჩევნო სუბიექტს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) არ წარადგინეს უსკოში პარტიული სია.
საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაუუქმდათ:
1. „საქართველო;“
2. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი;“
3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი;“
4. „სახალხო ხელისუფლება;“
5. „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

გუშინ ირაკლი ჭეიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-3 ნომრად დასახელდა.

 

არჩილ ხაბაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საპარლამდენტო სიაშია. არჩილ ხაბაძე მმართველი პარტიის პროპორციული სიის 21–ე ნომერია.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბაც. ის სამთავრობო პარტიის საარჩევნო სიაში რიგით 38–ეა.

საერთაშორისო ფესტივალი ოდესა/ბათუმი ხვალ გაიხსნება

საერთაშორისო ფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები” 10 სექტემბერს 19 საათზე თიბისი გალერეაში გახსნება. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, ღია კონკურსის წესით შერჩეული ფოტოები თემაზე „ტერიტორია/სივრცე“.
გამოფენაში მონაწილეობენ ფოტოგრაფები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან და სხვა.

ფესტვალის ფარგლებში მომდევნო გამოფენა 12 სექტემბერს 19 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი ტომაშ ლაზარი წარადგენს სერიას „ცხოვრების თეატრი“. არტისტი ორი დღის განმავლობაში ხელოვნების უნივერსიტეტში დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარებს სემინარს, რომელიც თეორიის გარდა პრაქტიკულ კურსსაც მოიცავს.

ტომაშ ლაზარის გარდა 10 და 13 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ცნობილი პალესტინელი და კორეელი ფოტოგრაფები აჰლამ შიბლი და კენგ ჯუკი გამართავენ სემინარებს.

13 სექტემბერს 19 საათზე კი აჭარის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაეთმობა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის – შალვა ალხანაიძის საოჯახო ფოტო არქივს „მეხსიერება შუშაში“.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ირაკლი ძნელაძის ინფორმაციით, ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება – „ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეებში გამოფენები, ლექციები, მასტერკლასები და ღამის ჩვენებები გაიმართება. გამოფენა იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, თანამედროვე ფოტოგრაფიაში“ – აღნიშნავს ის.
აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თეონა ბერიძე, ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ ამ ფორმატის სახელოვნებო პროექტი ფოტოხელოვანთა პროფესიულ ზრდას ეხმარება, რეგიონს და კერძოდ ბათუმს კი საფესტვალო ქალაქის იმიჯის გამყარებაში.
„ეს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ორ ქვეყანას აერთიანებს, ორ ქალაქს შავი ზღვისპირეთში. ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის უფასო პლადფორმა ფოტოგრაფებისთვის. მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სხვადასხვა ფოტოგრაფების ფოტოებს“ – აღნიშნავს ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორის კატერინა რადჩენკო.

ტომაშ ლაზარი - ცხოვრების თეატრი

ამავე თემაზე: „ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით

“ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 9 სექტემბერს, პარტია “ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მედეა ვასაძის განცხადებით, ამ კანდიდატებმა გაიარეს ტესტი სამშობლოს სიყვარულზე, პრინციპულობასა და ერთგულებაზე.

 ბათუმის #70 ოლქში კენჭს იყრის მედეა ვასაძე – “არ იქნებოდა მედეა ვასაძე და უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ეტიმოლოგიის, VIP ჯიპისა და ქოლგის ამარა. მედეა ვასაძემ წარმოშვა ოთხწლიანი უმაღლესი საბჭო, მედეა ვასაძე იყო კანონმდებელი, მედეა ვასაძე იყო სიმტკიცე და ბურჯი უმაღლეს სამჭოში”, – ასე დაახასიათა მურმან დუმბაძემ მაჟორიტარობის ეს კანდიდატი.

#69 ოლქი – ბიძინა აფხაზავა, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

#68 ოლქი – ლია აბულაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი.

ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება მალხაზ ხიმშიაშვილი, რომლის წარდგენისას პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა სამ მუნიციპალიტეტს ერთი კანდიდატი ეყოლება უმაღლეს საბჭოში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი არის ბიძინა დუმბაძე, ქობულეთის კი ნოდარ ხახუტაიშვილი.

“როცა თქვენ მოგცემენ გაშლილ ქაღალდს არჩევნებზე, არ წაიკითხოთ არც ერთი ნომერი, პირდაპირ ჩადით ბოლოში, სადაც წერია #41 და წყევლის ახალი ვარიანტით – “ფუი ეშმაკს” გადადით #32–ზე, შემოხაზეთ, ჩაუშვით ურნაში და თქვენ მოიგებთ, რეგიონი მოიგებს და საქართელო მოიგებს”, – თქვა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება ურთიერთობა ცენტრალურ და რეგიონის ხელისუფლებას შორის: “ცენტრალურმა მთავრობამ ისე შეადგინა უმაღლესი საბჭოს პარტიული სია, რომ  მთავრობის თავმჯდომარეს წარმოდგენა არ ჰქონდა სიის შესახებ. ქოლგიან ბერიძეს გუშინ საღამოს რვა საათამდე ჰქონდა იმედი, რომ იქნებოდა ამ სიაში. ასეთია ცენტრალური ხელისუფლების მიდგომა რეგიონის მიმართ. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა დავასრულოთ, დავამთავროთ ბუტაფორიული ქაღალდის ავტონომია და შევქმნათ რეალური ტერიტორიული ავტონომია”.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მურმან დუმბაძის პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

l. მურმან დუმბაძე;

2. მედეა ვასაძე;

3. ნუგზარ კეკელიძე;

4. ამირან ცეცხლაძე;

5. ბიძინა აფხაზავა;

6. ლია აბულაძე;

7. ნოდარ ხახუტაიშვილი;

8. მალხაზ ხიმშიაშვილი;

9. ბიძინა დუმბაძე;

10. ნაზი დვალიძე.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული:

1. ცინცქილაძე გიორგი – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;

2. ჭეიშვილი დიმიტრი – 69-ე [ბათუმის] მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო მოძრაობა „ახალგაზრდა ბათუმელების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, „სახალხო კრების“ ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე. 2011 წლის 21-26 მაისის მოვლენების დროს დააკავეს ოპოზიციური აქტივობების გამო. 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით აღიარებულ იქნა პოლიტპატიმრად;

3. მახარაშვილი გიორგი – ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. 2000 წლიდან 2004 წლამდე იყო აჭარის პარლამენტის სპიკერის თანაშემწე. 2006-2007 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. 2008 წლიდან იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი. დღემდე არის ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

4. თაფლაძე ლიანა – სამართალმცოდნე, აჭარის მთავრობაში მუშაობდა 2008 წლამდე. უპარტიო;

5. გამარჯობაძე ხვიჩა – 71-ე [ქობულეთის] მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი; გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წყავროკას საჯარო სკოლაში პედაგოგად. ისტორიკოსი. 2011 წლის მაისის მოვლენების მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი. დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

6. მახარაძე დალი – ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი,ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი;

7. დუმბაძე გიორგი – ფინანსისტი. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი;

8. ბრუნჯაძე შუქრი – 72-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხელვაჩაური] აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს პედაგოგად სხვადასხვა სკოლებში;

9. კუნჭულია ლია –  ოპერატორი [შპს “ბათუმიტექსი”]. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი;

10. რიჟვაძე მინდია – ხულოს საკრებულოს წევრი, პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი.

ლადო მგალობლიშვილი თანამდებობიდან გადადგა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა, ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

გუშინ ლადო მგალობლიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-6 ნომრად დასახელდა.

 

არჩევნებს აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები დააკვირდებიან

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ აჭარაში, წინასაარჩევნოდ შექმნილი,  სახალხო დამცველის აპარატს  ორი მობილური ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები შეისწავლიან წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობსას ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს სახალხო დამცველს.  სახალხო დამცველის აპარატში, არჩევნების პროცესთან დაკავშირებული დარღვევების დასაფიქსირებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზიც – 1481.

ასევე სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გასაჩივრების   პროცესებსაც.

პროექტი დაფინანსებულია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.მობილური ჯგუფები უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას.

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში:

1. კალაძე გიორგი [შპს “მანგანუმ” , “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
2. ბერიძე ჯემალი [აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი”]
3. ნაკაშიძე მალხაზი [ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო]
4. ფატლაძე რაული – [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
5. გიგლა გაბაიძე [პროფესორი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი”]
6. ფუტკარაძე რობერტი – [შპს “შავი ზღვის სანაპირო ბათუმი”, ” სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”]
7. მიქაშავიძე ვახტანგი [ უნივერსიტეტის პროფესორი, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
8. სირაბიძე კახაბერ  [“სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”]
9. შერიფ ქიქავა  [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]
10. კალანდაძე მალხაზი [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”]

ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბიუჯეტო განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი 25 აგვისტოს დასრულდა, როცა  მხარჯავმა დაწესებულებებმა საბიუჯეტო განაცხადები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს. სამინისტროს მონაცემებით, უმაღლესი საბჭო, საარჩევნო კომისია, აჭარის მთავრობა და სამინისტროები მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 125 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე იმ პროექტების დაფინანსება, რომელთა განხორციელებაც მომავალი წლისთვის იგეგმება.

2017 წელს განსახორციელებელი პროექტების საჯარო განხილვა საბიუჯეტო დაწესებულებებში 15 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. შენიშნვებისა და წინადადებების წარდგენის უფლება ორგანიზაციებთან ერთად ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. შესაბამისად, მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ შენიშვნებისა თუ წინადადებების საფუძველზე შეცვალონ ან/და დაამატონ პროგრამები.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭო მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხას საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობისთვის უხდიან.  მოქმედი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმული. ბოლო 4 წლის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის 19 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, აქედან 14 მილიონამდე ლარი დეპუტატებისა და საბჭოში დასაქმებულთა ხელფასებში.

ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის მომავალ წელს. ამ თანხას უსკოს „საარჩევნო სისტემის დახვეწასა და გაუმჯობესებაში“ უხდიან. თანხის ძირითადი ნაწილი აქაც თანამშრომელთა ხელფასებში დაიხარჯება.

52 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული აჭარის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის [თითქმის სამი მილიონით ნაკლები, ვიდრე წელსაა დაგეგმილი]. ამ თანხიდან უშუალოდ მთავრობის აპარატისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული; 4,3 მილიონ ლარს დახარჯავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, რომელიც თანხის ნახევარზე მეტს „ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლებას“ მოახმარს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარით მეტი – 6,53 მილიონი ლარი მოითხოვა. გეგმის მიხედვით ყველაზე მეტი თანხა – 4,37 მილიონი ლარი  აჭარის ტურისტულ მარკეტინგზე უნდა დაიხარჯოს:  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

მიმდინარე წელთან შედარებით სამი მილიონით ნაკლებს, მთლიანობაში 35 მილიონზე მეტ ლარს ითხოვს მომავალი წლის ბიუჯეტიდან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აქედან, 34,5 მილიონი ლარი საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვისაა გათვალისწინებული.

თითქმის 14 მილიონი ლარით ნაკლებს ითხოვს სამომავლოდ თავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – ჯამში 4,64 მილიონ ლარს. მოთხოვნილი თანხის სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ სამინისტროს მართვაში აღარ იქნება ბათუმის ბულვარი, რომლისთვისაც წელს 11,4 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ამასთან, სამინისტრო აღარ განახორციელებს სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამას, რისთვისაც წელს 2 მილიონზე მეტი ლარი იყო ბიუჯეტში.

სამინისტრო 2017 წელს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე 424 ათასი ლარის, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამისთვის კი 640 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

40 მილიონზე მეტ ლარს ითხოვს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თითქმის 1,5 მილიონით ნაკლებს, ვიდრე წელს ჰქონდა ბიუჯეტში. აქედან ყველაზე მეტს – 14,5 მილიონ ლარს სამინისტრო კულტურის განვითარებას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას მოახმარს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კი სამომავლოდ მთლიანობაში იმდენ თანხას ითხოვს, რამდენსაც განათლების სამინისტრო მხოლოდ კულტურის პოპულარიზაციისთვის – 14,6 მილიონ ლარს. აქედან, ჯანდაცვის სამინისტრო 4,9 მილიონ ლარს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას მოახმარს, ხოლო სამ მილიონ ლარს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად 632,3 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სამინისტროებს შორის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ, ყველაზე ნაკლები თანხა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მოთხოვნილი – 7,68 მილიონი ლარი. ამ თანხას სამინისტრო მემცენარეობის, მეცხოველეობისა და აგროსერვისის განვითარებას მოახმარს. გაგრძელდება ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების შესაბამისად, 2017 წლის პროგრამები შეიძლება შეიცვალოს“.

საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე

რა შეცვალა კანონმდებლობაში 4 წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო ორგანომ – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრა.

„რა მივიღეთ და მთის კანონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა მერაბ აბაშიძემ. ის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა „ეროვნული ფორუმიდან“.  შევახსენეთ, რომ „მთის კანონი“ პარლამენტმა მიიღო და ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოში ისე უმუშავიათ დეპუტატებს ამ კანონზე, არ გაუგიათ, ცენტრშიც თუ იმავეს აკეთებდნენ: „ჩვენ შევისწავლეთ ყველა სოფელი აჭარაში, ამაში იყო ჩართული საკრებულოები და გამგეობები, სრული ინფორმაცია გვქონდა და წარსადგენადაც გავამზადეთ, ბატონო. შემდეგ პარლამენტთან მიწერ-მოწერის დროს გაირკვა, რომ ამაზე უკვე მუშაობდა საქართველოს მთავრობა… საიდან გაგვეგო, ინტერნეტში რამე ინფორმაცია არ იდო და ისე არაფერი თქმულა“.

ამ მოწვევის საბჭოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი არსებობდა მიწის რეფორმის კუთხით, რომელიც აჭარაში არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც აგრარული კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს – ანზორ თხილაიშვილს ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში დაუწუნეს, უმაღლეს საბჭოს ახალი კანონპროექტი აღარ წარუდგენია. „გაჩნდა შიშები, რომ პირიქით, დაზარალდებოდა საქმე, თუკი აჭარაში ცალკე განხორციელდებოდა რეფორმა. გასაგები იყო, რომ ამ კუთხით ნება არ იყო და ამიტომ აღარ დაგვიწერია ახალი. თან მიწის საკუთრების პრობლემა აგრარული კომისიის საქმე არ არის,“ – გვითხრა აგრარული კომისიის თავმჯდომარემ მერაბ აბაშიძემ.

კომუნიკაციის უქონლობას ასახელებს უმაღლესი საბჭოს მთავარ პრობლემად ასმათ დიასამიძეც. ის ფრაქცია „თანასწორობის“ ხელმძღვანელია და განათლების კომისიის წევრი. „კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი მასალკინს ჰქონდა ყველა ბერკეტი ცვლილებებისთვის. ის იყო უმრავლესობაში, მით უმეტეს, „რესპუბლიკელებს“ თავისი მინისტრი ჰყავდათ აჭარაში და დღემდე ჰყავთ. არც განათლების მინისტრისგან ყოფილა ინიცირებული რაიმე ინიციატივა. არ იყო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის წევრებთან. სამუშაო გარემო მმართველ კოალიციაში არ არსებობდა. იყო შიში, რომ რაც უნდა გაეკეთებინათ, მაინც ვერ გავიდოდა პარლამენტში. კომისიას არც უცდია, რაიმე შეეცვალა“, – ყვება ასმათ დიასამიძე.

„ჩემი კომისია კანონშემოქმედებითი საქმიანობით არ გამოირჩეოდა,“ – არ დაუმალავს მოცემულობა გიორგი მასალკინს, თუმცა ვერ აგვიხსნა, რატომ არ სცადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიამ რომელიმე პრობლემაზე საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება. მასალკინი იხსენებს, როცა საჯარო სკოლის დირექტორების აჭარის განათლების სამინისტროსგან დანიშვნის შესახებ სურდათ ინიციატივის დაყენება: „გვითხრეს, რომ ეს უნდა იყოს ცენტრალიზებული და აღარ წარვადგინეთ… საერთოდ, განათლების სისტემა არის ძირეულად შესაცვლელი. ვერტიკალურია ყველაფერი და  ეს ჩვენ შეტანილი გვაქვს საარჩევნო პროგრამაში.“ გიორგი მასალკინმა გვითხრა ისიც, რომ მას საჯარო პროტესტი არ გამოუხატავს, როცა „ვერტიკალიზებული“ განათლების სისტემის შეცვლა დეპუტატის რანგიდან ვერ მოახერხა.

კანონმდებლობაში ცვლილება არც ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიას შეუტანია: „კომიკური სიტუაციაა, მაგალითად, როცა პაციენტი აჭარის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურებას ვერ იღებს, ან მომსახურების ხარისხი არის პრობლემა, ამის შესწავლის და მონიტორინგის უფლება არ აქვს აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს,“ – გვიყვება კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე. ის „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, ფრაქციის „დემოკრატიული აჭარას“ წევრია. მას შევახსენეთ, რომ ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტი, უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში საერთოდ არ წარადგინა: „აღარ შევიტანეთ, რადგან ვიცოდით, რომ ვერ გავიდოდა. პარლამენტის სხდომაზე რომ ჩავარდნილიყო კანონპროექტი, ეს უფრო ცუდი არ იქნებოდა?“

ჯემალ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა უმაღლესი საბჭოს აპარატია, სადაც კვალიფიციური იურისტები არ ჰყავთ. 21 დეპუტატს 100-მდე თანამშრომელი ემსახურება აპარატში. რატომ არის პრობლემა ამ ფონზე კვალიფიციური კადრის ყოლა? – კითხვაზე დეპუტატმა გვიპასუხა, რომ აპარატის წევრთა დიდ ნაწილს ფრაქციები შეადგენენ. „ფრაქციის წევრი არაა ვალდებული, რომ კანონპროექტი დაწეროს.“

დაპირების მიუხედავად, „ბათუმელების“ კითხვებს აღარ უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ თხილაიშვილმა. ის ერთადერთი კომისიის ხელმძღვანელია ამ დროისთვის, რომელიც მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ამავე კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება კომისიას არ ჰქონია: „საფინანსო კომისიის ძირითადი საქმე ბიუჯეტის შედგენა და მისი მონიტორინგია. კომისიას შეეძლო შეემუშავებინა საკანონმდებლო წინადადებები საგადასახადო პოლიტიკის კუთხით, ასევე რეგიონში სხვადასხვა პროექტის დაფინანსების აუცილებლობაზე, რადგან ბოლო წლებში ცენტრიდან  სპეციალური ტრანსფერები აღარ იგზავნება“.

მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას“. ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ ცვლილება კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ ფორმალური ხასიათის იყო. მისი შეფასებით, კომისიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია: „არაერთი ფაქტი იყო ქალთა მიმართ ძალადობის და ამ კომისიას, რამდენიმე შემთხვევაში გამოხმაურების გარდა, კომპლექსური მიდგომა არ ჰქონია. მაგალითად, გარემოს დაცვის სამმართველოში თანამშრომლის სექსუალური შევიწროების ფაქტზე კომისიას არ განუხორციელებია კომპლექსური ღონისძიება. ასევე რეგიონში გვაქვს სექსი-ტრეფიკინგის შემთხვევები, რაც ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშებში. კომისიას არც ამ კუთხით უმუშავია.“

„ყველაფერი გავაკეთე, რის გაკეთებაც შეიძლებოდა,“ – გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ. ის ფრაქცია „თანასწორობის“ წევრია. ამბობს, რომ მისი კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანი მთავარობის მონიტორინგი იყო, რადგან უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივები არ განიხილეს. მედეა ვასაძე კონკრეტულ ინიციატივას იხსენებს, რაც დეპუტატების საპენსიო უზრუნველყოფას გულისხმობდა. თუკი პარლამენტი უმაღლესი საბჭოს ამ ინიციატივას გაიზიარებდა, საბჭოს დეპუტატები განსხვავებულ პენსიას მიიღებდნენ [პარლამენტის წევრის პენსია 540 ლარია].

„მართალია, დეპუტატებს გვაქვს მაღალი ხელფასი, მაგრამ დეპუტატობას ჩემთვის მატერიალური არაფერი მოუცია. მეც მაწუხებს სოციალური უზრუნველყოფის საკითხი. როცა იგივე შეზღუდვები გვაქვს, რაც პარლამენტის წევრს, რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენც განსხვავებული პენსია?“

მედეა ვასაძე არც იმ შეფასებას ეთანხმება, რომ გენდერის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას შედეგი არ ჰქონია: „ამის შემდეგ გაიწერა დადგენილების სახით სამოქმედო გეგმა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში აჭარის რეგიონში. შესაძლოა, ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს აჭარის ტელევიზიის, ან თვითმმართველობების მიმართ, მაგრამ საქვეუწყებო დაწესებულებების მიმართ ამ გეგმის შესრულება სავალდებულოა… ყველაფერი შესაძლოა ვერ შევძელი, მაგრამ ამიტომაც წავედი ოპოზიციაში.“

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა საკონსტიტუციო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძემ. ამ კომისიის აპარატმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ კანონპროექტებზე, რაზეც კომისიამ ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა. კომისიის წევრმა „მრეწველებიდან“ ირაკლი ჯაშმა ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსენა  იურიდიული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც რეგიონის რომელიმე პრობლემაზე მნიშვნელოვნად აისახა: „მეხსიერება მღალატობს, თორემ რამე იქნება ასეთი. გავიხსენებ და დაგირეკავთ“.

რამდენი კანონპროექტი შეიმუშავა უმაღლესმა საბჭომ ოთხი წლის განმავლობაში – ინფორმაცია საბჭოს პრესსამსახურმა ვერ მოგვაწოდა. ბესო შერვაშიძის განმარტებით, ის პრესსამსახურს წარმოადგენს და არა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ამიტომ მსგავსი მონაცემი არ აქვს. ინფორმაციის დაუყონებლივ მოწოდებაზე უარი გვითხრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ჯამბულ კურცხალიძემაც.

უმაღლესი საბჭო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონ ლარს ხარჯავს. ბოლო მოწვევის საბჭო მაქსიმალური ოდენობის ფრაქციები შექმნა – თითო ფრაქცია სამ-სამი წევრით. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრი და 7 ფრაქციაა.

ახალარჩეული უმაღლესი საბჭო მომავალ, 2017 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონ ლარს დახარჯავს. 

უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა.

  1. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
  2. „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”;
  3. „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“;
  4. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
  5. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;
  6. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“;
  7.  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
  8. „ეროვნული ფორუმი”;
  9. საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“;
  10. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  11. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”;  
  12. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
  13. „მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“;
  14. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
  15. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.

პარტიული სიები არ წარუდგენიათ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს:

  1. „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“;
  2. „საქართველო“;
  3. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი”;
  4. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“;
  5. „სახალხო ხელისუფლება”.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერმა აჭარაში, ჯემალ ბერიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ გირჩი წარმომადგენლები საარჩევნო ბლოკის – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიულ სიაშია წარმოდგენილი:

„ბლოკის პირველ თორმეტეულში ოთხი გირჩის წარმომადგენელია; მე ვარ მეორე სიის მეორე ნომრად, გიგლა გაბაიძე – მეხუთე, თამარ ხოზრევანიძე – მეთერთმეტე და მეთორმეტე დავით მანელიშვილი“ – თქვა ჯემალ ბერიძემ.

„ბათუმელებს“ საარჩევნო ბლოკში – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უთხრეს, რომ სიის წარდგენა ხვალ იგეგმება და ამ დროისათვის ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

უსკოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

უსკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

ავტობანის მშენებლობის გამო განთიადელები გზების დეპარტამენტს დაუპირისპირდნენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მცხოვრებლებმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის შენობასთან ბათუმში, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ აუდიტის დასკვნას, მათ საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთების თვითღირებულების შესახებ, რომლებზეც ავტობანი გაივლის.

აქციის მონაწილეების თქმით, თანხა, რომელსაც მათ დეპარტამენტი აღნიშნული მიწების სანაცვლოდ სთავაზობს, რეალურ ფასს საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამასთან, მათთვის ცნობილი იყო, რომ აუდიტის დასკვნით 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის თვითღირებულება 96 ლარი იყო, ახლა კი ნაკლებს სთავაზობენ.

აქციის ერთ ერთი მონაწილე, ჰაიდარ მხეიძე აცხადებს, რომ მამაპაპისეულ მიწას 16 აშშ დოლარად არ გაყიდის: „თანახმა ვარ, რომ გაიაროს მაგისტრალმა, მაგრამ მერე სად წავიდე? ვეღარც მიწას ვიყიდი მერე და ვერც ბინას. ვითხოვ, გადამიხადონ 100 აშშ დოლარი, ესენი გვთავაზობენ 16 აშშ დოლარს, მეტს ვერ გადავიხდითო, გვეუბნებიან.“

აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გივი ჩოჩია კაბინეტში შეხვდა.

გივი ჩოჩია
გივი ჩოჩია

შეხვედრა გაიმართა  დახურულ ფორმატში. გივი ჩოჩიას განმარტებით: „მოსახლეობას აქვს გარკვეული სურვილები, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ჩამოყალიბდნენ, ხვალ მოგვმართავენ განცხადებით და ჩვენ ამ განცხადებას სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ“. კითხვაზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, ან აუდიტის სამსახურიდან იმყოფებოდნენ თუ არა აქციის მონაწილეების მიწის ნაკვეთების შესაფასებლად, გივი ჩოჩიამ განაცხადა, რომ „აღნიშნულ სოფელში არის სხვადასხვა მიწის ნაკვეთები და ყველას აქვს სხვადასახვა ფასი. იქ არის მიწის ნაკვეთი, რომლის კვ/მ 50 ლარი ღირს, არის მეტი ღირებულების და ნაკლებიც“.

გივი ჩოჩიასთან კაბინეტში შეხვედრას მხოლოდ აქციის მონაწილე მამაკაცები დაესწრნენ. თუ რატომ არ დაუშვეს შეხვედრაზე ქალები, თავმჯდომარის მოადგილემ შემდეგი განმარტება გააკეთა – „ეს იყო მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე მყოფი მამაკაცების სურვილი, რომ ქალბატონები არ შემოსულიყვნენ“.

სოფელ განთიადის მოსახლეობის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს.

14285614_1174449599294898_1313773854_o
სოფელ განთიადის მოსახლეობის აქცია / გზების დირექციის შენობა / ფოტო: როინ გუნდაძე

კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში

“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა.

კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იმდენად ბევრი, რომ ხელები მეფხანება”.

კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ის ლადო მგალობლიშვილს, რომელიც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა და ამჟამად უკვე “ქართული ოცნების” სიის წევრი, კაკო ძნელაძე პასუხობს: “არაფერია გამორიცხული. ჯერ არ ვიცი ზუსტად”.

რატომ არის მისაღები “ოცნების” სიაში დავით თედორაძიის ყოფნა, რომელიც აქამდე რეგიონში “პატრიოტთა ალიანსის” სახე იყო? – კითხვაზე კაკო ძნელაძემ გვიპასუხა, რომ თედორაძე „საზოგადო მოღვაწეა“ და ერთ-ერთი პირველია, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმა ამოიღო: “მე არ შემირჩევია, მაგრამ ღირსეული კაცია… ამაზე ჩემთან არ უსაუბრიათ. არც ვიცოდი, თუ იქნებოდა. ყველა კითხვას მე ნუ მისვამთ”.

ამ პასუხის შემდეგ კაკო ძნელაძემ ტელეფონი გაგვითიშა. მოგვიბოდიშა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა. კაკო ძნელაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია 2012 წლიდან. მან საზოგადოებას ძირითადად წინასაარჩევნოდ ნათქვამი ფრაზით – “ჩაზნექილი სკამები” დაამახსოვრა.

პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უსკოში დღეს წარადგინა. პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია პარტიას ჯერ არ გაუკეთებია.

“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს.

“თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით,” – ამბობს ცოტნე ანანიძე.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს, 13 აგვისტოს, ცოტნე ანანიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მას შეთავაზება თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, ვინაიდან ის საკუთარ თავს ტელევიზიაში ხედავდა.

რამდენიმე დღის წინ ცოტნე ანანიძე, როგორც ჟურნალისტი, მონაწილეობდა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”, სადაც მან თავის პოლიტიკურ ოპონენტებს დაუსვა კითხვები. ის ასევე მონაწილეობდა “აჭარის ტელევიზიის” სახელით ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემაში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”. ამ გადაცემის მთავარი სტუმარი ბიძინა ივანიშვილია.

“ქართული ოცნების” პარტიულ სიაში “აჭარის ტელევიზიის” კიდევ ერთი თანამშრომელია – ნინო ჩხეტია. მას პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდა აჭარის რადიოში.

პარტიული სიების წარდგენა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საღამოს 6 საათზე სრულდება.

„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება:

1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი]

2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი]

3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]

4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი]

5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი]

6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე]

7. დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი]

8. ნინო ჩხეტია [პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი აჭარის რადიოში]

9. გიორგი მანველიძე [ქართული ოცნება]

10. ნატალია ზოიძე [ბათუმის საკრებულოს წევრი, დელფინარიუმის ყოფილი დირექტორი]

გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს.

ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და როგორ წარმოგედგინათ საკუთარი როლი საზოგადოებაში?

სტუდენტობამდე, ჯერ კიდევ ოზურგეთში ცხოვრების დროს მე ვიყავი რედაქტორი გაზეთისა, რომელსაც ერთ-ერთ პირველ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბთან“ არსებული მოსწავლეთა გაერთიანება – „XXI საუკუნე“ გამოსცემდა. გაზეთს „8+1“ ერქვა და მინდა გითხრათ, რომ ეს გაზეთი იყო ძალიან აქტიური, არ გავდა მოსწავლეთა კომკავშირულ გაზეთებს, რომლებიც ჩვენ მრავლად გვინახავს ბავშვობაში, მათ შორის კედელზე გაკრულიც. „8+1“ გამოირჩეოდა ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით და ძალიან ბევრ სოციალურ მწვავე საკითხებს აშუქებდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ოდესღაც, ბავშვობაში ძალიან არასერიოზული მზაობით ბუნებრივია, ვიყავი ამ გაზეთის რედაქტორი.

სტუდენტობის პერიოდში, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამის გადაფასება მოხდა. რამდენიმე კედელთან შეჯახების მერე, მივხვდი ყველაზე მთავარ ამბავს, რომ ჯობია შენ თვითონ შექმნა შენი თავი და მოცემულობა მთლიანად, ვიდრე დაელოდო ვინმესგან შენი ტალანტის ან უნარების უპირობო წახალისებას. მე არ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები არ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მთავარი საყრდენი არის საკუთარი თავი, მისი შექმნა და სოციალიზაცია.

გიორგი კეკელიძე. ალექსანდრე სხულუხიას ფოტო
გიორგი კეკელიძე / ალექსანდრე სხულუხიას ფოტო

პირველი მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა ლიტერატურის თვალსაზრისით დავიწყეთ, იყო ლიტერატურული გაზეთი „ლილ“ რომელიც მერე უკვე გახდა ჟურნალი. მთელი იმდროინდელი საუნივერსიტეტო თაობა ვიყავით ამ გაზეთის შექმნაში ჩართული, მათ შორის სხვადასხვა ჯგუფი, „ვარდისფერი ავტობუსი“, „ლაბორატორია“ ა.შ. ჩვენ ყველასთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით, თუმცა ძალიან გვიჭირდა გაზეთის გამოცემა. პირველ პერიოდში გაზეთს ვუშვებდით ჰონორარით, რომელსაც გამოვიმუშავებდით ციხეში მასწავლებლობით, ევროკავშირის მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მცირე ჰონორარს ითვალისწინებდა. მერე ამას დაემატა ბედნიერი შემთხვევა, შევხვდით ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ პირველი ქართული ლიტერატურული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნით და შევქმენით, მე ვფიქრობ თავის დროზე საკმაოდ პოპულარული და საეტაპო პროექტი ლიტერატურის მიმართულებით ქართულ ელექტრონულ სივრცეში, როგორიც იყო lib.ge. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა, literatura.ge-სთან ერთად, რომელმაც პრინციპულად სხვა რეალობა დაანახა ქართველ ავტორებს, რომ შეიძლება წიგნი ბეჭდური სახით მაინცდამაინც არ გამოსცე, მაგრამ შენი სახელი სხვა ადამიანებმა გაიგონ და გაიგონ ძალიან აქტიურად.

პროექტი ეკვილიბრიუმი, რომელიც ერთგვარ სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმად იქცა, ასევე თქვენ გიკავშირდებათ და დღემდე სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. რას იტყვით თქვენს მიზნებზე ამ მიმართულებით?

მე ვარ სახელის ადამიანი და ეს მოსახვეჭელი მირჩევნია დანარჩენს, – ცოტათი ალუზია რომ გავაკეთოთ ცნობილი აფორიზმის. ჩემი მთავარი როლი წარმომიდგენია განათლების პოპულარიზაციაში, ოღონდ არა სამთავრობო სექტორიდან, არამედ ვთქვათ, სამოქალაქო მოძრაობებიდან გამომდინარე და „ეკვილიბრიუმიც“ არის სამოქალაქო მოძრაობა და არ არის რეგისტრირებული, როგორც სახელმწიფო ტიპის რაიმე ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში თავის დროზე ძალიან კარგი პრეცენდენტის – „წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების“ სახით შეიქმნა, რაღაც ფორმით უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ისევ სამოქალაქო სექტორიდან. ბუნებრივია, ეროვნული ბიბლიოთეკა არის სახელმწიფო ორგანიზაცია, მაგრამ ის არ არის პოლიტიკურად დატვირთული ორგანიზაცია და მას შეუძლია კარგად თანამშრომლობა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ჩემს მთავარ როლს მე ამ მიმართულებით ვხედავ. რაც შეიძლება მეტი, კარგი გაგებით აგრესიული, საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი ტიპის ქვეყნების დღის წესრიგის განმსაზღვრელი, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

მე ვიცი როგორ შეიძლება გავაკეთოთ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც არ იქნება მხოლოდ ბიბლიოთეკა, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენს მეხსიერებას ეს შემორჩა, ან სტერეოტიპად არის დამკვიდრებული. რეალურად ბიბლიოთეკა უნდა იყოს ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს, როგორც ტიპურ საბიბლიოთეკო ცხოვრებას, ამავდროულად იქ აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერიც, უნდა იყოს ინტერნეტი, საინფორმაციო ბიურო, სადისკუსიო კლუბი, ღონისძიებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ამავდროულად უნდა შეეძლოს სოფლის ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების თვითორგანიზების მიმართულებით რაღაც ნაბიჯების პროვოცირება. ამიტომაც ეს არის ძალიან რთული სამუშაო, ამ მოძრაობას სჭირდება ძალიან ბევრი მოხალისე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი ნელ-ნელა გამოჩნდება სოფლებში.

ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევაა მიმართული ამ საქმეზე, გვყავს ძალიან ბევრი შემომწირველი, თითქმის ყოველდღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოდის თანამედროვე წიგნები, რომლებსაც ოჯახებიდან წირავენ ადამიანები, კონკრეტული სოფლების ან კონკრეტული ბიბლიოთეკებისთვის. ახლა ვაკეთებთ ირაკლის ბიბლიოთეკას [ირაკლი ლოლაძის ბიბლიოთეკა, ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში], რომელიც თბილისში გარდაიცვალა ტრაგიკულად და ვცდილობთ რომ მისი სახელი შემორჩეს, იქაურ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასთან. ძალიან ბევრი მოხალისე არის ჩართული ამაში, აქ თბილისიდანაც, ჭიათურის რაიონიდანაც… ამის უკვე არსებული და კარგი პრეცენდენტი არის ივლიტას ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე ამ მოძრაობის, კერძოდ ჩემი იდეა იყო. ივლიტა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაიცვალა. ის ჩოხატაურელი გოგონა იყო და დღეს თუ ჩოხატაურში გაივლით, ნახავთ ძალიან თანამედროვე ბიბლიოთეკას, რომელიც სწორედ მთლიანად, თავიდან ბოლომდე, მოხალისეების მიერ აგურ-აგურ გაღებული შემოწირულობებით გაკეთდა. გარდა ამ ტიპის კერძო თანამედროვე ბიბლიოთეკისა, 600-ზე მეტი ბიბლიოთეკა აღვადგინეთ ან განვაახლეთ სოფლებში.

თქვენ 27 წლის ასაკში გახდით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. რა გამოწვევები გქონდათ ამ საქმეში და როგორ შეაფასებთ თქვენს საქმიანობას უკვე ოთხი წლის შემდეგ?

თავის დროზე დირექტორობა შემომთავაზა კახა ბენდუქიძემ და პირველი რაც ვუპასუხე იყო, რომ თუ კი მე დავთანხმდებოდი, სრულიად თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი პოლიტიკური გავლენებისგან, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის ყველაფერი პოლიტიზებულია და მან მითხრა, რომ შეეძლო ყოფილიყო ჩემი ამგვარი თავისუფლების გარანტი. ბუნებრივია ვიფიქრე და გავითვალისწინე ბევრი რამ, მათ შორის დაწყებული საკუთარი ამბიციით და სურვილებით, დასრულებული იმ პოტენციური საფრთხეებით, რომლებიც არსებობდა ამ თანამდებობაზე. კიდევ ერთი და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის გამოწვევები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის, როგორც ამ შემთხვევაში ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულების წინაშე იდგა. ვიცნობდი ბიბლიოთეკის ბევრ თანამშრომელს, ასევე მქონდა რაღაც ტიპის ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებულ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით. შემოთავაზებიდან პირველი ნახევარი თვე ვფიქრობდი და საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმებულიყავი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ მე და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ამბებში, შეგვიძლია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქცევა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო კარგ ბიბლიოთეკად და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით, დაწყებული დიდი ელექტრონული ბაზების შექმნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამართვით, სერიოზული ლაბორატორიების შექმნით, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს გულისხმობს, სადაც ვითარდება უშუალოდ პროექტი „ივერიელი“, რომელიც გულისხმობს ძალიან ბევრ განშტოებას – ეს არის ციფრული ფოტომატიანე „ფიროსმანი“, უშუალოდ წიგნების დასკანერება, ამავდროულად ჩვენ გვაქვს კარგი ლექსიკონების ბაზები, საგანმანათლებლო ტიპის ელექტრონული საიტები და ა.შ. პარალელურად, მათ შორის ბიზნესების დახმარებით, ვცდილობთ ბიბლიოთეკის კორპუსების სრულ რეაბილიტაციას და შვიდი კორპუსის დაახლოებით 70%-მდე უკვე გავარემონტეთ, გავაკეთეთ უამრავი დარბაზი. რაც მთავარია ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა აქტიური სივრცე. დღეს უკვე ვეღარავის ვეღარ წარმოუდგენია, რომ ვთქვათ ქვეყანაში გამართული ათი ღონისძიებიდან 3 ან 4 ყოველდღიურად ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ტარდებოდეს, მათ შორის ეს ეხება საერთაშორისო ღონისძიებებსაც.

ჩემი მთავარი მიზანი, ამ შემთხვევაში არის ეროვნული ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ კორპუსს, სადაც ჩვენ ძალიან მალე გავხსნით წიგნის მუზეუმს. ასევე, რაღაც დროში გავხსნით ანბანის მუზეუმსაც და მერე უკვე შევეცდებით, რომ ის ძირითადი დარბაზები, რომლითაც ეს კორპუსი იყო ცნობილი, გავარემონტოთ და შემდეგ უკვე ცხადია სადღაც იქნება საზღვარი, როცა ჩავთვლი, რომ ჩემი მისია არის შესრულებული.

თქვენს შემოქმედებაზე რომ გადავიდეთ, ხართ პოეზიაშიც და პროზაშიც, თუ შეიძლება ასე გკითხოთ – „რომელმა რომელს დაასწრო“?

ლექსებმა რა თქმა უნდა და დღესაც ასწრებს. დასწრებას გასწრებით გადავაკეთებ იმ აზრით, რომ მე ჩემი თავი პროფესიონალად უფრო პოეზიაში მიმაჩნია ჯერჯერობით, თუმცა აქტიურად ვმუშაობ პროზაში და ბევრ ექსპერიმენტს მივმართავ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობამ ალბათ იცის ჩემი პროზაული ესეისტური ნაწარმოების – „გურული დღიურების“ შესახებ, ძალიან ადრე დავიწყე ლექსების წერა და პირველი კრებული ოზურგეთშიც გამოვიდა და მერე უკვე სერიოზული წიგნი, რომელიც გამოვეცი, ეს იყო „ოდები~, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო, ოღონდ ფართო წრეში ვერ, იმიტომ, რომ პოეზია საქართველოში ამ წუთას ნამდვილად არ გულისხმობს ფართო აუდიტორიას, თუ ფრაგმენტული გამოსვლები არ იგულისხმება რაღაც შოუებში, არც ისე გემოვნებიანი ტექსტებით.

ამის მერე კიდევ ერთი ცოტა უფრო ექსპერიმენტული წიგნი გამოვიდა – „მინიატურები“ – ჩემი და მაი ლაშაურის ერთობლივი პროექტი, ნახატი და ტექსტი ერთად. შემდეგ გამოვიდა უკვე 2008-2013 წლებში დაწერილი ლექსები, და მერე უკვე „გურული დღიურები“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, ბუნებრივია საკმაოდ ჭკვიანურად გათვლილი მარკეტინგით, რომელსაც ძირითადად მე ვაწარმოებდი. მე ვფიქრობ, რომ ამ წიგნმა მაინც მოახდინა გარკვეული რევოლუცია, არა როგორც საკუთრივ ტექსტმა, არამედ როგორც, ვთქვათ, ძალიან პოპულარულმა ფენომენმა. `გურულმა დრიურებმა~ კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, დღეს შეიძლება თუ არა წიგნი იყოს პოპულარული, ნამდვილად დადებითად გადაწყვიტა. თუმცა ხაზგასმით ვამბობ იმასაც, რომ მე არ მგონია, ეს იყოს საუკეთესო წიგნი, მაგალითად პროზაული, რომელიც იმ წელს დაწერილა და ა.შ. არა ყალბი თავმდაბლობის გამო, არამედ ობიექტური ადამიანი ვარ. თუმცა ამავდროულად არ მგონია, რომ იყოს ყველაზე უარესი, რაც იმ წელიწადს დაიწერა.

თქვენ ახსენეთ „ჭკვიანურად გათვლილი მარკეტინგი“, მართლაც აქტიურად იყენებდით სოციალურ ქსელებს. როგორ შეუწყვეთ ხელი ამ წიგნის ბესთსელერობას და რა მეთოდებს უნდა მიმართონ დღეს საქართველოში დამწყებმა მწერლებმა?

განსაკუთრებული არაფერი, სიმართლე გითხრათ, გარდა იმისა, რომ [საწყის ეტაპს ვგულისხმობ] ნაწყვეტებს ვდებდი წერის პროცესში სოციალურ ქსელში, მათ შორის „გურული დღიურების~ ოფიციალურ გვერდზე და ა.შ. რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი იმ ადამიანების, რომლებიც იგულისხმებოდნენ წიგნის სამიზნე ჯგუფებში. ასეთი იყო რამდენიმე: პირველი ეს იყო ადამიანები, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ, გაიზარდნენ და ჰქონდათ გარკვეული იდენტობის შეგრძნება; მეორე ისინი, ვინც 90-იანი წლების, ვთქვათ, ერთგვარი ნოსტალგიით, ან „ნოსტალგიით~ გამოირჩეოდნენ, იმ აზრით, რომ მათ ჰქონდათ ასევე იდენტობის შეგრძნება 90-იან წლებთან და ა.შ.

გარდა ამისა, ადამიანების ნაწილმა პრეზენტაციაზეც და მერეც წიგნთან სურათი გადაიღო, ეს იყო, რა თქმა უნდა, ბუნებრივად, თუმცა ამის შემდეგ მივხვდი, რომ სოციალურ ქსელში ეს შეიძლება ყოფილიყო ტენდენცია… რომ ერთ ადამიანს სხვა ადამიანისთვის დაენახვებინა ამ წიგნის არსებობა. შესაბამისად, გარკვეულწილად, მეც შევუწყვე ხელი, სულ მცირე, არ შემიშლია.

და სოციალურ ქსელში გამოჩნდა გოგონების ფოტოები თქვენს წიგნებთან…

დიახ. ამ ადამიანებს ალბათ ჰქონდათ გარკვეული ემოციური შემხებლობა ტექსტებთან და ბუნებრივია მათი ინტერესი საწყის ეტაპზე თავიდან ასე გამოვიწვიე. თუ არ ვცდები, პირველად „გურული დღიურები~ გამოვიდა სადღაც ათას ცალამდე, ყოველ შემთხვევაში არ იყო დიდი ტირაჟი და ეს ინტერესი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ამ ტირაჟის ამოსაყიდად. როდესაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, უბრალოდ დაინტერესდნენ წიგნით და წიგნი აღარ იყო მაღაზიებში, ამას გარკვეული ტიპის სიუჟეტები მიეძღვნა და მათ შორის იყო ერთ-ერთი დიდი ტელესიუჟეტი, რომელმაც პრინციპში განაპირობა ამ წიგნის ზეპოპულარობა, ამის შემდეგ მეორე ტირაჟი, რომელიც ძალიან დიდი იყო, მგონი მეორე დღეს საერთოდ აღარ იყო გაყიდვაში.
რაც შეეხება რჩევას, წერის საკითხი აუცილებლად ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველ რიგში, ბუნებრივია, საკუთრივ წერასთან დაკავშირებით, ადამიანი უნდა მუშაობდეს ძალიან ბევრს. თანამედროვე მწერალი უნდა იყოს მკითხველიც და ძალიან აქტიური მკითხველი. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. ბუნებრივია, უნდა ეცნობოდეს ყველა ტიპის ლიტერატურას და განსაკუთრებით თანამედროვეს. სასურველია თუ მას აქვს წვდომა უცხოურ ავტორებთან, მათ შორის თუ ორიგინალ ენაზე შეუძლია კითხვა. ასევე, ბუნებრივია, საჭიროა საკუთარი ნიჭის მიზანმიმართული ვარჯიში. ნიჭი, ეს არ არის უკვე აპრიორი რაღაცის განმსაზღვრელი მოცემულობა, მას სჭირდება მუდმივი ვარჯიში.

აი, მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ უკვე ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიტყვა არც პიარის, პრომოუშენის და ასე შემდეგ. ძალიან კარგად აქვს დაწერილი აკაკი ბაქრაძეს, რომ მან, ვინც აიღო კალამი, აუცილებლად იგულისხმა მკითხველი. ანუ წარმოუდგენელია, რომ ადამიანი წერდეს და არ გულისხმობდეს მკითხველს და რაც უფრო მეტი იქნება მკითხველი, ბუნებრივია, მას უფრო გაუხარდება. ეს არის ფსევდომანერულობა, თითქოს ვიღაცას არ აინტერესებს სხვისი აზრი და მთავარია 5-6 კაცის მოსაზრება, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომაც ჩვენ უნდა გადავლახოთ სტერეოტიპი, რომ ავტორი არ უნდა იყოს აქტიური საკუთარი შემოქმედების პიარში. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. გამომცემელთან მისვლამდე ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელიც ძველ ავტორებს არ ჰქონდათ, ეს არის სოციალური ქსელი. სოციალურ ქსელს შეუძლია ბევრი რაღაცის განპირობება, მათ შორის ის, რომ შენი ნაწერი, თუ ხარ ახალგაზრდა და დამწყები, მოხვდეს სხვადასხვა ადამიანებს თვალში და შესაბამისად უკვე გაადვილდეს ამ ყველაფრის ბეჭდური აზრით პუბლიკაცია.

შესაძლებელია, რომ დღეს საქართველოში მწერალმა თავისი შემოქმედებით თავი ირჩინოს?

ეს არ არის დიდი ბაზარი, არ გულისხმობს გიგანტურ ბესთსელერებს და დიდ გაყიდვებს. მაგალითად, წელიწადში 20-30 ათას ცალს, რომლის ჰონორარიც შეიძლება დღეს თანამედროვე ადამიანს მთლად კარგად არა, მაგრამ რაღაცაში ეყოს. თუ, ვთქვათ, დღეს მწერლის ტირაჟი საქართველოში იქნებოდა 100 ათასი, ის ამას გაყიდდა და შემდეგ შემოსულ პროცენტს, რომელიც, როგორც წესი, მერყეობს 13-დან 20 პროცენტამდე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მწერალი საკუთარი ნაწარმოებიდან მიღებული ჰონორარით თავს ირჩენს. თუმცა 100-ათასიანი ტირაჟით წიგნი, დღეს, საქართველოში, მხოლოდ ერთ წელიწადში, მე საერთოდ არ მახსენდება.
ამიტომაც ახალგაზრდა მწერლებისთვის პარალელური პროფესიები არის აუცილებელი მათ შორის მომიჯნავე ტიპის დისციპლინები, ვთქვათ, შეიძლება ვიღაც ხელოვნებათმცოდნე გახდეს და ლექტორობა დაიწყოს, შეიძლება ვიღაც მასწავლებელი გახდეს, შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს ამ სფეროში და იყოს ვთქვათ, კარგი მთამსვლელი, ფეხბურთელი და რომელიმე ტექნიკური დარგის სპეციალისტი და ა.შ.

გეგმებზე რომ მოგვიყვეთ, თქვენს შემოქმედებაში და ბიბლიოთეკაშიც…

ძალიან მალე გამოვა ჩემი „გურული დღიურების“ მეორე ნაწილი, რომელიც განსხვავებულია პირველისგან – ეს არ არის ეთნოგრაფიული ტიპის ტექსტი [არც ის იყო კლასიკური ეთნოგრაფია, მაგრამ იქ იყო რაღაც ჩანაწერები], იმდენად, რამდენადაც დიდწილად ეძღვნება მამაჩემს და იმ ამბებს, რომლებიც მის ირგვლივ ვითარდებოდა. ის ახლახან გარდაიცვალა. და ამავდროულად ეს წიგნი ეძღვნება ბებიაჩემს, რომელიც მამაჩემის გარდაცვალებიდან ორ დღეში გარდაიცვალა. ამავდროულად გამოდის ჩემი ზღაპრები, რომელსაც „თომას ზღაპრები~ ჰქვია. სავარაუდოდ ორივე მათგანი გამოვა სექტემბერში.

რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკას, ამ თვეში სულ მცირე ხუთი დარბაზის გახსნას ველოდებით, მათ შორის არის ბარბარე ჯორჯაძეს დარბაზი, პლაკატის მუზეუმი, წიგნის მუზეუმი. იგეგმება დაწყება უკვე მუშაობის და რაღაც კონტურების გამოკვეთა ანბანის მუზეუმისა, იტალიური ბიბლიოთეკა გაიხსნება და დიუმას ცენტრი გახსნის ასევე განახლებულ ბიბლითეკას. მოკლედ, ბევრი გეგმაა.

ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის სკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  კენჭი უყარეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ბათუმის მერიისათვის თანხმობის მიცემის საკითხს.

„მიღებული გადაწყვეტილებით შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.N-1,  126 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ბინებისა და სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხის გადაცემას ბათუმის მერია მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა მოქმედებს 2013 წლიდან და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც 2013 წლის 7 იანვრამდე არიან რეგისტრირებულნი ბათუმში, ჰყავთ 6 და მეტი შვილი და საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი 150 კვ/მ-ზე ნაკლებია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე უკვე 10 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა.

„გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – აქცია ბათუმში [ანონსი]

10 სექტემბერს, 12 საათზე ბათუმში სისხლის ბანკში  [პუშკინის ქ.#162]  გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია „გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციას ახორციელებენ ბათუმელი მოხალისეები პროექტის – „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში.

მონაწილეობის მსურველები ორგანიზატორებს პირადად უნდა დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე საქართველოს მოხალისეები ბათუმიდან.

პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „ჰელფინგ ჰენდი“ ერთობლივად ახორციელებენ.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

დღეს, 8 სექტემბერს ბათუმში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში: 

  • ბათუმის №68 ოლქი – ომარ ფარტენაძე;
  • ბათუმის №69 ოლქი – დავით გოგიტიძე;
  • ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – ხათუნა ფხაკაძე;
  • №71 ოლქი -სულიკო რომანაძე;
  • №72 ოლქი – იაშა გვიანიძე;
  • №73 ოლქი – მიხეილ მახარაძე.

მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში: 

  • ბათუმის №68 ოლქი – ლევან ჯინჭარაძე;
  • ბათუმის №69 ოლქი – დიმიტრი ჭეიშვილი;
  • ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – შაქრო პაპიძე;
  • №71 ოლქი – ხვიჩა გამარჯობაძე;
  • №72 ოლქი – შუქრი ბრუნჯაძე;
  • №73 ოლქი – მამუკა ღორჯომელაძე.

ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ პარტიული სია, საზოგადოებისთვის რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მან შეხვედრაზე მხოლოდ სიის პირველი ნომერი – გიორგი ცინცქილაძე. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია. ის საჯარო სამსახურში ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმყოფებოდა. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, ასლან აბაშიძე, მას როგორც ერთგულ თანაგუნდელს, ისე მოიხსენებდა. იყო აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004-2005 წლებში, ის დააპატიმრეს. როგორც გიორგი ცინცქილაძე ამბობს, მას აჭარის ტელევიზიისთვის თანხის არასწორად გამოყოფისთვის წაუყენეს ბრალი. „თუმცა, ბრალი არ მიღიარებია” – ამბობს ის. აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, გიორგი ცინცქილაძე პოლიტიკას ცოტა ხნით ჩამოშორდა.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ სიის პირველი ათეული აჭარაში

8 სექტემბერს, უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადის ბოლო დღეს, ცნობილი გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პარტიული სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აჭარაში, კობა ჩხეიძეა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. კობა ჩხეიძე [მაჟორიტარი #69 საარჩევნო ოლქში]

2. ჯაბა ბერიძე [მაჟორიტარი #68 საარჩევნო ოლქში]

3. ოთარ ცეცხლაძე [მაჟორიტარი #73 საარჩევნო ოლქში]

4. არმაზ ბახტაძე [მაჟორიტარი #70 საარჩევნო ოლქში]

5. ხათუნა ფაღავა

6. სალომე ზაქარიაძე

7. პაატა ზაქარაძე [მაჟორიტარი #72 საარჩევნო ოლქში]

8. კახაბერ კაკალაძე [მაჟორიტარი #71 საარჩევნო ოლქში]

9. ირაკლი მახარაძე

10. ნარგიზ ალასანია

„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიულ სიაში სულ 30 პირია.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები არიან:

პარლამენტში: ნუგზარ ვარშანიძე [#68 ოლქი], ნინო ბერაძე [#69 ოლქი], თეიმურაზ ხაბაძე [#70 ოლქი], სოსო ნოღაიდელი [ქობულეთი], ნინო ლორთქიფანიძე [ხელვაჩაური] და თემურ ავალიანი [ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქი].

უმაღლეს საბჭოში: ჯაბა ბერიძე [#68 ოლქი], კობა ჩხეიძე [#69 ოლქი], არმაზ ბახტაძე [#70 ოლქი]. კახა კაკალაძე [ქობულეთი], პაატა ზაქარაძე [ხელვაჩაური] და ოთარ ცეცხლაძე [ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქი].

უსკოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სია აჭარაში ძველი სახეებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უკვე ცნობილია. პირველი ნომერი სიაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეა. მან სიის პირველი თხუთმეტი წევრი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ „ეს 15-ვე სრულად შევა უმაღლეს საბჭოში“. სიაში სულ 35 პირია.

  1. ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე;
  2. პეტრე ზამბახიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  3. გია აბულაძე – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი და მაჟორიტარობის კანდიდატი 70-ე ოლქში;
  4. გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი [ენმ] 2014 წლის არჩევნებზე;
  5. ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის საკრებულოს წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი;
  6. ასმათ დიასამიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  7. ნინო ჯინჭარაძე – მაჟორიტარობის კანდიდატი 69-ე ოლქში ;
  8. ლაშა კილაბერია – ამხანაგობის ადმინისტრატორი – ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“;
  9. ქენან კახიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი;
  10. პაატა აცინბა – შემოვლითი ჯგუფის უფროსი – ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“ ;
  11. ნუგზარ ამაღლობელი – მაჟორიტარობის კანდიდატი 73-ე ოლქში [ხულო, ქედა, შუახევი] და შუახევის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ომარ მეგრელიძის ბიუროს უფროსი;
  12. რაულ თავართქილაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვეული სპეციალისტი;
  13. მამული სურმანიძე – ქობულეთის საკრებულოს წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი 71-ე ოლქში;
  14. რევაზ ხარაზი – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვეული სპეციალისტი;
  15. გელა დეკანაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვეული სპეციალისტი;.

5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნა კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემა ვერც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა.

„სახელმწიფოს არ სურს, ხელიდან გაუშვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის ბერკეტები, – მიიჩნევს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. ის ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო სარჩელს ხელს აწერს. მოსარჩელეები ასევე არიან: ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია და სახარების რწმენის ეკლესია. მათთვის საკულტო ნაგებობები სახელმწიფო სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა, თანაც მხოლოდ უსასყიდლოდ, რელიგიური ორგანიზაციებიდან მხოლოდ სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არის შესაძლებელი.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება, არღვევს თანასწორობის პრინციპს და დისკრიმინაციულია. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. 21-ე მუხლის მიხედვით კი, საკუთრება და მემკვიდრეობა აღიარებული და ხელშეუვალია,“ – განმარტავს მოსარჩელეების ინტერესების დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში, შოთა თუთბერიძე. იურისტის თქმით, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, როცა ხელისუფლებამ სამოქალაქო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციებისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შეცვალა და მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, ყველა რელიგიური ორგანიზაცია დარეგისტრირდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

„ამას არ მოჰყვა ცვლილება კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“, სადაც წერია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება შესაძლებელია რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ, ასევე სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეალურად კერძო სამართლის პირია რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ისინი ამ ფორმით დარეგისტრირდნენ, რადგან მათი ინტერესი საჯაროა და არ არიან მოგებაზე, ქონების დაგროვებაზე ორიენტრებული ორგანიზაციები. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, რელიგიური ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი,“ –  გვიყვება შოთა თუთბერიძე.

„ჩვენი, რელიგიური ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ბედი დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილგანწყობაზე,“ – ამბობს რუსუდან გოცირიძე, „ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი. ის ხედავს საფრთხეს, რომ შესაძლოა, მფლობელობაში გადაცემული ქონება ხელისუფლებამ პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენოს: „ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ერთი ეკლესიის ისტორიულ მემკვიდრეობას სხვა ეკლესია იყენებს. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობს ამის საფრთხე?… გარდა ამისა, დამატებითი ბარიერები იქმნება, როცა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაცის შენობის რეკონსტრუქცია უნდა, ანდა რაიმეს შეცვლა. ელექტორატის თუ სხვა მიზეზების გამო, ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ სურს გააღიზიანოს ყველაზე გავლენიანი ეკლესია. ამავდროულად, მას სურს არ დაკარგოს გავლენა უმცირესობების ეკლესიებზე, რომლის ინტერესებსაც ის არასდროს ითვალისწინებს. ჩვენი დავის საგანი მარტივია, არ უნდა არსებობდეს დიკსრიმინაციული მიდგომა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ“.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია ისიც, რომ არსებობს სახელმწიფო ქონებაც, რომლის შეძენის სურვილიც აქვთ რელიგიურ ორგანიზაციებს. მათი მტკიცებით, ეს ქონება მათი ისტორიული მემკვიდრეობაა. აქვე ხაზგასმულია, რომ მხოლოდ რამდენიმე საკულტო ნაგებობაა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებად დარეგისტრირებული. ეს ის ქონებაა, რომელიც რელიგიურმა უმცირესობებმა კერძო პირებისგან შეიძინეს.

„ეს არის დისკრიმინაციული გარემოს კიდევ ერთი მაგალითი. თუკი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფოსგან ქონება, რატომ არ უნდა ისარგებლოს იმავე უფლებით სხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ?“ – კითხულობს ეკა ჭითანავა, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი. იგი ამბობს, რომ პირადად მას ბევრჯერ მოუსმენია ხელისუფლების, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, პოზიცია, რომ კანონი ამ კუთხით უნდა შეიცვალოს, მაგრამ დაპირებებს რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია: „ხელისუფლების გადაწყვეტილებები არის ძირითადად პოლიტიკური მიზანშეწონილობით განსაზღვრული და არა სეკულარიზმის პრინციპით მიღებული. ხელისუფლებას აშინებს ის, რომ შეიძლება ეს საპატრიარქომ აღიქვას, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ხელისუფლებას სურს საპატრიარქოს მხარდაჭერა. საპატრიარქო შიშობს, რომ ამით თითქოს შესუსტდება მისი პრივილეგიები. ეს ურთიერთდამოკიდებულების ჯაჭვი ქმნის საბოლოო ჯამში დისკრიმინაციულ გარემოს.“

ზუსტად 20 თვის წინ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახარების რწმენის ეკლესიამ სხვა სარჩელით, თუმცა მისი დასაშვებობის საკითხი სასამართლოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია. ეს რელიგიური ორგანიზაცია მთავრობის განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რეჟიმმა ზიანი მიაყენა მხოლოდ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას: ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურსა და სომხურ ეკლესიას [ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი კონსტიტუციური შეთანხმებით არის გათვალისწინებული].

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს იწურება. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით პარტიული სია წარდგენილი აქვს შემდეგ 6 საარჩევნო სუბიექტს [მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი]:

  1. ,,უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
  2. ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”;
  3. ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“;
  4. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
  5. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;
  6. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“;

უსკოს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს სამი დღე ექნებათ.

უსკოს ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს.

იმ შემთხვევაში, თუ უსკოში რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ წარადგენს პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

 

 

ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექტორ-მასწავლებლების ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შვიდი საგნის ვაკანტური საათების წაკითხვის მსურველებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რეზიუმე [CV], პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი. ხოლო შემდგომ მათი შერჩევა მოხდება 14-15 სექტემბერს, კონკურსის წესით.

ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაკანტური საათები გამოცხადებულია შემდეგ საგნებში:

  • სახელშეკრულებო სამართალი – 60 საათი;
  • სანივთო სამართალი – 75 საათი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი – 75 საათი;
  • დიპლომატიური და საკონსულო სამართალი – 75 საათი;
  • საარჩევნო სამართალი – 60 საათი;
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი – 45 საათი;
  • ევროპის სამართალი -105 საათი.
Exit mobile version