აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ბათუმის მერია 300 ლარს გადასცემს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 13:00 საათზე, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები გმირთა ხეივანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ჟიული შარტავას მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

მერიის ინფორმაციით,  ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულთა და დაღუპულთა  70-ზე მეტ ოჯახს, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარი გადაეცემათ.

„დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთის ომის დროს 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს“.

 

პეტრე ზამბახიძე: ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ბათუმის  79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები მუშაობენ. მისი თქმით, ოლქი უარს ეუბნება საარჩევნო სიის გადამოწმებაზე, რაც ოლქის მოვალეობაა.

„საოლქო საარჩევნო კომისია უარს აცხადებს საარჩევნო სიების შემოწმებაზე და სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ცვლილების შეტანაზე. ჩვენ გვაქვს პასუხი ოლქის თავმჯდომარისგან, რომელიც აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ სიების დაზუსტება ოლქის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ როცა საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ოლქი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ აცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას“-აცხადებს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა მოტივით თქვა უარი ოლქმა სიების გადამოწმებაზე, პეტრე ზამბახიძე ამბობს: „სიებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში 2014 წლისთვის იყო ერთი ნორმა, 185-ე მუხლის მეხუთე პრიმა, ახალი კოდექსის მიხედვით, არ არსებობს დათქმა ამ მუხლის რაიმე ფორმით გამოყენებაზე. მუხლი, რომლითაც მპასუხობს ოლქი რომ ამის უფლება არ მაქვსო,  ამ მუხლში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში  რეგისტრირებულ ამომრჩეველზე. როცა ჩვენ ვეუბნებით რომ გადაწყვეტილება მიიღოს საარჩევნო კოდექსის 31 მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს იმას რომ ოლქმა უნდა გადაამოწმოს ამომრჩევლის სიები, ამაზე არ გვპასუხობს ოლქი და გვპასუხობს იმაზე, თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ იყო სია შედგენილი. უკვე ვხვდები რა მძიმე პერიოდი ექნებათ დამკვირვებლებს, ამ საარჩევნოდ ამ ოლქში მუშაობის დროს. როგორც ჩანს კანონშიც ვერ ერკვევიან, არაკომპეტენტურები არიან“-აცხადებს ის.

პეტრე ზამბახიძემ სხვა ტიპის საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხშირია საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტები.

„გარდა ამისა, ხულოში დაფიქსირდა ფაქტი, რომ სამამულო ომის გმირების მემორიალურ დაფაზე გააკრა „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატები, რაც რა თქმა უნდა ეს არასწორია, რადგან არღვევს საკრებულოს გადაწყვეტილებას“.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საარჩვენოდ ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებენ: „საარჩევნო აგიტაციის დროს სამსახურეობრივი ავტომანქანებითაც დადიან, ჩვენ ამ ფაქტებს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ“-ამბობს ის.  „ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა კონკრეტული პირების დასახელება, ვინც ადმინისტრაციული რესურსით ისარგებლა, პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, ამჯერად კი მხოლოდ ერთ საჯარო მოხელეს, ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილეს ასახელებს.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი დაიწყო

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, ასევე ფრინველთა მიგრაციისა და რეგიონში უკანონო ნადირობის ფენომენის შესახებ, ფესტივალის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების, გიდების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის  ლექციები და პრეზენტაციები ტარდება.

„ფესტივალის ბოლო დღეს კი, შაუმთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე იგეგმება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციის და უკანონო ნადირობის შესახებ მოსახლეობის ცნობირების ამაღლების კუთხით გაწეულ 9 წლიან მოღვაწეობას ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები შეაჯამებენ“.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარაში
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარაში

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის.

„გასულ წელს რეგიონს 1,055,302  მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. შესაბამისად, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ორნითოლოგები და ამ დარგით გატაცებული ტურისტები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან და ავსტრალიიდან აკვირდებიან“.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO- ს  ორგანიზებით იმართება.

ქუჩებში შშმ პირებისთვის პარკირების ადგილები გამოიყოფა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი პარკირების ადგილები გამოიყოფა. ამ დროისთვის პარკირების ადგილების მონიშვნა მიმდინარეობს

სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ლურჯად იქნება მონიშნული. პროცესი ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან დაიწყო და მერიის ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

სამუშაოებს მერიის აიპი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ახორციელებს.

 ქალაქში შშმ პირებისთვის პარკირების ადგილები გამოიყო
ქალაქში შშმ პირებისთვის პარკირების ადგილები გამოიყო

საავტორო კინოფესტივალი BIAFF -ის გამარჯვებული ფილმები

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი BIAFF დასრულდა.  საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გრანპრის მფლობელი გახდა – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.

საუკეთესო რეჟისურაში  – „უღმერთო“, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.

საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016.

ჟიურის სპეციალური პრიზი  გადაეცა ფილმს – „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ. – “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა – „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.

ჟიურის სპეციალური პრიზი – „ნათესავები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.

 მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში, საუკეთესოდ დასახელდა  „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს: – „დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ. – „როცა ზარების ხმა გესმის“, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ასევე გაიცა შემდეგი პრიზები:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პრიზი გადაეცა ფილმს – „დაკარგული სოფელი“, გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი, 2016

ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზის“ პრიზი ფილმს – „სტუმარი“, ნინო შაბურიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2016

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

ვადიმ აბდრაშიტოვი (რუსეთი)

ბერდია ინწკირველი (საქართველო)

დახურვის ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის „წინ მაილს“ (აშშ, 2016) ჩვენება

კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“, „ასკანელი ძმები“

კინოფესტივალის მხარდამჭერები კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, “ტერასა ასკანელი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა , ტურკომპანია “Wonderland”

კინოფესტივალის მედია პარტნიორებირადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია, Film New Europe https://www.filmneweurope.com/ , ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი „ბათუმლები“, netgazeti.ge

წონის კორექცია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბარიატრიული ქირურგია თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ფართოდ გამოიყენება როგორც ჭარბ წონასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. პაციენტი ოპერაციიდან ერთი წლის განმავლობაში კარგავს ზედმეტი წონის 70-80 პროცენტს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ერთ-ერთია რეგიონში, სადაც ბარიატრიული [ჭარბი წონის კორექციის] ოპერაციები ულტრათანამედროვე მეთოდებითა და ტექნიკური აღჭურვილობით ტარდება. ოპერაციების ჩასატარებლად ჰოსპიტალში საგანგებოდ ჩამოვიდა თურქი ქირურგი იელიზ ილმაზ-ბოზოქი, რომელსაც ამ მიმართულებით 11-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს თურქეთსა და აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბარიატრიულ კლინიკაში. რას გულისხმობს ბარიატრიული ქირურგია და როგორ კეთდება ეს ოპერაცია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში –  ამის შესახებ იელიზ ილმაზ-ბოზოქს ვესაუბრეთ.

რა ტიპის სამედიცინო ოპერაცია კეთდება წონის კორექციიისთვის? უახლოეს პერიოდში რამდენი ოპერაცია გაქვთ დაგეგმილი ამ მიმართულებით?

ბარიატრიულ ქირურგიაში ამჟამად სამი ოპერაცია გვაქვს დაგეგმილი. რაც შეეხება ბარიატრიული მკურნალობის პრინციპს, სანამ ოპერაცია გაკეთდება, უნდა გამოირიცხოს ენდოკრინული დაავადებები, სხვადასხვა თერაპიული დაავადება, ანუ პირველ რიგში ხდება პაციენტის გამოკვლევა თავიდან ბოლომდე, დადგენა, თუ რა მიზეზით არის სიმსუქნე გამოწვეული. იმისათვის, რომ ოპერაცია გაკეთდეს, უნდა დადგინდეს, ნამდვილად სჭირდება თუ არა პაციენტს სლივგასტრექტომია, შემდგომ კი ხდება პაციენტის საოპერაციოდ მომზადება. ტექნიკურად ამ ოპერაციისთვის ყველანაირად მზად ვართ. უცხოეთში ვუკვეთავთ თანამედროვე ინსტრუმენტებს, ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე ტექნოლოგიები, ევროპული და ამერიკული სტანდარტების მიხედვით.

 ბარიატრიული ოპერაცია რომ გაიკეთოს, რა ჩვენება უნდა ჰქონდეს ადამიანს?

პირველ რიგში, გამოსათვლელია ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, ამის შედეგად დგინდება არის თუ არა საოპერაციო პაციენტი.

მინდა გითხრათ, რომ სიმსუქნე ეს მხოლოდ ჭარბი წონა არ არის, სიმსუქნეს თან ახლავს უამრავი გართულება, რომლებიც თანდათან იჩენს თავს, ასე რომ ოპერაციის შემდეგ, წონის კლებასთან ერთად, ხდება ბევრი დაავადების პროფილაქტიკა.
ჩვენ ამ ოპერაციის ჩატარების 11-წლიანი გამოცდილება გვაქვს თურქეთში. გარდა ამისა, ამერიკაში, სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით და ახლა ვგეგმავთ იმავეს ბათუმში.

რამდენად რთულია ეს ოპერაცია? რამდენად სწრაფად ხდება პაციენტის რეაბილიტაცია?

ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ტარდება და ეს რეაბილიტაციას ბევრად უფრო აადვილებს. პაციენტს ტკივილი არა აქვს ოპერაციის შემდგომ. ოპერაციის დროს კუჭის დაპატარავება ხდება, შედეგად პაციენტი ჭამს ცოტას და დანაყრების გრძნობა მალე ეუფლება.

ოპერაციის შემდეგ პირველი ღამე პაციენტი რჩება რეანიმაციაში, მაგრამ ეს არ არის მძიმე რეანიმაცია, უბრალოდ, ჩვენ გვყავს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ პაციენტები. 24 საათის მანძილზე ვაკვირდებით მას და შემდეგომ გადაგვყავს ჩვეულებრივ პალატაში, სადაც 3-4 დღე რჩება. კლინიკიდან გაწერის შემდგომაც არ ვწყვეტთ პაციენტთან კავშირს. ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ პაციენტი უკვე ფეხზე დგება. პირველივე დღეებში პაციენტი იკლებს 4-5 კილოგრამს, ოპერაციიდან სამ თვეში კი – 40 კილოგრამამდე.

დადასტურებულია, რომ ზედმეტი წონის კლებასთან ერთად პაციენტისთვის მნიშვნელოვნად მცირდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა:

  • შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია და სხვა;
  • ხერხემლისა და სახსრების პრობლემები;
  • უნაყოფობა ქალებსა და მამაკაცებში;
  • იხსნება დეპრესიული მოვლენები და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხობრივი მაჩვენებელი;
  • სლივგასტრექტომიის ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება.

ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი,
გენერალ ასლან აბაშიძის
ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

ბათუმის საკრებულოში შესაძლოა 10 ადგილი გათავისუფლდეს

თავმჯდომარის, მოადგილისა და ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელების ჩათვლით  ბათუმის საკრებულოს სამი წევრი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, ექვსი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. მათგან სამი მაჟორიტარია. კანონმდებლობა მაჟორიტარის მიერ გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

უმაღლეს საბჭოში თუ საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად სხვადასხვა პარტიიდან ბათუმის საკრებულოს 10 წევრი იყრის კენჭს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ბათუმის საკრებულო სულ 25 წევრისგან შედგება.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს. ის „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიაში მესამე ნომერია. თუ პარტია უმაღლესი საბჭოს არჩევნებს მოიგებს, ირაკლი ჭეიშვილი საკრებულოს დატოვებს. ვინ ჩაანაცვლებს მას საკრებულოში? – კითხვაზე პარტიაში პასუხი არ აქვთ: „ჯერ არ არის ცნობილი“.

პროპორციული წესით ჩანაცვლების შემთხვევაში კანონმდებლობა პარტიებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ საკრებულოში მათივე პარტიის წევრის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილზე ჩაანაცვლონ არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2014 წელს წარდგენილი საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი, არამედ სიაში მყოფი სხვა პირიც. „ოცნებაში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვინ ჩაანაცვლებს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს მისი უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში.

პროპორციული წესითაა არჩეული საკრებულოში ნატალია ზოიძეც. ის `ქართული ოცნების~ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მე-10 ნომერია. გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში მისი ადგილიც გათავისუფლდება.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი. ის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. ირაკლი ჩავლეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში პარტია ჩანაცვლების პრინციპით ვერ იმოქმედებს, რადგან ის საკრებულოში მაჟორიტარული წესითაა არჩეული. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

„რესპუბლიკელებიდან“ საკრებულოს კიდევ ერთი წევრი იყრის კენჭს. ზაურ ახვლედიანი საკრებულოში პროპორციული წესითაა არჩეული. გამარჯვების შემთხვევაში მას საკრებულოში ლალი ანდღულაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ სამკაციანი ფრაქციიდან სამივე არჩევნებში მონაწილეობს. ფრაქციის თავმჯოდომარე კობა ჩხეიძე პარტიის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ის საკრებულოში მაჟორიტარული წესითაა არჩეული. მაჟორიტარული წესითაა არჩეული ჯაბა ბერიძეც. ის „თავისუფალმა დემოკრატებმა~ ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინეს. ნინო ბერაძე კი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიას ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში 69-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბერაძე არჩევნებს მოიგებს, საკრებულოში მისი ადგილი შეიძლება დაიკავოს გიგა მოწყობილმა. ამ დროისთვის ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ აპარატს ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. ის პარტიამ 69-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. მის ნაცვლად რიგითობის მიხედვით შეიძლება საკრებულოში შევიდეს ნაზი ფუტკარაძე. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან.“ თუმცა, ამაზე დაზუსტებული გადაწყვეტილება არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიუღიათ.

საკრებულოს ოპოზიციის ეჭვები საკრებულოს წევრის, დავით თედორაძის „ოცნებასთან“ დაახლოებაზე გამართლდა. „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად ჩაწერეს საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ დავით თედორაძე. ისიც პროპორციული წესითაა არჩეული. არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საარჩევნო სიის მიხედვით საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ ალექსანდრე ჩხარტიშვილი უნდა შევიდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას საკრებულოში შესვლა არ სურს, ამიტომ პარტია დავით თედორაძის ადგილის ჩანაცვლებას ელგუჯა პაიჭაძით გეგმავს.

ნინო ბურჯანაძის პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა“ – უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია საკრებულოს წევრი ამავე პარტიიდან გიორგი ცინცქილაძე. ვინ ჩაანაცვლებს მას, თუ ის უმაღლეს საბჭოში შევა, ჯერჯერობით უცნობია.

ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები საკრებულოებში გამოთავისუფლებული ადგილების შესავსებად არ ჩატარდება. თუ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტში შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, კანონმდებლობა საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს არ ითვალისწინებს.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში

პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ამ არჩევნებზე საკუთარმა სურვილმა თუ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ აჭარაში ჩამოიყვანა. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვიან დავით ბერძენიშვილი და დავით თარხან-მოურავი… აჭარის საარჩევნო სიებში რამდენიმე ისეთი ადამიანიც მოხვდა, ვისაც თავად საარჩევნო სიის წევრებიც ვერ იცნობენ… რას ჰპირდებიან ლიდერები და უცნობები აჭარას, აქვთ თუ არა მათ ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის?

„რაღაც ისე მოხდა, რომ ასე დალაგდა… ბევრი მაგალითია, როცა გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ შემდეგ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. აჭარა არ მიცნობს, მაგრამ ასე გადაწყვიტეს პარტიაში,“ – გვითხრა გიორგი კალაძემ. ის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. რით შეიძლება იყოს გამართლებული რეგიონისთვის სრულიად უცნობი პირის საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელება? – გიორგი კალაძე ამბობს, რომ ბევრი გამოცდილი კადრია რეგიონში, მაგრამ მისი პიროვნული თვისებები გადამწყვეტი აღმოჩნდა. გვითხრა ისიც, რომ ლონდონში აქვს კოლეჯი დამთავრებული მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით და 2009 წლიდან მუშაობდა ძველი თბილისის გამგეობაში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ.

გიორგი კალაძეს ყოფილი თანაგუნდელის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებაზეც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც კალაძე ქურდული მენტალიტეტის მქონეა. „ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, ეს სრული აბსურდია…“ – ამბობს გიორგი კალაძე,

ცალკე აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ამ პოლიტიკურ ძალას საარჩევნო პროგრამა არ აქვს. სიის პირველმა ნომერმა პარტიის ზოგადი გზავნილები გაგვიმეორა, მაგალითად, ბიუროკრატიის და გადასახადების შემცირება, თუმცა საუბრის დროს გვითხრა ისიც, რომ აჭარაში დამატებითი რგოლი უნდა შეიქმნას, რომელიც ინვესტიციების მოსაზიდად იმუშავებს: `დღეს ინვესტორები, ძირითადად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან გადიან კონტაქტზე. ასე არ უნდა ხდებოდეს. უმაღლესი საბჭო არსებობს იმისთვის, რომ მართოს აჭარა. ადგილზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები,“ – ამბობს გიორგი კალაძე.

პოლიტიკურად უცნობი ლიდერი ჰყავს „პატრიოტთა ალიანსსაც“ – სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი. ის ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი იყო. „ბათუმელებთან“ საუბარზე უარი თქვა როგორც ზაზა ოქუაშვილმა, ასევე სიის პირველმა ნომერმა, დავით თარხან-მოურავმა.

„მე არ ვიცნობ ზაზა ოქუაშვილს,“ – გვითხრა სიის მესამე ნომერმა, მერაბ ბლადაძემ. თუმცა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს და სიაში უცნობი ხალხის გამოჩენას პარტიული დისციპლინით ამართლებს: „ზაზა ოქუაშვილი არის პარტიის წევრი და წინა ხელისუფლების რეჟიმისგან დაჩაგრული ადამიანი. ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება. ჩვენთან არის დისციპლინა და მე მას ვემორჩილები“.

კონკრეტული საარჩევნო პროგრამა არც „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის. მერაბ ბლადაძის აზრით, აქცენტი უფლებამოსილებების დელეგირებაზე უნდა გაკეთდეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს: „კომუნისტების დროს უფრო მეტი დემოკრატია იყო, ვიდრე ახლა. ეკონომიკის დონეზეც უნდა მოხდეს ქონების გადმოცემა. აჭარამ უნდა დაურიგოს მიწები თავის მოსახლეობას. მე, მაგალითად, თვითონ მინდოდა სოფელში თევზის აუზის გაკეთება, იმდენი მარბენიეს თბილისში, ბოლოს მე თვითონ ვთქვი უარი.“

„თვითმმართველობის გასაძლიერებლად მოვდივარ აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – გვითხრა „რესპუბლიკელების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა, დავით ბერძენიშვილმა. თვლის, რომ ოთხი მოწვევის პარლამენტარობა კარგი გამოცდილებაა და ის უკვე ცენტრიდანაც უყურებს რეგიონს და პირიქით: „ავტონომიური რესპუბლიკა ნამდვილად უნდა იქცეს სამხარეო თვითმმართველობის ნიმუშად მთელი საქართველოსთვის. ჩვენი პარტია 90-იანი წლებიდან საჯაროდ გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო უნდა იყოს მოწყობილი ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპით… ჩვენ ამას კანონპროექტის სახით შევიტანთ პარლამენტში. ბუნებრივია, ეს მოითხოვს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობას.“

მიწის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი გზავნილია „თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან. პარტიის ლიდერები არ ამხელენ, კონკრეტულად რა ფორმულით მოგვარდება მიწის საკითხი აჭარაში, რაც არაერთი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო. „აბსოლუტურად კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ შეიძლება განხორციელდეს აჭარაში ერთხელ და სამუდამოდ მიწის რეფორმა. კონკრეტული გზა პროგრამაში არ გაგვიწერია, მერე მოხდება განმეორება და პლაგიატი სხვა პარტიებისგან, რასაც ხშირად აქვს ადგილი,“ – გვიყვება კობა ჩხეიძე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პარტიის მთავარი გზავნილია ასევე სამშენებლო რეგულაციების კუთხით საკანონმდებლო ცვლილება, რაც „ცალკეული ნორმების ორმაგი წაკითხვის პირობას აღმოფხვრის“ და ქონების განკარგვის საკითხი: „გარდა ამისა, ჩვენ ვეცდებით, რომ უმაღლესი საბჭო გახდეს მაქსიმალურად მთავრობის მაკონტროლებელი ორგანო. რადგან არსებობს უმაღლესი საბჭო, მას უნდა ჰქონდეს მაკონტროლებელი მექანიზმები.“

აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილია „უპატრონობის შეჩერება“. პარტიამ ცალკე უმაღლესი საბჭოსთვის ბუკლეტიც გამოსცა და პროგრამის პრეზენტაციაც მოაწყო. ერთ-ერთი მთავარი დაპირება „სოციალური სახლებია“, რაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასა. საარჩევნო სიის მეორე ნომერი რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს 600-ლარიან დახმარებსაც ჰპირდება. პეტრე ზამბახიძე ირწმუნება, რომ ამის საშუალებას აჭარის ბიუჯეტი იძლევა, სადაც ამჟამად ნაშთი 60 მილიონ ლარს შეადგენს: „ეს ფული დევს საბანკო ანგარიშზე და არც ერთი პროგრამისთვის არ იხარჯება. ამ ფულს გამოვიყენებთ „სოციალური სახლის“ ასაშენებლად და სოციალური დახმარებისთვისაც. ასევე გვაქვს გაწერილი, რომ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა დააფინანსებს მედიკამენტებსაც. ჩვენ ასევე გვაქვს მანდარინის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებისგან ციტრუსის შეძენას, უკრაინაში სპეციალური ჰაბის მოწყობას და წარმატებით რეალიზებას. ჩვენ გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაც, რომელიც ძეგლების კონსერვაციას ითვალისწინებს…“

რა თანხას დახარჯავს „ნაციონალური მოძრაობა“ ძეგლების კონსერვაციისთვის და საიდან მოიძიებს ამისთვის ფინანსებს? – შეკითხვაზე პეტრე ზამბახიძემ გვიპასუხა, რომ ეს არის პროგრამაში გაწერილი გეგმა: „ეს არის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიება. დეტალურად რას მოიცავს ეს პროგრამა, ამასაც გავწერთ, ისე როგორც გავწერეთ, მაგალითად, „სოციალური სახლი“ და საზოგადოებას გავაცანით“.

ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის არ აქვს მმართველ პარტიას. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სიის მეხუთე ნომერმა, ლადო მგალობლიშვილმა გვითხრა, რომ ცალკე აჭარისთვის პროგრამის დაწერა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს: „რაც ცენტრალურ დონეზე შემუშავდა, იმ პროგრამის გარეთ მაინც ვერ გავიდოდით. ცალკე რომ დაგვეწერა, იგივე იქნებოდა… უმაღლესი საბჭოს დონეზე ვფიქრობთ, რომ ჩვენ სადღაც ხუთ კანონპროექტს შევიმუშავებთ. მაგალითად, შესაცვლელია სპორტის კანონმდებლობა იმისთვის, რომ სპორტულ ფედერაციებს განვითარების მეტი პირობა მიეცეთ. ასევე დასახვეწია ქონების გადაცემის კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა, მაგალითად, როცა სამინისტროები ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამას და ქონებას იძენენ, მერე ვის უნდა გადაეცეს, ეს გაწერილი არ არის… კონკრეტულად ეს იდეებია ამ წუთას. ამას დავჯდებით მერე იქ და მოვიფიქრებთ. ჯერ არ შევსულვარ იქ და კანონპროექტს რატომ მოვიფიქრებდი?“

პროგრამაზე არა, მაგრამ კულტურულ მემკვიდრეობაზე „უფიქრიათ“ „ქართულ ოცნებაშიც“ – ლადო მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხი ადგილზე უნდა წყდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახლზე სტატუსის მინიჭებას ინტენსიურად ითხოვენ, ლადო მგალობლიშვილი აქცენტს იმ შენობებზე აკეთებს, რომლებსაც, მისი აზრით, ძეგლის სტატუსი არ უნდა ჰქონდეთ: „ძეგლის სტატუსის მინიჭება და მოხსნაც აჭარაში უნდა იხილებოდეს. რეგიონისთვის ეგ იქნება დეცენტრალიზაცია. ჩვენ როცა ჩავატარეთ აღწერა, მოგვეცა რეკომენდაცია „ჯეო გრაფიკისგან“, რომ რამდენიმე ძეგლზე აღარაა ძეგლის ნიშნები, მაგალითად, თამარის დასახლებაში მდებარე კულტურის სახლი. რეკომენდაციის მიუხედავად, ცენტრალურ დონეზე ამ სტატუსის მოხსნა ვერ მოხერხდა… შესაძლოა ამ ძეგლებს, სადაც მხოლოდ ერთი კედელია დარჩენილი და არაფერი იქ ღირებული აღარაა, სხვაგვარად მივხედოთ“.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმუმ 700 ათას ლარს გადაიხდის უნივერსიტეტის [მეორე კორპუსის] რეაბილიტაციისთვის.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ხუთსართულიან [მეორე] კორპუსზე და სპორტულ დარბაზზე ხდება არსებული ნალესის დემონტაჟი, ასევე დემონტაჟი უტარდება შესასვლელ კიბეებზე მოწყობილ ბუნებრივი ქვის ფილებს [შემდგომი დასაწყობებით], შენობაზე ეზოს მხრიდან ეწყობა მონოლითური დამცავი ქუდები, შენობის ირგვლივ პირველი სართულის იატაკის ნიშნულამდე ხდება ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობა, ხოლო სამივე კიბის შეფუთვა ბუნებრივი 3სმ სისქის გრანიტის ფილებით.

დანარჩენ ფასადზე ხდება პენოპლასტის ქარხნულად დამუშავებული ფილების აკვრა, შემდგომში საღებავით შეღებვით, შენობაზე ასევე იცვლება დაზიანებული წყალმიმღები სისტემა [კატეგორიული მოთხოვნაა გამოყენებული მასალების: ბუნებრივი გრანიტის ფილის, ხელოვნური გრანიტის ფილის და საღებავის ფერი, ხარისხი, ფაქტურა წინასწარ შეთანხმებული იქნას შემსყიდველთან]“.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 14 დეკემბრისა.

სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა – 700 000 ლარი, მათ შორის: 646 189 ლარი – უნივერსიტეტის საკუთარი სახსრებია, ხოლო 53811 ლარი დაიხარჯება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.

არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მასალა:

უნივერსიტეტი

წინასაარჩევნო ტურნეს აჭარაში პაატა ბურჭულაძე ხვალ ხულოში დაასრულებს

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში პაატა ბურჭულაძემ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, აჭარაში, 26 სექტემბერს, დასრულდება მისი წინასაარჩევნო ტურნე: „დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ საქართველოში, ისე აჭარაშიც დაგვიჭერენ მხარს. ჩვენ დავეხმარებით სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ეკომიგრანტებს, ომის ვეტერანებს… ვპირდები  ყველა ადამიანს, რომ სულ სხვანაირი და დღევანდელთან შედარებით უკეთესი ცხოვრება ექნებათ“.

ირაკლი ყიფიანმა, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკნომიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, შეხვედრაზე „ოცნების ქალაქზეც“ ისაუბრა. მისი განმარტებით, „ოცნების ქალაქში“ არიან დევნილები, რომლებიც ჩასახლდნენ და საჭიროებენ დახმარებას და ეკომიგრანტები, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, ისე ჩასახლდნენ და ისინიც საჭიროებენ დახმარებას: „ჩვენ მივმართავთ ყველა ეკომიგრანტს და ყველა დევნილს, რომლებიც ამ „ქალაქში“ ცხოვრობს – ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ვაძლევთ საშუალებას, რომ მივიდნენ ბანკებში და გამოიტანონ 15 ათასი დოლარის ფარგლებში სესხი, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს, დაახლებით 15 წლის განმავლობაში. ამ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ ლოდინი, თუ როდის აუშენებს სახელმწიფო მათ ბინებს“.

DSCN3088
„სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერები პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე. ბათუმის საზაფხულო თეატრი. 25.09.2016 / ფოტო: როინ გუნდაძე

როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე

„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები“.

„Walter“-ის სისტემის იარაღი მაქვს გაფორმებული 2003 წლიდან. შენახვის უფლება მაქვს, ტარების – არა, მაგრამ ვატარებ საღამოობით… მოხელესთან დამაქვს გასაწმენდად. თუ საჭირო დარჩა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, მხოლოდ მაშინ გამოვიყენებ,“ –  გვითხრა ჯელალ ქიქავამ. მანამდე მან „ტელეარხი 25“-ის ღია ეთერში განაცხადა: „ყველაზე დიდი, რაც არის, არის ოჯახის დაცულობა. თუ გინდათ, რომ იყოთ დაცული, იყიდეთ იარაღი და ოფიციალურად ატარეთ. მე თოფის ტარების უფლებაც მაქვს…“

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა არ აძლევს ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას. 2003 წელს მიღებული კანონით, „იარაღის შესახებ“ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ კონკრეტული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილ პირებს. ძირითადად ესენი არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და იუსტიციების სამინისტროების, სასჯელაღსრულების სისტემის მოხელეები, დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე პირები, მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

კანონით ასევე მკვეთრად გამიჯნულია ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება. პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი განმარტავს, რომ თუკი პირს მხოლოდ იარაღის შენახვის უფლება აქვს, რაც ჯელალ ქიქავამ დაგვიდასტურა, მას იარაღის გადატანისას, ყოველ ჯერზე, შესაბამისი დროებითი მოწმობა სჭირდება:  „იარაღის ტარება დაუშვებელია ყველა შემთხვევაში, როცა პირს გააჩნია მხოლოდ შენახვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. ასეთ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა უნდა მოხდეს იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადაადგილოს თავის საკუთრებაში არსებული იარაღი. იარაღის შენახვა გულისხმობს იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვას ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება. ასევე უნდა გამოირიცხოს გაუთვალისწინებელი, უნებლიე გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა“.

საიას იურისტს ასევე ვკითხეთ, რა რეგულაციით ხდება რისკების დაზღვევა, როცა პირს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან ტარების უფლება ეძლევა. პაატა დიასამიძის თქმით, კანონი ამ კუთხით 2015 წლის პირველი ნოემბრიდან გამკაცრდა და იარაღის დარეგისტრირების პროცედურის გავლა მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი:

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის, პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების პერიოდი ერთი წელია.“

ამავე კანონის მიხედვით, სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. პაატა დიასამიძე: „იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.“

„ჩვენთან ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა. ჯელალ ქიქავას აქვს სანადირო იარაღიც, რომლის ტარების უფლება აქვს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში. ამ უწყებას „ბათუმელებმა“ ჯელალ ქიქავას საჯარო განცხადებიდან 5 დღის შემდეგ ჰკითხა, მოახდინა თუ არა რეაგირება პოლიტიკოსის საჯარო განცხადებაზე. იმავე დღეს უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ დაიწყო წინასაგამოძიებო მოქმედება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში თავისი მთავრობა დაასახელა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდამჭერებს აჭარის „მომავალი მთავრობის“ წევრები წარუდგინეს.

8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონის მთავრობას სათავეში პარტიის ლიდერი აჭარაში და სიის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძე ჩაუდგება.

„ჩრდილოვანი კაბინეტის“, ანუ აჭარაში ალტერნატიული მთავრობის წევრებად დასახელდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ლევან ანთაძე [ყოფილი მინისტრი], ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ზაზა ფარსენაძე [ბათუმის ყოფილი მერის მოადგილე], სოფლის მეურნეობის მინისტრად – დონარი სურმანიძე [ყოფილი მინისტრი] და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – ზაურ დავითაძე.

„ეს არის ნაციონალური მოძრაობის მთავრობა, რომელიც იქნება 9 ოქტომბრიდან აჭარის ხელისუფლებაში. ოთხი მინისტრი წარმოადგინა ლევან ვარშალომიძემ, მას კი ადრე ჰქონდა გაცხადებული, რომ იქნებოდა მთავრობის თავმჯდომარე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი კირთაძემ, ენმ-ს მაჟორიტარმა კანდიდატმა პარლამენტის არჩევნებში.

აქცია, რომელიც დღეს გაიმართა, მონაწილეობდნენ პარტიის ლიდერები თბილისიდან, მათ შორის იყო დავით ბაქრაძე [წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე] და სანდრა რულოვსი [საქართველოს ყოფილი პირველი ლედი].

100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ნოემბრიდან

2016 წლის პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება.

2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.

2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების, 2016 წლის 1 ნოემბრიდან, მიმოქცევაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიიღო. შესაბამის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.

100

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიმდინარე წლის 27 იანვრის დადგენილებით, 2016 წლის პირველი თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნა ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები.

ქობულეთში 7 შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მოაწერა. ბრძანება 21 სექტემბერს შევიდა ძალაში.

ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ციხისძირში მდებარე 2 სააგარაკო შენობას და უშაკოვის აგარაკს. სამთავე აგებულია XX საუკუნის დასაწყისში;

პომორსკის აგარაკს დაბა ჩაქვში. აგებულია  XX საუკუნის დასაწყისში;

ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს, რომელიც აგებულია XIX საუკუნის დასასრულს;

კოშკურიან აგარაკს IV რაიონში, სოფელი ციხისძირი. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს;

ზალენსკის აგარაკს, ასევე სოფელ ციხისძირში, XIX საუკუნის დასასრული.

შვიდივე ობიექტს ძეგლის სტატუსი არქიტექტურული ღირებულების გამო მიენიჭა.

კანადა, თურქეთი, რუსეთი – უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [10 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს [23 პროცენტით მეტი].

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი [1558 მლნ. აშშ დოლარის], რომლის გარეშეც მთლიანი იმპორტი შეადგენს 4556 მლნ. აშშ დოლარს.

importi

eqsport

2016 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: კანადა [1305 მლნ. აშშ დოლარი], თურქეთი [1025 მლნ. აშშ დოლარი] და რუსეთი [538 მლნ. აშშ დოლარი].

10 umsxvilesi qveyanakanadaSi dan

 

შსს: ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ქ. თბილისში დააკავეს“.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ამ შემთხვევაში იმ საკომპენსაციო თანხასაც არ გადაიხდის [რომ არაფერი ვთქვათ შემდგომში მცენარეული საფარის აღდგენაზე], რაც კანონითაა განსაზღვრული მცენარეთა მოჭრის შემთხვევაში. „ელექტროსისტემას“ ევალება სახეობების მიხედვით დაასაწყობოს მოჭრილი ხეები აჭარის სატყეო-სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა ხელაიას განცხადებით: „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტები როცა ხორციელდება, კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს, თუმცა ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, არის შემთხვევები, როცა იჭრება წითელი ნუსხის სახეობებიც, მაგრამ გათვალისწინებულია საკომპენსაციო ქმედებები, რაც გაწერილია კიდეც ტყით სარგებლობის წესში. ეს არის დადგენილი თანხის გადახდა, რაც შემდეგ ისევ ტყის მოვლა-აღდგენას უნდა მოხმარდეს“.

ნონა ხელაიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ადრე კომპანიებს ავალდებულებდნენ ჩაეტარებინათ ტყის აღდგენითი სამუშაოები: „ტყის აღდგენის მიზნით დღესაც არსებობს სანერგეები, ასეთი სანერგე სამინისტროსაც აქვს – გამოყავთ ნერგები, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებისაც. ადრე ქირაობდნენ ბოტანიკოსებს, რომლებიც მუშაობდნენ საკომპენსაციო გეგმების შედგენაზე, სწავლობდნენ ტერიტორიას, სად, რამდენი, რა სახეობის მცენარე დაირგვებოდა/გაიხარებდა და სამინისტრო ახორციელებდა ამ გეგმებს. კომპანიებსაც შეეძლოთ გაეტანათ ნერგები. თუმცა, უკვე შეცვლილია კანონმდებლობა და კომპანია მხოლოდ საკომპენსაციო თანხას იხდის ხეების მოჭრის სანაცვლოდ. თავად კომპანიებსაც აწყობთ თანხა გადაიხადონ და ტყე კომპეტენტურმა ორგანომ აღადგინოს.“

„საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების [მოჭრის] უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური, საქართველოს მთავრობამ ბოლოს მიმდინარე წლის მაისში განსაზღვრა.

ამ წესის მიხედვით, მაგალითად, მუხის მოჭრისთვის [შესაბამისი  ნებართვით] 1 კუბ/მ-ზე გადასახადი 75 ლარია. კოლხური მუხის შემთხვევაში კი, რომელიც წითელ ნუსხაშია, ეს საფასური ოთხმაგდება. ანუ, „ელექტროსისტემას“, რომელმაც 1500 ძირზე მეტი კოლხური მუხა უნდა მოჭრას, 1 კუბ/მ მერქანზე 300 ლარი მაინც უნდა გადაეხადა, თუმცა, ის, რატომღაც ამ საფასურის გადახდისგანაც გაათავისუფლა მთავრობამ.

1 კუბ/მ მოჭრილ მცენარეზე გადასახდელი თანხა ჯგუფების მიხედვითაა დადგენილი. უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი [გადასახადი 80 ლარი]; მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი [75 ლარი]; წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი [73 ლარი];       ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია [70 ლარი] და ბოლო ჯგუფში შედის ჯაგრცხილა, ჭადარი და ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები, რომელთა მოჭრის შემთხვევაში 1 კუბ/მ-ზე გადასახადი თანხა 60 ლარია.

წითელი ნუსხის ხე-მცენარეების მოჭრისთვის ეს თანხები სახეობების მიხედვით ოთხმაგდება, ხოლო თუ წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეები დაცულ ტერიტორიაზე უნდა მოიჭრას, მაშინ ზემოაღნიშნული თანხა ხუთმაგდება კიდეც.

წითელ ნუსხაში საქართველოში მცენარეების 56 სახეობაა შეტანილი, საიდანაც 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი [ანუ გადაშენების პირასაა და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს], 18 სახეობას საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვს, ხოლო 2 სახეობას კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი [ესენია: ტიგრანის ანწლი და თურანულა].

აჭარაში, როგორც ნონა ხელაია ამბობს, გადაშენების განსაკუთრებით მაღალი საფრთხის წინაშე მდგომი სახეობაა უხრავი. წითელი ნუსხის მიხედვით, ამ მცენარის გავრცელების არეალი და რიცხოვნობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრადაა შემცირებული და მას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსი აქვს.

„წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონი 2003 წელს მიიღეს. „წითელი ნუსხა“ არის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი და განსაზღვრავს მათ სტატუსსაც, თუ რა საფრთხის წინაშეა ესა თუ ის სახეობა. „წითელ წიგნი“ კი ამ სახეობებზე უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს.

„წითელი წიგნი“, 1982 წლის გამოცემა გაუქმდა 2003 წლის კანონით. შემდეგ იყო დროებითი „წითელი ნუსხა“, სადაც იყო ძველი ჩამონათვალი და დაემატა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გარკვეული სახეობები. იყო დათქმა, რომ ეს ნუსხა იმოქმედებდა მანამ, სანამ არ გამოიცემოდა ახალი ნუსხა.  ახალი ნუსხა გამოვიდა 2006 წელს, რომელიც გადამტკიცდა 2014 წელს, ანუ ნუსხა/სახეობათა ჩამონათვალი დარჩა იგივე, რაც იყო,“ – აცხადებს ნონა ხელაია.

„წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება მოჭრილ ხე-ტყეს, კანონით ის აჭარის სატყეო სააგენტოში უნდა დასაწყობდეს, ხოლო დახარისხების შემდეგ ამ მერქანს სატყეო-სააგენტო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, იყენებს „არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების [მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის], თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად“.

„წითელ ნუსხაში“ მცენარეების გარდა ასევე შეტანილია 141 სახეობა საქართველოს ფაუნიდან [ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები, თევზები]. აქედან: 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი; 32 სახეობას – საფრთხეში მყოფის, 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია, ხოლო 5 სახეობას – ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი [ესენია: თახვი – განადგურებულია XIX საუკუნეში; ვეფხვი – განადგურებულია XX საუკუნეში;  თეთრმუცელა – გადაშენდა საქართველოს სანაპირო წყლებში; ქურციკი – განადგურებულია XX საუკუნის ბოლოს და კოლხური ბრამეა – ბოლოს აღნიშნულია XX საუკუნის დასაწყისში].

P.S. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, „საქართველოს ელექტროსისტემას“ რამდენიმე დღის წინ მიეცა უფლება, გარემოდან დამატებით ამოიღოს „წითელი ნუსხის“ მცენარეები: კაკლის ხე ( Juglans regia L) – 3 ინდივიდი; ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 200 ინდივიდი და კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 55 ინდივიდი.

კითხვები და პასუხები გენდერზე

რას ნიშნავს გენდერი?

პასუხი: ტერმინი გენდერი (ინგლ. Gender, ლათ Genus) სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასპექტის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს არის სოციალური სქესი, განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით. ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებით, გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს, რომელიც ასახავს მამაკაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში.

რას ნიშნავს გენდერული სტერეოტიპი?

პასუხი: ფსიქოლოგიური მახასიათებლები და ქცევა, გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებისა და როლების შესახებ, ანუ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან მამაკაცი ამა, თუ იმ საზოგადოებაში.

კულტურისა და საზოგადოების ცვლილებასთან ერთად იცვლება ქალისა და მამაკაცის სოციალური როლიც. საზოგადოების შეხედულებების გამო ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ოჯახის საქმეები და შვილების აღზრდა ქალის საქმეა, ხოლო მამაკაცს  ოჯახში ეკონომიკური დომინანტის როლი აკისრია. შესაბამისად, გენდერს, ქალისა და მამაკაცის სოციალურ სქესს თავად საზოგადოება ქმნის და  იგი დამოკიდებულია იმ კულტურულ ნორმებზე  და ფასეულობებზე, სადაც ისინი იმყოფებიან.

რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?

პასუხი: გენდერული თანასწორობა სოციალური სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული, იგი ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია და ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად  მიიღონ მონაწილეობა  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად ისარგებლონ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.

რას ნიშნავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio — განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია  გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით.

რას ნიშნავს სექსიზმი?

პასუხი: ცნება სექსიზმი 1918 წელს შემოიღო  იუნესკომ, რაც სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენლის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის.

სექსიზმის დეფინიციიდან გამომდინარე, გენდერული დისკრიმინაცის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, როგორც მამაკაცი ასევე ქალი. თუმცა მსოფლიოში გაბატონებულ კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია და შესაბამისად სექსიზმის მხსვერპლნი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

მინური აბულაძე: მე არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვყოფილვარ

მინური აბულაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაასახელა.

ბატონო მინური, რა პოლიტიკური გამოცდილებით მოდიხართ?

წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში ვმუშაობდი, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კი სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობა იყო, ვიყავი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

სოციალურ სააგენტოში მუშაობისას, როდესაც ადამიანები შიმშილსა და სიღარიბეს ებრძოდნენ, მათი საკითხი გადამიწყვეტია. ასევე იყო ჯანმრთელობის პრობლემები, ბევრს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებდი. დღესაც მზად ვარ კვალიფიციური მომსახურება გავუწიო მათ, ამიტომაც გადავწყვიტე ვიყო ამ ხალხის რჩეული მაღალმთიან აჭარაში და მათი ხმა საქართველოს პარლამენტში?

თავის დროზე უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შეხვედით. რატომ შეიცვალეთ პოლიტიკური არჩევანი და როგორ მოხვდით ამ პარტიაში?

მე არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. წლების განმავლობაში მე მსიამოვნებდა გუნდთან და კარგ ხალხთან ერთად მეკეთებინა კარგი საქმე და ზუსტად პაატა ბურჭულაძის პარტია არის კომპეტენტური, საქმეზე ორიენტირებული და პროფესიონალური ერთობა, სწორედ ეს გუნდი მოუტანს საქართველოს განვითარებასა და პროგრესს, მე ამ გუნდის წევრი ვარ.

რა პრობლემებს ხედავთ მაღალმთიანეთში და რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას?

მაღალმთიან აჭარაში მყოფ ადამიანების გასაჭირზე რომ ვისაუბროთ, დრო არ გვეყოფა. სახელმწიფოში ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანია და მისი როლის იგნორირება იყო წინა და მოქმედი ხელისუფლების საქმე – არავინ ზრუნავდა ხალხზე, ეს განსაკუთრებით მთაში ჩანს, მივიწყებულია მათი სიდუხჭირე, ავადმყოფობა, სოფლის გზები… სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზას ბოლო 30 წლის განმავლობაში საშველი არ დაადგა…

ჩვენ შევძლებთ ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს კურორტ ბეშუმს, ასევე მწვანე ტბაზე შესაძლებელია თანამედროვე კურორტის გაკეთება. ამ სამკუთხედში შესაძლებელია ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსება, საოჯახო სასტუმროების მოწყობა, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობა საარსებო საშუალება გაუჩენს. მთაში, სადაც ამდენი წყალია, სასმელი წყლის პრობლემები გვხდება, სტუდენტები, რომლებმაც ზაფხულში უნდა დაისვენონ, თხილისა და ჩაის საკრეფად მიდიან თურქეთში და ოჯახებს ეხმარებიან. და, სამწუხაროდ, სწავლას რომ დაამთავრებენ, უმუშევრობისთვის არიან განწირული.

ჩვენი გუნდის ამოსავალი წერტილია ბიზნესის მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლესაც სურვილი ექნება სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს, ექნება 100%-იანი დაფინასება.

რა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებთ პარლამენტში?

მე სადაც მიმუშავია, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა – ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები, შესაბამის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში ვიმუშავებ და მაქსიმუმს გავაკეთებ.

მაღალმთინ რეგიონებში განსაკუთრებული პრობლემაა ეკომიგრანტების საკითხი. პირველად ამ საკითხებზე ვიუშავებ, ეკომიგრანტების შესახებ კანონის მიღებაში აქტიურ წვლილს შევიტან.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა?

ეკომიგრნტების პრობლემა ვერც მოქმედმა და ვერც წინა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა, ვერ შეძლო მათთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეექმნა. იმ ეკომიგრანტ ოჯხებს, ვის წინაშეც სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ შეუსრულებია, საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილებთ. იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ ესაჭიროება საცხოვრებელი ფართი და სურვილს გამოთქვამს ფართის ნაცვლად კომპენსაცია მიიღოს, კომპენსაციას მივცემთ.

ხულოსა და შუახევის მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა გვირაბის მშენებლობის შესაჩერებლად. ჰესის მშენებლობა დაგეგმილია ქედაშიც. რას გააკეთებთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად?

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ვიზრუნებთა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების ხარჯზე. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ მოსახლეობამ  ღირსეული კომპენსაცია უნდა მიიღოს, სამარცხვინო კომპენსაცის სთავაზობენ, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ეს იცოდეს ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ აქ ბიზნესი უნდა აკეთოს, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბიზნეს, მაგრამ ყველაზე მთავარი – იმ ადამიანებმა, ვინც აქ არიან, ღირსეული კომპენსაცია უნდა მიიღონ.

რას ფიქრობთ მთის კანონზე, ხომ არ საჭიროებს ცვლილებას?

ძალიან ბევრი პრობლემა და ხარვეზია, სამედიცინო ბრიგადა, რომელიც მთიან აჭარაში გადაადგილდება და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, სექტემბრიდან დაემატათ ხელფასი ექიმებს, მედდებს და არ დაემატათ ამ ადამიანების გადამყვან მძღოლებს, სკოლაში დირექტორს და ადმინისტრაციულ ნაწილს არ უხდის დანამატს, არის შეღავათები ბიზნესის განვითარებისთვის, ქონების მოგების გადასახადზე, მაგრამ  თუ სოფელში გზა არ იქნება, ბიზნესის საკეთებლად იქ ვინ ავა? არ შეიძლება იღებდე კანონს და კარგად არ მუშაობდეს, ხარვეზების გამოსწორებას უფრო მეტი დრო სჭირდება.

წლების განმავლობაში სოციალურ სააგენტოში მუშაობდით. თქვენი აზრით, დღეს მოქმედი სოციალური პაკეტი რამდენად მოქნილია?

სააგენტომ 2006 წლიდან დაიწყო საარსებო შემწეობის შესწავლა სარეიტინგო ქულებით და ეს იყო იმ მომენტისთვის ერთ-ერთი სიახლე, რითაც შესაძლებელი იყო გადაგვერჩინა შიმშილს ზღვარს მყოფი ადამიანები და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის როგორმე გვემკურნალა, 2008 წლის იანვარისთვის აჭარაში 100 000 ადამიანს სამედიცინო დაზღვევის პოლისი ჰქონდა. 2011 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 12 000 იყო, დღეს 9 000. ვერავინ მეტყვის, რომ ეს 3 000 ოჯახი გამდიდრდა, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა.

სათითაოდ უნდა გაიარო თითოეული ოჯახის პრობლემა და, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შეეცადო სამართლიანად მიიღოს ოჯახმა  სახელმწიფოსგან ეს თანხა და არავის გაუჩნდეს განცდა ისეთ ოჯახს ეხმარებიან, ვისაც არ ეკუთვნის.

ჩვენ გვინდა 125 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახს მივცეთ საარსებო შემწეობა.

ანუ  საარსებო შემწეობის გასაცემად  სარეიტინგო ქულა 70 000-დან 125 000-მდე გაიზრდება? გარდა ამისა, თქვენ და თქვენი გუნდი სოციალურად დაუცველ სტუდეტებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის 100%-იან დაფინანსებას ჰპირდებით. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს ამის ფინასური რესურსი გააჩნია?

ჩვენ ციფრებს ისე არ ვამბობთ, ამის რესურსი არის.

მაჟორიტარი კანდიდატი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული

გია აბულაძე მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ყოფილი განათლების მინისტრი, თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გახდა.

ბატონო გია, რას ჰპირდებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა მოგცეთ ხმა?

პირველ რიგში იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური გუნდი ჰყავს, რომელსაც არა მარტო თეორიული ცოდნა, გამოცდილებაც აქვს. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს რეგიონში განხორციელებული, გარდა ამისა ჩვენს პარტიას აქვს სათანადო პროგრამა.

კონკრეტულად ვისაუბროთ, რადგან ამომრჩეველს აინტერესებს კონკრეტული თემები, რა იქნება თქვენი პრიორიტეტები უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში?

ეს იქნება გადასახადების შემცირება, გაჩერებული პროექტების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა…

გადასახადებს  შეამცირებს უმაღლესი საბჭო?

მე ვამბობ პარტიის საერთო პროგრამაზე.

თქვენი პარტია ან შევა უმრავლესობით ან ვერა, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი, როგორც ერთი კონკრეტული კანდიდატის ინიციატივები რა იქნება?

მე ვფიქრობ, ორი მთავარი ფუქნცია აქვს უმაღლეს საბჭოს, ეს არის აჭარის მთავრობის დაკომპლექტება და ბიუჯეტისა და პროგრამების კონტროლი, რომელსაც აჭარის მთავრობა განახორციელებს. ამ ორივე მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ შეიქმნას 15 ათასი ადგილი რეგიონში, სოციალური სახლების მშენებლობა 2 800 ოჯახისთვის, სადაც იცხოვრებენ ეკომიგრანტები, ბარაკებში მაცხოვრებელი ოჯახები და „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები.

ეს პროექტები რაზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია მაშინ განახორციელოთ თუ ისევ იქნებით ხელისუფლებაში, ამიტომ, რა იქნება თქვენი პირადი ინიციატივები, იქნება ამაზე ვისაუბროთ.

ესენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვთქვი. სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება. უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს მოქნილი.

თქვენი აზრით, როგორია ეს „მოქნილი გარემო“, რას ვერ აკეთებს დღეს აჭარის მთავრობა ამისთვის და თქვენ რას გააკეთებთ?

როცა ბიზნესმენი მოდის კონკრეტული პროექტით და პასუხს ეუბნები ერთი წლის შემდეგ, ვფიქრობ, არაეფექტურია. მთავრობა უნდა იყოს ორიენტირებული მოისმინოს ბევრი ბიზნეს-პროექტი, გავიდეს და მოიზიდოს ინვესტიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს არის მთავრობის  ფუნქცია. მაგალითად, ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო, რომ დასრულებულიყო ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის გზის მშენებლობა და ჩვენს მიერ დაწყებული ზამთრის კურორტი უფრო მეტად ყოფილიყო განვითარებული. ამ გზის გაკეთებით შესაძლებელი იყო კერძო ინვესტიციების მოზიდვა და განვითარება, რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. უმაღლესი საბჭო ამტკიცებს ბიუჯეტს და პრიორიტეტები უნდა შეერჩია სწორად და ისეთი ბიუჯეტი დაემტკიცებია, რომელიც ხალხის საჭიროებებს მოერგებოდა.

თქვენი აზრით, რა სფეროშია საკანონმდებლო ცვლილებებლი საჭირო და კონკრეტულად რა?

ჩვენ დავიწყეთ სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა და დავასრულებთ. სკოლები აღჭურვილი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე დავიწყეთ მასწავლებელთა სახლების პროექტი და დაგეგმილი იყო მაღალმთიან აჭარაშიც გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ გაკეთებულა. ასევე, აჭარის სტუდენტებისთვის გავაკეთეთ საგრანტო პროგრამა და გავზრდით ამ პროგრამის ბიუჯეტს და სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ეს იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხებზე. ასევე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო ინიციატივების უფლება პარლამენტში და ვფიქრობთ შევიტანთ ინიციატივას, რომ შეიცვალოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა.

რა არ მოგწონთ ამ სქემაში?

მაგალითად ის, რომ მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს ვიდეო გაკვეთილები და შემდეგ ეს უნდა შეაფასოს სხვამ. ჯერ შეუძლებელია ამდენი გაკვეთილის ჩატარება და ატვირთვა და მით უმეტეს ამ ფორმით პედაგოგის შეფასება.

ვიდეო გაკვეთილების  ჩასატარებლად პედაგოგებს ჰქონდათ საკმაოდ დიდი დრო. დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში ევალებოდათ რამდენიმე გაკვეთილის გაკეთება, თუმცა ახალმა მინისტრმა თქვა, რომ ესეც აღარ იქნება სავალდებულო.

3-4 წელიწადში არ იყო. ეს არის ბიუროკრატია და ასეთი საკითხები უნდა განვიხილოთ.

ზოგიერთი კანდიდატი საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება. თქვენც ასე ფიქრობთ?

კი. ჩვენ გვაქვს პროგრამაში, რომ  ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული სამსახურები  რომელიც არის აჭარაში, მათი ხელმძღვანელები დაინიშნონ ან აჭარის მთავრობის, ან უმაღლესი საბჭოს ჩართულობით.

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?

პოლიციის ხელმძღვანელი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ან თუნდაც დასახლებების მიხედვით პოლიციის განყოფილებების ხელმძღვანელები ჩამოჰყავთ თბილისიდან და ნიშნავენ. ეს ადამიანები რეალურად არ იცნობენ ქალაქს და  გეოგრაფიულადაც არ იციან განლაგება. სანამ ის ქალაქს შეისწავლის და ეფექტურ საქმიანობას განახორციელებს, ორი-სამი წელი გადის. ჩვენ გვყავს  პროფესიონალი კადრები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო ეფექტურად იმუშაონ.

ბატონო გია, თქვენ განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, აღარ იყავით ჩართული საზოგადოებრივად აქტიური. არ ჩანდით არც კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციებზე და არ გამოგიხატავთ თქვენი პოზიცია როგორც ამ მიმართულებით, არც ქალაქისთვის სხვა  მნიშვნელოვან საკითხებზე, რატომ?

რაც შეეხება კულტურის ძეგლებს, როცა მე დავინიშნე მინისტრად, სულ რამდენიმე თვეში მოვამზადე პროექტი კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და ლევან ვარშალომიძეს წარვუდგინე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომხდარიყო გარკვეული უფლებების დელეგირება, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ ადგილობრივ დონეზე განხორციელებულიყო ძეგლებზე კონტროლი და ეს განვახორციელეთ.

თუმცა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უხეში ჩარევა. მაშინ რატომ დაუშვით ეს?

რა თქმა უნდა, იყო შეცდომები დაშვებული. ამიტომ, ახლა გავწერეთ პროგრამაში, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს განსაკუთრებულად დაცული. რაც ვერ მოვასწარით ის იყო, რომ მოგვემზადებინა ნორმატიული აქტი, სადაც მკაცრად იქნებოდა გაწერილი ნებართვის გაცემის და ასევე კონტროლის განხორციელების წესი. ახლა კი გვაქვს გაწერილი პროგრამაში, რომ უნდა მომზადდეს არასამთავრობოების და მოსახლეობის ჩართულობით, რომ გვქონდეს მკაცრად გაწერილი წესი ნებართვის გაცემაზე და როგორ უნდა მოხდეს ძეგლის რეაბილიტაცია ან კონსერვაცია. გია აბულაძე იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, თავის უფლებებში შეზღუდული იქნება.

 

რეკლამის ფესტივალი – Ad Black Sea ბათუმის მერიამ აღარ დააფინანსა

შავი ზღვის საერთაშოროსო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea ბათუმში ხვალ დაიხურება. ფესტივალში საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე  პოსტ-საბჭოთა ქვეყანა მონაწილეობს.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვატო ქავთარაძის თქმით, წელს ფესტივალს პომპეზური სახე არ ჰქონია, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა.

„პომპეზური იმიტომ არ იყო რომ ფინანსური მხარდაჭერა აღარ გვქონდა მერიის მხრიდან და თითქმის ჩაშლის პირას იყო, მაგრამ მაინც გამოვიდა. რაც შევძელით იმით გავაკეთეთ, ბოლოს საქართველოს ეკონომიის სამინისტრო დაგვეხმარა“-გვეუბნება ის. ვატო ქავთარაძე ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხების მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს რომ იმაზე გაცილებიც ნაკლებია, რაც შარშან ბათუმის მერიამ გამოყო.

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AD Black Sea, მიმდინარეობს
ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AD Black Sea, მიმდინარეობს

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ თქვა მერიამ ფინანსურ მხარდაჭერა უარი? ვატო ქავთარაძე ამბობს: „რაღაც სირთულეები იყო კანონმდებლობასთან და თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, საარჩევნო წელია და არ გამოდიოდა ბევრი რაღაც“.

სარეკლამო ფესტივალს წერლს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის „თი ბი სი“ ბანკი.  ფესტივალში 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს და საკონკურსოდ, 700-ზე მეტი სარეკლამო ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამარჯვებული ნამუშევრები ხვალ, 20:00 საათზე გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება. ჟიურის წევრები ევროპული  ქვეყნებიდან არიან მოწვეული.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყნა მონაწილეობს.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყნა მონაწილეობს.

რეკლამის ფესტივალი შარშან პირველად ჩატარდა ბათუმში, რისთვისაც მერიამ 400 ათასი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან. რეკლამის საბიუჯეტო თანხების დაფინანსებას კრიტიკული გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, თუმცა როგორც მერიის, ასევე რეკლამის ფესტივალის ორგანიზატორებოს პოზიცია იყო, რომ ფესტივალის ჩატარება რეგიონის ცნობადობას და ტურისტულ პოტენციალს გაზრდიდა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა მოხალისეობის მხარდასაჭერად

დღეს 24 სექტემბერს, აჭარის რეგიონის მოხალისეები გამართავენ  გამოფენას, სახელწოდებით  „მე მოხალისე – აქტიური მოქალაქე“, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობის, როგორც საქმიანობის და სფეროს პოპულარიზებას.

ღონისძიება ხორციელდება „საქართველოს მოხალისე“-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ხოლო რეგიონში პროექტის პარტნიორია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელი“.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ასლან ართმელაძის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ აჭარიაში მცხოვრები შემოქმედი და ხელოვანი ახალგაზრდები. ახალგაზრდები. „გამოიფინება 10-ზე მეტი ფოტოფრაფისა და მხატვარის ნამუშევრები. გამოფენის შემდეგ კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც ასევე აჭარის რეგიონში მცხოვრები ხელოვანი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას“.

გამოფენა გაიმართება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.

ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში
ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

ბათუმის ცირკში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო ტურნირი გამართა, ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირში  ქართველი მოჭიდავეების გარდა მონაწილეობენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის  სპორტსმენები.

ტურნირი დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის ცირკში საზეიმოდ გაიხსნა. ფინალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.

აჭარიდან ხუთივე მუნიციპალიტეტიდან 25-მდე სპორტსმენი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, უცხო ქვეყნებიდან კი 90-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

ტურნირის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ფედერაციის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტები, ასევე,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, ბათუმის მერიის და საკრებულოს პირველი პირები.

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეზილზე პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა თოვლის საფარი დიდი არ არის.

როგორც გამგებელი ბესიკ  ბაუჩაძე გვეუბნება,  რამდენიმე ოჯახის გარდა, მთებიდან თითქმის ყველა მოიალაღე  დაბრუნდა.

პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე ფოტო: გოდერძი ლომიას
პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე
ფოტო: გოდერძი ლომიას

„ბეშუმში ვიყავი და იქ რამდემიმე ოჯახი იყო დარჩენილი, თუმცა ისინიც აპირებდნენ წამოსვლას. გუშინ გვიან ღამით წამოთოვა, თუმცა თოვლის საფარი არ არის იმხელა რომ გადაადგილება შეფერხდეს. ადგილზე არიან გამგეობის წარმომადგენლებიც, რადგან ბეშუმში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვახორციელებთ და თუ რაიმე პრობლემა შეიქმენა, დავეხმარებით“.

პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე ფოტო: გოდერძი ლომიას
პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე
ფოტო: გოდერძი ლომიას

გამგებლის თქმით, პრობლემები არც წვიმებს შეუქმნია. „არ ყოფილა ჩვენს მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა, ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია და შტაბიც მუშაობს“.

გოდერძის უღელტეხილი. ფოტო: ხულოს მუნიციპალიტერტის გამგეობის.
გოდერძის უღელტეხილი.
ფოტო: ხულოს მუნიციპალიტერტის გამგეობის.

„მინდა წარმატებული მეცნიერი ვიყო“

ბათუმელი სტუდენტი სან დიეგოს უნივერსიტეტში

ანა თავართქილაძე ერთ-ერთია იმ შვიდ ბათუმელს შორის, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად წელს თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიან. მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა საგნობრივ ოლიმპიადაში, ქიმიაში პირველი ადგილი აიღო. ამ წარმატების შემდეგ ანუ მე-12 კლასში სწავლის დროს, ანას დაუკავშირდნენ და სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზეს. აბიტურიენტებს, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტში გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას, უნივერსიტეტი ინგლისური ენის გაუმჯობესების მიზნით, მე-12 კლასელებს უფასო კურსებს სთავაზობს. ანა შეთავაზებას  დათანხმდა – ამბობს, რომ გეგმავს ქიმია-ბიოტექნოლოგიის მიმართულებით წარმატებული მეცნიერი გახდეს.

თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ უნივერსიტეტის პოლიტიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მინიმალური თანხით, ფაქტობრივად, უფასოდ შეიძლება დაამთავრო ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში. ასე მოხდა ბათუმელი ანა თავართქილაძის შემთხვევაშიც: ეროვნული გამოცდების გზით მან 50-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, თავად უნივერსიტეტმა კი მისი სწავლება 6 500 დოლარით დააფინანსა. „შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ანას მხოლოდ 500 დოლარის გადახდა მოუწევს“.

„ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტიდან დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ მათი სტუდენტი გავმხდარიყავი… ასე გავხდი წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის სტუდენტი, რა თქმა უნდა, ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ“, – იხსენებს ანა.

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებამდე ანას სხვა გეგმები ჰქონდა. სწავლის გაგრძელებას სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებდა, „მაგრამ როცა უნივერსიტეტის [სან დიეგოს] პირობებსა და შემოთავაზებებს გადავხედე, გადავწყვიტე ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა“, – გვიყვება ანა.

ანას აზრით, შემოთავაზება მიმზიდველი იყო, რადგან ამ უნივერსიტეტში საქართველოდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო ამერიკული განათლება და დიპლომი:

„გარდა იმისა, რომ ხარისხიან განათლებას მივიღებ და კონკურენტუნარიანი ვიქნები, მექნება ორი დიპლომი, როგორც ქართული, ასევე ამერიკული. ბიოქიმია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპეციალობაა, თანაც ამ მიმართულებით სპეციალისტები ნაკლებია ჩვენს ქვეყანაში და მოთხოვნადი პროფესიაა.“

ანა თავართქილაძე მე-11 კლასამდე ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი მე-4 სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. ანა გვეუბნება, რომ ქიმიას სკოლაში კარგად სწავლობდა. „კარგი მასწავლებელი მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში არ არის იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ცდები ჩაატარო და ხშირი შეხება გქონდეს პრაქტიკასთან, ჩემი მასწავლებელი – ლია კუპრაძე მაინც ახერხებდა, რომ კარგად ესწავლებინა. რეპეტიტორთანაც დავდიოდიორი ორი წელი.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეძლებდა თუ ვერა რეპეტიტორის დახმარების გარეშე წარმატების მიღწევას? ანა გვეუბნება, რომ დამატებითი მეცადინეობა მაინც საჭიროა. მისი აზრით, სკოლებში უნდა გაუმჯობესდეს ქიმიის სწავლება, რადგან მოსწავლეების უმეტესობა ამ საგანს რთულად იმიტომ მიიჩნევს, რომ სათანადოდ არ ისწავლება.

„რეალურად, არც თუ ისე რთული საგანია. თუ კარგად და ნათლად ასწავლიან, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ბავშვი გაყვება ამ სპეციალობას. უფრო საინტერესო უნდა გახდეს გაკვეთილები. სკოლებში კი არის ლაბორატორიები, მაგრამ ხშირად არ გვქონდა ქიმიური მასალები, გაკვეთილები ცდების დახმარებით რომ ჩაგვეტარებინა“.

ანას თქმით, ასეთ შემთხვევაში კარგია ონლაინრესურსების გამოყენება: „ექსპერიმენტებს ვუყურებდი ინგლისურენოვან საიტებზე, უცხო ენაზე კარგი რესურსებია, ქართულად – ნაკლები. ონლაინექსპერიმენტები კარგად არის გაკეთებული და სწავლის სტიმულს გაძლევს“.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო განათლების სტიმულირებისთვის, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? – ანას მოსაზრებაა, რომ ყველაფრის საფუძველი სკოლაშია და თუ გაკვეთილები საინტერესო იქნება, შემდეგ მოსწავლეები თვითონ გაიკვლევენ გზას. „პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მეც იმიტომ ვისწავლე კარგად, რომ პედაგოგი მყავდა კარგი“.

ანას სამეცნიერო მუშაობა აინტერესებს და ფიქრობს, რომ ეს სფერო საქართველოში დროთა განმავლობაში განვითარდება: „სან დიეგოს უნივერსიტეტში სტუდენტების 43 პროცენტი გოგონაა. ქალები მეცნიერებაშიც ცოტანი ვართ და ამ მხრივაც საინტერესოა. მინდა, რომ ბევრი ქალი ხედავდეს თავის ადგილს მეცნიერებაში.“

ანა ამბობს, რომ ერთი წელი შეიძლება აშშ-შიც ისწავლოს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მეორე წელია ფუნქციონირებს. ასევე ორი წელია ფუნქციონირებს ინგლისური ენის აკადემია, რომელიც იმ მეთორმეტეკლასელებს, რომლებიც კარგად სწავლობენ საბუნებისმეტყველო საგნებს, ასევე მათემატიკას და გადაწყვეტილი აქვთ ჩააბარონ, ვთქვათ, სან დიეგოს უნივერსიტეტში ელექტრონული ან თუნდაც კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში უფასოდ ეხმარება. მსგავსი სასწავლო ცენტრი მოქმედებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ბათუმში ეს ცენტრი რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის, სულ 611 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომის გამო,  17 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის მერის იმპიჩმენტს ითხოვს

ბიუჯეტის გაფლანგვა, პრიორიტეტების არასწორი განაწილება, განუხორციელებელი და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საარჩევნო კოდექსის დარღვევა, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, ბიუროკრატია მერიაში, ქალაქის იმიჯის შელახვა და ა.შ. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რომელსაც გიორგი ერმაკოვს უყენებენ  საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” და მის გადაყენებას მოითხოვენ.

“მისი მერის თანამდებობაზე დარჩენა ქალაქში ახალი პრობლემების შექმნისა და ადამიანებისთვის გართულებული ცხოვრების კიდევ უფრო დამძიმების რეალურ საფრთხელს ქმნის” – ვკითხულობთ განცხადებაში. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე განმარტავს, იმისთვის რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილონ ცხრა დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ჯერ–ჯერობით კი მხოლოდ სამი დეპუტატი – ჯუმბერ კახიძე, გიორგი კირთაძე და ნოდარ დუმბაძე – აწერს ხელს მიმართვას.

გიორგი კირთაძის ვარაუდით, რადგან საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების რაოდენობა სჭარბობს მმართველი პარტიის წარმომადგენლების რაოდენობას, მათი წინადადება მხარდაჭერას მოიპოვებს: “დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩვენსავით აკრიტიკებენ მთავრობას და მათ ეძახიან უუნაროს, არაფრისმკეთებელს და მათ შორის, ხშირად, კორუმპირებულსაც, შემოუერთდებიან ამ ხელწერილს.”

კითხვაზე, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინადადებას სხვა პარტიის წარმომადგენლებმა ან საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა, გიორგი კირთაძე გვპასუხობს: “მე მგონია  მხარდაჭერა უნდა მივიღოთ სხვა დეპუტატებისგანაც,  სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ვთამაშობთ ერმაკოვის თამაშებს. ვისაც არ მოსწონს რაც ხდება ამ ქალაქში და ამ ყველაფერს აბრალებს ბათუმის მერს, მე მგონია რომ უნდა მოაწეროს ხელი ამ მიმართვას და გადავაყენოთ ქალაქის მერი თანამდებობიდან.”

საქართველოს თვითმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, “გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.”

დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა.

ქალბატონო მადონა, თქვენ ერთ-ერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ხართ საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიდან. რატომ დაგასახელათ პარტიამ კანდიდატად და როგორ მოხვდით ამ პარტიაში?

მინდოდა იმ პარტიაში შევსულიყავი, რომელშიც ჩემი აზრები იქნებოდა გათვალისწინებული. ამ პარტიის გეგმები, იდეები წავიკითხე, მომეწონა, პარტიამ შემომთავაზა მაჟორიტარი კანდიდატი ვყოფილიყავი. რაც შეეხება დამსახურებას – დაზარალებულ ხალხთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე ხალხის გვერდით ვიდექი და იმისთვის ვიბრძოდი დაზარალებულებს დახმარება რომ მიეღოთ. „ოცნებაშიც“ ვიყავი, „ოცნების“ მოსვლისთვისაც ვიბრძოდი და მას ვუჭერდი მხარს, მაგრამ როცა დავინახე შენელებული ტემპით მიდიოდ… ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა,  რომ ოცნებამ ჩვენთან „ნაციონალების“ დეპუტატი დასახელა მაჟორიტარ კანდიდატად.

რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ?

განათლებით პედაგოგი ვარ, ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს, პოლიტიკური გამოცდილება… არც ერთი აქცია არ დამიტოვებია, ვინც ნორმალური პატრიოტული გრძნობით იყო მოსული.

რატომ გინდათ პარლამენტში შესვლა?

ჩემს ხალხს აკლია გვერდში მდგომი, თუნდაც ამბის მიმტანი ხელისუფლბამდე, ხალხი გასაცოდავებულია. მე ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, რომ ხიდი ვიყო პარლამენტსა და ხალხს შორის. მინდა დავეხმარო ჩემს ხალხს, ჩემს ამომრჩეველს, რა პრობლემაც და გაჭირვებაც აქვს ხელისუფლებამდე მივიტანო.

რა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებთ?

ვითომ მაღალმთიანი კანონი რომ მივიღეთ და ხალხი ზარზეიმით ხვდება ამ კანონს, ცვლილებებია შესატანია. ხალხს გზა არ აქვს…შრომისა და დამსახურების მიხედვით უნდა მიიღოს ადამიანმა პენსია.

რა პრობლემებს ხედავთ მაღალმთიანეთში და რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას?

უამრავი პრობლემაა, დავიწყოთ გზით, სოფელს გზა არ აქვს, დღეს რომ გაწვიმდა მიკროავტობუსი სახლამდე ვეღარ მივიდა. ჩვენთან ჰიდროელექტრო სადგურები შენდება, რამაც კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი იქ მცხოვრებ მოსახლეობას, სახლები დაიშალა, ხეხილი გახმა, მოსავალი შემცირდა, წყალი აღარც დასალევია და აღარც სარწყავი. აქ კარტოფილი და ბოსტნეული მოდის სხვა არაფერი, ისეთი მიწებია თუ არ მორწყე, მოსავალი არ მოვა. აქ მცხოვრებ მოსახლეობას გმირობა უნდა მიანიჭო რამე კი არ უნდა შეუწყვიტო.

პირველ რიგში დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებსაც სახლები აქვთ დანგრეული, წყლები დაუკარგეს და კომპენსაციებს არ აძლევენ, ამის მოგვარებას ვპირდები. უკეთესი გზები იქნება, მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყალი ექნება.

ხულოსა და შუახევის მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა გვირაბის მშენებლობის შესაჩერებლად. ჰესის მშენებლობა დაგაგმილია ქედაშიც. რას გააკეთებთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად?

ამ ინფორმაციას არ ვფლობ, საქმის ყურში არ ვარ, გავესაუბრები ხალხს და დადებითი რაც იქნება, იმ კუთხეს დავადგები მე.

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ეკომიგრანტების საკითხი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა?

აუცილებელია გვერდში დავუდგეთ ეკომიგრანტებს. ჩვენი პროგრამა ასეთი საქმისთვის ბიუჯეტიდან 4%-ის გამოყოფას ითვალისწინებს, რითაც აშენდება სახლები, მივცემთ 40-წლიანი განვადებით მოსახლეობას და თვეში 15-200 ლარამდე გადასახადი ექნებათ.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა გენდერული კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები გატარდეს?

ჩვენს პარტიას გენდერული კუთხით პრობლემა არ აქვს, ჩვენს პროგრამებში დაბალანსებულია ეს, ამ წუთში ამ პრობლემას ვერ ვხედავ.

როგორ ფიქრობთ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს?

ბათუმში მეჩეთი, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტიდან, ქართველი ხალხის ფულით და არა თურქული ფულით. ეს არ უნდა იყოს თურქი ხალხის სიხარული და ოვაციები, ეს უნდა იყოს ჩვენი, ქართველი მუსლიმის მოთხოვნა.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალისტია, 18 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში ცხოვრობს და ბათუმში  სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

რომის პაპთან შესახვედრად თბილისში ბათუმელი კათოლიკეებიც ჩავლენ

1 ოქტომბერს მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესაზე დასასწრებად, რომელსაც რომის პაპი ფრანცისკე აღავლენს, კათოლიკეები თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩადიან.

ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში უკვე დაიწყეს მზადება თბილისში გასამგზავრებლად. როგორც კათოლიკური ეკლესიის კატეხისტი ნანა გეგენავა ამბობს, 50–ზე მეტი ადამიანისთვის უკვე აქვს დასტური მიღებული წირვაზე დასასწრებად.

“ჩვენ დავუკავშირდით სხვა რელიგიურ კონფსიებსაც და ვიზრუნეთ იმაზე, რომ ხალხს ამ მოვლენის შესახებ გაეგო. 25 სექტემბრამდე ველოდებით მათგან დასტურს, წამოვლენ თუ არა ჩვენთან ერთად. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ეს რიცხვი გაიზრდება. 30 სექტემბერს გვიან ღამით ვაპირებთ ბათუმიდან გასვლას, დილით უკვე თბილისში უნდა ვიყოთ. 10:00 საათზე დაიწყება წირვა.”

ელენე ზოიძე ერთ–ერთია იმათგან, ვინც ბათუმიდან რომის პაპის დასახვედრად და წირვაზე დასასწრებად თბილისში აპირებს წასვლას. მისი თქმით ამ მოვლენას ვერ გამოაკლდება:  „რომის პაპის ჩამოსვლა საქართველოში არის უდიდესი მოვლენა“ – ამბობს ის.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკვანის, თენგიზ პარმაქსაზიშვილის ინფორმაციით,  მესაზე დასწრება ნებისმიერ ადამინას შეუძლია: “წირვაზე დასწრება შეზღუდული არ არის, მხოლოდ ბილეთების აღებაა საჭირო. კათოლიკურ ეკლესიებში, ყველა მოძღვარს აქვს ბილეთები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაეწეროს სიაში და აიღოს ბილეთი.”

თენგიზ პარმაქსაზიშვილის ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებზე ამ ფაქტის მიმართ: “ჩემს ირგვლივ, პირად საუბრებში,  ყველა დადებითი განწყობით ხვდება. მაგრამ, გულსაკლავია, რომ ხშირად სოციალურ ქსელებში გვხვდება ძალიან უხამსი და მიუღებელი დამოკიდებულება. მე არ ვიცი რას მივაწერო ეს. მათთან პაექრობას არც ვაპირებ და არც ყურადღებას ვაქცევ. საბედნიეროდ ეს ერთეული შემთხვევებია.”

„ძალიან მწყის, რომ აგრესია მოდის მართლმადიდებლების მხრიდანაც. ჩვენ ვართ ერთი ეკლესია. ქრისტე არ ყოფილა მართლმადიდებელი და არ ყოფილა კათოლიკე. ერთი პიროვნება იყო“ – ამბობს ნანა გეგენავა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისში 30 სექტემბერს ჩამოფრინდება. პაპ ფრანცისკემდე საქართველოში მისი წინამორბედი, პაპი იოანე პავლე II სტუმრობდა.

 

 

 

 

 

პაატა ბურჭულაძე აჭარაში შეხვედრებს გამართავს

2016 წლის 25 და 26 სექტემბერს პაატა ბურჭულაძე,
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“
აჭარაში შეხვედრებს გამართავს.

პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე და მაჟორიტარი დეპუტატატობის კანდიდატები ხალხს ქვეყნის განვითარების გეგმას დეტალურად გააცნობენ, მოისმენენ ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს და პროგრამის ფარგლებში პასუხებს გასცემენ.

14138668_508024502734441_8531838680823399624_o

შეხვედრების განრიგი:

  •  25 სექტემბერი; 17:00 სთ – ქობულეთი,  ქობულეთის პარკი – ამფითეატრი;
  •  25 სექტემბერი; 19:00 სთ – ბათუმი,  საზაფხულო თეატრი;
  •  26 სექტემბერი; 11:00 სთ – ხელვაჩაური,  სოფელ ერგეს კლუბი;
  •  26 სექტემბერი; 13:00 სთ – ქედა, 9 აპრილის სკვერი;
  •  26 სექტემბერი; 15:00 სთ – შუახევი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია;
  •  26 სექტემბერი; 17:00 სთ – ხულო, ხულოს სახელმწიფო
    დრამატული თეატრი.

14361358_514021525468072_8883567605620618883_o

ვის შეუძლია „თავისუფალი გაკვეთილის“ ჩატარება

„თავისუფალი გაკვეთილების“  იდეა განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი, რომლის განხორციელებაც ორ თვეში დაიწყება,  ორი მილიონი ლარის ღირებულებისაა. მინისტრის განცხადებით, პედაგოგები, ვინც საჯარო სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილები“ უნდა ჩაატარონ, კონკურსის წესით, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით შეირჩევიან. როგორია თავისუფალი გაკვეთილების ფორმატი და კრიტერიუმები, დეტალებზე „ბათუმელებს“  ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, იქნებ განმარტოთ, როგორი იქნება თავისუფალი გაკვეთილებისფორმატი და რა პროცესი მიმდინარეობს პროექტთან დაკავშირებით?

პროექტი ჯერ არ არის ბოლომდე დამუშავებული, რაც ვიცით გეტყვით. ანუ ვქმნით ფონდს და კომისიას, რომელიც შემოსულ პროექტებს შეაფასებს. საჯარო სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს შემოაქვს პროექტი. ეს პროექტი არის სამთვიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში მან კვირაში ორჯერ მაინც უნდა ჩაატაროს „თავისუფალი გაკვეთილი“. გაკვეთილზე დასწრება თავისუფალია და დაძალება არ შეიძლება. გაკვეთილზე არ შეიძლება საშინაო დავალებები, რადგან ყველაფერს აკეთებენ კლასში და ნიშნები აკრძალულია და არჩევითია.

 ანუ, ეს იქნება სტანდარტული გაკვეთილის გაგრძელება, განსხვავებულ ფორმატში?

ფაქტობრივად, გახანგრძლივებულში რაც ხდება, იმის ანალოგია. ეს გაკვეთილი შეიძლება მასწავლებელმა ჩაატაროს თავის საგანში ან სხვა თემაზე. შეიძლება ისტორიის მასწავლებელმა ჩაატაროს ისტორიის თავისუფალი გაკვეთილი და შეიძლება ჩაატაროს ბათუმის ისტორიის ან ჯაზის თავისუფალი გაკვეთილი. ეს არის წრეს პრინციპი და პირდაპირ მასწავლებლის საგანზე არ არის მიბმული. თუმცა, საგრანტო კომისია იხილავს რამდენად შეუძლია ამ ადამიანს ამ გაკვეთილის კარგად გაკეთება.

თუ ენიჭება მნიშვნელობა იმას, რა კატეგორიის მასწავლებელს შემოაქვს პროექტი, წამყვანია, ტრენერია თუ პრაქტიკოსი?

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პროექტის შემოტანა ყველას შეუძლია, თუმცა უპირატესობა მიენიჭება მასწავლებლის დონეს. თუ ორ მასწავლებელს მოუნდება რაღაცის გაკეთება და ერთი პრაქტიკოსია, მეორე კი მენტორი, ჩვენ ალბათ მენტორს მივანიჭებთ უპირატესობას, თუმცა ეს კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

ვინ იქნება შესარჩევ კომისიაში?

კომისიის წევრები არ იქნებიან მხოლოდ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. გვინდა, რომ იყოს ხალხი მედიიდანაც, ენჯეოდანაც. კომისია იქნება თავისუფალი და მის მუშაობაში თანხას არ გადავიხდით – თუ სურვილი ექნებათ, რომ დაგვეხმარონ ამ საქმეში, მოვიწვევთ მოხალისეებს.

პროექტში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რას გააკეთებს მასწავლებელი ამ გაკვეთილზე?

გეგმა უნდა იყოს გაწერილი, უნდა იყოს ინფორმაციაც გაწერილი მასწავლებლის შესახებ, სად ჩაატარებს, როგორ ჩაატარებს. ოთახი სჭირდება თუ დარბაზი და ასევე გაწერილი უნდა იყოს მოთხოვნა, რისთვის რა ხარჯები სჭირდება.

 თავდაპირველად ითქვა, რომ ერთი გაკვეთილი 3 ათასი ლარით დაფინანსდებოდა. ანუ ეს ინფორმაცია არ არის სწორი?

სამი ათასი ლარი გამოდის სამი თვე ამ გაკვეთილების ჩატარება. სამი თვის ფასია ეგ. ამ თანხის ერთი მესამედი მიდის სკოლაში, ერთი მესამედი  –  მასწავლებელთან და დანარჩენი მაქსიმუმ ხარჯებზე. სამი თვის განმავლობაში მასწავლებელი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ატარებს თავისუფალ გაკვეთილს, ეს დეტალი დასაზუსტებელი გვაქვს. ეს იქნება 24 ან 36 გაკვეთილი.

წლის განმავლობაში რამდენი პროექტი უნდა შეირჩეს და ერთ პედაგოგს რამდენი პროექტის შემოტანა შეუძლია წელიწადში?

ვფიქრობთ, წელს გვექნება 100 გრანტი, შემდეგ კი წლებთან ერთად მოიმატებს გრანტების რაოდენობაც, როცა ფონდი გაგვეზრდება. ამასობაში ვისწავლით კიდევ რომელი უფრო მოსწონთ, რომელი არ მოსწონთ. საპილოტე პროექტია და გზადაგზა წესებს დავხვეწთ.

 ასი გრანტის დაფინანსება 300 ათასი ლარი გამოდის. ეს თანხა არსებობს 2016 წლის ბიუჯეტში  თუ  აწი აპირებთ მოძიებას?

კი, ბატონო. ოღონდ, რახან ჯერ წესები არ არის დამტკიცებული, ჯერ ვერ გამოცხადდება კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ თანხა არის, სანამ კომისია არ არის და წესები არ არის გაწერილი, პროექტების მიღება დაწყებული არ არის.

წლის ბოლომდე გამოცხადდება კონკურსი?

ვფიქრობ, თვე-ნახევრის ამბავია, რადგან პარლამენტის ნებართვა დაგვჭირდება, ამიტომ მოგვიწევს დაველოდოთ ახალ პარლამენტს.

როგორ ფიქრობთ, ახალი პარლამენტი დაუჭერს მხარს ამ პროექტს? ხომ არ გაჩნდება კითხვები პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი, როგორი იქნება დასაბუთება?

დასაბუთება არის ის, რომ გვინდა ჩვენი ბავშვებისთვის სკოლა გახდეს უფრო საინტერესო. ვფიქრობთ, ბავშვებს თავისუფალი გაკვეთილების გამო სკოლა უფრო შეუყვარდებათ.

ფინანსური მოტივაცია ამ პროექტში საკმაოდ მაღალია პედაგოგისთვის, ხომ არ მოხდება ისე, რომ პედაგოგები თავისუფალი გაკვეთილებით უფრო დაინტერესდებიან, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილებით?

აქ კონკურენციაა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ყველა მასწავლებელი ვერ მიიღებს გრანტს, მიიღებენ მხოლოდ საუკეთესოები.

ხომ არ გამოვა ისე, რომ რომელიღაც სკოლის მოსწავლე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ექნება თავისუფალ გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობა და ზოგიერთი სკოლა კი საერთოდ ვერ მიიღებს გრანტს?

სულ გვაქვს 2 100 სკოლა, ანუ ყველა სკოლას თითო თავისუფალი გაკვეთილი მაინც რომ მოუწიოს, წელიწადში 20 მილიონი ლარი გვჭირდება. ამ ბიუჯეტზე მალე ვერ გავალთ, მომავალ წელს ვერა, მაგრამ ეტაპობრივად გავზრდით.

მთლიანობაში ამ პროექტისთვის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი შეიძლება დაიხარჯოს, მაშინ როცა არ ვიცით, როგორი იქნება შედეგი. ხომ არ ჯობდა, რომ ეს ფინანსური რესურსი, ვთქვათ, სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვას მოხმარებოდა. ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ სკოლებში. 

მაგას ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ შარშანდელი და წლევანდელი ბიუჯეტი გვაქვს 900 მილიონი და ამ პროგრამის ჩათვლით 2017 წელს ამ ბიუჯეტს გავზრდით, სადღაც მილიარდზე იქნება საუბარი, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც.

ალექსანდრე ჯეჯელავა ფოტო: თორნიკე თავაძე „ბათუმელები“
ალექსანდრე ჯეჯელავა
ფოტო: თორნიკე თავაძე
„ბათუმელები“

ირაკლი ჩავლეიშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ ნამდვილად არ ფიქრობს უმრავლესობით მოსვლაზე

სამგზის ბათუმის საკრებულოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე და ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკურმა პარტიამ” საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. „ბათუმელები“ დაინტერსდა ამომრჩევლისთვის რა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას არ აღმოჩნდა საკმარისი საკრებულოს წევრის კომპეტენცია და რა საკითხების ლობირებას გეგმავს ის პარლამენტში არჩევის შემთხვევაში.

ბატონო ირაკლი, რა საკითხების გადაწყვეტის მცდელობისას არ გეყოთ საკრებულოს წევრის კომპეტენცია, რომ შეგესრულებინათ დაპირებები, რაც წინა არჩევნებზე მიეცით ამომრჩეველს?

არის რიგი საკანონმდებლო საკითხებისა, რისი ინიცირებაც პარლამენტში უნდა მოხდეს, რისი უფლებაც აქვს პარლამენტის წევრს და ეს კანონები უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რა პრობლემებია ქალაქში, როდესაც თვითმმართველობა ვერ წყვეტს ამ პრობლემას იმის გამო, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ეს არის გასათვალისწინებელი პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, შემდგომში აღსრულება გაუადვილდება თვითმმართველობას. იმ კანონების ფარგლებში იმოქმედებს თვითმმართველობა, რასაც მიიღებს პარლამენტი.

რა პრობლემებია ოლქში, სადაც კენჭს იყრით, რის გადაწყვეტასაც საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება?

უჩვეულო ოლქი წარმოჩნდა, ფაქტობრივად, გაერთიანდა სოფელი და ქალაქი. სოფელს თავისი პრობლემა აქვს, დაბას – თავისი. ამიტომ ეს პრობლემები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. მთავარი, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვაწყდებით, მაინც საკუთრების პრობლემაა. მიწის დაკანონების საკითხი გადაუწყვეტელია და მისი წამოწევა ისევ პარლამენტში აუცილებელია, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ადამიანებმა არ იციან რა გააკეთონ, რადგან ბევრს მიწა დაკანონებული არა აქვს – არ იციან რა ტიპის კულტურა მოიწიონ, რომელ კულტურას მიყონ ხელი, ადრე მოგეხსენებათ მონოკულტურა იყო ჩაი და ციტრუსი, ახლა ახალი კულტურები შემოდის, რომელიც სარფიანია გლეხისთვის, მაგრამ ვერ ახერხებს ამ პრობლემების მოგვარებას და წინგანჭვრეტას იმიტომ, რომ მიწა, ფაქტობრივად, მას არ ეკუთვნის. ჰქონდა სარგებლობაში, მუშაობდა მეურნეობაში და ახლა კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვს, ეს არის პრობლემა.

მე ვიყავი პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი 25 წლის განმავლობაში და ვიცი იქაური პრობლემები. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი, რითაც იქაური მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დასაქმებული იყო, შემდეგ ეს ყველაფერი მოკვდა. ახლა ნელ-ნელა იწყებს აღორძინებას, მაგრამ სისტემური მიდგომაა საჭირო. პეტრას ციხე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი. ძეგლი, სადაც დაიწყო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, ეს უნდა იყოს მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის. აქ უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. იცით რომ იქ, ციხისძირისკენ გზაზე, ზოგი ყვავილებს ყიდის, ზოგი – ნაკეთობებს, როდესაც ახალი ტრასა გავა, ეს ადგილი არ უნდა იყოს მივიწყებული და უნდა გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. გზის რეაბილიტაცია შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, ახლა საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ, მეც ვარ ამ კომისიის წევრი, აქ მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული და უფრო სისტემური სახე უნდა მიეცეს იქ ადამიანების დასაქმებას.

ეს ხომ აღმასრულებელი ორგანოების გასაკეთებელი საქმეებია?

ჰო, მაგრამ მე ვილაპარაკე მიწაზე, ვილაპარაკე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც უნდა გაკეთდეს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იხეიროს. პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს თავისთავად. შემდგომი საკითხი არის ბონი, ბარცხანა, გარადოკი და ჩაქვი, ვითარდება ეს სადაბო ცენტრები, როდესაც, ჩვენი აზრით, გენერალური გეგმის შემუშავება უნდა იყოს გათვალისწინებული. ქალაქი გაიზარდა სამჯერ. ბათუმი უკვე არის მეგაქალაქი, ის ხდება მეორე ქალაქი საქართველოში და სხვა საკანონმდებლო უფლებამოსილება უნდა მიეცეს ბათუმს, უფრო მაღალი სტატუსი, რადგან ავტონომიური რესპუბლიკის პირველი ქალაქია. სადაბო ცენტრები უნდა იქცეს, როგორც პატარა სადაბო ცენტრებად თავისი განაშენიანებით, ინფრასტრუქტურით, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ისინი ცხოვრობენ ქალაქში. ქალაქური ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, რომლებიც სოფლური წესით ცხოვრობენ – ის ყველა სიკეთე უნდა ჰქონდეთ, რაც ქალაქის ცენტრში მცხოვრებლებს აქვთ. ჩემი მთავარი პრიორიტეტი, როგორც პარლამენტის წევრის, ეს იქნება – იმ საკითხების, პროექტების ლობირება, რაც მე საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს დავიწყე და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოქმედებს, ეს არის დეპოსა და სარკინიგზო კვანძის გადატანა ქალაქის ამ ნაწილიდან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა. ახალი ქალაქური ტიპის დასახლების ეკოლოგიურად სუფთა დასახლების ტიპის შექმნა. დაახლოებით 14 ჰექტარი მიწა გამოთავისუფლდება ძალიან საინტერესო სივრცეში. ეკოლოგიურად დაბინძურებული ამ საწარმოების გადატანა მოხდება ბენზეში.

ბენზესაც თავის პრობლემები აქვს ამ კუთხით…

ამიტომ საკანონმდებლო სტანდარტები უნდა იყოს მაღალი. შესაძლებელია იქ საწარმოები გაიხსნას. საწარმოები, რომლებიც დღეს იქ მუშაობენ, გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს საკანონმდებლო სტანდარტები უნდა იყოს აწეული და მოსახლეობამ უნდა იცხოვროს სუფთა ეკოლოგიურ გარემოში. ეს არის მთავარი პრიორიტეტები და არის, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემებიც. მაგალითად, წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების სამუშაოები გრძელდება, მესამე ფაზა მიმდინარეობს და მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. უნდა ავწიოთ ის სტანდარტები, რომ არ მოხდეს მდინარეების დაბინძურება, ამიტომ ეკოლოგიის საკითხები არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს წლების განმავლობაში. არის გაუსაძლისი სუნი, რასაც ის ფარმაცევტული ფაბრიკა და საწარმოები მავნე ნივთიერების სახით გამოყოფენ. აქ სტანდარტები უნდა აიწიოს და უფრო მკაცრი უნდა გახდეს საკანონმდებლო დონე.

თქვენი პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ უფლებამოსილების გაზრდისა და ადგილზე საკითხების გადაწყვეტილების აუცილებლობაზე, პირადად თქვენ ამ მიმართულებით შეგქმნიათ პრობლემები?

დიახ, მე როგორც საკრებულოს წევრი, თავმჯდომარე და მოადგილე ძალიან ბევრ ისეთ საკანონმდებლო პრობლემას ვხედავ, რომელიც ადგილზე ვერ გვარდება. არის პარლამენტის დონეზე გადასაწყვეტი, მაგალითად, რეგულაციები. სიტყვაზე ავიღოთ ფოიერვერკების ხმაური, რაც აწუხებს მოსახლეობას. ამას არა აქვს საკანონმდებლო ბაზა და თვითმმართველობა ასეთ კითხვებს ვერ წყვეტს, – ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს პარლამენტში. ტაქსების პრობლემაც გვაქვს, რაც ასევე უნდა მოგვარდეს საკანონმდებლო დონეზე, ეს თითქოსდა მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა არ არის იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა ეს საკითხები გადაჭრას. პარლამენტის წევრი, რომელიც იქნება წარმოდგენილი ქალაქიდან, უნდა ზრუნავდეს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაზე და ისეთი კანონმდებლობის ინიცირებაზე, რომელიც მორგებული იქნება მასზე, როგორც მაჟორიტარზე და მას ეცოდინება ის პრობლემები, რომლებიც სინამდვილეში ქალაქში არსებობს. ვეჭვობ, ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც იყრის კენჭს, გათვიცნობიერებული იყოს იმ პრობლემებში, რაც დღეს ქალაქს სჭირდება, საკანონმდებლო პრობლემების გადაჭრის მხრივ.

თქვენი იყავით ინიციატორი ქალქში მშენებლობის რეგულაციების გამკაცრების, თუმცა ამ რეგულაციებზე გავერდის ავლა ხერხდებოდა და ხერხდება…

დიახ, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. როცა შემოვიტანეთ რეგულაციები, ეს იყო პრევენცია წესიერი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამით წესიერი მოქალაქეები გავაფრთხილეთ, რომ ღამის საათებში არ შეიძლება სიმყუდროვე დაურღვიო მოქალაქეებს, მაგრამ ამ პრობლემების ადმინისტრირების მექანიზმები არ არსებობდა, რადგან არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა. ასე ვთქვათ, ლაფსუსთან გვაქვს ხშირ შემთხვევაში საქმე . როდესაც ადგილზე გვინდა რაღაც პრობლემები გადავწყვიტოთ, არ არსებობს ამის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რეალიზაციაში მოაქცევს ინიციატივას.

ამ პარლამენტშიც გყავთ მნიშვნელოვანი აქტივი, რატომ მანამდე არ წარადგინეთ ეს საკითხები პარტიის იმ წევრების დახმარებით, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტის წევრები არიან?

პარლამენტი თავის დღის წესრიგით მუშაობს, კანონმდებლები რიგს იცავენ და მნიშვნელობის მიხედვით ხდება საკითხების გამოტანა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ კანონს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავდა ათკაციანი ფრაქცია და ისეთი კანონების ლობირება მიმდინარებდა, რომლებიც აუცილებელი იყო ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ეს იყო მოსმენებზე, ქალთა უფლებებზე და ასე შემდეგ. ამიტომ უამრავი კანონი არის შესაცველი. ამიტომ უნდა იყოს ის ისეთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც დაიცავს თავისი ქალაქის ინტერესებს და ლობირებას გაუწევს ასეთ კანონებს. სამწუხაროდ, ასეთი კანონების ლობირება არ ხდებოდა პარლამენტში და გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს.

უმრავლესობით მოსვლას არც ახლა ვგეგმავთო, ამბობთ „რესპუბლიკელები“. ოთხი წლის შემდეგ ხომ არ იტყვით ისევ, ბევრი არ ვიყავით,  გადაწყვეტილება რომ მიგვეღოო…

ჩვენ ილუზიებით არ ვცხოვრობთ და ჩვენ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები, „რესპუბლიკური“ პარტია ნამდვილად არ ფიქრობს უმრავლესობით მოსვლაზე და ღიმილის მომგვრელია, როდესაც ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უნდა უმრავლესობით მოსვლა. ჩვენი პარლამენტი უნდა იყოს ჭრელი, უნდა იყოს სხვა პარტიების წარმომამდენლობა, უნდა იყოს წარმოდგენილი პარტიები, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და ეყოლებათ თავიანთი ფრაქციები. ერთპარტიულ სისტემას ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავემშვიდობეთ და თუ ვინმეს უნდა, რომ დაგვაბრუონოს, ეს ძალიან ცუდი წამოწყებაა. რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში, მე უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, იმ ძირითადი საკითხების მხარდამჭერი, რომელიც აუცილებელი იქნება საქართველოს პარლამენტში. შემდგომში უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ გავიტანო ისეთი ტიპის კანონები, რომლებიც იქნება სასარგებლო ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და უნდა ვიყო იმ კანონების და ქვემდებარე აქტების ინიციატორი, რომლებიც აუცილებელი იქნება ჩვენი ქალაქის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

ენმ-ს წევრები აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთების აუქციონის გარეშე გასხვისებაში ადანაშაულებენ

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართეს, ისინი მთავრობის თავმჯდომარეს მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებაში ადანაშაულებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატის მირდატ ქამადაძის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 14 სექტემბერს, აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთები, კერძოდ – დელფინარიუმის წინ არსებული მიწის ნაკვეთი, ყოფილი პანსიონატის „მზიურის“ ტერიტორია და მახინჯაურში არსებული აბანოს ტერიტორიები.

„ჩვენ მიგვაჩნია რომ აქ არის კორუფციის ნიშნები. წაგებისთვის განწირული მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობა ასწრებს ზოგადად, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიწები გაასხვისონ, ამისთვის მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას. ჩვენ ასევე მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს რათა, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დაიწყონ გამოძიება,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე კომენტარს აღნიშნულ თემაზე მოგვიანებით გააკეთებენ.

ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „მზიური“ იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა ქონება არ გაიყიდა. არშემდგარი აუქციონებიდან პირველი, მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდა, ხოლო მეორე – 14 ივლისს.

დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციებას გეგმავს.

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა. შეკრების მიზანი კვლავ რჩება ავტომანქანების მფლობელებისთვის იმის შეხსენება, რომ უსაფრთხო სივრცე ველოსიპედისტებსაც სჭირდებათ და რომ მათი მოძრაობის დროს, დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ველომოყვარულები ანბანის კოშკთან 18 საათსა და 30 წუთზე შეიკრიბებიან, ქალაქის ქუჩებში ორგანიზებული ველომსვლელობა კი 19:00ს საათზე დაიწყება.

Critical Mass Batumi-ს ძირითადი წესებია – ველოსიპედისტები არ ასწრებენ ერთმანეთს, არ იფანტებიან და ყველანი გადაადგილდებიან ჯგუფურად – 15 კმ/სიჩქარით, ჩერდებიან გზაჯვარედინებზე და ელოდებიან ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამორჩეს არავინ – “ვიჭერთ მარჯვენა ზოლს რათა გავატაროდ ავტომობილები მარცხენა ზოლიდან. მსვლელობა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბევრი გამოუცდელი ველომოყვარულია თავი დავიზღვიოთ ყველანაირი შემთხვევებისაგან. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვის არასწორ ქმედებაზე. შეგიძლიათ წამოიღოთ ფერადი ფანრები, საყვირები და ა.შ. ჩაიცვათ ფერადი ტანისამოსი რათა გამორჩეულად გამოიყურებოდეთ)) წვიმის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საწვიმარის წამოღება. უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია” – წერია Critical Mass Batumi-ს ფეისბუქ ივენთის განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ Critical Mass არის ყოველთვიური ველომსვლელობა ქალაქის ქუჩებში, როგორც წესი იმართება მსოფლიოს 300-მდე ქალაქში.

 

ბათუმში რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიში ჩატარდა

ბათუმში, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყებასთან და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილების დეპარტამენტთან თანამშრომლობით – ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის 3 დღიანი საწვრთვნელი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნები 22 სექტემბერს დასრულდა.

“იმის გამო, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებობს უსაფრთხოების მზარდი რისკები, ვფიქრობ ეს წვრთნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული. ეს ვარჯიში აჩვენებს, რომ თქვენს ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ მოახდინოს პრევენცია, აღმოაჩინოს და საპასუხო რეაგირება მოახდინოს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევებზე” – თქვა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა ვივიანა სანდბერგმა.

საწვრთვნელი ვარჯიშები სარფის საკონტროლო–გამტარ პუნქტზე, ბათუმის პორტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გაიმართა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენა, საფრთხეზე დროული რეაგირება და შესაბამისი დანაყოფების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების (SOP) ზუსტი დაცვა იყო.

საწვრთნელ ვარჯიშში ჩართული იყვნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები.

ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ვივიანა სანდბერგი, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველები ესწრებოდნენ.

 

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე

მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად საღამოს, 7 ან 8 საათზე მართავენ. საარჩევნო კამპანიაში ისევ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები და მოზარდები. კანდიდატები მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეხვედრების დიდი ნაწილი, მედიის გარეშე, პარტიული კამერების თანდასწრებით იმართება.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ აწვდიან. მათ შორის არის პარლამენტარი ფატი ხალვაშიც, რომელიც ჟურნალისტებთან კომუნიკაციით არც მანამდე გამოირჩეოდა და არც საარჩევნო პროცესში გამოირჩევა ღიაობით. ის საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ წარადგინა.

„ბათუმელებს“ თავისი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ წულაძემ მიაწოდა, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში იყრის კენჭს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, ფატი ხალვაში და ვახტანგ წულაძე
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, ფატი ხალვაში და ვახტანგ წულაძე

„დაუკავშირდით პიარს ოლქში და ის გეტყვით“, – გვითხრა მან. თუმცა, ვინ იყო პარტიის პიარი, ამის გასარკვევად კიდევ ბევრი დრო და რამდენიმე პარტიულ პირთან კომუნიკაცია დასჭირდა „ბათუმელებს“.

სახელისუფლო კანდიდატები, რომლებიც მედიის გარეშე ამჯობინებენ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას, თავიანთ საარჩევნო დაპირებებს, ძირითადად, სოციალური ქსელებით ავრცელებენ. მაგალითად, პუშკინის, ლუკა ასათიანის, მაიაკოვსკისა და ტბეთის ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ფატი ხალვაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. „პირველი შეხვედრა პუშკინისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში გაიმართა, სადაც მთლიანად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, გაკეთდა ტროტუარები, დაიგო ფილები, აღდგა განათება“, – გვატყობინებს შეხვედრის დეტალებს ფატი ხალვაში ფეისბუქგვერდიდან. თუმცა არსად საუბრობს თავის პრიორიტეტებზე, თუ რას გააკეთებს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში და რა ღირებულებებს დაიცავს. სამაგიეროდ, კანდიდატი საუბრობს იმაზე, რომ „სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება“.

ვახტანგ წულაძეც მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებს, ფეისბუქით ავრცელებს, სადაც ფოტო უფრო მეტი დევს, ვიდრე საარჩევნო გზავნილები ან პროგრამის დეტალები. ისევე როგორც ფატი ხალვაშის, ვახტანგ წულაძის საარჩევნო აგიტაციაშიც მონაწილეობენ ბავშვები.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია.

ჩაქვსა და ბენზეში, აფხაზეთის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს, აგიტაციაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე არა კანდიდატები, არამედ მინისტრი საუბრობდა იმაზე, რომ „უახლოეს მომავალში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონდებათ“.

როგორი იყო მაჟორიტარი კანდიდატების გზავნილები მოსახლეობასთან და რას გააკეთებენ ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში, ამის ნაცვლად კანდიდატები საუბრობენ იმაზე, რომელ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სად დაიგო კორდი.

„დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები… ვისაუბრეთ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე“, – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ წულაძე.

„ბათუმელებმა“ არაერთი მცდელობის შემდეგ შეძლო მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრის გრაფიკის მოპოვება. ელექტრონულ მონაცემებში იყო დაუზუსტებელი მისამართები. მაგალითად, ასლან აბაშიძის ქუჩის ნაცვლად მითითებული იყო მემედ აბაშიძის ქუჩა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, პარტიული კამერებით იღებენ.
მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, პარტიული კამერებით იღებენ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ძირითადად საუბრობენ იმაზე, რა გააკეთა მმართველმა პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ნაკლებად იმაზე, რას გააკეთებენ ისინი პარლამენტში ან უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს თავად პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში? ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარს არ აპირებს. „კითხვები თუ გაქვთ, ცალკე ვისაუბროთ, მოსახლეობას იმაზე ვესაუბრები, რა გააკეთა ხელისუფლებამ“, –  გვეუბნება ის.

იმავეს ამბობს აჭარის პროფკავშირების ყოფილი ხელმძღვანელი ილია ვერძაძეც, რომელიც უმაღლეს საბჭოში იყრის კენჭს: „ამ შეხვედრებს იმიტომ ვატარებთ, რომ ბათუმელების პრობლემებს კარგად შევისწავლი და კონკრეტული ინიციატივები მექნება“.

მისი თქმით, რისი გაგებაც შეძლო, არის ის, რომ „ბათუმელებს უხვი წვიმა და პარკინგი აწუხებთ. ეს უკვე გამოიკვეთა და კიდევ ბევრ ინიციატივაზე ვიმუშავებთ“.

მოსახლეობასთან კანდიდატების შეხვედრას არ ესწრებოდა მედია. ე.წ. იტალიურ ეზოში მაჟორიტარებისა და მოსახლეობის საუბარს მხოლოდ რამდენიმე პარტიული ვიდეოკამერა იღებდა. ერთ-ერთი კამერა კანდიდატების ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობის“ იყო.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა ბათუმში, ქუთაისის ქუჩის მაცხოვრებლებთან. ფოტო: ლელა დუმბაძე
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა ბათუმში, ქუთაისის ქუჩის მაცხოვრებლებთან.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში სპორტსმენი, მუხრან ვახტანგაძეც, რომელიც ტაბიძის 13-ში მცხოვრებ ამომრჩეველს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ჰპირდება.

შეხვედრის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც, რომელიც უმაღლეს საბჭოშია წარდგენილი კანდიდატად. ყოფილი მინისტრი ამომრჩეველს შეჰპირდა, რომ საკანონმდებლო ორგანოდან საკანალიზაციო სისტემებს მოაწესრიგებდა, ანუ პრობლემებს გააცნობს საკრებულოს წევრებს.

 

Exit mobile version