Batumelebi | ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში – Batumelebi
RU | GE  

ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში

პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ამ არჩევნებზე საკუთარმა სურვილმა თუ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ აჭარაში ჩამოიყვანა. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვიან დავით ბერძენიშვილი და დავით თარხან-მოურავი… აჭარის საარჩევნო სიებში რამდენიმე ისეთი ადამიანიც მოხვდა, ვისაც თავად საარჩევნო სიის წევრებიც ვერ იცნობენ… რას ჰპირდებიან ლიდერები და უცნობები აჭარას, აქვთ თუ არა მათ ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის?

„რაღაც ისე მოხდა, რომ ასე დალაგდა… ბევრი მაგალითია, როცა გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ შემდეგ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. აჭარა არ მიცნობს, მაგრამ ასე გადაწყვიტეს პარტიაში,“ – გვითხრა გიორგი კალაძემ. ის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. რით შეიძლება იყოს გამართლებული რეგიონისთვის სრულიად უცნობი პირის საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელება? – გიორგი კალაძე ამბობს, რომ ბევრი გამოცდილი კადრია რეგიონში, მაგრამ მისი პიროვნული თვისებები გადამწყვეტი აღმოჩნდა. გვითხრა ისიც, რომ ლონდონში აქვს კოლეჯი დამთავრებული მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით და 2009 წლიდან მუშაობდა ძველი თბილისის გამგეობაში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ.

გიორგი კალაძეს ყოფილი თანაგუნდელის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებაზეც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც კალაძე ქურდული მენტალიტეტის მქონეა. „ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, ეს სრული აბსურდია…“ – ამბობს გიორგი კალაძე,

ცალკე აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ამ პოლიტიკურ ძალას საარჩევნო პროგრამა არ აქვს. სიის პირველმა ნომერმა პარტიის ზოგადი გზავნილები გაგვიმეორა, მაგალითად, ბიუროკრატიის და გადასახადების შემცირება, თუმცა საუბრის დროს გვითხრა ისიც, რომ აჭარაში დამატებითი რგოლი უნდა შეიქმნას, რომელიც ინვესტიციების მოსაზიდად იმუშავებს: `დღეს ინვესტორები, ძირითადად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან გადიან კონტაქტზე. ასე არ უნდა ხდებოდეს. უმაღლესი საბჭო არსებობს იმისთვის, რომ მართოს აჭარა. ადგილზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები,“ – ამბობს გიორგი კალაძე.

პოლიტიკურად უცნობი ლიდერი ჰყავს „პატრიოტთა ალიანსსაც“ – სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი. ის ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი იყო. „ბათუმელებთან“ საუბარზე უარი თქვა როგორც ზაზა ოქუაშვილმა, ასევე სიის პირველმა ნომერმა, დავით თარხან-მოურავმა.

„მე არ ვიცნობ ზაზა ოქუაშვილს,“ – გვითხრა სიის მესამე ნომერმა, მერაბ ბლადაძემ. თუმცა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს და სიაში უცნობი ხალხის გამოჩენას პარტიული დისციპლინით ამართლებს: „ზაზა ოქუაშვილი არის პარტიის წევრი და წინა ხელისუფლების რეჟიმისგან დაჩაგრული ადამიანი. ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება. ჩვენთან არის დისციპლინა და მე მას ვემორჩილები“.

კონკრეტული საარჩევნო პროგრამა არც „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის. მერაბ ბლადაძის აზრით, აქცენტი უფლებამოსილებების დელეგირებაზე უნდა გაკეთდეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს: „კომუნისტების დროს უფრო მეტი დემოკრატია იყო, ვიდრე ახლა. ეკონომიკის დონეზეც უნდა მოხდეს ქონების გადმოცემა. აჭარამ უნდა დაურიგოს მიწები თავის მოსახლეობას. მე, მაგალითად, თვითონ მინდოდა სოფელში თევზის აუზის გაკეთება, იმდენი მარბენიეს თბილისში, ბოლოს მე თვითონ ვთქვი უარი.“

„თვითმმართველობის გასაძლიერებლად მოვდივარ აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – გვითხრა „რესპუბლიკელების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა, დავით ბერძენიშვილმა. თვლის, რომ ოთხი მოწვევის პარლამენტარობა კარგი გამოცდილებაა და ის უკვე ცენტრიდანაც უყურებს რეგიონს და პირიქით: „ავტონომიური რესპუბლიკა ნამდვილად უნდა იქცეს სამხარეო თვითმმართველობის ნიმუშად მთელი საქართველოსთვის. ჩვენი პარტია 90-იანი წლებიდან საჯაროდ გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო უნდა იყოს მოწყობილი ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპით… ჩვენ ამას კანონპროექტის სახით შევიტანთ პარლამენტში. ბუნებრივია, ეს მოითხოვს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობას.“

მიწის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი გზავნილია „თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან. პარტიის ლიდერები არ ამხელენ, კონკრეტულად რა ფორმულით მოგვარდება მიწის საკითხი აჭარაში, რაც არაერთი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო. „აბსოლუტურად კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ შეიძლება განხორციელდეს აჭარაში ერთხელ და სამუდამოდ მიწის რეფორმა. კონკრეტული გზა პროგრამაში არ გაგვიწერია, მერე მოხდება განმეორება და პლაგიატი სხვა პარტიებისგან, რასაც ხშირად აქვს ადგილი,“ – გვიყვება კობა ჩხეიძე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პარტიის მთავარი გზავნილია ასევე სამშენებლო რეგულაციების კუთხით საკანონმდებლო ცვლილება, რაც „ცალკეული ნორმების ორმაგი წაკითხვის პირობას აღმოფხვრის“ და ქონების განკარგვის საკითხი: „გარდა ამისა, ჩვენ ვეცდებით, რომ უმაღლესი საბჭო გახდეს მაქსიმალურად მთავრობის მაკონტროლებელი ორგანო. რადგან არსებობს უმაღლესი საბჭო, მას უნდა ჰქონდეს მაკონტროლებელი მექანიზმები.“

აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილია „უპატრონობის შეჩერება“. პარტიამ ცალკე უმაღლესი საბჭოსთვის ბუკლეტიც გამოსცა და პროგრამის პრეზენტაციაც მოაწყო. ერთ-ერთი მთავარი დაპირება „სოციალური სახლებია“, რაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასა. საარჩევნო სიის მეორე ნომერი რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს 600-ლარიან დახმარებსაც ჰპირდება. პეტრე ზამბახიძე ირწმუნება, რომ ამის საშუალებას აჭარის ბიუჯეტი იძლევა, სადაც ამჟამად ნაშთი 60 მილიონ ლარს შეადგენს: „ეს ფული დევს საბანკო ანგარიშზე და არც ერთი პროგრამისთვის არ იხარჯება. ამ ფულს გამოვიყენებთ „სოციალური სახლის“ ასაშენებლად და სოციალური დახმარებისთვისაც. ასევე გვაქვს გაწერილი, რომ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა დააფინანსებს მედიკამენტებსაც. ჩვენ ასევე გვაქვს მანდარინის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებისგან ციტრუსის შეძენას, უკრაინაში სპეციალური ჰაბის მოწყობას და წარმატებით რეალიზებას. ჩვენ გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაც, რომელიც ძეგლების კონსერვაციას ითვალისწინებს…“

რა თანხას დახარჯავს „ნაციონალური მოძრაობა“ ძეგლების კონსერვაციისთვის და საიდან მოიძიებს ამისთვის ფინანსებს? – შეკითხვაზე პეტრე ზამბახიძემ გვიპასუხა, რომ ეს არის პროგრამაში გაწერილი გეგმა: „ეს არის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიება. დეტალურად რას მოიცავს ეს პროგრამა, ამასაც გავწერთ, ისე როგორც გავწერეთ, მაგალითად, „სოციალური სახლი“ და საზოგადოებას გავაცანით“.

ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის არ აქვს მმართველ პარტიას. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სიის მეხუთე ნომერმა, ლადო მგალობლიშვილმა გვითხრა, რომ ცალკე აჭარისთვის პროგრამის დაწერა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს: „რაც ცენტრალურ დონეზე შემუშავდა, იმ პროგრამის გარეთ მაინც ვერ გავიდოდით. ცალკე რომ დაგვეწერა, იგივე იქნებოდა… უმაღლესი საბჭოს დონეზე ვფიქრობთ, რომ ჩვენ სადღაც ხუთ კანონპროექტს შევიმუშავებთ. მაგალითად, შესაცვლელია სპორტის კანონმდებლობა იმისთვის, რომ სპორტულ ფედერაციებს განვითარების მეტი პირობა მიეცეთ. ასევე დასახვეწია ქონების გადაცემის კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა, მაგალითად, როცა სამინისტროები ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამას და ქონებას იძენენ, მერე ვის უნდა გადაეცეს, ეს გაწერილი არ არის… კონკრეტულად ეს იდეებია ამ წუთას. ამას დავჯდებით მერე იქ და მოვიფიქრებთ. ჯერ არ შევსულვარ იქ და კანონპროექტს რატომ მოვიფიქრებდი?“

პროგრამაზე არა, მაგრამ კულტურულ მემკვიდრეობაზე „უფიქრიათ“ „ქართულ ოცნებაშიც“ – ლადო მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხი ადგილზე უნდა წყდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახლზე სტატუსის მინიჭებას ინტენსიურად ითხოვენ, ლადო მგალობლიშვილი აქცენტს იმ შენობებზე აკეთებს, რომლებსაც, მისი აზრით, ძეგლის სტატუსი არ უნდა ჰქონდეთ: „ძეგლის სტატუსის მინიჭება და მოხსნაც აჭარაში უნდა იხილებოდეს. რეგიონისთვის ეგ იქნება დეცენტრალიზაცია. ჩვენ როცა ჩავატარეთ აღწერა, მოგვეცა რეკომენდაცია „ჯეო გრაფიკისგან“, რომ რამდენიმე ძეგლზე აღარაა ძეგლის ნიშნები, მაგალითად, თამარის დასახლებაში მდებარე კულტურის სახლი. რეკომენდაციის მიუხედავად, ცენტრალურ დონეზე ამ სტატუსის მოხსნა ვერ მოხერხდა… შესაძლოა ამ ძეგლებს, სადაც მხოლოდ ერთი კედელია დარჩენილი და არაფერი იქ ღირებული აღარაა, სხვაგვარად მივხედოთ“.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი