შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 87 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,688692 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

narko

მითები და რეალობა ევროპაზე – ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია ბათუმში

4 აგვისტოს, ბათუმში ორგანიზაცია SEED Georgia საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „ევროპა – მითები და რეალობა“.

ლექციას SEED Georgia-ს დირექტორი, ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი, ლევან ბუთხუზი წაიკითხავს.

ლექცია 4 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [ფარნავაზ მეფის ქ. 62-64] გაიმართება 16-დან 18 საათამდე და მასზე დასწრება უფასოა.

5 აგვისტოს კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სემინარსა და დისკუსიაში თემაზე: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები.

განხილური იქნება ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და სარგებელი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება მიიღოს და რატომ უნდა იყოს საქართველოს არჩევანი ევროპული. ასევე, დისკუსია შეეხება ტურისტულ ბაზარს, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლს და სარგებელს ამ პროცესში.

დისკუსია-სემინარი 5 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე დაიწყება.

პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ორგანიზაცია „ევროპის სახლი“.

დასავლეთ საქართველოში ნესტის პრობლება „ვესტუსის“ გამოყენებით გადაიჭრება

ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი.

საქართველოშიც ამ მიმართულებით ბევრს საუბრობენ, უფრო მეტიც, ხელისუფლება  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო.

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მიანიშნებენ.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?! როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“  თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს „ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“,  თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის  „ვესტუსის“ გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და აღნიშნული  ხარისხის და ამ ფასის შესაბამის პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა.

„დღეს ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტები მოძველებულია არა მარტო ფასი გამო, არამედ ტექნოლოგიურადაც.   მათი დატანება შეუძლებელია ყველა ზედაპირზე.

„ვესტუსი“  შექმნილია სპეციალური ფორმულით  და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. მნივშენლოვანია, რომ თერმოიზოლაციის ზედაპირი და შემადგენლობა სხვადასხვაა. ეს არის  ნანო ტექნოლოგია – დამზადებული მცირე ზომის მიკროსფეროები, რომლებიც სხვადასხვა მასალისაა, მათ შორის,   მინის, კერამიკის ალუმინის და ა.შ, რომელიც სტაბილიზოტერებთან ერევა და წელვადობისა და ელასტიურობის შესაძლებლობას იძლევა. ის ერთი შეხედვით საღებავია, თუმცა პიგმენტაციის წყალობთ, ის შესაძლოა იყოს ბოლო შრე – ჰიდროიზოლატორიც.

პროდუქტის უპირატესობას მისი სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობისა თუ ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. პირველად „ვესტუსი“ ამერიკელებმა მთვარეზე, სპეციალური აპარატის დასაფარად გამოიყენეს. დღესაც აღნიშნული პროდქუტით ფარავენ კოსმოსურ აპარატებს. ის სქელია, თუმცა ამავე დროს მსუბუქიც,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.

ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე  ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და  მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

პროდუქტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია  მოსახლეობაა, ასევე სამშენებლო კომპანიები, რომლებიც „ვესტუსის“ გამოყენებით უზურუნველყოფენ ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰიდროიზლოციას, მთლიანად ნაგებობის თბოიზლოციას, ცხელი და ცივი წყლის მილების თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას, ეზოებში ჩოგბურთის , კალათბურთის მოედნების მოწყობას , ველობილიკებისა და გრუნტის საფარის დროს მათის ამტვერიანების მედეგი საფარით დაფარვას და სხვა.

„ჩვენი სეგმენტია ასევე ის კომპანიები, მათ შორის, წყალგაყვანილობის კომპანიები,   რომელთაც სურთ მომხმარებლებს შეუქმნან კომფორტული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნანო ტექნოლოგიებით შექმნილ ინოვაციურ პროდუქტს „ვესტუსს“  საქართველოში აწარმოებს და  ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. ასევე იგეგმება პროდუქციის გატანა ჩინეთშიც,”იმედოვნებს გიორგი ცინცაძე.

პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია მეზობელ ქვეყნებშიც, რაც უკვე ნიშნავს, რომ  აღნიშნული პროდუქტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილია:

აღნიშნული პროდუქცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არ არის, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა კიდევ მეტად გაიზრდება, ვიდრე დღეს არსებობს,  რადგან ეს არის კონკურენტუნარიანი პროდუქტი. ეს არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილი, რადგან ქვეყნიდან ნაკლები თანხა გაედინება ენერგომატარებლებზე. კერძოდ, ადამიანი ნაკლებს მოიხმარს და უფრთხილდება თბოენერგორესურსებს. შესაბამისად თბოელექტროსადგურებისგან  ნახშროჟანგის გამოყოფა ჰაერში ნაკლებია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი მნიშნველოვანია ენერგეტიკულად, ეკოლოგიურად და ეკონომიურად. ამასთან, კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენს“  მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთად.  ეს დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით”.

კომპანია ოპერირებს:

[crosslist]

  • თბილისში,
  • ბათუმში,
  • ზუგდიდში.

[/crosslist]

დაგეგმილია სამომავლოდ ქუთაისის, გორისა და თელავის ბაზრების ათვისება.

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს უკვე კარგად იცნობენ ბაქოში, ერვანში, კიევში, მოსკოვსა და ალმა-ატაში.

ახლოვდება შემოდგომა-ზამთარი,  პრობლემები მატულობს განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის, ბათუმში. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ვესტუსის გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგო დამოუკიდებელი:

დასავლეთ საქართველოს ზონაში, სადაც მოსახლეობას ასე აწუხებს ნესტის პრობლება (კონდენსატის და ნესტის არსებობა) ვესტუსის გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი. შედეგად, აღარ დაზიანდება ინტერიერი, არ წარმოიქმნება დისკომფორტი და დაიზოგება შიდა და გეარე რემონტისთვის გამოყოფილი თანხები“.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია წელს გაზაფხულზე გამართა.

„ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც  საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავაკასიის ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ნასას ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს თერმოსაიზოლაციო მასალას, ისმევა როგორც საღებავი და მოქმედებს როგორც თერმო ბარიერი.

მთავარი მახასიათებლებია:

[checklist]

  • მონტაჟის სიმარტივე,
  • დაბალი ფასი,
  • ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი.

[/checklist]

კომპანია ახალ პროდუქტს საქართველოში აწარმოებს და  მეზობელ ქვყენებში ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.

ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს.

რამაზ ბოლქვაძე
რამაზ ბოლქვაძე

რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, ასევე ტურიზმის მიმართულებით,“ – დასძენს მინისტრი.

არის თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კურორტ გოდერძზე ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს მშენებლობაზე? – რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება.

„საუბარია ახალ საბაგირო გზაზე და შესაბამისად ახალი სათხილამურო ტრასის მოწყობაზე, ასევე 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობაზე. ინვესტიცია დაახლოებით 3 მილიონი დოლარი იქნება,“- გვითხრა რამაზ ბოლქვაძემ.

დღესვე აჭარის საინვესტიციო ფირუმის ფარგლებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი.

20250975_1615578901800316_1757971017_o

პეტრო პოროშენკო ბათუმში: გთხოვთ, არ გაამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა

აჭარის საინვესტიციო ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს ბიზნეს პროექტებს გააცნობენ. ფორუმი გახსნას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი.

„გთხოვთ, არ გაამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა,“ – მიმართა დარბაზს გამოსვლის დროს პეტრო პოროშენკომ. მან აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ სარგებელსა და სტაბილურობაზე, რაც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არის მიღწევადი.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებზეც და თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას უფრო მეტი ერთიანობა, სოლიდარულობა სჭირდება ამ ბრძოლაში. აქვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „საოკუპაციო ხაზი რეალურად უფსკრულია, რომელიც ყოფს ორ სამყაროს“.

ფორუმის გახსნაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, განსაკუთრებით კარგად დააკვირდნენენ ისინი აჭარის ტურისტულ პოტენციალს.

ტურიზმზე, განსაკუთრებით კი საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„მე მინდა, უკრაინელებმა ნახონ სვანეთი, სადაც დღეს ვიყავით. მათ უნდა ნახონ სვანეთის ხალხის სულის ძალა,“ – თქვა ბოლოს პეტრო პოროშენკომ, ვიდრე ქართულ ენაზე დაემშვიდობებოდა აუდიტორიას.

დახურულ კარს მიღმა ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს დატოვებს.

 

IMG_2656

IMG_2688

შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს

შუახევის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ მუნიციპალიტეტის  სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება შუახევის გამგეობაში მოქმედმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს, მიიღო.

გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებზე, რომელთა გამაგრებაზეც თანხა გამოიყო, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები არსებობს. სამსახურის უფროსი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სახლების გასამაგრებლად საჭირო თანხის ოდენობა მუნიციპალიტეტის გამგეობის ინჟინერ-კონსტრუქტორებმა  დაითვალეს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლისა და ბოსლის გასამაგრებლად საჭირო თანხა პირად ანგარიშზე რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

„საცხოვრებელი სახლებისა თუ დამხმარე ნაგებობების აღდგენა-გამაგრების მიზნით, ფინანსურ დახმარებას 12 ოჯახი ითხოვდა, კომისიამ გამგეობაში შემოსული თორმეტივე განაცხადი შეისწავლა, მათგან მხოლოდ ცხრა დაკმაყოფილდა, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ინჟინერ-კონსტრუქტორებმა საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის აღდგენა-გამაგრებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა მოამზადა და თანხაც ამის შესაბამისად გამოიყო,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ზაზა ზოიძის თქმით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრიობას გამგეობის შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.

„ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლისა თუ დამხმარე ნაგებობის გასამაგრებლად საჭირო თანხას 100%-ით იმ ოჯახებს დავეხმარებით, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აჭარბებს, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მოცემული კონკრეტული ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ზე მეტია, კომისიის გადაწყვეტილებით ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის გასამაგრებლად საჭირო თანხის 90% -ს დავუფინანსებთ“.

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა.

„მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით გავავრცელებთ ინფორმაციას“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ჩვენი ინფორმაციით, აჭარაში იმყოფებოდნენ გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკისა და თურქული კომპანიის წარმომადგენლები და ის ადგილები დაათვალიერეს სადაც ახალი მაგისტრალი – ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს.

გზის მშენებლობა 2017-2020 წლებში უნდა განხორციელდეს. კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უშუალოდ მშენებლობა მოკლე დროში ვერ დაიწყება, თუნდაც იმის გამო, რომ მაგალითად, მოსამზადებელი იქნება სამშენებლო მოედანი.

სად გაივლის ბათუმის შემოვლითი გზა:

„საპროექტო გზა, რომელიც უვლის ქალაქ ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო ტრასა გადის სოფლებზე: მახინჯაური, განთიადი, კაპრეშუმი, ფერია, სალიბაური და მახვილაური.

საპროექტო გზის მარშრუტი იწყება მახინჯაურის ჩრდილოეთით. იგი უხვევს მარცხნივ არსებული ავტომაგისტრალიდან ე.წ. ჩაქვის გვირაბის საგზაო კვანძით აქ ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზას შეუერთდება].

საპროექტო ტრასა იწყება 200-მეტრიანი გარდამავალი მონაკვეთით არსებული ავტომაგისტრალიდან. ამ ადგილზე მოეწყობა სატრანსპორტო კვანძი. მახინჯაურის ფარგლებში გზა გადადის რიგ მეორად გზებსა და წყალსატევზე 3 ხიდით და გაივლის დასახლებული გორაკების ქვეშ 2 ხიდის საშუალებით.

სოფ. განთიადში საპროექტო გზა კიდევ ერთხელ გადადის ადგილობრივ გზებსა და გადასასვლელებზე ვიადუკის საშუალებით და მიჰყვება გორაკის ფერდობებს ხევების ამონაღებში.

სოფელ კაპრეშუმში საპროექტო ვიადუკი გადადის ნავთობის არსებულ ტერმინალზე და მდ. ყოროლისწყალზე და შედის ქვედა სალიბაურის ხეობაში, სადაც მდებარეობს მეორეული სატრანსპორტო კვანძი ადგილობრივ მოძრაობაზე გადასასვლელად.

სოფელ ქვედა სალიბაურში საპროექტო გზა კვეთს ადგილობრივ გზასა და მდინარე სკურდუბს. საპროექტო გზა მიუყვება გორაკების ფერდობებს, რომლებიც გადის ხეობებში და შედის სალიბაურის მთაში გამავალ მესამე გვირაბში. გვირაბის შემდეგ გზა გადადის ადგილობრივ გზებზე და არსებული სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე გზა უერთდება მესამე ასაგებ სატრანსპორტო კვანძს ქალაქ ბათუმიდან და უკან მიმართულებით.

საპროექტო გზა სოფ. ფერიამდე მიდის მეოთხე გვირაბის საშუალებით, სადაც ის გადადის ადგილობრივ გზაზე და ხეობას ვიადუკის საშუალებით. ხეობაზე გორაკის შემდეგ გზა შედის მეხუთე გვირაბში ფერიას გორაკის გავლით. ფერიას გვირაბის შემდეგ დაახლოებით 1 კმ მანძილზე გრძელი ვიადუკი გადადის უამრავ ნაკადზე და მეორად გზებზე სოფელ მახვილაურში.

მარშრუტის თითქმის ბოლოს საპროექტო გზა მიჰყვება სწორ რელიეფს მდინარეების მახვილაურის წყლისა და მეჯინისწყლის ტერასებზე. არსებულ ბათუმი-ხელვაჩაურის გზასთან [ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი] კვეთის წერტილში დაგეგმილია კიდევ ერთი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. თუმცა, მოცემული პროექტის ფარგლებში ეს კვანძი მხოლოდ ნაწილობრივ აიგება. სამშენებლო სამუშაოები ბათუმი-ხელვაჩაურის გზის სამხრეთით შესრულდება შემოვლითი გზის გაფართოების პროექტის ფარგლებში“.gza baTumi


ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

არსებული პროექტით დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ. ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.  პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგანაც, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება / ხიდის მშენებარე მონაკვეთი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბულვარში მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განაახლეს

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ცენტრალურ ბულვარში  მოცეკვავე შადრევნებზე  მუსიკალური რეპერტუარი განახლდა.  „დაემატა 20 ახალი ქართული და უცხოენოვანი პოპ-მუსიკა“.

ადმინისტრაციის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში  ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი არ განახლებულა და ძირითადად   საოპერო და  კლასიკური ჟანრის მელოდიები იყო.

„ვინაიდიან, ბათუმის ბულვარი აჭარის რეგიონში  ერთ-ერთი  ყველაზე ვიზიტირებადი და ტურისტულად დატვირთული ადგილია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ქართული რეპერტუარის შერჩევაც“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, „განახლებული მუსიკალური პროგრამის ფარგლებში გაჟღერდება, ცნობილი ქართველი ვარსკვლავებისა და უცხოელი ლეგენდარული შემსრულებლების ჰიტები როგორიცაა მაგალითად Barry White, Daft Punk, Diana Ross,  Sting,  Luciano Pavarotti, ნიკოლშოუ, ბათუმს ქათქათას  და ა.შ.“

პროგრამა, საღამოს 21:00 სთ-ზე იწყება და ღამის 2 სთ-მდე გრძელდება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეა არდაგანის ტბაზე მდებარე სამგანზომილებიან ფრანგულ  შადრევნებზეც, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროექტორი დამონტაჟდება. „განახლდება 30 წუთიანი ლაზერ-შოუ, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა ფრანგი სპეციალისტების მიერ განხორციელდა“.

მოცეკვავე შადრევანი არდაგანის ტბაზე
მოცეკვავე შადრევანი არდაგანის ტბაზე

 

 

გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს ბათუმის მერია ალაგ-ალაგ „კაპიტალურად“ შეაკეთებს

ბათუმის მერია 317 682 ლარის დახარჯვას გეგმავს ბათუმში ორი ქუჩის გარკვეული მონაკვეთების „კაპიტალური რეაბილიტაციისთვის“. ესაა, ძირითადად, ქვაფენილებიანი ქუჩები: ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის.

მიუხედავად იმისა, რომ მერია ყოველწლიურად 250 ათას ლარამდე ხარჯავს ქუჩების მოვლა-შენახვაში, ბევრი ქუჩა, მათ შორის ეს ქუჩებიც, ზოგ ადგილზე იმდენად ამორტიზებულია, რომ გავლა უსაფრთხო არც ავტომანქანებისთვისაა და არც ქვეითებისთვის.

მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე – მელიქიშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში; ხოლო ფარნავაზ მეფის ქუჩაზე – ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე და მელიქიშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთებში.

სატენდერო კომისიაში ბათუმელებს უთხრეს, რომ ამ ქუჩების აღნიშნულ მონაკვეთებში ქვაფენილები შენარჩუნდება: „ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია რომ უნდა მოხდეს არსებული გრანიტის ქვაფენილის [„ბრუსჩატკა“] დემონტაჟი ადგილზე დასაწყობებით, შემდგომი გამოყენების მიზნით“. დაგეგმილია სანიაღვრე ჭებისა და მილების რეაბილიტაციაც.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი 2018 წლის 2 თებერვლამდე პერიოდი განისაზღვრა.


რას უპირებს ბათუმის მერია ქვაფენილებიან ქუჩებს?

„ვფიქრობ, რომ ქვაფენილიან ქუჩებთან დაკავშირებით რაღაც პროექტი შედგება. ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებზე, ჩემი ინფორმაციით, ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს. არ ვამბობ, რომ ეს ქუჩები შეიცვლება, უბრალოდ, ახალი პროექტი გაკეთდება და, ალბათ, მოწვეული სპეციალისტები – პროექტის ავტორები, მოგვცემენ რჩევას, ქვაფენილების კუთხით რა შეიძლება გამოსწორდეს“, – განაცხადა, დაახლოებით ერთი წლის წინ, „ბათუმელებთან“ ირაკლი დევაძემ, ბათუმის მერის წარმომადგენელმა ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მასთან აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის მისაღებად, მაშინ მერიის პრესსამსახურმა გადაგვამისამართა. მერიაში კი ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება ქვაფენილებიან გზებთან დაკავშირებით ამ დროითვის მიღებული არ არის.

ამ თემაზე:

ქვაფენილიანი ქუჩების მომავალი ბათუმში

გორგასალის ქუჩა / ბათუმი
გორგასალის ქუჩა / ბათუმი
ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთა / ბათუმი
ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთა / ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი

მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი: არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს

„თავშესაფარში მოდიან, როცა უკვე აუტანელი სიტუაციაა და მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მოდიან, როცა მშობლებისგან ითხოვენ დახმარებას და მათგანაც მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. მანამდე ისინი მოძალადის გამოსწორებას ელიან. ჩემი აზრით, არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს, არ უნდა ელოდო მის გამოსწორებას…“ – ეს ბექა მაჭუტაძემ გვითხრა. იგი ბათუმის ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების – თავშესაფრის ხელმძღვანელია. თავშესაფარი ბათუმში 2006 წლიდან მუშაობს. 2009 წლიდან აქ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც ხვდებიან. „ბათუმელები“ ბექა მაჭუტაძეს ბოლოდროინდელ ტენდენციებზე ესაუბრა და ისტორიებზე, რასაც თავშესაფარში მოხვედრილი ადამიანები ყვებიან.

ბატონო ბექა, ამჟამად რამდენი მსხვერპლი გყავთ თავშესაფარში?

ამჟამად თავშესაფარში ტრეფიკინგის ორი მსხვერპლია და ორიც – ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ოჯახში ძალადობის დაზარალებულებს ორ-ორი მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ისინიც დედასთან არიან და მათ რეაბილიტაციაზეც მუშაობს ფსიქოლოგი. ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები უკრაინიდან არიან. ისინი შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ აფხაზეთში, მერე ჩვენ მხარეს გადმოსვლა მოახერხეს და დღეს ვაბრუნებთ უკრაინაში, მათი დოკუმენტაცია უკვე მოწესრიგდა. ბოლო დროს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. გასულ წელს სამი მსხვერპლი გვყავდა, წელს – მხოლოდ ეს ორი.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება?

ჩემი აზრით, ტრეფიკინგის მასშტაბი არ შემცირებულა. ვფიქრობ, ტრეფიკიორების მუშაობის მეთოდები დაიხვეწა. მსმენია, რომ ეშინიათ პოლიციაზე მიმართვის და ბრძოლის. გამიგია ჩვენივე მსხვერპლისგან, რომ ტრეფიკიორები აშინებენ ოჯახის წევრის, შვილის მოკვლით, უყვებიან, მაგალითად, ბათუმიდან გატაცებული და ტყეში მოკლული ქალის ამბავს. ვფიქრობ, ამიტომაც ვეღარ ბედავენ ხმის ამოღებას.

რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს ადამიანი თავშესაფარში. აუცილებელია ამისთვის მსხვერპლმა პოლიციას მიმართოს?

პოლიციისთვის მიმართვა სავალდებულო არ არის. მსხვერპლს შეუძლია მოგვმართოს, ან დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე – 116 006. მას მუდმივმოქმედი მობილური ჯგუფის წევრები გაესაუბრებიან, კითხვარს შეავსებენ. მობილურ ჯგუფში მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, იურისტები. ჯგუფი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება და ადამიანს მიანიჭოს მსხვერპლის სტატუსი, ან უარი თქვას ამაზე შესაბამისი დასაბუთებით.

პრობლემა არის ასევე ის, თუ სად წავიდეს მსხვერპლი ამ 24 საათის განმავლობაში. ამისთვის უნდა არსებობდეს ე.წ. კრიზისული ცენტრი, რაც ამ დროისთვის მხოლოდ თბილისში გვაქვს. სექტემბრისთვის იგეგმება მსგავსი კრიზისული ცენტრის ბათუმში გახსნაც. აჭარის მთავრობასთან დასმული გვაქვს ეს წინადადება და ველით საბოლოო გადაწყვეტილებას. კრიზისული ცენტრი ასევე მოემსახურება ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარში დარჩენა არ უნდათ, მაგრამ სჭირდებათ სოციალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება.

რამდენ ხანს შეიძლება მსხვერპლი გაჩერდეს თავშესაფარში და რა პირობებს სთავაზობთ მას?

თავშესაფარში დარჩენა შესაძლებელია სამიდან ექვს თვემდე. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა გაგვიგრძელებია ეს ვადა, როცა ამის საჭიროება არსებობს და ფსიქოლოგი შესაბამის დასკვნას დებს. თავშესაფრის მისამართი გასაიდუმლოებულია და უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო. ჩვენ გვაქვს 24- საათიანი მომსახურება, ოთხჯერადი კვება, მსხვერპლს ვაძლევთ ტანისამოსს, პირადი ჰიგიენის ნივთებს. დაზარალებულებთან მუშაობს იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. მათ ასევე მიეწოდებათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება.

თუ მსხვერპლი დასაქმებულია, ჩვენ გვყავს ასევე ძიძა, ვისთანაც შეუძლია ბავშვი დატოვოს. თუ არ მუშაობს და აქვს დასაქმების სურვილი, შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულება რომელიმე ორგანიზაციასთან და დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას. ყოფილა შემთხვევები, როცა უსწავლიათ უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები, მიმტანობა, სტილისტობა და ასე შემდეგ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსხვერპლის რეაბილიტაციაა, რომ მან დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ.

ახერხებენ ამას მსხვერპლები?

კი, მეტ-ნაკლებად ახერხებენ.  ყველა მსხვერპლი, ვინც თავშესაფარში მოდის, ძირითადად, დაბნეულია. თითქოს გისმენს, მაგრამ სხვაგანაა. მათ ვერ წარმოუდგენიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, შეშინებულები არიან და დათრგუნულები… ერთი ასეთი ისტორია მახსენდება: ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა არასრულწლოვანი გოგო ჯერ დუბაიში, მერე თურქეთში და ბოლოს საქართველოში. თურქეთიდან როცა აქეთ მოდიოდა, ავტობუსში ქართველი ქალი გაუცნია. სად უნდა დარჩე ახლა, წამოდი, დედაჩემთან დაგტოვებო, უთქვამს იმ ქალს.  ეს გოგო ბათუმშიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. მერე ერთ-ერთ კლიენტს შებრალებია და იმას გამოუპარებია. ბაქოსკენ მიმავალ მატარებელში ჩაუსვამს, მაგრამ მესაზღვრეებს არ გაუტარებიათ და ჩვენ გამოგვიგზავნეს.

სასამართლო პროცესები მთელი წელი გრძელდებოდა. ის გოგო მთავარი მოწმე იყო და აქ უნდა ყოფილიყო, თან მისი პირადი დოკუმენტაციაც მოსაწესრიგებელი იყო. გოგომ მზარეულობა ისწავლა. ახლა თავის ქვეყანაშია, ყირგიზეთში და ხშირად გვირეკავს, მადლობას გვიხდის. აქამდე მზარეულის თანაშემწე იყო, ახლა მზარეულია.

რა ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. რამდენად ახერხებენ მსხვერპლები რეაბილიტაციას, ხომ არ გამხდარა ვინმე ხელახლა ძალადობის მსხვერპლი?

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ თვეში ერთხელ ვუკავშირდებით დაზარალებულს, რომელიც თავშესაფრიდან მიდის. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენთან ვინმე ხელახლა დაბრუნებულიყო. სხვა თავშესაფარში ყოფილა ასეთი ისტორიებიც. ჩემი დაკვირვებით, მოძალადის ძალადობრივი ქცევა არ იცვლება. მოძალადეებთანაც უნდა იმუშაოს ფსიქოლოგებმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა უკვე ერთხელ იძალადა ადამიანმა, ის იგივეს გაიმეორებს. გვქონია შემთხვევა, როცა მსხვერპლი თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ ქმართან დაბრუნდა. ვეხმიანებოდით და გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადაა. ერთ დღესაც გვითხრა, რომ აღარ ურტყამს, მაგრამ აგინებს. რჩევა გვთხოვა, როგორ მოვიქცეო. პოლიციას მიმართა მერე და შემაკავებელი ორდერი გამოუციათ.

ძირითადად რის გამო ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევები. კონფლიქტის რა მიზეზებს ასახელებენ მსხვერპლები, ვინც თქვენთან ხვდებიან?

ძირითადად ეს არის ფინანსური პრობლემები, უმუშევრობა და ასე შემდეგ. ამბობენ, რომ ვეღარ გაუგეს ერთმანეთს. შემაკავებელ ორდერებში ხშირად წერია, რომ მსხვერპლი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, თუმცა დაზარალებული ჩვენთან ამბობს და ეტყობა კიდეც სხეულზე, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

რატომ არ აფიქსირებენ ფიზიკურ ძალადობას სამართალდამცველები, რას ყვებიან დაზარალებულები?

ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლმა არ იცის, როგორ ავსებს ფორმას პოლიციელი. ეს კითხვა დამისვამს პოლიციელისთვისაც და მიპასუხეს, რომ არ შესწრებია კონკრეტულად ფიზიკური ძალადობის ფაქტს. წესით ადგილზე უნდა ტარდებოდეს სხეულის დათვალიერებაც.

ამ ისტორიებიდან რა ჩანს, როგორ ახერხებს მოძალადე მსხვერპლის შენარჩუნებას?

მოძალადე ხშირად ცდილობს, რომ თავისი ობიექტი მასზე იყოს მუდმივად დამოკიდებული. იბრძვის იმისთვის, რომ არ მუშაობდეს ცოლი, იყოს სახლში და ნებისმიერ საკითხზე იყოს მიჯაჭვული მასზე. მსხვერპლსაც უჩნდება განცდა, რომ მარტო ცხოვრებას ვერ შეძლებს, ბავშვებს რა ეშველებათ. ბავშვებიც არანაკლებ დაზარალებული არიან და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რეაბილიტაცია.

იყო ერთი შემთხვევა: ქმარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალადობა დაიწყო ცოლზე, სცემდა. მერე, როცა ცოლი თავშესაფარში ცხოვრობდა, ქმარმა საერთო შვილი გაიტაცა და ქალს მისი ნახვის საშუალებას აღარ აძლევდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბრუნა შვილი დედამ. ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

რამდენი ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი ერთდროულად თავშესაფარში და რის გაუმჯობესების საჭიროებას ხედავთ?

თავშესაფარში ერთდროულად 10 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. თუკი აქ საკმარისი ადგილი არ არის, შეგვიძლია, მსხვერპლი საქართველოს სხვა ქალაქის თავშესაფარში გავაგზავნოთ, თუმცა ეს იშვიათად ხდება. რაც შეეხება საჭიროებას, ყველაზე მთავარია – რა ხდება თავშესაფრიდან გასვლის შემდეგ. ხშირად მსხვერპლებს დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირთ, ვერ პოულობენ სამსახურს, რითაც საკუთარი თავისა და შვილების შენახვას შეძლებენ. სახელმწიფომ, ალბათ, ცალკე პროგრამა უნდა შეიმუშაოს ამ კუთხით.

 

ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში ამინდი დღეს, 19 ივლისს, შეიცვლება. ხვალ, 20 ივლისს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, ელვა და ჭექა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით + 20-25 გრადუსი იქნება, დღისით კი, +28-33 გრადუსი. ცენტრის ინფორმაციით, 21 და 22 ივლისს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 ივლისს კი ისევ ხანმოკლე წვიმასა და ელვა-ჭექას პროგნოზირებენ.

 

 

„წერილები ღმერთს და მამაჩემს“- გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

ბათუმში 21 ივლისს, 18:00-ზე,  გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის – „წერილები ღმერთს და მამაჩემს“ პრეზენაცია გაიმართება. ღონისძიება ბათუმში, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ გაიმართება.

გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი სამ პირობით ნაწილად იყოფა:  უკვე ძალიან გახმაურებული წერილები ღმერთისადმი, მამისადმი და ბავშვობის შეყვარებულისადმი; ბიბლიური ალუზიები და ფოლკლორული ძიებები. იდიომატიკის, ანდაზების კონსტრუქციების განსხვავებული ფორმების შემოთავაზება და SMS – პოეზია, მეტაფორული აზროვნების მინიატურული.

წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან

ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქეები დღეს, 19 ივლისს, უკრაინაში გაემგზავრებიან. ორი უკრაინელი ქალი თვენახევრის განმავლობაში ბათუმის ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში ცხოვრობდა.

უკრაინის მოქალაქეები შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში გახდნენ.

„ისინი არიან პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო. ისინი რუსეთის ნაცვლად აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც კი არ უშვებდნენ. მერე ვიღაც ღვთისნიერი გამოჩენილა და იმას უსწავლებია, როგორ უნდა გადმოპარულიყვნენ საქართველოში. უკრაინელებმა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მოახერხეს“, – ამბობს ბექა მაჭუტაძე, ბათუმის ადამიანის ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება – თავშესაფრის ხელმძღვანელი.

უკრაინის მოქალაქეებს პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდათ, თუმცა უკრაინის საელჩოსთვის მიმართვის შემდეგ, მათთვის დროებითი მოწმობების დამზადება მოხერხდა.

66,5 მილიონი ლარი ბათუმის ახალი სპორტსკოლისთვის – მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 66 574 430 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“.

„ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში“ -განაცხადა შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა „ბათუმელებთან“ 17 ივლისს. ამ დღეს ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ლეონიძის ქუჩაზე ასაშენებელი სპროტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი სპორტული კომპლექსის პროექტზე შპს „სენსონმა“ იმუშავა
ახალი სპორტული კომპლექსის პროექტზე შპს „სენსონმა“ იმუშავა

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა:

[checklist]

  • ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი;
  • სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოებზე – 15 წელი;
  • დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ მითითებული საგარანტიო ვადის შესაბამისად;
  • სხვა დანარჩენი – 3 წელი.

[/checklist]

აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მხარეთა შორის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის დღიდან.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოები [გარდა დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და შეკეთების სამუშაოებისა] არანაკლებ 150 მილიონი ლარის ოდენობით.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 4 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები ფიროსმანის ქუჩაზე [არდაგანის ტბასთან] ხელისუფლებამ „ორბი ჯგუფს“ მიჰყიდა. აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია.

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ბათუმის სასპორტო სკოლის ყოფილ ტერიტორიაზე.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ბათუმის სასპორტო სკოლის ყოფილ ტერიტორიაზე.

 

 

ბათუმის კაზინოში 500-ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე  ერთი პირი დააკავეს.

„დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით,  9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც  თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტში მიდინარე წელს ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულზე  აღძრულია 26 სს საქმე. გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 3 ცალი 200 ლარიანი, 3 ცალი 50 ლარიანი, 18 ცალი 100 ლარიანი, 3 ცალი 20 ლარიანი, 1 975 ცალი 100 დოლარიანი, 10 ცალი 200 ევროიანი და 2 270 ცალი 1 ლარიანი კუპიურები.

img

 

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

დღეს, 18 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა.

შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა.

არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა.

„არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებთან ინტეგრაციის კუთხით – ეს არის იურისტებისა და ბიზნესის ზრდა, ასევე ნაკლებკონფლიქტური გარემოს შექმნა, რაც ბიზნესის დიდ ინტერესესს წარმოადგენს. არბიტრაჟი ეს არის დროის, ხარჯების და შედეგების ეკონომიურად მიღწევის შესაძლებლობა. ის, რომ საქართველოში არბიტრაჟი ამუშავდეს სრულყოფილად, თითოული ჩვენგანის სურვილია, ამით მოიგებს როგორც უშუალოდ მონაწილე მხარე, ასევე ზოგადად ბიზნესი“. – განმარტა პაატა კოპალეიშვილმა.

შეხვედრას წარმართავდნენ საქართველოს ბიზნესომბუდსენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელი ბექა ინჯია, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის სამართლის ექსპერტი ლიანა ქარცივაძე.

არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების რეგიონალური კამპანია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით 2017 წლის 5 ივლისს დაიწყო.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები საქართველოს რვა ქალაქში გაიმართა: თელავში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, იურისტები და სხვა დაინტერესებული პირები იღებდნენ.

შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით

პირველი ივლისიდან „სისხლის სამართლის კოდექსში“ თავისუფლების შეზღუდვა შინაპატიმრობამ ჩაანაცვლა, რაც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით.

„დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

შინაპატიმრობა შესაძლოა დაენიშნოს ნასამართლობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.

პაატა დიასამიძე, იურისტი
პაატა დიასამიძე, იურისტი

პაატა დიასამიძის თქმით, შინაპატიმრობა გამოიყენება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, შინაპატიმრობა დაეკისროს ქურდობაში, თაღლითობაში, ან, მაგალითად, თვითმკვლელობამდე პირის მიყვანაში მსჯავრდებულს.

დაახლოებით რა რადიუსში შეეძლება პირს გადაადგილება, ვისაც შინაპატიმრობას შეუფარდებენ? – საიას იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ამას სასამართლო განსაზღვრავს.

„შინაპატიმრობის ვადას და პირობებს ადგენს სასამართლო. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.“

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ელექტრონულ სამაჯურს დაკარგავს?

პაატა დიასამიძე: „შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის, ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.“

ამავე თემაზე:

უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან

თურქეთში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი დღეს, 18 ივლისს, გარდაიცვალა. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ის ოპერატორი იყო და საბავშვო ანსამბლთან ერთად, თურქეთის გავლით ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა  თურქეთში, გერასუნის  გუბერნიაში  16 ივლისს მოხდა. ავარიის დროს  38 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთ დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და მისი საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის თურქეთის სამედიცინო დაწესებულებებში 4 დაშავებული რჩება.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია

კვარიათი, ჭოროხის შესართავი, ახალი ბულვარის ნაწილი, „პიშევიკები“, ფიჭვნარი – ეს ის ადგილებია, სადაც დღეს ზღვაში საბანაოდ შესვლა აკრძალული ან არარეკომენდებულია.

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კვარიათსა და ახალ ბულვარში იმ მონაკვეთებშია აკრძალული ზღვაში შესვლა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფელ კვარიათთან / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფელ კვარიათთან / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ეს ადგილებია სარფის პლაჟიდან კვარიათის პლაჟამდე მონაკვეთი, ხოლო ბათუმში, ჭოროხის შესართავიდან ახალ ბულვარამდე [საზაფხულო ამფითეატრის მიმდებარე პლაჟის ჩათვლით].

ბათუმი / ხელოვნურად გამაგრებული სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / თედო ჯორბენაძის ფოტო
ბათუმი / ხელოვნურად გამაგრებული სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / თედო ჯორბენაძის ფოტო

ბანაობა აკრძალულია მდინარე ჭოროხის შესართავიდან გონიოს მიმართულებითაც [ყოფილი პოლიგონის გასწვრივ].

შავი ზღვა ჭოროხის შესართავთან / თედო ჯორბენაძის ფოტო
შავი ზღვა ჭოროხის შესართავთან / თედო ჯორბენაძის ფოტო

„მდინარე ჭოროხის შესართავთან ზღვაში არის სწრაფი წყალქვეშა დინება. ამ დინებას გათხრილი აქვს, ასე ვთქვათ, არხი, რომელიც ზღვაში დაახლოებით 10 კმ-ზე შედის და მაქ საბანაოდ შესვლა საერთოდ აკრძალულია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა თურმანიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

შავი ზღვა ჭოროხის შესართავთან / თედო ჯორბენაძის ფოტო
შავი ზღვა ჭოროხის შესართავთან / თედო ჯორბენაძის ფოტო

ბანაობა არარეკომენდებულია ე.წ. „პიშევიკებთან“ – ალი და ნინოს სკულპტურის მიმდებარედ პორტის შესასვლელთან, სადაც მამუკა თურმანიძის თქმით, ჩაღრმავება იწყება უეცრად: „დაახლოებით 100 მეტრში ფაქტობრივად გამყინვარებაა, მყვინთავებს აპარატურაც კი ეყინება… ოფიციალური დასკვნა, რომ მაქ აკრძალულია ბანაობა, არ დევს, შესაბამისად, ვერც ამკრძალავ ბანერს განვათავსებთ, მაგრამ მაგ ადგილზე ბანაობა რეკომენდებული არ არის“.

ალი და ნინოს სკულპტურა / ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ალი და ნინოს სკულპტურა / ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამკრძალავ ნიშნებს [ორენოვანი, ქართული და ინგლისური] წარწერით, რომ „ბანაობა აკრძალულია“ ვდგამთ, სანაპიროზე სადაც საჭიროა, მაგრამ ხსნიან და აგდებენ წყალში. იგივე ხდება ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდინარე ჩოლოქის გასწვრივ“ – ამბობს მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, ფიჭვნარში იმიტომ არის აკრძალული ზღვაში ცურვა, რომ „მაქ საერთოდ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა“.

ფიჭვნარი, ქობულეთი / თედო ჯორბენაძის ფოტო
ფიჭვნარი, ქობულეთი / თედო ჯორბენაძის ფოტო

აღნიშნული რამდენიმე მონაკვეთის გარდა, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა ყველგან ნებადართულია. „სხვა ადგილებში ყველგან წესრიგია. გაწმენდილი გვაქვს ზღვის ფსკერი ნაპირთან, დათვალიერებულია ზოლი მყვინთავის მიერ და ბოთლის ნატეხებიც კი არ ყრია,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარამდე პლაში რკინის ბადითაა გადაღობილი და შესვლა აკრძალულია / თედო ჯორბენაძე
ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარამდე პლაჟი რკინის ბადითაა გადაღობილი და შესვლა აკრძალულია / თედო ჯორბენაძის ფოტო

უცხოეთის მოქალაქემ კაზინოს ბათუმში სასამართლო დავა მოუგო

14 500 ამერიკული დოლარის გადახდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ შპს „ალიანსი +“-ს დააკისრა. ეს კომპანია ფლობს კაზინო „პეგასს“ ბათუმში, სადაც ბულგარეთის, ასევე თურქეთის მოქალაქე – ლევენთ სადულა მუსას მოგებული ფულის მიღებაზე უარი უთხრეს. მოსამართლემ კაზინოს ადმინისტრაციას სასამართლოს ბაჟის – 1050 ლარის გადახდაც დააკისრა.

ლევენთ სადულა მუსამ ბათუმში, კაზინო „პეგასში“ 18 800 ამერიკული დოლარი გასული წლის აგვისტოში მოიგო. მაშინ ლევენთ მუსამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბათუმში კაზინოს მიწვევით ჩამოვიდა, თუმცა მოგებული თანხიდან მხოლოდ 4300 დოლარი გაუნაღდეს [ამ თანხაში სასტუმროს და ფრენის ხარჯი დაუფარეს]. ის ერთადერთი არაა, ვისაც ბათუმის სხვადასხვა კაზინოში ფულის მოგების შემდეგ სასამართლოში მოუხდა წასვლა, ან უფულოდ ქვეყნის დატოვება.

დღეს, 18 ივლისს სასამართლო პროცესს „ალიანსი +“ არ დასწრებია. კომპანიამ შესაგებელი გამოაგზავნა, სადაც წერია, რომ ლევენთ მუსამ თამაშის დროს ე.წ. სისტემა გამოიყენა.

„ეს იგივეა, ჯოკერის თამაშის დროს გამოთვალო წინასწარ, რამდენის აღებას შეძლებ,“ – ამბობს ადვოკატი რუსლან ბერიძე. ის სასამართლოში ლევენთ სადულა მუსას ინტერესებს იცავდა.

„კომპანიას არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა მივიღო,“ – აღნიშნა მოსამართლემ და ადვოკატს მიმართა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა.

სასამართლო პროცესებს არც მოსარჩელე – ლევენთ სადულა მუსა ესწრებოდა. მან პოლიციის მესამე განყოფილებას გასული წლის აგვისტოშივე დაუტოვა ჩვენება, სარჩელი სასამართლოში შეიტანა და ქვეყანა დატოვა.

სიმთვრალეში მოპედის მართვა დასჯადი ხდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მოპედის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში დასჯადი იქნება. ცვლილება ძალაში 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.

ზემოაღნიშნულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით:

[crosslist]

  • „მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“
  • მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“

[/crosslist]

თუ ზემოაღნიშნული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის 16 წელს მიღწეული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს.“

კოდექსში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მათ შორის შეიცვალა იმ მუხლის რედაქცია, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს ადგენს. ცვლილების მიხედვით, რაც ასევე 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება:

[checklist]

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს [დღეს მოქმედი რედაქციით, გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები.];
  • პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. [მოქმედი რედაქციით: პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე].

[/checklist]

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შს მინისტრს დაევალა 2017 წლის 1-ელ ნოემბრამდე უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

გარემოს ეროვნული სააგენტო: ზღვის სანაპიროზე გამორიყულ დელფინებს არ შეეხოთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ძუძუმწოვრებს.

წელს დეპარტამენტის მიერ, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც მათივე ცნობით, შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით იყოს განპირობებული.

„2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამავე თემაზე:

წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

ზღვამ კიდევ ერთი დელფინი გამორიყა

ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე.

2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, სულ ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 43 პლენარული და რიგგარეშე სესიის სხდომა. რა არის  აჭარიდან საქართველოს პარლამენტში შესული დეპუტატების პასიურობის მიზეზი? „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს, ქობულეთის მაჟორიტარ კობა ნაკაიძეს  ესაუბრა.

ბატონო კობა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში იქნებოდით აქტიური, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ თქვენ რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულხარ. რითი ახსნით ამას?

გასაგებია, მაგრამ ის თემა, რომელ თემაზეც მქონდა საწინააღმდეგო აზრი, გამოვედი და ატრიალა მთელმა მედიამ. ეს იყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი და შემდეგ მქონდა კიდევ ამ თემაზე სატელევიზიო ჩართვები. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე აქტიურობას, პლენარულ სხდომაზე კი არ უნდა კამერების წინ [აქტიურობა], კომიტეტის სხდომებზე მზადდება ეს საკითხი და იქ მიდის სერიოზული მუშაობა, ზოგს კიდევ უნდა, რომ ძალიან ხშირად ჩანდეს ეთერში.

ყველაზე მეტად რომელ საკითხის მომზადებაში იყავით ჩართული საკომიტეტო განხილვების დროს?

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვარ და ყველა საკითხი, რომელიც იყო ხმაურიანი – თამბაქოსთან დაკავშირებით, პროგრამებთან დაკავშირებით, იმ სფეროში, რომელშიც გამაჩნია გამოცდილება, ვაქტიურობდი. ასე რომ აქტივობად შეაფასონ შემდგომში ის, ვინ უფრო მეტად აქტიურობს კომიტეტის სხდომებზე.

წინასაარჩევნოდ, თქვენ ამომრჩეველს დაჰპირდით, რომ იმუშავებდით ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე. თქვენ მაშინ ამბობდით: „კარგია თვითმმართველის სტატუსი იმიტომ, რომ რაიონი თავის პრობლემებს განსაზღვრავს, ქალაქი – თავის პრობლემაზე იზრუნებს“. მიუხედავად ამისა, თქვენ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირეთ პარლამენტში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ანუ ამომრჩეველს ეუბნებოდით, რომ თვითმმართველობის გაფართოებაზე იმუშავებდით და პარლამენტში სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიიღეთ. ამას რითი ახსნით?

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა მოითხოვო მაშინ, როცა ამისთვის ხარ მზად. თვითმმართველობის ხიბლი რა არის, რომ ადგილობრივი შემოსავლები რომ დარჩეს ადგილზე არა, რაიონი რომელიც ტრანსფერზე 20 მილიონს ითხოვს, იქ თვითმმართველობა არ ამართლებს. ქობულეთში კეთდება ის, რომ მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვქონდეს თვითმმართველი სტატუსი, იმიტომ, რომ დაგვემართება ის, რაც დაემართა ამბროლაურს და ოზურგეთს. მთავარია, ინფრასტრუქტურის განვითარება და შემოსავლების გაზრდა. საინვესტიციო გარემო უნდა გაიზარდოს.

თვითმმართველობის გარეშე ეს პრობლემები როგორ უნდა გადაწყდეს?

თვითმმართველი ქალაქი რომ გავხდებით, მაშინ კი არ გაიზრდება შემოსავლები. შემოსავლები გაიზრდება მაშინ, როცა შესაბამის ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ, იგივე ნაპირსამაგრი სამუშაოები, იგივე ბულვარი, სპორტული ტურიზმის განვითარება, რომელზეც აქტიურად მუშაობს მთავრობა და რეგიონალური განვითარების კომიტეტში პირდაპირ მითხრეს, რომ იმ შვიდი ქალაქიდან, რომელიც იყო თვითმმართველი, ყველაზე  მეტად სტატუსი ეკუთვნოდა ქობულეთს.

ნუ, თქვენ ამბობთ, რომ ქალაქი ჯერ უნდა განვითარდეს, გაზარდოს შემოსავლები და ამის შემდეგ გახდეს თვითმმართველი?

სტატუსის მიღება შეიძლება მომავალ წელსაც, მაგრამ უნდა მიიღო ის, რაც გაამართლებს. ნაჩქარევად მიღება არ ამართლებს. ვმუშაობთ ჩვენ ამ საკითხზე და ქობულეთი თვითმმართველი ქალაქი აუცილებლად იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თქვენ წინაასაარჩევნოდ საუბრობდით იყო იპოთეკარების თემა. „საჭიროა საკანონმდებლო კუთხით მუშაობა, რომ დარეგულირდეს ეს თემა“ – ამბობდით თქვენ. იმუშავეთ ამ თემაზე?

სხვათა შორის ბატონი გედევან ფოფხაძე რომელიც იურიდიული კუთხით მუშაობს ამ საკითხებზე, მზადდება საკანონმდებლო პროექტი, რომელიც დაიცავს ხალხს იმისგან, რაც დღეს სჭირთ. არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ 11 ოჯახი გადავარჩინეთ გამოსახლებას, გავაკეთეთ მოლაპარაკება მეორე მხარესთან და გადახდის ახალი გრაფიკი.

რაიმე ინიციატივაზე ხომ არ მუშაობთ ამჟამად?

ჯანდაცვის კუთხით ვმუშაობთ, მართვაში არის ძალიან ბევრი პრობლემები და ამას უნდა სერიოზული საკანონმდებლო ცვლილება.

 

 

 

 

 

 

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა.

საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, მირონ შუშანიძე პატიმრობაში 6 თვე იქნება, 5 წელი – პირობითი მსჯავრის ქვეშ.

„ამას გარდა, თქვენ ჩამოგერთმევათ ავტომანქანის მართვის უფლება სამი წლის ვადით,“ – მიმართა მსჯავრდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავარიის შემდეგ ჩამორთმეული ავტომანქანა მირონ შუშანიძეს დაუბრუნდება. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა ისიც, რომ საპროცესო შეთანხმებაზე წასვლა მას არ გაათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, თუკი დაზარალებული მხარე მისგან რაიმე სახის კომპენსაციას მოითხოვს.

„დაზარალებული მხარე არ წასულა საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მირონი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ის სამსახურიდან მოდიოდა ადრე დილით და საჭესთან ჩაეძინა. იმ ადგილას იყო დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერებიც,“ – გვითხრა ადვოკატმა, სიმონ ასათიანმა.

ავტოავარიის შედეგად დაღუპულების ახლობლები სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ.

 

„სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება“

დღეს 17 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ლეონიძის ქუჩაზე ასაშენებელი სპროტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შპს „სტადიონის“  ხელმძღვანელის სულხან ხალვაშის განცხადებით, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის თანხა მთლიანობაში 71 მილიონი ლარია. ამ თანხაში შედის სპორტული კომპლექსის პროექტიც.  სულხან ხალვაშის თქმით, პროექტზე შპს „სენსონიმ“ იმუშავა.

„ჩვენ ტენდერს ამ კვირაში გამოვაცხადებთ და რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მშენებლობა დაიწყება აგვისტოში და უნდა ჩაგვბარდეს მომავალი წლის სექტემბერში.

ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში“-ამბობს სულხან ხალვაში.

ახალი სპორტული კომპლექსი 21 500 კვ/მ-ზე  უნდა განთავსდეს. ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები [არანაკლებ 120 ადგილი, მათ შორის ავტობუსებისთვისაც].

შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელის თქმით, ახალი კომპლექსი ერთ თვეში უნდა აშენდეს
შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელის თქმით, ახალი კომპლექსი ერთ წელში უნდა აშენდეს
ახალი სპორტული კომპლექსის პროექტზე შპს „სენსონმა“ იმუშავა
ახალი სპორტული კომპლექსის პროექტზე შპს „სენსონმა“ იმუშავა

 

 

 

პედაგოგების 28 პროცენტი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგების 28 პროცენტი არ გამოცხადდა.  მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები სავალდებულო აღარ არის, პედაგოგების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად გამოცდაზე არ ცხადდება.

„აქამდე, დაწყებითი საფეხურის, ფიზიკის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება, სხვა საგნების პედაგოგთა გამოცდები გრძელდება. საერთო ჯამში 28 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯერ მხოლოდ ფიზიკის, დაწყებითი საფეხურის და სამოქალაქოს პედაგოგების გამოცდა ჩატარდა. დაწყებითი საფეხურის 7 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა, 500 ფიზიკაში და 700-ზე მეტი სამოქალაქოზე.

თითქმის სამივე გამოცდაზე დასწრება არის 70 პროცენტი. დანარჩენი არ გამოცხადდა გამოცდაზე“-ამბობს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

მისი ინფორმაციით, პედაგოგების გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობია.

პედაგოგების საგნობრივი კომპეტენციის გამოცდები 27 ივლისამდე გრძელდება. პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ივლისში პროფესიული უნარების გამოცდებიც ჩააბარონ.

პედაგოგებს კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დაგროვილი ქულები (პროცენტების მიხედვით) კრედიტებში ჩაეთვლებათ.

 

ადვოკატი: იქამდე არ შემიშვეს დაკავებულთან, ვიდრე ნარკოტესტირებისთვის ნიმუში არ აიღეს

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ა. გ.-სთან არ შეუშვეს. მოქალაქე გუშინ საღამოს გონიოს პოლიციამ დააკავა და პირდაპირ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანა. ადვოკატი დაკავებულთან მანამ არ შეუშვეს, ვიდრე მისგან ბიოლოგიური მასალა არ გამოართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„პოლიციის შენობასთან დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, აქ არის, მაგრამ ვერ შეგიშვებთო, დაგვირეკავენ და მერეო. დაახლოებით ერთი საათი მალოდინეს“, – ყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. -„ დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე სახალხო დამცველს. ომბუდსმენის წარმომადგენელს უთხრეს, მეორე მხრიდან მივიდეს, მაქ არ არისო. ვიდრე მეორე მხარეს გადავიდოდი, შემატყობინეს, რომ დაკავებული უკვე იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადვოკატი თავდაპირველად ორდერის გარეშე იყო მისული პოლიციის სამმართველოსთან. „როცა შესაბამისი დოკუმენტაციით მივიდა, შევიდა და ნახა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი,“ – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

„აბსურდია. ორდერის გარეშე რატომ მივიდოდი დაკავებულთან. მით უმეტეს, ორდერის გამოწერა ადვოკატს თავად შეუძლია. შესაბამისი ფორმა თან მაქვს ყოველთვის და ბეჭედიც. თან ორდერის გარეშე თუ მივედი, შსს-ში და სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე რატომ დავრეკავდი?“ – კითხულობს ადვოკატი.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მსგავს შემთხვევას ხშირად აქვს ადგილი, განსაკუთრებით არასამუშაო საათებში.

„ამას აკეთებენ იმიტომ, რომ დაკავებულმა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი არ თქვას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ. ბევრმა არ იცის, რომ უფლება აქვს, უარი თქვას ბიოლოგიური მასალის ნარკოტესტირებისთვის ჩაბარებაზე. ამ შემთხვევაშიც დაკავებულს თავისი ნებით ჩაუბარებია ბიოლოგიური მასალა და გაუკვირდა, როცა ვუთხარი, უარის თქმის უფლება გქონდა-მეთქი,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

კანონის მიხედვით, პოლიციას „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე უფლება აქვს დააკავოს ნებისმიერი მოქალაქე და ნარკოტესტირებაზე წაიყვანოს, თუმცა დაკავებულს უფლება აქვს პოლიციას ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი უთხრას. ასეთ შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია დაკავებული 12 საათის განმავლობაში გააჩეროს განყოფილებაში, შემდეგ კი ვალდებულია გაათავისუფლოს.

ნებისმიერი პირის კონსტიტუციური უფლებაა დაკავებისთანავე ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულს სამართალდამცველებმა უნდა მიაწოდონ.

შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

 

ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის N131-ში, მეტრო მარტის რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე საჩუქრების მოსაგებად ჩატარდა არაერთი სახალისო კონკურსი, დღის ბოლოს კი ყველაზე ერთგული მომხმარებლებისთვის გათამაშდა სუპერპრიზები – არისტონის მაცივარი, LG-ის და SAMSUNG-ის ტელევიზორები, სარეცხი მანქანა, ლენოვოს ლეპტორპი და Iphone 7.

ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდათ. გახსნის დღეს მეტრო მარტის ბათუმის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში სპეციალური ფასები და განსაკუთრებული შეთავაზებები ყველა კატეგორიის ტექნიკაზე მოქმედებდა.

მეტრო მარტი ტექნიკის ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი ფასებით და პროდუქციის დიდი არჩევანით გამოირჩევა.

ამჟამად ტექნიკის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 5 ფილილაით არის წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც.

20401064_10213931846120118_1095271092_n

უსინათლოები „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წინააღმდეგ

დღეს, 17 ივლისს, აჭარაში მცხოვრები უსინათლოები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.  ისინი უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონების უსინათლოებისთვის გადაცემას და ამ ქონებით მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „უსინათლოთა ხმას“ ხელმძღვანელის ალექსანდრე წეველიძის თქმით, უსინათლოთა მოთხოვნებს კავშირის ხელმძღვანელობა გულგრილად ეკიდება.

„ჩვენ კავშირის ხელმძღვანელს მივმართეთ წერილობით და ჩვენს მოთხოვნებზე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება მოვთხოვეთ, თუმცა მათი პასუხი არის მშრალი, არასრულყოფილი, არ აქვთ ადეკვატური რეაგირება ჩვენს მოთხოვნებზე, ამიტომ საპროტესტო აქციას ვაგრძელებთ. გვინდა, რომ აქციები უფრო მასშტაბური იყოს, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. მოვიდნენ და დაგველაპარაკონ,“-ამბობს ალექსანდრე წეველიძე.

უსინათლოების საპროტესტო აქცია „უსინათლოთა კავშირის“ წინააღმდეგ
უსინათლოების საპროტესტო აქცია „უსინათლოთა კავშირის“ წინააღმდეგ

ალექსანდრე წეველიძის თქმით, კავშირის ადმინისტრაცია მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არაადეკვატურად პასუხობს.

„წერილში ვწერდით, თუ რამდენი უსინათოლო ცხოვრობს აჭარაში და როგორია მათი მდგომარეობა. კითხვები გქვონდა ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებითაც, თუმცა მათ მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მოგვწერეს , რომ ცხოვრობს 462 უსინათლო, მეტი არაფერი. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, შეგვხვდეს კავშირის ხელმძღვანელი და პასუხი გაგვცეს საჯაროდ ყველა კითხვაზე,“-ამბობს წეველიძე.

უსინათლოები მოითხოვენ დღესვე შეიქმნას დროებითი საბჭო, რომელიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებს და შეისწავლის როგორც უსინათლოთა ქონებას, ასევე შემოსავლებს.  „ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა და მათ მიერ დაარსებული შპს-ები,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აჭარაში მცხოვრებმა უსინათლოებმა იდენტური მოთხოვნებით საპროტესტო აქცია 3 ივლისსაც გამართეს. 

უსინათლოები თავიანთი უფლებების დაცვას მოითხოვენ
უსინათლოები თავიანთი უფლებების დაცვას მოითხოვენ

 

 

 

 

შსს-ს მომსახურების სააგენტოს არაკონკურენტული ტენდერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეულ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული ჰქონდა ისეთი პარამეტრები, რომელთა სიდიდეების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, ან საერთოდ საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ზოგჯერ პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული იყო ისეთი საქონელი, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ფიქსირებულ პარამეტრებს, „რაც მიუთითებს, რომ ტექნიკური მოთხოვნები შედგენილი იყო კონკრეტული მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ პირობებში ტენდერებში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რითაც ავტომატურად გამოირიცხებოდა კონკურენცია და ფასის კლება. აღნიშნული პრეტენდენტი ტენდერებში იმარჯვებდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით, რაც არ უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას“.

აუდიტის ანგარიშში ასეთი ტენდერის რამდენიმე მაგალითია მოყვანილი:

სპეცავტომობილების შეძენა

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასაცემად 160 სპეცავტომობილის შეძენის მიზნით მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით – 9 032 300 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით მართვის სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნილია, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე. აღნიშნული მოთხოვნა [სხვა პარამეტრებთან ერთობლიობაში] წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე [ფორდი].

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი-თი მოტორსმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 9 238 400 ლარი.

ასევე, 34 ერთეული სპეცავტომობილის შეძენის მიზნით სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერში [სავარაუდო ღირებულებით 2 497 700 ლარი], ზემოაღნიშნულის ანალოგიურად, მართვის სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნილი იყო, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე. აღნიშნული მოთხოვნა ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე [ფორდი]. ტენდერში აქაც ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი-თი მოტორსმა“ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა.

პირადი ჰიგიენის საგნების შეძენა

პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის მიზნით ერთ-ერთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში [შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 66 700 ლარი], მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მაგალითად:

higiena

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „ვი დი ჯი გრუპმა“, რომლის მიერ შეთავაზებული საქონლის პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს. პრეტენდენტმა კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 61 900 ლარი.

ავეჯის შესყიდვა

ავეჯის შესყიდვის მიზნით სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ავეჯის სხვადასხვა კომპონენტების აღწერისას მითითებული იყო ზუსტი ზომები სმ-ებში, მაგალითად, გორგოლაჭებიანი სავარძელი:

savarZeli

ასევე იყო სხვა საგნების შემთხვევაში. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „ნოვი სტილი ჯორჯიამ“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 45 700 ლარი.

სპორტული საქონლის შესყიდვა

სპორტული საქონლისა და აღჭურვილობის (ინვენტარის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში [48 900 ლარი], სატენდერო დოკუმენტაციით ინვენტარის სხვადასხვა კომპონენტების აღწერისას მითითებული იყო მათი [სარბენი ბილიკი, ვერტიკალური ველოტრენაჟორი, მრავალფუნქციური დანადგარი, პრესის სავარჯიშო საწოლი, შტანგის საწოლი და სხვა] ზუსტი წონა და ზომები. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „მასტერ სპორტმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით.

უნიფორმის შესყიდვა

უნიფორმის შესყიდვის მიზნით 165 000 ლარიან ტენდერში უნიფორმის სხვადასხვა კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო ფიქსირებული პარამეტრები [ქსოვილის წონა, ნაკერების სიგანე და ა.შ.]. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა შპს „ლემასმა“, რომელმაც გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით.

ტელევიზორების შესყიდვა

23 ერთეული სხვადასხვა ზომის ტელევიზორის შესყიდვის მიზნით სააგენტოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 31 300 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო მკაცრად ფიქსირებული პარამეტრები [რისი აუცილებლობაც არ არსებობდა]. მაგალითად, ტელევიზორი A: ანალოგიური ფიქსირებული პარამეტრები იყო მოთხოვნილი დანარჩენ პოზიციებშიც [ტელევიზორების B, C და D მიმართ].

televizori

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების ფასები: შპს „ელიტელი“ – 30 700 ლარი, შპს „მეგაპიქსელი“ – 25 800 ლარი. დაბალი სატენდერო წინაადების ფასის მქონე პრეტენდენტი (შპს „მეგაპიქსელი“) დისკვალიფიცირებული იქნა იმის გამო, რომ საქონლის ჩამონათვალის მე-4 პოზიციით შემოთავაზებული ტელევიზორის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შედეგად ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა უფრო მაღალი სატენდერო წინაადების ფასის მქონე შპს „ელიტელი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 30 700 ლარი.

„სააგენტოს განმარტებით სააგენტოში იმართება სხვადასხვა პრეზენტაციები და ამიტომ სააგენტო მოწოდებულია დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები, თუმცა საოფისე ტელევიზორების შესყიდვის მიზნით ტექნიკური პარამეტრების ზუსტი განსაზღვრა აუცილებელი არ არის და წარმოშობს არაკონკურენტული შესყიდვის განხორციელების რისკებს. ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია გარკვეული დიაპაზონის გამოყენებით, რაც არ გამორიცხავს მაღალი შესაძლებლობების მქონე თანამედროვე ტექნიკის შესყიდვას“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ტელეფონების შესყიდვა

VOIP ტელეფონების შესყიდვის მიზნით სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 50 000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების ფასები: შპს „ენ-ჯი-ეს გრუპი“ – 33 900 ლარი, შპს „დელტა კომმი“ – 45 900 ლარი. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე შპს „ენ-ჯი-ეს გრუპი“ დისკვალიფიცირებული იქნა იმ მოტივით, რომ მან არ დააზუსტა საქონლის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დელტა კომმი“, ისე რომ არ ყოფილა მოთხოვნილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, ტექნიკურ აღწერილობაში პრეტენდენტის მიერ მითითებული არ იყო წარმოების ქვეყანა, დისპლეის ტიპი, მითითებული ფერი [თეთრი] განსხვავდებოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილისგან [შავი, ნაცრისფერი]. კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 45 900 ლარი.

კონტროლერის შესყიდვა

ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველის/კონტროლერის შესყიდვის მიზნით სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 38 600 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო, რომ წამკითხველი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 500MHz DSP პროცესორით, არანაკლებ 8MB Flash + 16MB RAM შიდა მახსოვრობით, TCP/IP და RS485 ინტერფეისით, არანაკლებ IP65 სტანდარტის კორპუსით, კორპუსის ზომა არაუმეტეს 50X140X30 მმ, სამუშაო ტემპერატურა არანაკლებ -20C – + 50C დიაპაზონის და ა.შ. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს „ჯი ეს სი“-მ, რომელმაც გაიმარჯვა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 38 600 ლარი.

„ტენდერებში კონკურენციის გაზრდისა და შესაბამისად ეკონომიურად ხარჯვის მიზნით მნიშვნელოვანია შსს-ს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციებით შესყიდვის ობიექტების ტექნიკური პარამეტრების ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრის თავიდან არიდება“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ  2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში დაშავებული პირები საქართველოში დაბრუნდნენ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში აავრიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპარის“ წევრები საქართველოში დაბრუნდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, 25 ბავშვი საქართველოში დაბრუნდა, თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება.

„ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ,  ხვალ უკვე გვექნება მომხდარის სურათი,“ – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

„ერთ-ერთი ბავშვის დედას ავარიის შედეგად ტრავმული ამპუტაცია განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოთავსებულია ტრაბზონის კლინიკაში. ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს, სტაციონარული დაკვირვება დასჭირდება,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე.

ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

 

ავარია ბათუმსა და მახუნცეთში

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მახუნცეთშიც მოხდა. შსს ინფორმაციით, ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამოწმებს.

„ერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით“ – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ცოლის ცემა იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხით

„მან იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხის თავში ჩარტყმით მეუღლეს მიაყენა სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, – წერია მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ ხელმოწერილ განაჩენში. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც მოსამართლის მიერ მოძალადე ქმრისთვის შეფარდებული ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით შეიცვალა. მოძალადე ქმრის ყოფაქცევაზე კონტროლს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მსჯავრდებულს პრობაციის ოფიცრის გარეშე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ეკრძალება.

ამ საქმეში გამოძიებამ ერთ-ერთ ნივთმტკიცებად იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხიც ამოიღო. „იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით,“ – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მინისტრი ავტოავარიის ადგილიდან: „ერისიონის“ ავტობუსის მძღოლს და ორ მგზავრს ოპერაცია ჩაუტარდა

ავტობუსი, რომლითაც „ერისიონის“ ბავშვთა ანსამბლი ბულგარეთისკენ მიემგზავრებოდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად [120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან] დღეს, 16 ივლისს, დილით ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ავტობუსში მყოფი 6 პირი მძიმედ დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და ზაალ მიქელაძე – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან. „თითოეულ მათგანს ჩაუტარდა ამბულატორიული შემოწმება და სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ. ავტობუსში სულ 26 ბავშვი იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძე
ზაალ მიქელაძე

მინისტრის თქმით, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ავტობუსის მძღოლი იმყოფება. იგი ამ დროისთვის ერთ-ერთ კლინიკაში ხელოვნურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვის ერთ მშობელს და ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს. მშობელს ერთ-ერთი კიდურის ტრავმული ამპუტაციის ოპერაცია გაუკეთეს, ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კი, ნეკნების მოტეხილობა და სხეულის დაჟეჟილობა დაუდგინდა.

„ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, – შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს კიდევ ერთ ქალბატონს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ექიმებს, ოპერაცია აქ, თურქეთში გაკეთდება, თუ საქართველოში. ამ დროისთვის ველოდებით საბოლოო მონაცემებს ექიმებისგან. ავტობუსის მგზავრები ხუთ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. მათ ერთიანად დავაბრუნებთ საქართველოში“.

ზაალ მიქელაძის თქმით, ავტოავარია დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა, როცა ავტობუსში თითქმის ყველას ეძინა. ფხიზელი მძღოლი იყო, რომელიც ავარიის შედეგად ყველაზე მეტად დაშავდა.

GÜRCİSTAN'DAN BULGARİSTAN'A, YAŞLARI 9-13 ARASI GÜRCÜ ÖĞRENCİ DANS EKİBİNİ TAŞIYAN TUR OTOBÜSÜ, GİRESUN'DA KAZA YAPTI. KAZADA 38 KİŞİ YARALANDI. (ERSEN KÜÇÜK - FİKRET BODUR/GİRESUN-İHA)
ავტობუსი, რომლითაც ქართული ანსამბლი მგზავრობდა, ავარიაში მოყვა – დაშავდა 38 ადამიანი. ფოტო: FİKRET BODUR/GİRESUN-İHA

 

უკანონო შენობა ქედაში, რომელიც სუს-ის თანამშრომლის მამას ეკუთვნის

მოქალაქე ზურაბ ცინცაძის კუთვნილი შენობა ქედაში თითქმის სამი წელია უკანონოდ ფუნქციონირებს. თითქმის ამდენივე წელია ქედის გამგეობის გასაყიდ ქონებათა ჩამონათვალში ირიცხება მიწაც, რომელზეც ეს შენობა დგას. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ზურაბ ცინცაძემ სუპერმარკეტი და ავტოფარეხი მოაწყო. ზურაბ ცინცაძე ბადრი ცინცაძის მამაა. ბადრი ცინცაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ცინცაძეების მხრიდან ბიზნესის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. შენობა ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრთან მისვლამდე, მაგისტრალზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობა უფლებამოსილი იყო გაეყიდა ეს მიწა, უძრავი  ქონება აუქციონზე არ გააქვთ.

ქედის გამგეობამ 102 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში 2014 წლის ნოემბერში თავისუფალი მიწის სახით შეიტანა. ამ მიწაზე შენობა უკვე არსებობდა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის მამა სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა. ქედის საკრებულომ გამგეობის მოთხოვნას თავისუფალი სახით შესულიყო საპრივატიზაციო ნუსხაში არსებული მიწის ნაკვეთი, მხარი დაუჭირა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიტანს გასაყიდად აუქციონზე მუნიციპალიტეტი მიწის ნაკვეთს, რომელზეც ამ დროისთვის მაღაზია და ავტოფარეხი ფუნქციონირებს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი, თემურ ბერიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიწას მუნიციპალიტეტის გამგეობა მაშინ გაყიდის, როდესაც უკანონო შენობის საკითხს მოაწესრიგებს. კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია გამგეობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართო მშენებლობა დაურეგისტრიროს მოქალაქეს და სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს? – თემურ ბერიძე ამბობს, რომ ამ საკითხებზე იურისტები იმუშავებენ. მისივე ინფორმაციით, არასწორად შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი გამგეობას დღემდე არ ჩაუსწორებია და პრივატიზების ნუსხაში მიწა დღემდე თავისუფალი სახითაა წარმოდგენილი.

„დოკუმენტის ჩასწორება არ მომხდარა, არც აუქციონზე გაგვიტანია მიწა, მოვაწესრიგებთ და შემდეგ გავყიდით,“ – ამბობს თემურ ბერიძე.

„მიწის მოწესრიგებას“ თემურ ბერიძე ასე განმარტავს: „მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია, რომელზეც შენობა დგას. პირველ რიგში, შენობა უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ მოხდეს აუქციონზე გატანა. ერთადერთი გამოსავალი მოწესრიგებაა. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტს, მე არ ვიცი, რა ბერკეტი არსებობს. ამ საკითხზე იურისტები ჩამოყალიბდებიან“.

სახელმწიფო აუდიტმა 102 კვადრატული მეტრი მიწა 800 ლარად 2014 წელს შეაფასა. თემურ ბერიძის ინფორმაციით, 2014 წელს შეფასებული მიწა ხელახლა არ შეფასდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გამგეობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელზეც ამ დროისთვის უკანონო შენობა დგას, აუქციონზე გაიტანს, მისი საწყისი გასაყიდი ფასი ისევ 800 ლარი იქნება.

ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ბადრი ცინცაძე ნამდვილად სუს-ის თანამშრომელია ქედის ორგანიზაციაში. რა თანამდებობას იკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად ბადრი ცინცაძე – ამ ეტაპზე ინფორმაციის მოპოვება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო.

ბადრი ცინცაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

გზების რეაბილიტაცია ხულოს 34 სოფელში

ხულოს მუნიციპალიტეტში 34 სოფლის საავტომობილო გზის რთული მონაკვეთი მობეტონდება. სასოფლო გზების მობეტონებასთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 723 990 ლარი გამოყო და მთლიანობაში 3 958 კუბური მეტრი მზა ბეტონის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი 13-14 ივლისს გამოაცხადა.

სოფლების – ყინჩაურის, ძმაგულის, გურძაულის, წაბლანის, კვატიის, ვერნების, დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გობაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, ზემო ვაშლოვანის, შურმულისა და ქვედა ვაშლოვანის შიდა სასოფლო გზების რთული მონაკვეთების მობეტონებაზე ორი ელექტრონული ტენდერი, მთლიანობაში 362 016 ლარზე 14 ივლისს გამოაცხადა, ხოლო გორგაძეების, ვაშაყმაძეების, ტუნაძეების, ლაბაიძეების, აგარის, ირემაძეების, ბოძაურის, დანისპარაულის, რიყეთის, ზედა ბეღლეთის, პაქსაძეების, მელაძეების, ღურტის, იაკობაძეებისა და ღორჯომელაძეების სასოფლო გზების მოსაბეტონებლად  ორი ელექტრონულიტენდერი 361 974 ლარზე 13 ივლისს გამოცხადდა.

შიდა სასოფლო ზგების რთული მონაკვეთების გასამართად  მზა ბეტონის შესყიდვაზე ხულოს გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი 4 აგვისტოს დასრულდება.

ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, გზების მობეტონება აგვისტოს ბოლოს დაიწყება და პირველ ნოემბრამდე დასრულდება. მისივე ინფორმაციით „მართალია, სამუშაოები  წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, თუმცა ეს წინასწარ გამიზნული არ ყოფილა. გზების მოსაბეტონებლად საჭირო თანხა ბიუჯეტის კორექტირების დროს მოვიძიეთ,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.

Exit mobile version