მთავარი,სიახლეები

ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

17.07.2017 • 2936
ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე.

2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, სულ ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 43 პლენარული და რიგგარეშე სესიის სხდომა. რა არის  აჭარიდან საქართველოს პარლამენტში შესული დეპუტატების პასიურობის მიზეზი? „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს, ქობულეთის მაჟორიტარ კობა ნაკაიძეს  ესაუბრა.

ბატონო კობა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში იქნებოდით აქტიური, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ თქვენ რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულხარ. რითი ახსნით ამას?

გასაგებია, მაგრამ ის თემა, რომელ თემაზეც მქონდა საწინააღმდეგო აზრი, გამოვედი და ატრიალა მთელმა მედიამ. ეს იყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი და შემდეგ მქონდა კიდევ ამ თემაზე სატელევიზიო ჩართვები. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე აქტიურობას, პლენარულ სხდომაზე კი არ უნდა კამერების წინ [აქტიურობა], კომიტეტის სხდომებზე მზადდება ეს საკითხი და იქ მიდის სერიოზული მუშაობა, ზოგს კიდევ უნდა, რომ ძალიან ხშირად ჩანდეს ეთერში.

ყველაზე მეტად რომელ საკითხის მომზადებაში იყავით ჩართული საკომიტეტო განხილვების დროს?

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვარ და ყველა საკითხი, რომელიც იყო ხმაურიანი – თამბაქოსთან დაკავშირებით, პროგრამებთან დაკავშირებით, იმ სფეროში, რომელშიც გამაჩნია გამოცდილება, ვაქტიურობდი. ასე რომ აქტივობად შეაფასონ შემდგომში ის, ვინ უფრო მეტად აქტიურობს კომიტეტის სხდომებზე.

წინასაარჩევნოდ, თქვენ ამომრჩეველს დაჰპირდით, რომ იმუშავებდით ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე. თქვენ მაშინ ამბობდით: „კარგია თვითმმართველის სტატუსი იმიტომ, რომ რაიონი თავის პრობლემებს განსაზღვრავს, ქალაქი – თავის პრობლემაზე იზრუნებს“. მიუხედავად ამისა, თქვენ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირეთ პარლამენტში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ანუ ამომრჩეველს ეუბნებოდით, რომ თვითმმართველობის გაფართოებაზე იმუშავებდით და პარლამენტში სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიიღეთ. ამას რითი ახსნით?

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა მოითხოვო მაშინ, როცა ამისთვის ხარ მზად. თვითმმართველობის ხიბლი რა არის, რომ ადგილობრივი შემოსავლები რომ დარჩეს ადგილზე არა, რაიონი რომელიც ტრანსფერზე 20 მილიონს ითხოვს, იქ თვითმმართველობა არ ამართლებს. ქობულეთში კეთდება ის, რომ მოვემზადოთ იმისთვის, რომ გვქონდეს თვითმმართველი სტატუსი, იმიტომ, რომ დაგვემართება ის, რაც დაემართა ამბროლაურს და ოზურგეთს. მთავარია, ინფრასტრუქტურის განვითარება და შემოსავლების გაზრდა. საინვესტიციო გარემო უნდა გაიზარდოს.

თვითმმართველობის გარეშე ეს პრობლემები როგორ უნდა გადაწყდეს?

თვითმმართველი ქალაქი რომ გავხდებით, მაშინ კი არ გაიზრდება შემოსავლები. შემოსავლები გაიზრდება მაშინ, როცა შესაბამის ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ, იგივე ნაპირსამაგრი სამუშაოები, იგივე ბულვარი, სპორტული ტურიზმის განვითარება, რომელზეც აქტიურად მუშაობს მთავრობა და რეგიონალური განვითარების კომიტეტში პირდაპირ მითხრეს, რომ იმ შვიდი ქალაქიდან, რომელიც იყო თვითმმართველი, ყველაზე  მეტად სტატუსი ეკუთვნოდა ქობულეთს.

ნუ, თქვენ ამბობთ, რომ ქალაქი ჯერ უნდა განვითარდეს, გაზარდოს შემოსავლები და ამის შემდეგ გახდეს თვითმმართველი?

სტატუსის მიღება შეიძლება მომავალ წელსაც, მაგრამ უნდა მიიღო ის, რაც გაამართლებს. ნაჩქარევად მიღება არ ამართლებს. ვმუშაობთ ჩვენ ამ საკითხზე და ქობულეთი თვითმმართველი ქალაქი აუცილებლად იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თქვენ წინაასაარჩევნოდ საუბრობდით იყო იპოთეკარების თემა. „საჭიროა საკანონმდებლო კუთხით მუშაობა, რომ დარეგულირდეს ეს თემა“ – ამბობდით თქვენ. იმუშავეთ ამ თემაზე?

სხვათა შორის ბატონი გედევან ფოფხაძე რომელიც იურიდიული კუთხით მუშაობს ამ საკითხებზე, მზადდება საკანონმდებლო პროექტი, რომელიც დაიცავს ხალხს იმისგან, რაც დღეს სჭირთ. არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ 11 ოჯახი გადავარჩინეთ გამოსახლებას, გავაკეთეთ მოლაპარაკება მეორე მხარესთან და გადახდის ახალი გრაფიკი.

რაიმე ინიციატივაზე ხომ არ მუშაობთ ამჟამად?

ჯანდაცვის კუთხით ვმუშაობთ, მართვაში არის ძალიან ბევრი პრობლემები და ამას უნდა სერიოზული საკანონმდებლო ცვლილება.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: