ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე

საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ.  მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი,  Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry  filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი.

29 დეკემბერს მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე და 33, 2 იანვარს კი ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ წარსდგება.

საახალწლო დღეებში ბავშვებისთვის  ევროპის მოედანზე საცირკო და საახალწლო-თეატრალური წარმოდგენები, ცეცხლოვანი შოუები, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და აკრობატი სანტების შოუ გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ევროპის მოედანი ასევე უმაპისნძლებს ღვინისა და ყველის ფესტივალს, სადაც აჭარაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

31 დეკემბერს, 23:00 საათზე, კი დაიწყება გალაკონცერტი, სადაც  იმღერებენ ბათუმელი შემსრულებლები: ვაჟა ტუღუში; სოფო ხალვაში; ნიკო ბერიძე; გიორგი ბერიძე;  აჩიკო გოგიტიძე; ავთო აბესლამიძე;  გიორგი ნაკაშიძე; სანდრო კურცხალიძე; მორის მელაძე; გიორგი ფუტკარაძე;  სულხან დევაძე; კვარტეტი „ნოტა“; ანსამბლი „ბათუმი“; ლადო ყატაშვილი.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაგრძელდება.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ექვსი შენობის ადაპტირებას გეგმავს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ექვსი შენობის სრულ ადაპტირებას გეგმავს. დაგეგმილია ბათუმის მუსიკალური ცენტრის, ხელოვნების მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და მისი ფილიალის – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის, ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლისა და ბათუმის თოჯინების თეატრის ადაპტირება.

შენობების ადაპტირებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, თეონა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, შენობების ადაპტირებისთვის ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

არის შემთხვევები, როცა შენობების ადაპტირება ე.წ. პანდუსის დადგმით შემოიფარგლება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს შენობის არა მხოლოდ პანდუსით უზრუნველყოფას, არამედ სველი წერტილებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამართვასაც.

როგორც თეონა ბერიძე ამბობს, შენობების ადაპტირება მოხდება „სიტუაციის და შენობების სტრუქტურიდან გამომდინარე“.

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ბათუმში [ფოტო]

ბათუმის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. ბათუმის 2017 წლის წარმატებული სპორტული კლუბებისა და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალს აჭარაში მოქმედი თითქმის ყველა სპორტული კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა. საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ რაგბში, ჭადრაკში, ცხენოსნობაში,  ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, წყალბურთში, კალათბურთში, ავტორბოლასა და ფიგურულ სრიალში.

გთავაზობთ გამარჯვებულთა დაჯილდოების ამსახველ ფოტორეპორტაჟს.

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ფეხბურთში საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ მოთამაშე თამარ დოლიძე გახდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

2017 წლის წარმატებული სპორტსმენი ხელბურთში გოჩა თურმანიძე გახდა

 

2017 წლის წარმატებული სპორტსმენები ფრენბურთში ლიზი-ირინე ლობჟანიძე, ანა დიასამიძე და კახა ხიმშიაშვილი გახდნენ.  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

2017 წლის წარმატებული სპორტსმენები ცხენოსნობაში გიორგი ჩხარტიშვილი, გიორგი ძინძიბაძე და ნიკა ხაბაძე გახდნენ.

 

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავტორბოლაში ავთო ხურციძე გახდა

 

2017 წლის წარმატებული სპორტსმენების წოდება კალათბურთში გიორგი ოჩხიკიძესა და დავით ოქროპირიძეს ხვდათ წილად.

 

2017 წლის საუკეთესო წყალბურთელი ბათუმში გიორგი ბასილია გახდა.

2017 წლის წარმატებული სპორტსმენის ჯილდო ფიგურულ სრიალში ნიკა ეგაძეს ერგო. ნიკა დაჯილდოებას არ ესწრებოდა, ამიტომ მისი პრიზი მწვრთნელმა, ლელა ჩოფიკაშვილმა აიღო.
2017 წლის წარმატებული სპორტსმენი რაგბიში მორაგბე გიორგი [კოკი] თხილაიშვილი გახდა.
2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკედ ნინო ბაციაშვილი დასახელდა.

 

2017 წლის წარმატებული სპორტსმენების ტიტული ჭადრაკში ასევე დაიმსახურეს ირაკლი ახვლედიანმა, მარიკა ჯაფარიძემ და სალომე მელიამ.

 

2017 წლის წარმატებული სპორტსმენების ტიტული ჭადრაკში ასევე დაიმსახურეს ირაკლი ახვლედიანმა, მარიკა ჯაფარიძემ და სალომე მელიამ

 

2017 წლის საუკეთესო სპორტული კლუბი ბათუმში სარაგბო კლუბი “ბათუმი” გახდა.


საუკეთესო სპორტულ კლუბად სარაგბო კლუბ “ბათუმის” დასახელებას დარბაზში ხანგრძლივი ოვაცია მოჰყვა.

 

2017 წლის საუკეთესო სპორტული კლუბის ტიტული ასევე საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ მოიპოვა.

 

გიორგი, სანტასთვის მიწერილი წერილის ავტორი: ჩემს ხუთი წლის დას დაეხმარეთ

„მე ვარ გიორგი, ..მინდა სასკოლოდ თბილი ჩასაცმელი ჩემთვის..“ – ბოლო დღეებში პატარა გიორგი ბერიძის წერილმა ფეისბუქზე ბევრს აუჩუყა გული. წერილში გიორგი სასკოლო თბილ ჩასაცმელს, და-ძმისთვის – ტკბილეულს, დედისთვის  – მაცივარს, მამისთვის კი, სათვალეს სთხოვდა სანტას.

„ბათუმელებმა“ წერილის ავტორი, გიორგი იპოვა. გაირკვა, რომ წერილი შარშანდელია, გიორგი ახლა 11 წლისაა და წელს განსხვავებული სურვილები აქვს. ახლა მას ველოსიპედი უნდა და თანხა თავისი ხუთი წლის დის საოპერაციოდ.  შვიდი თვის წინ გიორგის და ძაღლმა დაკბინა და ცხვირის  ნესტო დაუზიანა.

„შარშან ახალ წლამდე იყო ვიღაც ქალი მოსული. გვითხრა, დაწერეთ რაზე ოცნებობთო. მერე ეს წერილი ფეისბუქზე დადო და საჩუქრები შეგროვდა. შარშან თბილი ტანსაცმელი არ გვქონდა, რომ სკოლაში გვევლო, მაგრამ მერე იმდენი მოგვიტანეს, წელსაც მეყოფა. ნაძვის ხეც გვაჩუქეს და დედას სარეცხი მანქანაც მოუტანეს,“ –  გვიყვება წერილის დაწერის ისტორიას გიორგი.

მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.  გიორგის დედა, თამრიკო ხილაძე, ყველა იმ ადამიანის მადლობელია, ვინც მის შვილებს საჩუქრები გაუგზავნა. თამრიკო ამბობს, რომ ახლა მისი ოჯახისთვის უმთავრესი პრობლემა თანხის შეგროვებაა, რომელიც ხუთი წლის მარიამისთვის ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად სჭირდებათ.

„7 თვის წინ ბაღჩაში დაგვიკბინა ბავშვი ძაღლმა. ცხვირის ნესტო მოაჭამა. ოპერაცია მაშინვე ვერ გავუკეთეთ.  ახლა ოპერაციას 7 ათასი ლარი სჭირდება. ბაღში ბავშვები დასცინიან ამის გამო. მარიამს ზოგჯერ დილას წასვლა არ უნდა ხოლმე, დაჯდება და მეკითხება, მამამ როდის უნდა გამიკეთოს ოპერაციაო,” – ამბობს მარიამის დედა, თამრიკო ხილაძე.

გიორგის ახლა ყველაზე მეტად ის უნდა, რომ ამ ახალ წელს კეთილი ადამიანები მის დას, მარიამს დაეხმარონ ოპერაციის გაკეთებაში.

ბერიძეების ოჯახის  დახმარების მსურველებს ამ ტელეფონის ნომერზე შეუძლიათ დარეკვა: 577 65 86 22

ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“ – რატომ ევროპა?

თინათინ გიორგაძე, მასწავლებელი

საქართველო ევროცენტრული ქვეყანაა. ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ეყრდნობა არა მარტო ბიბლიურ ცოდნასა და ევროპულ ცივილიზაციას, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფილოსოფიურ წარმოდგენას – ანტიკურობისა და ქრისტიანობის შერწყმას. მწამს აღნიშნული (მასწავლებელი ვარ) და არაერთი სასწავლო პროექტი განმიხორციელებია მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გაცნობა-ამაღლების მიზნით, რამაც, იმავდროულად მომცა საშუალება, ჩავღრმავებოდი საკითხს, განმეხილა კოლეგებთან ერთად და უფრო სრულყოფილად აღმექვა, როგორი წარმოდგენა-დამოკიდებულებები აქვთ ჩემს გარშემომყოფებს.

მე აჭარაში, ბათუმში, ვცხოვრობ და ვმუშაობ. აქ, დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებით, უფრო მკვეთრად გამოხატული პრორუსული განწყობებია, რუსეთის სატელიტები მუდმივად ცდილობენ ევროპის დემონიზაციას და არაერთ მითს ქმნიან და ავრცელებენ. შევეცდები, თანმიმდევრულად გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები.

აჭარის მკვიდრებს მუდმივი შიში აქვთ ,,გათურქებისა“, იმისა, რომ თურქეთი ადრე თუ გვიან, პრეტენზიას გამოაცხადებს აჭარაზე და ერთადერთი მხსნელი რუსეთია, პრინციპით ,,ახლო მეზობელი სჯობს შორეულ ნათესავსო“, რომ ევროპის იმედი არ უნდა გვქონდეს, თუ საქმე აგრესიულ კონფლიქტს შეეხება.

დღეს აქტიურ ფაზაშია ანტითურქული მოძრაობა, საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი პირებიც უდგანან სათავეში და, ნებით თუ უნებლიეთ, რუსულ წისქვილს ასხამენ წყალს. სინამდვილეში საქმე ასეა: გაფართოებულ ევროპასა და მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების თავიდან აცილების, ასევე სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, 2004 წელს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა ENP (European Neighbourhood Policy) შემუშავდა, რომელიც მოიცავს კონფლიქტის დარეგულირების (Conflict Resolution) და კრიზისულ სიტუაციათა მართვის (Crisis Management) საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ მონაწილეობას.

აჭარაში გავრცელებულია მითი ევროპის გარყვნილების შესახებ და თითქოს ევროპა პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმს. საკითხთან დაკავშირებით „აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ ჩაატარა კამპანია ,,არა მამათმავლობას“. საშიში ტენდენციაა ის, რომ დასახელებული კავშირი ახორციელებდა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს და მათთვის ცრუწარმოდგენების თავსმოხვევას. აღნიშნული კავშირი, ასევე მოითხოვს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისაგან ერთ-ერთი სკულპტურის აღებას ან ფორმის შეცვლას, რადგან, კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, ,,ეს არის მამათმავლების ძეგლი“.

დასახელებული კავშირი გამოირჩევა დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებით. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროა ადამიანის უფლებათა დაცვა, რადგან ადამიანთა გრძნობების დაცვა და მათდამი პატივისცემა მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებაა.

გარყვნილი ევროპის მითი ერთმორწმუნე რუსეთის პროდუქტია. ხშირად მანიპულირებს ხოლმე რუსული ძალა რელიგიური მოტივით. აჭარაში ამას ორმაგი წარმატებით ახერხებს:

  • ქრისტიანებს არწმუნებს, რომ რელიგიის დაცვის გარანტი ისევ ერთმორწმუნე რუსეთია;
  • მოგეხსენებათ, აჭარაში ბევრი მუსლიმანია. საზოგადოების ამ ნაწილს კი საფრთხის მოლოდინს უჩენს რწმენის შევიწროვების კონტექსტში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაერთი ქართული სალოცავი თუ კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირდა ევროპული ფულით და არსად ისე არ სცემენ პატივს ადამიანის რელიგიურ არჩევანს, როგორც ევროპაში მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი დაუშურელად სპობს და ანადგურებს ქართულ კვალს.

ყველაზე უფრო დამაჯერებელი მითი წარსულიდან იღებს სათავეს: მამათა და პაპათა თაობებს უალტერნატივო ჰგონიათ რუსული ბაზარი აჭარული ციტრუსისათვის. სინამდვილეში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტი მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭებაა, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის გაიოლების მიზნით.

სამწუხაროდ, პრორუსული ძალები ჯერ კიდევ ახერხებენ გარკვეულ ზემოქმედებას აჭარის მკვიდრთა საზოგადოებრივ აზრზე. ამის დადასტურება არჩევნებში პრორუსული ძალების შედეგებია. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარაში მუშაობა ევროპული ცნობიერების ამაღლების მიზნით.

იმიტომ ევროპა, რომ ევროპა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნილებებზე უკეთ ორიენტირებული დახმარების უზრუნველყოფას, დემოკრატიას, კარგ მმართველობასა და სტაბილურობას, ენერგოუსაფრთხოებას, ღირებულებებზე დაფუძნებულ თავისუფლებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას…

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 

 

 

შემოქმედებითი ინკუბატორები და თეატრალური ფესტივალი – კულტურის ბიუჯეტი მილიონ 818 900 ლარით განისაზღვრა

2018 წლის  აჭარის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი 1  მილიონ  818 900  ლარით განისაზღვრა. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ორი სრულიად ახალი ქვეპროგრამა ჩადებული.

პირველი ქვეპროგრამა  შემოქმედებითი ინკუბატორების ხელშეწყობას გულისხმობს, მეორე კი თეატრალური ფესტივალის ორგანიზებას, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.

„შემოქმედებითი  ინდუსტრიების  განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ასევე ახალი იდეების, ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას.

ევროპის მაგალითზე თუ შევაფასებთ ეს არის ყველაზე მდგრადი განვითარების სფერო კულტურაში. შემოქმედებითი ინდისტრია ფართო გაგებაა და კულტურის ნებისმიერ მიმართულებას მოიცავს“-ამბობს თეონა ბერიძე.

პროგრამის ბიუჯეტი 2018 წელს 60 ათასი ლარია. აქედან, 20 ათასი ლარი გამარჯვებული პროექტების გამოვლენას და ავტორების  დატრენინგებისთვის იქნება გათვალისწინებული, 30 ათასი ლარი კი უშუალოდ გამარჯვებული ბიზნეს პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

„თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩატარდება  შეხვედრები პოტენციურ დაინტერესებულ პირებთან, სავარაუდო ბენეფიციარებად გვესახება როგორც ხელოვნების უნივერსიტეტისა და ხალხური ხელოვნების სკოლის სტუდენტები, ასევე, ასაკოვანი ხალხური რეწვის ოსტატები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში  ცხოვრობენ და ტრადიციული რეწვით არიან დაკავებული.

ამ შეხვედრების შემდეგ ჩატარდება იდეების კონკურსი და შერჩეული იდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ტრენინგ-კურსი. თემატიკა გაწერილია, რადგან ამის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გვქონდა აღმოსავლეთ ევროპაში კერძოდ, ლიტვასა და ესტონეთში, რომლებიც მოწინავე ქვეყნებია ამ მიმართულებით და უფრო ახლოს დგას ქართულ გარემოსთან.  სწორედ მათ მიერ აპრობირებული ტრენინგ-კურსების მიხედვით გვაქვს გაწერილი საგანმანათლებლო ღონისძიებები“.

თეობა ბერიძის თქმით, ჰონორარი ბიზნეს-პროექტების განსახორციელებლად ფინალსიტებზე გაიცემა. სულ დაფინანსდება 5 ბიზნესიდეა.

რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს არის თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერა. რომელიც 2019 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა 2018 წლისთვის ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებია ბიუჯეტში გათვალისწინებული.

„2018 წლის შემოდგომაზე ბათუმის დრამატულ თეატრში სარემონტო სამუშაოები დასრულდება და ამოქმედდება,  გარდა ტრადიციული სცენისა აქ გვექნება ექსპერიმენტული სცენაც, გარდა ამსა, გვაქვს კიდევ „ახალი სცენა“, თოჯინების და ხულოს თეატრის სცენები ასე რომ  ფესტივალის ჩატარებისთვის საჭირო  გარემო პირობები გვექნება“-გვეუბნება მინისტრის მოადგილე.

მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 114 ათასი ლარია გათვალისწინებული, რომელიც გულისხმობს  დირექტორთა საბჭოს შექმნასაც.

„ეს არის მიღებული ევროპულ ტრადიციაში, როცა საერთაშო ფესტივალი ტარდება. საბჭოს წევრები არიან უკვე მოქმედი  ავტორიტეტული ფესტივალების ხელმძღვანელები. საბჭო იქნება იმისთვის რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა“.

თეონა ბერიძის თქმით, საბჭოს წევრების ნაწილმა შესაძლოა ჰონორარის გარეშე იმუშაოს, „ნაწილი კი პროდიუსინგ ჯგუფი რასაც ქვია, მიღებული პრაქტიკაა რომ სიმბოლური ჰონორარი მაინც უნდა იყოს გადახდილი, რადგან ისინი რეალურად გაწევებ სამუშაოს, მოიძიებენ პარტნიორებს, ანუ საკომუნიკაციო  ნაწილს აიღებენ საკუთარ თავზე“-ამბობს ბერიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თანამშრომლობა დაგეგმილია პოლონეთთან, უკრაინასთან საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. „ესენი არიან პარტნიორი ქვეყნების თეატრები, სადაც უკვე გვაქვს პირველადი მოლაპარაკებები“.

2018 წლის ბიუჯეტში გაზრდილია თავისუფალი პროექტების ბიუჯეტიც, 150 ათასი ლარია ამისთვის გათვალისწინებული.

აჭარაში მცხოვრები ხელოვანების მობილობის კონკურსისთვის კი 175 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„წინა წელს ამ პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული კულტურის მენეჯმენტი. მომავალ წელს ამ მიმართულების სპეციალისტებსაც შეეძლებათ პროგრამაში მონაწილეობა“.

სამუზეულო ხელოვნების განვითარების მიმართულებით კი დაგეგმილია ინკლუზიური პროგრამების დანერგვა, „როგორც  ფიზიკური, ასევე სოციალური ინკლუზიის მიმართულებით“-ამბობს თეონა ბერიძე.

სად ქირავდება ცოცხალი ნაძვის ხე

საახალწლო ნაძვის ხის არჩევისას, აშშ-ში შესაძლებლობა აქვთ ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ნაძვის ხეები იქირაონ და დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ხეები უკან დააბრუნონ უვნებლად.

BBC-ის მონაცემებით, ყოველწლიურად ინგლისში საახალწლოდ დაახლოებით 6 მილიონი ნაძვი ნადგურდება. ნაძვი სამ მეტრამდე რომ გაიზარდოს, 10 წელია საჭირო.

ამერიკული ოჯახების ნაწილი, ნაძვის ჭრის მავნე ტრადიციის ეკოლოგიურ მნიშვნელობას აცნობიერებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ცოცხალი ხის დაქირავებას არჩევს.

ფოტო: rentxmastree.com

ნაძვებს დიდ ქოთნებში ახარებენ. მართალია, მათ მთელი ცხოვრება ამ ქოთნებში უნდა გაატარონ, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლები და ჯანსაღები არიან. მსურველებს შეუძლიათ სამი-ოთხი კვირით დაიქირაონ ხე, შემდეგ კი უვნებლად დააბრუნონ.

ფოტო: rentxmastree.com

წლის დანარჩენ 47 კვირას ნაძვები სანერგეში ატარებენ.  შესაძლებელია ერთი და იგივე ხე აირჩიო ან პირიქით-ყოველ წელს ახალი წაიღონ. ქოთნის ნაძვებს სახელებსაც არქმევენ, ეს ხეები ოჯახების ყოველწლიური სტუმრები არიან და მათი ოჯახის წევრები ხდებიან.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნაძვის ხეების სანერგეს კლიენტი ამბობს, რომ მესამე წელია ხეს ქირაობს და მოსწონს ასეთი ექსპერიმენტი. მეორე ოჯახმა ცოცხალ  ნაძვს, რომელსაც ყოველ წელს რთავს, კოლინი დაარქვა.

ოჯახებს მოსწონთ, რომ მათთვის დღესასწაული გარემოზე მავნე ზემოქმედების მიზეზი არ არის და ნაძვის ხე საბოლოოდ ნაგვის ყუთში არ აღმოჩნდება.

არსებობს ნაძვის ხის სანერგეების უამრავი ვებგვერდი, სადაც მსურველებს ადგილზე მისვლის გარეშე შეუძლიათ საახალწლო ნაძვის შეკვეთა. საახალწლო, ტრადიციული ნორვეგიული ნაძვების სანერგეები ბევრისთვის ამერიკაში საოჯახო ბიზნესია.

ფოტო: rentxmastree.com

 

 

მთავრობის მოთხოვნა ბათუმის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის უარი

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე, აპირებს უარი უთხრას საქართველოს მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს მოთხოვნაზე – ბათილად ცნოს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის 25-ე დადგენილება. ამ დადგენილებით ბათუმის მერია მენაშენეებისგან უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას ითხოვს.

მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ასეთი დადგენილების მიღება სცილდება საკრებულოს კომპეტენციას, ამიტომაც საკრებულომ მისი ბათილად ცნობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. მოთხოვნის გაზიარებას საკრებულო არ აპირებს.

საკრებულომ უკვე მოამზადა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც გეგმავს საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე უარის თქმას.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, რჩევები ამ საკითხზე მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლებისგან მიუღია – მათ დაუსაბუთებიათ, რომ დადგენილება, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია იწუნებს, მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად  და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

რას გულისხმობს დადგენილება

უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრზე კანონდამრღვევმა 400 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, მენაშენემ მერიას უნდა წარუდგინოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [k-2] გაზრდის თაობაზე.

ბოლო ცვლილება გავრცელდა მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომლებზეცც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის პირველ ივნისამდე გამოსცა დადგენილება სანებართვო პირობების დარღვევის გამო.

მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები ექცევა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი ქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში. ამ კოდექსით შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია და მათი უგულებელყოფა დაუშვებელია.

საკრებულოს არგუმენტი

ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ უნებართვო მშენებლობები ექცევა არამხოლოდ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის რეგულირების, არამედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს  მთავრობის 57-ე დადგენილების რეგულირების სფეროში.

ამის გარდა, საკრებულოში მიიჩნევენ, რომ 25-ე დადგენილება არ უგულებელყოფს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსს, რადგან სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას. მერიაში მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დარღვევის საფუძვლის აღმოფხვრა.

დარღვევის აღმოსაფხვრელად მერიამ მოიფიქრა და საკრებულომ დაადგინა ის, რაც 25-ე დადგენილებაში წერია – ყოველი უკანონოდ აშენებული კვადრატული მეტრის დაკანონება 400 ლარად და მთავრობის თავმჯდომარის თანხმობა  k-2-ის გაზრდაზე.

მერიის არგუმენტით, მთავრობის 57-ე დადგენილების 63-ე მუხლის მიხედვით, სამშენებლო სამართალდამრღვევს უფლება აქვს ჯარიმის გადახდის შემდეგ შეიტანოს ცვლილება სამშენებლო დოკუმენტის პროექტში და მიიღოს ახალი მშენებლობის ნებართვა. მათ შორის, მიიღოს ნებართვა უკანონოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებულ მშენებლობაზე.

გამომდინარე იქედან, რომ ზონალური შეთანხმების გაცემა გათვალისწინებულია ჯარიმის გადახდის შემდგომ და არა მის გარეშე, მერიაში მიიჩნევენ, რომ არ ირღვევა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსი.

მერიის იურისტების არგუმენტებით, მართებულად არ შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დასკვნაში მითითებული შენიშვნა – თითქოს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის 25-ე დადგენილებით დაწესებულია თვისობრივად ახალი მოსაკრებელი. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში დადგენილია სპეციალური ზონალური შეთანხმების ოდენობა განსაზღვრული კატეგორიის ობიექტებისა და სუბიექტების მიმართ.

ხომ არ გახდებოდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება კანონდარღვევის წამახალისებელი? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ მაშინ დასვა, როდესაც ბათუმის საკრებულო საკითხს ამტკიცებდა. მერიის არგუმენტი იყო: წამახალისებელი ვერ გახდებოდა დადგენილება, რომელიც 2017 წლის ივლისში დამტკიცდა ჩანაწერით, რომ 2018 წლის იანვარში ის ძალას დაკარგავდა. მერიაში მიიჩნევდნენ, რომ 400 ლარი უკანონოდ აშენებულ ერთი კვადრატული მეტრისთვის არ არის მცირე თანხა. კითხვაზე, რატომ არ არის ეს თანხა მცირე მაშინ, როცა ამ ერთ კვადრატს ინვესტორი 400-1000 აშშ დოლარის ფარგლებში ყიდის, მერიაში პასუხი არ აქვთ.

საინტერესოა ისიც, რატომ ითხოვს მთავრობა იმ დადგენილების ბათილად ცნობას ახლა, როცა დაახლოებით ათ დღეში, 2018 წლის იანვრიდან, ეს დადგენილება ძალაში აღარ იქნება? ან რატომ ამბობს ბათილობაზე უარს საკრებულო? – ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

ბათუმში იშვიათად იხსენებენ პრაქტიკას, როცა მთავრობის ადმინისტრაციის მოთხოვნას საკრებულომ უარით უპასუხა.

საკითხის განხილვას საკრებულოს მომავალ სხდომაზე, 26 დეკემბერს გეგმავენ.

 

 

რა ღირს თქვენი ახალი წელი? [გამოკითხვა]

შობა-ახალი წლის დღეები ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული: საახალწლო სუფრა, ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები, საჩუქრები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ამ დღეების ტრადიციად მიიჩნევა და მასზე უარს ბევრი ვერ ამბობს.  თქვენ საშუალოდ რამდენი ლარი გეხარჯებათ?  მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.


<a href=”https://polldaddy.com/poll/9902987/”>რა თანხის დახარჯვას აპირებთ საახალწლოდ?</a>


<a href=”https://polldaddy.com/poll/9902991/”>სად შეხვდებით ახალ წელს?</a>

უფასო მუნიციპალური სასადილოს უცვლელი მენიუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აჭარის მთაში

აჭარის მთიანეთში არსებული უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, 2018 წელსაც ძველი მენიუ დახვდება. არ შეიცვლება კერძების საერთო რაოდენობაც, მათთვის პროგრამულად გაწერილ საკვებ რაციონში ისევ კვირაში ერთხელ იქნება თევზი, შეზღუდული ოდენობით სამივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ვერმიშელი, ხარჩო, ბორშჩი, ბარდის წვნიანი, “პერლოვკის” წვნიანი, ფლავი ქიშმიშით, წვნიანი ბრინჯით – ეს ძირითადი კერძების უცვლელი ჩამონათვალია.

პროგრამული ცვლილებები მხოლოდ ბენეფიციართა რაოდენობას შეეხო – ქედაში ბენეფიციართა რაოდენობა 2018 წელს სამით ნაკლები იქნება, ხულოში კი სამით გაიზრდება. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ დღეში ერთხელ ისევ 42 ადამიანს გამოკვებავენ.

ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე განმარტავს, რომ უფასო სასადილოს მოსარგებლე სამი ბენეფიციარი ქედიდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. „ქედაში 26 ბენეფიციარი გვყავდა, სამი ბენეფიციარი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, 2018 წლისთვის პროგრამა 23 ბენეფიციარზე გავთვალეთ,  ძირითადად ერთი და იგივე ბენეფიციარები გვყავს,“ – ამბობს დავით თედორაძე.

ხულოს ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, რამაზ შავაძე ამბობს, რომ თუ უფასო სადილის მიღებაზე მოთხოვნა გაიზრდება, მერია პროგრამის ბიუჯეტს გაზრდის:

„წელს 40 ბენეფიციარი გვყავს, მომავალ წელს 43 ბენეფიციარი გვეყოლება. პროგრამა 43 ბენეფიციარზეა გაწერილი, მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, პროგრამის დაფინანსებას გავზრდით,“ – ამბობს რამაზ შავაძე.

მენიუ, რომლითაც დღეში ერთხელ სოციალურად დაუცველი 40 ადამიანი იკვებება ხულოში,  ხუთი წლის წინ არის შედგენილი. სამი წლის წინანდელი მენიუთი მომზადდება 2018 წელს სადილი შუახევშიც.

ანალოგიურად, წლების წინ შედგენილი მენიუთი ისარგებლებენ  ქედაშიც.

უფასო სასადილოს უცვლელ მენიუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების მერიაში განმარტავენ, რომ კერძებით ბენეფიციარები კმაყოფილები არიან.

„უკმაყოფილება მათი მხრიდან არ ყოფილა, არ მოუმართავთ მენიუში ყოფილიყო ვაშლი, მსხალი, მარწყვი თუ სხვა რამე, მენიუში სხვადასხვა სახის კერძია, მე ვერ ვხედავ მენიუს შეცვლის საჭიროებას, თუმცა არც ეს არ არის პრობლემა და შეიძლება გადაიხედოს მენიუ, ცვლილებები შევიდეს. რაც შეეხება დაფინანსებას, პროგრამის დაფინანსების ზრდა  ბენეფიციართა მატებამ გამოიწვია,“ – ამბობს რამაზ შავაძე.

„მენიუ რამდენიმე სპეციალისტების მიერაა შედგენილი,  კალორიულობა დაცულია,“  – ამბობს დავით თედორაძე.

შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, უფასო სადილის მიღების მოთხოვნით შუახევის მერიაში ამ დროისთვის 38 განაცხადია შესული, მერია კი უფასო სადილის პროგრამას 42 ბენეფიციარისთვის ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ მერიაში უფასო სადილზე მოთხოვნა გაიზრდება, ზაზა ზოიძის თქმით, რიგითობას მიექცევა ყურადღება.

„იმ შემთხვევაში, თუ 42 -ზე მეტი განაცხადი შემოვა, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება, რიგითობას მიექცევა ყურადღება. რაც შეეხება მენიუს, ბენეფიციარებთან შეთანხმებულია,  უმრავლესობამ მისაღებად ჩათვალა და არსებული მენიუ დავტოვეთ, კერძების შეცვლის მოთხოვნა რომ ყოფილიყო, შევცვლიდით.“

პროგრამულად, დღეში ერთხელ ბენეფიციარის კვებისთვის შუახევის მერიას 1, 85 ლარი, ხულოს – 2,50 ლარი,  ქედას კი 3 ლარი აქვს გაწერილი.

 

 

ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?

“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა.

ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.

ირაკლი ჩხვირკიას მტკიცებით, მას მერაბ ღოღობერიძე საერთოდ არ უნახავს აქციის დღეებში და 11 მარტის მოვლენების შესახებ თბილისში, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ოფისში შეიტყო, როცა 11 მარტის საღამოს თანაპარტიელებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ აპირებდა წასვლას.

“ბათუმში წამოსვლა ისედაც მინდოდა, რადგან ავტომანქანა უნდა მეყიდა აქ მცხოვრები მეგობრისგან… აქციის შესახებ ფეისბუქლაივებიდან გავიგე და წამოვედი… ავტობანზე ვიყავი უკვე, როცა კობა ხაბაზმა დამირეკა, დაბრუნდი, აქ ვაპირებთ აქციას მაგ თემაზე და შემოგვიერთდიო. უარი ვუთხარი. დამცინა იუმორით, ვიდრე შენ მაქ ჩახვალ, დამთავრდება ყველაფერიო”, – ყვება ირაკლი ჩხვირკია.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, იგი პოლიციის შენობასთან მივიდა და ბათუმელ თანაპარტიელებს ეძებდა, მაგრამ ისინი იქ არ დახვდნენ. ამბობს, რომ რამდენიმე ფოტო გადაუღო ცეცხლმოკიდებულ მანქანას და იქვე მყოფ ადამიანებს გაესაუბრა.

“იქ გავიგე, რომ დღისითაც დაუკავებიათ ადამიანები… მოვუწოდე ადამიანებს, რომ დამშვიდებულიყვნენ. მერე ნაცნობი ჟურნალისტი შემხვდა, როგორ ვეტყოდი ინტერვიუზე უარს. ვუთხარი, რომ დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ და ასე არ შეიძლება. ის ვთქვი ჟურნალისტებთან, რასაც იქ მყოფი ადამიანები ითხოვდნენ. ერთადერთი, რაც ჩემით დავამატე იყო ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მოვითხოვე… რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი, თუ ის, ხალხს სიმშვიდისკენ რომ მოვუწოდე?

მალე ისევ დამირეკა კობა ხაბაზმა, ვინ გითხრა ინტერვიუ მიეციო, ნახე, მაგას რა მოყვება და რას დაგვაბრალებენო… მერე პარტიის სხვა ლიდერებიც მირეკავდნენ, მაგრამ აღარ ვუპასუხე… მალე ციხისძირში, მეგობრის ოჯახში წავედი და დავიძინე,” – ამბობს ირაკლი ჩხვირკია.

ირაკლი ჩვირკიას დაკითხვით ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა. შემდეგ სხდომაზე მოსამართლე პროკურორების და დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

რატომ სოლვა? – 3000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი თქვენი საჭიროებებისთვის

3000 ლარამდე ონლაინ კრედიტი 12 თვემდე ვადით – სწორედ ამ ოდენობის თანხის აღება შეგიძლიათ Solva-ში, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

რატომ სოლვა?

სოლვაში ონლაინ სესხის მიღება მარტივია:

ონლაინ განაცხადის შევსებისას დაგჭირდებათ მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაცემადაც სხვადასხვა დოკუმენტების მოძიება არ მოგიწევთ.

სოლვაში სამომხმარებლო სესხს სწრაფად იღებთ:

სესხის განაცხადის შევსებას დასჭირდება მხოლოდ ხუთი წუთი, კომპანია კი მას შევსებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში განიხილავს.

სოლვა ბაზარზე არსებულ სესხის ლიმიტზე მეტს გთავაზობთ:

სოლვა აანალიზებს კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას, ადგენს სესხის საჭიროებას და მომხმარებელს კრედიტს იმ შემთხვევაშიც აძლევს, თუ კლიენტისთვის საჭირო თანხა ორჯერ აღემატება ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიმიტს.

სესხის მიღების ინსტრუქცია
  • სესხის თანხისა (მაქს. 3000 ლარი) და დაფარვის ვადის (მაქს. 12 თვე) არჩევა
  • საკონტაქტო ინფორმაციის მითითება (მობილურის ნომერი, ელ.ფოსტა)
  • ტელეფონის ნომერის დადასტურება (SMS შეტყობინება)
  • პირადი ინფორმაციის მითითება
  • განაცხადის დადასტურება, ხოლო მისი განხილვის შემდეგ სესხის მიღება

სოლვას საქმიანობის რეგულირება

2017 წელს პარლამენტმა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების საქმიანობა ახლებურად დაარგულირა. შედეგად, რამდენიმე კომპანია ბაზრიდან გაქრა. თუმცა, პრობლემები არ შექმნია სოლვას, პირიქით, სოლვა-მ დააკმაყოფილა მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის არსებული პირობები და მიმდინარე წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით საქმიანობას. ეს ნიშნავს მომხმარებლების ინტერესების მეტ დაცვას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დარეკოთ – 0322 406 406.

შპს “სოლვა” სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელიც ახალ პროდუქტსსთავაზობს ონლაინ სამომხმარებლო სესხების ქართულ ბაზარს.სიცოცხლის დაზღვევის  ღირებულება განისაზღვრება სესხის ოდენობის და ვადის შესაბამისად.

შპს “სოლვა” წარმოადგენს “აი დი ფაინანსი” – ს ჯგუფის ნაწილს და საქრთველოში ავითარებს გრძელვადიანი სესხების პროდუქტს. შპს “სოლვა” 2016 ივლისიდან მოღვაწეობს და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც  გადახდისუნარიან მომხმარებელს სწრაფი სამომხმარებლო სესხის მოხერხებულად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. კომპანიის ახალი აუდიტორია საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით.

“აი დი ფაინანსი” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულისმინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებსდა რისკებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სოლვას ქოლცენტრს: +995 322 50 00 22  მიწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo. ან ესტუმრეთ მის ვებ–გვერდს: www.solva.ge

სამეცნიერო კონფერენცია მასწავლებლებისთვის

ხვალ, 22 დეკემბერს, აჭარის განათლების ფონდი მასწავლებლებს რეგიონულ კონფერენციაზე იწვევს. კონფერენციის თემაა   „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.  კონფერენცია ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ საღამოს 5 საათზე დაიწყება და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

განათლების ფონდის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.

„კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მოხსნებებს შემდეგი მიმართულებებით:  ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, უცხოური ენები,  მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია,  განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება.“

კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია.

ქართული წიგნები, რომლებიც წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა

2017 წელს, ამ დრომდე, ქართულიდან გერმანულ ენაზე 24 წიგნი ითარგმნა და გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამის – „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ – ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა. ეს წიგნები, წინა წლებში თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი. ცნობილია, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება.

სანტა ესპერანსა, ავტორი: აკა მორჩილაძე
გამომცემელი: Mitteldeutscher Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი

ტურისტის საუზმე, ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
გამომცემელი: Blümenbar / Aufbau, 2017
მთარგმნელი: ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი

ბიბლიოგრაფია 1887 – 2017
გამომცემელი: Reichert-ი, 2017
მთარგმნელი: შტეფი ხოტივარი-იუნგერი

ცისფერი მთები, ავტორი: რეზო ჭეიშვილი
გამომცემელი: Edition Monhardt-ი, 2017
მთარგმნელი: ეკატერინე ტეტი, იულია დენგი

პოეზიის კრებული, ავტორი: თამაზ ბაძაღუა
გამომცემელი: Löcker Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: მანანა პაიჭაძე

წინასწარმეტყველება მურაბით, ავტორი: დიანა ანფიმიადი
გამომცემელი: Wieser Verlag GmbH-ი, 2017
მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე

ახალი ქართული ლირიკა II ავტორები: ბ.ხარანაული, ნ.ინგოროყვა, გ.ლობჟანიძე, ლ.ცუცქირიძე,ნ.ჯორჯანელი, თ. ჩხეტიანი, რ. კაიშაური
გამომცემელი: Corvinus Presse, 2017
მთარგმნელი: ნ.ჭიღლაძე, ნ. ჰუმელტი

ზღაპრები საქართველოდან
გამომცემელი: NordSüd-ი, 2017
მთარგმნელი: ჰაინც ფენრიხი, ოთარ ყარალაშვილი, სებასტიან მინკნერი

ბესტსელერი, ავტორი: ბექა ადამაშვილი
გამომცემელი: Voland & Quist Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: სიბილა ჰაინცი

ფილოსოფია, ავტორი: ილია ზდანევიჩი
გამომცემელი: Matthes & Seitz Berlin-ი, 2017
მთარგმნელი: რეგინე კიუნი

ფიქრნი მტკვრის პირას, ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
გამომცემელი: Arco Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: რაინერ კირში

ქალაქი წყალზე, ავტორი: სალომე ბენიძე
გამომცემელი: AvivA Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: იუნონა გურული

ისპაჰანის ბულბულები, ავტორი: ნესტან (ნენე) კვინიკაძე
გამომცემელი: Orlanda Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: თამარ მუსხელიშვილი

სიკვდილ-სიცოცხლის როკვა, ავტორი: ავთანდილ კვასხვაძე
გამომცემელი: Reichert Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: ჰაინც ფენრიხი

ზღაპრები ბექნა ბიჭზე და თეკლა გოგოზე, ავტორი: ბონდო მაცაბერიძე
გამომცემელი: Drava Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: ანასტასია ყამარაული

LUCRECIA 515, ავტორი: ლაშა ბუღაძე
გამომცემელი: Frankfurter Verlagsanstalt-ი, 2017
მთარგმნელი: ნინო ხარატიშვილი, მარტინ ბიუტნერი

DAGNY OR A LOVE FEAST, ავტორი: ზურაბ ქარუმიძე
გამომცემელი: Weidle Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: შტეფან ვაიდლე

ქართული ხალხური ზღაპრები და პაწია მეგობრები
გამომცემელი: Pop Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: შტეფი ხოტივარი-იუნგერი, არჩილ ხოტივარი

საქართველო ევროპის აივანზე, ავტორი: გერალდ ჰენელი, არჩილ ქიქოძე
გამომცემელი: Mitteldeutscher Verlag-ი, 2017
მთარგმნელი: კრისტიან ჰიუბნერი

ძილი ნებისა, ავტორი: თათია ნადარეიშვილი
გამომცემელი: Baobab Books-ი, 2017
მთარგმნელი: რახელ გრაცფილდი

როიალ მერი, ავტორი: აბო იაშაღაშვილი
გამომცემელი: edition. fotoTAPETA, 2017
მთარგმნელი: ლია ვიტეკი

ფოტოალბომი – საქართველოს სული, ავტორი: ვოლფგანგ კორალი
გამომცემელი: Mitteldeutscher Verlag-ი, 2017

ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ავტორი: თ.ვარვარიძე, ს.კინწურაშვილი, ნ.ჭურღულია
გამომცემელი: Helmut Buske, 2017
მთარგმნელი: ირაკლი რუხაძე

უკვე ცნობილია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან დაფინანსდება 23 საერთაშორისო პროექტი. მათ შორის გერმანულ ენაზე ითარგმნება შემდეგი წიგნები:

პოეზიის ანთოლოგია (ბექა ახალაია, გივი ალხაზიშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკა ბაქრაძე, დალილა ბედიანიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ტარიელ ჭანტურია, მანანა ჩიტიშვილი, მიშო დადიანი, ბათუ დანელია, ნინო დარბაისელი, ნაირა გელაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ელა გოჩიაშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, კატო ჯავახიშვილი, ზურა ჯიშკარიანი, რუსუდან კაიშაური, ეკა ქევანიშვილი, ზაზა კოშკაძე, გიორგი ლობჟანიძე, სოსო მეშველიანი, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, პაატა შამუგია, გიორგი შონია, ეთერ თათარაიძე, თეა თოფურია, დავით წერედიანი, ომარ თურმანაული, დავით რობაქიძე). გამომცემლობა Größenwahn Verlag-ი.

„როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ზურა აბაშიძე. გამომცემლობა Größenwahn Verlag-ი.

ქართული მინიატურებისა და მოთხრობების კრებული – (გოდერძი ჩოხელი, გაგა ნახუცრიშვილი, ანა კალანდაძე, ერლომ ახვლედიანი, ამირან ჭიჭინაძე, ლია აბულაძე, ანეკდოტები ჟურნალიდან- „ქართული, მიუნხენი 2011-2012“ –  გამომცემლობა Helmut Buske Verlag GmbH-ი.

„მივემგზავრები მადრიდს“, ნაირა გელაშვილი –  გამომცემლობა Verbrecher Verlag-ი.

პოეზიის კრებული, რატი ამაღლობელი –  გამომცემლობა J & D Dagyeli Verlag GmbH-ი.

მოთხრობების კრებული: ბოსტანი კონფლიქტის ზონაში; პრომეთეს ცეცხლი და სხვა, თამრი ფხაკაძე – გამომცემლობა J & D Dagyeli Verlag GmbH-ი.

მოთხრობების კრებული: კაცია-ადამიანი?!; ოთარაანთ ქვრივი; გლახის ნაამბობი; სარჩობელაზედ; მგზავრის წერილები, ილია ჭავჭავაძე. გამომცემლობა: Reichert Verlag-ი.

პატარა ქვეყანა, ლაშა ბუღაძე. გამომცემლობა: Frankfurter Verlagsanstalt GmbH-ი.

ლექსების კრებული, ბელა ჩეკურიშვილი. გამომცემლობა: Verlag das Wunderhorn Gmb-ი.

დაშლა, დავით გაბუნია. გამომცემლობა: Rowohlt Berlin Verlag-ი.

პოეზიის კრებული „ორშაბათი“, ირმა შიოლაშვილი. გამომცემლობა Pop-Verlag Ludwigsburg-ი.

დიდოსტატის მარჯვენა, კონსტანტინე გამსახურდია. გამომცემლობა: NORA Verlag-ი.

 

ძველი და ახალი საახალწლო სიმღერების ათეული

დეკემბერში საახალწლო სიმღერები ჟღერს ყველგან: კაფეებში, ბარებში, ტრანსპორტსა და ტელევიზორში. ზოგი ახალი, ზოგიც – ძველი. საახალწლო განწყობას მორთული ნაძვის ხისა და განათებული გირლანდების გარდა, ხშირად საახალწლო სიმღერებიც განსაზღვრავს. თითქმის ყველა მუსიკალურ ბენდს და მომღერალს ერთი საახალწლო სიმღერა მაინც აქვს ჩაწერილი. გთავაზობთ Sia-ს Mariah Carey-ს, Pentatonix-ისა  და სხვების 2017 წლის ახალ საშობაო სიმღერებს, რომლებსაც ამ ახალ წელს პირველად მოისმენთ.

გავიხსენოთ ძველებიც. რას უსმენდნენ საახალწლოდ 40, 50, 60 წლის წინ?

1. Elvis Presley, Martina McBride – „Blue Christmas” (1968)

2. Sia  „Snowman” (2017)

3. Louis Armstrong – „White Christmas” 

4. Hanson – „Finally It’s Christmas” (2107)

5. John Mellencamp – „I Saw Mommy Kissing Santa Claus” (1987)

6. Mariah Carey – „Lil Snowman” (2017)

7. John Lenon – „Marry Xmass” 

8. Sia – „Santa’s Comming For Us” (2017 )

9. Bing Crosby & David Bowie – „The Little Drummer Boy, Peace on Earth” (1977)

10. Pentatonix – „Away in a Manger” (2017)

ქედის მერია ადმინისტრაციული ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გეგმავს

ქედის მუნიციპალიტეტის თემებში არსებული თემის ადმინისტრაციული ოფისები ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩაერთვებიან.

თემების ოფისების ინტერნეტიზაციისთვის ქედის მერიამ   25 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრისთვის ინტერნეტმომსახურების შესაძენად და ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით, ქედის მერიის მიერ 11 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

მერიამ ინტერნეტმომსახურებაზე განმეორებითი ტენდერი 10 000 ლარზე კი მხოლოდ მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის – keda.ge – ს, მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის შენობისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორი ოფისის ინტერნეტმომსახურებაზე გამოაცხადა.

ქედის მერის მოადგილე, გურამ ბერიძე განმარტავს, რომ თემების ადმინისტრაციული ოფისების ინტერნეტმომსახურებაზე ტენდერს მოაგვიანებით გამოაცხადებენ. რაც შეეხება ოფისების კომპიუტერულ მოწყობილობებს, გურამ ბერიძის თქმით, ყველა ოფისი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილია.

„თემის ადმინისტრაციული ოფისების ინტერნეტმომსახურებაზე ტენდერს ცალკე გამოვაცხადებთ.  რაც შეეხება კომპიუტერებს, ყველა ოფისი აღჭურვილია და ამის პრობლემა არ გვაქვს, მართალია, ყველას აქვს ინტერნეტი ინდივიდუალურად, თუმცა ეს არ არის ისეთი სიმძლავრის, ინტერნეტიზაცია კი ხელს შეუწყობს ინფორმაციის დროულ მიწოდებას,“ – ამბობს გურამ ბერიძე.

ევროპული მხარდაჭერა

ცირა ჯგერენაია, იურისტი

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მმართველობის ფორმა დემოკრატიულია, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ის ეყრდნობა კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის დაუშვებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს. ყველა ეს ფასეულობა ევროპული ღირებულებებიცაა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს.

მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭირო იყო შექმნილიყო  ევროპის სხელმწიფოთა შეთანხმებისა და კომუნიკაციის გარკვეული ფორმა, რომელიც სათავეს დაუდებდა ამ ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებას და არ დაუშვებდა ისეთი კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების განმეორებას ევროპის კონტინეტზე, როგორსაც ადგილი ქონდა  1939-1945 წლებში. ამჯერად სამოქმედო პრინციპები სწორად იქნა შერჩეული და გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა შეძლეს ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ტოლერანტულ ქვეყნებად ჩამოყალიბება. შექმნის დღიდან  ევროკავშირმა გაფართოებს 7 ტალღა გამოიარა და ის დღემდე აგრძელებს  ლიბერალურ  სამეზობლო პოლიტიკას, რაც გულისხმობს  შესაძლებლობის შექმნას არაწევრი ქვეყნებისათვის გაიზიარონ მიღწეული წარმატება და გახდნენ გაერთიანების წევრები.

თანამედროვე გეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები, მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი, უბიძგებს თითოეულ სახელმწიფოს  ეძებოს და იყოლიოს   მტკიცე და მეგობრული მოკავშირეები საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს  სახელმწიფოსთვის, ამ კუთხით ევროკავშირის წევრობაზე უკეთესი ალტერნატივა ალბათ ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ქვეყანა, მისი თითოეული  მოქალაქე, თავისი ფასეულობების, კულტურის, მიღწევებისა და მიზნების გათვალისწინებით იმსახურებს გახდეს ევროკავშირის  წევრი  და გაინაწილოს ის სიკეთეები, რომლის მოტანაც ამ გაერთიანების წევრობას შეუძლია. ამ შეუქცევადი ინტეგრაციის  პროცესშიც არსებობს გარკვეული კითხვები და მათ შორის ლეგიტიმურიც, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გავრცელებული უარყოფითი დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი, ძირითადად ნაკლებ ინფორმირებულობას ან მათთვის განგებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ეფუძნება.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კომუნიკაცია, გარკვეულ საფრთხეებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას, დააზიანებს ეროვნულ ღირებულებებს და ტრადიციებს. მსგავსი  დამოკიდებულებების წარმოშობა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. როგორც ცნობილია, საქართველო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე საბჭოთა  კავშირის ნაწილი იყო, რომლის დაშლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს სახელმწიფოებრიობის შეგნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, რეალური ეროვნული ღირებულებებისა და დრომოჭმული  ტრადიციების ურთიერთგამიჯვნისა და გადაფასების პროცესი. ვინაიდან მრავალი წლის მანძილზე მკაცრად იდევნებოდა ნებსმიერი ეროვნული კუთვნილებისადმი, თვითმყოფადობისა და სახელმწიფოთა დამოუკიდბლობის იდეებისადმი უმცირესი სიმპათიაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყველაფერი, რაც ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ქართულთან, ტრადიციულთან, განურჩევლად და განუსჯელად თითქმის ეროვნულ სიწმინდედ იქნა მიჩნეული და ხელშეუვალად გამოცხადდა. ამ გზით არაერთ მახინჯ და დრომოჭმულ ტრადიციას ეროვნულის დაუმსახურებელი სტატუსი მიენიჭა.

ამით შესაძლებელია აიხნას საზოგადოების ნაწილში გავრცელებული სხვადასხვა ფობია, რაც მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის ნამდვილ, ქართულ ღირებულებებთან, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეებთან. მნიშვნელოვანია პროცესში, რომელიც რეალურად ფასეული ღირებულებების ყალბისაგან გამიჯვნას გულისხმობს, თავისი როლი შეასრულოს როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოების მეტად პროგრესულმა ნაწილმა და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების თითოეული წევრისათვის.

ევროკავშირის საქმიანობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმატიული ჩანაწერი, არც ერთი ინსტიტუცია,  ორგანო არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოითხოვს მისი რომელიმე წევრისაგან ეროვნული მახასიათებლების უარყოფას, არ ახდენს რაიმე სახის ჩარევას შიდა პოლიტიკის განსაზღვრასა და წარმართვაში. ყველა სახის რეგულაცია წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოთა შეთანხმების ნაყოფს. რა თქმა უნდა, იგივე პრინციპები ვრცელდება გაერთიანების სამეზობლო პოლიტიკაზე, რომელიც პოტენციურ წევრებთან ურთიერთობის ფორმებს და მიმართულებებსაც განსაზღვრავს.

დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, საქართველოს რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა 1992 წელს და ამ დროიდან მოყოლებული საქართველო მუდმივად იღებს მხარდაჭერას ევროკავშირისგან  დემოკრატიული  ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკური გაძლიერების და ადამიანთა უფლებების დაცვის ხარისხის გასაზრდელად. 2017 წლისთვის  ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხულმა საგრანტო დახმარებამ 500 მილიონი ევრო შეადგინა. 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, გაერთიანებამ საქარველოს 500 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია, აღნიშნული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული კულტურის და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას. ამავე გაერთიანების მიერ დაფინანსდა 2500-ზე მეტი სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის პროგრამაში ERASMUS+ და 131 პარტნიორ ქვეყანას შორის პირველ ათეულშია, მე-8 ადგილით. 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საერთაშორისო კრედიტ მობილობის მიმართულებით მიღებული სტიპენდიების რაოდენობა შეადგინა 1333. 2016 წელს ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოს მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის სხვადასხვა ქართული კულტურული ძეგლის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის, ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის და მხარდაჭერისთვის გაწეულმა  ფინანსურმა დახმარებამ 120 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ევროკავშირი მუდმივად  მხარს უჭერს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას და  პოპულარიზაციას, 2017 წლის პირველ ნახევარში, პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში დაფინანსდა 5 პროექტი საქართველოდან: CineDoc-თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი 2017 – Nosferav Foundation NNLE;  Brave Kids Artistic Instructor Training and Practical Dissemination Project – საქველმოქმედო ფონდი “Caritas Georgia” და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“;  School of Film Agents – დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი; Mosaïque de la littérature Européenne – გამომცემლობა „აგორა“;  First time in Georgia: 10 EU Literature Prize winners – „ელფის“ გამომცემლობა.

ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში  კულტურის სექტორში შემუშავდა თემატური და დარგობრივი სტრატეგიული ხასიათის შემდეგი დოკუმენტები: კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვის/პოპულარიზაციის სამოქმედო გეგმა;  საგანგებო სიტუაციების დროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი  ობიექტების დაცვისა და საგანგებო მართვის სამოქმედო გეგმა; საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყანაში არსებული ე.წ. „ზიარი“ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასთან, შესწავლასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმა. შეთანხმება ასოცირების შესახებ ასევე  ითვალისწინებს თავისუფალ ევროპულ ბაზარს ქართული პროდუქციისთვის. 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1304.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, შემუშავებული იქნა არაერთი საკანონმდებლო რეგულაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ევროკავშირის წევრობას არაერთი სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, ეს არის გზა ახალი შესაძლებლობებისკენ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამშობლოს ბუნებრივი ადგილი თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე.

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

 

 

 

ევროპა არ გვსურს, ევროპა გვჭირდება – რატომ ევროპა

ნინი გოლიაძე, სტუდენტი

საქართველო უდიდესი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციებისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყანაა. არაერთი დაბრკოლების, ბედის უკუღმართობის, მტრობის, ძმათაშუღლისა თუ დაპირისპირების მიუხედავად, დღეს ჩვენ ისევ ვარსებობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. განა მარტო გადარჩენისთვის?! არა, ვიბრძვით ღირსეული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც სჭირდება გზა, რომელიც გააძლიერებს შინაგანად, აღუდგენს საკუთარი თავის რწმენას და მომავალს იმედის თვალით შეახედებს.

ასე იყო თუ ისე, ჩვენი ბუნების თუ შექმნილი სიტუაციის გამო, ყოველთვის ვცდილობდით „მიტმასნების“ პოლიტიკა გაგვეტარებინა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით (გამონაკლისია მხოლოდ „ორქოს ხანა“ და გიორგი ბრწყინვალეს პერიოდი). ამიტომ იყო, ხან საბერძნეთი, ხან რომი, ხან ბიზანტია და შემდეგ კი რუსეთი მივიჩნიეთ ჩვენს გადამრჩენად. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობდა ჩვენი სარწმუნოება, რადგან ის დიდწილად ჩვენს ეროვნულობასაც განსაზღვრავდა, აკი ილიასაც უთქვამს სამი საუნჯე გაგვაჩნიაო: „ენა, მამული და სარწმუნოება“.

ჩვენთვის სარწმუნოება – ქრისტიანობა, არ იყო მხოლოდ ქვეყნის სახელმწიფო რელიგია, ის ქართველი კაცის ქართველობის განმსაზღვრავდა მეტადრე. „მიტმასნებისას“ კი სწორედ იმ ქვეყანაზე „ვაკეთებდით არჩევანს“, რომელსაც ჩვენი მსგავსი მრწამსი გააჩნდა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან საკმაოდ ძლიერ არგუმენტს წარმოადგენდა მაშინ, რთულია დაემორჩილო ვიღაცას, თუმცა უფრო რთულია დამორჩილდე, მას ვინც შენს ყოფას საერთოდ არ სცნობს. როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი ყოფა  დიდწილად სწორედ რელიგიით განისაზღვრებოდა.

მიუხედავად ამ მსგავსებისა, „მიტმასნების“ პოლიტიკამ დიდი ვერაფერი „სარგებელი“ მოგვიტანა, ჩვენ რამდენიმე საუკუნით ჩამოვრჩით ევროპას და თავისთავად მათ კულტურასაც. თუმცა აჭარაში მცხოვრებ უფროს თაობაში კვლავ ფესვმოკიდებულია ის მსჯელობა, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კვლავ მებატონედ გახდომას ამჯობინებს ევროპასთან ინტეგრირების პროცესის წარმართვას. ყოველთვის მაინტერესებდა თუ რატომ ხდებოდა ასე?!

ხშირად უხეშად ხვდებოდა ჩემს ყურთასმენას გამეფებული სტიგმები, როგორიც იყო ბილწი და გარყვნილი ევროპა, რომელიც იქნებოდა შემდგომში ყველანაირი უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ან თუნდაც, ათეიზმის დანერგვის პროცესი, რომელიც ევროპიდან კონტროლირდებოდა. ყველაზე აბსურდი კი რაც მომისმენია, ის გახლდათ აქაოდა ევროპა მაინც არასდროს მიგვიღებს მის ოჯახში და თუ მაინც და მაინც ასე მოხდა, მაშინ სადაო ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და სამხ. ოსეთის ოლქს გულისხმობდნენ) უარი უნდა ვთქვათო. ეს კი ქართველი კაცისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო, არის და იქნება.

ეს სიცრუეა და ამის სათავე სხვა არაფერია, თუ არა დაბალი ცნობიერების დონე და ინფორმაციული ვაკუუმი. არც არასწორი ინფორმაციის მიწოდება უნდა გამოგვრჩეს  თვალთახედვიდან. ხშირად ცალკეული ინდივიდები, რომლებსაც პრორუსული მიმართულება აურჩევიათ, ყველანაირად ცდილობენ ამ იდეის გავრცელებას საზოგადოებაში და ევროპის დასაჩრდილად მსგავს აბსურდულ იდეებს ავრცელებენ. თუმცა, ეს აბსურდია ჩემთვის, რადგან ვფლობ ინფორმაციას ევროპის მდიდარი კულტურის, მაღალგანვითარებულობისა და სიძლიერის შესახებ, მათ კი ყოველივე ეს სიმართლედ ესახებათ.

კიდევ კარგი, ასე მოაზროვნე ბევრი აღარ არის ჩვენს მხარეში, იმედისმომცემია ახალი თაობაც და ქვეყნის პოლიტიკაც, რომელსაც მკაცრად აქვს აღებული ორიენტირი ევროპისკენ.

ევროპა არ არის ოქროთი და სიმდიდრით სავსე რეგიონი, რომელიც გაგვამდიდრებს და გაგვაძლიერებს, არა ჩვენ მას არ უნდა ვხედავდეთ ასეთს. ევროპა არის გზა, რომელზე გავლითაც ჩვენ ჩვენივე ძალებით, მონდომებით, ენერგიით, სახსრებით და მათი დახმარებით ფეხზე დავდგეთ. ჩვენ ევროპა კი არ გვსურს, ჩვენ ევროპა გვჭირდება! გვჭირდება მათი კულტურა, სოციალური ნორმები, რომლებსაც მოვარგებთ ჩვენს საზოგადოებას და, შესაბამისად, მოვახდენთ დანერგვასაც მაღალი სტანდარტებით. მოკლედ რომ ვთქვა, ინტეგრაცია ყველა სფეროში და ამასთან,  რაც შეიძლება მეტი ცოდნისა და ინფორმაციის ათვისება. ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა საჭიროებს ევროპას განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა მომავლისგან.

გვინდა კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმში დავბრუნდეთ და ტოტალიტარულ რეჟიმს ვამსხვერპლოთ ჩვენი ქვეყანა, ღირებულებები, ფასეულობები და შესაძლოა სიცოცხლეც, თუ ავირჩიოთ ევროპა და ვიქცეთ მათი დიდი ოჯახის, ერთ-ერთ ღირსეულ წევრად. მართალია, ეს არ იქნება ადვილი და მალე მიღწევადი პროცესი, თუმცა შეუძლებელი არაფერია. მიზანმიმართული, გეგმაზომიერი, სწორი და ფრთხილი პოლიტიკით, ამასთან ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმებით,  აქტიური  სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ ევროპის ღირსეული წევრი, გავძლიერდეთ და შევქმნათ პრეცენდენტი სუსტის ძლიერების.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

გარემოს ზედამხედველობა: ნაძვის უკანონო ჭრა ჯერჯერობით არ გამოვლენილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაძვის ხეების უკანონოდ მოჭრის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ჭრის შემთხვევები არის, თუმცა ყველა შემთხვევაში არსებობს ნებართვა. ნაძვის ხის მოჭრა დასაშვებია საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე, სანერგეები აქვთ და ყიდიან, ასევე იმპორტირებული ნაძვებია, რომლებსაც ყიდიან. ტოტებით აწყობილ ნაძვის ხეებს ყიდიან, თუმცა ყველგან ჰქონდათ ნებართვა.

ამ დრომდე უკანონოდ ჭრის ფაქტი არ გამოვლენილა, გასაყიდ პუნქტებთან ყველგან ხდება პატრულირება,“-ამბობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონდარღვევაა ისიც, როცა წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვებისას ჭრიან მცენარის ვარჯის წვერს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა. „ასევე ხდება მოზარდ-აღმონაცენის მოჭრა-განადგურება. თუმცა, ჯერჯერობით არც ასეთი შემთხვევებია გამოვლენილი.“

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვება, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა, ისჯება ჯარიმით, რომელიც შეადგენს 2000-1000 ლარს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა  1000 ლარს აღემატება, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

აჭარის მთავრობა არდაგანის ტბაში არსებული  კუნძულების 2045 წლამდე გასხვისებას გეგმავს

ბათუმის პარკში, არდაგანის ტბაში, რესტორან „სანსეტის“ მეპატრონე მთავრობას ხელშეკრულების გაგრძელებას და ტბაში არსებული ნაკვეთების 2045 წლამდე სარგებლობის უფლებით გადაცემას სთხოვს.

ამის თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  ქონების მეპატრონეს – ბათუმის მერიას მიმართა, მერიამ კი, თავის მხრივ, ნაკვეთის უსასყიდლოდ მთავრობისთვის გადაცემის უფლების მისაღებად საკითხი საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგინა. საკრებულოს უკვე მომზადებული აქვს შესაბამისი განკარგულების პროექტი, რომლის განხილვასაც მომავალ საკრებულოს სხდომაზე გეგმავს.

პროექტის მიხედვით მთავრობას, მისი შემდგომი გასხვისების მიზნით, გადაეცემა არდაგანის ტბაში არსებული ორი ნაკვეთი, ჯამში 3557 კვ.მ.

კომპანია „ოქროს ლომი 2008“-სა  და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის იმ ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემაზე, სადაც გასულ წელს რესტორანი „სანსეტი“ გახსნეს, ხელშეკრულება 2025 წლის  24 სექტემბერს გაფორმდა.

ამ ხელშეკრულებით შპს „ოქროს ლომი 2008“-ს  სარგებლობაში გადაეცა არდაგანის ტბაში არსებული 1502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებისა და სარგებლობის ვადაში პროფილის შენარჩუნების პირობით.

ახლა რესტორნის მესაკუთრე ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და ტბაში არსებული სხვა ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინვესტიციის სამ მილიონამდე ლარით გაზრდის პირობით.

აჭარის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ვადის გაგრძელება მხოლოდ ტბაში მდებარე მთლიანი კუნძულის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში შეიძლება, მისი ერთიანი განვითარების კონცეფციის პირობით.

საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადების განხორციელების მიზნით, არდაგანის ტბაში არსებული ნაკვეთების კომპანიის სარგებლობაში 2045 წლამდე გადაცემას ბათუმის მერიაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

„ოქროს ლომი 2008“ 2006 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი მფლობელი და დირექტორი რუსეთის მოქალაქე ანზორ ათაბაძეა. საქართველოში ის ქობულეთის მუნიციპალიტეტშია დარეგისტრირებული.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100-პროცენტიანი წილი 2017 წელს „თი ბი სი“ ბანკშია დაგირავებული.

 

თექაზე მუშაობის შემსწავლელი უფასო კურსები 30-50 წლის ქალებისთვის

ბათუმის ამერიკულ კუთხეში იანვრიდან  თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსები დაიწყება. ორგანიზატორების ცნობით, კურსის ფარგლებში ქალები გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენისა, წახალისდებიან, რომ საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებაზეც დაფიქრდნენ.

სპეციალურად შექმნილი სასწავლო პრაქტიკული მოდული ითვალისწინებს 10 აპლიკანტის შერჩევას, „რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით, არიან კრეატიულები, მონდომებულები და მოცემული მომენტისთვის დაუსაქმებლები.” მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი: 30-50 წელი;

კურსი უფასოა.

მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა დარეკონ ნომერზე: 0422 27 21 62, ან მისწერონ ბათუმის ამერიკულ კუთხეს ფეისბუქზე პირად მიმოწერაში (inbox) არაუგვიანეს 4 იანვრის 18:00 საათისა.

სოციალური სააგენტო: უმჯობესია ბავშვი მამამ გაზარდოს

20 წლის ნინი აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს [სახელი შეცვლილია]. ის 16 წლისა გათხოვდა. ახლა სამი წლის შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახში 16 წლით უფროს ქმართან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა გასულ წელს თქვა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა სურდა. ნინი ქმრისგან არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სასამართლომ მისი მეუღლე ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლა და პირობითი მსჯავრი უკვე შეუფარდა.

ახლა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო ცოლ-ქმრის განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და შვილის მიკუთვნების საკითხს განიხილავს.

„სასამართლო პროცესზე სოციალური სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ბავშვი მამამ უნდა გაზარდოს, რადგან დედა გამოცდებისთვის ემზადება და ბავშვისთვის არ სცალია“, – ამბობს ნინის ინტერესების დამცველი, ზაზა პაპიძე.

ბავშვი ამჟამად  დედასთანაა. ნინი კი, თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას აგრძელებს. მან მოსამართლეს უთხრა, რომ უნდა ბავშვი მასთან იყოს და თუკი უნივერსიტეტში ჩაბარებას შეძლებს, ბავშვის გაზრდაში მშობლები დაეხმარებიან.

შვილის მიკუთვნების საკითხს მოსამართლე ნუგზარ მგელაძე განიხილავს. მან პროცესი რამდენიმე დღით გადადო, რადგან ჯერ წარმოდგენილი არ არის სააგენტოს ფსიქოლოგის პოზიცია. ადვოკატი ამბობს, რომ სამი წლის ბავშვის შემთხვევაში რთულია, ფსიქოლოგმა კონკრეტული დასკვნა დადოს ბავშვის არჩევანზე: დედასთან სურს თუ მამასთან. „შესაბამისად, სააგენტოს პოზიცია, რაც გაახმოვანა მისმა იურისტმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – დასძენს ადვოკატი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციას ხელვაჩაურის სასამართლოში დარეჯან ბერიძე წარმოადგენს.

„კი, ბატონო, მქონდა ნამდვილად ეს პოზიცია. ბავშვს ვისზეც აქვს მიჯაჭვულობა, იმასთან უნდა იყოს. ბავშვმა არ უნდა ინერვიულოს… მამის ოჯახი ჩვენთან ახლოს ცხოვრობს და თვალნათვლივ ვხედავთ, რაც ხდება. კი, ბატონო, უნდა ისწავლოს, ახალგაზრდაა და თავის კარიერას უნდა მიხედოს, მაგრამ რომ ჩააბარებს, მერე ვინ მიხედავს ბავშვს? მაგის სოფლიდან ტრასამდე სამი კილომეტრია…“ – გვითხრა დარეჯან ბერიძემ.

რატომ არის მიუღებელი, თუკი ბავშვის გაზრდაში ნინის მშობლები დაეხმარებიან ან ძიძას აიყვანს? – კითხვაზე სოციალური სააგენტოს წარმომადგენლისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „რატომ უნდა გაზარდოს ძიძამ, როცა მამა არსებობს და ამბობს, რომ ის მიხედავს ბავშვს? ბებიას და ბაბუას კანონმდებლობის მიხედვით ბავშვთან ურთიერთობის უფლება აქვთ და არა აღზრდის.“

როგორ აღზრდის ბავშვს მამა, რომელიც მუშაობს? – ამ კითხვაზე დარეჯან ბერიძემ მოკლედ გვიპასუხა „არ ვიცი“. მას ასევე ვკითხეთ, რას ეფუძნებოდა მაშინ მისი პოზიცია, რომ ბავშვი მამასთან უნდა დარჩეს და ფიქრობს თუ არა, რომ სააგენტოს მსგავსი პოზიცია შესაძლოა ბავშვის ინტერესებს დააზარალებს.

დარეჯან ბერიძე: „ეს იყო ჩემი მოსაზრება, რაც მოსამართლეს ვუთხარი. მე თუ მიკერძოებული ვარ, დაველოდოთ ფსიქოლოგის დასკვნას… მე ოჯახის დანგრევამდეც ვხედავდი, რაც ხდებოდა… ჩვენს ახსნა-განმარტებებს სასამართლოში მოისმენთ, მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

 

წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი გზა გახსნილია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია.

8 დეკემბერს თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა.  გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობამ 17 დეკემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

 

რა ამინდს უნდა ველოდოთ ბათუმში უახლოეს დღეებში

უახლოეს დღეებში ბათუმში ღრუბლიანი ამინდი და წვიმა შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი.

„ამ დღეებში აჭარის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი.  იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი დღისით 10-15, ღამით: 10-17 წმ-დე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით: 2-7 გრადუსი. მთაში ღამით მოსალოდნელია 0-5 ყინვა, დღისით – 0-5 სითბო,“- აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ბარში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვა მომდევნო სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება. სანაპირო რაიონებში უახლოეს დღეებში თოვა მოსალოდნელი არ არის.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 9 გრადუსია.

რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ

აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა 11 მილიონით გაზარდა. მომავალ წელს ტრანსფერებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 48 მილიონის ნაცვლად 59 მილიონ 262 ათასი დაიხარჯება. მომავალი წლის ტრანსფერების ოდენობა წლევანდელთან შედარებით 11 946 000 ნაკლები იქნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, ბათუმს ტრანსფერის სახით 7 მილიონს დაუმატებენ, ქობულეთს – 2 246 800, ხელვაჩაურს – 374 210, ქედას – 510 000, ხულოს – 497 400 ლარს.

რის მიხედვით გაუზარდეს მუნიციპალიტეტებს დაფინანსება აჭარის ბიუჯეტიდან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, თეა ჯანაშია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებმა ხელახლა წარადგინეს წერილობითი მოთხოვნები და ეს გაითვალისწინეს – მუნიციპალიტეტებმა გაზარდეს იმ ქუჩებისა და გზების ჩამონათვალი, რომელთა კეთილმოწყობაც სურთ.

რატომ გაიზარდა მუნიციპალიტეტების მოთხოვნები მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მსჯელობის საგანი გახდა ტრანსფერის შემცირება? – თეა ჯანაშიას განმარტებით, აჭარის ბიუჯეტის პირველი ვარიანტისთვის მოთხოვნები მუნიციპალიტეტების გამგებლებმა წარმოადგინეს. „ამჯერად კი, ახალარჩეულმა ხელმძღვანელობამ, რომლებმაც მოთხოვნებს გადახედეს,“ – ამბობს ის.

გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოდან ამბობს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტრანსფერები სპონტანურად გაზარდა. ოპოზიციის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებს ნაშთი დიდი ოდენობით რჩებათ, რაც ბიუჯეტის სწორად დაგეგმარების და მართვის პრობლემას ავლენს.

„გარდა ამისა, პრობლემაა პრიორიტეტების განსაზღვრა. ამ ტრანსფერებით, ძირითადად, გზების კეთილმოწყობა დაფინანსდება. კარგია გზების მოწყობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხით ვაკეთებთ ამას. ორი და სამი წლის გაკეთებული გზები უკვე დაზიანებულია. უმჯობესი იქნებოდა, დაფინანსებულიყო ისეთი პროგრამები, რომლებითაც ინვესტიცია შემოვა, ან მოსახლეობის სოციალური ფონი გაუმჯობესდება, მაგალითად, ჩვენ ამდენი წელია ვიძახით, რომ პრობლემაა კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზა, პრობლემაა გონიოს ინფრასტრუქტურა, რომელიც მილიარდიან ინვესტიციას შემოიტანს,“ – გვითხრა გია აბულაძემ.

აჭარის ბიუჯეტის 2018 წლის თავდაპირველ ვარიანტში აჭარის მთავრობამ ტრანსფერის ოდენობა, ჯამში, 26 მილიონი ლარით შეამცირა. ბიუჯეტის პროექტში ტრანსფერების შემცირებაზე შენიშვნა ჰქონდა აჭარის უმაღლეს საბჭოს.

2017 წლის 10 უახლესი ფილმი

2017 წელს ბევრი ახალი ფილმი გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე. ამ ფილმების დიდი ნაწილის პრემიერა უკვე შედგა, ქვემოთ მოცემული ათი უახლესი ფილმიდან რამდენიმე საქართველოშიც აჩვენეს, ზოგი კი კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში გამოვა.

           1. The Disaster Artist – აურზაურის შემოქმედი

რეჟისორ ჯეიმს ფრანკოს ბიოგრაფიული, კომედიური ჟანრის ამერიკული ფილმის პრემიერა 2017 წლის პირველ მარტს შედგა. ფილმი სულ რაღაც 20 დღის წინ, პირველ დეკემბერს გავიდა შეერთებული შტატების კინოეკრანებზე. სიუჟეტი ფილმ „ოთახის“ შექმნის ნამდვილ ამბავსა და რეჟისორ ტომი ვაისოს ცხოვრებაზეა.

ახალგაზრდა მსახიობი, გრეგ სესტერო, მონაწილეობს ექსცენტრული რეჟისორის, ტომი ვაისოს ფილმ „ოთახის“ გადაღებებში. რეჟისორი და მსახიობი ვერ ხვდებიან რა ელით. მათთვის თავიდან წარმოუდგენელია, რომ ფილმს კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ყველა დროისა და ქვეყნის ყველაზე ცუდ ფილმად მიიჩნევენ.

ჯეიმს ფრანკოს ფილმმა უკვე მოასწრო და მიიპყრო კინოკრიტიკოსთა ყურადღება, სან-სებასტიანის ესპანურ კინოფესტივალზე ფილმმა მთავარი პრიზი დაიმსახურა.

           2. Happy End – ბედნიერი დასასრული

მიხაელ ჰანეკეს 2017 წლის დრამა კანის 70-ე კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმების მთავარ სიაში შეიყვანეს.

ფილმის ძირითადი სიუჟეტი ევროპის მიგრაციულ კრიზისთან ერთად ვითარდება. ეს არის მდიდარი ფრანგული ოჯახის ამბავი, რომელიც ქალაქ კალეში ცხოვრობს, დევნილი მიგრანტების ბანაკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.

ფილმში მთავარ როლებს იზაბელ იუპერი, ტობი ჯონსი, მათიე კასოვიცი და ჟან ლუი ტრენტინიანი ასრულებენ.

              3.Human Flow – ადამიანთა ნაკადი

ცნობილი ჩინელი რეჟისორის, აი ვეივეის ფილმი საავტორო დოკუმენტური ჟანრისაა და მიგრაციულ კრიზისზე მოგვითხრობს.

ფილმი ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან დევნილთა სოციალურ პრობლემებსა და ყოველდღიურობას გვიჩვენებს. მაგრამ დაძაბული თემის მიუხედავად, რეჟისორი აი ვეივეი ახერხებს სხვადასხვა ხალხის ერთმანეთისგან განმასხვავებელ კულტურულ მახასიათებლებზე გააკეთოს მნიშვნელოვანი აქცენტები.

ჩინელი რეჟისორი პოლიტიკური აქტივიზმითა და ადამიანთა გაერთიანების ჰუმანური იდეებითა ცნობილი.

4.The Man Who Invented Christmas – ადამიანი, რომელმაც                       შობა გამოიგონა

ფილმი ჩარლზ დიკენსის ყველასთვის საყვარელი ზღაპრის „საშობაო სიმღერის“ და მისი გმირების შექმნის ისტორიაზეა. დიკენსის როლს ფილმში დენ სტივენსი ასრულებს, რომელიც კრედიტორებისგან შეწუხებული მწერალია. ახალგაზრდა დიკენსს გამომცემლობა უარს ეუბნება ახალი ტექსტის გამოქვეყნებაზე, მაგრამ მას ისე სჯერა ჯადოსნური ზღაპრის წარმატების, რომ ფულს აგროვებს და რედაქტორის უარის მიუხედავად, თვითონ ახერხებს „საშობაო ზღაპრის“ გამოცემას.

            5.The Shape of Water – წყლის ფორმა

ფილმში მოქმედება 1962 წელს ხდება, ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს დაპირისპირების ფონზე. ელაიზა ბალტიმორის საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიის დამლაგებელია. შეუმჩნეველი ქალია მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებით. ელაიზა ბავშვობაში გადატანილი ტრავმის გამო დამუნჯდა. საიდუმლო ლაბორატორიაში შესასწავლად მოაქვთ გაურკვეველი, ახალი „ობიექტი“. ელაიზა და მისი კოლეგა ზელდა იგებენ, რომ ეს „ობიექტი“ ამფიბია-ჰუმანოიდია. ელაიზა ხშირად აკვირდება უცნაურ არსებას და მათ შორის ნელ-ნელა მყარდება კავშირი. ქალი იგებს, რომ ჰუმანოიდს, რომელსაც უკვე შეეჩვია, მალე მოკლავენ. ელაიზა ჰუმანოიდის გადასარჩენ საიდუმლო ოპერაციაში ებმება.

„წყლის ფორმა“ რეჟისორ გილერმო დე ტოროს ფენტეზის ჟანრის ამერიკული მელოდრამაა. სცენარი ტორო და ვანესა ტეილორებს ეკუთვნით. პრემიერა 2017 წლის 31 აგვისტოს შედგა ვენეციის კინოფესტივალზე. ამერიკის კინოეკრანებზე ფილმი 8 დეკემბრს გამოვიდა.

  6.All the Money in the World მთელი მსოფლიოს ფული

რეჟისორ რიდლი სკოტის ამერიკულ ტრილერში მთავარ როლებს მიშელ უილიამსი, კრისტოფერ პლამერი და მარკ უოლბერგი თამაშობენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ზეგ, 2017 წლის 22 დეკემბერს შედგება.

1973 წელს, რომში ნიღბიანი დამნაშავეები მოზარდს, ჯონ პოლს გაიტაცებენ. ჯონის ბაბუა, პოლ გეტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ნავთობ-მაგნატი, მილიარდერია. როგორც ცნობილია, პოლ გეტი ძალიან ძუნწია და საყვარელი შვილიშვილის გაუჩინარება მისთვის არ არის საკმარისი მიზეზი, რომ სიმდიდრეს გამოემშვიდობოს. დაკარგული ბავშვის დედა, გეილი, პოლ გეტს გამოსასყიდის გადახდას სთხოვს, რაზეც ბაბუა უარს ამბობს. ქალი უსაფრთხოების სამსახურის იდუმალი აგენტის იმედად რჩება, რომლის ხელშიც მისი შვილის სიცოცხლეა.

პოლ გეტის როლი თავიდან კევინ სპეისს უნდა ეთამაშა, მაგრამ სექსუალურ ძალადობაში არაერთხელ მხილებული მსახიობი როლიდან მოხსნეს და  სპეისი კრისტოფერ პლამერით ჩაანაცვლეს. მერე აღარ იქნება შესაძლებელი მისი გადაყვანა.

ფილმი რეალურ ისტორიას აღწერს. ჟან პოლ გეტი მართლაც იყო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი 1957-1976 წლებში, რომლის შვილიშვილიც გაიტაცეს და სანაცვლოდ გამოსასყიდს სთხოვდნენ ოჯახს.

     7.Star Wars: The Last Jedi – ვარსკვლავური ომები:                        უკანასკნელი ჯედაი

„ვარსკვლავური ომების“ მერვე ნაწილის რეჟისორი და სცენარისტი რაიან ჯონსონია. „უკანასკნელი ჯედაი“ ქართულ კინოეკრანებზე 2017 წლის 14 დეკემბერს გამოვიდა. ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის, პრინცესა ლეიას როლის შემსრულებელი, კერი ფიშერი ფილმის გადაღებების დამთავრებისთანავე გარდაიცვალა 2016 წლის დეკემბერში.

            8.Ferdinand – ფერდინანდი

ფერდინანდი კომედიური ჟანრის ამერიკული სრულმეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმია. კომპიუტერული მულტფილმი მანრო ლიფის წიგნის – „ფერდინანდის ისტორიის“ მიხედვით შეიქმნა. მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 15 დეკემბერს შედგა.

ანიმაცია მშვიდობისმოყვარე ხარ ფერდინანდზეა, რომელსაც სხვა ხარებისგან გასხვავებით არ ხიბლავს დანარჩენებთან რქებით ბრძოლა. ხის ქვეშ განცხრომით წოლა და  ყვავილების ცქერა ურჩევნია, თუმცა მოულოდნელად, ფერდინანდს, როგორც ყველაზე დიდ, სწრაფ და ველურ ეგზემპლარს მადრიდის ხარების ბრძოლის სანახაობისთვის აარჩევენ…

            9.Downsizing – დაპატარავება

რეჟისორ ალექსანდრე პეინას ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკა წყვილზეა, რომლებიც სხეულის დაპატარავების პროცედურებს იტარებენ. მათ ახალ გარემოსა და საზოგადოებაში განსხვავებული ცხოვრების დაწყება სურთ. ფილმის მსოფლიო პრემიერა შეერთებულ შტატებში ზეგ,  22 დეკემბერს გაიმართება.

კომედიურ ფილმში ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, სხეული დაიპატარავონ, რომ ცხოვრება უფრო მარტივი და იაფი გახდეს. თანამოაზრეებთან და მოხალისეებთან ერთად წყვილი სხეულის დაპატარავების პროცედურებზე მიდის, მაგრამ ქმრისთვის მოულოდნელად ცოლი რადიკალურად ცვლის გადაწყვეტილებას.

             10.Paddington 2 – პადინგტონი 2

რეჟისორ პოლ კინგის ბრიტანულ-ფრანგული საოჯახო კომედია დათუნია პადინგტონზეა და 2014 წელს გამოცემული ფილმის „პადინგტონის თავგადასავლის“ გაგრძელებაა. პადინგტონი ფილმის პირველ ნაწილში ლონდონში ჩამოდის კარგი ოჯახის საპოვნელად და დასასახლებლად. ამ რთულ გზაზე მას უამრავი სახალისო თავგადასავალი გადახდება. ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 2017 წლის 10 ნოემბერს შედგა.

დათუნია პადინგტონი ბრაუნების ოჯახში ცხოვრობს და ყველა თავს ევლება, მაგრამ იდილია დიდხანს არ გრძელდება და ცხოვრება დათუნიასგან ისევ ითხოვს თავგადასავლებს და გმირობას.

ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით გასულმა წევრებმა კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს: „ქართული ოცნება – მრეწველები“. თვითმმართველობის კოდექსით ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ეს დათქმა კოდექსის ავტორებმა პროექტის განხილვისას იმით ახნეს, რომ საკრებულოებში ერთი პარტიის შიგნით ფრაქციები ხელოვნურად, იმ კომფორტის მისაღებად არ შეექმნათ, რასაც კანონმდებლობა ფრაქციებისთვის ითვალისწინებს.

ფრაქციას აქვს აპარატი, ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე საკრებულოს რიგითი წევრის უფლებამოსილების ხარჯი ყოველთვიურად და ფრაქციას ემსახურება სახელმწიფო ავტომანქანა.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ერთი პარტიის შიგნით შექმნილ ფრაქციების წევრებს არასდროს ჰქონიათ განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ საკითხზე და არც ინიციატივებით გამოსულან.

ასეთ პრაქტიკას წინა ხელისუფლების დროს „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა, კოდექსის დამტკიცების შემდეგ კი, თავს იწონებდა ჩანაწერით ხელოვნური ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებულ შეზღუდვაზე.

ახლა კი, კანონმდებლობაში ხვრელებს, მეტი ფრაქციის შექმნისთვის და, შესაბამისად, მეტი კომფორტის მისაღებად, ისევ მმართველი პარტია ეძებს და პოულობს კიდეც.

საკრებულოს იურისტის განმარტებით, ვინც ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნა, მართალია, ერთი პარტიის სიით მოხვდნენ საკრებულოში, თუმცა ამ პარტიის წევრები არ არიან. „ისინი არიან დამოუკიდებელი წევრები. როდესაც საარჩევნო სია დგება, იქ მითითებულია, ვინ არის პარტიის წევრი და ვინ არა,“ – აცხადებს იურისტი, სულიკო შვენთიძე.

საარჩევნო კოდექსი პარტიული სიის წარდგენისას ასეთ დიფერენციაციას უშვებს, თუმცა თვითმმართველობის შესახებ კოდექსში წერია ისიც, რომ „არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად“.

გაუგებარი დარჩა ისიც, რატომ დაირქვეს საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა „მრეწველები“, დღეს ვერც ახალი ფრაქციის თავმჯდომარისგან გავიგეთ, რატომ ვერ შეძლებდნენ ახალ ფრაქციაში გაერთიანებული ადამიანები „ქართული ოცნების“ არსებულ ფრაქციაში მუშაობას. ფრაქციის თავმჯდომარემ, ანზორ დევაძემ დღეს „ბათუმელების“ კითხვებს მოუცლელობის მიზეზით ვერ უპასუხა.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ასეთი ფრაქციების შექმნა ცუდად აისახება როგორც პარტიის იმიჯზე, ასევე იმ პიროვნებების იმიჯზე, რომლებმაც ეს ფრაქცია შექმნეს. იქედან გამომდინარე, რომ ეს არასდროს რჩება საზოგადოების განსჯის გარეშე:

„მით უმეტეს, როცა ამაზე პრესა, ტელევიზია და სამოქალაქო სექტორი დაინტერესდება, მიყენებული ზიანი, მე მგონია, უფრო დიდი იქნება, ვიდრე ის სარგებელი, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ. თუნდაც ამ გადაწყვეტილების შედეგად. არ ვიცი, ეს რამდენად უღირთ, ეს უნდა თქვას ინიციატივის ავტორმა“.

პოლიტოლოგის განმარტებით, ფრაქცია პოლიტიკურ პარტიებში ცივილიზებულ ქვეყნებში იქმნება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვა.

„მაგალითად, ეკონომიკაზე პარტიის შიგნით შეიძლება არსებობდეს ორი განსხვავებული ხედვა. აქედან გამომდინარე პარტია თანხმდება, რომ შეიძლება  ერთი ეკონომიკური ხედვით იხელმძღვანელოს, მაგრამ ფრაქცია, რომელსაც აქვს ალტერნატიული ხედვები, დარჩეს ფრაქციად. ეს შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკაში ან ნებისმიერ სფეროში. სხვანაირად ფრაქციულობა პარტიაში არც კი მოიაზრება იქედან გამომდინარე, რომ, ზოგადად, ფრაქციულობა ხელს უწყობს პარტიების დაშლასაც კი. პარტიები არ ახალისებენ ფრაქციების შექმნას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არ არის იდეოლოგიური, პოლიტიკური ბაზისი, რომელიც განსხვავდება იმ გენერალური ხაზისგან, რომელსაც პარტია ატარებს. ფაქტია, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. ხვრელებს კანონმდებლობაში მეტი კომფორტისთვის ეძებენ,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

19-წევრიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობას  ბათუმის საკრებულოში ჯერჯერობით ორი ფრაქციითა წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“  – ერთი ფრაქციით.

 

რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლამდე გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბროს ახლა და არა, მაგალითად, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილის მის მიერვე მოწვეული ბრიფინგის დასრულების შემდეგ დაუსვა. დეპუტატმა ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ რამდენად მეტს ხარჯავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ [2003-2012 წლები], ვიდრე დღეს ხარჯავს „ქართული ოცნება“.

„მაგ ლოგიკით უნდა გადავიდეთ მაშინ იმის წინანდელ ხელისუფლებაზეც… ვინც გვიყენებს ცრუ ბრალდებებს და ბოლო ერთი კვირა სულ ამაზე საუბრობს, ასეთ ადამიანებს პირში უნდა უთხრა სიმართლე, რომ სიმართლეს ჰქონდეს მეტი ძალა,“ – ასე უპასუხა დასმულ კითხვას ლადო მგალობლიშვილმა.

რატომ არ ეხმაურება „ქართული ოცნება“ რეგიონში არსებულ რომელიმე პრობლემას და რატომ ჩათვალა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, რომ პოლიტიკური ტრიბუნა უნდა გამოიყენოს წინა ხელისუფლების სარესტორნო ხარჯებზე სასაუბროდ? – ამ კითხვის პასუხად ლადო მგალობლიშვილმა თქვა:

„თქვენ არ გახსოვთ ასეთი ბრიფინგები? არაერთი იყო, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით. ძალიან ცუდი, თუ ეს არ გახსოვთ“.

მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს წევრს „ბათუმელებმა“ დაუდასტურა, რომ მსგავს ბრიფინგს ვერ იხსენებს, რადგან არ ყოფილა და იქნებ მას შეეხსენებინა, დეპუტატმა დასძინა: „არ ვარ ვალდებული მახსოვდეს, კიდევ რას გამოვეხმაურე“.

ლადო მგალობლიშვილმა თავისი მთავარი სათქმელი ბრიფინგზე ასე ჩამოაყალიბა: „ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამჯერ მეტი აქვს დახარჯული, ვიდრე ჩვენ, როგორც წარმომადგენლობით ხარჯებზე, ასევე მივლინებებზე და საწვავზე… „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი სიტყვის არ მჯერა. მე მაქვს პირიქით მათთან შეკითხვა: როგორ ახერხებდნენ ისინი სამჯერ მეტი ხარჯები გაეწიათ წარმომადგენლობით ხარჯებზე.“

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ლადო მგალობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს სარესტორნო ხარჯებსა და ავტომანქანების შეძენაზე. 

უმაღლესი საბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ სარესტორნო ხარჯები „ქვეყნის ცნობადობის გაზრდას“ და „მაღალი დონის კონფერენციებს“ მოხმარდა.

 

 

 

ნახევარფაბრიკატებში აღმოჩენილი ცხენის ხორცი – მონიტორინგის შედეგები ბათუმში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. სამი ასეთი შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა.

შპს „გ.რ.ზ.ა“ მარკეტში, ანგისის N2-ში, შპს „მეგას“ მიერ წარმოებული გაყინული ქაბაბი ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული.

მაიკოვსკის #1-ში, კაფე „ჩვენებურებში“ კატლეტის ფარში ასევე ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული.

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, ინდივიდუალური მეწარმე, „ბაკური“ (რეზო გიორგაძე) ცხენის ხორცის ფარშს ჰყიდდა.

ყველა ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ ის საქონლის ან ღორის ხორცისგან იყო დამზადებული.

„ბათუმელებმა“ ერთ-ერთ მეწარმეს, შპს „მეგას“ წარმომადგენელს, ნონა როდინაძეს ესაუბრა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შემოწმება რამდენიმე თვის წინ იყო, მას შემდეგ საწარმო გადამოწმდა და მათ აღიარება მიიღეს. იგი ამბობს, რომ საწარმო ბაზარში ყიდულობს შემოწმებულ ხორცს:

„ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს ცხენის ხორცი იყო, სააგენტომ პირველ რიგში ბაზარს უნდა მიხედოს. შემოვიდა საქონელი – ვიყიდე, ჩვენ ვყიდულობთ ბაზარში, ბეჭედდარტყმულ ხორცს. მაღაზიაში რომ მიდიხართ, ყიდულობთ პროდუქტს, ასე არ არის?  ეს უნდა გაკონტროლდეს ბაზარში, მე ცხენის ხორცს როგორ გავარჩევ?! ოთხი შვილიშვილი მყავს, მათ ვაჭმევ ჩემს საამქროში დამზადებულ პროდუქტს.“

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აგრარულ ბაზრებს სააგენტო ისედაც ინტენსიურად ამოწმებს და მონიტორინგის შედეგად რაიმე დამატებითი ღონისძიება არ იგეგმება ბაზრების შემოწმების მიმართულებით.

ხორცის სახეობრივ კვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებიდან სააგენტომ მზა კერძებისა და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში ამოიღო, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა ცხენისა და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე.

ცხენის ან ვირის  ხორცის გაყიდვა კანონმდებლობით დაშვებულია, მაგრამ პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული,  ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ.)  და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. ასევე, სავალდებულოა ეტიკეტზე მითითებული იყოს, რის ხორცს ყიდულობთ.

 

 

სახელმწიფო მესაკუთრის წინააღმდეგ – დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას ითხოვენ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე მათ საკუთრებაში არსებულ მიწებთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. მოქალაქეების განცხადებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის სანაცვლოდ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემისგან უნდა მიეღოთ კომპენსაცია, რაც დღემდე არ მიუღიათ.

მოქალაქეებმა დღეს, 20 დეკემბერს, საპროტესტო აქცია ისევ გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის სულიკო გვიანიძის

თქმით, გარდა იმისა, რომ დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება და კერძო საკუთრება იძულებით, ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვეს, მისთვის არც დაპირებული ფულადი კომპენსაცია გადაუხდიათ.

„ამდენი ადამიანი ვცხოვრობთ აქ, მათ შორის არიან ბავშვები და ჩვენი უსაფრთხოება ისედაც არ არის დაცული. 200-კილოვატიანი ბოძები ჩაგვიდგეს საცხოვრებელთან ახლოს, საკუთრება იძულებით წაგვართვეს. პირადად ჩემი საკუთრება მიითვისეს, 3 ათასი კვ.მეტრი, 313 კვადრატული კი ექსპროპრიაციით ჩამომართვეს. მოვითხოვთ, რომ ან ეს ბოძები გადაიტანონ, ან კომპენსაცია გადაგვიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვგლეჯთ ამ ბოძებს და სადაც უნდათ იქ წაიღონ,“ – ამბობს სულიკო გვიანიძე.

მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ფილიალი იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, სულიკო გვიანიძის საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„აღნიშნული პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს ელექტროსისტემა ახორციელებს.  ელექტროსისტემა მოელაპარაკა მოქალაქეებს და გამოისყიდა მიწები, თუმცა სულიკო გვიანიძის შემთხვევაში მოხდა საკუთრების უფლების ხელყოფა. კერძოდ, გვიანიძის საკუთრება 313 კვადრატული მეტრი იქნა ესპროპრირებული, თუმცა მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები ამ მიწაზე არ ჩაიდგა, არამედ სულ სხვა ტერიტორიაზე, რომელიც ასევე გვიანიძის საკუთრებაა.

საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ანძა დგას გვიანიძის საკუთრებაში, თუმცა ამ მიწის სანაცვლოდ მისთვის კომპენსაცია არ გადაუხდიათ. მთავარი საკითხია ასევე ის, რომ მოქალაქეს კვადრატულ მეტზე 44 დოლარის ნაცვლად (მიწის ფასი სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა), შესთავაზეს 10 დოლარი, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს“.

ანა ბერძენიშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა ისეთ კომპანიას, რომელიც გაკოტრების პირასაა. ელექტროსისტემაში ასპროცენტიანი წილი აქვს სახელმწიფოს. ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მისი რეაბილიტაციის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროსისტემამ წარმოადგინა 15-წლიანი რეაბილიტაციის გეგმა და ამ ვადაში უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორები.

„სულიკო გვიანიძემ რომ მოიგოს სასამართლო საკუთრების სამართლიან ფასთან დაკავშირებით, მას მოუწევს რიგში ჩადგომა. მაგრამ, შესაძლებელია, კომპანია 15 წლის შემდეგ გაკოტრდეს და გვიანიძემ კომპენსაცია მაინც ვერ მიიღოს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

იურისტის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ პასუხისმგებელი უფლებამონაცვლე პირი გარდა ამ კომპანიისა, არ იკვეთება. „ამიტომ, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკის სამინისტროს, რადგან სახელმწიფოს ვალდებულება იყო შეერჩია ისეთი კომპანია, რომელიც შეძლებდა ვალდებულებების გასტუმრებას.

გარდა იმისა, რომ დარღვეული იქნა საკუთრების უფლება, მას შემდეგ, რაც მოქალაქემ უფლება არ მისცა შეეყვანათ მის საკუთრებაში მძიმე ტექნიკა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან მოხდა მოქალაქის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს მოქალაქე დაეცვა, გვიანიძე გამოაცხადეს სამართლდამრღვევად და მოხდა მისთვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება. ეს არ არის კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს, სულიკო გვიანიძის შემთხვევაში გამოსავალი იქნება ის, რომ დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, „სადაც შავით თეთრზე ეწერება, რომ მიწის კომპენსაციის სამართლიანი ფასი არის არა 10, არამედ 44 დოლარი“. ამ ეტაპზე გვიანიძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამი დავა, ორი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ერთიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ბერძენიშვილის თქმით, დავები შეეხება კომპენსაციის ფასის დადგენას და იმას, რომ თუ რატომ მიენიჭა გაკოტრების პირას მყოფ კომპანიას ექსპროპრიაციის უფლება.  გარდა ამისა, მოქალაქე გვიანიძემ მიმართა პროკურატურას, კერძო საკუთრებაში შეჭრასა და სხვისი ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით დაეწყოთ მოკვლევა, ასევე გენინსპექციას, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა ერთი თვის მანძილზე მათგან რეაგირება არ მომხდარა.

ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს

„ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომანქანით ივლის ახალი წლიდან,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. მისი თქმით, აჭარის მთავრობის აპარატი ახალ პიკაპს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისთვის ყიდულობს. ამ თანამდებობაზე მუშაობს ავთანდილ ბერიძე მას შემდეგ, რაც ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის.

„მაქვს ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან, რომ ბატონმა ავთანდილმა მანქანით მომსახურებაზე წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს. ახალი ავტომანქანით ივლის აწი ავთანდილ ბერიძე უმაღლეს საბჭოში. აჭარის მთავრობა არსებული სოციალური ფონის მიუხედავად, განაგრძობს ფუიფუნებაში ცხოვრებას,“ – აღნიშნავს რეზო ხარაზი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის აპარატიდან, ასევე აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ავტომანქანების შესაძენად 226 ათასი ლარის გამოყოფა გააპროტესტა. მისი ინფორმაციით, ამ თანხით განათლების სამინისტრო ორს, ხოლო აჭარის მთავრობის აპარატი ოთხ ავტომანქანას შეიძენს.

„ბათუმელებმა“ თავად ავთანდილ ბერიძეს ჰკითხა, თუ მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ავტომანქანის შესყიდვის მოთხოვნით. უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ „ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს“ და რომ მას „ასეთი წერილობით განცხადება არ უნახავს“.

აჭარის მთავრობის აპარატში კი ირწმუნებიან, რომ ახალ ავტომანქანები, ზოგადად, აპარატის თანამშრომლებს მოემსახურება საჭიროებების მიხედვით და არა რომელიმე კონკრეტულ თანამდებობის პირს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აპარატი მხოლოდ ორი ავტომანქანის შეძენას აპირებს: 80 500 ლარად პიკაპის, ხოლო 48 700 ლარად – სედანს.

ბესიკ ლილუაშვილმა, აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თავად რეზო ხარაზის მიერ ბრიფინგზე გასაჯაროვებულ დოკუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც წერია, რომ მთავრობის აპარატი ორ მანქანას ყიდულობს და არა – ოთხს:

„ეს არის მორიგი ტყუილი და მცდელობა, შეიყვანონ საზოგადოება სიცრუეში. ეს არის დოკუმენტი… სადაც ნათლად ჩანს, თუ რამდენ „პიკაპზე“ იყო გამოცხადებული ტენდერი. რაც შეეხება „სედანს“ – „სედანზე“ ტენდერი არ შედგა, სამწუხაროდ, და ჩავარდა… რეზო ხარაზი მოეშვას ტყუილების ტირაჟირებას.

რაც შეეხება მანქანების საჭიროებას: საუბარია ერთ პიკაპზე და ერთ მე-2 კატეგორიის სედანზე. როგორც მოგეხსენებათ მთავრობა ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მაღალმთიან აჭარაში, იქნება ეს გაზიფიცირება, ელექტროფიცირება, კურორტ გოდერძის განვითარება, ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბის რეაბილიტაცია და ა.შ. ჩვენ ვდგავართ იმ საჭიროების წინაშე, რომ გვჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა და ამ საჭიროების წინაშე დავდექით სწორედ ნაციონალური მოძრაობის გამო. როდესაც ისინი მიდიოდნენ ხელისუფლებიდან, ყველა მაღალი გამავლობის ავტომობილი გაასაჩუქრეს“.

ორი ინვესტორი ქობულეთში – დეტალები, ჯერჯერობით, საიდუმლოა

ქობულეთში ორი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლის შესახებ გუშინ, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, განიხილება 180-ნომრიანი სასტუმროსა და  სპაცენტრის მშენებლობა. მინისტრმა თქვა, რომ, ჯერჯერობით, „მოლაპარაკებები არ დასრულებულა,“ ამიტომ არ გაახმოვანებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად, რომელ ნაკვეთებზე განიხილება ინვესტიციების განხორციელება და ვინ არის ინვესტორი.

მთავრობის სხდომაზე ფიჭვნარის ტერიტორია ახსენეს, თუმცა სხდომის შემდეგ მინისტრმა განმარტა, რომ ფიჭვნარის დაცულ ზონას პროექტები არ შეეხება.

რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან ექსპორტირებულია 16 901 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონაზე მეტი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს 700 ტონამდე ციტრუსის მიღებას გეგმავს. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი, 10 460 ტონა ციტრუსი რუსეთშია გატანილი; 3 745 ტონა – უკრაინაში;  2 201 ტონა – სომხეთში; 201 ტონა – უზბეკეთში; 132 ტონა – ყაზახეთში; 131 ტონა – ბელორუსიაში; 30 ტონა – პოლონეთში; 1 ტონა კი – ყატარში.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო მანდარინს 40–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ამზადებს, რომელთაც 30 000 ტონაზე მეტის მიღება-დახარისხება შეუძლია.

როგორც 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, წელს დიდი მოთხოვნა არასტანდარტულ მანდარინზე, რისგანაც კონცენტრირებულ წვენი მზადდება და მიეწოდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტზე გადის რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, აქედან 10 თეთრი სახელწიფო სუბსიდიაა.

 

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს – ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გუნდი არც აუქციონზეა გატანილი.

„დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ამბობს, რომ მათთვის კლუბის გაყიდვა მისაღებია, ასე გუნდი სახელმწიფოს ჩამოშორდება. „გუნდს საკუთარი ბაზა აქვს, სტადიონი შენდება, ბავშვთა სკოლა აქვს, ინვესტორისთვის დღესდღეობით მისაღებია ბათუმის „დინამო“. ადრე არ იყო ასე, ადრე მხოლოდ სახელი იყო. მოხარული ვიქნებით, რომ გაიყიდოს გუნდი“, – ამბობს ოთარ ფედიჩკინი.

ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა. მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ ბათუმის საფეხბურთო კლუბით უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის „კარპატის” ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი იყო დაინტერესებული, რომლის ქონება 3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. თუმცა კლუბი არ გაყიდულა.

საფეხბურთო კლუბი „დინამო“ ბათუმი 1923 წელს შეიქმნა.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონის“ შეხვედრა. ფოტო ბათუმის „დინამოს“ ფეისბუქგვერდიდან.

ბათუმის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ფრაქცია შექმნა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მეორე ფრაქცია შეიქმნა.  ფრაქციის სახელწოდებაა „ქართული ოცნება – მრეწველები“. ფრაქციის წევრები არიან ანზორ დევაძე, ომარ მახარაძე და დავით მახარაძე. 

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2 ათასი ლარი იქნება. „ეყოლება ერთი სპეციალისტი, რომლის ხელფასი 900 ლარი იქნება დარიცხვით. ფრაქციას ცალკე არ ეყოლება მანქანა და ფრაქციის წევრებიც საკრებულოს წევრისთვის გამოყოფილი სატელეფონო ხარჯით – თვეში 50 ლარი, ისარგებლებენ“-ამბობს ლელა ნემსაძე.

ფრაქციას ანზოდ დევაძე უხელმძღვანელებს. საკრებულოს სამივე წევრს „აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი განცხადების საფუძველზე უკვე შეუწყდათ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის სტატუსი, ნათქვმია საკრებულოს განცხადებაში.  

 

Exit mobile version