მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, 17 ვაკანტურ პოზიციაზე მერიაში, სადაც საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, კონკურსი განმეორებით ჩატარდება. მერს არ დაუკონკრეტებია დაახლოებით როდის გეგმავს კონკურსის გამოცხადებას. თუმცა განმარტა, რომ რამდენიმე სამსახურის ვერ დაკომპლექტების მიზეზი ამ სამსახურებში სახელფასო სარგოების ოდენობას უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ხელფასების გაზრდა არ იგეგმება:

„კონკურსის შედეგად რამდენიმე სამსახურის დაკომპლექტება მოხდა შიდა რესურსით – დაწინაურდა რამდენიმე თანამშრომელი. კონკურსი ჩავატარეთ მაღალი სტანდარტებით, რაც გულისხმობს სამეტაპიან შერჩევის პრინციპს. უმეტესობამ წერითი დავალება ვერ გადალახა. ცალკეული განყოფილებების დაკომპლექტების პრობლემას ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანებს არსებული შრომის ანაზღაურებით არ უღირთ წამოსვლა სამუშაოდ. მაგალითად, არქიტექტურის სამსახურში სპეციალისტის შრომის ანაზღაურება არის მაქსიმუმ 1400 ლარი. მაშინ, როდესაც კარგი არქიტექტორი ამ თანხას ალბათ ორ-სამ დღეში აკეთებს, არათუ თვის განმავლობაში. თუმცა, ეს ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ სამსახურები დავაკომპლექტოთ დაბალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით.“

28 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მერიაში 813 განაცხადი შევიდა. პირველ ეტაპზე მერიის საკონკურსო კომისიამ 281 განაცხადი გადაარჩია, მეორე ეტაპი – ტესტირება მხოლოდ ოცმა კანდიდატმა გადალახა. მესამე ეტაპზე – გასაუბრების შემდეგ კი 11 გამარჯვებული გამოავლინეს. კონკურსი 17 პოზიციაზე ჩაიშალა.

კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვერ დააკომპლექტა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებები. ამ მიმართულებით მერიას 11 ვაკანსიაზე ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული მხოლოდ უფროსის ვაკანსიაზე გამოავლინა, დანარჩენ 10 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. საკონკურსო კომისიამ ვერც ახალშექმნილი ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი და სპეციალისტები შეარჩია.

 

 

 

თორნიკე რიჟვაძე დავით გაბაიძესთან ნათესაობაზე: ჩვენი მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე ჰკითხეს, არის თუ არა ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ნათესავი.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ისინი ნათესავები არ არიან: „მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა“.

კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს მათ მუშაობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ეს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს არ შეგვიშლის“.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თორნიკე რიჟვაძის მეუღლე მაგდა მამულაძე და დავით გაბაიძის მეუღლე ნათია დიასამიძე, დეიდაშვილები არიან.

თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა.

დღეს, 20 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც.

ძაფის მწარმოებელი კომპანია „ჯეოფიბრე“ სისხლის უანგაროდ გაღების აქციას შეუერთდა

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“, – ამ სლოგანით მეტალიზირებული ძაფის მწარმოებელ კომპანია GEOFIBRE-ში სისხლის უანგაროდ გაღების აქცია გაიმართა. სისხლი ქარხნის მენეჯმენტმა და მუშებმა გაიღეს.

კომპანია „ჯეოფიბრეს“ თანამშრომელები სისხლის უანგაროდ გაღების აქციას შეუერთდნენ
კომპანია „ჯეოფიბრეს“ თანამშრომლები სისხლის უანგაროდ გაღების აქციას შეუერთდნენ

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ხელმძღვანელი შალვა ბაცაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლის უანგაროდ გაღება პოპულარული არ არის. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკა შეიცვლება:

„მედიცინის ყველა დარგი საჭიროებს სისხლს. ნებისმიერი ჯგუფის სისხლი საჭიროა. ასეთი აქცია ყველა კომპანიამ რომ ჩაატაროს, სისხლის პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდება.“

 შალვა ბაცაძე
შალვა ბაცაძე

„ჯეოფიბრეს“ მენეჯერის, იასინ ზერენის თქმით, კომპანიას საქართველოსთვის სასიკეთო საქმეების გაკეთება უნდა და სწორედ ამიტომ მიმართეს ბათუმის საავადმყოფოს ამ ინიციატივით:

„როცა თანამშრომლებს ამ იდეაზე ვუთხარი, ყველას მოეწონა და ბევრმა გამოხატა აქციაში ჩართვის სურვილი. გვინდოდა, რომ ადამიანებს გადარჩენაში ჩვენი სისხლით დავხმარებოდით.“

იასინ ზერენი, „ჯეოფიბრეს“ მენეჯერი

მისივე განმარტებით, კომპანია „ჯეოფიბრეს”, გარდა იმისა, რომ ასეულობით ათასი ლარი შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებშიც ხშირად მონაწილეობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს. ის ფიქრობს, რომ ბათუმში მოქმედი სხვა თურქული ბიზნესისთვის „ჯეოფიბრეს“ აქტივობები მისაბაძი იქნება:

„ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ხალხს გვერდით დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად, ასეც ვიქცევით. დარწმუნებული ვარ, ეს მაგალითი მისაბაძი გახდება და ისინიც უანგაროდ გაიღებენ სისხლს ადამიანების გადასარჩენად.“

სხვა თანამშრომლებთან ერთად სისხლი მერაბ მუმლაძემაც გაიღო. მისი სიტყვებით, სისხლის გაღება ადამიანებს არაფერს ვნებს, ხოლო ვისაც სჭირდება, სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება:

„ჩვენს ქარხანას უნდოდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა სიცოხლის გადარჩენაში და გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა. ჩვენი მცირედი წვლილით ადამიანები გადარჩებიან და ეს ძალიან კარგი საქმეა.“

„ჯეოფიბრეს“ თანამშრომლების ნაწილი
„ჯეოფიბრეს“ თანამშრომლების ნაწილი

მეტალიზირებული ძაფის მწარმოებელ კომპანია „ჯეოფიბრე“ საქართველოში 2014 წელს გაიხსნა და ამჟამად 160 ადამიანი  ჰყავს დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე თურქეთსა და ევროპაში გადის.

მეტალიზირებული ძაფი ტანსაცმლის, ასევე ხალიჩებისა და ფარდების წარმოებაში გამოიყენება. ასეთ ძაფს ისეთ კომპანიები იყენებენ, როგორიცაა “არმანი” და “ჰუგო ბოსი”.

GEOFIBRE-ს წარმოებული მეტალიზირებული ძაფები
GEOFIBRE-ს წარმოებული მეტალიზირებული ძაფები

 

„გოუ რობ, გოოოოოუ!” – რობერტ პლანტის კონცერტი შეკვეთილში

როკ-ენ-როლი სიყვარული, ცეკვა, მხიარულება და იმავდროულად დიდი პროტესტიცაა ყველაფერზე, რაც ამ სამს ოდესმე ხელს შეუშლის.
როკ-ენ-როლი არც სქესს და ასაკს ცნობს: ამაში რობერტ პლანტის კონცერტამდე ორი საათით ადრე, „ბლექ სი არენას“ ეზოშიც კი დარწმუნდებოდით. პლანტის მსმენელებს ასაკი არ აქვთ: ბაბუა-ბებიები, მშობლები და შვილები, შვილიშვილები: სასწაულის მომლოდინე სახეებით ყველა იღიმის. ყველა კარგ ხასიათზეა.

მსმენელი ჯერ ეზოში დასეირნობს, დარბაზიდან კი „ქაშმირის“ პირველი აკორდები გაკრთება დროდადრო: და და დამმმ, და და დამმმ, და და დამმმ! –  ხმას ამოწმებს პლანტი. ჩალისფერკულულებიანი ბიჭი, თითქოს ზემოთხსენებული თაობების პოსტერებიდან გადმოვიდა და შენს თვალწინ გაცოცხლდა.

დიდი საქმე, თუ პეიჯი პლანტთან აღარ უკრავს. დიდი საქმე, თუ ჯონ პოლ ჯონსიც არ იყო სცენაზე. დიდი საქმე, თუ ჯონ ბონემმა საერთოდაც ბენდი კი არა დედამიწა დატოვა და აღარ არის.

აქ პლანტია, მსმენელთან და როცა მღერის, მღერის თავგანწირვით, ისე, როგორც როკ-ენ-როლის უკანასკნელი, დაღლილი და ბევრისმნახველი მეფის სიმღერა წარმოგიდგენიათ.

რა მოხდა თუ Led Zeppelin-ი დაიშალა, როკ-ენ-როლი ხომ ერთი დიდი „მერე რა მოხდაა“ – გიჟური ცეკვა დიდი ნგრევების, ომებისა და სისასტიკის საპასუხოდ. გვეცვას ეს ფერადი მაისურები წარწერით: Led Zeppelin. Led Zeppelin. Led Zeppelin. თუ მკითხავენ, პლანტის გარდა კონცერზე რა ვნახე, ვუპასუხებ, რომ Led Zeppelin-ის იმდენი მაისური, რამდენიც ერთად არასდროს მინახავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ პლანტის ახალ პროექტს Robert Plant and Sensational Space Shifters-ი ქვია, მსმენელთა უმრავლესობას როკ-ვარსკვლავის ხსენებაზე პირველად მაინც Led Zeppelin-ის ასოციაცია აქვს. თუმცა გიტარისტის ლიამ ტაისონის და მევიოლინე სეთ ლეიტმანის სოლოებზე მსმენელს ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც თავის დროზე ჯიმი პეიჯის სოლოებზე ექნებოდა.

კონცერტზე ლეიტმანის ვიოლინოს სოლო-პარტიებმა პლანტის ტონალობა ირლანდიური მუსიკის ელემენტებით გააფერადა და ფოლკის რიტმებზე გაახურა მსმენელი.

რობერტ პლანტი Black Sea Arena-ზე

ყველაფერი სცადეს ბიჭებმა თითქმის ორსაათიანი კონცერტის სეტლისტი მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო.

„Going To California“, „Babe I am gonna leave you“, „Whole Lotta Love“  და ბევრი სხვა რამ დაუკრა ბენდმა ძველი რეპერტუარიდან. მსმენელი მთელი საღამო ცეკვავდა Sensational Space Shifters-ის რიტმებზე, თუმცა შიგადაშიგ ქაშმირის მოსმენის შეუძლებლობაზე მოწუწუნეთა ხმებიც გაისმოდა აქა იქ.

ყველა თავის საყვარელ სიმღერას ელოდა კონცერტზე, ძირითადად „ლედ ზეპელინის“ რეპერტუარიდან, თუმცა როცა Sensational Space Shifters-თან ერთად ჩაწერილი მეთერთმეტე ალბომიდან „Carry Fire“-დან პლანტმა რამდენიმე სიმღერა იმღერა, ზუსტად ის წყვილი აყვირდა მთელი ხმით და აღარ გაჩერდა, ვინც „უქაშმირობაზე“ წუწუნებდა ცოტა ხნის წინ.

„გოუ რობ, გოოოოოოოოუ!“

ოცზე მეტი სიმღერა თითქმის ორი საათის განმავლობაში, პაუზის გარეშე, დარბაზში მთელი ამ დროის განმავლობაში ცეკვა და ჟივილ-ხივილი არ შეჩერებულა, თუმცა ისევე როგორც ყველაფერი, რაც ძალიან გიყვარს, პლანტის კონცერტიც „ცოტა იყო” და გინდოდა მთელი ღამე გაგეგრძელებინა ცეკვა. საღამო დასრულდა სიმღერით „Whole Lotta Love”. უასაკო რობერტ პლანტმა აპლოდისმენტების დასასრულს სცენა ხტუნვა-ხტუნვით დატოვა.

დაგვიტოვა ასევე დიდი საიდუმლოს პატარა გასაღები: ხელშესახები შეგრძნება იმის, რომ დრო და ასაკი ქრება, თუ გემღერება, თუ ცეკვა მთელი გულით გიყვარს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღეს, 20 ივლისს, უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც.

„გუშინ ბევრი საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ ამომწურავად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ვალდებულება, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ [შევხვედროდით ფრაქციის წევრებს]. რეფორმები გატარდება მმართველობის კუთხით, კომუნიკაცია უნდა იყოს არამარტო მოსახლეობასთან, არამედ ინსტიტუციებთან. გადაწყვეტილი გვაქვს ოპტიმიზაცია განვახორციელოთ უწყებებში და მცირე მთავრობის კონცეფციაც იქნება მიღწეული“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ახალი მთავრობის პრიორიტეტი იქნება სპორტული ტურიზმი და აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდობის პოტენციალის გამოყენებაზე. თორნიკე რიჟვაძემ სამომავლოდ ტექნოპარკზე და საგადასახადო შეღავათებზეც ისაუბრა.

შეხვედრა ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გუშინ, 19 ივლისს, უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს მოუსმინეს. სხდომაზე იმყოფებოდნენ ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები.

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში / ფრაქცის „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მომავალი მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს ხვდება / 20.07.2018 / ფოტო: ლელა დუმბაძე

„ბათომი“ ახალ პროექტს იწყებს – მერია თანამშრომლობისთვის მზადაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“, რომელიც უკვე წლებია კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქმშენებლობის საკითხებზე მუშაობს, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა.

„ბათომის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ერთიანი და მდგრადი ურბანული პოლიტიკა შემუშავდება. პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინტიტუტის“ ხელშეწყობით განხორციელდება და 14 თვეს გაგრძელდება.

„ბათომის “ წევრები მიიჩნევენ, რომ ქალაქმშენებლობის საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას და თანმიმდევრულ მუშაობას საჭიროებს. მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების, მოქალქეებისა და მედიის მაქსიმალური  ჩართულობა იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომ ბათუმის ურბანული განვითარება უკვე წლებია ქაოტურად მიმდინარეობს.

„პრაქტიკულად, ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის განაშენიანება ყოველგვარი რეგულაციების, წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკისა და სტანდარტების უგულებელყოფით მიმდინარეობს. ურბანული პოლიტიკა, სრულად  მორგებულია მხოლოდ მენაშენეთა ინტერესებზე, რამაც ბათუმი ურბანული კატასტროფის წინაშე დააყენა.

ქალაქს ბევრი მიმართულებით შეექმნა პრობლემები [პარკინგი, გამწვანება, ვენტილაცია, უსაფრთხობა და ა.შ.] თუმცა ყველაზე მეტად ქალაქში კულტურული მემკვიდრეობა და ბათუმის ისტორიული შენობები დაზიანდა. პრაქტიკულად განადგურდა ისტორიული ბათუმური ბელეტაჟები. ქალაქის  ისტორიულ უბანში აიგო შეუსაბამოდ მაღალი და მასშტაბური შენობები, რამაც სრულად დაარღვია ბათუმის ისტორიული უბნების ურბანული ქსოვილი, მისი დინამიკა. მეორეს მხრივ, ფიზიკურად გაანადგურა რიგი კულტურული თუ ისტორიული შენობები.

მიუხედავად არსებული მძიმე შედეგებისა, ქალაქში მშენებლობის ნებართვების გაცემა კულტურული თუ ისტორიული კონტექსტის გაანალიზებისა და გათვალისწინების გარეშე  გრძელდება, რადგან არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა. აუცილებელია ქალაქის ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჭრილში განხორციელდეს და შეიქმნას ერთიანი პოლიტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებს შესაბამისი უწყებები“. – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც „ბათომმა“ დღეს მერიასთან შეხვედრამდე გაავრცელა.

დღეს, 20 ივლისს ბათუმის მერიასა და „ბათომს“ შორის პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მისი მოადგილეები და ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ, შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან პროექტში.

შეხვედრაზე მერმა ლაშა კომახიძემ ისაუბრა იმ ცვლილებებზე ქალაქის სამშენებლო რეგულაციებში, რაც უკვე განხორციელდა და რაც იგეგმება. მერი შეეხო ასევე უახლოეს მომავალში  სივრცით- ტერიტორიული სქემის მომზადებაზე ტენდერის გამოცხადების საკითხს. მისი თქმით, „ბათომის“ პროექტი ამ პროცესს დაეხმარება და მზადაა ითანამშრომლოს: „ გილოცავთ და ვულოცავ ჩემს თავს ამ პროექტს“.

„ბათომის“ თავმჯდომარის ნინო ინაიშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მოიწვევს სპეციალისტებს, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების სპეციალისტებს: „იქნება დისკუსიები და სხვადასხვა აქტუალური საკითხის საჯარო განხილვა“.

საბოლოოდ ორგანიზაცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაციებისთვის.

სამძიმარი არ იქნება – ტრანსგენდერ ქალს ექსპერტიზის ბიუროდან სასაფლაოზე გადაასვენებენ

24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ლიკა, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვდა, გუშინ, 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. მისი ცხედარი ბათუმის სამხარაულის ბიუროშია ექსპერტიზაზე და ოჯახის წევრის განცხადებით, ლიკას პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენებენ სასაფლაოზე, სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე.

ლიკას ბებია ამბობს, რომ ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს, გარდა ამისა, ლიკა მძიმედ იყო ავად და მისი სახლში გადასვენება სხვებისთვის შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს. თუმცა, ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რაიმე დაავადების გადადების საფრთხე გამორიცხულია.

ლიკას საავადმყოფოში ძირითადად ბაბუა უვლიდა. „ბაბუას დავურეკე, როცა ძალიან გამიჭირდა და ის მოვიდა, ის მივლის“, – ამბობდა ლიკა.

ლიკას ბაბუა ამბობს, რომ არაფერი იცის ლიკას დაკრძალვის შესახებ, რადგან მას არაფერს ეუბნებიან. „თვენახევარია ვუვლიდი. მანამდე, ხუთი წელი არაფერი ვიცოდი მასზე. თვითონ დამირეკა. ჩემი შვილი და დედამისი გაშორებულები არიან. ჩემს შვილს [ლიკას მამას], რომ დავურეკე, მითხრა, მაგაზე არ დამირეკოო, მის შვილზე. ვეღარ მოვა ეგ ჩემთან“.

ლიკა ჰყვებოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე 6 წლის ასაკში იძალადეს მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა. ამ დანაშაულისთვის, ლიკას თქმით, არავინ დასჯილა, რადგან დააშინეს და ძალადობის შესახებ მაშინ არაფერი უთქვამს.

ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში ამბობენ, რომ ლიკას სიცოცხლის ბოლო დღეებში საავადმყოფოში ლიკას დედა და ბებიაც უვლიდა.

ლიკას ბებიას თქმით, ლიკას კაცის ტანსაცმლით დაკრძალავენ.

ტრანსგენდერი ქალის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია ორი კვირის წინ მოამზადა.

მთავარ ფოტოზე: ლიკას პალატა, დათუნია, რომელიც ლიკას ბაბუამ აჩუქა. ჯაბა ანანიძის ფოტო 

ამავე თემაზე გირჩევთ

რას ჰყვება ბაბუა, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე – ათი პირიდან ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა

„ჩვენ ვართ ბრალდებულები, არ მოგვმართოთ სახელებით“ – ეს იყო ბრალდებულების მოთხოვნა მოსამართლისადმი. 19 ივლისს, გვიან საღამოს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 10 პირის მიმართ აღკვეთი პროცესი. ყველა მათგანის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს არ გამოეყენებინა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება – ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოსამართლემ ათივე პირი პატიმრობაში დატოვა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

დღეს ბადრაგმა სასამართლო დარბაზში მხოლოდ ცხრა დაკავებული შემოიყვანა. მათ შორის ერთ-ერთი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა [ამ პირის მეუღლის თქმით, ის ონკოპაციენტია და მძიმედ არის ავად]. სასამართლოს გისოსებში მოთავსებიდან მალევე ბრალდებული ცუდად გახდა და მანდატურებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ამის შემდეგ სამმა ბრალდებულმა მოსამართლეს აცნობა, რომ აღარ დაესწრებოდნენ სასამართლოს და პროცესი მათ გარეშე გაგრძელებულიყო.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება ივანე გეგიაძეს აქვს წაყენებული – პროკურატურის თქმით, ის ქურდულ სამყაროში ცნობილია როგორც ბაადურ ფრანგიშვილი, რასაც ადვოკატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს დაკავებულის დედის გვარია. საქმის მასალების მიხედვით, ის შეხვდა მოქალაქე რ.ც-ს, ტელეფონით დააკავშირა მინდია ლავასოღლის და ქურდულს სამყაროსთვის თანხის ჩარიცხვას აიძულებდა. რ.ც-მ ლავასოღლის და გეგიაძის მოთხოვნა თანხის დროულად ჩაბარებაზე თავის ნაცნობ სხვა კანონიერ ქურდს გააუქმებინა. ამან გააბრაზა მინდია ლავასოღლი და კიდევ ერთი მასშტაბური საქმის გარჩევა გაიმართა. საქმის მასალების მიხედვით კ-ც-ს 20 ათას ლარს სთხოვდნენ.

მსგავსი ბევრი ისტორია ამოიკითხა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა სხვა დაკავებულ პირებთან დაკავშირებითაც. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოში და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ამ ყველაფრის ორგანიზებას პროკურატურა საზღვარგარეთ მყოფ მინდია ლავასოღლის ედავება [ბოლო დრომდე ამ პირის ოფიციალური სახელი და გვარი იყო მინდია გორაძე. აღმოჩნდა, რომ  მან გვარი შეიცვალა]. საქმის მასალების მიხედვით, ლავასოღლის დავალებით მხოლოდ ფულთან დაკავშირებულ საქმეებს არ არჩევდნენ. მის მიერ გარჩეული საქმეების ჩამონათვალში შედის „განაბობის“ მინიჭების საკითხი. ის ერთ-ერთი პირისგან მოითხოვდა „განაბობის“ მოსაპოვებლად სხვა ქურდებთან არ მისულიყო.

დაკავებულებს შორის მინდია ლავასოღლი ერთადერთია, ვინც დღეს სასამართლოში არ მოუყვანიათ, ის უცხოეთში იმყოფება.

„ქურდი არ არის მინდია ლავასოღლი. მის მიმართ ბრალდება არის კოპირებული, რადგან ზუსტად ამ ბრალდებით მიდის საქმის განხილვა მის მიმართ სხვა სასამართლოში. ეს ადამიანი სახელმწიფომ გააძევა ქვეყნიდან. თავადაც სურს დაესწროს ყველა სასამართლო პროცესს, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება“, – უთხრა მოსამართლეს ლავასოღლის ადვოკატმა.

პროცესს ესწრებოდა აჭარის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. ადვოკატებმა თქვეს, რომ ის ორი წელია არც ერთ პროცესს არ დასწრებია და მისი სასამართლოში გამოჩენა იმითი აიხსნება, რომ ეს „პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია“.

დაკავებულების ადვოკატები [სულ 11 ადვოკატი] თვლიან, რომ ეს დაკავება იყო შოუ, რომელიც ახალ პრემიერს, პროკურორს და აჭარის ახალ მთავრობას სჭირდება. კიდევ ერთი ადვოკატი კი თვლის, რომ ეს დაკავება დაკავშირებულია საპრეზიდენტო არჩევნებთან. წაყენებულ ბრალს არც დაკავებულები აღიარებენ.

სასამართლო პროცესს ყველა მსურველი ვერ დაესწრო

დღევანდელი სხდომა ბათუმის სასამართლოს ყველაზე დიდ – 55 ადამიანზე გათვლილ დარბაზში გაიმართა, სადაც დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა, თითქმის ორჯერ მეტმა ადამიანმა კი სასამართლო დარბაზში შესვლა უადგილობის გამო ვერ მოახერხა.

პროცესის მიწურულს კიდევ ერთხელ გახდა სამედიცინო ბრიგადის გამოძახება საჭირო – ამჯერად სხვა ბრალდებულმა დაკარგა გონება, რამაც სასამართლო დარბაზში დიდი ხმაური გამოიწვია. მოსამართლემ შესვენების გამოცხადების გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ბრალდებულებს განუმარტა თუ რა ზომის სასჯელი ელით ამ წლის 18 აპრილიდან, კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული გამკაცრებული კანონის პირობებში. ბრალდებულებს ძირითადად ორი მუხლი აქვთ წარდგენილი – 223​-1 მუხლის მეორე ნაწილი – „კანონიერი ქურდობა“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 15 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ და 223-​2 მუხლი -„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10-წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

სასჯელის სიმკაცრეზე მოსამართლის განმარტებას ერთ-ერთი ბრალდებული რეპლიკით გამოეხმაურა – „გვხრიტავენ“. „არა, აქ [კანონში] მსგავსი არაფერი წერია“, – უპასუხა მას მოსამართლემ.

დაკავებულების უმრავლესობა, თუ წარდგენილი ბრალი დაუმტკიცდებათ, სწორედ ამ ვადით დარჩება ციხეში.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ბრალდებულების საპატიმრო დაწესებულებაში დატოვების შესახებ გამოაცხადა, [ლავასოღლის დაუსწრებლად] მათ დამატებითი რჩევებიც მისცა:

„ჩემს მაგიდაზე არ დევს დაცვის მხარის არც ერთ მტკიცებულება, იყო მხოლოდ ემოციები. ამიტომ წარმოადგინეთ სასამართლოში მტკიცებულებები… მიმალვის საფრთხეს არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე – ყველაზე პირველი რაც ჩანს, ეს არის ფორმა მათთან ურთიერთობის.“

მოსამართლემ ისაუბრა ადვოკატების განცხადებაზეც, რომ რამდენიმე ბრალდებული მძიმედ არის ავად. მან დაცვის მხარეს ურჩია ჩაატარონ ექსპერტიზა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ბრალდებულები  სხვადასხვა ასაკი კაცები არიან: ყველაზე უფროსი – 62 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი 26 წლის.

ბრალდებულები არიან:

  • მინდია ლავასოღლი
  • იმედა აბაშიძე
  • ივანე გიგიაძე
  • შოთა კეკელიძე
  • მარად წითელაძე
  • ბეჟან დეკანაძე
  • ბადრი ქობულაძე
  • რამაზ კომახიძე
  • გიორგი შავლიძე
  • ჯამბულ ნაკაშიძე

„95 წლისაც რომ გახდეს, მაინც იქნება ბიჭი, რომელიც თაობებს ჩაუძვრა სულში“

რობერტ პლანტის კონცერტის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შეკვეთილში, „ბლექ სი არენასათან“ ხალხი უკვე შეიკრიბა, ლეგენდარული მომღერლის მსმენელები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ უცხოეთიდან არიან ჩამოსული.

მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი რობერტ პლანტის კონცერტზე თბილისიდან დღეს ჩამოვიდა, რამდენიმე მეტრის იქეთ რობერტ პლანტი ასწორებს ხმას ინსტრუმენტებზე და ნაცნობი სიმღერების ნაწყვეტები ისმის. ანა კონცერტამდე საკუთარ მოლოდინებსა და შეგრძნებებზე ყვება:

„რობერტ პლანტი არის კაცი, რომელმაც შექმნა უამრავი ადამიანის ბიოგრაფია, მათ შორის ჩემიც, ისე, რომ თვითონ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს. თუ ჩემში სამნახევარი ადამიანური თვისება მაინც არის, აწედან ერთნახევარი როკ-ენ-როლისგან, რობერტ პლანტისგანაა. 95 წლისაც რომ გახდეს ეს ბიჭი, მაინც იქნება ბიჭი, რომელიც თაობებს ჩაუძვრა სულში.

ვინც ფიქრობს, რომ ასაკშია და ისე ვერ მღერის, როგორც 70-იან წლებში, მათ ვეტყოდი, რომ მკვდარი ლომი სჯობს ცოცხალ ძაღლს. წარმოგიდგენიათ? ჩექსაუნდის [ხმის შემოწმების] დროს ქაშმირის ხმა მომესმა ახლა, რაც იმას ნიშნავს რომ აქვე ახლოს პლანტია, კაცი, რომელიც 45 წელია მიყვარს. დღეს აქედან უამრავ გაგიჟებულ ადამიანს გაიყვანენ და პირველი ალბათ მე ვიქნები“. 

რობერტ პლანტის კონცერტი საქართველოში „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ ფარგლებში იმართება.

გასართობი ღონისძიებები ბულვარის კოლონადებთან [ანონსი]

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, 20 ივლისს, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკაზე სპეციალური სივრცე მოეწყობა. ბულვარის მიერ გაწერილი პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ქორეოგრაფიული, მუსიკალური შოუები და გასართობი თამაშები. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფოტოსესიებსა და ქვიზ-შოუში. გაიმართება ერთდროული თამაშები დიდოსტატთან. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება.

ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ამ ღონისძიებას 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ფიდე-ს რეგიონული წარმომადგენლობაც შეურთდება.

„ოლიმპიადის კუთხესთან, ყველა მსურველს ექნება საშუალება ითამაშოს ჭადრაკი, გაეცნოს ოლიმპიადის შესახებ სხვადასხვა ფორმატის ინფორმაციას და გაესაუბროს საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს. დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან აჭარის სპორტისა და მოჭადრაკეთა სხვადასხვა თაობის წარმოადგენლები“ – აცხადებენ „ბათუმის ბულვარში“.

მიმდინარე წელს ბათუმში, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4000-ზე მეტი მონაწილე იასპარეზებს.

მერია: კოლონები უნდა ამოიღოს – „ევრო პარკი“ ბუნგალოს აკვაპარკთან უნებართვოდ გეგმავდა

ბათუმის პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარედ უნებართვო სამუშაოები შპს „ევრო პარკმა“ დაიწყო. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებამ კომპანია უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამო გააფრთხილა. კომპანიამ მითითებულ ვადაში პლაჟიდან ხიმინჯები უნდა ამოიღოს და ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული  ჯარიმა დაეკისრება.

„ჩვენ ვაწარმოეთ მოკვლევა, გვაინტერესებდა რაიმე ნაბართვა იყო თუ არა გაცემული, გავიდა თუ არა კომპანია იჯარით გადაცემული ტერიტორიის გარეთ და ასე შემდეგ. კოლონები ჩადგეს პლაჟზე, რაც სასტიკად აკრძალულია, პლაჟის ტერიტორიაზე კოლონების ჩამოსხმა არ შეიძლება. ამაზე ნებართვას არ გასცემს მუნიციპალიტეტის მერია. მივეცით მითითება, უნდა ამოიღოს ეს კოლონები, ისინი ისეა ჩამოსხმული კუბიკებად, შეიძლება მათი ამოღება“, – განმარტა მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია აკვაპარკის მიმდებარედ პლაჟზე ბუნგალოს მოწყობას გეგმავდა.

შპს „ევრო პარკი“ საქართველოში 2010 წელს კვიპროსში დარეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა.

წარმატებული ტურისტული სეზონი აჭარაში

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. რეგიონში უცხოელი ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ივნისის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებშიც. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი გამორჩეული იქნება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სულხან ღლონტი.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სულხან ღლონტი.

რეგიონში ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო აქტივობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც აქტიურ ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, საბორტო/სამოგზაურო ჟურნალისტებში სარეკლამო სტატიების განთავსებასა და სატელევიზიო რეკლამას ითვალისწინებს.  წელს, განსაკუთრებით გამორჩეული იყო აჭარის რეკლამირება, რადგან რეგიონის საიმიჯო ვიდეო რგოლები ტრიალებდა საერთაშორისო მედიაკომპანიების ეთერით, რაც აჭარას პოპულარიზაციას  195 ქვეყანაში უწევდა.

„წელიწადნახევრის მანძილზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ძალიან ეფექტური სარეკლამო კამპანია აწარმოა, როგორც ჩვენთვის ტრადიციულ, ასევე ახალ სარეკლამო ბაზრებზე. CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELE – იმ საერთაშორისო სატელევიზიო პლატფორმების ჩამონათვალია, სადაც ბოლო პერიოდში რამდენიმე ენაზე ხდება ჩვენი ტურისტული პროდუქტების გაცნობა მილიონობით მაღალგადახდისუნარიანი აუდიტორიისთვის. ამას ემატება ასობით პრეს და ინფოტური, რომელიც რეგიონში განხორციელდა ჩვენი უშუალო ორგანიზებითა და ხელშეწყობით. პრესტურების ძირითადი მიზანი არის, სხვადასხვა ქვეყნის მედიის, პოპულარული გადაცემების, ბლოგერების (და სხვა დაინტერესებული სუბიექტების) მოწვევა რეგიონში და მათი თვალით დანახული ჩვენი რეგიონის პოპულარიზაცია მათივე ქვეყნების ადგილობრივი სატელევიზიო თუ სხვა ტიპის მედია საშუალებებით, რომელიც ეფექტურად ხორციელდება დღემდე და მას  ყოველთვის აქვს შედეგი. ინტერნეტ კამპანია 14 ქვეყანაში და Outdoor კამპანია ჩვენი სამიზნე ქვეყნების 32 დიდ ქალაქში. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სარეკლამო ღონისძიებებისა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ტურიზმის დეპარტამენტის მიერ. კამპანიები სხვადასხვა ინტენსივობით მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს და მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქის, ასევე ჩვენი ტურისტული პროდუქტების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას. სახელმწიფო და ტურიზმის სექტორის  მუშაობის შედეგიც სახეზეა, ორი კვარტლის მაჩვენებლით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 23%-იანი მატება გვაქვს, ბათუმის აეროპორტში კი 46%-იანი ზრდა.  საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილება, დღეში 5-ჯერ შესრულდეს რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით განპირობებულია სწორედ იმით, რომ უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა ტურისტების მხრიდან ჩამოვიდნენ ბათუმში და მოინახულონ ჩვენი კუთზე.“-  ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სულხან ღლონტი.

სერვისი

რეგიონში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით 2018 წელს წინა წლის მსგავსად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 400-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული კადრი გადაამზადა. მათ შორისაა გიდები ქალაქის ტურის, ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით, ასევე, რეგიონში არსებული 80 განთავსების ობიექტის 300 თანამშრომლები სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით. წელს, პირველად ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი ჩაუტარდა კურორტ გოდერძზე არსებული ტურისტული ობიექტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს. ასევე მზადდება სპეციალური სასწავლო კურსი, რომელიც იმიტირებული სტუმართმასპინძლობის სცენებით დაიდგა და საკომუნიკაციო ინგლისური ენის შესწავლას გაუადვილებს აჭარის მთაში სასტუმრო სახლის მფლობელებს.  2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში,  აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.

ტურისტული პროდუქტების განვითარება

ბოლო სამი წელია, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების განვითარება-პოპულარიზაციისთვის, რათა  ზღვაზე ჩამოსულმა ტურისტებმა მთიან აჭარაშიც იმოგზაურონ. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 5 ტურისტული მარშრუტის განვითარებაზე მუშაობს, რომელთა შორის სამი ახალია:

[checklist]

  • ჩირუხი- ხიხანი- გოდერძის წრიული მარშრუტი ( ერთი 3 დღიანი და 2  მოკლე წრიული მარშრუტები)
  • გოდერძის- მწვანე ტბა- შავი ტბა- დანისპარაული წრიული მარშრუტი
  • ხულო- თაგო -სხალთის საფეხმავლო მარშრუტი

[/checklist]

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება/პოპულარიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.  დღემდე მთიან აჭარაში 15-მდე სხვადასხვა თემატიკის ტურისტული მარშრუტის განვითარება მოხდა, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით სააგენტომ ბოლო ორ წელში 700-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.

სტატისტიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობები დადებითად აისახა ვიზიტორების სტატისტიკაზე. 2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების  808, 437 ვიზიტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც 6 თვეში ვიზიტების 45%-იანი მატებაა.

6 თვის მონაცემებით, ვიზიტორების მატებაა რეგიონში არსებულ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში.  ბათუმის ბოტანიკური ბაღი (+20%), დელფინარიუმი (+22%), საბაგირო (+16%), მტირალას ეროვნული პარკი (+48%) და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი (+72%) აჭარაში იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს არის ჩვენი ეკონომიკისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ბიზნეს ჯგუფებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. დღეს, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აჭარისთვის ამ ეტაპზე ტურიზმს ალტერნატივა არ აქვს. არ არსებობს სხვა სფერო, სადაც იმდენი ადამიანია დასაქმებული (პირდაპირ ან ირიბად) რამდენიც ტურიზმში. ფაქტია, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალი იძლევა აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს. გოდერძისა და გომარდულის, ზოგადად მთიანი აჭარის, ასევე დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების , სპორტული  და სხვა ტიპის ტურიზმის თანმიმდევრული და სწორი განვითარების შემთხვევაში ჩვენი მიზნის განხორციელება – აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს ისეთივე მიმზიდველი ტურისტებისთვის, როგორიც ზაფხულშია სრულიად შესაძლებელია, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ახლა ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით თანმიმდევრული განვითარება მხოლოდ დროის და სწორი მენეჯმენტის საკითხია. უკვე მიმდინარეობს მუშაობა 2018-2025 წლების ტურიზმის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე. ეს არის ზუსტად ის სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფოს ხედვას,  კერძო სექტორისა და ინდუსტრიაში ჩართული მხარეებისთვის პროგნოზირებადს გახდის რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“-  განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სულხან ღლონტმა.

თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო

საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ტრაპიზონში, ქართველი მძღოლების აქციასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თურქული მხარე, შეთანხმებისამებრ, არ აპირებს ქართული მანქანების დაჯარიმებას 2018 წლის 31 ივლისამდე. თუმცა, ლიმიტირებულია იმ მანქანების რაოდენობა, რომლებსაც თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქული მხარე ელოდება საქართველოსა და აჭარის ახალი მთავრობების ფორმირების პროცესის დასრულებას, რის შემდეგადაც კიდევ უფრო გააქტიურდება მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, მგზავრთა გადაყვანის საკითხების დარეგულირებაზე.

საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში აცხადებს, რომ მათი „რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია და თურქულმა მხარემ რომც მოინდომოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს – საჭიროა ცვლილებები კანონში“.

Mini Van-კლასის მანქანების მძღოლებმა დღეს, 19 ივლისს, აქცია გამართეს სარფში და თურქული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს მცირე ხნით არ აძლევდნენ ავტომაგისტრალზე გდაადგილების საშუალებას. გზა საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა. მძღოლების მოთხოვნა იყო და არის, რომ ქართველ მძღოლებს, რომელთაც საქართველოდან თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, მუშაობის საშუალება მისცენ.

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ტრაპიზონში თურქეთის ტერიტორიაზე Mini Van-კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ“ ხელშეკრულებით – კლასი „M1“ [Mini Van], კატეგორია „В“, მგზავრთა რაოდენობა [7+1] – ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.

ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წლიდან დღემდე სანქციები არ გამოიყენებოდა საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, მაგრამ საჩივრების საფუძველზე, ბოლო პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანები, რომლებიც ეწეოდნენ უნებართვო მგზავრთა გადაზიდვას საქართველოდან თურქეთში.

თურქეთში არსებული რეგულაციების თანახმად, უნებართვო კომერციული საქმიანობა და მგზავრთა გადაყვანა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით 1003 თურქული ლირის ოდენობითა [180 ევრო] და 15 დღით ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანით.

არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით, გენერალური საკონსულო კვლავაც აგრძელებს მუშაობას ართვინის ვილაიეთის გუბერნატორის შესაბამის სამსახურებთან და მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ერთი თვის განმავლობაში დაკავებული იქნა 7 ავტომანქანა, აქედან დღეისათვის 5 სატრანსპორტო საშუალება გამოსულია საჯარიმო სადგომიდან და დაბრუნდა სამშობლოში.

გენერალური საკონსულოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ არსებული სიტუაციისა და ორი მეგობარი ქვეყნის განსაკუთრებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ართვინის ვილაიეთის გუბერნატორმა [საქართველო-თურქეთის სასაზღვრო კომისარი] ბატონმა ომერ დოღანაიმ [Ömer Doğanay] დადებითად განიხილა ამ კატეგორიის ავტომანქანების დაჯარიმების დროებით შეჩერების საკითხი.

ამასთანავე, არსებული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გენერალურ საკონსულოს მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან ზემოხსენებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და Mini Van-კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაციების დაწესების თაობაზე“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქული მხარე მზადაა შესაბამისი შეთანხმების მიღწევამდე, არ დააჯარიმონ Mini Van-კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, თუმცა, მათ უკან, საქართველოში დააბრუნებენ. საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა აღნიშნული ტრანსპორტით საქართველოდან თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ.

ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან.

პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებ  და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებ გაცილებას უზრუნველყოფენ.

საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით  48 ბენეფიციარი ისარგებლებსერთი ასისტენტი ექვს ბენეფიციარს მოემსახურება დათითოეულს კვირაში ორჯერ გაუწევს დახმარებას

პროგრამა საპილოტეა და წელს პირველად ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარს შეადგენს.

 

თორნიკე რიჟვაძის მამამ ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის მამაა.

დავით რიჟვაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა, მანამდე იგი ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა, 2017 წელს კი შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

დავით რიჟვაძის შესახებ „ბათუმელებმა“ 2015 წელს მოამზადა სტატია. დავით რიჟვაძე 2014 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით იყო ბრალდებული თავის კოლეგასთან, არჩილ ანთაძესთან ერთად.

საქმე ეხებოდა 2014 წელს, ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შესულ შეტყობინებას – მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული – შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა.

დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება. ამის მიუხედავად, ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.

____________

მთავარ ფოტოზე: დავით რიჟვაძე 

აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში

ოთახში მიყოლებით შემოდიან, მერხებთან სხდებიან და შესცქერიან თავიანთ მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც მათ აფხაზურ ენას ასწავლის. მწვანე დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან ასოები და ისმის ბგერები, რომელიც აფხაზმა გოგონებმა დაბადებიდან 16-17 და კიდევ უფრო დიდი ხნის შემდეგ, პირველად წარმოთქვეს.

თანამედროვე, ბათუმელი აფხაზებისთვის აფხაზური „ბაბუების ენაა“, რადგან ამ ენაზე საუბარი მხოლოდ მათგან ესმით ან ესმოდათ. აფხაზურად ვეღარ საუბრობენ დედები და მამები, ვეღარც შვილები. თუმცა არიან ოჯახები, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მშობლიური ენის კვალი.

ნათია ხოხბა  ბათუმში დაიბადა.  აქ დაიბადნენ მისი მშობლებიც. მამამ აფხაზური არ იცის. „იშვიათად საუბრობდა ბაბუაც, თუმცა ის ადრე გარდაიცვალა და ვერ შეძლო, რომ ჩვენთვის მაინც ესწავლებინა რაღაც“, – გვეუბნება ნათია.

ნათია სწავლის გაგრძელებასაც საქართველოში აპირებს. მიაჩნია, რომ დღეს  ქართულ კულტურაში უფრო ადვილია მისთვის ცხოვრება და ადგილის დამკვიდრება, ვიდრე სხვაგან, რადგან აქ დაიბადა და გაიზარდა.

ნინო ხოხბა
ფოტო: ლელა დუმბაძე

ნათიას და ნინო უკვე სტუდენტია. ისიც ბათუმში დაიბადა. სოხუმში პირველად 16 წლის ასაკში ჩავიდა და კიდევ აპირებს. ნინო იმ ემოციას გვიზიარებს, რომელიც სოხუმში პირველად ყოფნისას განიცადა.

„როცა სახლის კარი შევაღე, ასე მეგონა მე-19 საუკუნეში ვიყავი. ძველი სახლი, ძველი ნივთები, ვეხებოდი და ცრემლებს მგვრიდა ეს ყველაფერი იმის გამო, რომ არ შემეძლო დიდხანს დარჩენა იქ, რასაც ჩემი სახლი ჰქვია“.

ნინო გვიყვება სევდაზე, რომელიც სოხუმის ნახვის დროს გაუჩნდა. „დანგრეული სახლები, დაბომბილი ეზოები, ძველი გადამწვარი მანქანები… სოხუმში თითქოს დრო გაჩერდა. არანაირი განვითარება, არანაირი იმედი. როცა ბათუმიდან ჩადიხარ, კიდევ უფრო მძიმე აღსაქმელია იქ ყველაფერი“.

ნინო ამბობს, რომ აფხაზი ახალგაზრდები ცდილობენ სასწავლებლად ან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდნენ და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს აფხაზეთის მომავალზე.

„მამა მეუბნება, რომ სწავლის დასრულების შემდეგ იქნებ სოხუმში წავიდე და იქ ავიწყო კარიერა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. სოხუმში ქართულად ვერ ვისაუბრებ, ან რუსულად უნდა ვიკონტაქტო ან აფხაზურად. სწავლაც რუსულ ენაზე მომიწევს, რაც არ მინდა.

მე ჩემს მომავალს აქ, ბათუმში, საქართველოში უფრო ვხედავ. ახლა სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიით დასაქმებასაც შევძლებ“.

აფხაზი გოგო განათლებასა და ტრადიციებზე

სოფო ჩინბაც ბათუმში დაიბადა. ახლა  23 წლისაა, უნივერსიტეტი დაასრულა და მუშაობს.

სოფო მიიჩნევს, რომ საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად ენა მნიშვნელოვანია, თუმცა გლობალიზაციას თავისი გამოწვევები აქვს. „ნათესავები და მეგობრები ვინც აფხაზეთში მყავს, რუსულად საუბრობენ და მეც ამ ენაზე ვესაუბრები მათ. შიგადაშიგ აფხაზურ სიტყვებსაც მასწავლიან, მაგრამ როცა განსხვავებულ კულტურულ გარემოში იზრდები და ცხოვრობ, იდენტობის შენარჩუნება რთულია“.

სოფო ამბობს, რომ დრო და სურვილი ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობს. „ბავშვობაში რომ მქონოდა შანსი, უკეთესი იქნებოდა. ახლაც მინდა, მაგრამ ვერ მივატოვებ სამუშაოს ან ბევრ სხვა რამეს, მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზური ვისწავლო“.

სოფოს ოჯახში აფხაზურად მხოლოდ ბაბუა საუბრობდა, „ისიც იშვიათად, ამიტომ ენა ვერ შევინარჩუნეთ“.

მაგდა ქუთელია
ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმში დაიბადა მაგდა ქუთელიაც. ის ამბობს, რომ „აფხაზობას ვერ გრძნობს, რადგან ვერ საუბრობს და წერს აფხაზურად. ის, რომ აფხაზია, მხოლოდ გადმოცემით, ბაბუასგან, მამისგან ესმის: „მხოლოდ წარმოსახვაში ვიცი, რომ აფხაზი ვარო“.

კიდევ იცის, რომ სოხუმში აქვს ლამაზი და დიდი სახლი და ერთ დღესაც უნდა, რომ იქ დაბრუნდეს. თუმცა, თავისი შესაძლებლობების რეალიზებას და განვითარებას დღეს თბილისში ან ბათუმში უფრო ხედავს, ვიდრე აფხაზეთში.

აფხაზი გოგო აფხაზური ენის სწავლის შესახებ

აფხაზი გოგონების მოტივაცია ისწავლონ მშობლიური ენა, უფრო ეროვნული იდენტობის შენარჩუნების სურვილს ემყარება, ვიდრე მათ გეგმებს აფხაზეთში.

„სოხუმში ჩვენი ბიძა ცხოვრობს. გვინდა, რომ როცა მასთან ჩავალთ, ჩვენც შეგვეძლოს მშობლიურ ენაზე საუბარი. აფხაზეთში ქართული თითქმის არ იციან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აფხაზური ენა იქაც მეორადი ენაა  და რუსული ხდება დომინანტი.

ჩვენ გვინდა, რომ აფხაზურად ვესაუბროთ ნათესავებს“, – ამბობს ნათია. ოჯახში რაც მათ ფესვებს აგონებს ბებიის მიერ მომზადებული აფხაზური ჰალვა და კერძებია. „მხოლოდ ეს შემოგვრჩა მშობლიური“.

დიანა ზოიძე ნახევრად აფხაზია და ენის სწავლაც დედის, ნონა მუსხაჯბას გამო დაიწყო. აფხაზეთში დეიდა, ბებია და დეიდაშვილი ჰყავს. „ბებია მეუბნება ისწავლე აფხაზურიო და მეც ვსწავლობ. დეიდაშვილმა ქართული არ იცის, ამიტომ რუსულად ველაპარაკები, მინდა მათთან ურთიერთობა შევძლო, ამიტომ ვსწავლობ აფხაზურს.“

დიანა იმედოვნებს, რომ „ერთ დღესაც, ჩვენ და აფხაზები ისევ თავისუფლად ვივლით ერთმანეთთან“, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ კავშირების არსებობა. „როცა ჩავალთ იქ, ხომ უნდა შევძლოთ მათთან საუბარი, მათი უკეთ გაცნობა,“ – გვეუბნება ის.

ბათუმელი აფხაზი ლიანა აიკუცბა აფხაზურ ენას, როგორც არასრულწლოვნებს, ასევე სრულწლოვან აფხაზებსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ასწავლის.

სოფელ ფერიაში მცხოვრები გოგონები აფხაზური ენის გაკვეთილზე
ფოტო: ლელა დუმბაძე

ენის შემსწავლელი კლასის გახსნის პირველ პერიოდში, სრულწლოვანი აფხაზები გაკვეთილებზე აქტიურად დადიოდნენ, თუმცა დროის უკმარისობის გამო, კლასებში მხოლოდ ახალგაზრდა აფხაზები შემორჩნენ.

ლიანას ოჯახში აფხაზურად თითქმის ყველა  წევრი საუბრობს, ის განათლებით ლინგვისტია, უმაღლესი განათლება სოხუმში მიიღო, ამიტომ ენას მაღალ დონეზე ფლობს.

აფხაზური, როგორც ლიანა აიკუცბა გვიხსნის, საკმაოდ რთული ენაა. ანბანი 64  ასობგერისგან  შედგება, მარტო „კ“ შვიდ პოზიციაში გვხვდება.

ლიანა აიკუცბა ამბობს, რომ აფხაზური კლასების გახსნა ხელისუფლებას ბევრჯერ სთხოვეს, თუმცა ეს წლების შემდეგ, მხოლოდ 2017 წელს მოხერხდა. ბათუმთან ახლოს სოფელ ფერიაში აფხაზები კომპაქტურად ცხოვრობენ, ამიტომ ენის შემსწავლელი გაკვეთილებიც ამ სოფლის სკოლაში გახსნეს.

აფხაზურ ენას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაშიც სურვილის მიხედვით სწავლობენ.

საგანმანათლებლო რესურსის მოძიება აფხაზურ ენაზე ძალიან რთულია. როცა კლასი გაიხსნა აფხაზური სახელმძღვანელოს ერთადერთი ეგზემპლარი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიძიეს, რომელიც 1991 წელსაა გამოშვებული და სწორედ აქედან გადაიბეჭდა ასი ეგზემპლარი სკოლებისთვის.

სოფო ჩინბა: გავიგე, რომ ორ სკოლაში უკვე ასწავლიან აფხაზურ ენას და ძალიან მიხარია, თუმცა იმის დრო აღარ მაქვს, რომ სკოლაში ვიარო და ვისწავლო“.

„მამას ძალიან უნდოდა, რომ აფხაზური გვესწავლა. რადგან სახლში არავინ საუბრობს, რთულია ცოდნის შენარჩუნება, ამიტომ მინდა, რაც მე ვისწავლე, ის ოჯახის წევრებსაც ვასწავლო, რომ ჩვენი ენა დავიწყებას არ მიეცეს“, – ამბობს ნინო ხოხბა.

სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილები მესამე წელია რაც ისწავლება, თუმცა სასწავლო რესურსები, ჯერ კიდევ მწირია. ბავშვებს არ აქვთ საკმარისი წიგნები, ლიტერატურა, სახლში გაკვეთილის ასლები მიაქვთ და ახალი სიტყვები, რომელიც მომდევნო გაკვეთილის უნდა ისწავლონ.

„კარგია ის, რომ მასწავლებელმა კარგად იცის აფხაზური და ის ძალიან გვეხმარება“, – ამბობს ნათია.

17 წლის შემდეგ, ნინოს პირველად მიეცა შესაძლებლობა თავის მშობლიურ ენაზე ილაპარაკოს. ორი თვეა, რაც ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელ გაკვეთილებზე დადის. რომ არა ეს გაკვეთილები, აფხაზურს ალბათ ვერასდროს ვისწავლიდიო, გვეუბნება ის.

„რთული ენაა, მაგრამ ვცდილობ ვისწავლო. მინდა სკოლის დასრულებამდე შევძლო სწავლა, რადგან შემდეგ ვშიშობ, რომ ეროვნული გამოცდები დაიწყება და ამისთვის ბევრი დრო არ მექნება“,- გვეუბნება ნათია, რომელსაც ეროვნული გამოცდების დაწყებამდე შევხვდით.

ფერიის საჯაროს კოლაში აფხაზური ენის პირველი კურსდამთავრებულებიც ჰყავთ. ლიანა აიკუცბას თქმით, წელს აფხაზური ენის შესწავლის სერტიფიკატი ცხრა მოსწავლემ აიღო. „40 ქულაზე ნაკლები არ დაწერილა“.

ლიანა აიკუცბა აფხაზურის ენის გაკვეთილზე, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტთა სოციალური დახმარების ფარგლებში ბაკალავრებს უფინანსებს სწავლის საფასურს. პროგრამაში აფხაზი სტუდენტებისთვის 90 ადგილია გათვალისწინებული.

როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, გასულ წელს ამ პროგრამით აფხაზეთში მცხოვრები 127 აბიტურიენტი ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტებში.

აფხაზები აჭარაში საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ. ნაწილი იმ დროს შემოვიდა აჭარაში, როცა რუსეთის იმპერიამ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, აფხაზების მასობრივი გადასახლება დაიწყო თურქეთში. ნაწილი კი უფრო ადრე დასახლდა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში 297 აფხაზი ცხოვრობს, აქედან ყველაზე მეტი, 229 ბათუმშია.

„ჩემო სამშობლო შენ გენაცვალოს ჩემი თავი, შენ გადაწყვიტე ჩემი ბედი“… ისმის ფრაზები აფხაზური ენის გაკვეთილიდან. აფხაზი გოგონების გარდა, ამ ფრაზებს აფხაზურ ენაზე ქართველი გოგონებიც იმეორებენ.

ისინი აფხაზურს თავიანთი მეგობრების სიყვარულით სწავლობენ. ნახევრად ღია კარებიდან აფხაზურად გაისმის რუსთაველის ფრაზებიც.

რობერტ პლანტი ბათუმში 

რობერტ პლანტის კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ფესტივალის პირველი დღის ბილეთები მალევე გაიყიდა ბოლომდე.

Led Zeppelin-ის ლეგენდარული ვოკალისტი, რობერტ პლანტი უკვე ბათუმშია, შერატონში დაბინავდა და კონცერტისთვის ემზადება.

პლანტი ბათუმში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს რობერტ პლანტი ჯგუფ Sensational Space Shifters-თან ერთად დღეს, 19 ივლისს Black Sea Arena-ზე გახსნის.

ფესტივალის ორგანიზატორმა, კომპანია Eastern Promotions – მა როკ-ლეგენდის ჩამოსვლის კადრები გაავრცელა.

რობერტ პლანტი ბათუმის მეგრულ-ლაზურ რესტორანში

ბათუმის მეგრულ-ლაზურ რესტორანში პლანტმა გუშინ არყის დაგემოვნებაც მოასწრო.  Led Zeppelin-ის ვოკალისტის ქართველი ფანები კონცერტს მოუთმენლად ელიან.

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები:  სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. ეს ორი უკანასკნელი ზურაბ პატარაძის მთავრობაშიც მინისტრად მუშაობდა.

სხდომას განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვება. ამ სხდომის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ უნდა ჩანიშნოს პლენარული სხდომის თარიღი, როდესაც დეპუტატები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას უყრიან კენჭს.

თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ  პრეზიდენტ მარგველაშვილს „ოცნებამ“ მას შემდეგ შესთავაზა, რაც ეს თანამდებობა ზურაბ პატარაძემ დატოვა. ოპოზიცია პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურას სთავაზობდა.

ფოტო: უმაღლესი საბჭო

 

ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს

ქართველი მძღოლების ერთმა ნაწილმა, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სარფში, დღეს 19 ივლისს, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [12:00 სთ] გადაკეტილია.

მძღოლებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, აქცია ათი დღის წინ, ბათუმში თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა. ამასთან, ქართველ მძღოლებს თურქეთში არასათანადოდ ეპყრობიან, ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში კი მათ ყურადღებას არ აქცევენ. მძღოლების მოთხოვნა იყო და არის, რომ ქართველ მძღოლებს, რომელთაც საქართველოდან თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, მუშაობის საშუალება მისცენ.

„მთავარი მოთხოვნაა ჩვენს მძღოლებს ნუ ავიწროებენ თურქეთში და გვქონდეს თავისუფალი გადაადგილების უფლება მგზავრებთან ერთად. ჩვენი საკონსულო ტრაპიზონში ვერ მუშაობს სათანადოდ. თურქეთის საკონსულო თავის ხალხს პატივს სცემს, მხარში უდგანან ყველანაირად. ჩვენმა საკონსულომ კი რა გააკეთა? – დაპირებები მარტო. ვერ გვპატრონობენ იქ – მანქანებს ართმევენ, ცემენ, საბუთებს უხევენ. კანონია ასეთიო. როგორ, თურქეთს აქვს კანონი და ჩვენ არა? ხომ შეიძლება მოლაპარაკება იქაურ გუბერნატორთან, რომ 2-3 დღით გადავიყვანო პატარა მანქანით მგზავრები და დავათვალიერებინო ტრაპიზონი? 350 ლირას რაში ვიხდი – თვეში 4-ჯერ მაქვს გადასვლის უფლება, მეტჯერ არა. ცარიელი რად მინდა რომ გადავიდე? ამხელა ფულს რაში ვიხდი? მარტო გადავისეირნო-გადმოვისეირნო?“ – ამბობს მერაბ შარაშიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მისივე თქმით, მას დოკუმენტში 350 ლირა გადაახდევინეს, „ნაცნობმა მძღოლმა მითხრა მე 250 ლირა გადამახდევინესო. ანუ მათაც არ იციან რამდენი უნდა გადაგვახდევინონ. ეს ხალხი ჩვენ რომ გადაგვყავს, იქ ფულს ხარჯავენ, ესეც ხომ მათთვის სარგებელია. მე ავტომანქანა ჩამომართვეს, იქ საჯარიმოზეა, ხვალ გაუდის 15-დღიანი ვადა. 1007 ლირით დამაჯარიმეს. დამატებით 800 ლირამდე კიდევ მექნება გადასახდელი იმისთვის, რომ მანქანა საჯარიმოზე დგას“.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებით, მძღოლებმა, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სპეციალური ნებართვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა მიიღონ.

თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც 1995 წლის ივნისიდანაა ძალაში, ტერმინების განმარტებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი – „სატრანსპორტო საშუალება“ მგზავრთა გადაყვანის დროს ნიშნავს ავტობუსს ან ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გააჩნია არა უმცირეს 8 დასაჯდომი ადგილი მძღოლის ადგილის ჩაუთვლელად. ქართველი მძღოლების ნაწილი, რომელთაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ამბობენ, რომ მათ ექვსადგილიანი მინივენები ჰყავთ.

ამ თემაზე:

საკონსულო: მგზავრთა გადასაყვანად მძღოლებმა ერთწლიანი ნებართვა თურქეთში უნდა აიღონ

ქართველმა მძღოლებმა სარფში ავტომაგისტრალი გადაკეტეს / 19.07.2018

გატარებული ხორცის შენახვის ვადა 6 საათია – კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო, რეკომენდაციებს ავრცელებს – თუ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას.

უპირველ ყოვლისა აუცილებელია, რომ ხორცის რეალიზაციისას და შეძენისას ხორცი მოთავსებული იყოს სამაცივრე განყოფილებაში. იდეალურ პირობებში, ხორცის შენახვის საუკეთესო ტემპერატურა არის +6 გრადუსი.

  • მომხმარებელმა ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოს (დახლზე ან დახლში განთავსებულ) ეტიკეტირებას, რადგან ეტიკეტზე მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მომხმარებელმა.
  • რეგულაციების მიხედვით, ეტიკეტზე უნდა ეწეროს სურსათის წარმოშობის ქვეყანა, სასაკლაოს აღიარების ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, ცხოველის საყურე ნიშნის ნომერი, მომწოდებლის პირადი ნომერი, წონა, დამზადების თარიღი და შენახვის ვადა.
  • საქართველოს კანონმდებლობით, ხორცის შენახვის ვადა არის 48 საათი.

„მინდა მივმართო იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ გატარებული ხორცით, ე.წ. ფარშით და შევახსენო მათ, რომ გატარებული ხორცის შენახვის ვადა არის ხორცის გატარებიდან 6 საათი” – ამბობს  ვიდეომიმართვაში ვასილ ბასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი.

რაც შეეხება ხორცის გარეგნულ მხარეს, მყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ხორცი არ იყოს მუქი შეფერილობის, კანზე არ ჰქონდეს ფუფხი და არ იყოს ლორწოვანი გარსის მქონე.

საგამოძიებო: სარფისა და ვალეს საბაჟოზე 11, 2 კგ ოქროს მალულად შემოტანა აღიკვეთა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

ხოლო ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 670 000 ლარს აღემატება.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მთელი დღეები ზღვაზე

ზღვაზე გასარუჯად დაწოლილი და მობანავე ხალხის გარდა ხშირად შეხვდებით მათ, ვისი საქმეც პლაჟზე სამსახურია და ბანაობისთვის დრო ნაკლებად აქვთ. ცხელი სიმინდი, რეზინის ფეხსაცმელები ზღვისთვის, ხილი, ცივი ყავა, წყალი, ფერად-ფერადი „კამერები” და ინდური სამოსაც კი – ბევრი რამ იყიდება პლაჟზე. აქ მომუშავეები მთელ დღეს ზღვაზე ატარებენ.

პლაჟი

უმრავლესობა გადაღებას არ თანხმდება, თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც სიამოვნებით გვთანხმდება და იმასაც გვიყვება, რომ პლაჟზე ზაფხულობით სიარული და რაღაცების გაყიდვა სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი რთული და რუტინული, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

რეზო ხაბურზანია  მესამე წელია პლაჟზე მუშაობს ზაფხულობით და ხილის სამოსას ყიდის.

 

რეზო ხაბურზანია პლაჟზე ზაფხულობით ხილის სამოსას ყიდის.

„ჩვენ ინდურ ნაციონალურ ტკბილეულს, სამოსას ვყიდით, ეს არის თხელ, ხრაშუნა ცომში გამომცხვარი ცოცხალი ხილი, 36 წლის ვარ, მე თვითონაც ძალიან მიყვარს ხილის სამოსა, უცნაურია, მაგრამ სულაც არ მეშლება ნერვები სხვები რომ ბანაობენ მზიან ამინდში და მე ამ დროს ვმუშაობ პლაჟზე. წვიმაში ბანაობა მიყვარს, როცა ცოტა ხალხია ირგვლივ“.

ხილის სამოსა ინდური ტკბილეულია: ხრაშუნა, თხელ ცომში გამომცხვარი ცოცხალი ხილი.
ხილის სამოსა ბევრმა ტურისტმა არ იცის რა არის, მაგრამ რეზო თავად მიდის ხოლმე დამსვენებლებთან და ხილის სამოსას აგემოვნებინებს.

მეხტიე ველშანი აზერბაიჯანიდანაა, საქართველოში წელს პირველადაა. პლაჟზე ცხელ სიმინდს დაატარებს.

 

„სტუმრად ჩამოვედი და მერე დავრჩი. 29 წლის ვარ, რთული საქმეა პლაჟზე სიარული, აქ გამომუშავებული თანხით ოჯახს ვეხმარები. სჭირდებათ. ცუდად არ გამოვიმუშავებ თუ მზიანი დღეებია, წვიმაში ჭირს მუშაობა, თუმცა ხალხი მაინც არის ხოლმე პლაჟზე“.

მეხტიე ველშანი წელს საქართველოში პირველადაა, თავიდან სტუმრად ჩამოვიდა და მერე გადაწყვიტა ზაფხულში პლაჟზე ემუშავა.

ეს 17 წლის  ვალერია შირვისია, ბათუმიდან. ცივ ყავას სთავაზობს პლაჟზე მყოფებს. მისთვის ეს უკვე მეორე სამსახურია, შარშან მაღაზიაში მუშაობდა.

„სკოლის მოსწავლე ვარ, მაგრამ არ მინდა შინ ვიჯდე, საკუთარი ფული მინდა მქონდეს, რასაც როგორც მინდა ისე დავხარჯავ. ყოველდღე სხვადასხვანაირი სამუშაო დღეა, დღეს მაგალითად ცუდი დღეა, არ ყიდულობენ რატომღაც ყავას, ხანდახან პირიქითაა. ზღვა ძალიან მიყვარს, არ მბეზრდება“.

„ნუ გადამიღებ სახეზე, გთხოვ. გვეუბნება გოგო და იმალება. რომ წავალ მერე თუ გინდა კი. ისე რომ არ გამოჩნდეს ვინ ვარ. არ მინდა”, –  დამსვენებლების უმრავლესობა პლაჟზე საკუთარი „კამერით” მოდის. გოგომ პლაჟზე სამჯერ ჩაიარა, მაგრამ ფერადი ტვირთის მთა არ დაპატარავებულა, ვერაფერი გაყიდა. ვიღებთ ისე როგორც გვითხრა: მხოლოდ ფერადი „კამერების” მოსიარულე მთას, ისე, რომ სახე არ გამოჩნდეს. ისე, რომ სხვებმა ვერ გაიგონ, გოგო რომ ფერად ტვირთს დაატარებს.

რომელ ქუჩებზეა განთავსებული ბათუმში შსს-ს ვიდეოკამერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შსს-მ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.

კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე.

„ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში, ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის ამოქმედებას გეგმავს“ – აცხადებს შსს.

რაც შეეხება გადახდის წესს:

[checklist]

  • „სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
  • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
  • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

[/checklist]

 

[red_box]ქ. ბათუმის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა განთავსებულია:[/red_box]

  • პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • თამარ მეფის ქუჩისა და ტბეთის ქუჩის კვეთა
  • კახაბრის ქუჩა და მაჭავარიანის ქუჩის კვეთა
  • აეროპორტის გზატ. მესხის ქ. შესახვევი
  • ანდრია პირველწოდებულის ქუჩა,
  • სვიმონ კანანელის ქუჩა
  • სარფი
  • მახინჯაური ჩაქვის გვირაბი
  • ვარშანიძის ქუჩისა და გენერალ აბაშიძის ქუჩის კვეთა
  • ვარშანიძის ქუჩისა და თავდადებულის ქუჩის კვეთა
  • აღმაშენებლის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩის კვეთა
  • აღმაშენებლის ქუჩა
  • ხიმშიაშვილის ქუჩა
  • გენერალ აბაშიძის ქუჩისა და აბუსერიძის ქუჩის კვეთა
  • აბუსერიძის ქუჩისა და ლორიას ქუჩის კვეთა
  • ლეონიძის ქუჩა
  • რურუას ქუჩა,
  • ტაბიძის ქუჩა,
  • პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და ლერმონტოვის ქუჩის კვეთა
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთა
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და ყაზბეგის ქუჩის კვეთა
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და ჰ. აბაშიძის ქუჩისა კვეთა
  • ფალიაშვილის ქუჩისა და კ. ცეტკინის ქუჩის კვეთა
  • გორგასლის ქუჩისა და ასათიანის ქუჩის კვეთა
  • გორგასლის ქუჩისა და 26 მაისის ქუჩის კვეთა
  • გორგასლის ქუჩისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა
  • ფარნავაზ მეფის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩისა კვეთა
  • მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა – ფშაველას ქუჩის კვეთა
  • მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა – ფშაველას ქუჩის კვეთა
  • მ. აბაშიძის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • ზ. გამსახურდიას ქუჩისა და მელაშვილის ქუჩის კვეთა
  • ბერიძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის კვეთა
  • წერეთელის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა
  • ბერიძის ქუჩა,
  • 9 მარტის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა
  • ბარათაშვილის სკვერი
  • ბარათაშვილის ქუჩა,
  • ერას მოედანი
  • ჭავჭავაძის ქუჩა, თბილისის მოედანი
  • ახმეტელის ქუჩა,
  • წერეთლის ქუჩა,
  • მაზნიაშვილის ქუჩა,
  • კ. გამსახურდიას ქუჩა,
  • პუშკინი ქუჩისა და დ. თავდადებულის ქუჩის კვეთა
  • პუშკინი ქუჩისა და სულაბერიძის ქუჩის კვეთა
  • სულაბერიძის ქუჩისა და შევჩენკოს ქუჩის კვეთა
  • სოხუმის ქუჩისა და მარუხის ქუჩის კვეთა
  • შაფათავას შესახვევი
  • ლადო ასათიანის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • სულაბერიძის ქუჩისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთა
  • სულაბერიძე ქუჩისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთა
  • ჯავახიშვილის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა
  • ვაჟა- ფშაველას ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა
  • მელიქიშვილის ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა
  • მელიქიშვილის ქუჩისა და ორბელიანის ქუჩის კვეთა
  • თამარის დასახლება,
  • ტბეთის ქუჩა,
  • გრიშაშვილის ქუჩა
  • მაიაკოვსკის ქუჩა,
  • ქიქავას ქუჩა,
  • ჩხაიძის ქუჩა,
  • გოგიტიძის ქუჩისა და პლეხანოვის ქუჩის კვეთა
  • აფხაზეთის ქუჩა,
  • ბაქოს ქუჩა,
  • კაფე ბათუმის მიმდებარედ
  • კაფე ტყუპების მოპირდაპირედ
  • ნინოშვილის ქუჩისა და დუმბაძის ქუჩის კვეთა
  • სასტუმრო ინტურისტის მიმდებარედ
  • დისკოკლუბი სოჰოს მიმდებარედ
  • საზღვაო აკადემიის მიმდებარედ, რუსთაველის ქ.
  • ანგისის ქუჩა,
  • ინასარიძის ქუჩა,
  • აეროპორტის გზატკეცილი,
  • ადლიის ქუჩა,
  • თამარ მეფის სანაპირო,
  • თავისუფლების ქუჩა,
  • რუსთაველის ქუჩა,
  • თბილისის ქუჩა,
  • მეგობრობის ქუჩა,
  • ინასარიძის ქუჩისა და კობალაძის ქუჩის კვეთა

შსს-ს ინფორმაციით, ზოგიერთ ქუჩასა და გზატკეცილზე მოქმედებს 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა.

როდის გამოაცხადებს მერია ტენდერს სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე

სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე ბათუმის მერიას ელეტრონული ტენდერი ივლისის დასაწყისში უნდა გამოეცხადებინა, ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“  მერმა ლაშა კომახიძემ მიაწოდა:

„ფაქტობრივად, უკვე გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმარებითი ტექნიკური დავალება, ეს დოკუმენტი დასრულებულია. მომზადდა ჩვენი სამსახურის და კონტრაქტით აყვანილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საბოლოოდ იქნება განმაპირობებელი იმ გეგმარებითი დავალების, რაც ჩამოაყალიბებს თუ რა ტერიტორიული და სივრცითი მოწყობა უნდა ჰქონდეს ქალაქს“, – განაცხადა მერმა 2017 წლის 5 ივნისს ჩაწერილ ინტერვიუში.

დაპირებულ დოკუმენტზე, რომელიც მომავალში ქალაქის გენერალური გეგმის ნაწილი უნდა გახდეს, მერიას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური დავალების საბოლოო ვარიანტი რამდენიმე დღეში იქნება მზად, შემდეგ კი  დოკუმენტის საჯარო განხილვის მოწყობას გეგმავენ. მერიის ინფორმაციით, ამ ყველაფრის შემდეგ დოკუმენტს მოამზადებენ და შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ.

ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე 75 წლამდე კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე, 75 წლამდე კაცია დაკავებული.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობას გულისხმობს.

აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს, შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ქალის ცხედარი სოფლის ტყეში 13 ივლისს, გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ქალი 50 წლამდე ასაკისაა.

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 37 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ.

2013 წლიდან მინდია გორაძე უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას „ლავასოღლი ბატუმსკის“ ეძახდნენ. ამ სახელით მას ხშირად მოიხსენიებს რუსული და უკრაინული პრესა. 2014 წელს მინდია გორაძე უკრაინაში, ოდესაში დააკავეს და მას სამი წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე ოდესაში მართავდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული.

2016 წელს მინდია გორაძეს საქართველოს პროკურატურამ „კანონიერ ქურდობაში“ დასდო ბრალი და იგი დააკავეს.

„2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები,“ – განაცხადა მაშინ შს სამინისტრომ. ამ ბრალდებიდან რამდენიმე თვეში მინდია გორძემ საპატიმრო დაწესებულება ისე დატოვა, რომ ბრალი არ დაუმტკიცებიათ. თუმცა, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით იგი ამჟამად თურქეთში ცხოვრობს და იქედან მართავს კრიმინალურ დაჯგუფებებს.

18 ივლისს შს სამინსიტრომ მინდია გორაძეს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„იუნისეფი“ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორულ კვლევას იწყებს, რომელიც შეისწავლის ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. კვლევა ჩატარდება საქართველოშიც. როგორც ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ბავშვებში ტყვიის კომპონენტის კვლევას, თუმცა საქართველოში, კვლევას ეს კომპონენტი დაემატება.

„გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ბევრი ინფორმაცია საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კვლევაში ეს კომპონენტი დაგვემატებინა“.

მაია ქურციკიძის თქმით, კვლევაში ჩართული იქნებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და იტალიელი ექსპერტები.

„ამ თემაზე ხვალ გაიმართება სემინარი თბილისში, ემორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კრიტიკულ მედიცინაში ზიად კაზი ტრენინგებს ჩაუტარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. განხილული იქნება ტყვიის შესაძლო წყაროები, ტყვიის ტოქსიკურობის მექანიზმები და სამიზნეები, როგორია ბავშვებში ტყვიის ტოქსიკურობის კლინიკური გამოვლინებები და ა.შ“

კვლევის ფარგლებში შერჩეულია 13 500 ოჯახი ქვეყნის მასშტაბით. „აქედან, რომელი ოჯახიც იქნება თანახმა, რომ ბავშვებს სისხლი ავუღოთ ტყვიაზე კვლევისთვის, მათგან ავიღებთ ანალიზებს. სადღაც 1500-2000 ბავშვის გამოკვლევა მოხდება ქვეყნის მასშტაბით. გამოკვლევა ჩაუტარდება 2-იდან 10 წლამდე ბავშვებს.

სექტემბერში საველე ჯგუფები უკვე დაიწყებენ ოჯახებში შესვლას. გვექნება საკომუნიკაციო კამპანიაც, ამიტომ ამ თემაზე კიდევ  გავავრცელებთ დამატებით ინფორმაციებს“, – ამბობს ქურციკიძე.

ანალიზები გამოსაკვლევად გაიგზავნება საზღვარგარეთ.

როგორც მაია ქურციკიძე ამბობს, ანალიზის შედეგები 2019 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი.

 

 

204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“

„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც შეეხება გალა კონცერტს, ის 20:00 საათისთვისაა დაგეგმილი. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.

[highlight color=”blue”]ღონისძიებების ჩატარების ადგილი:[/highlight]

ძველი ბათუმის ქუჩები: მაზნიაშვილის, ზ. გამსახურდიას, ნ. ჟორდანის, მ. კოსტავას, ფარნავაზ მეფის, ვ. გორგასლის და ხულოს ქუჩები.

ბათუმობისთვის სპეციალურად მოირთვება ქუჩები 1900-იანი წლების ეპოქის სტილისტიკით – აბრები, აფიშები, ბილბორდები.

ბათუმის კულტურის ცენტრში აცხადებენ, რომ ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე დაიფარება ყველა თანამედროვე წარწერა, საგზაო ნიშანი და სარეკლამო აბრა.

ტენდერით, რომლის საწყისი ღირებულება 144 ათასი ლარია, გათვალისწინებულია ღონისძიების რეჟისურა, სცენარი, მსახიობების კასტინგი, მსახიობების კოსტიუმების შეკერვა, დიზაინი და პროექტის კოორდინირება.

აუცილებლელი მოთხოვნაა ღონისძიების გენერალური რეპეტიცია კოსტიუმირებითა და დეკორაციით, 29 აგვისტოს.

პროექტში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ 20 ცნობილი მსახიობი/მომღერალი. მონაწილეების ვინაობა კულტურის ცენტრთან უნდა შეთანხმდეს.

მეორე, [60-ათასლარიანი] ტენდერის ტექნიკურ დავალებაში შედის სარეკლამო რგოლების მომზადება; ინტერნეტ სივრცეში ბათუმობის გვერდის შექმნა და ფეისბუქზე ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმართვა, პოსტების დაბუსტვა; პროექტის დიზაინის შემუშავება; ქუჩების დასახელების ნიშნულების დამზადება, საგზაო ნიშნების დაფარვა, არსებული ობიექტების დასაფარი ბანერების და აბრების ბეჭდვა [მონტაჟი და დემონტაჟი]. მონტაჟის ჩაბარება ღონისძიებამდე 5 დღით ადრე.

ღონისძიებისთვის რომელი ობიექტების დაფარვა იგეგმება ძველ ბათუმში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კრიზისი ბათუმის ელექტრომომარაგებაში ბიზნეს კომპანიებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა

ავტორი: გენო გელაძე, იურისტი, განათლების დოქტორი

მართვის კომპანიის (GGM) მმართველი

2018 წლის მაისიდან ბათუმში მოქმედი ბიზნეს კომპანიები მათთვის დაუძლეველი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, ვერ ხერხდება ახალი საცხოვრებელი კორპუსების, სასტუმროების, რესტორნების, კლინიკების… ზოგადად, ნებისმიერი ახალი ობიექტის ელექტროენერგიის ქსელთან დაერთება.

პრობლემა ექმნება ასობით ბიზნესს და ათასობით მოქალაქეს. რაც დრო გადის, კრიზისის მასშტაბები უფრო მეტად იზრდება და საჭიროა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაწყვეტა.

სამწუხაროდ, ბათუმში უკვე შეუძლებელია ახალი ობიექტის (ნებისმიერი დანიშნულების) მშენებლობა, რადგანაც მშენებლობისთვის საჭირო დროებითი ელექტროენერგიის ნებართვის მოპოვება და დაერთებაც შეუძლებელია.

პრობლემა თანაბრად ეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, მშენებარე ობიექტებს (გამონაკლისების გარეშე).

საკითხი უკვე საყოველთაოდ ცნობილია. ელექტროგადამცემი ხაზები, რომლითაც ბათუმი ელექტროენერგიით მარაგდება, საჭიროებს რეკონსტრუქციას (გაძლიერებას), რისთვისაც ჩვენი ინფორმაციით, სს ’’ენერგო-პრო ჯორჯია’’ დროულად მოემზადა, რომ შესაბამისი სამუშაოები განეხორციელებინა, თუმცა ამ სამუშაოების შესრულება ვერ მოხერხდა.

მიზეზი: ელექტროგადამცემი ხაზის ანძები, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა, ახლა უკვე კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებითაა შემოსაზღვრული და სს ’’ენერგო – პრო ჯორჯია’’-ს წარმომადგენლებს მოქალაქეები არ აძლევენ ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ანძებთან მუშაობის შესაძლებლობას. აქ ცალკე შეფასების ამბავია, რამდენად სწორად მოხდა ამ მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სს ’’ენერგო-პრო ჯორჯია’’ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, უშუალოდ მოსახლეობასთან. სს ’’ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს ინიციატივით ბათუმში გაიმართა საჯარო შეხვედრა-დისკუსია. თუმცა, შედეგი ვერ დადგა. მიზეზი: ხელისუფლება ქმედითად არ ჩაერთო პროცესში, მოსახლეობის ერთი ნაწილი სარგებლის მიღებას ცდილობს, ნაწილი კი ზოგადად ელექტროგადამცემი ხაზების ანძების არსებობის წინააღმდეგია.

კრიზისის დაძლევის პროცესში პირდაპირი ფორმით უნდა ჩაერთოს ყველა დონის ხელისუფლების ორგანო და ბიზნეს კომპანიები. ამ პროცესში ჯანსაღი როლი უნდა შეასრულოს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებმა (სწორი ინფორმირება).

მასშტაბებიდან გამომდინარე, საკითხი პირდაპირ უკავშირდება ქალაქში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, საინვესტიციო გარემოს, ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის იმიჯს.

ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სს ’’ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს მიეცეს  ელექტროგადამცემი ხაზის (ერგე 1) რეკონსტრუქციის შესაძლებლობა, რაც კრიზისის მოკლე დროში დაძლევის ერთადერთი გამოსავალია.

ჩვენ, როგორც ბიზნესის სფეროში მოქმედი მართვის კომპანია (GGM), ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კრიზისი მოკლე ვადებში მოგვარდეს.

 

„ჯამბაზები“ – პრემიერა ბათუმში

24-27 ივლისს ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ორ მოქმედებად.

სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და საოპერო დასის სოლისტები.

ასევე, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდი.

კანიო – ანზორ ხიდაშელი

კრისტიან ბენედიქტი (იტალია)

ნედა – ლელა ვაშაყმაძე

ნონა კორიფაძე;

ტონიო – ოთარ ნაკაშიძე

პეპე (არლეკინი) – მიხეილ გასპარიანი

სილვიო – ედუარდ გორგილაძე

ზაზა ხამათაშვილი

აკრობატები: ბელა მაჭავარიანი, ბაქარ ბაქრაძე, ბელა დათიაშვილი, მარიამ ზივზივაძე დამდგმელი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე, მთავარი დირიჟორი – დავით მუქერია.

ბილეთის ფასი 10, 15 და 25   ლარი

ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში და www.biletebi.ge

 

 

 

 

შსს აცხადებს, რომ ლავასოღლის მიერ ორგანიზებული 10-კაციანი ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, ხოლო ე.წ. „კანონიერ ქურდს“, მინდია ლავასოღლის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის [გორაძე], კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში ბრალდებით დაკავებულ პირებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე და 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი. დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე მიმდინარე წლის 29 იანვარს, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდ ოდენობით თანხის – 20 000 ლარის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდას აიძულებდნენ.

რაც შეეხება ე.წ. „კანონიერი ქურდს“ მინდია ლავასოღლის, ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას.

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ და მასთან დაკავშირებული „კრიმინალური მენტალიტეტის“ სამუდამოდ აღმოფხვრა.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი – საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“.

მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი 2017 წლის 17 ნოემბერს, ისე გაათავისუფლა სასამართლომ პატიმრობიდან, რომ კანონიერ ქურდობასა და ჯგუფურ გამოძალვაზე ბრალი არ დაუმტკიცებია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი განუმარტა, თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ლავასოღლი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოძიება ისევ გრძელდებოდა, ლავასოღლის ქვეყნის დატვების უფლებაც მისცეს.

 

 

მერია: „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ტერიტორია უნებართვოდ შემოღობა – რა ხდება სასპორტო სკოლასთან

ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღეა რკინა-ბეტონის კვადრატული ფილებითაა შემოსაზღვრული, რომელთა ნაწილი ტროტუარზე აწყვია. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, აჭარის საკუთრებაა, ტროტუარი კი ბათუმის მერიის. არც მერიაში და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ დაალაგა ეს ფილები და რა სამუშაოები მიმდინარეობს სასპორტო სკოლის გვერდით ნაკვეთზე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ნაკვეთი არც იჯარითაა გაცემული და მათი მხრიდან არც შეთანხმება, ან რაიმე ნებართვა არსებობს იქ სამუშაოებთან დაკავშირებით.

სამინისტროს ვკითხეთ ასევე რა ღონისძიების გატარებას გეგმავს სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით? – „ჩვენ მივმართეთ უკვე კომპანიას, რომ აღნიშნულ ნაკვეთში მიმდინარე სამუშაოები არ არის შეთანხმებული სამინისტროსთან. დანარჩენი მერიის ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

მიმდინარე სამუშაოებთან და ტერიტორიის შემოსაზღვრასთან დაკავშირებით არის თუ არა ნებართვა გაცემული ბათუმის მერიიდან? – ამ კითხვაზე პასუხს ქალაქის მერიიდან ველოდებოდით.

„ფილებით ტერიტორიის შემოსაზღვრაზე ნებართვა გაცემული არ არის. გადავამოწმეთ და ფილები უნებართვოდ კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ დაალაგა, რომელიც მომიჯნავე ნაკვეთს იჯარით სარგებლობს. ვაპირებთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაწერას, სახელმწიფო მიწის ნაკვეთის უკანონო შემოღობვისთვის, რაც 3000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ოქმი გადაეგზავნება სასამართლოს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებაში.

ტერიტორიაზე კომპანია „ორბის“ სპეცტანსაცმელში ჩაცმული პირები მუშაობენ. კონკრეტული ინფორმაცია ადგილზე ვერ მივიღეთ, კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმში“ კი ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სახელმწიფო ნაკვეთზე ბეტონის ქარხნის გადმოტანას აპირებს, რომელიც ამ დროისთვის სასპორტო სკოლასთან, ჟიული შარტავას გამზირის მიმდებარედ აქვს განთავსებული.

სამუშაოების შესახებ, ინფორმაციას არ ფლობს არც ბათუმის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი.

ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის გვერდით, 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე იყო დარეგისტრირებული.

კომპანიას მიმდინარე წლის მაისში მშენებლობა უნდა დაეწყო, თუმცა როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, „მწვანე ხეივანს“ ნაკვეთის თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმეს და ნაკვეთი კვლავ აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირეს.

სწორედ ამ ტერიტორიაზე, სასპორტო სკოლის შენობიდან ორ მეტრში, მიმდინარეობს სამუშაოები. შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან არ არის საინფორმაციო დაფაც.

სასპორტო სკოლის შენობის უკან „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, მიმდებარე რამდენიმე ნაკვეთი კი იჯარით აქვს აღებული. ერთ-ერთ ნაკვეთთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის მაისში გვითხრეს, რომ იჯარით იყო გაცემული, თუმცა, საჯარო რეესტრის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულება „ორბი ჯგუფი ბათუმთან“ ერთი თვის შემდეგ, 27 ივნისსაა გაფორმებული.

რა ბედი ელის ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას, როცა ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტკომპლექსი აშენდება?

„ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორის, ირმა ნიჟარაძის თქმით, „იმ ორ ფლიგელში [რომლებიც დაიშალა] რა სახეობებიც იყო, გადადის ლეონიძის ქუჩაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციას, ან გადავალთ, ან აქ ვიქნებით, მაგრამ ის სამი სახეობა, რაც ამჟამად არის ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობაში, დარჩება აქვე. ეს სახეობებია კალათბურთი, ფრენბურთი და ფარიკაობა. ამ სახეობების ალტერნატიული ფართობები სხვაგან არ გვაქვს და არც ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსშია გათვალისწინებული“.

ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე წლის დასაწყისში „ორბს“ ავტოფარეხიც ააშენებინეს, სადაც საკუთარ ავტომობილს პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჩერებს.

„ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა მაშინ სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ირმა ნიჟარაძემ.

 

სამშენებლო სამუშაოები აჭარის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, რაზედაც ნებართვა გაცემული არ არის / 18.07.2018 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ შემოსაზღვრული ტერიტორია ბათუმის სასპორტო სკოლასთან / 17.08.2018

ჩახერგილი ტროტუარი ფიროსმანისა და ხახუტაიშვილის ქუჩების კვეთაში / 16.07.2018
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებარე კომპლექსი ბათუმის სასპორტო სკოლასთან / 16.07.2018

ბათუმის მერია: ვარკვევთ, ვინ აწარმოებს პლაჟზე მშენებლობას

პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა არ არის განთავსებული აბრა იმის შესახებ, თუ ვინ აწარმოებს მშენებლობას, არსებობს თუ არა დამტკიცებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

„ბათუმელებს“ მერიაში განუმარტეს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია მერიის ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით იკვლევენ, თუ ვინ აწარმოებს მშენებლობას პლაჟზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვის განკარგვაშია ტერიტორია. სავარაუდოდ „ევრომშენს“ უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა ზუსტად არ ვიცით, ორი დღე მიმდინარეობდა საქმის წარმოება, ვარკვევდით, ვის ეკუთვნის ტერიტორია და რაიმე სახის განცხადებით ხომ არ მოუმართავს მერიისთვის.

ჩვენ ადგილზე ვერ მივაკვლიეთ ვერც მოიჯარეს და ვერც სხვა ინფორმაცია მივიღეთ. დღეს უკვე დაიწყება წარმოება უნებართვოთ განხორციელებულ მშენებლობაზე“ – აცხადებს ბათუმის მერიის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ირაკლი მოქია.

მისი თქმით, თუ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, მშენებელს მიეცემა გაფრთხილება, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს მშენებლობა და აღნიშნული ტერიტორია მოიყვანოს თავდაპირველ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 3 ათასი ლარით.

_______________________________________

მთავარი ფოტო: ფეისბუქჯგუფი „უპატრონო ბათუმი“ 

ენმ პრეზიდენტისგან განმარტებებს და ბოდიშს ითხოვს

დღეს, 18 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის დროს ვერ დაასახელა საკმარისი არგუმენტები, თუ რის გამო იყო მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი პრეზიდენტის მხრიდან.

„ჩვენ არ ვაპირებდით ამ თამაშებში შესვლას, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერდა საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში. შევარჩიეთ პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე, წონიანი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი.

თუმცა, პრეზიდენტმა მაინც უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი წარადგინა. ვფიქრობთ, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა საკმარისი არგუმენტები წარმოდგენილი, თუ რატომ დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი“, – აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმელი წევრები.

ენმ-ს წევრების აზრით, ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა შეურაცხყო რეგიონ, რის გამოც ბოდიში უნდა მოიხადოს.

„განმარტოს, შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილის დავალება და შევიდა თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში“, – აცხადებენ ენმ-ს წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, გუშინ, 17 ივლისს წარადგინა.

გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა“, – განაცხადა 17 ივლისს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18-19 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25  – 30  გრადუსი  
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი 

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ – 2-3 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 ივლისს მოსალოდნელია ძირითადად  უნალექო ამინდი, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.

_________________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს  მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური შეუთავსებლობა დაასახელა.

„ჩემო მეგობრებო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობის გამო, ვტოვებ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანმდებობას. უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, თქვენს გარეშე არანაირი წარმატება არ მიიღწეოდა. ჩვენ ერთად უდიდესი სიმაღლეები დავიკავეთ. პირველად ისტორიაში, საქართველო გავიყვანეთ საერთაშორისო სიბრტყეში, პირველად დავაფუძნეთ რეალური მონიტორინგი და გარემოსდაცვითი შეფასება – ზღვის ბიოლოგიის საქმეში. კიდევ მრავალი აღმოჩენა და წარმატება. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არავინ აღმოჩნდა 90-წლიანი სკოლის დამფასებელი. ვწუხვარ რომ ვერ შევძელი ამ სკოლის გადარჩენა და აღორძინება. მადლობა ყველას. პირველ რიგში ჩემს გუნდს. გამაგრდით ყველაფერი კარგად იქნება,“ – დაწერა არჩილ გუჩმანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით არჩილ გუჩმანიძემ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა და მას კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან არ ჰქონია.

მიმდინარე წლის მარტში თანამდებობიდან გადადგა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია. ბაგრატიამ წასვლის მიზეზად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან კონფლიქტი დაასახელა. კერძოდ, თამარ ბაგრატია ამბობდა,  რომ თანდილაშვილი მას  თანამდებობაზე კონკურსის გარეშე კადრების დანიშვნას აიძულებდა.

ნინო თანდილაშვილი დღესდღეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პოსტს იკავებს.

Exit mobile version