ქობულეთში ზღვაში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს [ვიდეო]

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

 

ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები არ დაუტბორია არასდროს, ეზოებამდეც კი არ მიუღწევია:

„…იქ ჩადეს სამი ცალი „ტრუბა“, ჩვენს სახლზე დაახლოებით 20 მეტრით მაღლა. ვუთხარი, ღმერთმა არ ქნას, ისე გაწვიმდეს ხის გადატანამდე, ღმერთმა მშვიდობით მიატანიოს ეს ხე ადგილზე-მეთქი, მაგრამ, რომ გადაიტანთ, ეს ტრუბები ამოიღეთ, რომ დატბორავს-მეთქი. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, თქვენ როგორც მე ეს ამიხდა“, – ამბობს ერთ-ერთი სახლის მეპატრონე ნაილი ელიაძე.

ნაილის სახლის გარდა, ადიდებულმა ღელემ კიდევ ერთი სახლი დატბორა: „ჩემთან დაგროვილი წყალი შემოვიდა და მათ მთლიანად ღელე მიადგა.“

მდინარის წყალი ნაილის ეზოში და შემდეგ სახლში პირველად გუშინ ღამის სამ საათზე და განმეორებით დღეს, 12 საათზე შევარდნილა.

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე  მდინარის კალაპოტის შეცვლას ტერიტორიის გადათხრასა და ღელეს მილში მოქცევას არ უკავშირებს. „უბრალოდ, ძალიან დიდი წვიმა იყო, ძალიან დიდი წვიმა, თქვენ არ გინახავთ ის წვიმა“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.

ჯუმბერ ვარდმანიძე მახინჯაურში იყო ჩასული და დაზარალებულებს შეხვდა. ადგილზე ჩავიდნენ და დაზარალებულებს შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, მათ ადგილზე არსებული სიტუაციის ფოტო და ვიდეომასალებიც გაავრცელეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მახინჯაურში, ამ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილმა ერთი ხე იყიდა, ხოლო დანარჩენებს კომპენსაცია ხის გატარების სანაცვლოდ გადაუხადა.

აჭარაში 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება.

„საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის“.

სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში შუქი არ მიეწოდება დაბა ჩაქვში მე-7 რაიონსა და სახალვაშოს ნაწილს, ხალას, საჩინოს, დაბა ოჩხამურის, ჭახათის, სოფლების: ქობულეთის, მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვასა და ქაქუთის მოსახლეობას. „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, რომ დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა“.

 

 

ბათუმის ნაწილს სასმელი წყალი რეზერვუარებიდან, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება

დღეს, 10 აგვისტოს, აჭარაში ძლიერი წვიმის გამო ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებიდან წყალმომარაგება შეზღუდულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარეები, მაღალია წყლის სიმღვრივის მაჩვენებელიც, ამიტომ ქალაქს სასმელი წყალი რეზერვუარებიდან მიეწოდება.

„წყლის მიწოდება შეუწყდა ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. ამ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მას შემდეგ, რაც სათავე ნაგებობებზე წყლის დონე და სიმღვრივის მაჩვენებელი დაიკლებს,“ – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ სიტუაცია სათავე ნაგებობებზე არ შეიცვალა, აქვთ წყალმომარაგების ალტერნატივა მეჯინისწყლის ჭაბურღილების სახით, საიდანაც მომარაგდება ბათუმის ცენტრალური ნაწილი და შეეცდებიან წყალი გარეუბნებსაც მიაწოდონ.

ძლიერი წვიმის გამო დღეს ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში დაიტბორა გზები და ქუჩები, ზოგან განვითარდა მეწყერი.

 

მთავარი ფოტო: სასმელი წყლის სათავე ნაგებობა /10.08.2018/ ფოტო: „ბათუმის წყალი“

ხელვაჩაურში მეწყერმა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ნაწილობრივ ჩაკეტა – არის განმეორების საფრთხე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში, ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა, არსებობს მეწყრის გამეორების საფრთხე; გარდა ამისა, მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა ხელვაჩაურში სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტმა გააგზავნა ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სოფელ სარფში კახიძეების დასახლებაში ჩამოწვა მიწის მასა, თუმცა საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.

სოფელ მახოში გურამ პეტრიძის სახლთან ჩამოწვა მიწის მასა სახლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით; სოფელ ზედა წინსვლაში საჯარო სკოლის მიმდებარედ, ჯამბულ ციმნარიძის სახლთან განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი.

მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით, სპეციალისტები ადგილზე უკვე მუშაობენ.

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. 25 93 17; 595 00 46 35; 577 74 00 01.

 

წყალდიდობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში აჭარიდან 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ძლიერი ნალექის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის ბათუმიდან 80 შეტყობინებაა შესული, ქობულეთიდან კი – 36.

წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

ქობულეთი:

კურორტ ბეშუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, გუშინ წვიმას ხულოს სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია: „ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს მხოლოდ  კურორტ ბეშუმში“.

მერიის ინფორმაციით, ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზები დატვირთვას ვერ უძლებს, რის გამოც კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ხშირია.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები მუშაობენ და მათივე ინფორმაციით, შუქი კურორტზე მალე ჩაირთვება.

ფოტო არქივიდან: თამარ ნერგაძე

კვარიათში მეწყერი ჩამოწვა

კვარიათში, იოანე ლაზის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი, ასევე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

მერიის ინფორმაციით, მეწყერი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინაა ჩამოწოლილი. „გადავწყვიტეთ რომ უსაფრთხოების მიზნით ოჯახი დროებით გავიყვანოთ, სანამ არ მოხდება შესწავლა. მალე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოებიც.

საიდანაც ჩამოწვა მეწყერი, იქ რ არის დასახლება. თუმცა, უნდა შეიცვალოს წყლის მიმართულება, რომ კვლავ არ განმეორდეს მეწყერი,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

 

 

ქობულეთის მერი: ქუჩები დაიტბორა, სახლებში წყალია, მდინარე აჭყვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებშივე დაიტბორა კოსტავას, მეგობრობის, ძნელაძის, სოხუმის ქუჩები:

„ამ ქუჩებზე სახლების პირველ სართულზე შევიდა წყალი. ამ წუთებში იქ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მელიორაციის სამსახურები.“

მერის ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვის კალაპოტში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კალაპოტიდან ჯერჯერობით არც ერთ მონაკვეთზე არ გადმოსულა.

სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც შექმნა. რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე დაიმეწყრა სასოფლო გზები ჩაქვისთავისა და გორგაძეების მიმართულებით:

„…მე ახლა ვიმყოფები ზედა აჭყვაში, ვახტანგ აბაშიძის ოჯახში, სადაც მეწყერი სახლთან განვითარდა, რომელიც სახლს უქმნის საფრთხეს. იგივე მოვლენები განვითარდა სოფლებში: საჩინოში, კვირიკეში, ასევე ცეცხლაურში ორ ადგილას. შეფასდება მდგომარეობა და შესაძლოა ეს ოჯახები გავიყვანოთ სახლებიდან“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

ქობულეთში ქუჩები დაიტბორა

ქობულეთში ამ დროისთვის გადაადგილება ყველა ქუჩაზე შესაძლებელია.

რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მერიის ინფორმაციით, ისევ მოსალოდნელია წვიმა, ამიტომაც შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი.

მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 79 18 91 – საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია მერიას ამ ნომერზე დაუკავშირდეს.

 

სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით  2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება  100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  პასუხისგებაში მიეცა სამი პირი.

ბათუმში სილამაზის სალონი გაქურდეს – ქურდი მენეჯერს სალონში დახვდა

დღეს, დილით, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, სილამაზის სალონი გაქურდეს. ამ დროისთვის სალონში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

სალონის მენეჯერის თქმით, როცა დილით სალონის კარი გააღო, ქურდი მას ადგილზე დახვდა, ის სალონიდან გაიქცა და მიმალვა შეძლო. სალონიდან დაახლოებით 100 ლარია წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

მომდევნო 2 დღის განმავლობაში ბათუმში ღამის და დილის  საათებში დროგამოშვებით  წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამის პირველ ნახევარში ზოგან შესაძლებელია ძლიერი ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა იქნება: სანაპირო რაიონებში ღამით 17-22, დღისით 23-28 გრადუსი , მთიან რაიონებში ღამით 10-15, დღისით 17-22 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა 28.0 გრადუსი იქნება.

 

ბათუმში 150-მდე აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 150-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 500-მდე აბონენტს.

„თუმცა ამ დროისთვის 150-მდე აბონენტია მხოლოდ გათიშული. დენის გათიშვა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია,“- განაცხადეს კომპანიაში.

ელექტროენერგია გათიშულია ქალაქის ე.წ. ჭაობის დასახლებაში. „მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ვფიქრობთ, პრობლემა მალე აღმოიფხვრება“.

ვითარება ჩაქვში – ფოტოამბავი

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო შეფერხებულია.

ადგილზე მყოფი მგზავრების თქმით, გზაზე არის საცობი, ავტომანქანები ქაოტურად გადაადგილდებიან.

„გზაზე დგას წყალი, ჩვენი ინფორმაციით, გზა ან ხიდი დაზიანებული არ არის. ადგილზე ამ წუთებში გავიდა სპეციალური სამსახური და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე აღდგეს, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ბათუმელების თანამშრომელი, რომელიც ადგილზე იმყოფება ამბობს, რომ მას არ შეუნიშნავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლები წყალდიდობის ადგილას.

 

წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018
წყალდიდობა ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალი / 10.08.2018

ბათუმში საცხოვრებელი სახლებიც დაიტბორა – რას აკეთებს მერია

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც. რას აკეთებენ ამ დროისთვის ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას „ბათუმის წყალში“ მოგვაწვდიან.

„მონაცემები შემოდის ჩვენს ცხელ ხაზზე. რამდენიმე ადგილზე ხორციელდება მონიტორინგი და მუშაობს ტექნიკური სამსახური, მუშაობენ მორიგე ჯგუფები. ძირითადად პრობლემები არის წარმოქმნილი იქ, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის, მაგალითად, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ასევე ოსტროვის და სააკაძის ქუჩებიდან შემოვიდა ინფორმაცია. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაშიც. სრულად დატბორილი არაა არც ერთი ქუჩა. ჩვენი მობილური ჯგუფები ასრულებენ წყლის ამოტუმბვის და სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს,“ – ამბობს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის უფროსი, ელენე ნოღაიდელი.

რამდენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ქალაქში – „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სულ 4 მანქანაა გასული სხვადასხვა ადგილზე და რამდენიმე ჯგუფი ფიზიკურად მუშაობს. აქ გვითხრეს, რომ იმ ქუჩებიდან ჯერ არ შემოსულა ინფორმაცია, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიუხედავად, მაინც დაიტბორა.

მოქალაქეებს „ბათუმის წყლის“ ცხელი ხაზს შეუძლია დაუკავშირდნენ: 0422 24 22 22.

რამდენი საცხოვრებელი სახლია დატბორილი ბათუმში – მერიის პრესსამსახრუში მონაცემი ამ დროისთვის ვერ მოგვაწოდეს. აქ გვითხრეს, რომ ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე უშუალოდ ნახულობს დატბორილ სახლებს და ამჟამად იგი სააკაძის ქუჩაზე იმყოფება.

მთავარი ფოტო: დატბორილი პუშკინის ქუჩა

დატბორილი სახლი გოგიტიძის ქუჩაზე, ბონის დასახლება.

 

 

 

 

ერთი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა მძიმეა – ავარია ბათუმში

ბათუმში, გმირთა ხეივანთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ერთი კი – დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ავარია გამოიწვია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

ბათუმში დილიდან წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია თითქმის მთელი ქალაქი. ფეხით გადაადგილება ჭირს ათობით ქუჩაზე. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დატბორილი ბათუმიდან.

თაყაიშვილის ქუჩა
ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები
პუშკინის ქუჩა
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
ფოტო: არჩილ კახაძე
ჭავჭავაძის ქუჩა
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა
ფოტო: ცირა აბულაძე
ფრიდონ ხალვაშის გამზირი
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ჭავჭავაძის ქუჩა ფოტო: ქეთი დუმბაძე
მემედ აბაშიძის გამზირი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა
ფოტო: ცირა აბულაძე

 

ჩაქვში წყალდიდობის გამო მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო, ამ დროისთვის [11:25 სთ.] შეფერხებულია.

„გზაზე დგას წყალი, ჩვენი ინფორმაციით, გზა ან ხიდი დაზიანებული არ არის. ადგილზე ამ წუთებში გავიდა სპეციალური სამსახური და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე აღდგეს“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

ადგილზე მყოფი მგზავრების თქმით, გზაზე არის საცობი, ავტომანქანები ქაოტურად გადაადგილდებიან და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არ არეგულირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ყველა ზონაში, რომელიც საპატრულო პოლიციას ეხება, გასულია პოლიციის ეკიპაჟები.

აჭარაში დღეს დილიდან კოკისპირულად წვიმდა. უხვი ნალექის გამო ბათუმში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.

თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები.

შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  უფრო მეტი წვდომა ექნება დეტალებზე – როგორ, როდის და ა.შ. ამიტომ, ამ ნაწილში მეტი წიაღსვლები ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა მან.

თორნიკე რიჟვაძემ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით  კომენტარი პირველად 21 ივლისს გააკეთა. მან თქვა, რომ „აჭარა არის მულტიკულტურული, მულტირელიგიური და, შესაბამისად, საზოგადოებასთან კონსენსუსით უნდა იმოქმედონ“.

კითხვაზე, – რა ფორმატში აპირებს ის საზოგადოებრივი აზრის მოსმენას ამ საკითხზე? თორნიკე რიჟვაძე ამბობს: „ეს არის ყველა იმ დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით, რომელიც ჩვენს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში არის მიზანშეწონილი. ეს გულისხმობს, როგორც  დაინტერესებული ჯგუფების პირდაპირ ჩართულობას, ასევე მრევლის ჩართულობასაც. რაც უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკოსები ჩართული, უფრო კარგი იქნება საკითხის სწორი და სახელმწიფოებრივად მოგვარებისთვის“.

მისი თქმით, ამ საკითხში სახელმწიფო უნდა იყოს იმ დოზით ჩართული, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

 

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“- ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელების  კამპანია

ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა ჩაატარეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“.

„შეიკარი ღვედი“, „დედა იარე ნელა“, „ნუ წაგვართმევთ სიცოცხლეს“, „ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ – ამ და სხვა გამაფრთხილებელი სლოგანებით „შეიარაღებული“ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები გზების იმ მონაკვეთებზე გამოჩნდნენ, სადაც მანქანები ინტენსიურად მოძრაობს.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მცდელობა შედეგიანი გამოდგა – მათ ნამდვილად გამოუვიდათ მძღოლების ყურადღების მიქცევა.

„მადაგასკარმა“ იზრუნა იმაზეც, რომ თავისი აღსაზრდელების აქცია თქვენამდე მოეტანა, ფოტოების სახით.

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი ღირსების საკითხია

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. როგორც რიჟვაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, კითხვა ე.წ „ოცნების ქალაქის“ პრობლემასთან დაკავშირებით დასვა. მისი თქმით, „ოცნების ქალაქი“ ერთგვარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა აჭარის ხელისუფლებისთვის. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა და აქვს  თუ არა კონკრეტული ხედვები? – მალხაზ ჭკადუას ეს საკითხი აინტერესებდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ოცნების ქალაქის“ პრობლემა აჭარის ხელისუფლების ღირსების საკითხია.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხის გადაჭრა და მოგვარება ჩვენი ღირსების საკითხია. ვერ მეტყვით რეგიონს, სადაც შესაძლოა ამ მასშტაბის სოციალური საკითხი ამდენი წლის განმავლობაში იყოს ჩაწოლილი. ამიტომ საჭიროა გონივრულად და ეფექტურად მივუდგეთ საკითხს. მოლაპარაკების დეტალებზე ჩვენ ვიქნებით ღია და გავასაჯაროებთ ახლო მომავალში“.

რიჟვაძის თქმით, აუცილებელია გამოინახოს ოპტიმალური გამოსავალი. „რადგან აქ არის არა მარტო სოციალური, არამედ სამართლებრივი პრობლემებიც გადასაჭრელი.  არც მე და არც ჩემს წინამორბედს კონკრეტული რეცეპტი არ დაგვხვედრია, ჩვენ ვართ აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზე.

გეტყვით, რომ სტატისტიკური ანალიზი გაკეთებულია და ზუსტი წარმოდგენა გვაქვს (ალბათ, ორპროცენტიანი ცდომილებით), რამდენი ადამიანია, რამდენი სახლია და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვაპირებთ წარვადგინოთ კონკრეტული ხედვები“.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ამ პრობლემის მოგვარებაში კერძო სექტორის როლს.  „თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ“.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო დასმული კითხვები, როგორც ქალაქის ურბანულ განვითარებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, გამწვანებასა და ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ადაპტირებულ გარემოსთან და სხვა საკითხებზე.

 

ბათუმში ნარჩენების დახარისხების კუთხე დააზიანეს

ბათუმში, „მეტრო სითიში“, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ განთავსებული ნარჩენების დახარისხების კუთხე დააზიანეს.

სეპარაციის სტენდის მონიტორინგის ჯგუფის წევრის გიორგი ბოლქვაძის ცნობით, სეპარაციის კუთხეში განთავსებული სათავსოები გუშინ ღამით დააზიანეს.

სეპარაციის კუთხე განკუთვნილია ნარჩენების შესაბამის დახარისხების ურნებში განთავსებისთვის. ქაღალდის, შუშის, პლასტმასისაა და ალუმინის ნარჩენების შეგროვებასა და შემდგომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს „სევერი“, რომელიც ნარჩენებს შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცემს.

ნარჩენების დახარისხების საჭიროება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნით 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაიწყოს.

 

 

საკრებულოს გადაწყვეტილება საარჩევნო-სააგიტაციო საკითხებთან დაკავშირებით

ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებისა და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ღონისძიებების გამართვის ადგილი განსაზღვრა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საარჩევნო მასალების გავრცელება (გამოფენა), მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრა მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობით დასაშვებია ქ. ბათუმის მთელს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე (შენობათა ფასადებზე და სხვა), გარდა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალისა, რომელზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება, კერძოდ: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.

რიგგარეშე სხდომა
რიგგარეშე სხდომა

საკრებულომ განკარგულებით განსაზღვრა ის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად დაიდგმება სტენდები, რომლებიც რეგისტრირებულ საარჩვენო სუბიექტებზე განაწილდება თანაბრად, ხოლო, სააგიტაციო მასალის გამოკვრა და გამოფენა განხორციელდება იმ ფორმით, რომ დაცული იყოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლონ სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით.

საკრებულოს გადაწყვეტილებით საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა გამოიყო.

20 აგვისტოდან მევახშეები თქვენს ბინას გარანტიის სახით ვეღარ ჩადებენ

20 აგვისტოდან მევახშებისთვის კანონი იცვლება. თუკი აქამდე გაცემული სესხის დაბრუნების სანაცვლოდ მევახშე ბინის ჩადებას ითხოვდა გარანტიის სახით, 20 აგვისტოდან ამის მოთხოვნის უფლება მას აღარ ექნება. სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, მევახშეები ვერც თქვენს ავტომანქანას გამოიყენებენ სესხის დაბრუნების გარანტიად.

„ამ წესის ამოქმედების შემდეგ ფიზიკური პირები ვეღარ შეძლებენ მათ მიერ გაცემული სესხისთვის გარანტიაში ჩადონ მოვალის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, ავტომანქანები და ა.შ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებსა და მირკოსაფინანსო  ორგანიზაციებზე,“ – განმარტავს კომპანია „იურიდიული მრჩეველის“ ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

გამონაკლისი იპოთეკის შემთხვევაა – იურისტის თქმით, თუ იპოთეკის საგანს საცხოვრებელი მიზნებისთვის იყენებს ფიზიკური პირი, მაშინ მას უფლება აქვს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად (გარანტიად) იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება.

„ამ დრომდე მოქმედი რეგულაციით მხარეებს უფლება ჰქონდათ, დაედოთ შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იპოთეკის ან გირავნობის საგნის რეალიზაცია მოხდებოდა, მაგრამ მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი არსებული ვალის დასაფარად, მაშინ კრედიტორი დარჩენილი თანხის ამოღებას მიმართვდა სხვა ქონებიდან. ახალი ცვლილებებით, კრედიტორს ამის უფლება აღარ ექნება.

20 აგვისტოდან მევახშეებს უფლება აქვთ სესხი გასცენ და სესხის არსებობა, ასევე პროცენტული დანამატები, ხელშეკრულებით დაადასტურონ. თუ მევახშეს ფულს არ დაუბრუნებენ, მას უფლება ექნება სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოს მიმართოს.

ცვლილებებია ასევე  მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას. პირველი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ახალი რეგულაციები არ ვრცელდება მანამდე არსებულ ურთიერთობებზე,“ – აღნიშნავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ამ ცვლილებებით არსებითად არაფერი შეიცვლება, მევახშეები ისევ  განაგრძობენ საქმიანობას,“ – ასეთი მოლოდინი აქვს ეკონომისტ ზურაბ კუკულაძეს. მისი აზრით, ვიდრე ქვეყანაში დაბალპროცენტიანი სესხი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, არაფერი შეიცვლება.

„თუ ქვეყანაში არ შეიცვლება ფინანსური მოწყობის მოდელი, მხოლოდ ეს რეგულაცია გამოსავალი ვერ იქნება. რეგულაციები მაშინ არის გამართლებული, როცა მას ახლავს თანმდევი პოლიტიკა. ჩვენთან ბანკების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია „კრედიტ ინფოს“ შავ სიაში და ეს ტენდენცია არის მზარდი. ამ მოცემულობაში რთული არაა მევახშეებმა გამოსავალი იპოვონ,“ – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

ეკონომისტს მოლოდინი აქვს, რომ მევახშეები მხოლოდ სესხის ხელშეკრულების გაფორმებას გარანტიების გარეშე არ დაკმაყოფილდებიან და მას, ვისაც სესხი უნდა მისცენ, მაგალითად, საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულების დადებას მოსთხოვენ.

„ეტყვიან, რომ ბინას დაგიბრუნებ, თუ სესხს თავის დროზე დამიბრუნებო… სხვა ათასი რამის მოფიქრება შეიძლება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვით მევახშეების მიმართ ინტერესი ვერ შემცირდება, რეალურად ფინანსური რესურსების პრობლემაა ქვეყანაში და ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ,“ – დასძენს ზურაბ კუკულაძე.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილიც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე უნდა იფიქროს. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი რეგულაციებით ის შედეგი მიიღწევა, რა მიზეზითაც ის კანონმდებლებმა მიიღეს.

„ამის საფუძველს მაძლევს რამდენიმე წლის წინ სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისთვის სავალდებულო გახდა ნოტარიუსის ჩართულობა. ვალდებულების მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი არ მიდიოდა ნოტარიუსთან და ერთმანეთში დებდნენ თვალთმაქცურ გარიგებებს. ამით ცდილობდნენ ნაკლები დანახარჯით სასურველი ფინანსური რესურსების მიღებას.  ნოტარიუსის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებები ვერ იყო მყარი გარანტია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოქალაქის მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულება დამოკიდებულია მის ფინანსურ შესაძებლობებზე. თუ მას შემოსავალი არ აქვს, ნოტარიუსის მეშვეობით დადებს ხელშეკრულებას, თუ ინდივიდუალურად, შედეგი მაინც იგივეა,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

 

 

sHEROes – ამბავი აგვისტოს ომის გმირ ქალებზე

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა.

აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე ფოტოწიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. sHEROes – არის ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ეს ომი სხვადასხვა ფორმით შეეხო. ქალებზე, რომლებმაც ომის მიუხედავად საკუთარი სოფლები არ დატოვეს და ამ გზით, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

პრეზენტაციაზე  ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ ისაუბრა, თუ როგორ და რატომ დაიწყო ამ წიგნზე მუშაობა.

ფოტოწიგნი sHEROes
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დინა ოგანოვა:

„sHEROes  ქართულად რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს გმირ ქალებს  – ეს წიგნი არის იმ ქალებზე, რომლებიც დარჩნენ, ასე ვთქვათ, კადრს მიღმა აგვისტოს  ომის დროს. რომლებმაც დაკარგეს ქმრები, შვილები… ესენი არიან ქალები, რომლებიც იყვნენ ომის მონაწილეები. ქალები, რომლებმაც გადაარჩინეს საკუთარი სოფლები.

2008 წლის ომის დროს მე არ შემეძლო წავსულიყავი ომში, რადგან საავადმყოფოში ვიწექი. სულ ვამბობ, რომ მე არ ვარ ჟურნალისტი და არ ვარ ომის ფოტოგრაფი, მაგრამ ერთადერთი ომი, რომლის გადასაღებადაც მინდოდა წასვლა, ეს  ის ომი იყო, რომელიც საქართველოში, ჩემს ქვეყანაში მოხდა. იმიტომ, რომ ფოტოგრაფია არის ერთადერთი ენა, რომლითაც შემიძლია ვილაპარაკო და ერთადერთი იარაღი ჩემთვის არის ფოტოკამერა, რითაც შემიძლია გადავიღო, შემდეგ გავავრცელო და მოვყვე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. იმის გამო, რომ ომის დროს ამ ყველაფრის გაკეთება ვერ შევძელი, როგორც კი წამოვდექი ფეხზე და გავედი სახლიდან, დავიწყე იმ ადგილების, იმ ხალხის გადაღება, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი ადგილები. დავიწყე მათთან ლაპარაკი. დავიწყე მათი ისტორიების მოსმენა. ვიცოდი, რომ მერე საბოლოოდ ეს რაღაც ფორმით ჩამოყალიბდებოდა. სადღაც ორი წლის წინ სალომეს მოვუყევი და შევთავაზე ერთად გვემუშავა.

სულ ვფიქრობდი ქალებზე. ძირითადად ომში ხომ ჩანან კაცები, მებრძოლი გმირები. ამ დროს არიან ქალები, რომლებიც კი ითვლებიან სუსტ რგოლად, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი. საქართველოში ძალიან მაგარი და ძლიერი ქალები ცხოვრობენ, რომლებმაც მართლა გადაარჩინეს სოფლები… უბრალოდ, უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. ეს წიგნი, პირველ რიგში, მადლობის თქმაა იმ ქალებისთვის, რომლებმაც შეგვიშვეს თავიან სივრცეში და მოგვცეს უფლება, მოგვეყოლა მათი ისტორიები, ისტორიები, რომლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს“.

დინა ოგანოვა და სალომე ბენიძე წიგნის პრეზენტაციაზე ბსუ-ში

ფოტოწიგნის თანაავტორი მწერალი სალომე ბენიძეა. ის წიგნზე მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის ამბები, რომლებიც ჩვენი უახლოესი ისტორიის ნაწილია.

„ამ წიგნში არიან ქალები, რომლებმაც დაკარგეს სოფლები. ამ წიგნში არიან ქალები, რომლებიც იმავე სოფლებში, სადაც მათ სახლი ჰქონდათ, სკოლის და ბაღის შენობაში ცხოვრობენ და ხედავენ რამდენიმე მეტრში თავიანთ სახლებს, რისგანაც დამწვარი კედლებია მხოლოდ დარჩენილი, მათ ეზოებზე კი მავთულხლართებია გავლებული. ასევე, აქ არიან ქალები, რომლებიც დაღუპული ჯარისკაცების დედები და მეუღლეები არიან. შეიძლება მათ ვერ ნახეს ეს ომი თავიანთი თვალით, მაგრამ ომი თავად მივიდა მათ ოჯახებში. ყველა ამ ქალს თავისი ომი აქვს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რომელსაც ეს ომი რაღაც ფორმით მაინც შეგვეხო,“ – ამბობს სალომე ბენიძე.

წიგნის პრეზენტაციას აგვისტოს ომის მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის სერჟანტი, ლევან ჯანგირაშვილიც ესწრებოდა.

„ხშირად მიწევს ჩვენს მომავალ თაობასთან შეხვედრა აღმზრდელობით დარგში და ყველას ვეკითხები, რა არის მათთვის პატრიოტიზმი. განსხვავებული  წარმოდგენები აქვთ ბავშვებს და ყველას ჰგონია, რომ პატრიოტიზმის არის აუცილებლად იარაღით მოწინააღმდეგის შეჩერების მცდელობაა. თქვენ ხართ პატრიოტები, რადგან  როდესაც ხარ შენი საქმის პროფესიონალი და იმ ადგილზე დგახარ, სადაც ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეგიძლია შენი ქვეყნისთვის, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი,“ – მიმართა ლევან ჯანგირაშვილმა წიგნის ავტორებს.

ლევან ჯანგირაშვილი

ლევან ჯანგირაშვილმა შეხვედრაზე 2008 წლის ცხრა აგვისტო გაიხსენა.

„ჩემთვის ყოველ წელს, როდესაც ეს პერიოდი მოდის, თითქოს ახლდება ის ყველაფერი. თითქოს ისევ იმ პერიოდში ვბრუნდები.

9 აგვისტოს, დაახლოებით ეს დრო იყო, პირველი-ორი საათი [დისკუსია ბსუ-ში 13:00 საათზე დაიწყო] ჩემი თანამებრძოლი დაიღუპა ხეთაგუროვში. ცოტახანში მისი ძმა მოვიდა. ის სხვა ქვედანაყოფში მსახურობდა.  კითხულობს, მამია სად არისო, მამია ფანცულაია, ძალიან კარგი ვაჟკაცი. როგორია ძმას უთხრა, რომ შენი ძმა აღარაა ცოცხალი. რა ხდება-მეთქი? – ვკითხე, წინა ქვედანაყოფს ჰყავს გაყვანილი და აქ არაა-მეთქი.

გოგო შეეძინაო და უნდა მივულოცოო. თითქმის დაემთხვა მამიას დაღუპვა მისი შვილის დაბადებას. ასე ხდება ხშირად, ჩვენ იმიტომ ვდგავართ სამშობლოს დასაცავად, რომ სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს“.

გონიოში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი გადაარჩინეს [ვიდეო]

გონიოში მაშველებმა – ლერი შაინიძემ და ნიკა აბდულიშმა უკრაინის მოქალაქე, 20 წლის გოგო გადაარჩინეს. ​ახალგაზრდა ქალი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ამისა, გონიოშივე მაშველებმა – ოლეგ შავაძემ, მამუკა და მანუჩარ წულუკიძეებმა 34 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ზღვის სანაპიროდან ასევე 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ძლიერი ტალღების გამო ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს დილითვე გაავრცელა განცხადება, რომ დღეს, 9 აგვისტოს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: „ქართულმა მარშმა ხელი დაიქნია და საკრებულომ გადაწყვიტა“

ვიდრე ბათუმში მისი განთავსების უკვე განსაზღვრულ ადგილს ოფიციალურად განსაზღვრავდნენ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ „ვინ, სად და როდის დააჭენებდა დავით აღმაშენებლის ძეგლს საქართველოში აქეთ-იქეთ“. სხდომის თავმჯდომარე სულიკო თებიძე ჯერ კოლეგების დამშვიდებას შეეცადა, შემდეგ კი ოპოზიციას მიმართა.

„…ხომ ძალიან კარგად გახსოვთ 2005 წლის ოქტომბერი, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ თვალსაჩინო ადგილას იდგა იმ დიდებული ადამიანის ძეგლი, 2005 წლის ბოლოს აიდგა ფეხი და გამოვიდა თბილისის შესასვლელში. რომელ მოქალაქეს ჰკითხეთ მაშინ, ვის დაეკითხეთ? – ეს ხომ ერთი კაცის ხუშტური იყო, ჩვენ საზოგადოებასთან გვაქვს კომუნიკაცია,“ – განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ. მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იგულისხმა, რომლის საფუძველზეც დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრიდან გადაიტანეს.

„გეკითხებით, ბათუმელებთან შეთანხმებით იდგმება ძეგლი თუ „ქართული მარშის“ – ნეოფაშისტური ძალის ერთი ხელის დაკვრით? – მე არ მგონია, რომ ნეოფაშისტები უნდა წყვეტდნენ, სად უნდა დაიდგას ძეგლი, მითუმეტეს, რომ აგვისტოს დღეებია ახლა და პრორუსულ ძალასთან შეთანხმებით იღებთ გადაწყვეტილებას,“ – ასე გამოეხმაურა თავმჯდომარეს ოპოზიციური ფრაქციის წევრი, მირდატ ქამადაძე.

საკრებულოს უმრავლესობა საკითხის მომხსენებელთან ერთად დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილი განსაზღვრეს, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება არათუ „ქართული მარშის“ გამარჯვება არ არის, არამედ მათ საერთოდ არ უკავშირდება და დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა ისედაც გადაწყვეტილი იყო.

ოპოზიცია კი ამტკიცებდა, რომ  გადაწყვეტილება „ქართული მარშის“ სურვილით მიიღო ჯერ ბათუმის მერმა, შემდეგ კი საკრებულოს უმრავლესობამ „გააპრავა.“

სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, რომ საკრებულო კიდევ ერთ საკითხში „გამოვიდა გამპრავებლად“, როცა მერიამ ჯერ ადგილი შეარჩია, განათავსა მემორიალური დაფა წარწერით: „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი,“ საკრებულომ კი პოსტფაქტუმ იმსჯელა ძეგლის განთავსების ადგილის განსაზღვრაზე.

საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ განმარტა, რომ მერიას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და საკრებულოსთან მოლაპარაკებები ჰქონდა:

„ეს საკითხი ერთპიროვნულად არავის გადაუწყვეტია. ეს მოხდა შეთანხმებით, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და უმრავლესობა არის ერთსულოვანი ამ საკითხთან მიმართებაში. ეს ღიად გადავწყვიტეთ და მინდა გითხრათ, რომ შერჩეული ადგილი არის ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი ადგილი.“

მომხსენებლის ამ განცხადებას საკრებულოს ოპოზიცია ისევ გამოეხმაურა: „თურმე შეთანხმებული და ერთსულოვნები ხართ უმრავლესობა. გადაგიწყვეტიათ, რომ ძეგლის ადგილი იქ უნდა იყოს, მაშინ რას ემსახურება ეს სხდომა?“

საკრებულოს წევრმა, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ იკითხა – „წინსწრებით რომ დაიდგა, ამაში …დანაშაული რაში მდგომარეობს“.

საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან იმითაც დაინტერესდა, ვიდრე მერია და საკრებულოს უმრავლესობა შეთანხმდებოდნენ, დაინტერესდნენ თუ არა ამომრჩევლის აზრით, ან მოისმინეს თუ არა ურბანისტების მოსაზრება იმაზე, როგორ მოხერხდება იქ ძეგლის განთავსება. უმრავლესობის წევრები კი ამტკიცებდნენ, რომ თითქმის ყოველდღიურად აქვთ ხალხთან შეხვედრა და კარგად იციან ამომრჩევლის პოზიცია.

ამაზე საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა:

„მე ჩემს აზრს დაგიფიქსირებთ, არა როგორც თავმჯდომარე, არამედ რიგითი დეპუტატი და მოქალაქე, პროცედურულად, როცა ხდება ძეგლის დადგმა – მინდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ მიწის ნაკვეთი გამოიყოს, ჩვენ ვუმტკიცებთ მას მერიას, მერე ვავალებთ, რომ კონკურსი გამოაცხადოს. ეს არ ნიშნავს, რომ ასი პროცენტით გადაწყდა, რომ ძეგლი დაიდგმება. ამის შემდეგ საკითხი მიდის სამთავრობო კომისიაში, სადაც ურბანისტები და სხვა სპეციალისტებიც არიან. მათი დასკვნის შემდეგ, თუ რამდენად შეეფერება ეს ადგილი, გვექნება ან კი, ან არა …. რაც შეეხება იმას, თუ ვის დავეკითხეთ, გიპასუხებთ, რომ ჩვენ სისტემატიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა. “

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, სადაც აღმაშენებლის ძეგლის დადგმას აპირებენ, მემორიალური ქვა დაახლოებით ერთი კვირის წინ განათავსა.

„ქართულმა მარშმა“ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ თაბაშირში ჩამოსხმული დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზიც განათავსა და იქვე დაწერეს, რომ ამ ძეგლის დადგმა ბათუმში იგეგმება, მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ძეგლის ესკიზის შესარჩევად კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

მერიამ ბათუმში დავით აღმაშენებლის მემორიალური ქვა დადგა

 

 

საკრებულოს გადაწყვეტილება აღმაშენებლის ძეგლის თაობაზე

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების ადგილი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაზე გავიდა ორი განკარგულების პროექტი – ერთი, რომელიც წარადგინა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ და მეორე, რომელიც სხდომაზე ინიციატივის სახით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი კომიისიის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებლის ძეგლის (ქანდაკების) განთავსების ადგილად ქ. ბათუმში აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული წრიული განისაზღვრა.

ძეგლის განთავსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ბათუმის მერიამ უნდა უზრუნველყოს საჭირო მოსამზადებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და საფინანსო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ძეგლის პროექტის (ესკიზის) შერჩევა (შესყიდვა) და მასალების მომზადება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებასთან მისი შეთანხმების მიზნით.

კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ – მერია

ბათუმის მერია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების [მიკროავტობუსების] ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს.

„ტექდათვალიერების მიზანი ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. შემოწმების პროცესი გოგოლის ქ. #1-ში, 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მიკროავტობუსების დათვალიერების დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნა საკრებულოს წარედგინება გამარჯვებულზე ნებართვის გაცემის მიზნით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს შესაბამისი ნებართვები აქვთ და მათი მიკროავტობუსები დღემდე მოძრაობენ ქალაქში.

„კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ქალაქის ტერიტორიაზე პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უნდა შეიცვალოს ქალაქში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემები, რამდენიმე ხაზი კი უნდა გაუქმდეს [მაგალითად: ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები  შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55].

ამასთან, შემცირდება ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა და დარეგულირდება ინტერვალები ხაზზე მოძრავ ავტობუსებს შორის.

 

მაშველებმა ზღვაში 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ზღვაში, მაშველებმა მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. ​მამაკაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

სამაშველო სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

აგვისტოს წვიმიანი ბათუმი (ფოტო)

წინა წლისგან განსხვავებით წელს ბათუმში აგვისტოს თვე უხვნალექიანი აღმოჩნდა. გასული 9 დღიდან 5 დღე წვიმდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აგვისტოს წვიმიანი ბათუმიდან.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

შეამოწმე, რა გახსოვს აგვისტოს ომზე [ტესტი]

 

წყარო:

IDFI – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

factcheck

საქართველოს მთავრობის ოფიციალური დოკუმენტი – საქართველოში რუსეთის აგრესიის ქრონოლოგია

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ქალს და კაცს დაეჯახა

დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ორ მოქალაქეს ზებრაზე დაეჯახა. დაშავებულთაგან ერთი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „თავზე ჰქონდა დაზიანება და სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების  დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის დაზიანება.

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ქალს და კაცს დაეჯახა.

მთავარი ფოტო: ავარიის ადგილი

„თხილის კუნძული“ ზღვაში – წყალდიდობა თურქეთში [ფოტო]

ავტორი: აიდან იუსუბოვა

თურქეთის ქალაქ ორდუსა და მიმდებარე სამ დასახლებაში, ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა იყო. ერთ-ერთ დასახლებაში, უნიაში, ნაწილობრივ ჩამონგრეული ხიდის გამო, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.

ადგილობრივების თქმით, წყალდიდობამ ჩარეცხა ტონობით თხილი, რამაც ზღვაში ერთგვარი „თხილის კუნძული“ წარმოქმნა.

საქართველოდან თხილის საკრეფად, ძირითადად, იმ დასახლებებში მუშაობენ, სადაც წყალდიდობა იყო.

თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

წყალდიდობის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ თურქეთის მოქალაქეებმა მოაწოდეს. ფოტოები გუშინ და დღეს, 9 აგვისტოს არის გადაღებული:

წყალდიდობა თურქეთში
წყალდიდობა თურქეთში / „თხილის კუნძული“ ზღვაში /
წყალდიდობა თურქეთში / ზღვაში ჩატანილი თხილი
წყალდიდობა თურქეთში
წყალდიდობა თურქეთში / 8.08.2018
წყალდიდობა თურქეთში / 8.08.2018
წყალდიდობა თურქეთში / 8.08.2018

მთავარი ფოტო: თხილის კუნძული ზღვაში

 

რატომ არის გამორთული აჭარის მთავრობის ინტერნეტგვერდი

აჭარის მთავრობის ერთიანი ინტერნეტპორტალი დღეს დილიდან არ მუშაობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მთავრობას ინტერნეტს არ აწვდიან.

„მთავარი სერვერი განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შენობაში, სადაც ინტერნეტის პრობლემა არსებობს. ველოდებით  პრობლემის მოგვარებას. ინტერნეტს კომპანია „მაგთი“ გვაწვდის. როგორც კი მოგვარდება მიწოდების პრობლემა, ჩაირთვება საიტი,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო გუჯაბიძემ.

რამდენად გააღარიბა თხილისა და ჩაის კრეფაზე წასული საქართველოს მოქალაქეები თურქული ლირის რყევამ

ავტორი: აიდან იუსუბოვა

მეზობელ თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობა გაართულა, რომლებიც თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ და ანაზღაურებას თურქულ ლირაში იღებენ.

ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად გადადიან თურქეთში დროებით სამუშაოს შესასრულებლად – ჩაისა და თხილის საკრეფად. მაგალითად, თუ ადრე დღეში 60-80 ლირას უხდიდნენ ამ საქმიანობაში, რაც 17-22 დოლარი იყო, ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ 11-15 დოლარს აღწევს. შესაბამისად, ინფლაცია თურქეთში საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ეს ვითარება საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის, რომლებიც მუშაობენ სტამბოლში, იზმიტში, ქოჯაელისა და სხვა ქალაქებში და ხელფასს იღებენ ლირებში, შემოსავლებზე ცუდად აისახა“, – ამბობს ეთნიკური აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე ემილ ეთირმიშლი, რომელიც ცხოვრობს სტამბოლში და დასაქმებულია ეკონომიკის სფეროში.

ემილის თქმით, მაგალითად, ვინც 3500 ლირას იღებს ხელფასის სახით, თუ ადრე 1000 ამერიკულ დოლარამდე გამოსდიოდა, ახლა მისი ანაზღაურება დაახლოებით 600 დოლარი გამოდის. გაზრდილი ინფლაციის ფონზე გაძვირებულია ყველაფერი და, შესაბამისად, ამ თანხაზე მუშაობას აზრი არ აქვს.      

ემილ ეთირმიშლიმ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც, ძირითადად, ქვემო ქართლიდან არიან და მუშაობენ თურქეთის საკურორტო ქალაქებში, ხელფასს დოლარში იღებენ, შესაბამისად,  მათ მდგომარეობაზე ამ კრიზისს გავლენა დიდად არ მოუხდენია.

თურქეთის ეროვნული ბანკის მიერ ამ დროისთვის დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 5,28 ლირა ღირს. ამერიკული გამოცემა Bloomerg-ის ინფორმაციით, თურქული ლირა წელს 28%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

ექსპერტების მოსაზრებით, ლირას ეს რეკორდული გაუფასურება ხანგრძლივი პოლიტიკური პრობლემებით არის გამოწვეული. ისინი რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირება, რუსეთსა და ამერიკასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესება, კერძო სექტორის ვალები, შესაბამისი პოლიტიკის არარსებობა და საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თურქეთის რესპუბლიკაზე დაწესებული სანქციები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიტ გულისა და შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილს, „ამერიკელი პასტორის ანდრეი ბრუნის უსამართლო დაკავებაზე” უშუალო მონაწილეობის საფუძველზე სანქციები დაუწესა. სანქციების ფარგლებში ორივე მინისტრის აშშ-ში არსებული აქტივებზე ემბარგო დაიდო, ხოლო აშშ-ს მოქალაქეებს აეკრძალათ ნებისმიერი  საქმიანობის განხორციელება ამ მინისტრებთან.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ბაირამ მამედოვი, რომელიც უკვე ათი წელია სტამბოლში ცხოვრობს და აქვს მცირე ბიზნესი, ამბობს, რომ თურქეთში პროდუქტით დაწყებული, საწვავით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა: „ლირის რეკორდული გაუფასურება აქ მომუშავე იმიგრანტების შემოსავლებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ჩვენ ხელფასს ლირაში ვიღებთ, საქართველოში კი ლარებში ვხარჯავთ. ლარი სტაბილური რჩება და ჩვენი შემოსავალი საქართველოში არაფერი აღარ არის“.  

 

Exit mobile version