მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი ღირსების საკითხია

09.08.2018
თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა  ჩვენი ღირსების საკითხია

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. როგორც რიჟვაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, კითხვა ე.წ „ოცნების ქალაქის“ პრობლემასთან დაკავშირებით დასვა. მისი თქმით, „ოცნების ქალაქი“ ერთგვარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა აჭარის ხელისუფლებისთვის. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა და აქვს  თუ არა კონკრეტული ხედვები? – მალხაზ ჭკადუას ეს საკითხი აინტერესებდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ოცნების ქალაქის“ პრობლემა აჭარის ხელისუფლების ღირსების საკითხია.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საკითხის გადაჭრა და მოგვარება ჩვენი ღირსების საკითხია. ვერ მეტყვით რეგიონს, სადაც შესაძლოა ამ მასშტაბის სოციალური საკითხი ამდენი წლის განმავლობაში იყოს ჩაწოლილი. ამიტომ საჭიროა გონივრულად და ეფექტურად მივუდგეთ საკითხს. მოლაპარაკების დეტალებზე ჩვენ ვიქნებით ღია და გავასაჯაროებთ ახლო მომავალში“.

რიჟვაძის თქმით, აუცილებელია გამოინახოს ოპტიმალური გამოსავალი. „რადგან აქ არის არა მარტო სოციალური, არამედ სამართლებრივი პრობლემებიც გადასაჭრელი.  არც მე და არც ჩემს წინამორბედს კონკრეტული რეცეპტი არ დაგვხვედრია, ჩვენ ვართ აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზე.

გეტყვით, რომ სტატისტიკური ანალიზი გაკეთებულია და ზუსტი წარმოდგენა გვაქვს (ალბათ, ორპროცენტიანი ცდომილებით), რამდენი ადამიანია, რამდენი სახლია და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვაპირებთ წარვადგინოთ კონკრეტული ხედვები“.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ამ პრობლემის მოგვარებაში კერძო სექტორის როლს.  „თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ“.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო დასმული კითხვები, როგორც ქალაქის ურბანულ განვითარებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, გამწვანებასა და ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ადაპტირებულ გარემოსთან და სხვა საკითხებზე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: