მთავარი,სიახლეები

რამდენად გააღარიბა თხილისა და ჩაის კრეფაზე წასული საქართველოს მოქალაქეები თურქული ლირის რყევამ

09.08.2018 • 3182
რამდენად გააღარიბა თხილისა და ჩაის კრეფაზე წასული საქართველოს მოქალაქეები თურქული ლირის რყევამ

ავტორი: აიდან იუსუბოვა

მეზობელ თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობა გაართულა, რომლებიც თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ და ანაზღაურებას თურქულ ლირაში იღებენ.

ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად გადადიან თურქეთში დროებით სამუშაოს შესასრულებლად – ჩაისა და თხილის საკრეფად. მაგალითად, თუ ადრე დღეში 60-80 ლირას უხდიდნენ ამ საქმიანობაში, რაც 17-22 დოლარი იყო, ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ 11-15 დოლარს აღწევს. შესაბამისად, ინფლაცია თურქეთში საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ეს ვითარება საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის, რომლებიც მუშაობენ სტამბოლში, იზმიტში, ქოჯაელისა და სხვა ქალაქებში და ხელფასს იღებენ ლირებში, შემოსავლებზე ცუდად აისახა“, – ამბობს ეთნიკური აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე ემილ ეთირმიშლი, რომელიც ცხოვრობს სტამბოლში და დასაქმებულია ეკონომიკის სფეროში.

ემილის თქმით, მაგალითად, ვინც 3500 ლირას იღებს ხელფასის სახით, თუ ადრე 1000 ამერიკულ დოლარამდე გამოსდიოდა, ახლა მისი ანაზღაურება დაახლოებით 600 დოლარი გამოდის. გაზრდილი ინფლაციის ფონზე გაძვირებულია ყველაფერი და, შესაბამისად, ამ თანხაზე მუშაობას აზრი არ აქვს.      

ემილ ეთირმიშლიმ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც, ძირითადად, ქვემო ქართლიდან არიან და მუშაობენ თურქეთის საკურორტო ქალაქებში, ხელფასს დოლარში იღებენ, შესაბამისად,  მათ მდგომარეობაზე ამ კრიზისს გავლენა დიდად არ მოუხდენია.

თურქეთის ეროვნული ბანკის მიერ ამ დროისთვის დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 5,28 ლირა ღირს. ამერიკული გამოცემა Bloomerg-ის ინფორმაციით, თურქული ლირა წელს 28%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

ექსპერტების მოსაზრებით, ლირას ეს რეკორდული გაუფასურება ხანგრძლივი პოლიტიკური პრობლემებით არის გამოწვეული. ისინი რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირება, რუსეთსა და ამერიკასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესება, კერძო სექტორის ვალები, შესაბამისი პოლიტიკის არარსებობა და საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თურქეთის რესპუბლიკაზე დაწესებული სანქციები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიტ გულისა და შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილს, „ამერიკელი პასტორის ანდრეი ბრუნის უსამართლო დაკავებაზე” უშუალო მონაწილეობის საფუძველზე სანქციები დაუწესა. სანქციების ფარგლებში ორივე მინისტრის აშშ-ში არსებული აქტივებზე ემბარგო დაიდო, ხოლო აშშ-ს მოქალაქეებს აეკრძალათ ნებისმიერი  საქმიანობის განხორციელება ამ მინისტრებთან.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ბაირამ მამედოვი, რომელიც უკვე ათი წელია სტამბოლში ცხოვრობს და აქვს მცირე ბიზნესი, ამბობს, რომ თურქეთში პროდუქტით დაწყებული, საწვავით დამთავრებული ყველაფერი გაძვირდა: „ლირის რეკორდული გაუფასურება აქ მომუშავე იმიგრანტების შემოსავლებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ჩვენ ხელფასს ლირაში ვიღებთ, საქართველოში კი ლარებში ვხარჯავთ. ლარი სტაბილური რჩება და ჩვენი შემოსავალი საქართველოში არაფერი აღარ არის“.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: