მთავარი,სიახლეები

sHEROes – ამბავი აგვისტოს ომის გმირ ქალებზე

09.08.2018 • 3372
sHEROes – ამბავი აგვისტოს ომის გმირ ქალებზე

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა.

აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე ფოტოწიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. sHEROes – არის ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ეს ომი სხვადასხვა ფორმით შეეხო. ქალებზე, რომლებმაც ომის მიუხედავად საკუთარი სოფლები არ დატოვეს და ამ გზით, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

პრეზენტაციაზე  ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ ისაუბრა, თუ როგორ და რატომ დაიწყო ამ წიგნზე მუშაობა.

ფოტოწიგნი sHEROes
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დინა ოგანოვა:

„sHEROes  ქართულად რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს გმირ ქალებს  – ეს წიგნი არის იმ ქალებზე, რომლებიც დარჩნენ, ასე ვთქვათ, კადრს მიღმა აგვისტოს  ომის დროს. რომლებმაც დაკარგეს ქმრები, შვილები… ესენი არიან ქალები, რომლებიც იყვნენ ომის მონაწილეები. ქალები, რომლებმაც გადაარჩინეს საკუთარი სოფლები.

2008 წლის ომის დროს მე არ შემეძლო წავსულიყავი ომში, რადგან საავადმყოფოში ვიწექი. სულ ვამბობ, რომ მე არ ვარ ჟურნალისტი და არ ვარ ომის ფოტოგრაფი, მაგრამ ერთადერთი ომი, რომლის გადასაღებადაც მინდოდა წასვლა, ეს  ის ომი იყო, რომელიც საქართველოში, ჩემს ქვეყანაში მოხდა. იმიტომ, რომ ფოტოგრაფია არის ერთადერთი ენა, რომლითაც შემიძლია ვილაპარაკო და ერთადერთი იარაღი ჩემთვის არის ფოტოკამერა, რითაც შემიძლია გადავიღო, შემდეგ გავავრცელო და მოვყვე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. იმის გამო, რომ ომის დროს ამ ყველაფრის გაკეთება ვერ შევძელი, როგორც კი წამოვდექი ფეხზე და გავედი სახლიდან, დავიწყე იმ ადგილების, იმ ხალხის გადაღება, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი ადგილები. დავიწყე მათთან ლაპარაკი. დავიწყე მათი ისტორიების მოსმენა. ვიცოდი, რომ მერე საბოლოოდ ეს რაღაც ფორმით ჩამოყალიბდებოდა. სადღაც ორი წლის წინ სალომეს მოვუყევი და შევთავაზე ერთად გვემუშავა.

სულ ვფიქრობდი ქალებზე. ძირითადად ომში ხომ ჩანან კაცები, მებრძოლი გმირები. ამ დროს არიან ქალები, რომლებიც კი ითვლებიან სუსტ რგოლად, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი. საქართველოში ძალიან მაგარი და ძლიერი ქალები ცხოვრობენ, რომლებმაც მართლა გადაარჩინეს სოფლები… უბრალოდ, უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. ეს წიგნი, პირველ რიგში, მადლობის თქმაა იმ ქალებისთვის, რომლებმაც შეგვიშვეს თავიან სივრცეში და მოგვცეს უფლება, მოგვეყოლა მათი ისტორიები, ისტორიები, რომლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს“.

დინა ოგანოვა და სალომე ბენიძე წიგნის პრეზენტაციაზე ბსუ-ში

ფოტოწიგნის თანაავტორი მწერალი სალომე ბენიძეა. ის წიგნზე მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის ამბები, რომლებიც ჩვენი უახლოესი ისტორიის ნაწილია.

„ამ წიგნში არიან ქალები, რომლებმაც დაკარგეს სოფლები. ამ წიგნში არიან ქალები, რომლებიც იმავე სოფლებში, სადაც მათ სახლი ჰქონდათ, სკოლის და ბაღის შენობაში ცხოვრობენ და ხედავენ რამდენიმე მეტრში თავიანთ სახლებს, რისგანაც დამწვარი კედლებია მხოლოდ დარჩენილი, მათ ეზოებზე კი მავთულხლართებია გავლებული. ასევე, აქ არიან ქალები, რომლებიც დაღუპული ჯარისკაცების დედები და მეუღლეები არიან. შეიძლება მათ ვერ ნახეს ეს ომი თავიანთი თვალით, მაგრამ ომი თავად მივიდა მათ ოჯახებში. ყველა ამ ქალს თავისი ომი აქვს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რომელსაც ეს ომი რაღაც ფორმით მაინც შეგვეხო,“ – ამბობს სალომე ბენიძე.

წიგნის პრეზენტაციას აგვისტოს ომის მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის სერჟანტი, ლევან ჯანგირაშვილიც ესწრებოდა.

„ხშირად მიწევს ჩვენს მომავალ თაობასთან შეხვედრა აღმზრდელობით დარგში და ყველას ვეკითხები, რა არის მათთვის პატრიოტიზმი. განსხვავებული  წარმოდგენები აქვთ ბავშვებს და ყველას ჰგონია, რომ პატრიოტიზმის არის აუცილებლად იარაღით მოწინააღმდეგის შეჩერების მცდელობაა. თქვენ ხართ პატრიოტები, რადგან  როდესაც ხარ შენი საქმის პროფესიონალი და იმ ადგილზე დგახარ, სადაც ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეგიძლია შენი ქვეყნისთვის, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი,“ – მიმართა ლევან ჯანგირაშვილმა წიგნის ავტორებს.

ლევან ჯანგირაშვილი

ლევან ჯანგირაშვილმა შეხვედრაზე 2008 წლის ცხრა აგვისტო გაიხსენა.

„ჩემთვის ყოველ წელს, როდესაც ეს პერიოდი მოდის, თითქოს ახლდება ის ყველაფერი. თითქოს ისევ იმ პერიოდში ვბრუნდები.

9 აგვისტოს, დაახლოებით ეს დრო იყო, პირველი-ორი საათი [დისკუსია ბსუ-ში 13:00 საათზე დაიწყო] ჩემი თანამებრძოლი დაიღუპა ხეთაგუროვში. ცოტახანში მისი ძმა მოვიდა. ის სხვა ქვედანაყოფში მსახურობდა.  კითხულობს, მამია სად არისო, მამია ფანცულაია, ძალიან კარგი ვაჟკაცი. როგორია ძმას უთხრა, რომ შენი ძმა აღარაა ცოცხალი. რა ხდება-მეთქი? – ვკითხე, წინა ქვედანაყოფს ჰყავს გაყვანილი და აქ არაა-მეთქი.

გოგო შეეძინაო და უნდა მივულოცოო. თითქმის დაემთხვა მამიას დაღუპვა მისი შვილის დაბადებას. ასე ხდება ხშირად, ჩვენ იმიტომ ვდგავართ სამშობლოს დასაცავად, რომ სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: