პოპვარსკვლავი, მომღერალი, რეჟისორი და მწერალი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სექსსიმბოლო, მადონა დღეს 60 წლის გახდა. თანამედროვე მსოფლიოს პოპკულტურაში დღემდე იგრძნობა მისი გარეგნული სტილისა და მუსიკის გავლენა.
მადონას სრული სახელი და გვარი მადონა ლუიზა ვერონიკა ჩიკონეა. მომღერალს, მსოფლიოს ქალ მომღერლებს შორის, ყველაზე მეტი – 300 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
მადონა მიჩიგანის შტატში, როჩესტერში გაიზარდა. 1977 წელს საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ცეკვას სწავლობდა და მოდელად მუშაობდა. ამ პერიოდშიც კი მას უკვე ჰქონდა საკუთარი სტილი, რამაც გარკვეულწილად მსოფლიო პოპკულტურის მიმართულება განსაზღვრა.
მადონას მიერ შესრულებული სიმღერების უმეტესობა მასვე ეკუთვნის. პირველი სადებიუტო ალბომი მომღერალმა 1982 წელს გამოსცა.
„გრემის“ მფლობელი მუსიკოსის წარმატება კინოროლებმაც განაპირობა: „ევიტა“, „ლიგა“, „მათი ლიგა“, „დიკ ტრეისი“ და „სასოწარკვეთილი ვეძებ სიუზანს“ – ეს ის ფილმებია, რომლებშიც მომღერალმა ითამაშა. ფილმისთვის „ევიტა“ მან ოქროს გლობუსიც მიიღო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
მომღერალს აქვს საკუთარი კომპანია Maverick-ი, ქმნის სამოსის მოდელებს, მანვე დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია ღარიბთა დასახმარებლად, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი და ფილმების რეჟისორი.