მთავარი,სიახლეები

„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

15.08.2018 • 11892
„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა“, – ამას ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს. იგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ფსიქოლოგიის ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია და აქ მომსახურების მიღება ევროკავშირის მხარდაჭერით უფასოდ შეიძლება.

„ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ – ამ პროექტის ფარგლებში გახსნილი ფსიქოლოგიის ცენტრი ბავშვებს და 21 წლამდე ახალგაზრდებს ემსახურება. რა ჩანს ბავშვთა ძალადობის ისტორიებიდან – „ბათუმელები“ ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგს, ქეთი დევაძეს ესაუბრა.

მოგვიყევით, როგორ მოდიან ადამიანები თქვენამდე, რა შემთხვევაში ხედავს მშობელი პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებას? 

ბავშვთა მიმართ ძალადობა ისევ ტაბუირებულ თემად რჩება. ხშირად მოგვმართავს სოციალური მომსახურების სააგენტო, განსაკუთრებით მაშინ, როცა განქორწინების შემთხვევაა და საჭიროა ფსიქოლოგის დასკვნა მეურვეობის განსაზღვრისთვის. როცა პირდაპირ ჩვენთან მოჰყავთ ძალადობის მსხვერპლი, დადასტურების შემთხვევაში, ვაწვდით ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს.

იყო შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავად მოძალადე მშობელს მოუყვანია. მშობელი ამბობს, რომ ემოციური ფონი დაძაბული აქვს, უჭირს საკუთარი თავის კონტროლი და დახმარება სჭირდება. ძირითადად კარგი შედეგი აქვს ფსიქოლოგიურ თერაპიას, რადგან მშობელი მოდის უკვე აღიარებით, „განკურნების“ ერთ-ერთი ეტაპი კი არის ის, რომ პრობლემას თვალი გაუსწორო. ყოფილა ისეც, რომ მშობელი მოსულა და უთქვამს, რომ ბავშვი მორცხვია, მორიდებული, ყველაფერს თავს არიდებს და ასე შემდეგ. გასაუბრების შემდეგ ჩანს, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ამის შემდეგ ხშირად მიჰყავთ ბავშვები და წყვეტენ თერაპიის კურსს.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება ვაიძულოთ. ამ დროს პროცესში სოციალური მუშაკები ერთვებიან. საერთო ტენდენცია არის ის, რომ არავის სურს იმის გასაჯაროება, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან დადის. როცა აქაა მშობელი და ურეკავენ, პასუხობენ, რომ საქმეზე არიან ან ექიმთან. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა კიდეც, დედამ მითხრა, ფსიქოლოგთან რომ დავდივართ, არ თქვა არავისთანო.

ოჯახში ძალადობის ისტორიებიდან რა ჩანს – ძირითადად რატომ ძალადობს მშობელი შვილზე? 

მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. სტერეოტიპია, რომ ძალადობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხდება, თუმცა ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის მძიმე სოციალური ფონი და დაძაბული ემოციური გარემო. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა ყველაზე გავრცელებული.

განქორწინების პროცესში თითქმის ყოველთვის ბავშვი განიცდის, ასე ვთქვათ, ცუდ ზეგავლენებს. ამ დროს მშობლები თავად მოგვმართავენ – არის ეს ტენდენციაა. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩვენთან ვიზიტი მშობელმა დაასრულა და შემდეგ ისევ დაფიქსირდა ძალადობის ფაქტი. ეს ამბავი სრულდება იმით, რომ ბავშვი სოციალურ მუშაკებს ოჯახიდან გადაჰყავთ მინდობით აღზრდაში.

ძალადობის განმეორებაზე მინდა გკითხოთ. არსებობს მოსაზრება, რომ მოძალადის ქცევის კორექცია იშვიათად ხდება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელია მშობლის ძალადობრივი ქცევის შეცვლა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შედეგად? 

ვერ ვიტყვით, რომ ეს შეუძლებელია. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განაპირობებს არა მხოლოდ ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, არამედ გარემო და კონკრეტული სიტუაციაც. შესაძლებელია, ერთ გარემოში გამოვლენილი ქცევა, სხვა სიტუაციაში აღარ განმეორდეს. გვაქვს შემთხვევები, როცა მუშაობამ და თერაპიამ გამოიღო შედეგი. გვქონია კარგი შედეგები. გააჩნია ინდივიდს და სიტუაციას. ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის ამართლებს თერაპია.

ბულინგის კუთხით თუ მოუმართავთ თქვენთვის? 

კი, ბულინგზეც გვაქვს მომართვიანობა. გვქონდა ბულინგის შემთხვევა უნივერსიტეტშიც…

რაც შეეხება სკოლებს, ხშირად მოდის მშობელი და ამბობს, რომ მის შვილს დასცინიან. არსებობს სტერეოტიპი, რომ მხოლოდ სუსტი ბავშვები ხდებიან ბულინგის მსხვერპლი. ასე არ არის. ნებისმიერი ბავშვი, მათ შორის, წარმატებული და ლიდერი ბავშვიც შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი. მთავარია ის, რომ ბავშვებს არ უნდა შეეშინდეთ, არ უნდა იგრძნონ გარიყულად თავი, მათ უნდა გაბედონ ამაზე საუბარი. პირველ რიგში, ბავშვები ამის შესახებ უნდა ესაუბრონ მშობლებს. მე მშობელს მივმართავ ყოველთვის, რომ იყვნენ ბავშვებთან განსაკუთრებულად ღია, რომ არ გამოეპაროთ მსგავსი პრობლემები. სკოლები ხშირად ამ ინფორმაციისთვის არ არიან ღია. მქონია შემთხვევები, როცა მოსწავლეს შევთავაზე, მოდი, ამის შესახებ დირექტორს ვუთხრათ-მეთქი. მითხრა, რომ დირექტორმა იცის ყველაფერი და რეაქცია არ ჰქონიაო.

ხომ არ გიმუშავიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან? როგორ უნდა გამოიცნოს მშობელმა, რომ ბავშვი პედოფილიის მსხვერპლია? 

კი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდებთან ახლაც ვმუშაობთ. აქაც არსებობს მითი, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვი შეიძლება გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ძირითად შემთხვევაში მოძალადე არის ბავშვისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და ამ დანაშაულს ახასიათებს განმეორებითობა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამოირჩევა დაუცველობის განცდით. მას აქვს შეხედულება, რომ არავინ დაუჯერებს, ხოლო მოძალადე ეუბნება, რომ ის განსაკუთრებულად იქცევა მასთან, რომ ეს მხოლოდ მათი საიდუმლოა. „საიდუმლო“ – ერთგვარი გასაღები სიტყვაა ამ პროცესში. ამ დროს ბავშვი ჩაკეტილია საკუთარ თავში და გაურბის კონტაქტს გარესამყაროსთან. ბავშვი ცდილობს სხეულის გარკვეული ნაწილის დამალვასაც, ხშირად ბანაობს, რომ ამით თითქოს რაღაც ჩამოირეცხოს და გათავისუფლდეს. ის ამ დროს ფიქრობს, რომ სხვას ეს არ დამართნია და მხოლოდ მას მოუვიდა, აქვს ამბივალენტური დამოკიდებულება მოძალადესთან – ეზიზღება და იმავდროულად უყვარს. ბავშვები ხშირად ტირიან იმის გამო, რომ მოძალადე დასაჯეს. მათ აქვთ განცდა, რომ ისინი თავად არიან დამნაშავე…

 ამ დროს მშობელთან ახლო კომუნიკაცია თუ არის გამოსავალი? 

მქონია შემთხვევა, როცა ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მშობელთან ბავშვს, მაგრამ იგი ამ თემაზე მშობელს მაინც არ მოუყვა. ხშირად ბავშვი აცნობიერებს, რაც მოხდა, მაგრამ მას არ აქვს მხარდაჭერის იმედი ან ეშინია. უმეტეს შემთხვევაში ბავშვს ემუქრება მოძალადე, ეუბნება, რომ მას მაინც არ დაუჯერებენ და, უბრალოდ, შერცხვენილი დარჩება. სამწუხაროდ, ეს ასეც არის რეალობაში.

ჩვენ გვაქვს ისტორიები, როცა პირიქით, ბავშვი დაადანაშაულეს ცილისწამებაში. ხშირად გვესმის მშობლებისგან საყვედური, რომ აი, ეს ბავშვმა აქამდე როგორ არ თქვა. შესაძლებელია ბავშვი დაადანაშაულოს დედამ, ბებიამ, ბაბუამ, როცა მოძალადე არის მამა და ეს გამოძიებით დადასტურებულია. მშობლები ამ დროს გამუდმებით იმეორებენ, რომ მოძალადე ამას არ გააკეთებდა, რომ ეს შეუძლებელია…

რამდენად შესაძლებელია ბავშვი იგონებდეს ძალადობის ისტორიას? 

ზოგადად, ბავშვი ძალიან იშვიათად იტყუება სექსუალური ძალადობის შესახებ. ამგვარი მსხვერპლის როლის მორგება რთულია და ეს არაა მათთვის სასურველი. მან შეიძლება მოირგოს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის როლი, თუმცა არა სექსუალური.

თქვენი აზრით, რა უნდა იყოს დასჯის ეფექტური მექანიზმი? ჩვენ დაგვიწერია ძალადობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როცა მოძალადე გაასამართლეს და სასჯელის მოხდის შემდეგ მან ისევ იძალადა. 

ჩემი აზრით, მთავარია, საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს ძალადობის მიმართ. ისევ ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი შვილის ცემას პრობლემად არ მიიჩნევს. ერთმა დედამ მითხრა, რამდენჯერ უნდა ვცემო შვილი, მაინც არაფერი შველისო. ჩვენს კულტურაში მთავარია ბავშვს კარგად ეცვას, სუფთად იყოს, მოვლილი, თმა შეჭრილი ჰქონდეს, არ შიოდეს და არა ის, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს, როგორ არის. ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა, არავინ ინტერესდება, რას გრძნობს ბავშვი. ამით რომ დავინტერესდეთ, ბევრ ცუდ რამეს ავირიდებთ თავიდან: ბულინგს, დეპრესიას, სუიციდის მცდელობას…

აგრესია ახასიათებთ მოზარდებსაც. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვესაუბრეთ ოთხ მოზარდს, რომლებმაც საკუთარ მშობლებზე იძალადეს. ერთმა მოზარდმა დედას მუცელში დანა ჩაარტყა, მეორემ – უსინათლო დედას სცემა… ამ აგრესიის მიზეზი რა არის, თქვენი დაკვირვებით? 

ხშირია მომართვა ბავშვთა აგრესიის კუთხით, ეს ეხება როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. ჩვენ ვიკვლევთ თითოეულ შემთხვევას, საიდან მოდის ეს აგრესია და ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში დასწავლილ აგრესიასთან გვაქვს საქმე. ბავშვი მარტივად და კარგად ითვისებს იმას, რაც მის ოჯახში, მის გარშემო ხდება და შემდეგ ახორციელებს, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა – თანატოლთან, ცხოველთან, მშობელთან. ერთი მოზარდი მუდმივად უყურებდა, როგორ ძალადობდა მამა დედაზე, მამის გარდაცვალების შემდეგ მოზარდმა ძალიან მალე მამის როლი მოირგო და დედას სცემდა. მან დაისწავლა ქცევის ეს ფორმა. ის არ მიიჩნევდა, რომ ეს მისაღები იყო, მაგრამ მან ქცევის მხოლოდ ეს ფორმა იცის.

ყოველთვის ვეუბნები მშობელს, რომ არ აჩვენოს აგრესია შვილს, არ დასაჯოს არასდროს ბავშვი ფიზიკურად. ბავშვს თუნდაც თმა რომ მოქაჩო, ამით ხომ მართლა ფიზიკურად არაფერი უშავდება, მაგრამ ამგვარი მიდგომით მას ვასწავლით იმას, რომ თუ ვინმეს ვერ იმორჩილებ, აგრესიით არის ეს მოგვარებადი, რომ პრობლემა უნდა მოაგვარო ასე. ჩვენი საზოგადოება, ზოგადად, ასწავლის ბავშვს, რომ პრობლემა უნდა მოაგვაროს აგრესიით. როცა მშობელს ამის შესახებ ესაუბრები, გპასუხობს, რომ ჩვენც ასე გავიზარდეთ და არაფერი არ მომხდარა. ამაზე აქტიურად და კარგად უნდა იმუშაოს მედიამ.

როგორ უნდა მოგმართონ ადამიანებმა და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ფსიქოლოგიური სერვისით სარგებლობა?

ჩვენთან არიან როგორც ფსიქოლოგები, ასევე არის სოციალური მუშაკიც. არსებობს იურიდიული მომსახურების საშუალებაც, საჭიროების შემთხვევაში. ადამიანებმა უნდა მოგვმართონ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ბავშვი და მოზარდი ძალადობის მსხვერპლია. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია: 116 111.

ბოლოს იყო შემთხვევა, როცა 8 წლის ბიჭმა დარეკა სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ  ხაზზე და დახმარება ითხოვა, მშობლები მცემენო. ძალადობის შემთხვევა დადასტურდა. ჩვენ ვიმუშავეთ ამ ბავშვთან.



საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი 
ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: