შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოს თვეში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 189 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აგვისტოს თვეში აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს ბათუმში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ასევე, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე ნარკოდანაშაულისთვის ირანის 4 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულებისგან 290 შეკვრად დაფასოებული 939 გრამი ჰეროინი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თბილისში აგვისტოში ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 21 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების 105 აბი.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 9 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკების არაერთგზის უკანონო გასაღების, ცეცხლსასროლი იარაღისს და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

 

ბათუმში შუშის ვიტრინა ქუჩაში ჩამოვარდა [ფოტოამბავი]

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, შუშის ვიტრინა ჩამოვარდა და დაიმსხვრა. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, ვიტრინა ქარმა ჩამოაგდო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო

აივ ინფიცირებული ქალი: ადამიანების დამოკიდებულებაა მომაკვდინებელი და არა შიდსი

4 თვის ფეხმძიმე იყო, როცა გაიგო, რომ აივ ინფექცია შიდსი ჰქონდა, ქმარმა გადასდო – არც მან იცოდა, რომ ინფიცირებული იყო. ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. ერთადერთი, რაც მაშინ ამ დაავადების შესახებ წყვილმა იცოდა, იყო ის, რომ სიტყვა „შიდსი“ საშინლად და უიმედოდ ჟღერდა.

ბათუმის შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ბათუმის ფილიალში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა ინფიცირებულმა საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბო:

კ. ჯ:  „ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის ოჯახის წევრებისთვის განდობა. ერთხელ ვცადე ყველაფერი მესამე პირში მომეყოლა ახლობლებთან, თითქოს ჩემი ამბავი ვინმე სხვას გადახდა და ასე ვამოწმებდი დაავადებისადმი მათ რეალურ დამოკიდებულებას. ერთმა, ძალიან ახლო მეგობარმა, მესამე პირში ნაამბობზე  მითხრა, აივ ინფიცირებულებს გარეთ გასვლაც უნდა ეკრძალებოდეთო. ძალიან მეწყინა და ვუთხარი, მე რომ იგივე დამემართოს, რას იტყვი-მეთქი? გადაირია, შენ ეგ როგორ დაგემართებაო. ჰოდა, ვუთხარი, რომ დამემართა და ინფიცირებული ვარ-მეთქი. ვერაფერი მითხრა, ჩამეხუტა და ატირდა“.

34 წლისაა, მამას ვერაფერს ეუბნება, ძმამ იცის, რომ სუსტადაა და ხშირად ხდება ავად, მაგრამ რატომ, არ იცის.

ყოველთვის ადევნებს თვალს მძიმე ქრონიკული დაავადებების შესახებ გადაცემებს და ძალიან ახლობლებს უთქვამთ ხშირად, „რა გაყურებინებს ჭლექიანების გადაცემებსო“.

„ამ დროს რა ცეცხლი მეკიდება, ვერავინ გაიგებს. სულ უფრო ვიკეტები და ვრწმუნდები, რომ როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თუ სიმართლეს გაიგებს ჩემზე, არ მიმიღებს. ამიტომ მირჩევნია ვდუმდე. არ მინდა ბოლომდე ვიცოდე, ვინ როგორია ჩემ ირგვლივ. ხანმოკლე ცხოვრებაში არ მინდა ეს ყველაფერი გავიგო და მერე გული დამწყდეს“, – ამბობს კ.ჯ.

თავად ძალიან აქტიურია, ესწრება შიდსის ცენტრის ყველა საინფორმაციო შეხვედრასა და ღონისძიებას. თუმცა, როგორც კ. ჯ. გვიყვება, მისი მეუღლე ძალიან ჩაიკეტა, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებს, თუმცა წამლებს რეგულარულად სვამს და მკურნალობს.

„იმუნიტეტი 900 მაქვს, 60-მდეა ვირუსული დატვირთვა, რაც თითქმის ნულის ტოლია,“ -ამბობს ის.

34 წლის კ.ჯ ჩვეულებრივად ცხოვრობს აივ ინფექციასთან ერთად. თანამედროვე მსოფლიოში ეს დაავადება ფატალურად არ სრულდება, ძვირადღირებული და ეფექტური მკურნალობის ხელმისაწვდომობის წყალობით. როგორც აივ ინფიცირებული ამბობს, ხშირად ადამიანების სტერეოტიპული დამოკიდებულება უფროა გამანადგურებელი და მომაკვდინებელი, ვიდრე თავად შიდსი.

შიდსის ცენტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით,  2018 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 7231 აივ ით ინფიცირების 7231 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან  5410 – მამაკაცია,  1821 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. 2018 წელს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი – 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  აჭარაში აივ ინფიცირების  814 შემთხვევაა გამოვლენილი, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი ინფიცირებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

წყარო: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

„შიდსი ისეთივე ქრონიკული მართვადი დაავადებაა, როგორც დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ყველა ის დაავადება, რასაც მედიკამენტოზურად ვებრძვით. გვყავს ინფიცირებულები, რომლებმაც 1995 წლიდან დაიწყეს წამლების მიღება, მას შემდეგ დაქორწინდნენ, ყველა მათგანს ჯანმრთელი შვილები გაუჩნდა და ცხოვრობენ. არავინ არის ისეთი, ვინც წამლებს იღებდა რეგულარულად და შიდსისგან გარდაიცვალა. სტიგმა ამ შედეგების შემდეგ, ცხადია, განახევრდა, მაგრამ მაინც დიდი პრობლემაა ექიმებში, საზოგადოებაში.

„მეოცე საუკუნის ჭირს“, „ნარკომანებისა და მეძავების დაავადებას“ – რაც სიმართლეს არ შეესაბამება – რას არ ეძახდნენ შიდსს, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ წამალი არ არსებობდა. ამ სტიგმის დაძლევა, ცხადია, რთულია, მაგრამ დადებითი რეზულტატის შემდეგ მითები თითქმის განახევრდა“, – ამბობს იზა ბოდოკია, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი.

                                                                                        ვისთვისაა აუცილებელი შიდსის ანალიზი

აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფივიტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ:

    • ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი
    • თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი
    • გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები
    • გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია
    • გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით
    • დაგიდგინდათ ტუბერკულოზი
    • ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს
    • გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი
    • ხართ სისხლის რეციპიენტი

    თუ ფიქრობთ, რომ ერთხელ მაინც გქონდათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარიკსო ფაქტორი, ნუ გადადებთ, მიაკითხეთ შიდსის ცენტრს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე:  239 80 18

    რატომ არის საჭირო, ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი

    • რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს
    • რათა ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების, მათ შორის ახლობლების, ინფიცირება და შესაბამისად – დაავადების გავრცელება

_______________________________

გადადით ლინკზე და გაიგეთ მეტი შიდსის ვირუსის შესახებ.

რა შემთხვევაში გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი – ახალი ვაუჩერული დაფინანსება სკოლებში

მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება 900 ათასი ლარით გაეზრდებათ. თანხა ემატება მხოლოდ მოსწავლის ვაუჩერს. ვაუჩერის თანხის მატება დაკავშირებულია სკოლაში ზოგიერთი საგნის საათის მატებასთან, შესაბამისად, დამატებულ ხელფასს მიიღებენ ის მასწავლებლები, რომლებიც დამატებულ საათს ჩაატარებენ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი იქნება. რაც მინისტრის თქმით,  „გასული სასწავლო წლის კვირეულ საათობრივ დატვირთვას აღემატება.  შესაბამისად, იზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები და ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი“.

რას ნიშნავს ეს ცვლილება მასწავლებლებისთვის და აისახება თუ არა ეს კონკრეტული მასწავლებლის ხელფასზე?

როგორც ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს, ვისაც საგანში საათი დაემატება, მისი ანაზღაურებაც დამატებული საათების რაოდენობის მიხედვით გაიზრდება.

„მაგალითად, სპორტის გაკვეთილებს დაემატა თითო საათი, ქართულის გაკვეთილებს და ა.შ ამ შემთხვევაში, ერთი გაკვეთილის დანამატის მაქსიმუმი 32 ლარია, მინიმუმი კი 22 ლარი მასწავლებლის სტაჟის და პროფესიული წარმატების შესაბამისად“, – ამბობს დირექტორი.

სკოლის დაფინანსების გაზრდა დამოკიდებულია სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის რაოდენობაზე. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით, ქართულენოვანი სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205 შეადგენს, ვაუჩერის რაოდენობა ერთ მოსწავლეზე  495 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებაში კი – 663 ლარით.

სკოლებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 206-დან 299-ია, ვაუჩერული დაფინანსება განისაზღვრება 660 ლარით.

300-დან 530 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში კი, ვაუჩერული დაფინანსება იქნება ერთ მოსწავლეზე 486 ლარი, მაღალმთიან სკოლებში – 651 ლარი.

ქართულენოვან სკოლებს, სადაც მოსწავლეთა კონტინგენტი 736-იდან 1267 მოსწავლეს შეადგენს, ვაუჩერული დაფინანსება 468 ლარი იქნება. მაღალმთიანის შემთხვევაში კი – 627 ლარი.

დაახლოებით ამავე პრინციპით მოხდება არაქართულენოვანი საჯაროს სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც.

მე-9-დან მე-12 კლასების ჩათვლით კი მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება 170-დან 205 მოსწავლის შემთხვევაში იქნება 591 ლარი, მაღალმთიან სკოლებში – 792 ლარი.

სკოლებში, სადაც 206-დან 299 მოსწავლე სწავლობს, 585 ლარი იქნება ვაუჩერული დაფინანსება, ხოლო იქ, სადაც 300-დან 53-მდე მოსწავლე სწავლოს, ვაუჩერის ოდენობა 579 ლარით განისაზღვრება. მაღალმთიან სკოლებში კი  – 777 ლარით.

1269 მოსწავლის არსებობსი შემთხვევაში, დაბის სკოლები მოსწავლეზე 558 ლარს მიიღებენ, მაღალმთიანის კი – 750 ლარს.

გარდა ამისა, სკოლები, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, 1-5 მოსწავლის შემთხვევაში 6000 ლარით დაფინანსდება. ის სკოლა, სადაც 6-დან 10 მოსწავლე სწავლობს – 12 ათასი ლარით, 11-დან 15 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში  კი – 18 ათასი ლარით.

16-დან 20 სსმ მოსწავლის არსებობის შემთხვევაში სკოლის დაფინანსება 24 ათასი ლარით განისაზღვრება, 21-დან 25-ის შემთხვევაში კი – 30 ათასი ლარით.  26 მოსწავლეზე მეტის შემთხვევაში სკოლა 36 ათას ლარს მიიღებს.

მთავრობის დადგენილება 17 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

რაც შეეხება ზოგადად პედაგოგების ხელფასის ზრდას, თუ რა პრინციპით მოხდება მატება, რის შესახებაც დღეს, 14 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა  განაცხადეს, დეტალები სკოლებისთვის უცნობია.

 

სწავლა საზღვარგარეთ – კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისთვის

აჭარის  განათლების,  კულტურისა  და  სპორტის  სამინისტრო  აცხადებს  კონკურსს 2018  წლის  „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

სამინისტროს ცნობით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სწავლა.

ქვეპროგრამაში  მონაწილეობის  უფლება  აქვს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტი აღებული აქვს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებაში.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე  ჩარიცხულ  სტუდენტებს.

ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს საშუალოდ 12500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს  2018 წლის 10 სექტემბრიდან  28 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის განათლების სამინისტროს.

აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამას – „სწავლა საზღვარგარეთ“ 2014 წლიდან ახორციელებს.

___________

მთავარი ფოტო: pexels.com

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აჭარაში

ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა ჩამოვიდა. ოფიციალურ დელეგაციაში არიან ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და, ასევე, ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრებიან ბიზნესფორუმს „საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა“, რომელიც დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღებენ ინფორმაციას.

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან. ფოტო: აჭარის მთავრობა

მარტა ნოვაკოვას უკვე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიკურად ვითარდება.

____________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩეხეთის მინისტრს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დახვდა. ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიის წყალმომარაგების ქსელის შექმნა დაიწყო

ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, სადაც აქამდე არ არსებობდა წყლის ცენტრალური სისტემა, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შემქნის სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ 8000-მდე აბონენტს წყალმომარაგება უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში თვითდენით, საწნევო ტუმბოების გარეშე მიეწოდება.
I ეტაპზე წყალმომარაგების ქსელი შეიქმნება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის II ეტაპს, რომელიც მოიცავს გოდერძი ჩოხელის ქუჩის იქეთ ტერიტორიას, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარია. ტენდერი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის ჩათვლით 85 კმ-ს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

ბათუმს ახალშემოერთებულ (ყოფილი ხელვაჩაურის) ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა  მიწისქვეშა წყლებს იყენებს.

დაწყებული სამუშაოები 2019 წლის პირველ კვარტალში, დაახლოებით თებერვლამდე დასრულდება. პროექტის II ეტაპის ვადებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კი ტენდერის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემა კვლავ არ არსებობს, მოსახლეობა აქ საკანალიზაციო ჭებით სარგებლობს.

ამავე თემაზე:

დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14-15 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25  – 30  გრადუსი  
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე:  7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 16 სექტემბერს,  ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

„მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან

არავინ აკითხავთ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, ვინ პატრონობდათ ან რა გზა გაიარეს ქუჩაში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ და არცერთს არ აქვს სახელი, ყველას ერთი, ზოგადი სახელი ჰქვია: ძაღლი.

ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში 150 ძაღლსა და 40 კატას უვლიან. თავშესაფარში ცხოველები ორი გზით ხვდებიან: ხშირად პატრონებს აღარ სურთ ძაღლის მოვლა სხვადასხვა მიზეზის გამო და თავშესაფარში აბარებენ, ან კიდევ მოქალაქეები რეკავენ ცხელ ხაზზე და ითხოვენ მათი საცხოვრებლის ახლომახლო არსებული მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანას.

ძაღლები, რომლებსაც ქუჩაში „ბირკიანი“ ნომრით შეხვდებით, საშიში არ არიან, მათ თავშესაფარში გაკეთებული აქვთ ყველა საჭირო აცრა და არც აგრესიულები არიან. აგრესიულ ძაღლებს თავშესაფრიდან არ უშვებენ და უკიდურეს შემთხვევაში ევთანაზიას უკეთებენ.

ცხოველთა თავშესაფრის მიზანი მიუსაფარი ცხოველების აცრა, მკურნალობა, კასტრაცია-სტერილიზაცია და ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაა. ასეთ ცხოველებს ქუჩაში ყურზე „ბირკიანი“ ნიშნით ამოიცნობთ. თავშესაფარში ძაღლების მკურნალობის შემდეგ მათ ისევ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ, თუმცა, როგორც აქ გვითხრეს, მოსახლეობა ხშირად ითხოვს ცხოველების თავშესაფარშივე დატოვებას.

თავშესაფრიდან გაშვებული უსაფრთხო ძაღლები ხშირად თავად ბრუნდებიან უკან ადამიანებისგან მიყენებული ზიანის გამო. როგორც თავშესაფრის მთავარი ექიმი ვეტერინარი ზურაბ გოგაშვილი ამბობს, ხშირად ცხოველებს გამიზნულად უზიანებენ სხეულს სპეციალური ხსნარებით, ცხელი წყლითა და ზეთით, სცემენ, რასაც ავარიების შედეგად მიღებული ტრავმებიც ემატება.

ძაღლები, რომლებიც ბუნებრივ გარემოში რთულ პირობებს აწყდებიან, უკანვე ბრუნდებიან თავშესაფარში. ახლა თავშესაფრის ეზოში 40 ასეთი ძაღლია. ისინი ცოტა ხნის წინ გაუშვეს თავშესაფრიდან, მაგრამ მათ თავად აირჩიეს უკან დაბრუნება.

ზურაბ გოგაშვილი, თავშესაფრის ვეტერინარი: „დაავადდება თუ არა ჯიშიანი ძაღლი, პატრონი მის ქუჩაში გაგდებას ან თავშესაფარში ჩაბარებას არჩევს, დახმარება-მკურნალობას – იშვიათად. მეშინია მაშინაც, როცა ძაღლი მიჰყავთ თავშესაფრიდან: უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ძაღლებს შეუსაბამოდ კვებავენ და უკან გვიბრუნებენ დასნეულებულებს. თუ დღეში თავშესაფრიდან აჰყავთ ერთი ძაღლი, სანაცვლოდ დღეში, საშუალოდ, 10 ძაღლს უშვებენ.

აჰყავთ ძლიერი და ჯანმრთელი ხვადები, ძუ არავის უნდა. ჯანმრთელობის ოდნავი პრობლემაც თუ აქვს ცხოველს, ის არავის მიჰყავს“, – ამბობს თავშესაფრის ვეტერინარი.

მისივე თქმით, ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები თავშესაფარში მოდიან, იძლევიან სიტყვიერ რეკომენდაციებს ,,დაურეცხავი ჯამებისა და თავშესაფრის ეზოს გაუცელავი ბალახის“ გამო, მაგრამ მათი აქტიურობა და ჩართულობა სიტყვიერ რეკომენდაციებს არ სცდება.

ზურაბ გოგაშვილი, ვეტერინარი: „მოსახლეობის აქტიურობაც, უბრალოდ, ძაღლების გასეირნებაში რომ მიიღონ მონაწილეობა, ან დაინტერესდნენ თავშესაფრის ცხოველებით – ნულია, ცნება „მოხალისე“ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არც არსებობს, ამ ცხოველებს არავინ აკითხავს. ჩვენი მთავარი კინოლოგი ეზოს გვის, მაშინ, როცა, წესით, ახლა ძაღლებს უნდა ასეირნებდეს, მაგრამ როგორ გააკეთოს ორი საქმე ერთად? დამატებითი თანამშრომლების აყვანას კი მეტი ფინანსები სჭირდება, მეტი საშუალებაა საჭირო რეკლამისთვისაც, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ თავშესაფარში მცხოვრები გასაჩუქებელი ცხოველების ფოტოები, შევახსენოთ მათი არსებობა…“ – ამბობს ზურაბ გოგაშვილი.

თავშესაფარში სულ 21 ადამიანია დასაქმებული.

თავშესაფრიდან ძაღლებისა და კატების აყვანის მსურველებმა თავშესაფარს უნდა მიაკითხონ და ვოლიერებში დაათვალიერონ ცხოველები. ასეთ შემთხვევაში მათ ცხოველებს უფასოდ გაუკეთებენ ცოფის აცრას და ჭიის წამლით მოამარაგებენ. აყვანის პროცედურისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა,  მიუთითოთ საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

როგორც თავშესაფრის დამაარსებელი კომპანია „CEBEP”-ის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯემალ გოგიტიძე ამბობს, კომპანიის წარმომადგენლები 6 წლის წინ ბათუმში მოგზაურობისას წააწყდნენ ფაქტს, როცა მიუსაფარ ცხოველებს ქუჩაში იჭერდნენ და შემდეგ კლავდნენ, რის შემდეგაც მათ ბათუმში თავშესაფრის დაარსების იდეა გაუჩნდათ.

კომპანია „CEBEP”-ს რუსი, ესტონელი და უკრაინელი მფლობელები ჰყავს.

კომპანია ბოლო ოთხი წელია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს. ამ ხნის განმავლობაში კონკურენტი აჭარაში მას არ ჰყოლია.

წელს კომპანიის მიერ მოგებული სატენდერო თანხა 250 000 ლარია.

ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი:

მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი № 251

TEL.: 579 74 22 88

ვებგვერდი: aibolit.ge

 

ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან

ადვოკატი ზაზა პაპიძე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაზე, ასევე პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. პროკურორმა მას მტკიცებულებები ბათუმში არ ჩააბარა, სამაგიეროდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პატიმარს ჩაუტანა – ქუთაისში.

გუშინ, 12 სექტემბერს „ქურდული სამყაროს წევრობის საქმის“განხილვის დროს, მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ უშუალოდ პატიმარს ჩააბარა, რადგან ადვოკატი პროკურატურაში არ გამოცხადდა.

„მე არ მაქვს ვალდებულება, რომ პროკურატურაში, ან პოლიციის სამმართველოში მივიდე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ბრალდების მხარე ვალდებულია გადმოგვცეს მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია. მე როცა გადავცემ მტკიცებულებას პროკურატურას, მივდივარ პროკურატურაში, ან პოლიციის მთავარ სამმართველოში. როცა ბრალდების მხარე მაძლევს მტკიცებულებებს, რატომ არ შეიძლება, მაგალითად, საადვოკატო ბიუროში მოვიდეს?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

რატომ არ სურს ადვოკატს პროკურატურაში ან პოლიციის სამმართველოში მისვლა? – ადვოკატი განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოში მტკიცებულებების ჩასაბარებლად მას შემდეგ აღარ მიდის, როცა იქ შესვლისას მუდმივად ატოვებინებენ მობილურ ტელეფონს, ჩანთას, ხოლო შიგნით შესული „უკანონო საუბრების“ შემსწრე ხდება.

ზაზა პაპიძე: „შესასვლელთან შესანახი კარადაც არ არის. ადვოკატები ძირითადად მობილურს და ჩანთას მანქანაში ტოვებენ. რატომ ვარ ვალდებული ავტომანქანით მივიდე პოლიციაში? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ რეალურად არ იქცევიან ისე, როგორც გამომძიებელი უნდა იქცეოდეს. ხშირად არის უკანონო საუბრები, რომ ამა თუ იმ ფაქტზე ვერ დაიწყება გამოძიება, რომ შედეგი არ დადგება, აზრი არ აქვს და ასე შემდეგ. ისინი არ გესაუბრებიან, როგორც საჯარო მოხელეები და კვალიფიციური გამომძიებლები. ისეა, თითქოს ქუჩაში გაგაჩერა ვიღაცამ და გამოგელაპარაკა.“

სად უნდა გადასცეს პროკურორმა ადვოკატს მტკიცებულებები?

ადვოკატისგან განსხვავებით პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ამ კითხვაზე საპასუხოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლზე მიუთითებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის შეფასებით კი, პროკურორი მტკიცებულებების გაცვლის მიზნით ადვოკატთან უნდა მივიდეს.

ფრიდონ ქარცივაძე, პროკურორი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად ჩვენი არაერთი ოფიციალური გაფრთხილებისა, იგი არ გამოცხადდა და არ შეასრულა კანონით დაკისრებული მოვალეობა, ამიტომ ბრალდებულს გადავეცით მტკიცებულებები“.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი:  მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის მტკიცებულებათა გაცვლის ეტაპზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილს სავალდებულოდ პროკურატურის შენობა წარმოადგენს.

ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა განიმარტოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით – მტკიცებულებათა გაცვლის, როგორც საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ მტკიცებულებები გაიცვალოს არა პროკურატურაში, არამედ საადვოკატო ბიუროში.”

როცა პროკურორი საქმის მასალებს ბათუმში მყოფ ადვოკატს არ აბარებს და ბიუჯეტის ხარჯზე ქუთაისში ჩადის

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რაც „ქურდული სამყაროს წევრობის“ ბრალდებას უკავშირდება, პროკურატურას მტკიცებულებების გადმოცემის მოთხოვნით აგვისტოში ოთხჯერ მიმართა, მაგრამ არ მიაწოდეს. სამაგიეროდ, 3 სექტემბერს გამომძიებელი უჩა კახიძე ქუთაისის საპატრიმრო დაწესებულებაში ბრალდებულს შეხვდა და მტკიცებულებები მას გადასცა.

„პროკურატურა ვერ იტყვის, რომ მე უარი ვთქვი მტკიცებულებების ჩაბარებაზე. ვუთხარი, რომ ჩავიბარებდი საადვოკატო ბიუროში, რომელიც სასამართლოს გვერდით მდებარეობს. პროკურორებს და გამომძიებლებს მუდმივად უწევთ აქ მოსვლა,“ – ამბობს ზაზა პაპიძე.

„ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ საადვოკატო ბიუროში ადვოკატს მივუტანოთ მტკიცებულებები“, – მოკლედ უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ჩვენს შეკითხვას, თუ რატომ არ დაუტოვა მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანომ ბათუმში მყოფ ადვოკატს. პროკურორმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა სახელმწიფო ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით – რატომ იყო საჭირო გამომძიებლის ქუთაისში ჩასვლა და პატიმართან შეხვედრა სახელმწიფოს ხარჯზე.

„პატიმარს გამომძიებელმა უჩა კახიძემ უთხრა, რომ ცუდი ადვოკატი ვარ, საქმეს ვუფუჭებ და აცილება უნდა მომცეს… ეს არის ეთიკის დარღვევა. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ საქმეზე,“ – გვითხრა ზაზა პაპიძემ. ადვოკატს სჯერა, რომ ამ გზით პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.

საია: თანხის არაგონივრული ხარჯვის გარდა, იზღუდება დაცვის უფლება

კანონის მიხედვით, პროკურატურამ მტკიცებულებები დაცვის მხარეს უნდა ჩააბაროს. დაცვის მხარეს წარმოადგენს როგორც ბრალდებული, ისე მისი ადვოკატი.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე გვიყვება, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბრალდების მხარე ადვოკატს არ უცვლის მტკიცებულებებს. „ამის გამო ხდება თანხების არაგონივრული და არამიზნობრივი ხარჯვა,“ – ამბობს ის.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგზე – დაცვის უფლება. როცა მტკიცებულებები ადვოკატისთვის უცნობია, როგორ დაიცავს იგი ბრალდებულს?

„ამ დროს ხშირად ადვოკატისთვის უცნობია, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა გაუცვალოს ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში. გამოდის, რომ ბრალდების მხარე ადვოკატის ინფორმირების გარეშე ახდენს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილის შეცვლას, ბრალდებულს კი, ადვოკატის დასწრების გარეშე უცვლის მტკიცებულებებს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, მან 20 დღის წინაც მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და კონკრეტული გამომძიებლების საქმის შესწავლა მოითხოვა.

„სხვა შემთხვევაც იყო, როცა პირდაპირ პატიმარს გადასცეს მტკიცებულებები, ან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ურჩიეს, რომ ჩემი აცილება მოითხოვოს… ესენი არიან გამომძიებლები: არჩილ სურმანიძე, გურამ დიასამიძე, ზაურ შავიშვილი. 20 დღის წინ მივმართე გენერალურ ინსპექციას, თუმცა ამ დრომდე არავინ შემხმიანებია,“ – აღნიშნავს ზაზა პაპიძე.

დაიწყო თუ არა რაიმე სახის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ, ან ხომ არ დაისაჯა რომელიმე გამომძიებელი ადვოკატისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა უპასუხოდ დატოვა.

„ბათუმელები“ გამომძიებელ უჩა კახიძესაც დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, ურჩია თუ არა კონკრეტულ ბრალდებულს, ქუთაისის ციხეში შეხვედრის დროს, ადვოკატის გამოცვლა.

„სამწუხაროდ, პრესსამსახურის ნებართვის გარეშე ვერ გიპასუხებთ,“ – გვითხრა მან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოლონელმა და ქართველმა მხატვრებმა საზღვაო აკადემიის კედელი მოხატეს

პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში,  ქუჩის მხატვრობის პროექტი ტარდება, რაც გულისხმობს ქალაქში წინასწარ განსაზღვრული ადგილების მოხატვას. წელს პროექტში ოთხი პოლონელი და ოთხი ადგილობრივი მხატვარი მონაწილეობს.

ფესტივალის მონაწილე მხატვრებმა ბათუმის საზღვაო აკადემიის კედელი მოხატეს:

ფოტო: აჭარის განათლების სამინისტრო

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე“ – საჭადრაკო ოლიმპიადის წინ დამალული საბჭოთა კორპუსები

„ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. ეს კორპუსები რომ ბანერის გარეშე ენახა ვინმეს, იტყოდა, დედა, ეს სად ვარო. ამხელა ოლიმპიადის წინ რომ არ გააკეთეს არაფერი, ოლიმპიადის მერე გააკეთებენ ვითომ?“ – კითხულობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები გოჩა ფაღავა. ბათუმის მერიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ სარეკლამო ბანერი მის საცხოვრებელ კორპუსსაც ჩამოაფარა.

საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო ბანერს ყველა იმ კორპუსზე ნახავთ, რომელიც ყინულის სახლიდან ჩანს. ოლიმპიადა სწორედ აქ იმართება. მოპირდაპირე მხარეს მდებარე ექვსივე კორპუსის წინ, მთელ სიმაღლეზე, სამშენებლო ხარაჩოებია მოწყობილი, ხარაჩოზე კი სხვადასხვა სახის ბანერია გადმოფენილი.

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე. ვითომ თქვეს, ბადეაო, მაგრამ ჰაერი არ შემოდის…“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ნატა ადეიშვილმა.

მოქალაქეების ნაწილი უსაფრთხოების პრობლემაზეც საუბრობს. ისინი განმარტავენ, რომ აივნიდან მარტივად შესაძლოა ბავშვი რკინის ხარაჩოებზე გადაძვრეს და გადავარდეს.

ლია კენჭაძე: „მე ბავშვები არ მყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, ის დარდობს, აივნის კარს ღიად ვეღარ ტოვებენ. ყველა სართულის აივნიდან იოლია ხარჩოებზე გადაძვრეს ვინმე“.

„ოლიმპიადის მერე მოხსნიან ამ ხარაჩოებს და წავა ცხოვრება…“ – ამბობს გოჩა ფაღავა. მისი თქმით, მოსახლეობა ოლიმპიადის დაწყების დროს ყინულის სახლთან ხელმძღვანელობას შეხვდება და იქ მოითხოვს კონკრეტული პრობლემების მოგვარებას.

„სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფასადი მისახედია… მერია არ მოსულა აქ და მუშისთვის რა უნდა მეთქვა,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გოჩა ფაღავამ.

„მე, პირადად, შევხვდი მოსახლეობას და ვუთხარი, რომ ფასადი ამ მოკლე დროში ვერ მოწესრიგდებოდა…“ – გვითხრა სულხან ევგენიძემ, ბათუმის მერიის ააიპ „ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მერიის ტენდერი ბანერების განთავსებაზე ი.მ. „ველოდ სანაიამ“ მოიგო. სარეკლამო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 105 ათასი ლარი დაიხარჯა. მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოლიმპიადის დასრულებისთანავე ბანერებს ჩამოხსნიან.

„ხელშეკრულებაში ასევე გვიწერია, რომ კომპანია გაარემონტებს შენობის იმ ნაწილს, რაც დაზიანდა ამ ბანერების განთავსების შედეგად. მოსახლეობა ასევე ითხოვდა კორპუსების ფერდის მოწყობას. ისინი ჩემთან კაბინეტშიც იყვნენ მოსულები. ვუთხარი, რომ განცხადება უნდა შემოეტანათ და მერია შეისყიდის პროექტს. როგორც ცნობილია, თანადაფინანსებით ხორციელდება ეს პროექტები… იქ იყო საუბარი, რომ სახურავის ნაწილი მასალა კარგია და არ უნდა გამოიცვალოს და ასე შემდეგ. განცხადება, მე როგორც ვიცი, ამ დრომდე არ შემოსულა,“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

რაც შეეხება უჰაერობას, სახლის ჩაბნელებას და უსაფრთხოებას – „თავიდან ყველა თანახმა იყო, მერე ვიღაც გამოჩნდა, როგორც ყოველთვის და თქვა, რომ უჰაერობა იქნებაო… ვუთხარი, ამხელა ოლიმპიადა ტარდება, ფანჯრებსაც გააღებთ და ჰაერიც იმოძრავებს-მეთქი. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ფრთხილად იყვნენ, ან იქნებ ჩაკეტოთ დროებით ფანჯრები-მეთქი. მაგიც რომ არ იყოს, შეიძლება ისეც ავიდეს ბავშვი ფანჯარაზე და ღმერთმა დაიცვას, გადმოვარდეს,“ – გვითხრა სულხან ევგენიძემ.

რატომ არ მოხატა მერიამ კორპუსის კედლები, რაც ბანერებისგან განსხვავებით უფრო დიდხანს დარჩებოდა კედლებზე და ნაკლებად სახიფათოც იქნებოდა? – სულხან ევგენიძის თქმით, „მოხატვა ვერ მოესწრებოდა. გარდა ამისა, შენობის ნაწილს აქვს მიშენება-მოშენება და ვერ დაიფარებოდა. ასევე ბანერებზე ორგანიზატორების შესახებაც არის ინფორმაცია მოცემული.“

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა „ბათუმი 2018“ ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

შავი ზღვის სანაპიროს კლდოვანი კლიფების მონიტორინგი დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპიროს კლდოვანი კლიფებისა და საპორტო ნაგებობების პეტრა-ციხისძირის, სარფისა და მწვანე კონცხის კლდოვან მასივებზე აგვისტოსა და სექტემბრის თვეში მაკროფიტებისა და მაკროუხერხემლოების მონიტორინგი დაასრულა.

მონიტორინგის მიზანია საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასება და არსებული მდგომარეობის განსაზღვრა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები ზღვის ბიომრავალფეროვნების განვითარების კუთხით.

წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პირველი ეტაპი მარტში, ხოლო მეორე ივნისში ჩატარდა.

კულტურული მემკვიდრეობის რომელი ძეგლების რეაბილიტაციას გეგმავს სააგენტო 2019 წელს

დღეს, 13 სექტემბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ 2019 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.

სააგენტოს პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება“ ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება:

[checklist]

  • ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია;
  • ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
  • ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. N3 მდებარე ურბანული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
  • მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტუქტურა;
  • მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;

[/checklist]

პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 293 ათასი ლარია

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის 20 მილიონი ლარის კომპიუტერები იყიდა

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, 20 მილიონ 093 250 ლარის ღირებულების ნოუთბუქები პირველკლასელებისა და დამრიგებლებისთვის უკვე შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში.

როგორც სამინისტროს „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ გვითხრეს, ერთი ერთეული კომპიუტერი 365 ლარი და 28 თეთრი ღირს და სულ 55 050 ერთეული კომპიუტერია შეძენილი.

„ჩვენ ზედმეტობით ვყიდულობთ ხოლმე, რადგან როცა შემდეგ ბავშვები კერძო სკოლებიდან გადმოდიან, მათაც რომ მიიღონ კომპიუტერი. მესამე ეტაპზე 800 ბავშვი დაემატა და ახლა მიდის მაგათთვის კომპიუტერების დარიგება“, – გვეუბნება თამარ მინდიაშვილი.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის თქმით, ამ დროისთვის კომპიუტერები ბათუმის ყველა საჯარო სკოლაში დარიგებულია. „დამატებითი რეგისტრაციის შემდეგ 56 პირველკლასელი ჩაირიცხა, ახლა მათთვის ვითხოვთ კომპიუტერების დამატებას“, – ამბობს ის.

რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს ბათუმის საჯარო სკოლებში 2 587 პირველკლასელი ისწავლის.

10 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018-2019 სასწავლო წელს, საჯარო და კერძო სკოლებში 50 014 პირველკლასელი დარეგისტრირდა. თუმცა ამ დროისთვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეგისტრაციის მესამე ეტაპი ისევ გრძელდებოდა.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, მესამე ეტაპზე დამატებით რამდენმა პირველკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 9 681 673 ლარი იქნება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 9 681 673 ლარი იქნება. აქედან პროგრამული წილი 6 657 797 ლარია. 2019 წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 6 პროგრამას და 14 ქვეპროგრამას განახორციელებს.

როგორც ბიუჯეტის პროექტისა და  სამოქმედო გეგმის განხილვაზე ითქვა, სამინისტროს 2019-2022 წლის პრიორიტეტები ორიენტირებული იქნება თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულ ფერმერებისა და აგრომეწარმეების ცოდნის გაფართოებაზე, მემცენარეობისა და მეცხოველეობის ჯიშების განახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარების გზით, რეგიონის დაბლობი ზონისთვის ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების მინიჭებაზე.

 

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი  მკვეთრად არის შემცირებულ “, – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარაში ახლა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. აზიური ფაროსანა კი ნაყოფის დამწიფებამდე ციტრუსზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი, გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადავა.

რა უნდა გაკეთდეს ამჯერად ციტრუსის დასაცავად, რომ ნაკლებ მავნებელს მივცეთ გამოზამთრების საშუალება და რა აგროღონისძიებებია გასატარებელი თხილის ბაღებში, რათა სამომავლოდ ზარალი ნაკლები იყოს?

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მანდარინის ბაღები ფერმერებმა ორჯერ შეწამლონ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით. პირველი წამლობა უკვე შეიძლება, მეორე წამლობა კი სასურველია მოსავლის აღებამდე 10-15 დღით ადრე. ამ შემთხვევაში დასაშვებია იგივე პრეპარატები და იგივე დოზით, რაც თხილის შემთხვევაშია რეკომენდებული“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე.

მისივე თქმით, ციტრუსზე ფაროსანა გაცილებით გვიან გადადის და გარკვეულ წილად ის ამ კუთხითაც არის  დაცული. თუმცა, არსებობს რისკები და ამიტომ მოუწოდებენ ფერმერებს, რომ მანდარინის წამლობა ჩაატარონ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ციტრუსს აჭარაში სხვა დაავადებებიც აქვს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის მოსავლიანობაზე და ბაღები ამ კუთხითაც უნდა დამუშავდეს.

ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში ციტრუსისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია ვერცხლისფერი ტკიპა, რომელიც ათწლეულებია უკვე გავრცელებულია. ასევე ბოლო პერიოდში გავრცელებულია შავი ბუზი, არის სხვა მავნებლებიფარიანები და ცრუფარიანები, ხოლო სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია მცენარის ქეცი. ესენი ოდითგანვე აყენებდა ზიანს ციტრუსს და არც წელს იქნება გამონაკლისი, შესაბამისად, ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ჩაერთონ სამინისტროს ექსტენციის პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში კონსულაციები ჩვენთან, სხვა ქვეყნებისგან განსახვავებით, არის უფასო“, – აცხადებს მამუკა თურმანიძე. – „ჩვენ კი სოფლებს ვაძლევთ ინფორმაციას  პროგრამის შესახებ, მაგრამ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, ამიტომ, ნებისმიერმა ფერმერმა, ვინც დაინტერესებულია საკუთარი ბაღი მავნებლებისა და დაავადებებისგან დაიცვას, თავად უნდა იაქტიუროს, რომ არ გამორჩეს ასეთ პროგრამებს; თავად უნდა მიმართოს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბს, თუ მუნიციპალურ სამსახურებს, ასევე მერის წარმომადგენლებს სოფლებში, რომლებიც დაეხმარებიან და დააკვალიანებენ ინფორმაციის მოძიებაში. ბევრი არხია დღეს, რათა ფერმერებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია წამლობით და სხვა ღონისძიებებზე“.

მანდარინს პრობლემა რომ არ შეექმნას, ამიტომ იგეგმება ახლა მასიური წამლობა ფაროსანას წინააღმდეგ, რისთვისაც 60 სპეციალური მანქანა შემოვა აჭარაში. წამლობის ახალი ეტაპი უკვე დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა, დამოკიდებული ვართ ამინდზე. იმის მიხედვით, თუ სანამდე იქნება ფაროსანა გარეთ და შეგვეძლება მასთან ბრძოლა, მანამდე იფუნქციონირებს შტაბიც“, – ამბობს გიორგი მახარაძე, აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი.

ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბის ინფორმაციით:

[checklist]

  • წელს თერმული ნისლით აჭარის 127 სოფელში [ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის მუნიციპალიტეტებისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე] უკვე შეიწამლა 17 860 ჰექტარი – მანქანები მოძრაობენ სახელმწიფო მიწებზე, თუმცა ნისლი გადაივლის კერძო ნაკვეთებზეც და, ფაქტობრივად, მთლიანად მოიცავს სოფლებს. თერმული ნისლი, ეს არის დიზელში შერეული პრეპარატი დეცისი.
  • ცივი [უშუალოდ პრეპარატის] შესხურებით კი აჭარაში წელს 131 სოფელია დამუშავებული, რამაც ამ სოფლებში ჯამში 2 143 ჰექტარი მოიცვა.
  • ბოლო პერიოდში აჭარაში დამატებით 340 მაღალეფექტური ფერომენი განლაგდა, რომელიც 5 კმ რადიუსიდან იზიდავს ფაროსანებს, შემდეგ მიდის სპეცმანქანა და ცივი შესხურებით წამლავს.

[/checklist]

მამუკა თურმანიძის თქმით, აზიური ფაროსანას სრულ განადგურებას ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია. სახელმწიფო კი მავნებელთან ბრძოლაში მარტო, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის გარეშე, ვერაფერს გახდება:

ჩვენ 3 157 შემასხურებელი აპარატი გადავეცით ფერმერებს იმ სოფლებში, სადაც ფაროსანა ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. ასევე სოფლებს გადაეცა შესაწამლი პრეპარატებიდღესაც ვმუშაობთ ფერმერებთან, რათა ბოლო ორ წამლობაში, რაც არის დარჩენილი ციტრუსთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ჩართონ ეს პრეპარატები. ფერმერების ცნობიერება გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია, წელს უფრო მეტმა ადამიანმა გამოიყენა შესაწამლი პრეპარატები, ვიდრე შარშან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩამოყალიბებული ვართ ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფერმერებს, რომ ამ კუთხით მათი ჩართულობა, აქტიურობა გაიზარდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

სამინისტროში და შტაბში აცხადებენ, რომ აუცილებელია მოსახლეობამ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობის გარდა მექანიკური საშუალებებიც გამოიყენოს.

სასურველია მოსახლეობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ფაროსანას დასაჭერი ხაფანგები, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ფაროსანამ გამოიზამთროს და, შესაბამისად, ნაკლები პრობლემა გვქონდეს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.

აზიური ფაროსანა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეძებს სითბოს. ეს სითბო კი, გიორგი მახარაძის თქმით, არის საცხოვრებელ სახლებში, მიტოვებულ შენობებში, ასევე ტყეში. შტაბში ამბობენ, რომ აზიური ფაროსანა ბაღებში ვერ იზამთრებსყველაზე დაბალი პროცენტია, რომ ბაღში დარჩენილი ფაროსანა გადაურჩეს ზამთარს. რაც შეეხება ტყეს, ტყეში წამლობა კანონით აკრძალულია.

ტყეში სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც არის, რომლებსაც შესაძლოა ხიფათი შეექმნას. ვერტმფრენით წამლობა კი შეიძლება იქ, სადაც ფართო მასივებია, მაგალითად, სიმინდის. ასეთი არ გვაქვს აჭარაში და ვერტმფრენით წამლობა არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ტყესტყისპირებში, სოფლების საზღვართან დამონტაჟებულია ფერომენები, რომლებიც იზიდავს ტყიდან და სოფლიდან მავნებელს და ადგილზე ხდება მისი განადგურება“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ეფექტურია მექანიკური საშუალებები. თუ როგორ დავიცვათ შენობები ფაროსანასგან, ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გარდა ცნობილი საშუალებებისა, არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც, როგორც ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.

უნდა აიღოთ თეთრი ფერის ტილო, ზომით 2X1 მეტრი და დაასველოთ ბიფეტრინის შემცველი ხსნარით. სველ ტილოს ვკიდებთ ხეზე ბაღში ან ეზოს ბოლოში ისე, რომ ერთი ბოლო მიწას ეხებოდეს და მთელი ღამის განმავლობაში ვტოვებთ განათებას [თუ საშუალებაა ნათურას, ან ფანარს]. სინათლე იზიდავს ფაროსანას, ის ჯდება პრეპარატით გაჟღენთილ ტილოზე, რაც იწვევს მის სიკვდილს.

აჭარის მუნიციპალიტეტებში დარიგებული იყო პრეპარატები და 350 მილიგრამი ყველას შეეძლო გაეტანა. 2 ლიტრ წყალში ვასხამთ 30 მილიგრამ ბიფეტრინს, ეს საკმარისია, რომ დავასველოთ ტილოყოველ მეორე დღეს სპეციალური ხელსაწყოთი მივასხუროთ და დავასველოთ ტილო ამ ხსნარით. ეს იდეალური მისაზიდია ფაროსანებისთვის, რომლებიც ტილოზე დაინფიცირდებიან. ასეთიხაფანგისახლებში არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან პრეპარატიც მომწამვლელია და ამასთან შუქზე ფაროსანას ბაღიდან სახლისკენ ვიზიდავთ“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

აზიური ფაროსანები სახლის კედელზე

სახლებში დიხლოფოსების გამოყენების შემთხვევაში კი ფაროსანას 60% კვდება, 40% კი ბრუვდება და ძირს ვარდება, ამიტომ სასურველია ჩამოვარდნილი ფაროსანები შეგროვდეს და დაიწვას, რათა ის 40%-იც არ გადარჩეს. ეფექტურია საპნიანი/ქაფიანი წყალიც რაიმე ჭურჭელით მოვათავსოთ აივანზე და ჩავანათოთ ნათურა. ფაროსანა ჩვეულებრივ წყალში არ კვდება, ქაფიან წყალში კი ვეღარ სუნთქავს და იღუპება.

რატომ გაფუჭდა თხილის მოსავალი წელს აჭარაში?

უგუნურობა იქნება ეს მხოლოდ ფაროსანას დავაბრალოთ, ვინაიდან სხვა მტერი გვყავსსოკო ან ბაქტერია. თითქმის ყველა სოფელში ვარ ნამყოფი, სადაც წამლობა ჩავატარეთ და მოსახლეობას ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა ბაღებშიშავი ლაქიანობა, კოლორადოს ხოჭო და სხვა ბევრი პრობლემა ვნახე, მოსავლის გაფუჭებას კი აბრალებენ მხოლოდ აზიურ ფაროსანას“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

მამუკა თურმანიძის თქმით, „გასულ წლებში აჭარაში 2-2,5 ტონა თხილი მოდიოდა ჰექტარზე, მაგრამ ვინაიდან აგრარული ტექნოლოგიები არ განხორციელდა სრულფასოვნად, ამან გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირებააჭარაში ადგილობრივმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იმუშავა, ასევე მოწვეული გვყავდა სპეციალისტები თურქეთიდან, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ თხილის ბაღებში დაახლოებით 16-დან 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება არის გავრცელებული აჭარაში, რასაც შეიძლება  ეკონომიკური ზიანის ეფექტი ჰქონდეს “.

აჭარაში ქობულეთელმა ფერმერებმა, რომლებსაც აგროსესხები აქვთ აღებული და თხილის მოსავალს ელოდებოდნენ, წელს მოსავალი ვერ მიიღეს. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს კომპენსაციის მოთხოვნით. მთავრობა კომპენსაციის გაცემის საკითხს არ განიხილავს, თუმცა საფინანსო ორგანიზაციებთან ფერმერებს სესხის დაფარვის ვადის გადავადების საკითხზე უშუამდგომლა.

ნებისმიერ აგროსესხზე არ არის საუბარი. იმ ფერმერებზეა საუბარი, ვისაც შემოსავლების ძირითად ნაწილში ნაჩვენები ჰქონდათ თხილის კულტურა, სესხის აღების მომენტში. შესაბამისად, მათ რესტრუქტურიზაციასა და სხვადასხვა საშეღავათო პირობებზე თავად უნდა მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს. ჩვენ საფინანსო ორგანიზაციებს წერილობით მივმართეთ და დღეიდან შეუძლიათ ფერმერებს დაუკავშირდნენ საფინანსო ორგანიზაციებს და დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა“, – აცხადებს მამაუკა თურმანიძე.

მამუკა თურმანიძის თქმით, უკეთესი შედეგი ჰქონდა იმ ფერმერს, ვინც ზუსტად შეასრულა ყველა ინსტრუქცია აგროტექნიკურ ვადებში, დაიცვა მითითებული პერიოდები: „ხუთი დღე იქეთ ან აქეთ წამლობაში რომ შეგვცდეს, შესაბამისი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რითი ვწამლავთ, როდის ვწამლავთ და რის წინააღმდეგ ვწამლავთ. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ფერმერმა იცოდეს  და ამიტომ ვცდილობთ აგრარული განათლება წამოვწიოთ წინ, რათა აგრონომიული ფონი გაუმჯობესდეს ჩვენს პლანტაციებში. შესაბამისად, მსგავსი რისკები თავიდან იქნება აცილებული“.

მოსახლეობის ერთი ნაწილი მოსავლის გაფუჭებას თერმული ნისლით შესხურებასაც კი აბრალებს. მათი თქმით, პრეპარატი, რომელიც დიზელს შეიცავს, აზიანებს კაკლის ხეებს, სხვა კულტურებს, მათ შორის ბოსტნეულს [პომიდორი, კიტრი]. მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ფაროსანამ წელს წაბლის ნაყოფიც კი დააზიანა.

თერმულმა ნისლმა მცენარე შეიძლება იმ შემთხვევაში დააზიანოს, თუ იქნება 3-4 მეტრში პრეპარატის გაფრქვევის ადგილიდან, დანარჩენ შემთხვევაში ის არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს“, – ამბობს მამუკა თურმანიძე.

როცა ამბობენ, რომ დიზელი ნიგვზის ფოთლებს ხრუკავს, ვერ დავეთანხმები. აჭარაში ნიგოზსაც აქვს პრობლემა დამწვარივით აქვს ფოთლები, მაგრამ ასე აქვს იქაც, სადაც არ გაგვიშვია თერმული ნისლი, აქ უკვე სხვა პრობლემაა. ეს საკითხი შესასწავლია. შესაძლოა ბაქტერიული ხმობა იყოს, ბევრი სხვა დაავადებაა, რამაც შესაძლოა მცენარეზე იმოქმედოს“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

თხილის მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვის სქემის მიხედვით, რომელსაც წელს მოსახლეობაში ავრცელებენაზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის შეწამლვა რეკომენდებულია წელიწადში სამჯერ:
პირველი შესხურებაივნისის დასაწყისში;
მეორე შესხურებაივნისის ბოლოს/ივლისის დასაწყისში;
მესამე შესხურება – [მოსავლის აღების შემდეგ] – აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის დასაწყისში.

ძირითადად გამოიყენება ბიფეტრინის შემცველი ქიმიკატები, რომლის გამოყენების ინსტრუქცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე.

თუმცა, მოსავალი რომ არ გაფუჭდეს, თხილს, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სჭირდება მოვლა, მათ შორის წამლობა არა მარტო ფაროსანასგან, არამედ სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად.

წამლობის პერიოდები, ასევე შესაბამისი პრეპარატები და მათი დოზები, რათა ისინი სწორად გამოვიყენოთ, მოცემულია ფენოკალენდარულ სქემაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ არის მომზადებული:

 

შეიცვლება თუ არა ეს კალენდარი 2019 წლისთვის? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სქემა, ძირითადად, უცვლელი დარჩება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს, გაცილებით ვრცელი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტების დარიგებას.

ფაროსანასთან დაკავშირებით აჭარის მოსახლეობას შეუძლია დარეკოს 
საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე: 595 10 23 97
ან დაუკავშირდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს.


სტატია  მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

WWF საქართველო: ზუთხისებრთა რაოდენობა კრიტიკულად შემცირებულია

WWF (World Wide Fund for Nature) საქართველო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ზუთხისებრთა რაოდენობა კრიტიკულად შემცირებულია. ზუთხისებრთა პოპულაციის შემცირების ძირითად მიზეზად ორგანიზაცია წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობას, მდინარეთა რეგულირებას, ჰაბიტატების ფრაგმენტაციას, სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურებასა და ბრაკონიერობას მიიჩნევს.

“ისტორიულად, ზუთხისებრნი ქვირითობდნენ მდინარე რიონში, ენგურსა და ცხენისწყალში. მდინარე ენგურის 35 კმ-იანი და მდინარე ცხენისწყლის 32 კმ-იანი საქვირითე მონაკვეთები განადგურდა წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო. ამჟამად ზუთხისებრთა გამრავლება მხოლოდ მდინარე რიონში ხდება,” – წერს WWF საქართველო.

11 სექტემბერს WWF კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით, მდინარე რიონზე ჩატარდა ზუთხისებრთა შესწავლისა და მონიტორინგისთვის ახალი ინტეგრირებული მეთოდოლოგიის საცდელი კვლევა. ორგანიზაციის განმარტებით, ინტეგრირებული მეთოდოლოგია მოიცავს ხმოვანი ტელემეტრიისა და მაღალი რეზოლუციის ულტრაბგერითი ჰიდროლოკატორით სკანირების მეთოდებს.

კვლევა ჩატარდა ამერიკელი და კანადელი მეცნიერების ხელმძღვანელობით, ქართველი ექსპერტების ჩართულობითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით.

საცდელი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია აღნიშნული ინტეგრირებული მეთოდოლოგიის გამოყენება მდინარე რიონში და შავ ზღვაში ზუთხისებრთა კვლევისა და მონიტორინგისთვის. ასევე, ულტრაბგერითი ჰიდროლოკატორით სკანირების მეთოდის დახმარებით დაფიქსირდა მდინარე რიონში ქვირითობისთვის შესული ზუთხისებრთა ინდივიდები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზუთხისებრთა გადარჩენისთვის მდინარე რიონის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

 

 

 

 

„ენერგო-პრო“: კერძო ნაკვეთებში გადამცემ ხაზებს არ გვადგმევინებენ – დენის დეფიციტი ბათუმში

ახალაშენებული შენობების ელექტროქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ ორი თვის წინ უთხრეს, რომ მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ აძლევს საშუალებას, შემოიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო. დამატებითი სიმძლავრის შემოსატანად კი საჭიროა გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერება.

„ერგე 1“-ის რეკონსტრუქციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ იმის გამო ვერ იწყებს, რომ მას გადამცემი ხაზის ანძებთან, რომლებიც კერძო ნაკვეთებშია, მოსახლეობა არ უშვებს. „ერგე 1“-ის ძირითადი ნაწილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის. ხელვაჩაური, ახალშენი, განახლება და ერგე – ის დასახლებებია, სადაც მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში გადამცემი ხაზის არსებობას თუ იქ სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებს.

ხაზის კერძო ნაკვეთებიდან გატანას ან მოსახლეობისთვის კომპენსაციის შესაძლო გაცემას სასტიკად ეწინააღმდეგება სემეკი. კომისიაში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს აისახება ტარიფზე და გააძვირებს დენის გადასახადს, ამიტომ მოსახლეობასთან საერთო ენა უნდა გამოინახოს.

ამ დროისთვის მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის.

„ჩვენი კომპანია აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აქტიურად. „ენერგო-პრო ჯორჯია“ კონსულტაციებს აწარმოებს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და უშუალოდ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე მოსახლეობას განმარტებითი წერილები გაეგზავნათ, წერილთან ერთად მოსახლეობა საექსპერტო დასკვნასაც მიიღებს – ორჯაჭვა 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით წარმოქმნილი ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების შესახებ“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბათუმში არსებული დატვირთვის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია: „მისი ტენდენცია არ არის თანმიმდევრული და ახასიათებს მკვეთრი აღმასვლა, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 2017 წლის აგვისტოს და 2018 წლის ივნისის თვეში. პიკური დატვირთვის ანალოგიური მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, 2019 წელს არსებული ხაზები ვეღარ უზრუნველყოფს პიკური დატვირთვის დაკმაყოფილებას, რაც რეალურ საფრთხეს შეუქმნის მთელი ქალაქის ელექტრომომარაგებას. შესაბამისად, აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზი „ერეგე 1“-ის გაორჯაჭვიანება“.

ვინაიდან მათ კუთვნილ ობიექტებს„ ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელში ვერ რთავდა, ოთხმა კომპანიამ საჩივრით სემეკს მიმართა. სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე მისცა, თუმცა ახალ ობიექტებს, როგორც ჩანს, ქსელში ვერც ამ დროისთვის ჩართავენ.

აღნიშნული ხაზის გაორჯაჭვიანებამდე ვერ მოხდება ბათუმში მშენებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის ქსელზე დაერთებაც. ახალი საავადმყოფო კი, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში უნდა ამოქმედებულიყო. მეტიც, თუ როდის დასრულდება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, დღესაც გაურკვეველია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე პროექტში ცვლილებების შეტანა დასრულებული არ არის. ახალი საავადმყოფოს გახსნა კი  დამოკიდებულია საბოლოო პროექტზე, რომელიც 20 სექტემბრისთვის უნდა იყოს მზად.

„ერეგე 1“-ის გაორჯაჭვიანებამდე ქსელზე ვერც ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონს დააერთებენ.

„ერგე-1“-ის გაძლიერების გარეშე ახალი ობიექტების ქსელში ჩართვით კი, როგორც სემეკში გვითხრეს, შესაძლოა მთლიანად გამოირთოს ეს ქსელი და არა მარტო ბათუმს, არამედ მთლიანად აჭარის რეგიონს შეექმნას საფრთხე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებარე კორპუსი/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

 

მშენებარე სტადიონიდან ჩამოვარდნილი კაცი რეანიმაციაშია

ახალგაზრდა კაცს, რომელიც გუშინ, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციაში იმყოფება.

როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, დაშავებულს გუშინ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მას სამი ნეკნი აქვს გატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი და სხვა ორგანოები. „საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა პაციენტი კონტაქტურია“ – ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატი გერმანიამ და ხორვატიამ აღიარეს

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმზე საქართველოს, გერმანიასა და ხორვატიას შორის  მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ, გერმანიასა და ხორვატიაში საზღვაო სფეროში დასაქმდნენ.

„ახლახან მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების  მემორანდუმს, რომლის საშუალებითაც ქართველი ზღვაოსნები იმუშავებენ გერმანულ გემებზე, გერმანელ მეპატრონეებთან ან  იმ გემებზე, რომლებიც  გერმანული დროშის ქვეშ ცურავენ. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს სხვა დარგებსაც, კერძოდ, ეს იქნება წვრთნა, სწავლება, მომზადება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის მომზადებასა და სწავლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო თავისი მეზღვაურებით და ნაოსნობაში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა,  რეინჰარდ კლინგელმა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პრემიერის პატრონაჟით იმართება. მას ორგანიზებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უწევს საზღვაო სააგენტოსთან ერთად.

ფორუმში 53 ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვაა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ხორვატიასთან

დღეს ბათუმში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტი გაიმართება

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ადგილობრივი ჯგუფების კონცერტი გაიმართება. კონცერტი დაახლოებით ღამის 11 საათამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობენ: Melomaniakk-ი , Asea sool-ი , Irakli Pagava & Groovephonics-ი.

დასწრება უფასოა.

კონცერტის ორგანიზატორია Funday Entertainment-ი, პარტნიორი კი EREDELI.

 

 

ბათუმში ესტაკადაზე ავტომანქანა ბოძს შეეჯახა

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის პორტთან მდებარე ესტაკადაზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.

ბათუმის ესტაკადაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა / 13.09.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში ესტაკადა 2018 წლის 7 ივლისს გაიხსნა:

ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

20 ქალს საქართველოდან საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის გადაამზადებენ

საზღვაო სფეროში ქალების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციას, საქართველოს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ოთხი მეზღვაური ქალის სახელობის ფონდის ჩამოყალიბებაა დაგეგმილი. ფონდი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ქალი, რომლებიც  საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.

ორი წლის განმავლობაში ქალებს შორის საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.  მე-10 და მე-11-კლასელი გოგოებისთვის, საზღვაო პროფესიებით დაინტერესების მიზნით, ჩატარდება საჯარო ლექციები. გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული საკითხების ინტეგრირებაშიც დაეხმარება.

მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო ინდუსტრიაში კაცები დომინირებენ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ქალები ამ დარგში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა საერთაშორისო ინტერესი აღნიშნულ სფეროში ქალთა როლის მიმართ იმატებს.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას, საქართველოს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა                                                                       ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების [განსაკუთრებით მოზარდების] დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის მოამზადა“.

აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ:

[crosslist]

  • იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;
  • მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანას მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
  • იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
  • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

[/crosslist]

 შსს-ს განცხადებით, კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

„რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სულისკვეთებას. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების [კანადა, ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.] პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემასა და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ.

ასევე, მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას. მკაცრად იქნება განსაზღვრული პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობები. აღსანიშნავია, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით მოყვანა-წარმოების რეგულირება ექსპორტზე გასატანად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეგულაციებს, კერძოდ, გაეროს კონვენციას.“ – აცხადებს შსს.

საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

აჭარაში საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმზე განაცხადა.

„აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დავაწესოთ მომავალი წლიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ბიზნესით და სერვისით. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. მე რაც  შემიძლია გავაჟღერო, არის ის, რომ ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ კომპანიები მუშაობას.  მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში. ამავე დროს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება საერთაშორისო სტანდარტებთან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პრემიერის პატრონაჟით იმართება. მას ორგანიზებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უწევს საზღვაო სააგენტოსთან ერთად.

ფორუმში 53 ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვაა.

რა პრობლემები არსებობს არასრულწლოვნების გასამართლების დროს – ადვოკატების დისკუსია

12 სექტემბერს ბათუმში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებზე ადვოკატებმა დისკუსია გამართეს. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში გაიმართა.

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სასამართლოს არასრულწლოვნის მიმართ იგივე მიდგომა აქვს, რაც სრულწლოვანთან მიმართებაში,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ადვოკატთა ასოციაციის აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ზაზა პაპიძის თქმით, პრობლემაა ე.წ. საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნაც, როცა არასრულწლოვნის მოწმის სახით დაკითხვა სჭირდება დაცვის მხარეს.

“მაგალითად, ოჯახში ძალადობის დროს მოწმეა არასრულწლოვანი, რომლის ჩვენებაც გვჭირდება. ამ დროს კანონით სავალდებულოა საპროცესო წარმომადგენლის (სოციალური მუშაკი) დანიშვნა, რის უფლებაც ჩვენ, ადვოკატებს არ გვაქვს. საპროცესო წარმომადგენელი პროკურორმა უნდა დანიშნოს ან მოსამართლემ. პრაქტიკაში პროკურორი და მოსამართლეც ამაზე უარს გვეუბნება,” – განმარტავს ზაზა პაპიძე.

ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, პრობლემა არსებობს სწრაფი მართლმსაჯულების კუთხით და პროცესები ხშირად იწელება დროში.

ონისე მარგიანი, ადვოკატთა ასოციაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე:

“მე მაქვს ამჟამად მიმდინარე საქმე, სადაც ორ არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან… რეალურად სხეულის დაზიანების შემთხვევა იკვეთება, მაგრამ პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენა ბრალი არასრულწლოვნებს და სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 117-ე მუხლი რომ ყოფილიყო კვალიფიკაცია, მაშინ პატიმრობას აღარ შეუფარდებდნენ.

მოსამართლე არასრულწლოვნის შემთხვევაშიც კვალიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მსჯელობს და არა მანამდე. ამის გამო ბრალდებული არასრულწლოვნები ახლაც პატიმრობაში რჩებიან…”

ეს პრობლემები სხვა ადვოკატებმაც დაადასტურეს. ადვოკატთა ასოციაცია არასრულწლოვანთა კოდექსში ცვლილების შეტანის კუთხით უფლებამოსილ პირებთან ამ თემის გააქტიურებას აპირებს.

ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, პრობლემაა ქართულ ენაზე საჩივრის გაგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რადგან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოს განსხვავებულად აწვდიან ინფორმაციას და თარგმანს მიზანმიმართულად ამახინჯებენ:

“სხვანაირად თარგმნიან და მერე სასამართლო საქმეს წარმოებაში აღარ იღებს…”- განაცხადა დისკუსიაზე ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატების თქმით, პრობლემაა ასევე განრიდების მიღწევა პროკურატურასთან. განრიდებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს.

“პროკურატურას ურჩევნია საპროცესო შეთანხმება, ვიდრე განრიდება,”- ამბობენ ადვოკატები.

 

ბათუმის უფასო სასადილოებში 4 828 ადამიანი იკვებება – მერია დღეში ერთ პირზე 1.23 ლარს ხარჯავს

ბათუმში მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 6 %-ით გაიზარდა. ქალაქში მდებარე 6 უფასო სასადილოში ყოველდღიურად სადილს 4 828 ბენეფიციარი (1555 ოჯახი) იღებს.

უფასო სასადილოებში იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ სადილობა,  რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და ვისი ქულაც 60 ათასზე ნაკლებია. პროგრამით მოსარგებლეთა გარდა, სარეზერვო სიაში მყოფი 350 ელოდება თავის რიგს, თუ როდის შეძლებს უფასოდ სადილის მიღებას.

უმუშევრობა, ავადმყოფი შვილი ან ქმარი, ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსია  –  მუნიციპალურ სასადილოების ბენეფიციართა ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. არავის აქვს სამსახური და არც იმედი, რომ იპოვის.

ლეილა აბაშიძე 53 წლისაა. ორ შვილს მარტო ზრდის. ამბობს, რომ დამლაგებლადაც კი ვერ იპოვა სამუშაო. მას ყოველდღე სადილი მუნიციპალური სასადილოდან მიაქვს სახლში. სამ ადამიანზე ისე ანაწილებს, რომ ვახშმადაც ეყოთ.

ბათუმის #1 სასადილოში, რომელიც სადილს ყოველდღიურად 1046 ადამიანისთვის ამზადებს, გამოკრულია განცხადება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია საკვების პოლიეთილენის პარკებში ჩასხმა. მოქალაქეებს თავიანთი კონტეინერები მოაქვთ, ზოგს პლასტმასის, ზოგს მინის და ისე მიაქვთ სადილი სახლში. უშუალოდ სასადილოში მხოლოდ 15  ადამიანი სადილობს.

უფასო სასადილო
12 სექტემბრის მენიუ – სადილი 11 ადამიანისთვის
ოსპის სუპი, ბადრიჯანი, კომპოტი და ხუთპურ-ნახევარი

კატლეტი, თევზი, საქონლის ხორცი, წიწიბურა, სოსისი, ბრინჯი, კარტოფილი, ლობიო, ბორშჩი, მაკარონის სუპი, პური და კომპოტი –  მუნიციპალურ სასადილოში მენიუ ყოველდღიურად იცვლება. კვირის დღეების მიხედვით უცვლელი რჩება მხოლოდ პური და კომპოტი.

ბათუმის მერია თითოეულ ბენეფიციარზე 1.90 ლარს ხარჯავს, აქედან უშუალოდ კვებაზე  დღეში 1.23 ლარს იხარჯება.  ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ასლან გეგიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან ბიუჯეტი გაიზრდება და მოქალაქეების კვებაზე 1.40 ლარი დაიხარჯება.

პირველი მუნიციპალური სასადილო ბათუმში 2006 წელს გაიხნა და მას, პირველ ეტაპზე, 300 ბენეფიციარი ჰყავდა. წლების მანძილზე ბენეფიციართა რაოდენობა იზრდებოდა, 2012 წელს 2050, 2018 წელს 4828 ბენეფიციარი, 2019 წლისთვის კი 5128-მდე გაიზრდება.

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35-წლამდე კაცი ჩამოვარდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს.

როგორც „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.

მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

მოხატული ისტორიული დოკუმენტები სიძველეთსაცავებიდან

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სიძველეთსაცავში ქართული, ირანული და ოსმალური ისტორიული, მოხატული დოკუმენტები ცალკე ინახება. ამ ტიპის დოკუმენტებმა დიდი ხნის მანძილზე აღბეჭდეს როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ხალხების ისტორიული გეზის თანმდევი სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები. დოკუმენტებზე დართული მხატვრული ელემენტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გვერდზე ცალკეა გამოყოფილი.

                  მინიატურები ქართული დოკუმენტებიდან

დოკუმენტებში შეხვდებით ქართველი მეფეებისა და კათალიკოს-პატრიარქების მიერ გაცემულ, მინიატურებით შემკულ სიგელ-გუჯრებს, შეწირულობის წიგნებსა და სხვა ტიპის დოკუმენტებს. ქართული საბუთების მინიატურებით შემკობა XIV-XV საუკუნეებიდან იწყება.

ქვემოთ მოცემულია ქართული, ისტორიული დოკუმენტების მინიატურული მხატვრობის ნიმუშები.

1708. დავით II/იმამყული-ხანის წყალობის განახლების სიგელი წმ. დავითის საფლავისადმი. ფრაგმენტი.

 

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.

 

ბაგრატიონთა გერბი 1785 წლის ერეკლე II-ის სიგელში.

 

1712. მეფე შაჰნავაზ-ხანის სითარხნის წიგნი კარის დეკანოზ იესე ტლაშაძისადმი.

 

1725. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე I-ის შეწირულების დამტკიცების სიგელი მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესიისადმი.

 

1782. ერეკლე II-ის წყალობის წიგნი ბაინდურაშვილ-ყორღანაშვილებისადმი.

 

                    მინიატურები სპარსული დოკუმენტებიდან

სპარსული დოკუმენტების მინიატურები გამორჩეულად მდიდარი და მრავალფეროვანია მცენარეთა ორნამენტებით, ფერადი ყვავილების დეკორატიული ელემენტებით.

საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ სპარსულ დოკუმენტებს შორის მდიდრულად გაფორმებული „ფირმანები“, ოქმები, საკანონმდებლო აქტები, მზითვის, ნასყიდობისა და გვარიშვილობის დამამტკიცებელი საბუთებია.

კოლექციის დოკუმენტებს შორისაა შაჰ-აბას I-ის, (1587-29), შაჰ-აბას II-ის (1642-66), შაჰ თამაზ II-ისა და სხვათა მიერ გაცემული დოკუმენტები.

სპარსული დოკუმენტების მინიატურები გამორჩეულად მდიდარი და მრავალფეროვანია მცენარეთა ორნამენტებით და ფერადი ყვავილების დეკორატიული ელემენტებით.

1812. აბას მირზას ჰოქმი ერევნის სარდალ და ბეგ, ლარბეგ ჰოსეინ ხანისადმი.

 

1833. ფათალი შაჰის ფირმანი.

 

1705. შაჰ-სულთან ჰუსეინის ბრძანებულება კახეთში მოთარეშე დაღესტნელების დასჯის შესახებ.

 

1747. ნადირ შაჰის ფირმანი მელიქ ფარსადანისადმი გორის ყასაბას გივისათვის ბოძების შესახებ.

 

1712. შაჰ-სულთან ჰუსეინის ფირმანი მიწის ბოძების შესახებ.

 

1812. ფათალი შაჰის ჰოქმი ერევნის ბეგლარბეგ ჰოსეინ ხანისადმი სახნავი მიწის ბოძების შესახებ.

 

1705. შაჰ-სულთან ჰუსეინის ბრძანებულება პაატა ბეგისათვის ჯამაგირის დანიშვნის შესახებ.

 

მინიატურები ოსმალური დოკუმენტებიდან

1725. აჰმედ III-ის ბერათი ვახუშტი აბაშიძისადმი ქვიშხეთისა და ტეძერის ბოძების შესახებ.

 

1758. მუსტაფა III-ის ბერათი ოსმანისადმი ფერთექრექსა და ნისფი ლივანაში მდებარე სოფლების ბოძების შესახებ.

 

1764. მუსტაფა III-ის ბერათი მირლავა მეჰმედ საიდისადმი ალთუნყალას რაბათში მამულების ბოძების შესახებ.

 

წყარო: საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს

პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს გამოეხმაურა. ამ პარტიის წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 12 სექტემბერს, განაცხადა, რომ პროკურატურას ბოლო პერიოდში სხვადასხვა საქმეზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ პარტიისთვის.

„დასახელებული  საქმეებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში შემოსულია ერთადერთი განაცხადი სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან  დაკავშირებით,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში. განმარტება პროკურატურამ წერილობით მოგვაწოდა.

პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია ბათუმის ანგისის სტადიონზე. „ამ საქმეზე პროკურატურას გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია შესაბამისი უწყებიდან, რათა შეისწავლოს დოკუმენტაცია და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – აღნიშნულია წერილში.

პროკურატურის პრესცენტრის განმარტებით, სხვა საქმეების შესახებ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროკურატურისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო პროკურატურისთვის  შესაძლო დანაშაულის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია და  მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ –  გვიპასუხეს პროკურატურის პრესცენტრში.

ანგისის საწვრთნელი სტადიონი სარემონტო სამუშაოების შემდეგ აპრილში გაიხსნა, თუმცა აგვისტოში ბათუმის „დინამომ“ განაცხადა, რომ მინდვრის საფარის დაზიანების გამო რამდენიმე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებულ სტადიონს ის კომპანია აღადგენს, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

ფილმების ჩვენების განრიგი ბათუმის კინოფესტივალზე – რას ნახავთ „აპოლოში“

უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის კინოჩვენებების განრიგი. ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება ოფიციალურად, 17 სექტემბრიდან კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს ნახავთ:
17 სექტემბერი

12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“, მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.

14 საათზე: „ჯარა“, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ.

15 საათზე: „მტვრით მოწამლულები“, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.

16 საათზე: „შეხტომა“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ.

18 საათზე: „თარჯიმანი“, მარტინ სულიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.

20 საათზე: „ფიროსმანი“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; 85 წთ.

22.30 საათზე: „ველური მსხლის ხე“, ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი/მაკედონიის რესპუბლიკა/ საფრანგეთი/ გერმანია/ბოსნია-ჰერცოგოვინა/ბულგარეთი/შვედეთი, 2018; 188 წთ.

[red_box]ამავე თემაზე: ვინ არიან ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წევრები[/red_box]

18 სექტემბერი

12 საათზე: „მშიერი აჩრდილების კუნძული“, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/ ავსტრალია; 2018, 94 წთ.

14 საათზე: „ალავერდობა“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962; 52 წთ.

15 საათზე: „მარილი სვანეთს“, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930; 44 წთ.

16 საათზე: „შორეული თანავარსკვლავედი“, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/თურქეთი/ჰოლანდია, 2017; 82 წთ.

18 საათზე: „რეი და ლიზი“, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

20 საათზე: „მარცვალი“, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ.

22 საათზე: „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2018; 122 წთ.

19 სექტემბერი

12 საათზე: „მამებისა და შვილების შესახებ“, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი,2017; 99წთ.

14 საათზე: „ზღვარს მიღმა“, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ.

16 საათზე: „პანიკური შეტევა“, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ.

18 საათზე: „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ.

20 საათზე: „ექსტაზი“, გასპარ ნოე, საფრანგეთი, 2018; 95 წთ.

22 საათზე: „ალმოდებული“, ლი ჩანგ-დონგი, სამხრეთ კორეა, 2018, 148 წთ.

[red_box]ამავე თემაზე: ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე[/red_box]

20 სექტემბერი

12 საათზე: „ბათუმის ერთი დღე“, საქართველო, 2018; 41 წთ. /„ნიკო მარის კვალდაკვალ“, ვასო ჩავლეიშვილი , საქართველო, 2018; 32 წთ. /„დევნილობის ცხრა წელი“, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018; 23 წთ.

14 საათზე: „ჰამლეტი“, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018; 80 წთ.

16 საათზე: „სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური“, ოლეს იანჩუკი, უკრაინა, 2018; 122 წთ.

18 საათზე: „რეზო“, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017; 63 წთ.

20 საათზე: „ცივი ომი“, პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი, 2018; 88 წთ.

22 საათზე: „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 155 წთ.

21 სექტემბერი

12 საათზე: „დროის ხიდები“, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

14 საათზე: „წყნარი ქუჩა“, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2018, 28 წთ.; „მოკლე“, რუსლან აღახადე, აზერბაიჯანი, 2018, 13 წთ.; „სუპერპრიზი“, კონსტანტინე ჭელიძე, რუსეთი, 2017, 15 წთ.; „უნდა გიყვარდეს კუბრიკი“, ალმა ანდრესკუ, რუმინეთი, 2018, 24 წთ.; „საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.; „სიტყვა“, იგორ ვიშნევსკი, უკრაინა, 2018, 30 წთ.

16 საათზე: „ვნება და ხმაური დასავლეთ ბერლინში 1979-1989“, კლაუს მაეკი, იორგ ჰოპპე, ჰეიკო ლანგე, გერმანია, 2015; 92 წთ.

18 საათზე: „მკვდარი ცხენის ნისლეული“, ტარიკ აკტაში, თურქეთი, 2018; 73 წთ.

20 საათზე: „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

22 საათზე: „ზაფხული“, კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი/საფრანგეთი, 2018;

[red_box]ამავე თემაზე: ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე[/red_box]

22 სექტემბერი

12 საათზე: „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ.

14 საათზე: „სიცოცხლის კიდევ ერთი დღე“, დამიან ნენოვი, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ.

16 საათზე: SC4 GEO80 წთ. -„საშლელი“, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.; „ღამის მორიგე“, გრიგოლ ჯანაშია & ნატო გაბუნია, საქართველო, 2018, 22 წთ.; Paganos, ნიკოლოზ ქობულავა, საქართველო, 2017, 10 წთ.; „დასასრულის დასაწყისი“, გიორგი ქასრაშვილი, საქართველო, 2018; 10 წთ.; 1943, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2018, 20 წთ. ++ ანდრო, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017; 25წთ.; „თევზაობა“, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017; 17 წთ

18 საათზე: „ბედნიერი ლაზარე“, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

20 საათზე: „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

22 საათზე: „ყველამ იცის“, ასგარ ფარჰადი, ესპანეთი/საფრანგეთი/იტალია, 132 წთ.

________________________

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრში, 17 სექტემბერს, დილიდან შეგეძლებათ.

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოს“ გარდა სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

წელს კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“

„ამ საქმეში 4 დაზარალებულია, 4 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბათუმში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დაკავებულების საქმე განიხილა.

„რას გვედავებით, როცა დაზარალებული საქმეში არ არსებობს“, – მიმართა პროკურორებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ.

პროკურორის თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები სასამართლოსაც მისცემენ ჩვენებას.

„ქურდული სამყაროს წევრობის“ ბრალდებით 11 პირი სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა 20 ივლისს შეუაფარდა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. 10 პირი წინასწარ პატიმრობაში რჩება, მეთერთმეტე – მინდია ლავასოღლია, რომელიც დღემდე იძებნება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა სხვადასხვა არგუმენტით მოითხოვეს. ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ საქმეში დაზარალებული არავინაა და პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ასევე გვითხრა, რომ საქმეში „პირდაპირი მტკიცებულებებიც“ არსებობს, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, რომელია ასეთი მტკიცებულება. საუბარია ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც პირის დანაშაულებრივ ქმედებას პირდაპირ ადასტურებს.

„ეს საკითხები არსებითი განხილვის სხდომაზე უნდა განვიხილოთ… სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ცოტა ხნის წინ იმ პირის მიმართ, ვისაც ასევე „ქურდული სამყაროს წევრობას“ ედავებოდა გამოძიება,“ – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, როცა ის ადვოკატებს უსაბუთებდა, თუ რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში.

თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

,,Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018″ – ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს სასტუმრო ,,ბილტმორში” გაიხსნა. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა.

[checklist]

  •  ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში
  •  მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები
  • ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი
  • ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი
  • სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები
  • სატარიფო პოლიტიკის მოქნილობა და საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტენდენციები – ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

[/checklist]

მომხსენებელთა შორის, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიების GR ტრანზიტისა და GR ლოგისტიკა და ტერმინალების ხელმძღვანელებიც იყვნენ. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გარდა, ნავთობპროდუქტების, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ტერმინალების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ტრეიდერები დაესწრნენ.

ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)

2018 წლის 8 თვეში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გაუარესებულია ლარის გაცვლითი კურსი და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, გაზრდილია საწვავის ფასი, შემცირებულია ინვესტიციები.

საწვავის [ზოგადად სამომხმარებლო] ფასების დინამიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] დეტალური ინდექსით გამოსახავს. თუ ამ ინდექსებს გადავხედავთ, ბენზინის ფასი აგვისტოს თვეში იანვართან შედარებით 7 პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო დიზელის ფასი – თითქმის 11 პუნქტით.

ბენზინის ფასი დღეს ბაზარზე 2,18 ლარიდან 2,59 ლარამდე მერყეობს, ხოლო დიზელის ფასი – 2,08 ლარიდან 2,56 ლარამდე.

რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებაში, იანვარის ბოლოს კურსი იყო 2,49, ხოლო დღეს, 12 სექტემბერს, არის – 2,60.


ეკონომისტთა ერთი ჯგუფის თქმით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენას მაკროეკონომიკური ფაქტორები ახდენს. ამ ფაქტორების გამო გაუარესებულია ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია.

მაკროეკონომიკური ფაქტორები ეკონომისტთა პროგნოზით უარყოფითად აისახება ასევე ინვესტიციებზეც, ხოლო ლარის კურსი [აშშ დოლართან მიმართებაში] უახლოეს პერიოდში 2,6-დან 2,7-ს შორის იმერყევებს.

საქსტატის მონაცემებით:

[checklist]

  • 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობამ, 547 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ანუ ქვეყნის სავაჭრო ბალანსი 547 მილიონი დოლარით გაუარესდა.
  • რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, 2017 წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 749,4 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73,2 მილიონით ნაკლები – 676,2 მილიონი აშშ დოლარის.

[/checklist]

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს მოძრაობს.

თუმცა წლიური ინფლაციის დინამიკას თუ გადავხედავთ, მიმდინარე წლის აგვისტოში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია:

„აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3,1 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვია. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ჩამოვა

14 სექტემბერს ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმზე, რომელზეც ჩეხური მხრიდან 21 კომპანია იქნება წარმოდგენილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი ჩამოდიან.

მარტა ნოვაკოვა საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვა, სადაც ის ჩეხური ინვესტიციების მხარდასაჭერად იმყოფება.

ბათუმში ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ეკონომიკურ სფეროში საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი აჭარისა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით იმართება.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ჩეხური მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.

Exit mobile version