მთავარი,სიახლეები

„წყალს ვხედავდით და ვერ ვსვამდით“ – რამიშვილების რეპრესირებული ოჯახის ისტორია

12.05.2023 • 4018
„წყალს ვხედავდით და ვერ ვსვამდით“ – რამიშვილების რეპრესირებული ოჯახის ისტორია

13 წლის ასაკში, ყაზახეთის ცხელ უდაბნოში ალბათ პირველად სთხოვა ღმერთს მთელი გულით – „გთხოვ, ნუ მომკლავ ისე, რომ არ დავლიო წყალი ონკანიდან და ასი მეტრი მაინც არ გავიარო ქვაფენილზე“.

მანამდე იყო ზამთრის ცივი ღამე, როცა ბათუმში, სახლში, 13 წლის მძინარე ბიჭს, შუაღამისას უცხო ადამიანები წამოადგნენ თავზე. ბიჭი, დედა და მამა, საწოლიდან პერანგისამარა წამოაგდეს და თავზე ავტომატი მიაბჯინეს.

„ჩემი ცხოვრება მაშინ, 13 წლის ასაკში შეიცვალა“-ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ რამიშვილი და გვიყვება, რა გამოიარა სტალინური რეპრესიების დროს მისმა ოჯახმა.

„ოთახში ოთხი შეიარაღებული კაცი იყო, რამდენიმე კი გარეთ იდგა. მამა სკამზე დასვეს და მოძრაობის უფლება არ მისცეს. შოკში იყო დედაც, რამდენიმე წუთით უხმოდ იჯდა იატაკზე.

შეიარაღებულმა კაცმა რაღაც ქაღალდი აჩვენა მშობლებს, გამოგვიცხადეს: „გადასახლებული ხართ, თქვენი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარება“.

თემურ რამიშვილი მშობლებთან ერთად

დედას 2 საათი მისცეს იმისთვის, რომ პირადი ნივთები შეეგროვებინა. საბანი, ზეწარი, ტანსაცმელი შევკარით, გარეთ გაგვიყვანეს და ღია სატვირთო მანქანაში ჩაგვსვეს“- ასე იხსენებს ყოფილი ელექტროინჟინერი 1951 წლის ღამეს, როცა სტალინურმა რეჟიმმა ის და მისი ოჯახი ყაზახეთში გადაასახლა.

„13 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა საშინელი რამ ხდებოდა ჩვენს თავს. სატვირთო მატარებლების სადგურში გაგვიყვანეს და დახურულ ვაგონებში შეგვყარეს. ერთ ვაგონში ჩვენს გარდა, კიდევ ოთხი ოჯახი შემოიყვანეს პატარა ბავშვებით. ბავშვები ტიროდნენ, კიოდნენ… დედა და მამა არ ტიროდა, არც მე მიტირია“.

უფანჯრო, ჩაკეტილ რკინის ვაგონებში ადამიანები იტანჯებოდნენ, მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ დაიძრა ვაგონები. არ ვიცოდით სად მივდიოდით, რატომ და რისთვის. არც ის ვიცოდით, ოდესმე დავბრუნდებოდით თუ არა“.

  • „წარმოიდგინეთ, წყალს ვუყურებდით და ვერ ვსვამდით“ 

თემურ რამიშვილი: „სატვირთო ვაგონში რამდენიმე ფიცარი ელაგა და მასზე მოვთავსდით. ყველაზე მტკივნეული საპირფარეშოს ამბავი დარჩა, არ ვიცოდით რა უნდა გვექნა. ბოლოს რამდენიმე კაცმა ვაგონის იატაკი ამოხვრიტა და ასე ზეწარაფარებულ მდგომარეობაში ვსარგებლობდით.

ასე ვიარეთ 16 დღე.

ვაგონებს შორის ავტომატიანი კაცები იდგნენ. საჭმელს და წყალს ორ დღეში ერთხელ გვაძლევდნენ, „მათლაფით“ შემოდგამდნენ ხოლმე ვაგონის კარებში და თან მოგვაძახებდნენ: „ხალხის გამყიდველები…“

შიმშილისა და წყურვილისგან ვიტანჯებოდით. მახსოვს ის დღე, როცა მატარებელი სადღაც გაჩერდა და ვაგონის პატარა, 30 სმ-იანი ფანჯრიდან გავიხედე. ყველას გვაინტერესებდა, სად ვიყავით, საით მივდიოდით. თითქმის მთელი დღე გაჩერებული იყო მატარებელი.

ჩვენი ვაგონი ზუსტად წყლის ონკანთან გაჩერდა. ადამიანები წყალს ქაჩავდნენ, ჭურჭლებს ავსებდნენ და მიჰქონდათ.

თემურ რამიშვილი დედასთან ერთად. ფოტო გადაღებულია (სავარაუდოდ) გადასახლებაში

ძალიან გვწყუროდა. პატარა ბავშვებიც იტანჯებოდნენ, ყვიროდნენ, – „გვწყურია“, „წყალი, წყალი გვინდა“. წარმოიდგინეთ, წყალს ვუყურებდით და ვერ ვსვამდით. ბოლოს ერთმა ჯარისკაცმა გააღო კარები და გვკითხა – „წყალი გინდათ?“ მოიტანა, სახეში შემოგვასხა და კარები მოგვიხურა. წყალი კი არ მოგვცა.

ღამე იყო, როცა მატარებელი საბოლოოდ გაჩერდა და სადღაც ჩამოგვყარეს. ღია მანქანებში ჩაგვსვეს და ასე ვიარეთ რამდენიმე საათი. სიბნელეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ შიშველ მინდვრებს თუ მოვკრავდით თვალს.

ბოლოს მიწისგან გაკეთებულ სოროებში მიგვიყვანეს, დილით რომ გაგვევლო, ალბათ ვერც კი მიხვდებოდით, ქვემოთ ვინმე თუ ცხოვრობდა. ლერწმის ტოტებით იყო გადახურული და ტალახით შეზელილი. მაშინ გავიგეთ, რომ ყაზახეთში, კიროვსკის რაიონში ვიყავით გადასახლებული“.

  • ფეხსაცმლის ცნობილი მკერავი და პარიზში აღებული ჯილდო

თემურ რამიშვილის მშობლები იმ დროისთვის ბათუმში ცნობილი ადამიანები იყვნენ. დედა, – ლუბა ალექსის ასული რამიშვილი (ზაზიკაშვილი), ქალაქში ცნობილი იყო ქარგვით. მისი ნამუშევრები წლების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმშიც ინახებოდა.

გადასახლებამდე ლუბა რამიშვილი რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იყო. მისი სახელი 1941 წელს გამოცემულ ბროშურაში – ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების გამოფენის კატალოგშიცაა ნახსენები, როგორც მხატვრული ქარგვის ოსტატის. კატალოგში შესულია მისი ნამუშევრები – „ამხანაგი ლ.პ ბერიას პორტრეტი (ქარგვა), „ამხანაგი ვოროშილოვის პორტრეტი“ (ქარგვა) და „ყვავილები“.

ოჯახში ლუბა რამიშვილის ნაქარგები ახლაც შემორჩენილი აქვთ

„დედა აჭარელ ქალთა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც მუშაობდა, გამგეობას ხელმძღვანელობდა და აქტიურად იყო ჩართული ქალების განათლებაში.

მამაჩემი – ვარლამ რამიშვილი, ქალაქში ყველაზე ცნობილი ფეხსაცმლის მკერავი იყო. მას საკუთარი პატარა საამქროც ჰქონდა, სადაც შეკვეთებს იღებდა სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის, რუსეთიდანაც. ბოლო წლებში კი სასამართლოს აღმასრულებლადაც მუშაობდა.

1907 წელს პარიზში გამართულ კონკურსზე ვარლამ რამიშვილიც მონაწილეობდა, სადაც ჯილდოც გადასცეს“ – “- გვიყვება თემურ რამიშვილი.

1907 წელს პარიზში მიღებული ჯილდო

ეს პატარა პარიზული მედალიონი ახლაც ინახება რამიშვილების ოჯახში.

ვერცხლის მედალიონის შუაგულში, ფირუზისფერ ფონზე, ოქროსფერი ფეხსაცმელია ამოტვიფრული. მედალიონზე ასევე ამოტვიფრულია პატარა ჩაქუჩი და მაკრატელი. მედალიონი შეკრულია დაფნის ვერცხლისფერი ფურცლებით.

„ერთი შეკვეთა გადასახლებაშიც კი წამოიღო და იქ დაასრულა, იმდენად პასუხისმგებლობიანი იყო თავისი საქმის მიმართ“ – გვეუბნება თემურ რამიშვილი.

რამიშვილის ოჯახი არაერთხელ გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა თემურ რამიშვილის ბიძა, ანანია რამიშვილიც. ის 1938 წელს, სტალინის ბრძანებით დახვრიტეს.

ანანია რამიშვილმა 1933 წელს განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც სამრეწველო ინსტიტუტი დაამთავრა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო წყაროების მიხედვით, დახვრეტამდე იგი მუშათა კოოპერატიული ამხანაგობის საცხოვრებელი მშენებლობის საქმეთა მწარმოებლად მუშაობდა.

საბჭოთა რეჟიმი მას გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდა ბრალს.

„სინამდვილეში იმიტომ დახვრიტეს, რომ გერმანიაში მიიღო განათლება, თანაც რამიშვილი იყო. სტალინი ხომ ვერ იტანდა ამ გვარს სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილის გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო. სტალინი ყველა რამიშვილს სდევნიდა“- ამბობს თემურ რამიშვილი.

თემურის მამა ყაზახეთში გადასახლებამდე ასტრახანშიც გადაუსახლებიათ.

„მაშინ მე არ ვიყავი დაბადებული. მხოლოდ ის ვიცი, რომ როცა ქალაქში კომუნისტებმა ფეხსაცმელების ქარხანა ააწყეს, მამაჩემს ქარხნის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, მან კი უარი უთხრა. ეს საბოტაჟად ჩაუთვალეს და ამიტომ გადაასახლეს“ – გვიყვება თემურ რამიშვილი.

პარიზში გამოცემული გაზეთი „ბრძოლა“.

1927 წელს, პარიზში გამოცემული ქართულ გაზეთში „ბრძოლა“, რომლის ეგზემპლარიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, მოიცავს ცნობებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა გადაასახლა, აწამა ან დახვრიტა.

29-30 ნოემბრის ნომერში დასახელებულია ოზურგეთის ჩეკაში ნაწამები ადამიანების სახელი და გვარები. ნახსენებია ვინმე ვარლამ რამიშვილიც, რომელიც „აწამეს და აშიმშილეს 9-8 დღე“.

თუმცა ოჯახს არ აქვს ზუსტი ცნობები, აქ ნახსენები ვარლამ რამიშვილი არის თუ არა თემურის მამა.

  • სახლი კოსტავას ქუჩაზე

ანანია და ვარლამ რამიშვილები ბათუმის ძველ უბანში, ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე, ერთსართულიანი ბელეტაჟის ტიპის სახლში ცხოვრობდნენ. სახლი 1927 წელს ანანია რამიშვილს ბერძენი ივანე ფოსტიროპულოსგან შეუძენია. სახლს პირვანდელი იერი დღემდე აქვს შენარჩუნებული.

ამ სახლში ამჟამად თემურის შვილი, პასტორი ვარლამ რამიშვილი ცხოვრობს.

ანანია რამიშვილს ეს სახლი 1927 წელს შეუძენია. 

  • რა მოხდა გადასახლებაში

თემურ რამიშვილი: „ორი წელი ყაზახეთის უდაბნოში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში სტალინის სახელობის წყლის არხი გაიყვანეს ბამბის პლანტაციებში და ჩვენც იქ გვამუშავებდნენ. სკოლაში წასვლის უფლება არ მქონდა, ამიტომ მეც ბამბის პლანტაციაში ვმუშაობდი.

ჩვენი ქოხებიდან ოთხი კილომეტრის რადიუსში შეგვეძლო მხოლოდ გადაადგილება, თუ წავიდოდით, გაგვაციმბირებდნენ. არც ქალაქში გასვლის უფლება მოგვცეს. თვეში ერთხელ რაიონში უნდა გამოვცხადებულიყავით და ხელი მოგვეწერა საბუთზე.

ბამბის პლანტაციებში ისეთი სიცხე იყო, მზეზე კვერცხი იწვებოდა. საჭმელი ულუფებით მოჰქონდათ, თუმცა შემდეგ ესეც შეგვიწყვიტეს და თვითონ მოიმზადეთო – გვითხრეს. ბამბის მუშაობაში შრომადღის ფულს გვაძლევდნენ, თუმცა მხოლოდ იმდენს, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით.

თემური დედასთან ერთად

უდაბნოში სასმელი წყლის დეფიციტი იყო, ამიტომ არხში რა წყალიც გადიოდა, იმას ვსვამდით. იმ გუბურადან სვამდნენ ძროხებიც. ამის გამო ბევრი ადამიანი დაავადდა, რამდენიმე მოკვდა კიდეც. გადასახლებაში ადამიანის სიკვდილი ან ავადმყოფობა ხომ არაფერს წარმოადგენდა.

რაც იქ ვიყავით, თითქმის არ დაგვიბანია, რადგან არ იყო წყალი. მტვრიანი, ჭუჭყიანი ვიყავი 2 წელი.

იცით კიდევ რა მახსოვს? ჩემი ლოცვა – „ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, ონკანიდან წყალი არ დავლიო, ქვაფენილზე ერთი ასი მეტრი მაინც რომ არ გავიარო-მეთქი. გთხოვ, ღმერთო, გააკეთე რამე“ – ასე ვევედრებოდი.

რადგან დედა დეპუტატი იყო, ბოლოს „პატივი დასდეს“ და უდაბნოდან რაიონში გადაიყვანეს. ამან ჩვენი მდგომარეობა თითქოს შეამსუბუქა. მამას ფოსტაში მუშაობის უფლებაც მისცეს, რადგან წერა-კითხვა იცოდა, ბევრი ადგილობრივისგან განსხვავებით.

მე ჭადრაკს ვთამაშობდი ძალიან კარგად. ერთხელ, კომენდატურაში მისვლისას დავინახე როგორ ეთამაშებოდა კომენდანტი სამხედროებს. თავზე დავადექი და ერთი-ორჯერ შევუსწორე კიდეც. შემომხედა და მითხრა – „დაჯექი, ითამაშე“. ორი ხელი ზედიზედ მოვუგე. მესამედ ყველა ჯარისკაცი თავზე დაადგა, ეხმარებოდნენ, მაგრამ ის ხელიც მოვიგე. მეშვიდე სვლაზე მატი გავუკეთე. საშინლად გაბრაზდა, ხელი აიქნია და ფიგურები მიმოყარა.

ის დღეც მახსოვს, როცა კომენდატურაში მისვლისას ყველა კედლის რადიოს მისჩერებოდა. „უმერ ტავარიშ სტალინ“ – გადმოსცემდა რადიო…

იცით რა იყო საოცარი? ადამიანები, რომელსაც წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ქონება, აუკრძალეს ახლობლების, ნათესავების ნახვა, გადაასახლეს, მოუკლეს ოჯახის წევრები და როგორც მონას, ქამრითაც სცემდნენ გადასახლებაში, იდგნენ და ცხარე ცრემლებით ტიროდნენ.

ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ჩამოდიოდა ცრემლი მათ დაღარულ სახეებზე. „ვაი, რა გვეშველება, ახლა ხომ დავიღუპებითო“ – მოთქვამდნენ. მეცინება, მეტი რაღა უნდა დამართოდათ, მთელი ცხოვრება გადასახლებაში უნდა ჩამკვდარიყვნენ, მაგრამ ასე იყვნენ ადამიანები მაშინ შთაგონებული, რომ სტალინის გარეშე არაფერი ეშველებოდათ.

ჩემი მშობლები არც მაშინ ტიროდნენ. ისინი სხვანაირად აზროვნებდნენ და სწორედ ამიტომაც გადაასახლეს, რომ ეს ტერორი და ეს წყობა არ მოსწონდათ.

  • სახლში დაბრუნება

„სტალინის სიკვდილის შემდეგ, რეაბილიტაცია მივიღეთ და წართმეული სახლიც დაგვიბრუნეს.

ნივთები, რა თქმა უნდა, აღარ დაგვხვდა. ყველაფერი გაყიდეს. მამაჩემის საყვარელი ხის დიდი სავარძელი გადაგვირჩა მხოლოდ, რადგან გადასახლების დღეს მეზობელმა გაიტანა თავისთან და ასე გადარჩა. ყველაზე მეტად პიანინო და პოლონური ბუფეტი დაგვენანა. ვარშავიდან იყო ჩამოტანილი და ძალიან ლამაზი ორნამენტებით ჰქონდა. თუმცა, ნივთებს ვინღა ჩიოდა, დავბრუნდით და ამაზეც თანახმა ვიყავით“ – ამბობს თემურ რამიშვილი.

ლუბას ნაქარგები ერთ დროს ხელოვნების მუზეუმშიც ინახებოდა

მისი თქმით, სკოლაში ყოველთვის კარგად სწავლობდა. თავიდან ოთხწლიან სკოლაში, მუზეუმის გვერდით, იქიდან კი ვაჟთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.

„სკოლა თბილისში დავამთავრე და იმავე წელს კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოვეწყე. კათედრაზეც დამტოვეს, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო ბათუმში დავბრუნდი. პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ და ბოლო წლებში საქენერგოში ვმუშაობდი.

უნივერსიტეტში სწავლის წლებშიც ჩვენ ფიზიკოსები ბევრს ვსაუბრობდით სამყაროს შექმნის იდეაზე. არ ვიზიარებდი დარვინის მოსაზრებას და არც იმას, რომ რაღაც ქაოსისგან წარმოიშვა სამყარო.

თუმცა წლების წინ ღმერთის არსებობის არ მჯეროდა, ალბათ არც მაშინ, როცა ყაზახეთის უდაბნოში სახლში დაბრუნებას ვთხოვდი. ცხოვრებაში სიკვდილს რამდენჯერმე გადავურჩი სასწაულებრივად, ახლა ვიცი, რომ ღმერთმა შემიყვარა და ამ ცხოვრებით დამაჯილდოვა“ – ამბობს ის.

  • საქართველოდან ამერიკაში

თემურ რამიშვილი ახლა 80 წლისაა და აშშ-ში ცხოვრობს. ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრებაზე არასდროს უფიქრია და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შეერთებული შტატების მოქალაქე გახდებოდა.

„ევროპაზე უფრო ვფიქრობდი ბავშვობაში. მინდოდა საბჭოეთს იქეთ გამეღწია და მენახა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები. შემდეგ წლებშიც ვცდილობდით რკინის ფარდის იქით როგორმე გაგვეღწია.

რთულია ადამიანების გონებიდან საბჭოთა რეჟიმის კვალის წაშლა, რადგან ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე მთელი საბჭოთა სისტემა მუშაობდა.

რეჟიმი აიძულებს ადამიანს დაიჯეროს, რომ ის ორმო, სადაც ცხოვრობს, ყველაზე უკეთესია. პარტიის, სისტემის მორჩილებაა მთავარი მიზანი.

რეპრესიის შიში ისე იყო გამჯდარი ადამიანების გონებაში, რომ რამე კარგი თუ ხდებოდა, მართლა „ძია სტალინის და პარტიის“ დამსახურება ეგონათ. არავინ ამბობდა, რომ „ძია სტალინმა მოგიკლა შვილი“, „ძია სტალინმა მოგიკლა ბიძა, გადაგვისახლა ოჯახი“.

თემურ რამიშვილი მეუღლესთან, ლია თხილაიშვილთან ერთად დღეს აშშ-ში ცხოვრობს

ტოტალური შიში იყო ადამიანებში – „ვინმემ არ დამასმინოს“. ერთი ადამიანი 15 წელი ციმბირის მაღაროებში მარტო იმიტომ ამუშავეს, რომ ნაცნობებთან საუბარში თქვა, საბჭოთა თვითმფრინავები უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან გერმანელებს უკეთესი ჰყავთო.

რეჟიმისთვის ადამიანი ხომ არაფერს წარმოადგენდა, უბრალო ჭანჭიკი იყო. ტრაქტორს მეტი ფასი ედო, ვიდრე ადამიანს. სწორედ ეს არის განსხვავება რეჟიმსა და დემოკრატიას შორის. ევროპაში ადამიანია მნიშვნელოვანი და არა მატერია“ – ამბობს თემურ რამიშვილი.

მისი აზრით, ალბათ ორი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ ადამიანების გონებიდან საბჭოთა აზროვნება ამოიშალოს.

თემურ რამიშვილი

„საბჭოთა რეპრესიები გამოვიარე, გადასახლებაში ვიყავი, 50 წელი საქართველოსთვის ვიმუშავეთ მეც და ჩემმა მეუღლემ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი პენსიას არ გვაძლევს, ამერიკაში ცხოვრობთ და არ გეკუთვნითო.

ამერიკისთვის ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, თუმცა ისეთი ცხოვრება მოგვცა, კომუნისტები რომ კომუნიზმს ეძახდნენ და გვპირდებოდნენ, იმაზე უკეთესი. აი, ეს არის განსხვავება დასავლეთსა და ჩვენს შორის.

ზოგადად, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნის გარეთაც, უნდა ნახონ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, როგორია სხვა კულტურა. ახალგაზრდებს უნდა ველაპარაკოთ თავისუფლებაზე და მის ფასზე“.

საუბრის დასასრულს თემურ რამიშვილი გვეუბნება: „გახსოვთ რას ვევედრებოდი ღმერთს გადასახლებაში? – ღმერთმა დამაბრუნა სახლში, დავლიე წყალიც ონკანიდან და გავიარე ქვაფენილზეც. ღმერთმა მომცა თავისუფლება სამშობლოშიც და აქაც, ამერიკაში, – თავისუფლების მიწაზე“.

_______________________

თემურ რამიშვილთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ 2020 წლის იანვარში ჩაწერა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: