სიახლეები

ტურიზმი, ბიზნესი და ახალი შეღავათები

06.02.2015 • 3470
ტურიზმი, ბიზნესი და ახალი შეღავათები

????????????????????????????????????

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი, რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარშან ზაფხულში, ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის პრეზენტაციაზე.

დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ ამჟამად 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ტერიტორიაზე, მთლიანობაში, სასტუმროს ტიპის 1000 ბინა განთავსდება.

„ოაზისი“, ფაქტობრივად, იმ პირობებითა და სპეციფიკით სთავაზობს აპარტამენტებს კლიენტს, რასაც ე.წ. ტურისტული საწარმო ითვალისწინებს. ახალ მესაკუთრეს შეუძლია აპარტამენტი გააქირაოს საკუთარი რესურსებით ან სასტუმრო “ოაზისის” მეშვეობით. „დრიმლენდ ოაზისს“, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, `ტურისტული საწარმოს~ სტატუსი ამ დროისთვის არ აქვს. აპირებს თუ არა ამ სტატუსის მიღებას, კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს.

“ტურისტულ საწარმოს” საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით მთელი რიგი შეღავათები აქვს სხვა ტურისტულ კომპანიებთან შედარებით. ამ წლიდან მთავრობამ ასეთ საწარმოს კიდევ უფრო მეტი შეღავათი მისცა, რაც ზოგიერთმა უშუალოდ “ოაზისსა” და იქ მშენებარე კომპლექსს დაუკავშირა.

„დრიმლენდ ოაზისის~ მმართველი კომპანია შპს „საქტურკურორტია”, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელობაშია სანატორიუმ-სასტუმრო “ოაზისი”, რომლის გარშემოც ხდება კომპლექს `დრიმლენდის” განვითარება. „საქტურკურორტის~ დამფუძნებლები არიან ავსტრიული კომპანიები: „ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” და „ალბერეტა”, რომლებიც კომპანიის თითქმის სრულ, 91,7%-ს ფლობენ. დარჩენილი 8,3%-ის მფლობელი კი კერძო პირია.

„დრიმლენდ ოაზისის” ვებგვერდზე მითითებულია, რომ „დრიმლენდ ოაზისი~, “ბანკ ქართუსთან” ერთად, იპოთეკური სესხის საუკეთესო პირობებს სთავზობს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს: `შევიმუშავეთ უნიკალური პაკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ აპარტამენტები ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით…  საქართველოს მოქალაქეებისთვის  მინიმალური პირველადი შენატანი 30%, კრედიტის მაქსიმალური ვადა 15 წელი, საპროცენტო განაკვეთი 9-11%-ია”.

ანალოგიური შეთავაზება კომპანია „ორბი ჯგუფსაც~ აქვს. ამ კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის თქმით: „მსურველს, ვისაც აქვს თუნდაც 3 ათასი დოლარი ან/და მეტი, ვთავაზობთ, პირველადი შენატანი შეიტანოს და გამარტივებული წესით „თიბისი ბანკში“ აიღოს 10-წლიანი სესხი, 9-პროცენტიანი განაკვეთით. შეიძლება 15-წლიანიც, მაგრამ არავინ სარგებლობს. ამასთან, ამ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დაახლოებით თანხის 85% უცხოეთიდან შემოგვაქვს~.

ბათუმში „ტურისტული საწარმოს~ სტატუსით „ორბი ჯგუფი“ უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს. „სწორედ ამ ახალი რეგულაციების შემდეგ შევქმენით ბათუმში 4 ათასამდე ნომერი. ეს თითქმის იმდენივეა, რაც სხვა დანარჩენი ერთად აღებული ბათუმში _ დაწყებული დაბალი დონის სასტუმროდან, დამთავრებული „შერატონით“. ამასთან, 300-ზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული“ _ აცხადებს „ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.

„ტურისტული საწარმოს შექმნა იმდენად რთული და უცნაური სქემაა, რომ შეიძლება ამან ვერც კი იმუშაოს პრაქტიკაში“, _ აცხადებს საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის საგადასახადო კონსულტანტი ნიკოლოზ ოსტაპენკო.

ტურისტულ სექტორში შეღავათები 2011 წლიდან დაწესდა, როცა საგადასახადო კოდექსში ახალი ცნება _ „ტურისტული საწარმო“ გაჩნდა. ასეთი საწარმოები მაშინ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდნენ. ზოგადად კი, სხვებთან შედარებით, გადასახადები ფაქტობრივად გაუნახევრდათ. საუბარია იმ დეველოპერებზე, რომლებიც სასტუმროს ან სასტუმროს ტიპის ბინებს აშენებენ.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.

საგადასახადო კოდექსში ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამარტივდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კოდექსში შეტანილი ამ ცვლილებით, შემოდის დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმი, რაც არასწორია.

„განსხვავებული რეჟიმით დაბეგვრა ყოველთვის არღვევს საკანონმდებლო თამაშის წესებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს ერთს მეორესთან მიმართებაში.  თანაც, ეს უპირატესობა განსაზღვრულია არა მუშაობის პრინციპით, არამედ კანონის ინიციატორთა მხრიდან საკუთარი წარმოდგენების მიხედვით კონკრეტული სფეროს განვითარებაზე“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ნიკოლოზ ოსტაპენკო მიიჩნევს, რომ ზოგადად, ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით, არ შეიძლება სხვადასხვა დარგის განსხვავებულ პირობებში ჩაყენება, რადგან ეს იწვევს ინვესტიციების არასწორ გადანაწილებას: „თუ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სხვადასხვა დარგს ბაზარზე, ბაზარი თავად განსაზღვრავს ინვესტიციებს… მაგრამ თუ რომელიმე დარგს უკეთესი სასათბურე პირობები ექნება და ამის გამო ჩაიდება ინვესტიციები, ეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სიგნალების დამახინჯებას იწვევს და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკისთვის არასასურველი, არამომგებიანი ინვესტიციებიც კი განხორციელდეს~.

ირაკლი კვერღელიძის თქმით, ეს სიტუაცია ნეგატიურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ: „ყველაზე დიდი ეფექტი საქართველოში არის შემოსული ინვესტიცია, რომელიც იდება კონკრეტულ პროექტებში. დღეისათვის რამდენიმე ასეული მილიონია შემოსული ამ სეგმენტში და ამაზე დიდი ეფექტი ქალაქს და რეგიონს არ მიუღია~.

2015 წლიდან განსაკუთრებული შეღავათით ისარგებლებენ ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც შეისყიდიან სასტუმრო ნომრებს ტურისტულ საწარმოში. თუ საწარმო დღგ-ს გადახდისგანაა გათავისუფლებული, მეპატრონე ფიზიკურ პირზე გაცემული ანაზღაურება, ანუ შემოსავალი, დაიბეგრება არა 20, არამედ 5%-ით.

ნიკოლოზ ოსტაპენკოს თქმით: „ამ სქემაში თუ დარჩებოდა 20%-იანი საშემოსავლო, მაშინ დაინტერესება უკან იჯარით დაბრუნებაზე იმ ფიზიკური პირებისგან, ვინც შეიძენდა სასტუმრო ნომრებს, ნაკლები იქნებოდა, ან სხვებს მისცემდნენ იჯარით, ან თავად გააქირავებდნენ. ახლა კი ამ შეღავათებით, იდეაში მათ სტიმული უნდა გაუჩნდეთ, რომ დაუბრუნონ მშენებელს (დეველოპერებს) იჯარით _ შეუძლიათ შეთანხმდნენ იჯარა-გამოსყიდვაზე და ა.შ.”.

მაგალითად, მშენებელი კომპანია, სასტუმროს ტიპის ბინას (ან მთლიან აპარტამენტს)  ყიდის კერძო პირზე და არ იხდის დღგ-ს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შემდეგ ეს კერძო პირი (ბინის ახალი მესაკუთრე), რომელსაც ეს ფართობი საცხოვრებლად არ სჭირდება, ხელშეკრულებით გადასცემს იმავე კომპანიას, რომელიც აქირავებს ამ ბინას სასტუმრო ნომრად. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა კი, რაც უნდა მიიღოს ახალმა მესაკუთრემ კომპანიისგან, დაიბეგრება არა 20, არამედ 5 პროცენტით.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ ფაქტობრივად, „უკვე არსებობს ტურისტული საწარმოს დახვეწილი მოდელი და ჩვენი კომპანიის ვარაუდით, ეს არის საფუძველი საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია შემოვიდეს. ეს შეღავათები გამოიწვევს მშენებლობის ბუმს საქართველოში~.

მიუხედავად ამისა, არსებულ შეღავათებს ტურიზმის განვითარებისთვის ირაკლი კვერღელიძე საკმარისად არ მიიჩნევს. ამასთან, აცხადებს, რომ „გადასახადებისაგან სრულად გათავისუფლება აბსურდია”, მაგრამ ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას მიესალმება, `რადგან ამ დროს ვითარდება ეკონომიკა. ეკონომიკა რომ განვითარდება, დადგება ფეხზე და ჩადგება რიტმში, ამის შემდეგ უკვე შეიძლება საგადასახადო ტვირთზე საუბარი, თუნდაც ისეთზე, როგორიცაა ვთქვათ, ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში“.

მთავრობის ინიციატივის გაჟღერების პარალელურად იყო მოსაზრება, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობდა საგადასახადო კანონმდებლობის მორგებას  გარკვეულ ბიზნესჯგუფებსა თუ კონკრეტულ პროექტებზე.

მთავრობამ თავისი ინიციატივა „კანონმდებლობის დახვეწით” ახსნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ „ტურისტული საწარმოს სტატუსის აღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად, “საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილებები არათანაბარ პირობებში აყენებს ტურისტულ ბიზნესში ჩართულ (მათ შორის ოჯახური ტიპის) ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს“.

პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით  შემოსავლების სამსახური ანიჭებს. სტატუსის მინიჭების, საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე სასტუმრო ნომრებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას თვითმმართველობების მიხედვით კი საქართველოს მთავრობა ადგენს.

როგორ აისახება ტურისტული საწარმოსადმი დაწესებული საგადასახადო შეღავათები რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებაზე და, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვაზე _ ამ საკითხზე „ბათუმელებთან~ კომენტარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ გააკეთეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: