სიახლეები

მთავრობის თანადაფინანსება სესხის პროცენტის დასაფარად

07.01.2015 • 2181
მთავრობის თანადაფინანსება სესხის პროცენტის დასაფარად

 

 

 

სამინისტრო იმ სესხის საპროცენტო განაკვეთის ნაწილს გადაიხდის, რომელსაც  შერჩეული ბანკი აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გასცემს.

 

პროგრამაში აღნიშნულია, რომ შერჩეული კომერციული ბანკი საკრედიტო რისკების გათვალისწინებით მოახდენს ტურისტული ბიზნესით დაკავებული მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების დაფინანსებას.

 

ტურისტულ ბიზნესად ჩაითვლება საქმიანობა, რომელიც უკავშირდება აჭარის  ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი კვების ობიექტის (კაფე, რესტორანი, ბისტრო, ბარი, სასადილო და სხვა), სასტუმროს (არაუმეტეს 50 ნომრიანი, მათ შორის საოჯახო ტიპის), გასართობი ობიექტის (ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბილიარდო, ბუნგალო და სხვა) მოწყობას (მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) და სხვა ტურისტულ საქმიანობას.

 

საკრედიტო რესურსი განისაზღვრება 6 მილიონი ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15%-ს. სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 200 000 ლარით და სესხი გაიცემა არაუმეტეს 7 წლის ვადით.

 

ბიზნეს სუბიექტი პირველი სამი წლის განმავლობაში გადაიხდის დადგენილი სესხის საპროცენტო განაკვეთის 3%-ს. ხოლო სხვაობა სუბიექტის მიერ ასანაზღაურებელ და დადგენილ საპროცენტო განაკვეთებს შორის – 12% სამი წლის განმავლობაში ანაზღაურდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბანკის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.

  

პროგრამის განხორციელების პერიოდად მითითებულია 2015-2018 წლები; წელიწადში, 2017 წლის ჩათვლით, უნდა დაფინანსდეს არანაკლებ 30, ანუ მთლიანობაში არანაკლებ 60 სუბიექტი. გაცემული სესხის მომსახურების თანადაფინანსების მიზნით სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

2015 წელი – 598 000 ლარი;

2016 წელი – 481 000 ლარი;

2017 წელი – 299 000 ლარი;

2018 წელი – 0

გადაბეჭდვის წესი


ასევე: