სიახლეები

კანონპროექტი აჭარაში მიწის დაკანონებაზე

30.12.2014 • 1550
კანონპროექტი აჭარაში მიწის დაკანონებაზე

 

აქცია გონიოში, /ბათუმელების/ არქივიდან

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტის მიღების მიზანია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 7(1) მუხლში შევიდეს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება , თუ რომელი მიწის ნაკვეთი ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

ცვლილებების შედეგად მოქალაქეებმა უნდა შეძლონ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარება, მიუხედავად იმისა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.

 

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში მიწის რეფორმის განხორციელება ორჯერ ჩაიშალა (1992-1999 და 2004-2006 წლებში). აღნიშნულის გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2007 წლის 28 დეკემბერს შესაბამის კანონში შევიდა ცვლილება და მას დაემატა 7(1) მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.”

 

მიუხედავად ამ რედაქციისა, 7(1) მუხლით მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რაც გამოწვეული იყო კანონის მე-2 მუხლში შესული არაერთი ცვლილებების გამო. ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს განცხადებით მიმართეს კანონში შესულ ცვლილებამდე) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ იმ კომლებსაც, რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ., ასევე , თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.

 

კანონპროექტის მიხედვით ზემოაღნიშნული 7(1) მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე ითვლება თვითნებურად დაკავებურად თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არა უმეტეს 0,2 ჰა-ს ოდენობით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“.

 

ხოლო 7(1) მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი ითვლება თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერსებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა“.

 

წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილია დანიშნული. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: