სიახლეები

თემურ კახიძე: „ამომრჩეველთან თავს უხერხულად ვგრძნობ“

11.12.2014 • 1737
თემურ კახიძე: „ამომრჩეველთან თავს უხერხულად ვგრძნობ“

 

თემურ კახიძე

 

გვითხარით იმ კანონპროექტების შესახებ, რაც უმაღლესმა საბჭომ ამ ორი წლის განმავლობაში შეიმუშავა.

 

– ჩვენი მუშაობის პერიოდში პირველად აჭარის კვოტა გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. პარლამენტის კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატს აჭარიდან, გენო გელაძეს ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის დაგვეჭირა მხარი. შემდეგ პარლამენტმა დაბლოკა მისი კანდიდატურა, ის ჩვენ მეორედაც წარვადგინეთ [საბოლოო ჯამში, უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძის ნაცვლად მაინც სხვა კანდიდატს დაუჭირა მხარი. ავტ].

 

მთავარ საკითხად გამოვყოფდი ასევე ტელევიზიის ბორდის შემადგენლობის დაკომპლექტებას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ჰქონდათ უფლება ბორდში ჰყოლოდათ ის პიროვნებები, რომლებც მათ უნდოდათ. მე ამას ღიად დავუჭირე მხარი, შემეძლო თავი შემეკავებინა, როგორც, მაგალითად, ვიცე-სპიკერი მოიქცა, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“, ყოველთვის მიგვანიშნებდნენ, რომ არ ვყოფილიყავით კონტექსტიდან ამოვარდნილები. გამოვყოფდი პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ დადგენილებასაც.

 

რამდენად ამომწურავად სრულდება მთავრობის დადგენილება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ?

– ვიცი, რომ ძალიან ნელა მიდის ეს პროცესი. საზოგადოების დაინტერესება და მოთხოვნა რომ იყოს, რეაგირებაც სხვა იქნებოდა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა აქტუალური.

 

უმაღლესი საბჭო საზოგადოების განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა, თქვენი კოლეგების ქმედებების გამო შეგქმნიათ დისკომფორტი?

 

– ყველა ფაქტთან მიმართებაში მქონდა ჩემი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, განვიცდიდით, რადგან პოლიტიკის მიღმა მეგობრები ვართ და სხვაგვარი ურთიერთობა გვაქვს. თავმჯდომარესთან მიმართებაში იყო ბევრი ამბავი. თუნდაც ქალბატონ მედეაზე, თუმცა რაც ჩემი თვალით არ დამინახია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.

 

მაგრამ მედეა ვასაძის ჟურნალისტთან საუბარი ხომ მოისმინეთ?

 

– ჰო, რაც შეეხება ჯაბას [ანანიძე] გადაცემას, მე იქ ვამბობდი, რომ ბევრს ვსწავლობ. თუ საზოგადოებისთვის სწავლა სირცხვილია, არ ვიცი. მე ჩემი დიდი შრომით ვახერხებ იმას, რომ იურიდიული კომისია მუშაობს. მე არა ვარ ამ სამსახურზე დამოკიდებული ადამიანი, ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი პოლიტიკაში ყოფნაა. ამ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული რომ იყოს, თემურ კახიძე პოლიტიკაში არ იქნებოდა… მაქვს საინტერესო პროფესია – სპორტული კლუბების მენეჯერი ვარ და ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როდესაც სიამოვნებით წავალ პოლიტიკიდან.

 

დამისახელეთ იურიდიული კომისიის რამდენიმე ინიციატივა, გარდა რეგლამენტის ცვლილებისა.

 

-ერთ-ერთია კანონი მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ჩვენი ფრაქციის წევრის, ანზორ თხილაიშვილის ინიციატივა.

 

თქვენ ხართ ხელვაჩაურის მაჟორიტარი. ვთქვათ, მე ვარ გლეხი ხელვაჩაურის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან და  თქვენ მოგეცით ხმა, რა გააკეთეთ ჩემთვის?

– გული მწყდება, რომ არ გავდიოდი ამომრჩეველთან ამ ორი წლის განმავლობაში და არ მქონდა ხშირი კონტაქტი. მერჩივნა არ მივსულიყავი მათთან, ვიდრე მივსულიყავი და მეთქვა ტყუილი. გამოდიოდა, რომ უნდა მეკრიტიკებინა ხელისუფლება, რომელშიც ვიყავი. მაგრამ ვპირდები მათ, რომ ახლა ოპოზიციაში ვარ და უფრო გახსნილად ვისაუბრებ ყველა იმ პრობლემაზე, რაც არის. მათ ინტენსიურად შევხვდები.

 

–          ანუ თუ ხალხთან მიხვიდოდით, უნდა გეთქვათ, რომ საქმე ვერ კეთდება?

– დიახ და როგორც კი მივიდოდა ხმა ხელისუფლებამდე, ძალიან ცუდად აისახებოდა ეს ჩვენზე. იტყოდნენ `თავისუფალი დემოკრატები~ ხელისუფლებას აკრიტიკებენო და არ მინდოდა განხეთქილების მიზეზი მე გავმხდარიყავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველთან სტიქიის დროს ან დღესასწაულებზე არ მივდიოდი. იმედი მაქვს, ამომრჩევლის გონიერების და ვფიქრობ, რომ ისინი გამიგებენ.

 

ხელვაჩაური ძალიან რთული მუნიციპალიტეტია. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ მუნიციპალიტეტში სამი გამგებელი შეიცვალა. აღვნიშნავდი ნოდარ თურმანიძის წვლილს, როდესაც ჰესების დაფარვის ზონაში მოხვედრილ ონტოფოს მოსახლეობას კომპენსაციის მიღებაში დაეხმარა.

 

ვიბრძვი იმისთვის, რომ ხელვაჩაურს ჰქონდეს ცოტა მეტი დაფინანსება აჭარის ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის სახით. ვაპირებ ასევე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, რადგან სულ გზები იგება და მაინც არა აქვს პრობლემას დასასრული.

 

თქვენ თქვით, რომ არ მიდიოდით ამომრჩეველთან იმის გამო, რომ მათ სიმართლეს ვერ ეტყოდით. გამოდის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენ მათთან გულწრფელი არ იყავით. არ ფიქრობთ, რომ ხვალ ეს უხერხულობას შეგიქმნით?

 

– რა თქმა უნდა, ეს უხერხულობას მიქმნის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტყუილი უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე არ თქმა. ამომრჩეველთან არ მისაუბრია, თორემ შიგნით ძალიან ინტენსიური ჭიდაობა მიდიოდა.

ზოგადად, საზოგადოებაში არის განცდა, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. დამერწმუნეთ, ბევრ სოციალურად დაუცველს შევთავაზეთ ემუშავა ხუთასლარიან ხელფასზე და მიიღებდა უფრო მეტს, ვიდრე 150-ლარიანი შემწეობაა, ისინი არჩევენ მიიღონ შემწეობა. ძალიან მიმძიმს ასეთი შეფასების გაკეთება, მაგრამ საზოგადოება გაზარმაცებულია.

 

კარგია, როცა სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეზე, მაგრამ როდემდე? – როდემდე გაუძლებს ამას ბიუჯეტი? – არ შეიძლება სახელმწიფოს მუდმივად ჰყავდეს მოქალაქე დაზღვეული. კარგია, რომ ჩვენი ბიუჯეტი უფრო სოციალური გახდა, კარგია, მაგრამ როდემდე?

 

– ალბათ მანამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არ გაჩნდება სამუშაო ადგილები და ხელფასები არ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც, მაგალითად, თანამდებობის პირებს აქვთ…

 

– მე მქონდა ინიციატივა ყოფილი საკოლმეურნეო მიწები, რომლებიც შემდეგ ტყედ იქცა, გადაგვეცა მოსახლეობისთვის. ამ მიწაზე მათ შეუძლიათ თხილის მოყვანა, რომელიც ძვირად ფასობს. მაგრამ როდესაც ადგილზე არ გაქვს მხარდაჭერა, აზრი არ აქვს ამის პარლამენტში გატანას.

 

რით განსხვავდება ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო წინასგან?

 

– ძალიან ბევრი რამით. ასეთი პოლიტიკური პროცესები, რაც ამ უმაღლეს საბჭოში დაიწყო, არც ერთ უმაღლეს საბჭოში არ ყოფილა. მაგალითად, არასდროს დაუწყია უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა.

 

მაგრამ თქვენ  მხარს არ უჭერდით ამაში ფრაქცია  „ქართულ ოცნებას“…

 

– არ ვუჭერდით, რადგან მე ვერ დავინახე იმ ბრალდებების საფუძველი, რაც მათ ჰქონდათ. მეც მაქვს მთავრობასთან პრეტენზიები, მაგრამ სხვა მიმართულებით, მაგალითად, ის, რომ რიგ საკითხებში მათ არა აქვთ კომპეტენცია, რაზეც, ალბათ, ბიუჯეტის განხილვისას ვისაუბრებ.

 

რამდენია თქვენი, როგორც კომისიის თავმჯდომარის ხელფასი?

 

– დარიცხვით 3780 ლარი, საკმაოდ მაღალი ხელფასია, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არის ტყუილად გადაყრილი.

 

პრემია აგიღიათ?

 

– არა. ჩემი მოსაზრებით, თუ ჩვენ საჯარო სამსახურებში პრემიებს არ გავცემთ, დავკარგავთ იმ გონიერ მასას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. შეიძლება მინისტრებმა ცოტა მოიკლონ, მაგრამ საჯარო მოხელეები უნდა იღებდნენ პრემიებს.

გადაბეჭდვის წესი