მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მთავრობაში დაასაქმეს

05.04.2017
კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მთავრობაში დაასაქმეს

ალექსანდრე ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატია, რომელიც აჭარის მთავრობამ დაასაქმა. იგი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მთავრობის სხდომაზე, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიონალიზმის ნიშნით მიიღო.

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსიც დანიშნეს და მოადგილეებიც.  უფროსი ჯემალ ნაკაშიძე გახდა. ის მანამდე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. უფროსის სავარძელი აქ გასული წლის ოქტომბრიდან თავისუფალია, როცა ვახტანგ წულაძე უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

სამმართველოს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – ვახტანგ მჟავანაძე. ის აქამდე აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მოადგილეობა ხელმძღვანელობის ცვლილების მიუხედავად, სამმართველოში ვახტანგ ბაგრატიონმა შეინარჩუნა.

„საჯარო სამსახურში ვიდრე ვიქნები, კომენტარს არ გავაკეთებ,“ – გვითხრა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, რომელიც დეპუტატობის დროს მედიასთან აქტიური კომუნიკაციით გამოირჩეოდა. გაჩუმების მიზეზად ჩიტიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა დაასახელა, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნების იმედიც გამოხატა: „არჩევნები არის ახლოს და ვნახოთ, იქნებ დავბრუნდე პოლიტიკაში ისევ…“ მან აღარ უპასუხა შეკითხვას, კონკრეტულად რა გეგმა აქვს არჩევნებთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ჩიტიშვილამდე, ასევე ყოფილ დეპუტატს, ანზორ თხილაიშვილს ჩააბარეს აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი. ყოფილი დეპუტატი სულხან ღლონტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა, ხოლო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: