მთავარი,სიახლეები

მთავრობის თავმჯდომარე კ2-ზე შუამდგომლობის უფლებას არ თმობს

30.05.2017 • 3426
მთავრობის თავმჯდომარე კ2-ზე შუამდგომლობის უფლებას არ თმობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომ მას კ2-ზე შუამდგომლობის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომს“ ოფიციალურად მისწერა [კ2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც უკვე დამტკიცებულ ან მიმდინარე სამშენებლო პროექტზე სიმაღლის გაზრდას გულისხმობს].

„ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილს მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს ხელს, თუმცა „ბათომი“ ამ საკითხზე ზურაბ პატარაძის პოზიციით იყო დაინტერესებული. ამიტომ საპასუხო წერილში მოყვანილ განმარტებებს ორგანიზაციაში განიხილავენ, როგორც მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას.

კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის შუამდგომლობის უფლების ჩამორთმევაზე საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა და გადაწყვიტა კიდეც. ამის შემდეგ ბათუმის მერი ვალდებული იყო დაეწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გიორგი ერმაკოვს საქმის წარმოება ამ საკითხზე დღემდე არ დაუწყია.

„ბათომისადმი“ გაგზავნილი წერილის პასუხის მიხედვით, ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტით იცვლება შუამდგომლობის აღმძვრელი სუბიექტი, კერძოდ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად მითითებულია საკრებულოს ბიურო, რაც მიუღებელია მოცემული დათქმის შინაარსიდან გამომდინარე.

ამონარიდი წერილიდან:

„მოქმედ დადგენილებაში მითითებულია შუამდგომლობის აღმძვრელი ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან და ეს ორგანოები ქმნიან და განსაზღვრავენ საინვესტიციო პოლიტიკას. საკრებულოს ბიუროს კი არანაირი შეხება არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს საინვეტიციო პოლიტიკასთან. საკრებულოს ბიუროს ფუნქციებს წარმოადგენს მუნიციპალური საკრებულოს სხდომებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხილვა-კოორდინაცია“.

წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია საკრებულოს ქალაქში დადგენილი საინვესტიციო – სამშენებლო პროექტის პარამეტრებზე იმსჯელოს, მითუმეტეს, რომ მშენებლობის რეგულაციები თვითმმართველი ქალაქის კომპეტენციაა.

არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, როგორ შეუშლის ხელს საინვესტიციო პოლიტიკას კ2-ზე შუამდგომლობის უფლების მთავრობის თავმჯდომარისთვის ჩამორთმევა? ცნობილი ფაქტია, რომ 2013 წლამდე მას ასეთი უფლება არ ჰქონია, თუმცა ამას ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელი არ შეუშლია. „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე მთავრობისგან პასუხი ვერ მიიღო.

თავად ზურაბ პატარაძის კ2-ზე მომუშავე კომისია საუბრობდა იმაზე, რომ კ2-ის ზრდის ხარჯზე ბათუმმა კასკადური შენობები მიიღო. მრჩეველმა ბესიკ ლილუაშვილმა კი „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ზურაბ პატარაძე ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ის პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.

ვერც ბათუმის მერისგან მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ ასრულებს ის ბათუმის საკრებულოს დავალებას კ-2-ზე შაუამდგომლობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, „ამ პასუხით ირკვევა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად პოლიტიკური ნება არ არსებობს, სხვა მხრივ კი, მის გადაწყვეტას ხელს არაფერი უშლის.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: