მთავარი,სიახლეები

ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა

30.05.2017
ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა

„არ მინდა ჩემი ვინაობის გაჟღერება, ისედაც პრობლემაა ცხოვრება, არადა, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი…“ – გვითხრა ილია ხ.-მ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. დაახლოებით სამი წლის წინ ილია ხ. მარიხუანას მოხმარებისთვის გაასამართლეს და ავტომანქანის მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, ილია ხ.-ს სასჯელის სახით სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესეს, მათ შორის, ავტომანქანის მართვა. საქმიანობის უფლების შეზღუდვას სასამართლო ძირითადად ნარკოდანაშაულის შემთხვევაში იყენებს. შეზღუდვის მიუხედავად, მიმდინარე წელს პატრულის თანამშრომლებმა ის ავტომანქანის მართვის დროს გააჩერეს, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაედო ბრალი.

„2017 წლის 6 აპრილს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დაფიქსირდა ბრალდებულის მიერ ავტომანქანის მართვის შემთხვევა,“ – წაიკითხა მოსამართლემ ბრალდების არსიდან. კითხვაზე სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა დუმილით უპასუხა.

„იმ საღამოს ოჯახში სტუმრები მყავდა, დალიეს და მე წავიყვანე მათი მანქანით. მერე ქუჩაში მოძრაობის წესები დავარღვიე და გამაჩერა პატრულმა,“ – ამბობს ილია ხ.

სასამართლო პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყავს. ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა ბულბული მჟავანაძემ წარმოადგინა, ილიამ დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ამ საქმეში არსებული მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ვერ მოისმენს. თავად ბრალდებულს სასამართლოში არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ილია ხ.-ს არც გირაოს თანხა – 2500 ლარი გადაუხდია, რაც სასამართლომ 28 აპრილს შეუფარდა. თუკი რამდენიმე დღეში ის გირაოს ვერ გადაიხდის, სასამართლოს მისი დაპატიმრება მოუწევს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ილია ხ.-მ გვითხრა, რომ სამი წლის წინანდელმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ ის ულუკმაპუროდ დატოვა:

„მაშინ არ დავუპატიმრებივარ, მაგრამ ჩამომართვეს სამი წლით მართვის მოწმობა, ასევე ნადირობის და ქვეყნის დატოვების უფლება, ჯარიმა გადამახდევინეს დაახლოებით 2 ათასი ლარი და გამომიშვეს. აღმოჩნდა, რომ გარეთაც პატიმარი ვყოფილვარ. ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო მანქანის მართვა იყო, უმუშევარი დავრჩი“.

ილია ხ. ძირითადად სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 1200-დან 1600 ლარი იყო. ამბობს, რომ S კატეგორიის მძღოლია და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავებდნენ.

„მას შემდეგ ვეღარსად ვმუშაობ, სოფელში ვცხოვრობ. ძირითადად არაყს ვხდი სხვადასხვა ხილიდან და იმას ვყიდი. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს,“ – გვითხრა ბრალდებულმა.

არის თუ არა სამართლიანი საქმიანობის უფლების შეზღუდვა – სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დრომდე არ დასრულებულა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ილიას ელის ჯარიმის გადახდა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008