Batumelebi | „ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი „ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი – Batumelebi
RU | GE  

„ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირა მხარეს, სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ხის ორსართულიანი სახლია. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელში, აივანი ნახევრად ჩამოშლილია, მორყეულია აივანთან დამაკავშირებელი ხის კიბეებიც.  მეორე სართულზე შენობას კარ-ფანჯარა არ აქვს და სიცარიელეს ალაგ-ალაგ მიფარებული ხის ძელები ფარავს. გაუმართავი და ნახევრად ჩამოშლილია მეორე სართულზე შენობის მთავარი საყრდენი კედლებიც.

ამ სახლში თინა თებიძე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. თინას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას ფიზიკური, მძიმე მუშაობა არ შეუძლია. ავადაა მისი ქმარი თემურიც. სამნიძეების სამსულიანი ოჯახის მთელ სიმდიდრეს მეზობლისგან ნათხოვარი ძველი ტელევიზორი, საწოლები, სამზარეულოს ძველი, მორყეული კარადა, ერთი მეწველი ძროხა და მიწა წარმოადგენს. მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, სამნიძეებს გასულ წელს სოციალური შემწეობა მოუხსნეს.  ოჯახის მძიმე ყოფას ისიც დაემატა, რომ სამნიძეების ორი ძროხიდან ერთი მგელმა შეჭამა.

„ნახე, როგორ ვცხოვრობ. მეზობლებმა და ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და სახლის საძირკველი ასე გავამაგრეთ. არაფერი გაგვაჩნია, მყავს ერთი მეწველი ძროხა, ერთიც რამდენიმე დღის წინ სოფელში ჩამოსულმა მგელმა შემიჭამა, სამი წლის წინაც ასე ვიზარალე, მაშინაც შემიჭამა მგელმა საქონელი, ორი სული“ –  ყვება თინა.

სახლს აბაზანა არ აქვს, სამზარეულოში ძველი ნიჟარა, ნახევრად ჩამოშლილი კარადა და მინების გარეშე დარჩენილი ფანჯრებია. თინა სამნიძე ამბობს, რომ წვიმასა და თოვლში ღია ფანჯრებიდან აწვიმს და ათოვს.

თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

სამნიძეებს საარსებო შემწეობა გასულ წელს მოუხსნეს. ხელახალი გადამოწმების შემდეგ კი, როგორც თინა მიყვება, დახმარება აღუდგინეს, თუმცა მალე ისევ შეუწყვიტეს. დახმარების შეწყვეტის მიზეზი, სავარაუდოდ, თემურ სამნიძის მოკლე დროით თურქეთში წასვლა გახდა. თემური თურქეთიდან დეპორტაციით დაბრუნდა. ამბობს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თურქეთში წასვლა სამუშაოდ ისევ უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს.

„ერთი დღე დამაგვიანდა გადმოსვლა და დეპორტი მაქვს, ასე ვართ, ღმერთის ამარა,“ – ამბობს თემური.

თინა სამნიძე ამბობს, რომ სოციალურ სააგენტოში დახმარების აღსადგენად განცხადების დაწერას არ აპირებს. თინა წუხს, რომ ჯერ საპენსიო ასაკისაც არ არიან, რომ პენსია აიღონ და ოჯახში შემოსავალი გაჩნდეს:

„ახალი წლიდან არ მიგვიღია დახმარება. მეუბნებიან, რომ დავწერო განცხადება განმეორებითი შესწავლისთვის, ამით ქულა ამაღლდებაო და აღარ ვწერ განცხადებას. ყველა მეუბნება, თქვენ დახმარება უნდა გქონდეთო, მაგრამ არ გვაქვს. საპენსიო ასაკისაც არ ვართ ჯერ, მე 54 წლის ვარ, ჩემი ქმარი – 55-ის,“ – ამბობს თინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი