სიახლეები

გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი

09.06.2014 • 2832
გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბატონო გოჩა, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?

თანამდებობაზე, პოლიტიკური პარტიის წევრობასა და მერობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი მიზანი იყო მეცხოვრა როგორც რიგით მოქალაქეს, რომელიც შრომობს და ზრუნავს ოჯახზე, ახლობლებზე.

ბოლო დროს ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად იზრდებოდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარდაჭერასა და თანადგომას ითხოვდნენ. ჩემი, როგორც რამდენიმე კომპანიის მენეჯერის უფლებამოსილება ვეღარ პასუხობდა ამ მოთხოვნებს. გადავწყვიტე საქველმოქმედო ფონდი დამეფუძნებინა და უფრო მოცულობითი გამეხადა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მხრიდან ბათუმელების მხარდაჭერა.

ფონდში უწყვეტად შემოდიოდა ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით. მივხვდი, რომ უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც გაცდებოდა მზრუნველი მეოჯახის და წარმატებული მენეჯერის სტატუსს. აი, ასე მივედი აქტიური მოქალაქის პოზიციამდე და დღეს წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

თანამოქალაქეებთან უშუალოდ შეხვედრისას რაც ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ქალაქში გვყავს  ოჯახები, რომლებიც ქვეწარმავლების გარემოცვაში ცხოვრობენ და მათ ირგვლივ ჭაობია. ბენზეში რამდენიმე ათეულ ოჯახს საერთო საპირფარეშო აქვს და ის ერთიც არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება.

ამ ყველაფერს რომ ვხედავ, მემატება სტიმული და მინდა უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ხალხისთვის. მინდა, ისევე ვიზრუნო ბათუმსა და ბათუმელებზე, როგორც საკუთარ ოჯახზე.

ბატონო გოჩა, თქვენ  საზოგადოების გარკვეული წრისთვის  ასლან აბაშიძის ოჯახთან დაახლოებულ პირად  მოიაზრებით...

მეგონა საზოგადოების ამ ნაწილმა გაარკვია უკვე ეს საკითხი და კითხვები აღარ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ამას ალბათ  არაინფორმირებული ადამიანები ლაპარაკობენ. დღემდე არც ირიბად და არც პირდაპირ არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ მიმიღია მონაწილეობა, არც მიტინგებზე ვყოფილვარ და არც დროშებით მირბენია. უფრო მეტიც, არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო იმ პერიოდში საჯარო სტრუქტურაში თანამდებობაზე.

ჩემი ბავშვობა იყო 90-იანი წლები. ჩემი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ რა წლები იყო ეს. ჩვენ თუ ავირიდებდით თავს იმ გამოწვევებს, რასაც გარემო გვთავაზობდა, სამეზობლოში, სანაცნობოში აუცილებლად გვეყოლებოდა ვინმე, რომელმაც თავი ვერ აარიდა ამას. არც ერთ თაობას არ ვუსურვებ იმის განმეორებას, რაც ჩვენს დროს იყო. მიხარია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა შორსაა ამ პრობლემებისგან. მაგრამ სამაგიეროდ აქვთ სხვა პრობლემები – კარგი განათლების, დასაქმების, გართობის, ურთიერთობების.

რახან თქვენს ახალგაზრდობის პერიოდს შევეხეთ, მაშინ აქვე გკითხავთ, თქვენ იყავით გიორგი აბაშიძის თანაკლასელი, მეგობარი და საქმიანი პარტნიორი?

დიახ, მე და გიორგიმ მეექვსე საშუალო სკოლა დავამთავრეთ. სკოლის დამთავრების შემდეგ მან შემომთავაზა სამსახური და დავთანხმდი. მგონი დროა პოლიტიკა, საქმე და მეგობრობა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. 18 წლიდან საქმეში ვარ და არასდროს ჩემი ნათესავი, მეგობარი არ მყოლია საქმიან პარტნიორად.  ნათესაობა, მეგობრობა სხვა ურთიერთობას, სიყვარულსა და თანადგომას მოითხოვს. საქმე და პოლიტიკა ამ ურთიერთობას ვერ შეგინარჩუნებს, სხვა პასუხისმგებლობა და სხვა მოთხოვნებია.

ბათუმს არ სჭირდება პოლიტიზება. დღეს ბათუმს სჭირდება ბევრი დასაქმებული, წარმატებული, ბედნიერი ბათუმელი თავისუფალი არჩევანში და დამოუკიდებელი – გადაწყვეტილებებში. პოლიტიკაში მე მოვდივარ ჩემი გუნდით. გუნდში საერთოდ არ მყავს ბიძაშვილ-მამიდაშვილი. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. ეს ადამიანები ნამდვილად გამოადგებიან ქალაქს.

ბატონო გოჩა, თქვენ მერობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ხართ. მოულოდნელად გამოჩნდით პოლიტიკაში

ახალი სახე ნამდვილად ვარ პოლიტიკისთვის, მაგრამ არა ბათუმისთვის. ჩემი კანდიდატურის დაყენება იმანაც განაპირობა, რომ ბათუმელები მიცნობენ. ბათუმის მერობა არ ნიშნავს ჩემთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის  წარმომადგენლობას. ჩემი ინტერესია გავხდე ბათუმის მერი, რათა, ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც არაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვაკეთო ჩვენი ქალაქისთვის სასარგებლო საქმეები.

თქვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესის ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის თემას ეხება

ასეა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური საკითხია – ბიზნესის განვითარება და ხარისხიანი განათლება ნებისმიერი სახის პროგრესისთვის. თავად გახლავართ სამი შვილის მამა და ვიცი რას ნიშნავს შვილების კარგი აღზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კარგი განათლება, კარგი წრე. ზოგადად ის პერსპექტივა, რასაც ნებისმიერი მშობელი თავის შვილს სთავაზობს შესაძლებლობის ფარგლებში. ბათუმის მომავალი ახალგაზრდობაა და, შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ მათზე. გავაკეთოთ მაქსიმუმი ყველა მიმართულებით. ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ სტიმული და მხარდაჭერა ჩვენგან.

უამრავი საქმე გაქვთ, მუდმივად დაკავებული ხართ ბიზნესით. წარმატებულ ბიზნესს დიდი დრო მიაქვს. ახლა ამას საარჩევნო კამპანია დაემატა. რამდენად ახერხებთ ოჯახთან, შვილებთან ურთიერთობას?

ვახერხებ. ამბობენ, რომ კარგი მამა ვარ. ყოველ შემთხვევაში, შვილები არ მემდურებიან. რანაირი მოუცლელი და დაღლილიც არ უნდა ვიყო, პარალელურ რეჟიმში მათთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. ჩემი ოჯახი მაძლევს ყველაზე დიდ და დადებით ენერგიას. მართალია, ბოლო დროს იმდენად ხშირად ვერ ვახერხებ მათთან ერთად ყოფნას, მაგრამ არ წუწუნებენ, რადგან იციან, საჭირო საქმეს ვაკეთებ.  ჩაივლის ეს კამპანია და, იმედი მაქვს, აღდგება წინანდელი ურთიერთობის რეჟიმი, თუმცა, არამგონია, ნაკლებად დატვირთული რეჟიმი ჰქონდეს ქალაქის მერს, ჩვენს ქალაქში იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმდენი ნოვაციაა დასანერგი. ყველაფრისთვის გვეყოფა დრო ბათუმელებს – შრომისთვისაც და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვისაც, შრომას, საქმეს და პასუხისმგებლობას ერთად გადავინაწილებთ. თვითმმართველობა დიდი ძალაა.

ამონარიდები საარჩევნო პროგრამიდან:

ქალაქის გადარჩენა და გაჯანსაღება

ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ჩვენი გუნდისთვის, პრიორიტეტული იქნება. ეს გულისხმობს არა მხოლოდ კულტურულ ძეგლებს, არამედ ქალაქის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ურთიერთობის კულტურას. „ბათუმის გადარჩენა“ ნიშნავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახალი მშენებლობების დროს ბათუმისათვის დამახასიათებელი სტილისა და დიზაინის შენარჩუნებას. უბნის,  გარემოს ხასიათთან შესაბამისობაში მოყვანას.

აუცილებელია ჩატარდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმება – ჰაერის, წყლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე.

პრიორიტეტული საკითხია ნაგავგადასამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზის  შეძენა მუნიციპალური საწარმოს  სახით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ვაქციოთ ენერგიად, გასანოყიერებელ სასუქად და სხვა.

საინვესტიციო პოლიტიკა

ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი ადგილობრივი ინვესტიციის, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა. უცხოურმა ინვესტიციამ არ უნდა  შელახოს არც მოსახლეობის და არც ქალაქის ინტერესები და ტრადიციები. ჩვენი თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინვესტორებთან დადებული კონტრაქტების იმ მუხლს, რომელშიც განსაზღვრულია დასასაქმებელი მუშახელის რაოდენობა და პირობები. ეს გამორიცხავს უცხოურ საინვესტიციო პროექტებში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციას.

ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის კი საჭიროა ჩამოყალიბდეს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი. ფონდი დააფინანსებს  ბიზნესს საწყისი სტადიიდან.  ე.წ. სტარტაფებს, რომლებსაც საბანკო სისტემა არ აფინანსებს. ფონდს ექნება რისკების შეფასების დაბალი კრიტერიუმები. დაკრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით და სამწლიანი საშეღავათო პერიოდით,  ხოლო საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 5-7 პროცენტს.

ბიზნესის განვითარების ფონდის ბიუჯეტი შეივსება მერიის მიზნობრივი ტრანსფერებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. ჩვენი გაანგარიშებით, ფონდის საკრედიტო რესურსი პირველ წელიწადს იქნება 5 მილიონი ლარი. ფონდი ასევე ჩამოაყალიბებს მცირე ბიზნესის საკონსულტაციო ტრენინგების ცენტრს.

გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაცია

მოქმედი კანონმდებლობის  დაცვით, მოსახლეობა უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას ბიუჯეტის მიღებისა და მისი ხარჯვის შესახებ. მნიშვნელოვანია ამ საკითხების საჯარო განხილვა და დისკუსია მის ირგვლივ. ამ პროცესებში, საზოგადოების გარდა, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, რომელიც გაწევს მონიტორინგის ფუნქციას და გაცილებით სრულყოფილს გახდის გამჭვირვალობის პროცესს.

ქალაქის მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებული უნდა იყოს ქალაქელების აზრით მუნიციპალური საკუთრების გაყიდვის დროს. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია პლებისციტის ინსტიტუტის გააქტიურება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და გამოკითხვა.

ქალაქის ხელისუფლებამ ხელი უნდა  შეუწყოს თავისუფალი ადგილობრივი მედიის განვითარებას და აქტიურად ითანამშრომლოს მასთან.

გადაბეჭდვის წესი