სიახლეები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

05.06.2014 • 1941
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საჯარო განხილვა თემაზე – „გადავარჩინოთ ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლები“  დღეს გაიმართა. განსახილველად სულ 9 სახლი გამოიტანეს, რომელიც შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: ი.ჯინჭარაძის ქ.№ 21, ი. აბაშიძის  ქ.№3 ,   მელაშვილის  ქ.№27, ზუბალაშვილის  ქ.№39, ი. აბაშიძის  ქ.№2,  ვახტანგ გორგასლის  ქ.№24,  მერაბ კოსტავას  ქუჩის №5 და ქუთაისის ქუჩის  №8 ნომერში მდებარე სახლი,  მელიქიშვილის  ქ.№21 ში მდებარე მწერალთა კავშირის შენობა,  ზ. გამსახურდიას  ქ.№6 მდებარე სახლი (სასტუმრო „ფრანცია“).

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ განხილვის დასაწყისში განაცხადა, რომ სამი სახლი უნდა შერჩეულიყო, თუმცა საბოლოოდ ორი სახლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.  გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად აჭარის განათლების მინისტრის გიორგი თავამაიშვილის რეკომენდაცია  გაითვალისწინეს.

„ძალიან რეალისტურად მეჩვენება  მწერალთა კავშირის გაკეთება. ეს არ იქნება დაკავშირებული უხერხულობასთან, ისინიც  გაგვიგებენ, რომ დროებით გადავიდნენ სხვაგან, რამდენი ხანიც დაჭირდებათ. სიტუაცია საკმაოდ რთულია იქ,“ – განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გიორგი თავამაიშვილმა.

საბოლოოდ სწორედ მწერალთა სახლისა და მახინჯაურში, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია გადაწყდა.

შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

„მე არ მიმაჩნია რომ დღეს რაღაც განხილვა მოხდა. მაინც მინისტრმა გადაწყვიტა.  არ ვემხრობი დღეს  მიღებულ გადაწყვეტილებას, ამას უფრო დეტალური განხილვა სჭირდებოდა. მე მაგალითად  მხარს დავუჭერდი ზუბალაშვილის ქუჩას და ალბათ ბლაგოევგრადის ქუჩაზე მდებარე სახლის რეაბილიტაციას.  თითოეული სახლი ინდივიდუალურ მიდგომას და შეფასებას საჭიროებს. ცალკე ასე განხილვა, კონტექსტის გარეშე, არ შეიძლება. მე მგონია, რომ თუ აწონ-დაწონიან, მეტი სახლის გაკეთება შეიძლება და ამაზე გადაწყვეტილება სპეციალისტებმა უნდა მიიღონ,“ – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა.

„თავისთავად კარგია, რომ ამ ორ ძეგლზე რომ ხდება აქცენტის გაკეთება, მაგრამ ისევ  არასისტემური მიდგომაა და საჭიროა ამ საკითხზე კომპლექსური პროგრამა შემუშავდეს, რომელითაც მოხდება  დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  დაცვა.

მახინჯაურში მდებარე სახლი ნამდვილად საჭიროებს რეაბილიტაციას. კერძო მესაკუთრეებს არ აქვს საშუალება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარონ,  მაგრამ არ ვეთანხმები მწერალთა კავშირის შენობის რეაბილიტაციას, მიუხედავად იმისა რომ ეს ძეგლი ძალიან ძვირფასია ქალაქისათვის და  ღირებული.  იქ წლების განმავლობაში მწერალთა კავშირი  მოღვაწეობს, დაფინანსებას ღებულობენ სახელმწიფოდან. ვფიქრობ  მათ უნდა ჰქონდეთ ის პასუხისმგებლობა ძეგლისადმი, რომ ამ დონეზე არ უნდა მიეყვანათ,“ –  განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ.

საბოლოო გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით  ორი სახლის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება, მოგვიანებით კი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი