ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული წყალგამანაწილებელი ნაგებობა, რომელზეც სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაც გადის, რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. დაშლილია ნაპირდამცავი გაბიონებიც, რის გამოც ეს ჰიდროკვანძი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა რეაბილიტაცია-გამაგრებას საჭიროებს.
არსებული პროექტის მიხედვით, სამუშაოების ჩატარებას 28 მილიონი ლარი და თითქმის 3 წელი დასჭირდება.
სამუშაოების დაწყებამდე ნაგებობაზე ჯერ უნდა შეიზღუდოს, ხოლო ახალი საავტომობილო ხიდის დასრულების შემდეგ, საერთოდ უნდა აიკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული ნაგებობის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე რიონის თხევადი და მყარი ჩამონადენის გადანაწილება ქალაქის არხსა და ნაბადას კალაპოტს შორის.
არსებული წყალგამყოფი კვანძის ნორმალურ, საიმედო ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქალაქ ფოთის უსაფრთხოებისათვის, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვისაგან დასაცავად“ – წერია პროექტში, რომლის მიხედვითაც ნაგებობაზე და მის მიმდებარედ სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ქ. ფოთთან მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის ქვედა ბიეფის ფლუტბეტისა და მდინარე რიონზე მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გაბიონების ცალკეული მონაკვეთების აღდგენის“ სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება 28 040 237 ლარია დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსება გათვალისწინებულია 2026-2029 წლების ბიუჯეტით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის მიხედვით, „2026 წელს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე არსებული სახსრებიდან დაფარულ იქნება 10,2 მილიონი ლარი, 2027 წელს გათვალისწინებული იქნება 6 მილიონი, 2028 წელს – 6,3 მილიონი, ხოლო 2029 წელს – 6,5 მილიონი ლარი [შესყიდვის ჯამური ღირებულება – 29 111 415 ლარი]“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.
პირობის მიხედვით „სამუშაოების შესრულების ვადაა 1047 დღე შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან [აქ გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლად]“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არახელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ გადაიწევს.

ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული ნაგებობა/ხიდი // „ბათუმელების“ არქივიდან
რიონზე მდებარე წყალგამყოფი ჰიდრონაგებობის შესახებ [დეტალური საინჟინრო პროექტის განმარტებითი ბარათიდან]:
„მდინარე რიონზე, ფოთიდან მე-7 კილომეტრზე, განთავსებულია წყალგამყოფი სათავე ნაგებობა [დასაშლელი კაშხალი სეგმენტური საკეტებით], რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1959 წელს და მიეკუთვნებოდა IV კლასის ნაგებობას იმ დროს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით.
ბოლო წლებში [2000-2003 წწ] ჩატარებული ტოპო-გეოდეზიური და ექოლოტური კვლევების საფუძველზე დადგენილი იყო, კაშხლის ქვედა ბიეფის სერიოზული დაზიანება, მთლიანად იყო გამქრალი რისბერმა [7200 კვ.მ] და ჩანგრეულ-დეფორმირებული იყო წყალსაცემი ფილის დიდი ნაწილი [დაახლოებით 40%].
მომდევნო კვლევებმა, რომელიც ჩატარებული იყო მსოფლიო ბანკის თაოსნობით და ჩატარებული იყო ასოციაცია „ჰიდროსფეროს“ მიერ 2004 წლის იანვარ-თებერვალში, კაშხლის ქვედა ბიეფში გამოვლენილი იყო საკმაოდ მძიმე სურათი. კერძოდ:
კაშხლისა და წყალსაცემი ფილის წყალქვეშა ნაწილის დეტალური აგეგმვის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა გლობალური პოზიციონერების სისტემის და ექოლოტის მეშვეობით, კაშხლის ცენტრალური ნაწილის ქვეშ დადასტურდა წინა წლების კვლევების შედეგად პროგნოზირებული გამორეცხვები, რომელთა მასშტაბები წლების განმავლობაში საგრძნობლად იყო გაზრდილი.
მე-5 ბურჯის ქვეშ გამორეცხვა გავრცელებული იყო 5მ-მდე, ხოლო სიღრმე ფიქსირდებოდა 11 მეტრზე. წყალსაცემი ფილისა და ფლუტბეტის ქვეშ შექმნილი იყო სიცარიელეები, რომლის მოცულობაც 2000 კუბ.მეტრს აღწევდა.
არსებული მასალებიდან გამომდინარე [ტოპო-გეოდეზიური გაზომვები, ბათიმეტრიული აგეგმვები, გამოკვლევა მყვინთავების მეშვეობით, ჰიდრავლიკური და სტატიკური ანგარიშები] შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კაშხლის მდგრადობის ხანგრძლივობა არაპროგნოზირებადია და საერთო აზრით მოიცავს საკმაოდ მცირე დროს.
ამიტომ აუცილებელია, სათავე ნაგებობის კაპიტალური-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე, მაქსიმალურად მოვაცილოთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას დატვირთვა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს სატრანსპორტო გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვით ხოლო ქვედა ბიეფში გამოცხადებული ახალი ხიდის მშენებლობის შემდეგ სრულად შეზღუდვით.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფუძის გრუნტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ნაგებობა არამყარია და საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას.
მდგომარეობას, დროებითი სამშენებლო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით ართულებს ის გარემოებაც, რომ მდინარე რიონის ჰიდროგრაფით, წყალმცირობის პერიოდი, როდესაც მდინარის მთელი ხარჯი [<400 მ3/წმ] შეიძლება გატარებული იქნას ქალაქის არხის საშუალებით და როდესაც შესაძლებელია სამუშაოების ჩატარება ნაწილობრივ დახურული ფარების ქვეშ, მოიცავს მხოლოდ 2-2.5 თვეს.
მაგრამ არც ეს პერიოდია გარანტირებული, ვინაიდან წლის ნებისმიერ თვეშია მოსალოდნელი პიკური წყალმოვარდნები [1-5 დღის ხანგრძლივობით], რომელიც აჭარბებს ქალაქის არხის გამტარუნარიანობას“ – წერია განმარტებით ბარათში.

წყალგამყოფი ნაგებობის მდებარეობა მდინარე რიონზე [აღნიშნულია წითელი წრით] / მწვანე წრით კი აღნიშნულია ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ადგილი
დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულება „გროს ენერჯი ჯგუფთან“ 2019 წლის დეკემბერში იყო გაფორმებული, საბოლოო პროექტის მიღება-ჩაბარების აქტი კი 2023 წლის ოქტომბერშია გაფორმებული.
„მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა პირობა, რადგანაც არსებობს საშიშროება, მშენებლობის პროცესში მოხდეს ნაგებობის რღვევა და განვითარდება მისგან გამოწვეული გაუთვალისწინებელი უარყოფითი მოვლენები.“ – წერია პროექტში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაწყებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია 2021 წელს გაავრცელა. ამავე ინფორმაციით აშენდებოდა მისასვლელი გზებიც და სამუშაოები მთლიანად 2 წელიწადში, ანუ 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. ხიდი ამ დრომდე არ გახსნილა.
ახალი საავტომობილო ხიდი აუცილებელია წყალგამყობი ნაგებობის განტვირთვის, გამაგრებისა და შემდგომ მისი მდგრადობის შენარჩუნებისთვის. უშუალოდ წყალგამყოფი ნაგებობის ფუნქციონირება კი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფოთის – წყალდიდობისგან, ხოლო ზღვის ნაპირის – წარეცხვისგან დასაცავად არის აუცილებელი.
ეს ხიდი მდინარე რიონზე წყალგამყოფი ნაგებობიდან დაახლოებით 700 მეტრში [სარკინიგზო ხიდის პარალელურად] შენდება.
5 თვის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის დასრულება 2026 წლის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი.
ვრცლად ამ თემაზე:
როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო
მთავარი ფოტო: წყალგამყოფი ჰიდრონაგებობა მდინარე რიონზე და საავტომობილო გზა ამავე ნაგებობაზე / ფოტო: „ბათუმელები“/2025 წ.






