მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

16.03.2017 • 2158
რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული აბონენტი გარდაცვლილი პირია.

„რამდენმა ოჯახმა ვერ მიიღო ლექტროენერგიის შეღავათი ამის ზუსტი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, ამ პრობლემით მე ქედაში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ მომმართა, რიგ შემთხვევაში მიზეზი არასწორად მითითებული აბონენტის პირადი ნომერი იყო, ან ელექტროენერგიის საფასურის გადასახად ქვითარზე მითითებული პიროვნება გარდაცვლილია. აბონენტებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს შეღავათები უნდა მიმართონ ენერგოკომპანიას ხარვეზის გასასწორებლად“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

შუახევის მუნიციპალიტეტის, ზამლეთის თემის რწმუნებლი ივერი კაკალაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარზე მითითებული პირი გარდაცვლილია, გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადზე სარგებლის მისაღებად აბონენტი უნდა შეცვალოს.

„აღნიშნული პრობლემით ზამლეთის თემში მცხოვრებმა 20-მდე მოქალაქემ მომმართა, შეიძლება იყოს ოჯახები, რომლებსაც ჩემთვის არ მოუმართავს, მაგრამ ანალოგიური პრობლემა ჰქონდეს.

მოქალაქე აბონენტად რომ დარეგისტრირდეს, ამისთვის საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს რეგისტრირებული, იმ შემთხვევაში, თუ ქვითარზე მითითებული აბონენტი გარდაცვლილია, პირველი რაც უნდა გააკეთოს ოჯახმა, ის ვინც აბონენტად უნდა დარეგისტრირდეს, საცხოვრებელი სახლი უნდა დაირეგისტრიროს“ – ამბობს ივერი კაკალაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის რწმუნებულის, თემურ ირემაძის თქმით, პრობლემები, რის გამოც აბონენტებმა შეღავათით ვერ ისარგებლეს, აჭარის მთაში თითქმის იდენტურია და დასძენს, რომ შეღავათის მისაღებად საჭირო პროცედურის გასავლელად ინფორმაცია ყველა ოჯახს მიაწოდეს. მისივე ინფორმაციით ღორჯომის თემში შეღავათით დაახლოებით, მოსახლეობის 5%-მა ვერ ისარგებლა.

„ბათუმელების“ კითხვაზე რამდენმა აბონენტმა ისარგებლა „მთის კანონით“ გაწერილი ელექტროენერგიის შეღავათით აჭარის რეგიონში და რამდენი აბონენტი დარჩა სარგებელის გარეშე? – „ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გენო სურმავამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას კომპანია არ ფლობს და დასძინა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტებმა ელექტროენერგიის შეღავათით სარგებელი გარკვეული უზუსტობის გამო ვერ მიიღეს, უზუსტობის გასასწორებლად და სარგებლის მისაღებად, სოციალურ სამსახურებს უნდა მიმართონ.


2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებით სარგებლობენ.

მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

აჭარიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე  ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: