სიახლეები

ზნეობრივი დეფიციტი

07.04.2013 • 1616
ზნეობრივი დეფიციტი

სავარაუდოდ, ანალოგიური მიზეზით წინა წლებშიც იხოცებოდნენ ადამიანები, თუმცა ფაქტების გახმაურება და საზოგადოების ინფორმირება სათანადოდ ვერ ხდებოდა კონტროლირებადი მედიაგარემოს მიზეზით. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია 21-ე საუკუნეში ადამიანის ზოგადად და მითუმეტეს პატარა ბავშვის შიმშილის მიზეზით გარდაცვალება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ის სიყალბე, რომლითაც მოცულია ჩვენი საზოგადოება. ამ დღეებში არაერთ სხვადასხვა ტიპის თავყრილობაზე ხალხი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა გარდაცვლილის ხსოვნას. თუმცა ამ დამოკიდებულებაში სოლიდარობაზე მეტად, გულწრფელ ტკივილსა და შეძრწუნებაზე უფრო საკუთარი ადამიანობის ჩვენების ხიბლი გამოჩნდა. აი სად არის ჩაბუდებული სიყალბე!

 

ემოციური ტალღის გადავლის შემდეგ მიჩნდება კითხვა: არის თუ არა ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენივე მოქალაქეების კეთილდღეობა? არის თუ არა მიწა-წყალი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დომინანტი ეთნოსის (ქართველების) და სხვა ეთნიკური ფესვების მქონე მოქალაქეების ერთობლივი განვითარებისათვის აუცილებელი ტერიტორია? არის თუ არა სახელმწიფო-ინსტრუმენტი ზემოხსენებული მიზნის მიღწევისათვის?

 

როგორც ჩანს ნეგატიური პასუხებით უნდა დავკმაყოფილდეთ ამ ეტაპზე, რადგან დღეს არსებული მდგომარეობით მიზანს აბსტრაქტულად აღქმული დემოკრატია წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესების არეალადაა მიჩნეული მხოლოდ, ხოლო სახელმწიფო სამოქალაქო ძალადობის საფეხურზეა დარჩენილი. ერთი სიტყვით, მძიმე სოციალური ფონის გამოსწორებისაკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მსურს დავინახო.

 

ასევე ძალიან საყურადღებო გახლდათ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერი თელიას ირგვლივ განვითარებული აჟიოტაჟი. ერთი მხრივ, მინდა განვაცხადო, რომ ამ ფაქტამდე თელიას კომენტარი მოვისმინე სხვა საკითხთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა მისი კომპეტენტურობა, რაც ასე დეფიციტური ფენომენია ჩვენს სინამდვილეში. მეორე მხრივ კი, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლში მდგომარეობს. ამიტომ ბუნებრივია ეს პროცესი ზოგადად კარგი შედეგით დასრულდება.

 

ასევე ჩემი დაინტერესება გამოიწვია სხვადასხვა სტრუქტურებში ხელმძღვანელების მართვის სალდაფონურმა სტილმა. ამ ადამიანებს რატომღაც ადმინისტრირება მილიტარიზირებაში ერევათ. ან სულაც სხვაზე ბატონობის ქვეცნობიერი ძალა ამოძრავებთ. ჟან პოლ სატრის „სიტყვები“ მახსენდება: სხვაზე ბატონობის წყურვილი იმიტომ არ მღრღნის, რომ ჩემთვის მორჩილება არ უსწავლებიათ. ამიტომ ბატონებო, გთხოვთ, შეიცვალეთ თქვენი სტილი, ახირებები მოიცილეთ და მინიმუმ იქ მაინც შეაყვარეთ თავი, სადაც მართვა მოგანდეს.

 

და ბოლოს, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პოლიტპატიმრებისა და უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერს შორის არსებულ გაუგებრობას. დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, რადგან არ მსურდა დეტონატორის როლი მეთამაშა ამ პროცესში. უბრალოდ ვიტყვი, რომ პოლიტპატიმრობა გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მოტივებით დაგაკავებენ, ცხოვრების ერთგვარი წესია. ის დიქტატორული და კაცთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში გამოიხატება.

 

ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩადენილი დანაშაული და შეთითხნილი ბრალდება რეჟიმის სასარგებლოდ რომ არ უნდა აღიარო, აქსიომაა, თუმცა ეს არ არის საფუძველი რაიმე ტიპის წყალგამყოფების დაწესებისა. დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის არსიც იმაშია, რომ ოდიოზურმა ფიგურებმაც თუ შეძლეს ამომრჩევლის დარწმუნება, ნდობის მანდატით იღჭურვებიან. ეს არ ეხება კონკრეტულად ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომელთა მიმართ არა პოლიტიკური, მაგრამ ადამიანური, თბილი დამოკიდებულება გამაჩნია.

 

მოკლედ, რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე ფაქტს შევეხე და ყველა მათგანს ერთი საერთო აქვთ: ზნეობრივი დეფიციტი ურთიერთობებში. ამიტომ ყველას, საკუთარი თავის ჩათვლით, მივმართავ უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტის განხორციელებისაკენ.     

გადაბეჭდვის წესი


ასევე: