მთავარი,რეკლამა,სიახლეები •

თქვენი ლიფტი ბოლოს როდის შეამოწმეს? – რა უნდა ვიცოდეთ ლიფტების უსაფრთხოებაზე

17.11.2026
თქვენი ლიფტი ბოლოს როდის შეამოწმეს? – რა უნდა ვიცოდეთ ლიფტების უსაფრთხოებაზე

ვინ არის ლიფტის პატრონი?

ამ კითხვით მივმართეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს. ისინი ამბობენ, რომ ლიფტზე მეზობლებთან ერთად ზრუნავენ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელოსანს იძახებენ. ზოგიერთი კორპუსი კერძო კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც პასუხისმგებელია ლიფტის გამართულ ფუნქციონირებაზე. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, როცა ლიფტი გაიჭედა, ან სხვაგვარი გაუმართაობის გამო მათ საფრთხე შეუქმნა.

„ბათუმელებს“ არაერთი შემთხვევა გაუშუქებია, როცა ადამიანები დაშავდნენ ლიფტების გაუმართაობის გამო. ასეთ დროს, მომხდარზე პასუხისმგებლობას, ხშირად, ადგილობრივ თვითმმართველობას, ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს აკისრებენ. ლიფტების უსაფრთხოების საკითხზე საუბარია სამშენებლო კომპანიების როლზეც.

და მაინც, ვინ არის ლიფტის პატრონი? ვინ უნდა განსაზღვროს და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები?

„დეველოპერული კომპანიისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ხარისხიანი ლიფტები დააყენოს კორპუსში. ეს თუ არ მოხდა, უკვე შემდგომ „პატრონობას“ არავითარი აზრი აღარ აქვს.

ხშირად ამბობენ, რომ ამ ნაწილში ზოგავენ ფულს სამშენებლო კომპანიები – პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ჭორის და მითქმა-მოთქმის დონეზე ვიგებთ ასეთ ამბებს. მერე, შეკეთების პროცესში აღმოჩნდება ხოლმე, რომ უხარისხო ლიფტია. სამყაროში უკვე ყველანაირი ფასის და ყველანაირი ხარისხის ნივთი არსებობს და ლიფტებშიც არის განსხვავება. ვინც ბინას ყიდულობს, ჩვეულებრივ, არ აქვს ექსპერტული ცოდნა, რომ შეამოწმოს ლიფტი რამდენად ხარისხიანია.

ასე რომ, ჩემი აზრით, პირველადი პასუხისმგებლობა აქვს სამშენებლო კომპანიას. იმის ფონზე, თუ როგორი ძვირია უძრავი ქონება ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში, ზოგადად, ლიფტის უსაფრთხოება და გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი ის მინიმუმი, რაც შეიძლება შემოგთავაზოს სამშენებლო კომპანიამ”, – გვეუბნება ბათუმელი მარიამ მუთიძე.

ის ბათუმში, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში, მე-11 სართულზე ცხოვრობს და შესაბამისად, ლიფტს ყოველ დღე იყენებს. მან გაიხსენა რამდენიმე შემთხვევა, როცა კორპუსის ლიფტში ადამიანები გაიჭედნენ.

ლიფტი

„მე პირადად არ მქონია შემთხვევა, რომ ლიფტი გაჩერებულიყო და შიგნით აღმოვჩენილიყავი, მაგრამ ჩემს მეზობლებს ჰქონიათ. კამერაც გვაქვს დამონტაჟებული და იქაც ჩანს, რომ ხანდახან ადამიანები იჭედებიან. ლიფტში არის გაკრული ტექნიკოსის ნომერი. მოდის და გამოჰყავს ადამიანი, ან აკეთებს, თუ გაფუჭებულია ლიფტი. ამის საფასურს ყოველთვიურად ვიხდით – საბარათე სისტემაა და თუ არ გადაიხდი, ბარათით ვეღარ ისარგებლებ”, – გვიხსნის მარიამი.

ლიფტების უსაფრთხოების ექსპერტი, სანდრო შელია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა სისტემურია და შესაბამისად – სისტემურ მიდგომას საჭიროებს, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობაც.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, კანონმდებლობით სავალდებულოა ლიფტების ინსპექტირება 3 წელში ერთხელ.

ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ნაწილს, რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტული ლიფტის თანამესაკუთრე – არ აქვს. ამიტომ, სანდრო შელიას აზრით, მოსახლეობის ინფორმირება ლიფტების უსაფრთხოების სტანდარტებისა და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ის ფიქრობს, რომ საჭიროა შეიქმნას საჯარო ბაზა, ერთგვარი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება თითოეული ლიფტი, მასზე პასუხისმგებელი სუბიექტი და ინფორმაცია უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ – როდის ჩაუტარდა კონკრეტულ ლიფტს ინსპექტირება ბოლოს, ვინ ჩაატარა და ა.შ.

სანდრო შელია ხაზს უსვამს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია ინსპექტირება ჩაატაროს კომპანიამ, ან ექსპერტმა, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და  ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის მიიჩნევს, რომ ინსპექტირების შემსრულებლის კომპეტენცია სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და მაგალითად მოჰყავს მანქანების ინსპექტირების სისტემა:

„მაგალითად მანქანებთან მიმართებაში სახელმწიფო მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ ყოველწლიურად გაკეთდეს ტექდათვალიერება, აგრეთვე მოითხოვს, რომ ადამიანი, რომელიც მართავს ამ მანქანას, უნდა ფლობდეს მართვის მოწმობას, რომლის მისაღებადაც კომპეტენცია უნდა დაადასტუროს – რომ ნამდვილად იცის მოძრაობის წესები, პრაქტიკაში მანქანის მართვა და ა.შ. აქაც იგივენაირად უნდა იყოს: პირი, რომელიც პასუხისმგებელი უნდა გახდეს ლიფტის მოვლა-პატრონობაზე, რომელიც ეწევა მის ექსპლუატაციას, უნდა იყოს კომპეტენტური.

ჩემი აზრით,  მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტულად მოთხოვნები. მაგალითად, ლიფტს უნდა ემსახურებოდეს რეგისტრირებული კომპანია. რეგისტრაციისთვის საჭირო უნდა იყოს, რომ კომპანიამ გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ჰყავდეს კომპეტენტური სპეციალისტები და ა.შ. განსაზღვრული უნდა იყოს, მაგალითად, სპეციალისტების რაოდენობა. ვთქვათ, ერთ ადამიანს არ შეუძლია მოემსახუროს 100 ლიფტს, ხომ?! მაქსიმუმ 20-30 ლიფტს შეიძლება მოემსახუროს ერთი ადამიანი”, – ამბობს სანდრო შელია.

სანდრო შელია

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არცერთ კომპანიას არ აქვს აღებული?

ამის შესახებ მარიამ გაბელაია გვესაუბრა, რომელიც თბილისში, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ კორპუსში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ლიფტი, რომელსაც 11-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები იყენებენ. სრულად ამორტიზებულია. სახლში მცხოვრებნი მის შეკეთებაზე პერიოდულად თავად ზრუნავენ, თუმცა ახლით ჩანაცვლებას ვერ ახერხებენ.

„ვცდილობ, რომ არ გამოვიყენო ლიფტი, თუ რაიმე სპეციფიკური საჭიროება არ მაქვს. იმიტომ, რომ არის ძველი და ამორტიზებული. რამდენიმე თვის წინ იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოწყდა ლიფტი. უბრალოდ, დაიჭირა მუხრუჭებმა. შახტში, პირველი სართულის ქვემოთ იყო ჩავარდნილი და ძლივს ამოიყვანეს მეზობელი.

გარდა ამისა, უამრავი შემთხვევაა, როდესაც უბრალოდ მწყობრიდან გამოდის, კარი იკეტება-იხსნება და ვერ მუშაობს. ღილაკს რომ მიაჭერ ხელს, არ იცი რომელ სართულზე აგიყვანს. შიგნითაც გაჭედილან არაერთხელ ისე, რომ მერე კარის გარედან გაღება დასჭირვებიათ.

ამხანაგობის თავმჯდომარემ მოიკვლია, რამდენად შეიძლება ახალი ლიფტის დამონტაჟება : მერია შემოდის თანადაფინანსებაში,  მაგრამ დანარჩენი მეზობლებმა უნდა გადავიხადოთ და ეს თანხა არ არის მცირე, ყველას არ აქვს გადახდის შესაძლებლობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობის ჩანაცვლება ცალკეული ადამიანების მოვალეობა არ უნდა იყოს. მერიიდან რომ ვინმე მოსულიყო, ენახა და ეთქვა: „ხალხო, არ გამოიყენოთ“, ან რამე მსგავსი… როცა ლიფტი ფუჭდება, კორპუსის თავმჯდომარე ურეკავს კერძო ხელოსანს, რომ გააკეთოს და მერე მეზობლები ვკრებთ ფულს, რომ ხარჯები დავფაროთ”, – გვიყვება მარიამი.

სანდრო შელია განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს აშენებული კორპუსების ლიფტები, რომლებიც ადრე სახელმწიფოს საკუთრება იყო, მოგვიანებით სრულად გადავიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, ანუ იმ ადამიანების მფლობელობაში, რომლებიც კონკრეტულ კორპუსში ცხოვრობენ. წლებთან ერთად გადის ამ ლიფტების ექსპლუატაციის ვადა და საჭიროებს შეცვლას.

სანდრო შელია აქაც სახელმწიფოს როლზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შეიძლება გახდეს ლიფტის მფლობელის, ანუ კორპუსის მაცხოვრებელთა მხარდამჭერი ახალი, უსაფრთხო ლიფტების დამონტაჟების პროცესში.

„რაც უფრო ძველია შენობა, იქ მით უფრო ძველი ლიფტია, ხომ?! ასეთი ლიფტი, ხშირად, ისეთი მოსახლეობის ხელშია, რომელსაცფინანსურადაც უფრო უჭირს. შესაბამისად, ვერც ინსპექტირებას ვერ ატარებენ და ძალიან ბევრი ლიფტი, რა თქმა უნდა, შესაცვლელიც იქნება.

ადამიანებს იმის საშუალებაც არ ექნებათ, რომ ეს ლიფტები შეცვალონ, ან მოდერნიზაცია გაუკეთონ. ეს პრობლემა არის მასობრივი. სახელმწიფოს ჩარევის და უშუალო დახმარების გარეშე მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება ამ პრობლემის მოგვარება.

ლიფტი ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში

საჭიროა სისტემური მიდგომის მეშვეობით კომპლექსური ღონისძიების ჩატარება, მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ ძველი ლიფტები შეიცვალოს ახალი ლიფტებით.

რა თქმა უნდა, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს როლი ამაში იქნებოდა ის, რომ მასობრივად ჩატარდეს შესყიდვა. შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით შესაძლებელი იქნებოდა გრძელვადიანი პროექტის გაკეთება. შესაძლოა, სახელმწიფოსგან  პროცენტის სუბსიდირებაც იყოს საჭირო, რომ  ხელმისაწვდომი გახდეს ლიფტის შეცვლა მოსახლეობისთვის – ამბობს სანდრო შელია…

მარიამ გელაშვილიც თბილისში ცხოვრობს, ოღონდ ახალაშენებულ კორპუსში. ამბობს, რომ მისი კორპუსის ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კერძო კომპანიას აქვს აღებული, რომელმაც ის დაამონტაჟა და რომელსაც ყოველთვიურად უხდიან გარკვეულ თანხას ამ კორპუსში მცხოვრებლები. მარიამიც მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს სახელმწიფო უნდა აწესებდეს და უწევდეს აქტიურ ზედამხედველობას. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს კორპუსის მაცხოვრებელთა პასუხისმგებლობასაც.

„როდესაც ახალაშენებულია კორპუსი, ძალიან ხშირად რემონტდება ბინები და სამშენებლო მასალები მაღალ სართულებზე ლიფტებით ააქვთ, რამაც შეიძლება დააზიანოს ლიფტი.

„მაცხოვრებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ არ დაზიანდეს ლიფტის შიდა ინფრასტრუქტურა, არ იყოს დანაგვიანებული, ელექტროენერგიის ფული დროულად გადაიხადონ და ა.შ. ეს იმდენად უსაფრთხოებასთან არ არის კავშირში, არამედ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობასთან. უსაფრთხოების ნაწილში, შესაბამისი კომპანია და სახელმწიფო უნდა იყოს მობილიზებული. სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა არსებობდეს მონიტორინგი, შემოწმების სისტემა, რომელიც მხოლოდ ვიღაცის კეთილ ნებაზე არ დატოვებს ლიფტების გამართულ მუშაობას და თვითონაც იქნება სტანდარტის დამდგენი და მომთხოვნი ამ საკითხში”, – გვეუბნება მარიამ მუთიძე.

სანდრო შელია, რომელიც არაერთი წელია მუშაობს ლიფტების უსაფრთხოების საკითხებზე, პრობლემის მოგვარების გზას სისტემური მიდგომით ხედავს, რომელსაც სამ ნაწილად ყოფს:

  1. საზოგადოების ინფორმირება – „აქ შედის მოწინავე მონაცემთა ბაზის შექმნა, საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება, აუცილებელია ინსპექტირება, ვის შეუძლია ამ ინსპექტირების ჩატარება და ა.შ.”
  2. ლიფტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დახვეწა – „მხოლოდ ის კი არ იყოს სავალდებულო, რომ 3 წელიწადში ერთხელ ინსპექტირება ჩატარდეს, არამედ განსაზღვრული იყოს, რომ კომპეტენტურმა კომპანიამ აწარმოოს ლიფტის ექსპლუატაცია და ტექნიკური მხარდაჭერა“.
  3. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება – ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება.

„რამდენი ლიფტიც არ უნდა შეამოწმო, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი მოძველებული ლიფტია.

ახლა რომ ჩატარდეს ჯეროვნად ინსპექტირება ყველა ლიფტის, რაც კი არის საქართველოში – 15 000-მდე ლიფტია – აღმოჩნდება, რომ ამ ლიფტების ძალიან დიდი ნაწილი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

რა ვქნათ? ხომ ვერ გავაჩერებთ ლიფტების, მაგალითად, 20%-ს? ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ლიფტებს და ეს პრობლემა იქნება, ხომ?!

ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო პროგრამით უნდა განხორციელდეს”, – ამბობს სანდრო შელია.

სანდრო შელია ერთ-ერთია იმ ექსპერტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან პროექტში, რომლის მიზანია ლიფტის, როგორც საერთო პასუხისმგებლობის ობიექტის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ACT-სთან (კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია) ერთად და ის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, მუშავდება რეკომენდაციები და ტარდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

„ლიფტის პატრონმა რა ქნას?“ – სწორედ ამ სახელწოდების კამპანიის ქვეშ შემუშავდა საინფორმაციო მასალები, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ლიფტის მოხმარების წესები, მათ შორის:

  • მოითხოვონ ლიფტის ინსპექტირება;
  • მოითხოვონ ლიფტის სერტიფიცირებული ტექნიკოსი;
  • მოითხოვონ, რომ ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია და ტექნიკოსის საკონტაქტო სტიკერი გაკრული იყოს ლიფტის კაბინაში;
  • გაეცნონ ლიფტის უსაფრთხოების გზამკვლევს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი – liftispatroni.ge, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ გზამკვლევებს, კანონმდებლობის განმარტებებს, პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე და სხვა საინფორმაციო მასალებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: