სიახლეები

ხელვაჩაურის გამგებელმა გადადგომაზე განცხადება დაწერა

27.12.2012 • 1193
ხელვაჩაურის გამგებელმა გადადგომაზე განცხადება დაწერა

გურამ საფარიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმეელბთან“ ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის უფროსი ნაირა მჟავანაძე ადასტურებს: „მისი განცხადება გადადგომის შესახებ დავარეგისტრირე და თავმჯდომარეს შევუტანე. განცხადებაში მიზეზებზე არაფერი უწერია, მაგრამ მე როგორც ვიცი სხვა სამსახურში გადადის. არ გამიგია, რომ მის მიმართ რაიმე ზეწოლა იყო ახლანდელი ხელისუფლებისგან“.

 

აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის გამგებლებმა არჩილ ხაბაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლაზე პირველად 5 ნოემბერს განაცხადეს. ცოტა ხნის წინ კი „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქობულეთის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ.

 

გურამ საფარიძემ ნოემბრის ბოლო რიცხვებში „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა.  მას იმედი ჰქონდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თვითმმართველობის მორიგ არჩევნებამდე, ანუ 2014 წლამდე, „მმართველ ძალად დარჩება ხელვაჩაურში“.

 

ზეწოლას გამორიცხავს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძეც. მისი თქმით, ამ დილით ესაუბრა გამგებელს, რომელმაც უთხრა, რომ „თუ საჭირო დარჩა დაწერდა განცხადებას გადადგომაზე“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში ხვალისთვის დაგეგმილი საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია გურამ საფარიძის გადაყენების საკითხის დასმას გეგმავდა. ხელვაჩაურის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია უკვე უმცირესობაშია.

გურამ საფარიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: