სიახლეები

კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად ჩვენი YouTube არხი გაითიშა – სტუდია „მონიტორი“

25.07.2026
კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად ჩვენი YouTube არხი გაითიშა – სტუდია „მონიტორი“

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, დღეს, 25 ივლისს, დილიდან „მონიტორის“ არხი YouTube-ზე გათიშულია. ამის მიზეზი არხზე განხორციელებული კოორდინირებული კიბერშეტევაა.

„1 ივლისს ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად Meta-მ „მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, თუმცა პლატფორმასთან კომუნიკაციის შედეგად ეს მასალები რამდენიმე დღეში აღდგა. ამჯერად, YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა:

პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას;

მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს;

მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას — ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა.“ – წერს „მონიტორი“ ფეისბუქის გვერდზე.

„მონიტორის“ გუნდი ამ ფაქს აფასებს როგორც ზეწოლის და გაჩუმების მცდელობას:

„ჩვენ ამ ტიპის შეტევებს განვიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობას. თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან. მადლობა, რომ გვგულშემატკივრობთ! ვიდრე YouTube არხის პრობლემას აღმოვფხვრით, აუცილებლად გამოგვყევით ჩვენს სხვა პლატფორმებზე: Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.“

„მონიტორის“ ინფორმაციით, გუნდი აქტიურად მუშაობს კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის დროულად აღსადგენად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: