მთავარი,სიახლეები

ძებნილი ნარკობარონი საქართველოში თავს მაგნატად ასაღებდა – ჟურნალისტური გამოძიება

22.01.2026
ძებნილი ნარკობარონი საქართველოში თავს მაგნატად ასაღებდა – ჟურნალისტური გამოძიება

ტაივანელი თომას შუ, რომელიც 2022 წლის მაისში ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში ტაივანიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები „აი, ფაქტი“,  OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler და „ფლანგვის დეტექტორი“  არიან.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა.

მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ ის მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო.

ტაივანის დატოვების შემდეგ მან ფილიპინებისა და კამბოჯას მოქალაქეობა მიიღო და სახელიც შეიცვალა.

სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს – „სემ გორს“ (Sam Gor) უკავშირდება (შუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).

შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, „ლიქსინ გრუპის“ (Lixin Group) წარმომადგენელი. ის კომპანიის სახელით, მაღალი დონის ღონისძიებებს ესწრებოდა.

თუმცა, დღეს Lixin Group-ის ადვოკატები ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შუს მათ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონია;

Lixin-ის ყველაზე ამბიციური პროექტი საქართველოში „ჰალსიონის კოშკები“ (Halcyon towers) უნდა ყოფილიყო – ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში.

თუმცა, პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, Lixin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არქიტექტურული ვიზუალიზაციები მნიშვნელოვნად ჰგავს ჩინეთისთვის შექმნილი სხვა პროექტის დიზაინს, რომლის ავტორი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი იყო.

ჟურნალისტური გამოძიების სრულად წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე:

ნარკოტრეფიკინგიდან „დინამო ბათუმის“ სპონსორობამდე: როგორ აღმოჩნდა აზიის კრიმინალური ქსელი საქართველოში?

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: