საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება.
ეს მონაკვეთი ხიდმაღალა-წყალწმინდის ტერიტორიაზე შენდება. მთლიანი მაგისტრალი ხიდმაღალასა და ქობულეთის შემოვლით გზას შორის კი მინიმუმ 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი ნაწილია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი [ჯერ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს, შემდეგ 6 კილომეტრი].
მშენებარე 3-კილომეტრიანი მონაკვეთი კი, რომელიც დეპარტამენტის განცხადებით წელს უნდა დასრულდეს, სუფსის წრიულთან იწყება და წყალწმინდის წრიულის მიმდებარედ მთავრდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 228 721 622 ლარია. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით 2025 წლის ივლისში ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა, როცა აღნიშნული 3-კილომეტრიანი მონაკვეთიც დასრულდება, ერთმანეთთან უკვე ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს დააკავშირებს.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი კი ამ დროისთვის მთლიანად ჩაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ თემაზე ვრცლად: ხაჯალია-სუფსის გზა ჩაკეტილია – ავტობანზე, რომელიც 3 წლის წინ გაიხსნა, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება
რაც შეეხება უშუალოდ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად[ლოტად] შენდებოდა და პრობლემები აქაცაა. ეს მაგისტრალიც მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.

მთავარ ფოტოზე: ავტობანის ხიდმაღალა-წყალწმინდის მშენებარე მონაკვეთი [ხიდი მდინარე სუფსაზე]. გზების დეპარტამენტის ფოტო